petriwis portali

ავტორები

მიტროპოლიტი კალისტე (უეარი)

მიტროპოლიტი კალისტე (უეარი)

თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი

დიოკლიის მიტროპოლიტი კალისტე (უეარი) დაიბადა 1934 წელს დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ბათში. იგი სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადოქტორო დისერტაცია კი შეასრულა მარკოზ მონაზონის საღვთისმეტყველო მემკვიდრეობის შესახებ. მისი ინტელექტუალური მასწავლებლები იყვნენ პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი და ვლადიმერ ლოსკი მისი სულიერი მასწავლებლები კი წმიდა იოანე შანხაელი და წმიდა ამფილოქე (მაკრისი) პატმოსელი.  

1965 წელს მას ხელი დაასხეს დიაკვნად. მან ერთი წელი გაატარა კუნძულ პატმოსზე (საბერძნეთი), წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში, სადაც 1966 წელს მონაზვნად აღკვეცეს და ეწოდა სახელი კალისტე. ამავე წელს მას ხელი დაასხეს მღვდელმონაზვნად. 1966 წელს იგი დაბრუნდა დიდ ბრიტანეთში და თიატირელი არქიეპისკოპოსის ათინაგორა II-ის მდივანი გახდა.

1966 წელს მღვდელმონაზონი კალისტე ღვთისმეტყველების პროფესორი გახდა ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც 2001 წლამდე კითხულობდა ლექციებს მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში. 1979 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა ბერძნულ მართლმადიდებლურ სამრევლოს ოქსფორდში. 1982 წელს, ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდგომ, იგი დაინიშნა კონსტანტინოპოლის პატრიარქის ქორეპისკოპოსად დიდ ბრიტანეთში და იმავდროულად, თიატირისა და დიდი ბრიტანეთის არქიეპისკოპოსის თანაშემწედ და ეპისკოპოს კალისტეს დიოკლიის ეპისკოპოსის ტიტული მიენიჭა.

2001 წლიდან დღემდე, იგი არის კემბრიჯის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო მეცნიერებათა ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, არის მართლმადიდებლურ-ანგლიკანური დიალოგის შერეული კომისიის თავმჯდომარე. ხელმძღვანელობს საზოგადოებებს „მართლმადიდებლობის მეგობრები კუნძულ აიონაზე“ და „ათონის მთის მეგობრები“. 2007 წლის 30 მარტს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა დიოკლიის ეპისკოპოს კალისტოსს  მიტროპოლიტის ტიტული უბოძა.

მიტროპოლიტ კალისტე  არის 250-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, რომლებიც,  ეძღვნება  მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებას, აღმოსავლურ პატრისტიკას და თანამედროვე მართლმადიდებლური თეოლოგიის აქტუალურ საკითხებს. მისი ნაშრომები თარგმნილია მსოფლიოს 30 ენაზე.