petriwis portali

„ევროპეიზმი“ და ახალი დროის ქართული კულტურა

დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია

„ევროპეიზმი“ და ახალი დროის ქართული კულტურა

22.03.2020

ახალი დროის ქართული მწერლობისა და ფილოსოფიური აზროვნების აღორძინება, არსებითად, „ევროპეიზმის“ დანერგვის მოსურნე პროგრესულად მოაზროვნე სასულიერო და საერო პირთა საგანმანათლებლო-მთარგმნელობითმა მოღვაწეობამ განაპირობა. თარგმნილი თხზულებები ახალი იდეებითა და მხატვრული სახეებით ამდიდრებდა ქართველი ხალხის კულტურას.

მთარგმნელობით საქმიანობას მეტი ინტენსივობა შესძინა თბილისსა (1755 წ.) და თელავში (1782 წ.) დაარსებული სასულიერო სემინარიებისათვის სახელმძღვანელოთა შექმნის აუცილებლობამ. სწორედ ამ მიზნით ითარგმნა რუსულიდან გერმანელი ფილოსოფოსების ქრისტიან ვოლფის (1679-1754 წწ.) „ფიზიკა“ და ვოლფის ფილოსოფიის მიმდევრის, ფრიდრიხ ქრისტიან ბაუმაისტერის (1709-1785 წწ.) სახელმძღვანელოები: „მეტაფიზიკა“, „ლოგიკა“, „ფიზიკა“, „ეთიკა“, „ზედადგინება ფილოსოფიისა“. ეს თარგმანები შესრულდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ანტონ I-ისა (1720-1788 წწ.) და მისი მოწაფეების მიერ.

ცნობილი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი, ანტონ პირველი დიდ მფარველობას უწევდა მის მიერ დაარსებულ სასულიერო სემინარიებს. მან შესამჩნევი ღვაწლი გასწია სასულიერო მწერლობის თითქმის ყველა დარგის, განსაკუთრებით - ლიტურგიკის, კანონიკისა და დოგმატიკის განვითარებისათვის. ანტონს ეკუთვნის ჰაგიოგრაფიული ჟანრის ნაწარმოებები „მარტირიკა“ (1769 წ.) და „პროლოღი“. ქართულ მწერლობაში ქრისტიანული მრწამსის განმტკიცებას ისახავს მიზნად მისი ორი თხზულება: დოგმატიკური ხასიათის ნაშრომი „ღვთისმეტყველება“ (1779 წ.) და პოლემიკური ხასიათის თხზულება „მზამეტყველება“ (1750-1752 წწ.). მასვე ეკუთვნის ორმოცდამეათე ფსალმუნის განმარტება და „თარგმანება რომაელთა მიმართ ეპისტოლისაი“. ანტონ I თავისი ეპოქის ქართული ფილოსოფიური მწერლობის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი ფილოსოფიური თხზულება შექმნა.

იმ დროის საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული იყო ფრიდრიხ ქრისტიან ბაუმაისტერის სახელმძღვანელოები, რაზეც მეტყველებს მათი მრავალრიცხოვანი თარგმანები ქართულ ენაზე და, ასევე, ის ფაქტი, რომ მისი შრომებიდან მთელი რიგი მოსაზრებები გვხვდება იოანე ბაგრატიონის ნაშრომში „კალმასობა“. აღსანიშნავია ისიც, რომ ბაუმაისტერის „მეტაფიზიკა“ დავით ციციშვილის მიერაც ითარგმნა.

მართალია, ანტონ ბაგრატიონს ვოლფის „ფიზიკა“ და ბაუმაისტერის „ფიზიკა“ სრულად არ უთარგმნია, მაგრამ ვოლფის „ექსპერიმენტული ფიზიკიდან“ და სხვა მსგავსი სახის ნაშრომებიდან ანტონ ბაგრატიონმა შეადგინა „ფიზიკა“, რომელშიც ცალკეული თავები ვოლფის „ფიზიკიდანაც“ შეიტანა. ამის შესახებ თავისი წიგნის შესავალში იგი წერს: „გარდმოვიღე ფისიკაი ესე სხუათა და სხუათა ავქსონთაგან შემკრებელმან მით [....] რამეთუ ვოლფისა საგანსა სისტემასა სოფლისასა მივრიდე“. მან არაერთი თხზულება თარგმნა და ათარგმნინა სომხური ენიდანაც, რითაც, აღმსარებლობითი პოლემიკის მიუხედავად, დიდად შეუწყო ხელი სომხურ-ქართულ ლიტერატურულ ურთიერთობათა განვითარებას. ასე, მაგალითად, ანტონ კათალიკოსმა კირილე ალექსანდრიელის (V ს.) თხზულება „განძი“ ხელახლა ათარგმნინა ფილიპე ყაითმაზაშვილს სომხური ენიდან და მას „საუნჯე“ უწოდა.

ავტორისეული მოსაზრებების ილუსტრაციისა, ანდა მათგან განსხვავებული საკუთარი შეხედულებების წარმოსაჩენად, ანტონ I თავის თარგმანებს ხშირად ურთავდა კომენტარებსა და შენიშვნებს. მაგალითად, ბაუმაისტერის „მეტაფიზიკის“ თარგმანში ავტორი წერს, რომ გონება არ შეიძლება იყოს შეცდომის წყარო, რომ გონება არ ცდება. ანტონ I შენიშნავს, რომ გონების როლის მეტისმეტად ამაღლება ეწინააღმდეგება რელიგიას; საღვთო წერილში გონებას ასე ძალიან არ აქებენო. ასეთივე სახის შენიშვნები აქვს გამოთქმული ფრიდრიხ ქრისტიან ბაუმაისტერის „ეთიკის“ ქართულ თარგმანშიც.

