petriwis portali

ძალაუფლების გაგება თანამედროვე საზოგადოებაში

ირაკლი კახიძე

ძალაუფლების გაგება თანამედროვე საზოგადოებაში

18.06.2020

ძალაუფლება სოციალური ურთიერთობების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, რაც მას პოლიტიკური მეცნიერებისა და ფილოსოფიის საკვანძო ცნებად აქცევს. თავად საკვლევი პრობლემის მრავალმხრივობიდან გამომდინარე, მისი ცნებითი შინაარსიც მრავალფეროვანია; ამიტომ ძალაუფლების ცნებას ფართო გამოყენება აქვს არა მხოლოდ ფილოსოფიურ, არამედ სოციალურ-პოლიტიკურ და ისტორიულ მეცნიერებებში.

წინამდებარე სტატიის მიზანს ძალაუფლების იმ თეორიების მიმოხილვა წარმოადგენს, რომელიც ძალაუფლების თანამედროვე გაგებისათვის რელევანტურია და მათ პირობითად კონსესუსური თეორიები შეგვიძლია ვუწოდოთ. ხსენებული მიდგომა გულისხმობს, რომ ძალაუფლება შესაძლოა განხორციელდეს საზოგადო სარგებლიანობის თვალსაზრისით და განიხილება როგორც კოლექტიური რესურსი, რომელსაც საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფის უნარი შესწევს.

ასევე, გვსურს ძალაუფლების ტრანსფორმაციის სპეციფიკური ასპექტებისა და მისგან მომდინარე შედეგების ჩვენება, რადგან ინფორმაციულ-ტექნოლოგიურმა რევოლუციამ ახლებურად დააყენა ძალაუფლების რესურსების ფლობის საკითხი. შესაბამისად, შეიცვალა ძალაუფლების განხორციელების მეთოდებიც. ინფორმაციული საზოგადოების ფორმირებასთან ერთად, ძალაუფლებრივი ურთიერთობების სპეციფიკის გააზრება და მისი ბუნების კვლევა ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. მით უმეტეს, რომ აღნიშნული ტრანსფორმაცია საზოგადოების სოციოკულტურულ ასპექტებზეც ახდენს არსებით გავლენას.

ერთ-ერთი საყურადღებო მკვლევარი, რომელმაც შეიმუშავა ძალაუფლების გაგების ტრადიციულისაგან განსხვავებული მიდგომა, იყო ტალკოტ პარსონსი (1902-1979 წწ.). მისი აზრით, ძალაუფლება საზოგადოებრივი სისტემის თვისებასა და საზოგადოების პოლიტიკურ ქვესისტემაში მოძრავ მედიუმს წარმოადგენს. შესაბამისად, ძალაუფლებას პარსონსი განსაზღვრავს, როგორც განზოგადებული უნარის რეალიზაციას, რომელიც მიიღწევა კოლექტივის წევრებისაგან მათი ვალდებულებების შესრულებით და ლეგიტიმირებულია კოლექტიური მიზნების გამო. ასეთ საზოგადოებაში სოციალური სისტემის მდგრადობა საჭიროებს კოლექტივის მიერ საერთო ნორმებისა და ღირებულებების აღიარებას. აღნიშნული სისტემა მორალური ძალაუფლების მატარებელია და არ დაიყვანება ცალკეულ აქტორთა ინდივიდუალურ ნებაზე.

ადარებს რა ერთმანეთს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებს პარსონსი მივიდა დასკვნამდე, რომ ძალაუფლება პოლიტიკაში წარმოგვიდგება თავისებური „შუამავლის“ სახით, რომელიც სოციალურ სისტემაში იწარმოება როგორც სიმდიდრე და მოქმედებს ფულის ანალოგიურად, რაც, თავის მხრივ, გამოიყენება ეკონომიკურ სისტემაში. ამგვარად, პარსონსთან ძალაუფლება წარმოებულია ლეგიტიმური ავტორიტეტისაგან, რომელიც წარმოადგენს ინსტიტუციონალიზებულ ლეგიტიმაციას, რაც ძალაუფლების საფუძველია. 

