petriwis portali

ნაციონალიზმი და ქრისტიანობა

არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე

ნაციონალიზმი და ქრისტიანობა

28.11.2023

ნაციონალიზმისა და ქრისტიანობის ურთიერთმიმართებისა და თანაშეწყობის განხილვა საკმაოდ რთული ამოცანაა. ერთი მხრივ, საქმე გვაქვს საღვთო გამოცხადებასთან და, მეორე მხრივ, ადამიანურ იდეოლოგიასთან. თუკი საღვთო უწყება მარადიულ პოსტულატებზე დგას, ადამიანური იდეოლოგია დროსა და გარემოში ცვლილებებს განიცდის. შესაბამისად, თავიდანვე ცხადია, რომ ნაციონალიზმის ცვალებადი ბუნებიდან გამომდინარე, მისი ქრისტიანობასთან თანხვედრა, თუკი ასეთი რამ შესაძლებელია, მხოლოდ არასრულ ხასიათს შეიძლება ატარებდეს. ქვემოთ შევეცდებით, რომ მათ შორის არსებული თანმხვედრი და წინააღმდეგობრივი ასპექტები გამოვკვეთოთ.

ტერმინის „ნაციონალიზმი“ ფუძე „ნაცია“ (ქართ.: „ერი“) მრავალმნიშვნელოვანია და მისი საყოველთაოდ აღიარებული განმარტება არ არსებობს [1]. მით უმეტეს, მისგან წარმოშობილი ცნება „ნაციონალიზმი“ კიდევ უფრო რთულია. ზოგჯერ ის გაიგივებულია ეროვნულობასთან, ამა თუ იმ ხალხის ხასიათთან, ეროვნულ ინტერესთან და ერთობასთან, საკუთარი ერისადმი თავდადებასთან ან პატრიოტიზმთან, საკუთარი ერის აღმატებულობასთან თუ ღვთის რჩეულობასთან [2].

ნაციონალობის ზოგიერთი რადიკალური კონოტაცია - მის მრავალფეროვან მნიშვნელობათა სპექტრიდან - თავიდანვე გამოსარიცხია ქრისტიანულ მოძღვრებასთან თანხვედრის კუთხით. თუმცა, ამავე დროს, ისიც ფაქტია, რომ მისი საწყისები ბიბლიურ ნარატივთან არის დაკავშირებული, რაც, თავის მხრივ, ცხადია, სიღრმისეულ თეოლოგიურ განაზრებებს საჭიროებს.

როგორც ბიბლია გვაუწყებს, ნაციონალობის საწყისები ბაბილონის გოდოლთან არის დაკავშირებული. ღვთის მიერ ენათა გაყოფა გარდაუვალი აქტი იყო, რათა უღმრთოებას კიდევ უფრო მეტი გასაქანი არ ჰქონოდა. ეს ამბავი დიდად ჰგავს ადამის დაცემის ისტორიას. ადამის ცოდვის შედეგი უფლის მიერ მისი სამოთხიდან გამოდევნა იყო, რასაც შემდგომი საკაცობრიო ბედის განსაზღვრა მოჰყვა. ასევეა ენათა გაყოფის პროცესიც. ერთ ენაზე მოსაუბრე ხალხის ცოდვას ასევე იძულებითი საღვთო ღონისძიება - ენათა გაყოფა მოჰყვა, რაც მალევე ერთა, „ნაციათა“ ჩამოყალიბებით დასრულდა. ორივე შემთხვევაში საღმრთო გადაწყვეტილების მიზეზს ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვა წარმოადგენს. პირველ შემთხვევაში გაცილებით დიდი საფასურის გადახდა მოგვიწია, რადგან მემკვიდრეობით გვერგო ადამიანის დაცემული ბუნება და დაკარგული სამოთხე, ხოლო მეორე შემთხვევაში ენათა დაყოფა და დაკარგული ერთიანობა (აქ ცალკე საკითხია ამ ერთიანობის ბუნება) ანუ ნაციონალობის ჩამოყალიბება მოხდა.

როგორც ვხედავთ, ნაციონალობა ყალიბდება უფლის მიერ დაკისრებული სასჯელის შედეგად; ამავე დროს, ეს არის ღვთაებრივი პრევენციული ზომა, არა მხოლოდ ისტორიის იმ კონკრეტული მომენტისთვის, არამედ სამომავლოდ საყოველთაო უღმრთოების გამოსარიცხად. კაცობრიობა იწყებს ნაციონალურ ცხოვრებას, ერთმანეთთან დაპირისპირებით, იზოლაციონიზმის სურვილითა თუ ზოგჯერ თანამეგობრობის გამოვლინებით.