XVIII საუკუნის სასულიერო მოღვაწეთაგან საგანგებოდ უნდა აღინიშნოს დიდად განათლებული პიროვნების, მწერლისა და მთარგმნელის, თელავის სასულიერო სემინარიის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორის (რომლის პირველ რექტორადაც იგი დაინიშნა და რითაც აიხსნება კიდეც მისი შერქმეული სახელი) გაიოზ რექტორის (დაახლ. 1746-1821 წწ.) ღვაწლი. თბილისის სასულიერო სემინარიისა და მოსკოვის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული, იგი დიდხანს ცხოვრობდა რუსეთში, უცხოვრია მოლდავეთშიც. მან დაარსა მოზდოკის ეპარქია, იყო სარატოვისა და პენზის ეპარქიის ეპისკოპოსი, ასტრახანისა და სტავროპოლის მთავარეპისკოპოსი; ხელმძღვანელობდა ოსეთში ქრიტიანობის გამავრცელებელ კომისიას, შეადგინა ოსური ანბანი; იყო წევრი იმ კომისიისა, რომელმაც გეორგიევსკში 1783 წელს ხელი მოაწერა რუსეთ-საქართველოს ტრაქტატს.

გაიოზმა მრავალი თხზულება თარგმნა რუსულიდან; მათგან აღსანიშნავია: დავით ბატონიშვილის დაკვეთით თარგმნილი მარკუს ავრელიუსის (121-180 წწ.) ეთიკური ხასიათის თხზულება „საყოფაქცევო სჯა“, რომელიც მთარგმნელმა უძღვნა დავით ბატონიშვილს. წიგნის დედააზრის თანახმად, ადამიანის ცხოვრებას ღმერთი განსაზღვრავს. ადამიანს მუდამ უნდა ახსოვდეს თავისი სასრულობა. ამიტომ უნდა დაზოგოს დრო და იცხოვროს მხოლოდ ბუნების კანონების თანახმად, აკეთოს მხოლოდ ის, რასაც საერთო სარგებლობა მოაქვს.

1776 წელს გაიოზ რექტორმა რუსულიდან თარგმნა ბერძენი მწერლის აღაპიტე არქიდიაკონის (VI ს.) „სამეფო ქარტა ანუ ტომარი“, რომლის თარგმანიც მან მეფე ერეკლეს მიუძღვნა. ნაშრომი ეხება მეფის მოვალეობებს. ბერძენი ავტორის თანახმად, ამქვეყნიური ცხოვრება წარმავალია, მეფე მტვრისაგან წარმოიშვა და მტვრადვე იქცევა. მას ღმერთისაგან მეფობა იმისათვის მიეცა, რომ ქვეშევრდომები მართოს სამართლიანად. მეფე უნდა იყოს მორწმუნე, ბრძენი, ფილოსოფოსი; პირველ ყოვლისა, მან საკუთარი ვნებების მართვა უნდა იცოდეს, იცავდეს კანონებს, არც დაუსჯელი უნდა დატოვოს ვინმე და არც დაუჯილდოებელი. თხზულების ქართულ თარგმანს ახლავს გაიოზ რექტორის შენიშვნებიც.

გაიოზ რექტორმა 1777 წელს მოსკოვში თარგმნა და 1784 წელს თბილისში, ერეკლე მეორის სტამბაში დაიბეჭდა უცნობი ავტორის თხზულება „კიტაის სიბრძნე“. ამ წიგნმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. მთარგმნელის აზრით, „[ეს წიგნი] ყოვლად ყოვლითა კეთილითა აღავსებს მსმენელთა თვისთა მოძღვრებითა“. „კიტაის სიბრძნის“ ავტორის თანახმად კი, ყველაფერი ღმერთისგან მომდინარეობს, სიბრძნე მარადიულია, სიკეთე უსასრულო, მის შემძლეობას საზღვარი არ აქვს. ადამიანი ღმერთის ქმნილებაა; მისი მდგომარეობა, ცხოვრების გზა ღვთის მიერაა განსაზღვრული. იგი უნდა მოიქცეს ისე, როგორც ღმერთს სურს, უნდა იყოს შრომისმოყვარე, ზომიერი მოთხოვნილებებში, რადგან მცირეთი დაკმაყოფილება ესაა სიბრძნე. ერთი მხრივ, მსახურთ მართებთ ერთგულება და მორჩილება, მეორე მხრივ, ბატონებმაც უნდა გამოიჩინონ მათდამი სათნოება, რადგან „იგი კაცია და აქვს კაცობრივი გონება“.

1787 წელს გაიოზ რექტორმა თარგმნა ფრანგი ენციკლოპედისტის ჟან ფრანსუა მარმონტელის (1723-1799 წწ.) „ველიზარიანი“. აღსანიშნავია, რომ ეს თხზულება საფრანგეთში იდევნებოდა. აღნიშნული წიგნის თარგმანმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქართველ მოაზროვნეებზე. ტრ. რუხაძის თქმით, „გეორგიანულ ისტორიაში“ გადმოცემული ალ. ამილახვარის თვალსაზრისი ენათესავება მარმონტელისას. მარმონტელის აზრით, სახელმწიფოში მმართველის მხრიდან ადამიანების მიმართ ტირანია დაუშვებელია; საზოგადოებისათვის ყველაზე საუკეთესო წყობად მარმონტელს მიაჩნია რეპუბლიკური მმართველობა, მაგრამ თუ მისი დამყარება შესაძლებელი არ არის, მაშინ ყველაზე კარგი განათლებული მონარქიაა, რომლის სათავეში მყოფი განსწავლული, ბრძენი მეფე კანონებით ხელმძღვანელობს და მისი სურვილით შესაძლებელია ყოველგვარი მდგომარეობის გამოსწორება.

გაიოზ რექტორის ორიგინალური თხზულებებიდან ცნობილია „საქართველოს ისტორია“, „მოკლე ქართული გრამატიკა“, „წინასიტყვა“ ანტონ კათალიკოსის „წყობილსიტყვაობისა“ და „საძიებელი“ მისივე „ღვთისმეტყველებისა“, „საეკლესიო ქადაგებანი“, „სწავლანი და მოძღვრებანი“.