ცნობილი ფილოსოფოსი ჰანა არენდტი (1906-1975 წწ.) არ იზიარებს ძალაუფლების შესახებ ტრადიციულ შეხედულებებს. მისი აზრით, ძალაუფლება კომუნიკაციური საქმიანობისა და ინდივიდუალური ურთიერთქმედების პროდუქტია, რომელიც შეესაბამება ადამიანის უნარს – იმოქმედოს საზოგადოების სხვა წევრებთან შეთანხმებით; შესაბამისად, არენდტთან ძალაუფლება თავისი არსით კონსესუსური ბუნებისაა.

პარსონსის მსგავსად, არენდტი ძალაუფლებას განიხილავს არა როგორც კონკრეტული ინდივიდების, არამედ კოლექტივის კუთვნილებას, სადაც ცალკეული სუბიექტი არასოდეს არ ფლობს ძალაუფლებას. ძალაუფლებას ადგილი აქვს ჯგუფში და არსებობს მანამ, სანამ არსებობს შესაბამისი ჯგუფი, რომლის წევრებიც ერთობლივად ქმნიან ძლაუფლებას კომუნიკაციური საქმიანობის შედეგად; და თუკი იგი რაიმე მიზეზით იშლება, ძალაუფლებრივი ურთიერთობებიც წყდება; შესაბამისად, როდესაც საუბარია, რომ ვიღაცას აქვს ძალაუფლება, იგულისხმება რომ მას აქვს მინიჭებული უფლება იმოქმედოს კოლექტივის სახელით. 

ამგვარად, არენდტის მიხედვით, ძალაუფლებრივი ურთიერთობები არის ურთიერთქმედება თანასწორ სუბიექტებს შორის, რომლებიც იმყოფებიან კომუნიკაციურ ველზე. აქ კომუნიკაცია აუცილებლობით გულისხმობს ორმხრივ ჩართულობას და წარმოგვიდგება როგორც შეთანხმებული მოქმედება კოლექტიური მიზნების განსახორციელებლად.

ძალაუფლების ორიგინალური განსაზღვრება მოგვცა ნიკლას ლუმანმა (1927-1998 წწ.), რომლის მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს მის მიერვე შექმნილი საზოგადოების კომუნიკაციური მოდელი. ლუმანი ძალაუფლებას განიხილავს კომუნიკაციის საშუალებად. ყველა სხვა კომუნიკაციური საშუალების მსგავსად, ის არეგულირებს პიროვნებათა შორის ურთიერთობების პროცესს. ძალაუფლების ასეთი გაგება ნიშნავს უარის თქმას ძალაუფლებაზე, როგორც უნარზე ან ნიჭზე, რაც დამახასიათებელი იყო ძალაუფლების კლასიკური მიდგომებისათვის. 

ლუმანის აზრით, თანამედროვე საზოგადოებაში ძლიერი ძალაუფლებისათვის დამახასიათებელია თავისუფლების მაღალი ხარისხი და აღიარება მიიღწევა შესათავაზებელი ალტერნატივების მრავალფეროვნებით. შესაბამისად, ძალაუფლების ტრადიციული გაგება ლუმანთან ადგილს უთმობს სიმბოლურს, რომელიც აძლევს მის მფლობელს გარკვეულ პრეფერენციებს პარტნიორების წინაშე. 

ძალაუფლების თეორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესოა მიშელ ფუკოს (1926-1984 წწ.) კონცეფციაა, რომელიც ძალაუფლების ბუნების შესახებ პრინციპულად განსხვავებულ მეთოდოლოგიასა და ანალიზს გვთავაზობს. ფუკოს მიერ შემუშავებული ძალაუფლების მოდელი ეფუძნება ძველი მიდგომების ფუნდამენტურ კრიტიკას. იგი თვლის, რომ ტრადიცულ მიდგომებს არ შესწევთ უნარი ადეკვატურად ახსნან ძალაუფლების თანამედროვე ფორმები, რომელიც დაკავშირებულია ცოდნასთან და სპეციფიკურ ტექნოლოგიებთან.

