petriwis portali

წმიდა იოანე ღვთისმეტყველი როგორც ქრისტიანი ფილოსოფოსი

არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე

წმიდა იოანე ღვთისმეტყველი როგორც ქრისტიანი ფილოსოფოსი

28.05.2020

1) საკითხის დასმა

წმიდა იოანე ღვთისმეტყველის პიროვნება ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. თავად მისი ზედწოდება „ღვთისმეტყველი“ მოციქულის შემოქმედებისა და მოღვაწეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. იოანეს თეოლოგიური შემოქმედება მისი შექმნიდანვე დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა და დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მისი თეორიული მემკვიდრეობის შესახებ 20 საუკუნის განმავლობაში უამრავი სხვადასხვა სახის კვლევაა ჩატარებული. მიუხედავად ამისა, დღემდე იქმნება მისი შემოქმედების შესახებ ახალ-ახალი კვალიფიციური კვლევები.

ცალკე აღნიშვნის ღირსია წმიდა იოანე ღვთისმეტყველის შემოქმედების ფილოსოფიური კონტექსტი. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ცალკეულ ავტორებთან, უფრო მეტად, წარმოდგენილია წმიდა იოანეს ფილოსოფიური კონტექსტის სხვადასხვა ასპექტი, რომლებიც ერთიან ფილოსოფიურ სისტემაში ნაკლებად არის მოქცეული. შესაბამისად, რთული ხდება იმის გააზრება, თუ რა როლი აკისრია მას როგორც ქრისტიან ფილოსოფოსს.

თუკი კარგად არ იქნა შესწავლილი და გააზრებული წმიდა იოანე როგორც ქრისტიანი ფილოსოფოსი, მაშინ ვერც ის იქნება გათავისებული, თუ რა დამოკიდებულება და ურთიერთმიმართება არსებობს მის შემოქმედებასა და იმ ფილოსოფიურ სისტემებსა თუ მიმდინარეობებს შორის, რომლებიც მაშინ ზეგავლენას ახდენდნენ იუდაურ სამყაროზე. ამგვარი კვლევა-ძიების გარეშე ქრისტიანული ფილოსოფიის ჩამოყალიბების საქმეში ვერც მოციქულის მიერ შეტანილ წვლილს განვსაზღვრავთ. ისიც უნდა ითქვას, რომ თუკი არ გავითვალისწინებთ მაშინდელ იუდაურ სააზროვნო გარემოს, მაშინ ვერც იოანეს თეოლოგიის სხვადასხვა ასპექტის სიღრმისეულ გააზრებას მოვახერხებთ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის როგორც ქრისტიანი ფილოსოფოსის გააზრება ყურადსაღებია რამდენიმე ასპექტით; კერძოდ, ამით მოხდება:

  1. საღვთო გამოცხადების ქრისტიანობამდელ ფილოსოფიასთან მოციქულის დამოკიდებულების განსაზღვრა;
  2. ზოგადად ფილოსოფიისადმი, როგორც სააზროვნო სისტემისადმი, იოანეს მიმართების დადგენა;
  3. ქრისტიანული ფილოსოფიის ჩამოყალიბებაში მოციქულის როლის გააზრება და ამით თავად მოციქულის თეოლოგიური აზროვნების სპეციფიკის გაგება.

2) ფილოსოფიური ასპექტები ახალ აღთქმაში

სიტყვა „ფილოსოფია“ ახალ აღთქმაში მხოლოდ ერთხელ გვხვდება (კოლ. 2:8), თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ წმიდა წერილთან მიმართებით უყურადღებოდ დავტოვოთ რომაულ-ბერძნული ფილოსოფიები და იუდაურ თუ წარმართულ რელიგიებთან მათი გარკვეული კომბინაციური მოდელები. რეიმონდ ბრაუნის აზრით, ზოგჯერ ამგვარი ფილოსოფიური სისტემები გაცილებით ახლოს იდგნენ მონოთეიზმთან და, უფრო მეტად, ეთიკურ მოთხოვნებს აყენებდნენ, ვიდრე რელიგიათა უმრავლესობა. ამდენად, საჭიროა, თითოეული ფილოსოფიური სკოლა ცალ-ცალკე განვიხილოთ და მათში წმიდა წერილთან არსებული პარალელური ასპექტები გამოვკვეთოთ.