XVIII საუკუნის დასასრულისა და XIX საუკუნის დასაწყისის ფრიად მაშვრალი მოღვაწეა იონა (იოანე) ხელაშვილი (1778-1837 წწ.). 1809-1812 წლებში იგი სწავლობდა პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ აღიკვეცა ბერად. როგორც კარის მოძღვარი, იონა სამსახურს უწევდა რუსეთში მცხოვრებ ბატონიშვილებს; მწიგნობარი და მკვლევარი იონა ხელაშვილი აქტიური წევრი იყო პეტერბურგის ქართული სალიტერატურო სკოლისა. მისი ღვაწლი და განსწავლულობა შთამბეჭდავად გადმოსცა იოანე ბაგრატიონმა თავის ცნობილ „კალმასობაში“. იონა ხელაშვილს ეკუთვნის, ორმოცზე მეტი დასახელების ნაშრომი. მათგან, ფილოსოფიური თვალსაზრისით, უმთავრესია „ოცდათოთხმეტი შეკითხვის წიგნი“. 

ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი იყო 1823 წელს ილია ბაგრატიონის (1790-1854 წწ.) მიერ თარგმნილი „ლაიბნიცისა და კლარკის მიმოწერა“ (კლარკის ხუთი, ლაიბნიცის სამი და მათზე კლარკის სამი საპასუხო წერილი). კლარკისა და ლაიბნიცის მიმოწერა, ძირითადად, ღმერთისა და სამყაროს, ღმერთისა და სულის, სივრცისა და დროის ბუნების პრობლემებს ეხება. ამ ფაქტს დადებითად გამოეხმაურა იონა ხელაშვილი და ამ თარგმანს თავისი მოსაზრებებიც დაურთო. ლაიბნიცისაგან განსხვავებით, იონა ხელაშვილს მათემატიკური და მეტაფიზიკური გზით ღმერთის არსებობის მტკიცება არამართებულად მიაჩნია. მისი აზრით, ღმერთის არსებობის დამტკიცება გონებას არ ძალუძს; ღმერთის არსებობას არა გონების სიბრძნე, არამედ ქვეყნის არსებობის ფაქტი და სამყაროს კანონზომიერება ადასტურებს.

თავისი მოსაზრების დასტურად და ნათელსაყოფად, იონა ხელაშვილმა სვ. ვაჩნაძეს ფრანგული ენიდან 1807 წელს რუსულად თარგმნილი შოტლანდიელი ფილოსოფოს-მორალისტისა და ისტორიკოსის ადამ ფერგიუსონის (1723-1816 წწ.) თხზულების - „სწავლა ზნეობითი და კანონი პატიოსანი კაცისა“ (I და II წიგნი) - თარგმნა დაავალა. ფერგიუსონის თანახმად, მორალის საფუძველი რელიგიაა; ღმერთის არსებობა და სულის უკვდავება ყველა პატიოსან ადამიანს სწამს. ასე რომ, მისი არსებობა მტკიცებას არ საჭიროებს. ერთ-ერთ წერილში იონა თავის ძმისწულს ხსენებული წიგნის არა თუ კარგად შესწავლას, არამედ უმეტესის ზეპირად დასწავლას ურჩევს.

ცნობილი დრამატურგი და მთარგმნელი გიორგი ავალიშვილი (1769-1850 წწ.) ჩინებულად ფლობდა რუსულ, თურქულ და სომხურ ენებს. მან სწავლა-განათლება მიიღო რუსეთში და ცხოვრების უმეტესი ნაწილიც იქ გაატარა. მოსკოვში გიორგი ავალიშვილმა რუსული ენიდან ქართულად თარგმნა ერაზმ როტერდამელის (1466-1536 წწ.) რამდენიმე შრომა; კერძოდ, რელიგიური ზნეობის ქადაგების (ნუ იქურდებ, ნუ იცრუებ და სხვა, რამეთუ იმქვეყნიური სასჯელი გელის) შემცველი „შემოკლებული ზნეობითი სწავლა ქრისტიანებრი ანუ უმარტივესი კანონი“; „კატასკეველი“, რომელიც ერთგვარი პასუხია კითხვებზე: „ვინ შექმნა სოფელი“, „რა არის პირველი ცოდვა“ და ა.შ. „ღმერთმან [შექმნა სოფელი] არა რაისაგან სიტყვითა თავისითა სადიდებლად სახელისა თვისისა და რათა ცხად უყოს ქმნულთა თვისთა სახიერება თვისი ექვსსა დღესა შინა.“ ასეთივე შინაარსისაა მისი დიდტანიანი თხზულება „ხრისტიანეჲ მხედარი ხრისტესი და ძლევამოსილი საჭურჱლი მისი“. ამ შრომაში განხილულია ის ძირითადი დაბრკოლებები და ვნებები, რომლებიც ეღობება ქრისტიანს საუკუნო ცხოვრების მიღწევის გზაზე; ავტორის თანახმად, მათი დაძლევა მხოლოდ რწმენითაა შესაძლებელი. გიორგი ავალიშვილმა თარგმნა, ასევე, ერაზმ როტერდამელის შემდეგი თხზულებები: „დესიდერიაჲ ანუ გზაჲ სიყვარულისა“ და „საღმრთოჲ ისტორიაჲ“.

1818 წელს გიორგი ავალიშვილმა თარგმნა ვოლტერის „ქვეყანა ვითარცა არს ანუ ხილვა ბაბუკისა“ და პიესა „ოიდიპოსი“; 1839-1840 წლებში მანვე თარგმნა კამბრეს არქიეპისკოპოსის, ფრანგი მწერლისა და პედაგოგის ფრანცისკ სალინიაკ ფენელონის (1651-1715 წწ.) შრომა „მოკლე აღწერა ძუჱლთა ფილოსოფოსთა ჰრჩეულთა ჰაზრებითა დამოკიდებულებითა და ყოფაქცევითა სწავლითა მათითა“, რომელიც მანამდე, 1789 წელს, გაიოზ რექტორმა თარგმნა. აღნიშნული ნაშრომით ქართველ მკითხველს საშუალება ეძლეოდა გაცნობოდა როგორც ცნობილ, ისე ზოგიერთი უცნობ ბერძენ ფილოსოფოსთა ბიოგრაფიას, მათ აზრებსა და შეხედულებებს. 

1794 წელს სარიდან ჩოლოყაშვილმა თარგმნა ფრანცისკ ფენელონის ცნობილი რომანი „თავგადასავალი ტელემაკისა“. ტროას ომის გმირის, ოდისევსის შვილის, ტელემაქეს თავგადასავლის თხრობის ფონზე, ავტორი გადმოგვცემს თავის პოლიტიკურ და ფილოსოფიურ შეხედულებებს ქვეყნის მმართველის (მეფის) შესახებ. მისი აზრით, ბედნიერია ის ხალხი, ვისაც მართავს ბრძენი მეფე, რომელიც იცავს ზომიერებას და თავისუფალია შიშის გრძნობისაგან.