ფუკოსთან ძალაუფლების კონცეფცია იღებს „დისციპლინირებული ძალაუფლების“ სახეს. თავის მხრივ, დისციპლინა ეხმარება საზოგადოებას ჩამოყალიბდეს ნორმალიზებული დისკურსებით, ნაწილობრივ კი „ცოდნის აპარატის“ გამოყენებით. „დისციპლინირებული ძალაუფლება“ ყალიბდება „დისციპლინირებულ საზოგადოებაში“. ამ დროს ძალაუფლების ქვეშ არ გაიგება მხოლოდ სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები. თუკი ძალაუფლების ტრადიცული გაგება ყოველთვის გულისხმობდა ძალაუფლების ერთი წყაროს, კლასის თუ ინდივიდის სახით არსებობას, ფუკოსთან ძალაუფლება არ იმყოფება მხოლოდ ერთი ფენისა და კლასის ხელში, არამედ გადანაწილებულია მთლიანად „სოციალურ ველზე“. ამიტომ, ძალაუფლება არა მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეში უნდა ვეძებოთ, არამედ ოჯახში და პრივატულ სივრცეშიც კი.

აღნიშნული ავტორის მოსაზრებით, სისხლის სამართლის სასჯელის გაჩენა განაპირობა სოციალური პროცესების ტრანსფორმაციამ, რომლის შედეგიცაა მართვადი და „დისციპლინირებული საზოგადოების“ ფორმირება. ძალაუფლება, რომელიც ადრე მკვლელობას იყენებდა დასჯისათვის, ზემოხსენებულ საზოგადოებაში ცდილობს კონტროლი მოიპოვოს ციხეებში, სკოლებში, ფაბრიკებში, ჯარში და ა.შ. შესაბამისად, ინდივიდი ემორჩილება დისციპლინას და იმყოფება მუდმივი თვალთვალის ქვეშ. ფუკოს ციხის შესახებ საუბრისას ბენტამის „პანოპტიკუმის“ (სიტყვასიტყვით, „ყველაფრის ხედვა“) მაგალითი მოყავს, სადაც პანოპტიკუმი წარმოადგენს თაღოვან ნაგებობას, რომლის ცენტრში მოწყობილია მოედანი, საიდანაც ჩანს და კონტროლდება დაბლა განლაგებული ყველა კამერა. ყველა პატიმარმა იცის, რომ მას ნებისმიერ წუთს უთვალთვალებენ. აღნიშნული ანალოგიით ფუკო თანამედროვე საზოგადოებას ახასიათებს.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ფუკოს კონცეფციაში იკვეთება ძალაუფლების ახლებული გააზრების მცდელობა. დისციპლინირებული რეჟიმი, ძალაუფლება და ცოდნა უკვე შეუძლებელია განვიხილოთ ძალაუფლების კლასიკური თეორიის ტერმინებში. უფრო მეტიც, ამ თეორიის ანალიზი შეზღუდულია სახელმწიფოს ცნებით, მიზანმიმართული რაციონალური საქმიანობით და რეპრესიულობით, ხოლო ძალაუფლება შეიძლება გაანალიზდეს როგორც ფუნქციონირებადი და ცირკულირებადი, რომელიც არასოდესაა შემოსაზღვრული ერთი ადგილით.

ძალაუფლების ერთ-ერთი საინტერესო განსაზღვრება ეკუთვნის პიერ ბურდიეს (1930-2002 წწ.). იგი არ მიეკუთვნება ძალაუფლების ე.წ. „კონსესუსურ თეორეტიკოსთა“ რიცხვს, თუმცა მისი როლი უმნიშვნელოვანესია ძალაუფლების გააზრების საკითხში. იგი წარმოადგენს ავტორს, რომელთანაც სოციალური სინამდვილე აგენტთა პოზიციების მრავალგანზომილებიანი სივრცის სახით წარმოგვიდგება. ესაა კავშირი და ურთიერთზემოქმედება, რომელიც მყარდება სოციალურ აგენტებსა და ჯგუფებს შორის. აღნიშნული სივრცის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ის აგენტები, რომელთაც გააჩნიათ იდენტური პოზიციები, იმყოფებიან მსგავს პირობებში და აქვთ შანსი ფლობდნენ ასევე მსგავს დისპოზიციებს (წარმოადგენებს საკუთარი სოციალური როლის შესახებ), შეუძლიათ აწარმოონ შესაბამისი პრაქტიკები. 