ამ ფონზე ღმერთი განსაკუთრებულ როლს აკისრებს აბრაამის პიროვნებასა და მის მოდგმას - ებრაელ ერს. მათ კაცობრიობას საერთო და ერთადერთი ღმერთი უნდა გააცნონ; იწყება მომზადება ღმერთის მისაღებად და მასში კაცობრიობის გაერთიანებისათვის. თუკი ქრისტეს მოვლინებამდე ღმერთი იუდეველთა განსაკუთრებულებასა და რჩეულობას აღიარებდა, იესო ქრისტეს შემდეგ ეს უკვე წარსულის საკუთრება გახდა. იესო საყოველთაო ერთიანობისთვის ლოცულობს: „რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში“ (იოან. 17:21).

მიუხედავად ერთიანობისკენ მოწოდებისა, იესო ნაციონალობის გაუქმებას არ ცდილობს. ის, ზეცად ამაღლების წინ, მოციქულებს მოუწოდებს, რომ ყველა ხალხში იქადაგონ და სამების სახელით მონათლონ ისინი (მათ. 28:19). ამ მისიის აღსასრულებლად სული წმიდის მოვლინება აღუთქვა მათ (საქ. 1:8) და მართლაც მაცხოვრის ამაღლებიდან ათ დღეში „ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ“ (საქ. 2:4). უცხო ენებზე ამეტყეველება მკაფიოდ აჩვენებს, რომ ყოველ ადამიანში დანახულ უნდა იქნეს ღმერთი და პიროვნება, როგორც ღვთის ხატება და მსგავსება. ეს სწორედ იმაზე მიგვითითებს, რომ ქრისტესთვის მთავარი ღირებულება ცალკეული ადამიანია და არა მისი ეთნიკური წარმომავლობა. ის აფუძნებს ახალ იდენტობას ქრისტეში, ზეეთნიკურობას ანუ ზენაციონალობას [3].

პავლე მოციქული, ქრისტეს სწავლების განმარტებისას, თავის მხრივ, უნივერსალურ პრინციპს აფუძნებს: „აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში“ (გალ. 3:28). ქრისტე და პავლე მოციქული ნაციონალობას არ ებრძვიან, თუმცა თანასწორობის პრინციპს აფუძნებენ, რაც, ამავე დროს, ნაციონალობის არასრულყოფილი კონცეფციის მხილებაა.

როგორც ვხედავთ, გარდა ძველაღთქმისეული ისტორიის მტკიცებულებისა, ასევე ქრისტიანული მოძღვრების სულისკვეთებაც აღრმავებს ზენაციონალობის პრინციპს. უფრო მეტიც, თუკი გავითვალისწინებთ ქრისტიანული ესქატოლოგიის სწავლებას, ვნახავთ, რომ ყველაფერი ისევ ზენაციონალური სახით სრულდება: საწყისი ადამის დაცემამდელი პოზიცია, ბაბილონის გოდოლთან დაკავშირებული ცოდვამდელი მდგომარეობა, იუდეველთა რჩეულობა, ქრისტეს მოვლინება, სული წმიდის გარდამოსვლა და საბოლოოდ მარადიული სასუფეველიც ზენაციონალობის მომასწავებელია. შესაბამისად, ეს მოკლე ექსკურსიც გვაჩვენებს, რომ ნაციონალობა, ასე ვთქვათ, ერთგვარი გარდამავალი ეტაპია, რომელიც შორს დგას როგორც ადამისეული სამოთხისგან, ასევე, მით უმეტეს, მარადიული სასუფევლის გაგებისგან.

მიუხედავად ამ ყველაფრისა და თავად ქრისტიანული უნივერსალური პრინციპისა, თავად პავლე მოციქულიც ზეჭარბ სიყვარულს გამოხატავს თავის სახლეულისა და თვისტომთა მიმართ (1ტიმ. 5:4,8; რომ. 9:3). ეს ძალიან ადამიანური და ბუნებრივია. ქრისტე გვეუბნება, რომ არავინ შევიყვაროთ ღმერთზე მეტად, არც მამა, არც დედა და არც შვილი და არც არავინ (მათ. 10:37). ეს იმიტომ, რომ მან იცის ადამიანური არასრულყოფილება და მიჯაჭვულობა. თავადაც ხომ მწარედ განიცადა ლაზარეს სიკვდილი. მისი სურვილია, ადამიანმა გაიაზროს, რომ ღმერთის ნებაზე წინ არავის, თვით უსაყვარლესი ადამიანების ნებაც არ უნდა დააყენოს. უფრო მეტიც, ღმერთისა და ადამიანის სიყვარულზე მაღლა არ უნდა დააყენო რაიმე სხვა იდეის სიყვარული. სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი ნაციონალიზმის იდეაც.