ახალი დროის ქართულ აზროვნებაში დიდად გავრცელებული ყოფილა დიდაქტიკური ხასიათის კრებულები საერთო სახელწოდებით „აპოფთეგმები“ (ცნობილ ადამიანთა, ფილოსოფოსთა, მეფეთა გამოთქმები, აფორიზმები). ერთ-ერთი ასეთი კრებულის მოკლე ვერსია მეფე ვახტანგ VI-ის დავალებით თარგმნა ქართველმა მწიგნობარმა ერასტი თურქისტანიშვილმა (გარდ. 1735 წ.) მოსკოვში. თავისუფალი სტილით შესრულებულ ამ თარგმანში, მან, ძირითადად, ფილოსოფოსთა და გამოჩენილ ადამიანთა მახვილგონიერი, ბრძნული გამონათქვამები შეკრიბა; თუმცკი, თავისი შეხედულებისამებრ, ზოგი რამ შეცვალა, ზოგი დაუმატა, ზოგიც, საერთოდ, ამოიღო. „აპოფთეგმატა“ გალექსა ვახტანგ VI (1675-1737 წწ.) და მას „სიბრძნე მალაღობელი“ უწოდა.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ბატონიშვილთა ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე. მათმა ორიგინალურმა თხზულებებმა და მათ მიერ ქართულ ენაზე გადმოღებულმა ევროპელ მოაზროვნეთა ეპოქალურმა თხზულებებმა გაამდიდრა ჩვენი კულტურის სულიერი საუნჯე და დიდად შეუწყო ხელი ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარებას.

1682 არჩილ მეორე მთელი ოჯახითა და ამალით რუსეთს გადავიდა. მას თან ახლდა ალექსანდრე ბატონიშვილიც (1674-1711 წწ.), რომელიც 1685 წლიდან მოსკოვს დამკვიდრდა. ალექსანდრემ მონაწილეობა მიიღო ნარვის ბრძოლაში და ტყვედ ჩაუვარდა შვედებს. ტყვეობიდან განთავისუფლებული, რუსეთს გზად მომავალი 1711 წელს გარდაიცვალა. მას რუსულიდან ქართულად უთარგმნია „სადიდებელნი გალობანი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესნი“ და ბიზანტიელი იმპერატორის ბასილ მაკედონელის (813-886 წწ.) თხზულება „ტესტამენტი“, ანუ იმპერატორის დარიგება შვილის, ლეონისადმი. ბასილი არიგებს შვილს, თუ როგორი უნდა იყოს მეფე, რომ მას უნდა ჰქონდეს ღვთის რწმენა, პატივს სცემდეს ეკლესიას. მეფე მონაა ღვთისა, რადგან მის მიერაა დაყენებული მეფედ; ყველაფერი - გამარჯვება და დამარცხება - ღმერთის ნებით ხდება; ამქვეყნიური ყველაფერი წარმავალია, მეფე უნდა ეცადოს აკეთოს კარგი, უპატრონოს თავის ქვეშევრდომებს, წაახალისოს ისინი. განათლებული მონარქიის მომხრე ალექსანდრე ბატონიშვილი თარგმანის ბოლოსიტყვაობაში წერს: „კეთილშესწორებულ არს სამეფო იგი, რომელსაცა შინა სიბრძნის მოყვარენი მეფობენ, ანუ მეფენი სიბრძნეს მოყვარეობენ“.

ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარებაზე განსაკუთრებით დიდი გავლენა იქონია ენციკლოპედისტების საუკუნის საფრანგეთმა. მართალია, ფრანგ განმანათლებელთა თხზულებებს ქართველები, ძირითადად, არა დედნიდან, არამედ რუსული თარგმანებიდან თარგმნიდნენ, მაგრამ, აღნიშნულის მიუხედავად, მათ მაინც ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ: ისინი შეესაბამებოდნენ ეპოქის ძირითად ტენდენციებს და ქართველ მკითხველს მისთვის უცხო სამყაროს აცნობდნენ.

დასავლეთ ევროპის დიდ მოაზროვნეთა მოძღვრებასა და პოლიტიკურ შეხედულებებს ჩინებულად იცნობდა გაიოზ რექტორის მეთვალყურეობითა და უცხოელ (გერმანელ და ავსტრიელ) პედაგოგთა მიერ აღზრდილი დავით ბაგრატიონი (1767-1819 წწ.) - პოეტი, მთარგმნელი, ქართველ ვოლტერიანელთა პირველი წარმომადგენელი. 1787 წლიდან დავითი მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში. 1801 წელს იგი რუსეთში გადაასახლეს, უბოძეს გენერალ-ლეიტენანტისა და სენატორის წოდება. გარდაიცვალა პეტერბურგში. ლ. ასათიანის თანახმად, „დავითის ცხოვრება და ლიტერატურა არის ერთი საინტერესო დასაწყისი ფურცელთაგანი დასავლეთ ევროპული იდეების გავლენათა ისტორიიდან ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში“. 

1815 წელს პეტერბურგში მან ქართულ ენაზე თარგმნა ფრანგი ფილოსოფოსის ჟან პიერ ანსილიონის (1767-1837 წწ.) ნაშრომი „ესტეტიკებრი განსჯანი“ და ცალკე წიგნად გამოქვეყნებული „პაექრობა“ (ანუ „ბაასი უფლის თეოფილაქტე ექსარხოსისა და არქიერის ფილარეტისა რაოდენთამე შენიშვნათა ზედა უფლის ანსილიონისა აღნაქვსისა შინათა“). ანსილიონის თანახმად, ადამიანის სულისათვის ნიშანდობლივია დაუოკებელი სწრაფვა უსასრულოსადმი; ხელოვნების უდიდესი საიდუმლოება სასრული საგნების საშუალებით ადამიანის სულში არსებულ უსასრულობის გრძნობაზე ზემოქმედებაა, რომელიც მიიღწევა მუსიკითა და პოეზიით; ეს განაპირობებს ამ უკანასკნელთა უმჭიდროეს კავშირს რელიგიასა და ღვთისმსახურებასთან. ანსილიონის ნაშრომში არის ზოგიერთი ათეისტური აზრის მქონე მონაკვეთი, რის გამოც თხზულება აიკრძალა. მაგალითად, ავტორის აზრით, „ადამიანისათვის, ვინც თავს განათლებულად მიიჩნევს, რელიგია არის ძველი გადმოცემა, დაძველებული იარაღი, რომელიც ახლა საჭირო აღარ არის“. აღნიშნულის გამო, ნაშრომი ორი მაღალი რანგის სასულიერო პირის - თეოფილაქტე ექსარხოსისა და ფილარეტ არქიერის - პაექრობის საბაბი გახდა. თავისი დამოკიდებულება ანსილიონის მსჯელობებისადმი დავით ბაგრატიონს გამოთქმული აქვს „პაექრობის“ თარგმანის შენიშვნებში.