ბურდიეს თავის თეორიაში სუბიექტის ნაცვლად შემოაქვს „სოციალური მოქმედების აგენტის“ ცნება. სუბიექტი მისთვის გაცნობიერებული, მიზანმიმართული პრაქტიკის რეალიზებას ახდენს, ხოლო აგენტები კი ახორციელებენ პრაქტიკებს ისე, რომ მიზანი გაცნობიერებული არ აქვთ. სოციალურ სამყაროში არსებობენ აგენტთა ნებისაგან დამოუკიდებელი სტრუქტურები, რომლებიც არაცნობიერად გავლენას ახდენენ აგენტთა პრაქტიკების წარმართვაზე ან დათრგუნვაზე. აღნიშნული სტრუქტურა ანუ ჰაბიტუსი იმის საშუალებას იძლევა გავიგოთ, თუ როგორაა ქცევა ორიენტირებული მიზანზე, როცა ცნობიერად მასზე არაა მიმართული.

ბურდიესთან ეკონომიკური კაპიტალი ქონების ფლობასა და შემოსავლებთანაა დაკავშირებული, კულტურული კაპიტალი კი განათლებასთან, ხოლო სოციალური კაპიტალი საზოგადოებაში არსებულ კავშირებთან (ოჯახი, მეგობრები, ასევე ის გაერთიანებები, რომლის წევრიც ინდივიდია), რომლებსაც ინდივიდი აქტიურად იყენებს მისი პოზიციონირებისათვის. რაც შეეხება სიმბოლურ კაპიტალს, მისი აზრით, ის საზოგადოებაში ავტორიტეტისა და გავლენის ფლობასთანაა დაკავშირებული. სიმბოლური კაპიტალი ეფუძნება საზოგადოების მიერ ინდივიდის აღიარებას და აღნიშნავს კაპიტალის ნებისმიერ სახეს. სიმბოლური პროდუქცია კი არის ძალაუფლების ინსტრუმენტი; შესაბამისად, ძალაუფლება სიმბოლურ უპირატესობას ეფუძნება, უპირატესობის მოსაპოვებლად კი მიმდინარეობს ბრძოლა ლეგიტიმური ძალადობის მოსაპოვებლად.

ბურდიეს მიხედვით, ძალაუფლება არეგულირებს ურთიერთობებს მმართველებსა და მართულებს შორის, რომელთაგანაც პირველები იღებენ პოტენციურ „სიმბოლურ ძალაუფლებას“ მეორეზე, თუმცა ეს უკანსკნელნიც აგრეთვე ფლობენ „სიმბოლურ კაპიტალს“, ახდენენ რა იძულებას „მბრძანებლებზე“. ასე რომ, ძალაუფლებას განსაზღვრავს „კაპიტალის“ ფლობა, რომელიც სიმბოლურად ტრანსფორმირდება და, შესაბამისად, მასზეა დამოკიდებული ძალაუფლების ზომაც. 

XX საუკუნეში დაწყებულმა უმნიშვნელოვანესმა ტექნოლოგიურმა პროცესებმა და საინფორმაციო საკომუნიკაციო ქსელის განვითარებამ უდიდესი გავლენა მოხდინა ადამიანური საქმიანობის ყველა სფეროზე. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული, ცალსახად გამოიკვეთა ინფორმაციისა და თეორიული ცოდნის როლის არნახული ზრდა. თანამედროვე მკვლევრების აზრით, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ჩამოყალიბდა ახალი სოციალური ფენები, ახალი ინტელექტუალური ელიტა, რომელიც „მერიტოკრატიის“ სახელითაც არის ცნობილი და აღნიშნავს ისეთ საზოგადოებრივ ფორმაციას, რომელშიც ინდივიდების წარმატებას განსაზღვრავს მათი ინდივიდუალური უნარები და ცოდნა.