პლატონიზმი. როგორც ცნობილია, ახალი აღთქმის პერიოდისთვის პლატონიზმს უკვე დაკარგული ჰქონდა ძველი პოპულარობა, თუმცა მისი ზეგავლენა მკაფიოდ იგრძნობოდა სხვადასხვა ფილოსოფიურ სკოლაზე. პლატონიზმის გასაღები არის იდეათა სამყარო, რომლის სუსტი აჩრდილი ხილული სამყაროა. ზოგიერთი მკვლევარი პლატონიზმის ამ მოძღვრების ზეგავლენას ხედავს წმიდა იოანე ღვთისმეტყველთან წარმოდგენილ დუალიზმში - უმაღლესი და უმდაბლესი სამყაროს სახით და, ასევე, იესოს ზეციდან რეალობაში მოვლინებაში (იოან. 3:31; 1:9; 4:23). ჩვენი ნაშრომის ფარგლებში კვლავ დავუბრუნდებით იოანესეულ დუალიზმს და დაწვრილებით განვიხილავთ მას. პლატონიზმთან დაკავშირებით კი ის შეიძლება ითქვას, რომ მის შესახებ წმიდა წერილში სხვა სახის მითითებას ვერ ვხედავთ, თუმცა ის აისახა გნოსტიციზმში.

კინიკოსები. კინიკოსებისთვის დამახასიათებელი იყო სოკრატული გამოკითხვის მეთოდი, ამგვარად მოქმედებდნენ სენეკა, ეპიქტეტე, პლუტარქე. არსებობს მოსაზრება, რომ იმავე მეთოდს იყენებს პავლე მოციქული (რომ. 3:1-9, 27, 31 და 1 კორ. 6), ხოლო მათე და ლუკა მახარებლებზე დაფუძნებით კი იმაზე მიუთითებენ, რომ იესოც კინიკოსი მქადაგებელი იყო. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ აპოკალიპტური ესქატოლოგია, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული იესოსთან და პავლესთან, არ ეთანადება კინიკურ სწავლებას.

ეპიკურელები. ამ მიმდინარეობას ბევრი მიმდევარი ჰყავდა რომის იმპერიაში. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ საქმე მოციქულთაში (საქმე 17:18,32) ეპიკურელებმა დასცინეს პავლეს ღვთის ნებისა და მკვდრეთით აღდგომაზე საუბრისას. ეპიკურელთა ამგვარი აზროვნების გამო ამბობს პავლე მოციქული, რომ ქრისტეს ჯვარცმა ბერძნებისთვის სიცოფეა (1 კორ. 1:23).

სტოელები. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ პავლეს მიერ სოკრატესეული მეთოდის გამოყენება სტოელების პრაქტიკასთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე კინიკოსებთან. ამის საპირისპიროდ, ზოგიერთი სწავლულის მიხედვით, პავლე მოციქულის შეხედულება კერპების თაობაზე (რომ. 1:19,23) წინააღმდეგობაში მოდის სტოელებთან, რადგან ამ უკანასკნელთა მიხედვით მსგავსი სახის არტეფაქტები ადამიანის ღვთაებისკენ სწრაფვას გამოხატავს.

სოფისტები. ზოგიერთი განმმარტებელი მიიჩნევს, რომ პავლეს მისწრაფება უფასოდ იქადაგოს კორინთოში (2 კორ. 11:7,10) ნაწილობრივ ეწინააღმდეგებოდა სოფისტურ ტრადიციას.

ფილონ ალექსანდრიელი. რეიმონდ ბრაუნის მიხედვით, რთულია იმის ზუსტად დადგენა, მოახდინა თუ არა ფილონმა რაიმე ზეგავლენა ახალ აღთქმაზე. მისი თქმით, ებრაელთა ეპისტოლე შეიცავს გარკვეულ იდეებს, რომლებიც ახლოს დგანან შუალედურ პლატონიზმთან და ფილონის შეხედულებას გვახსენებს. „თუმცა შესაძლოა, ეს ზეგავლენა კი არ არის, არამედ მხოლოდ ელინისტური (ალექსანდრეული) იუდაიზმის გარემოს თავისებურებები“. შესაბამისად, ზოგიერთ სწავლულთა მიერ იოანესეულ ლოგოსსა (იოან. 1:3) და ფილონის ლოგოსს შორის პარალელის გავლება შესაძლოა გადაჭარბებულია და სინამდვილეში მათ შორის არავითარი ურთიერთდამოკიდებულება არ არსებობს.