დავით ბაგრატიონს ეკუთვნის შარლ ლუი მონტესკიეს (1689-1755 წწ.) ეპოქალური თხზულების „De l’esprit des lois“ („კანონთა გონი“) თარგმანი სათაურით „გულისხმისყოფისათვის სჯულთასა“. დავითისავე სიტყვებით „გულისხმისყოფისათვის სჯულთასა ქმნილი უფლისა მონტესკიესაგან არის [...] ერთი უმჯობესთა წერილთაგან ყოველსა ევროპასა შინა.“ ფრანგული განმანათლებლობის ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მეცნიერულ-ფილოსოფიურ თხზულებაში ავტორი მიზნად ისახავს შეისწავლოს და მეცნიერულად გააშუქოს კანონისა და კანონმდებლობის წარმოშობა და განვითარება, ნათელყოს მათი შეპირობება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ცხოვრების მთელი კომპლექსით (ეკონომიკურ-პოლიტიკური, მორალურ-რელიგიური ფაქტორები და ა.შ.), მეორე მხრივ კი, ბუნებრივი ფაქტორებით (გეოგრაფიული მდებარეობა, ჰავა, ფლორა, ფაუნა და ა.შ.).

დავით ბაგრატიონს მონტესკიეს ნაშრომის რუსულენოვანი თარგმანი შეუდარებია დედანთან, რის შესახებაც ერთ-ერთ შენიშვნაში იგი წერს: „მთარგმნელთა არა სცოდნიათ კარგად ფრანციცული და რუსულზე ბრჯგუდ გადმოეღოთ, რომელშიც ძნელად იყო მისახვედრი მრავალი აზრი“. ასეთი ადგილები დავით ბაგრატიონს ფრანგულის მიხედვით შეუსწორებია. ქართველი მთარგმნელი არ დასჯერდა მხოლოდ ტექსტისა და ავტორისეული შენიშვნების გადმოქართულებას, მან თარგმანს საკუთარი კომენტარები და კრიტიკული შენიშვნებიც დაურთო. ასე, მაგალითად, ცივი და ცხელი ჰავის მკვიდრ ხალხებზე მსჯელობისას, მონტესკიე წერს: „ცხელი ქვეყნების ადამიანები მოხუცებივით გაუბედავნი არიან, ცივი კლიმატის ადამიანები კი ახალგაზრდებივით მამაცნი“. ასეთი მსჯელობით უკმაყოფილო დავით ბაგრატიონი წერს: „აქა სცთების ავტორი [....] არავინ არს ეგრეთ შურისმგებელ, გულმანკიერ, იჭვნეულ, მზაკვარ, მცბიერ და უყვარულ, ვითარცა ცივსა ჰაერსა შინა მცხოვრებნი ანუ ჩრდილოელნი [....] სცთები, უფალო მონტესკუ! [....] რტიშჩევი და კნორინგი არიან მცხოვრებნი ცივისა კლიმატისანი და ბონაპარტე და მარშალ ნეი ცხელისა კლიმატისანი. ნუუმე ზემონი სჯობდნენ ქვემოთა ბიჭად ანუ სარდლად?“ მონტესკიეს მსჯელობებისადმი ასეთი სახის კრიტიკული შენიშვნები არაერთგზის გვხვდება დავით ბაგრატიონის კომენტარებში.

დავით ბაგრატიონის ორიგინალური ქმნილებებიდან აღსანიშნავია მისი ფილოსოფიურ განსჯათა შემცველი, ასევე სატირული და სატრფიალო ლექსები (დავითი განიცდიდა ბესიკის გავლენას). საყურადღებოა მისი საისტორიო ჟანრის ნაშრომები: „ნარკვევები“, „საქართველოს მოკლე ისტორია“, „ახალი ისტორია“ (გამოიცა რუსულადაც). მონტესკიესა და რუსოს შეხედულებებმა კანონის რაობასა და კანონმდებლობის წარმოშობაზე სათანადო ასახვა ჰპოვა დავით ბაგრატიონის ნაშრომში „საქართველოს სამართლისა და კანონმდებლობის მიმოხილვა“. ვოლტერის დეისტური რელიგიისა  და მონტესკიეს იდეათა გავლენა ჩანს ჟან ჟაკ რუსოს „ახალი ელოიზას“ მიხედვით შექმნილ რომანში „ახალი შიხი“, რომელშიც გადმოცემულია სპარსელი ყმაწვილისა (შიხის) და ქართველი გოგონას (ფერიას) მიმოწერა. „მათი მიწერ-მოწერა უფრო განსაზღვრული იდეების პროპაგანდას წარმოადგენს, ვიდრე რაიმე ამბავის მოთხრობას ან სულიერი განცდის გადმოცემას. ამისდა მიუხედავად, „ახალი შიხი“ დიდად საინტერესო ლიტერატურული მოვლენაა, როგორც ეპოქის დამახასიათებელი იდეოლოგიური ნაწარმოები, სახელდობრ, როგორც ევროპული მოწინავე აზროვნების ერთ-ერთი პირველი გამოვლინება ქართულ მწერლობაში“.