აქედან გამომდინარე, თუკი ნაციონალობა რაიმე გამოვლინებით წინააღმდეგობაში მოდის ღვთის ნებასთან, ეს უკვე მიუღებელია ქრისტიანისთვის. რაში შეიძლება ეს წინააღმდეგობა გამოვლინდეს? ჯანსაღი ნაციონალიზმი სიყვარულზე და მზრუნველობაზეა აგებული, მისი მიზანი „ეროვნული ინტერესებისადმი, ეროვნული ერთობისა და ეროვნული დამოუკიდებლობისადმი ერთგულება და მისი დაცვაა“ [4]. ოღონდ ეს ყოველივე არ უნდა მოხდეს სხვა ერებზე თავის გადამეტების, მათდამი სიძულვილის, დაჩაგვრის, დამცირების ხარჯზე. აქ კი ძნელი და ხშირად შეუძლებელიცაა მკვეთრი ზღვარის გავლება. ამიტომ ნაციონალიზმის ცალსახად დადებითი ან უარყოფითი შეფასება შეუძლებელია, რადგან ის მრავალმხრივი და რთული ფენომენია.

ხომ არ აჯობებდა, საღვთო პერსპექტივიდან გამომდინარე, უარი გვეთქვა ნაციებზე და ნაციონალურ კულტურაზე? ეს, ერთი მხრივ, ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან საკმაოდ მტკიცედ იცავენ ერები თავიანთ ეთნოგენეზისსა და კულტურას. ხოლო, მეორე მხრივ, ნაციონალობა ხელს უწყობს პიროვნების ჩამოყალიბებას, განსხვავებით უკულტურო გარემოდან, რომელშიც ადამიანი იღუპება. ყველა გენიოსი ნაციონალური წიაღიდან ტრანსფორმირდა ზენაციონალად და კაცობრიობამაც კოსმოპოლიტური იდეების ტირაჟირების გამო დააფასა ისინი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კოსმოპოლიტი და ზენაციონალი რომ გახდე, ჯერ ნაციონალური გარემო უნდა გაიარო. იესომაც ეს გზა განვლო, ის ხომ თავიდან თითქოს უბრალო იუდეველი იყო [5].

ქრისტიანობა სიყვარულის უმაღლესი ფორმა და ზეადამიანური საფეხურია, ხოლო ნაციონალიზმი კი ბუნებრივი სიყვარულია და ამქვეყნიური, ადამიანური ყოფის მახასიათებელი კატეგორიაა. შესაბამისად, ფესვისა და სიღრმეების გარეშე, ადამიანი არარაობა და უნაყოფოა. ამგვარი ერიც კი უშინაარსო ბრბოს ემსგავსება და ადვილად სამართავია. ბაბილონის გოდოლის მაშენებელთა წინააღმდეგ მიმართული ღმერთის პრევენციული ზომა დღესაც მუშაობს. თუკი გადალახული იქნება ნაციონალური ბარიერები, მაშინ ეს ან ქრისტეში გაერთიანებითა და კაცობრიობის საყოველთაო ზენაციონალიზმში გარდასახვით უნდა დასრულდეს, რაც უტოპიაა, ან კიდევ ისევ ბაბილონის გოდოლის მსგავსად, სიკეთის საფარველით, ესქატოლოგიური სწავლების თანახმად, უღმრთოების ზეობით უნდა დასრულდეს.

ამდენად, ნაციონალობა აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, თანაც, უნდა ვიზრუნოთ, რომ შენარჩუნდეს მისი ყველაზე ჯანსაღი, ზომიერი გამოვლინებების სახით, ყოველგვარი რადიკულარული გამოვლინებების გარეშე, რადგან საყოველთაო ზენაციონალობაზე ზრუნვა უტოპია და უღმრთო წარსულში დაბრუნებაა. მეორე მხრივ, ინდივიდუალურ დონეზე თითოეული ქრისტიანი უნდა მიისწრაფვოდეს ზენაციონალობამდე, როგორც საღმრთო და უნიკალური პრინციპი გვასწავლის: „რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც? ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც? მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა“ (მათ. 5:46-47).

გამოყენებული ლიტერატურა და შენიშვნები:

[1] ცნების ჩამოყალიბებისა და გამოყენების კონტექსტის შესახებ იხ.: თ. ირემაძე, ერი (ნაცია), ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია (წვდომა განხორციელდა: 21.11.2023).

[2] ზ. დავითაშვილი, ნაციონალიზმი და საერთაშორისო პოლიტიკა: ტრანსფორმაცია გლობალიზაციის ერაში [დისერტაცია], თბილისი, 2002, გვ. 31-32.

[3] C. Karakolis, “Church and Nation in the New Testament: The Formation of the Pauline Communities”, in: St Vladimir`s Theological Quarterly, vol. 57, Number 3–4 (2013), გვ. 361-280; კონკრეტული საკითხის შესახებ კი იხ. გვ. 370.

[4] ზ. დავითაშვილი, ნაციონალიზმი და საერთაშორისო პოლიტიკა, გვ. 33.

[5] В. Можегов, „Может ли христианин быть националистом“, https://vz.ru/opinions/2019/6/10/980923.html (წვდომა განხორციელდა: 21.11.2023).