ძალაუფლების ტრანსფორმაციის თავისებურებანი კარგად ჩანს თანამედროვე სახელმწიფოებში ელექტრონული მთავრობისა და ელექტრონული დემოკრატიის მექანიზმების დამკვიდრების მაგალითზე. ელექტრონული დემოკრატია და ელექტრონული მმართველობის იდეა პოლიტიკური სისტემის ეფექტურობას განაპირობებს და შესაძლებლობას იძლევა, რომ ყურადღებით იქნეს აღქმული საზოგადოების მოთხოვნილებები და განვითარების ტენდენციები. დემოკრატიული რეჟიმი დიალოგის ფორმით საზოგადოების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და, შესაბამისად, პოლიტიკური სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს.

ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ძალაუფლების გაგება მანუელ კასტელსის (დაიბ. 1942 წ.) მიერ. მისი აზრით, ინფორმაცია (როგორც რესურსი) არის ძალაუფლების მისაღწევი მთავარი საშუალება. კასტელსის აზრით, ინფორმაციული ერა წარმოდგენილია როგორც გლობალიზაციის ეპოქა, სადაც ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და გადაცემა წარმოადგენს ძალაუფლების მთავარ წყაროს. ეს მოცემულობა კი სრულიად ახლებურად განაპირობებს საზოგადოების, კულტურისა და ეკონომიკის ურთიერთქმედებას.

ინფორმაციული ძალაუფლების მადომინირებელ ინსტიტუტს წარმოადგენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რომლის გავლენაც უფრო და უფრო მზარდი ხდება. ის განსხვავდება ჩვეულებრივი ინფორმაციული გავლენისაგან, მსმენელზე განსაკუთრებული ზემოქმედების უნარის გამო.

მედიის ასეთი გაძლიერება გამოიწვია ინფორმაციული ტექნოლოგიების უფრო აქტიურად შემოსავლამ. რიგითი მოქალაქე გახდა არა მხოლოდ ინფორმაციის მომხმარებელი, არამედ მას შეუძლია თავად შექმნას ინფორმაცია და განათავსოს ქსელებში. ინტერნეტმა, ახალმა ტექნოლოგიებმა და სოციალური მედიის განვითარებამ მედია აქცია არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების, არამედ კომუნიკაციის და გართობის საშუალებადაც. დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ვცხოვრობთ მედია კულტურაში, მედია საზოგადოებაში, სადაც მედია გვაწვდის გარემომცველი სამყაროს ინტერპრეტაციებსა და რესურსებს, რაც, საბოლოო ჯამში, ახდენს ჩვენი იდენტობის ფორმირებას. 

ცხადია, რომ ასეთ საზოგადოებაში ძალაუფლება ვერ იქნება დაფუძნებული ერთიან და მყარ ცენტრზე, რომლიდანაც მომდინარეობს ადმინისტრაციული მითითებები, რადგან ასეთი მართვის მექანიზმი ხდება მოუქნელი. თანამედროვე საზოგადოებაში ძალაუფლების გამოვლინება პირდაპირ დაკავშირებულია სოციალური ქსელების თავისებურებებთან. ძალაუფლების ტრადიციულ სტრუქტურებში აღნიშნული პროცესი იერარქიულია და კონტროლირებადი, ქსელებში კი ის მოიცავს მრავალ უკუკავშირს და ხშირად მისი შედეგები არაპროგნოზირებადია, რადგანაც აქ ყველა მოქმედების შედეგი ვრცელდება მთელ სტრუქტურაზე.