იოანე ბაგრატიონს (1768-1830 წწ.) - მეცნიერს, პრო­ზა­იკოსს, მთარგმნელს, ლექსიკოგრაფსა და ფილოსოფოსს - „როგორც მამამისი, გიორგი მეფე, ისე მიუკერძოებელი უცხოელი დესპანები და მოგზაურები ყველაზე უფრო კეთილგონიერად და განათლებულად სთვლიდნენ ქართველ უფლისწულთა შორის [....] ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ჩინებული პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის ნიჭი გამოავლინა და საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა თავისი ცოდნით, სიდინჯით და ზომიერებით“. იგი განმანათლებლების თხზულებათა ღრმა ცოდნას ფლობდა. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ენციკლოპედიური ხასიათის თხზულება „კალმასობა“ (1813-1828 წწ.), რომელსაც, მართალია, ავტორი „ხუმარსწავლას“ უწოდებს, მაგრამ თხზულების ძირითადი პათოსი მაინც დიდად სერიოზულია. ეს ღრმა ჰუმანისტური ტენდენციებით დაწერილი წიგნი, თავისებური ენციკლოპედიაა, რომელშიც ავტორი ცდილობს თავისი დროის მეცნიერების მიღწევები ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი მკითხველისათვის. „კალმასობას“ ევროპელი მეცნიერების, განსაკუთრებით კი, ფრანგი ენციკლოპედისტების ძლიერი ზეგავლენა ეტყობა. „კალმასობაში“ საქართველოს რღვევისა და დაუძლურების მიზეზად ავტორს ქვეყნის გათიშულობა, განათლების მოშლა და მორალურ-სარწმუნოებრივი სისუსტე მიაჩნია. იგი ვოლტერისეული გონებამახვილობით ამხელს ქართველი ფეოდალების მანკიერ მხარეებს, მათ უმეცრებას, დაუნდობლობას, ძალმომრეობას, გაუმაძღრობას; აღწერს სამღვდელოების უვიცობისა და ვერცხლისმოყვარეობის კონკრეტულ მაგალითებს; ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობას ჰუმანისტური კანონების უქონლობით ხსნის. გ. ქიქოძის აზრით, „კალმასობას“ საინტერესო საკითხავ წიგნად ხდის მისი მხატვრული ნაწილი, სადაც იმდროინდელი საქართველოს ყოფა-ცხოვრება, ზნე-ჩვეულებანი და ადამიანების ფსიქოლოგიაა ასახული. 

მრავალმხრივ საინტერესოა იოანე ბაგრატიონის „სჯულდება“ - ქართლ-კახეთის სახელმწიფოებრივი წყობილების ფართო რეფორმის პროექტი, რომელიც მას 1799 წელს შეუთხზავს და გიორგი მეთორმეტესთვის წარუდგენია. ბატონიშვილს განსაკუთრებით ფართო გეგმა ჰქონდა კულტურული აღმშენებლობის დარგში: მას საჭიროდ მიაჩნდა ორკვირეული გაზეთის გამოცემა; თბილისსა, თელავსა და გორში უმაღლესი სასწავლებლის გახსნა, სადაც, რუსულ და კავკასიურ ენებს გარდა, ბერძნული და ლათინურიც უნდა ესწავლებინათ და (თავად-აზნაურთა გარდა) „პირველნი მოქალაქეს შვილებიც“ უნდა მიეღოთ.

1826 წელს იოანე ბაგრატიონმა ადამ ფერგიუსონის (1723-1816 წწ.) მთავარი თხზულების „ზნეობითი ფილოსოფიის“ ნაწილი თარგმნა. ავტორის თანახმად, არსებობს ბუნების კანონები და ზნეობის კანონები; არსებითია არა ცალკეულ ადამიანთა, არამედ საყოველთაო ბედნიერების მიღწევა. აღნიშნულ ნაშრომში მოცემულია ფერგიუსონის პოლიტიკური დოქტრინაც, რომელიც, ძირითადად, მონტესკიეს მოძღვრებას ეფუძნება. ფერგიუსონი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ ყოფაში ადამიანთა მიერ კანონების დაცვა უმაღლესი სიკეთეა, ხოლო მათი დარღვევა კი ბოროტებაა და ეთანხმება მონტესკიეს მოსაზრებას: „ჩვენ თავისუფალნი ვართ იმდენად, რამდენადაც სამოქალაქო კანონების ძალაუფლებაში ვიმყოფებით; თავისუფლება იმის კეთების უფლებაა, რაც კანონით დასაშვებია“. 

იოანე ბაგრატიონს ეკუთვნის კონდილიაკის (1715-1780 წწ.) ორი ნაშრომის თარგმანიც. 1792 წელს პეტერბურგში გამოქვეყნდა კონდილიაკის ნაშრომის “L’art de raisonner” (რუსულად ითარგმნა სათაურით „ლოგიკა“) რუსულენოვანი თარგმანი, რომელიც იოანე ბაგრატიონის მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა სათაურით „ლოღიკა აბბატ კონდილიაკისა, ჩლენისა ფრანციისა, გერმანიისა, პარიზისა და ლიონის აკადემიათა“. თუმცა, რეალურად, აღნიშნული შრომა წარმოადგენს არა ლოგიკას, არამედ ფიზიკას. კონდილიაკის აზრით, არსებობს ერთი მეცნიერება - ბუნების ისტორია. მასში გვხვდება მოქმედება ან განყენებული ცნებები; პირველს სწავლობს ფიზიკა, მეორეს - მეტაფიზიკა. 1805 წელს მოსკოვში რუსულ ენაზე გამოქვეყნდა კონდილიაკის მეორე შრომა „ლოგიკა“ („La logique“), რომელშიც გადმოცემულია კონდილიაკის შემეცნების თეორია. ამ წიგნის ორი თავის ქართულენოვანი თარგმანი შეტანილია „კალმასობაში“, რაც იმის დასტურია, რომ იოანე ბაგრატიონმა დაიწყო აღნიშნული წიგნის თარგმნა, მაგრამ, როგორც ჩანს, თარგმანი არ დაუსრულებია. მოგვიანებით, „ლოგიკაში“ მოცემულმა კონდილიაკის დეისტურმა შეხედულებებმა სამყაროს პირველი მიზეზის შესახებ სათანადო ასახვა ჰპოვა იოანე ბაგრატიონის სხვა ფილოსოფიურ ნაშრომებში.