მერილ ტენის აზრით, ვერც ერთმა ფილოსოფიურმა მოძღვრებამ ვერ შეავსო ის სულიერი ვაკუუმი, რომელიც იმ დროის ადამიანთა უმრავლესობას დააკმაყოფილებდა. ამის მიზეზს, ტენის აზრით, ერთი მხრივ, ფილოსოფიურ მოძღვრებათა აბსტრაქტული ხასიათი წარმოადგენდა, რაც მხოლოდ ადამიანთა მცირედი, ინტელექტუალი ნაწილისთვის იყო მისაწვდომი, ხოლო, მეორე მხრივ, თავად ფილოსოფიურ მოძღვრებათა პრინციპული დაუსრულებლობა. ყველა ფილოსოფიური შეკითხვა არ სრულდებოდა ამომწურავი პასუხით, რაც კიდევ ახალ შეკითხვას წარმოშობდა. შესაბამისად, ტენის მიხედვით, ჭეშმარიტების ძიების საქმეში სწორედ ქრისტიანობამ მოგვცა ამომწურავი პასუხი.

ამრიგად, წმიდა წერილში გარკვეული ფილოსოფიური ასპექტები აშკარად იკვეთება, თუმცა გადაჭრით მათ შორის ურთიერთდამოკიდებულების მტკიცება რთული საქმეა, რადგან არსებულ პარალელებთან ერთად, სახეზეა შეუსაბამობებიც.

3) წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ფილოსოფიური მოძღვრების სპეციფიკა

წმიდა იოანე ღვთისმეტყველი რელიგიურად მოტივირებული ადამიანი გახლდათ, რომლის ცხოვრების უმთავრეს მოწოდებას იესო ქრისტეს მიერ გამოცხადებული ჭეშმარიტების გავრცელება და დაცვა წარმოადგენდა. თავისი მისიის განხორციელებისთვის ის მისივე ეპოქისთვის დამახასიათებელი სააზროვნო ტრადიციით ხელმძღვანელობდა. აღნიშნულ ტრადიციას არ გააჩნდა ერთმნიშვნელოვანი სახე, რადგან პალესტინა სხვადასხვა კულტურათა და რელიგიურ-ფილოსოფიურ სააზროვნო სისტემათა თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. თუმცა წმიდა იოანე, რამდენადაც ცნობილია, არც ერთი ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენელი არ იყო. მიუხედავად ამისა, მის შემოქმედებაში აშკარად იკვეთება ფილოსოფიური განაზრებები.

მოციქულის ფილოსოფიური მოძღვრება ვლინდება იმგვარ კონცეფციებში, როგორებიც არის: ლოგოსის შესახებ მოძღვრება, ჭეშმარიტების პრობლემა, დუალისტური იდეები, შემეცნების საკითხი, კოსმოლოგია, ეთიკა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხები რელიგიურ კონტექსტშია განხილული, ისიც აშკარაა, რომ მოციქულის მიერ მათზე აქცენტის გაკეთება გარკვეულწილად ფილოსოფიური აზროვნების ზეგავლენის შედეგია. წმიდა იოანე აშკარად სარგებლობს ფილოსოფიური ტერმინებით, ცნებებით და კონცეფციებით, არა იმიტომ, რომ კონკრეტულად რომელიმე ფილოსოფიურ სკოლას მიეკუთვნება, არამედ მათში ხედავს სააზროვნო სისტემების ზოგადსაკაცობრიო საფუძველს. ამასთან, მისი ფილოსოფია მთლიანად რელიგიურ ანუ ქრისტიანულ ელფერს ატარებს და არ იკვეთება მისი იდენტურობა რომელიმე სხვა ფილოსოფიურ მიმდინარეობასთან. უფრო მეტიც, ის უპირისპირდება სხვადასხვა ფილოსოფიურ სკოლასა და მიმართულებას. შესაბამისად, იოანე ღვთისმეტყველის ფილოსოფიური მოძღვრების სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ის მთლიანად ქრისტიანულ, გამოცხადებით სწავლებას ეფუძნება; უბრალოდ, მას, გარკვეულწილად, ფილოსოფიურ ელფერს სძენს, რადგან ფილოსოფიაში არსებულ სამეტყველო ენას იყენებს.

 

ბიბლიოგრაფია:

  • Браун Р.: Введение в Новый Завет, перевод с английского Лилиа Ковтунова, Ольга Кандыринова, т. 1, Москва: Библейско-богословский институт св. апостола Андрея, 2007.
  • Тенни М. С.: Обзор Нового Завета, Москва: “Духовное Возрождение”, 2000.