დასკვნა

როგორც აღინიშნა, ინფორმაციულ-ტექნოლოგიურმა რევოლუციამ ფუნდამენტური ცვლილებები გამოიწვია ძალაუფლებრივ ურთიერთობებში, კერძოდ, ტრანსფორმაცია განიცადა ძალაუფლების სტრუქტურებმა, რაც, თავის მხრივ, სოციალური ძალების სისტემაში თვისებრივი ცვლილებების, ძალაუფლების ხელახალი გადანაწილების და, შესაბამსად, ახალი სოციალური სტრუქტურის ფორმირების ჩამოყალიბების საფუძველი გახდა.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თავად ცოდნამ შეიძინა ძალაუფლების რესურსის სტატუსი, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ჩამოყალიბდნენ ახალი სოციალური ფენები, რომელთაც უნარი აქვთ იყვნენ მოქნილები სოციალური ცვლილებების მიმართ. ძალაუფლების ისეთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს, როგორიცაა სიმდიდრე და ძალა დაემატა ცოდნა. უფრო მეტიც, ცოდნა წარმოადგენს სტრატეგიულ რესურსს გავლენისა და, საბოლოო ჯამში, ძალაუფლების მოსაპოვებლად.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლი ძალაუფლებრივ ურთიერთობებში, რომელთა ზემოქმედება ძალაუფლების ბუნებაზე კარგად ჩანს თანამედროვე სახელმწიფოში, სადაც „ინფორმაციული ძალაუფლება“ დიდ გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესებზე; უფრო მეტიც, დღევანდელი დემოკრატიული სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტად სწორედ ინფორმაციული ინსტიტუტები გვევლინებიან.

თანამედროვე დასავლურ სახელმწიფოებში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს „ელექტრონული დემოკრატიის“ და „ელექტრონული მთავრობის“ მექანიზმების გასაძლიერებლად, რაც, თავის მხრივ, ძალაუფლების ახალ ფორმას წარმოადგენს და გულისხმობს დემოკრატიულ სისტემას, რომელიც აქტიურად იყენებს კომპიუტერულ ქსელებს დემოკრატიულ ინსტიტუტების ფუნქციების შესასრულებლად, როგორიცაა ინფორმაციის გავრცელება, მოქალაქეთა ინტერესების გაერთიანება, გადაწყვეტილებების მიღება და ა.შ.

შესაბამისად, დღეს სახელმწიფოში დემოკრატიულ პროცესებს წარმართავს მოქალაქე, რომელიც გაცნობიერებულად მონაწილეობს ძალაუფლების გადანაწილებაში, ხოლო კვალიფიციური გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელი გახდა შესაბამისი ცოდნის გარეშე. თანამედროვე საზოგადოების სპეციფიკიდან გამომდინარე, მაღალი განათლებაც კი შესაძლოა ვერ უზრუნველყოფდეს სწორ ორიენტირებას თანამედროვე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების რთულ მოზაიკაში, მაგრამ ინფორმაციული ტექნოლოგიები ინდივიდს საშუალებას აძლევს გამოვიდეს პირადი გამოცდილების ვიწრო ჰორიზონტიდან და ხელმისაწვდომს ხდის მთელს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვების შესაძლებლობას.

 

ბიბლიოგრაფია:

  • ბერძენიშვილი, ა.: პოლიტიკური სოციოლოგია, თბილისი: გამომცემლობა „მერიდიანი“, 2000.
  • Arendt, Н.: On violence / Н. Arendt. - N. Y.: Harcourt, Brace & World, 1970.
  • Arendt, H.: Communicative Power // Power, ed. by Steven Lukes, Oxford: Blackwell, 1986.
  • Bourdieu, Р.: Language and Symbolic Power, ed. and introduced by J. B. Thompson, Cambridge: Polity Press, 1991.
  • Castells, M.: The Internet Galaxy, Reflections on the Internet, Business and Society. Oxford: Oxford University Press, 2001.
  • Castells, M.: The Network Society: From Knowledge to Policy. Washington, DC: Center for Transatlantic Relations, 2006.
  • Foucault, M.: Discipline and Punish: The Birth of the Prison Vintage books a division of randomhouse. Inc. New York
  • Hodkinson, P.: Media, Culture and Society: An Introduction, LA: SAGE, 2011.
  • Parsons T. Power and the Social System, Power, ed. by Steven Lukes, Oxford: Blackwell, 1986.
  • Луман, Н.: Власть, Москва: Праксис, 2001.
  • Ноговицын, О. Н.: Современные теории власти, Санкт Петербург: ГУАП, 2006.
  • Уэбстер, Ф.: Теории информационного общества, пер. с англ. М. В. Арапова, Н. В. Малыхиной, Москва: Аспект Пресс, 2004.