ორიგინალური თხზულებებითა და თარგმანებით - ადამ ფერგიუსონის „მოძღვრება ზნეობითი ფილოსოფიისა“, აბატ კონდილიაკის „ლოღიკა“, პ. ჰოფმანის „საექიმო ნაშრომი“, გ. დერჟავინის ლექსი „ღმერთი“, „სამიჯნურო მიწერ-მოწერა იულიასთან“, სპარსულიდან „სეილანიანის“ გადმოღებით, ასევე, რამდენიმე დარგის (გრამატიკა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) სახელმძღვანელოს, ენციკლოპედიისა და მრავალტომიანი ქართულ-რუსული ლექსიკონის შედგენით, იოანე ბაგრატიონმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართული საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებასა და მის „ევროპეიზაციას“. მან ერთგვარ სისტემაში მოიყვანა ძველ ქართულ მწერლობაში შემუშავებული ცოდნა და ახალ ტენდენციებსაც დაუდო სათავე.

მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, პოეტი, დრამატურგი თეიმურაზ ბაგრატიონი (1782-1846 წწ.) ერთხანს ცხოვრობდა სპარსეთში, სადაც შეისწავლა სპარსული, თურქული, ფრანგული და იტალიური ენები; იმოგზაურა ევროპაში. თეიმურაზმა სიცოცხლის უმეტესი ნაწილი გაატარა რუსეთში, პეტერბურგში, სადაც ნაყოფიერ მეცნიერულ-ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდა. 1831 წელს იგი ჩაირიცხა პარიზის სააზიო საზოგადოების ნამდვილ წევრად და ამ საზოგადოებაში აქტიური მოღვაწეობით ხელი შეუწყო ქართველოლოგიის განვითარების საქმეს; კერძოდ, მან დიდი დახმარება გაუწია ფრანგ ქართველოლოგს მარი ბროსეს, რომელიც თავს თეიმურაზის მოწაფედ მიიჩნევდა და დიდ პატივს სცემდა თავის მასწავლებელს. 1837 წელს თეიმურაზ ბაგრატიონი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად აირჩიეს. თეიმურაზმა აღზარდა ცნობილ ქართველ მოღვაწეთა პლეადა, რომელთაგან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ამ პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლი, პირველი ქართველი კანტიანელი ს. დოდაშვილი, რომლის ფილოსოფიური მოღვაწეობა ნათლად მეტყველებს XIX საუკუნის ქართული ფილოსოფიური აზროვნების დონეზე. „სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ მან პირველმა შექმნა კანტზე ორიენტირებული ლოგიკა რუსული სასწავლებლებისათვის. მანვე შესანიშნავად წამოსწია კანტის მრავალფეროვანი პრობლემატიკიდან მშვიდობის პრობლემა. კანტის ცნობილი ნაშრომის - „ანთროპოლოგია პრაგმატისტული თვალსაზრისით“ - კვალად, ს. დოდაშვილი ფილოსოფიის ძირითად მიზნად ადამიანის გაგებას თვლის. მისთვის შემმეცნებელი ადამიანი შემეცნების უმაღლესი საგანიც არის, ხოლო მიზანი - მშვიდობა, როგორც ჰარმონია, თანხმობა ჩვენი ცნობიერების განსხვავებულ შინაარსებს შორის, რაც ადამიანსა და სამყაროს შორის ჰარმონიის საფუძველია. ამით საინტერესოდ გაერთიანდა კანტის გავლენა და საქართველოში ქრისტიანული ნეოპლატონიზმის ორიენტაცია მშვიდობაზე [....] თავისი მოძღვრების დასასაბუთებლად ს. დოდაშვილმა გამოიყენა მაშინდელი ევროპული ფილოსოფიის საუკეთესო გამოცდილება, კერძოდ, დიდი გერმანელი ფილოსოფოსის იმანუელ კანტის (1724-1804 წწ.) და მისი დიდი მემკვიდრეების [....] მონაპოვარი“. 

თეიმურაზ ბაგრატიონის მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობაში გვხვდება როგორც ორიგინალური ნაწარმოებები, ასევე, არისტოტელეს, ტაციტუსის, ციცერონის, ვოლტერის, ნაპოლეონის და სხვათა თხზულებების თარგმანები. პეტერბურგში თეიმურაზ ბაგრატიონმა რუსულიდან თარგმნა არისტოტელეს ნაშრომი „განსჯანი არისტოტელისანი კეთილისა და ბოროტისათვის“, რომელიც 1818 წელს დაიბეჭდა. ამ მცირე მოცულობის თარგმანში მოცემულია არისტოტელეს სწავლება კეთილისა და ბოროტის შესახებ, ასევე, სათნოებისა და მანკიერების ცალკეული მაგალითების ჩამონათვალი. გონიერებამ უნდა გაარჩიოს ბოროტი კეთილისაგან და აარჩიოს გზა აქედან.

განმანათლებლობის სულისკვეთება - პიროვნების თავისუფლების იდეა - ორიგინალურად აისახა „თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა ქომაგის“ ჟან ჟაკ რუსოს (1712-1778 წწ.) შემოქმედებაში, რომლის პოლიტიკურ-ფილოსოფიური ტრაქტატები საკაცობრიო აზროვნების ისტორიაში „რუსოიზმის“ სახელით შევიდა. 1800 წელს მეფე ერეკლე მეორის უმცროსმა ვაჟმა ფარნაოზ ბაგრატიონმა (1772-1852 წწ.) გადმოიღო „ჰაზრნი ჟან ჟაკ რუსოსი სხვადასხვა საგანთათვის“, რომელშიც მოცემულია რუსოს შეხედულებები ღმერთის, სინდისის, სათნოების, კეთილმოქმედებისა და სხვა საკითხებზე. 1849 წელს კი დავით ციციშვილმა ქართულად თარგმნა რუსოს ტრაქტატი „ხელი შეუწყო თუ არა მეცნიერებისა და ხელოვნების აღორძინებამ ზნეობის განწმენდას“. რუსოს აზრით, ადამიანის დენატურალიზაციისა და ცივილიზაციის განვითარების კვალობაზე, კულტურის ზრდას კაცობრიობა ზნეობის დაცემამდე მიყავს; ზნეობა იხრწნება იმ ზომით, რა ზომითაც სრულიყოფა მეცნიერება და ხელოვნება. რუსოს აღნიშნული ნაშრომის თარგმანს ქართული საზოგადოება უარყოფითად შეხვდა. ლ. ასათიანის აზრით, „XIX საუკუნის პირველ ნახევარში ქართული სინამდვილისათვის კულტურისა და სწავლა-განათლების უარყოფით გავლენაზე ლაპარაკი ცოტა უცნაური გაუგებრობა იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი აზრით, რუსოს ქართულად თარგმნა მაინც სიმპტომატური იყო იმ დროს“. 

დიდმა ფრანგმა განმანათლებელმა ვოლტერმა (1694-1778 წწ.) თავისი ფილოსოფიური და პოლიტიკური იდეები სადა ენითა და ბრწყინვალე ლიტერატურული ფორმით დაწერილ ფილოსოფიურ მოთხრობებში ჩამოაყალიბა. საქართველოში ვოლტერის აზრებს იზიარებდნენ და მის თხზულებებს თარგმნიდნენ დავით რექტორი, დავით ბაგრატიონი, თეიმურაზ ბაგრატიონი, სოლომონ დოდაშვილი, გიორგი ავალიშვილი, იესე გარსევანიშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, დიმიტრი ფურცელაძე, იაკობ ზუბალაშვილი და სხვანი.

1838 წელს სამეფო კარის დეკანოზმა იესე გარსევანიშვილმა რუსულიდან თარგმნა ვოლტერის ისტორიული შრომა „ლუი XIV მეფობის ისტორია“. ამ ნაშრომში მოცემულია ვოლტერის შეხედულებები ისტორიაზე; მსოფლიო ისტორიაში ვოლტერი გამოყოფს ოთხ პერიოდს (ანტიკური საბერძნეთის, რომის, კონსტანტინოპოლის აღებიდან იტალიის აყვავების პერიოდამდე და ლუი XIV მეფობის პერიოდს). აღსანიშნავია, რომ ისტორიის ვოლტერისეული პერიოდიზაცია ეფუძნება მეცნიერების, ხელოვნებისა და ადამიანის აზროვნების პროგრესის ეპოქებს.

ფრანგ განმანათლებელთა იდეების გავლენით, ალექსანდრე ამილახვარმა (1750-1802 წწ.), ფილოსოფოსმა, პროზაიკოსმა, პოეტმა, დრამატურგმა, თავისი დროის უაღრესად განათლებულმა ადამიანმა, დაწერა პოლიტიკური ტრაქტატი „ბრძენი აღმოსავლეთისა“. ეს თხზულება უაღრესად მნიშვნელოვანია ახალი დროის ქართულ აზროვნებაში ევროპული განმანათლებლობის რეცეფციის ჭრილში.

ახალი დროის ქართული აზროვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენლების მიერ თარგმნილი თხზულებები და მათი ორიგინალური ქმნილებები ნათელი დასტურია იმისა, თუ „რა იდეები, აზრები და საკითხები იპყრობდნენ მის [ქართველი ხალხის - დ.ლ.] ყურადღებას, როგორ ითვისებდა ის ამ იდეებს და აზრებს, ერთი სიტყვით, როგორი იყო მისი გონებრივი და ზნეობრივი დონე, მისი ესთეტიკურ-მხატვრული გემოვნება და ლიტერატურული განვითარება“. 

 

ბიბლიოგრაფია:

  • ასათიანი, ლ.: რჩეული ნაწერები, ტ. I, თბილისი, 1958.
  • დარჩია, მ.: გაიოზ რექტორი, თბილისი, 1972.
  • დედაბრიშვილი, გ.: ქართულ-რუსული ფილოსოფიური ურთიერთობის ისტორიიდან, თბილისი, 1984.
  • თევზაძე, გ.: სოლომონ დოდაშვილი, თბილისი, 2005.
  • ირემაძე, თ.: ანტონ ბაგრატიონი (1720-1788 წწ.). ფილოსოფიური შემოქმედება, კრებულში: ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგნელები (XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდინა XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე), რედაქტორი: თ. ირემაძე, თბილისი, 2014, გვ. 52-63.
  • ირემაძე, თ.: იონა ხელაშვილის ფილოსოფიური ღვთისმეტყველება, ჟურნალში: „უფლის ციხე“. საქართველოს საპატრიარქო, # 3 (თბილისი, 2014), გვ. 91-96.
  • კეკელიძე, კ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. I, თბილისი, 1957.
  • ლაბუჩიძე, დ.: კანონი აღმოსავლეთსა და დასავლეთში (შარლ ლუი მონტესკიე სამართლის ბუნებითი წინაპირობების შესახებ), კრებულში: აღმოსავლეთი და დასავლეთი. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები. უდო რაინჰოლდ იეკის დაბადების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, რედაქტორ-შემდგენლები: თ. ირემაძე, გ. თევზაძე, თბილისი, 2012, გვ. 76-89.
  • მონტესკიე, შ. ლ.: კანონთა გონი, ფრანგულიდან თარგმნა დ. ლაბუჩიძემ, თბილისი, 1994.
  • ნუცუბიძე, შ.: ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. II, თბილისი, 1958.
  • ქიქოძე, გ.: წერილები, ესსეები, ნარკვევები, თბილისი, 1985.
  • ხახანაშვილი, ალ.: ქართული სიტყვიერების ისტორია, ტფილისი, 1913.
  • ხუროშვილი, გ.: გაიოზ რექტორი და კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის აღორძინება ახალი დროის ქართულ აზროვნებაში, ჟურნალში: „უფლის ციხე“. საქართველოს საპატრიარქო, # 2 (თბილისი, 2012), გვ. 65-69.
  • ხუროშვილი, გ.: ალექსანდრე ამილახვარი (1750-1802). „ბრძენი აღმოსავლეთისა“: პოლიტიკური ფილოსოფიის დაფუძნების ცდა ახალი დროის ქართულ აზროვნებაში, კრებულში: ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგნელები (XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდინა XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე), რედაქტორი: თ. ირემაძე, თბილისი, 2014, გვ. 64-73.