petriwis portali

ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების ურთიერთმიმართება  იუსტინე მარტვილის მიხედვით

არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე

ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების ურთიერთმიმართება იუსტინე მარტვილის მიხედვით

25.02.2023

ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების ურთიერთმიმართების საკითხი ქრისტიანობის გავრცელებისთანავე აქტიურ დაპირისპირებათა მიზეზი შეიქნა. უკვე არსებული ანტიკური ფილოსოფიური აკადემიები, სადაც მთლიანად გონებრივ და სააზროვნო ტრადიციებს ეფუძნებოდნენ, ბუნებრივია სრულფასოვან თანხმობაში ვერ აღმოჩნდებოდნენ ღვთაებრივ გამოცხადებასთან. შესაბამისად, სააზროვნო და გამოცხადებით ტრადიციებს შორის ხიდის გავლება მარტივი საქმე არ იყო. პირველ ეტაპზე, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სახეზეა მათ შორის ანტაგონისტური დამოკიდებულება. ამგვარ უიშვიათეს გამონაკლისთა სიის სათავეში დგას წმიდა იუსტინე ფილოსოფოსი.

საინტერესოა, თუ რამ განაპირობა მისი ფილოსოფიისადმი განსხვავებული მიდგომა. თუკი ზოგადად განვიხილავთ ამ საკითხს, შეიძლება სამი ძირითადი მიზეზი დასახელდეს: პირველი - ადამიანის ბუნებრივი სწრაფვა გონებრივი მსოფლმხედველობისკენ, რითაც ქრისტიანული რწმენის ადამიანურ გონებაზე დაფუძნება ხდება; მეორე - ქრისტიანობაში ფილოსოფიური განათლების მქონე წარმართების გამოჩენა; და მესამე - წარმართი ფილოსოფოსების თავდასხმისგან დაცვის აუცილებლობა.

აქედან გამომდინარე, იუსტინეს ფილოსოფიისადმი განსაკუთრებული და გამორჩეული დამოკიდებულების დასადგენად, უნდა განვიხილოთ მისი ცხოვრება და შემოქმედება. უნდა გამოვარკვიოთ, თუ რა სახის ფილოსოფიური განათლება გააჩნდა მას და რა იყო მისი ფილოსოფიის უმთავრესი მიზანი. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გავარკვევთ, თუ რატომ დარჩა იუსტინე წარმართული ფილოსოფიისადმი უკმაყოფილო და (ქრისტიანობის მიღების შემდეგ) მაინც რატომ არ განაცხადა ფილოსოფოსად ყოფნაზე უარი.

იუსტინე მარტვილი დაიბადა დაახლოებით 100 წელს სამარიის ქალაქ სიქემში, პროვინციალური არისტოკრატიის ოჯახში, რამაც მას საშუალება მისცა მიეღო სოლიდური განათლება. აღსანიშნავია, რომ იუსტინე თავისი ყმაწვილკაცობის შესახებ თავად გვაუწყებს ნაშრომში - ,,დიალოგი ტრიფონ იუდეველისადმი“. მისი თქმით, ყმაწვილკაცობაში ჭეშმარიტების ძიების, ადამიანის ცხოვრების მიზნისა და საერთოდ მთელი სამყაროს შეცნობის სურვილი გაუჩნდა. ამ სურვილის დაკმაყოფილების მიზნით იუსტინე ფილოსოფიას დაეწაფა. თავდაპირველად, ის ერთ-ერთ სტოიკოსს დაემოწაფა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მასთან ღმერთის ჭვრეტის შესახებ ვერაფერს შეიტყობდა, რადგან ამ სტოიკოსს ამგვარი ცოდნა არც გააჩნდა და არც აუცილებლად მიიჩნევდა. შემდეგ იუსტინემ ერთ-ერთი პერიპატეტიკოსის სკოლაში გადაინაცვლა, სადაც მასწავლებელმა წინასწარ მოსთხოვა გასამრჯელო, რის გამოც ჭეშმარიტების მაძიებელმა ახალგაზრდამ ის ფილოსოფოსის სახელის ტარების ღირსად არ მიიჩნია. ამის გამო, იუსტინემ, რომელიც ,,ფილოსოფიის უმთავრესი საგნის“ გაგებას ლამობდა, ერთ-ერთ ცნობილ პითაგორელს მიმართა, რომელიც „თავისი სიბრძნით ძალიან ამაყობდა“, თუმცა, ამ უკანასკნელმა, მუსიკის, ასტრონომიისა და გეომეტრიის არცოდნის გამო, დამოძღვრაზე უარი გამოუცხადა. საბოლოოდ, ის პლატონიკოსს დაემოწაფა და როგორც ეგონა, მისგან სასურველიც მიიღო. ამ სკოლაში იუსტინემ საკმაო ხანი დაჰყო - აქ ის აღტაცებაში მოიყვანა პლატონის სწავლებამ უსხეულობის შესახებ და იდეათა თეორიამ. მალევე მან იფიქრა, რომ უკვე სიბრძნე შეიძინა და ღვთის ჭვრეტამდე ამაღლების მოლოდინით განიმსჭვალა, რადგან, მისი აზრით, ამგვარი იყო პლატონისეული ფილოსოფია. თუმცა, აქ მოხდა ერთი გარდამტეხი და მნიშვნელოვანი შემთხვევა მის ცხოვრებაში.

ერთხელ იუსტინე ზღვის ნაპირას ერთ მოხუცს შეხვდა, რომელთანაც საუბარი გამართა ჭეშმარიტ სიბრძნისმოყვარეობაზე, ღვთის ჭვრეტისა და სულის შესახებ. საუბრის დროს მოხუცმა იუსტინეს უწოდა არა „ფილოსოფოსი“, არამედ „სიტყვის მოყვარული“ ანუ ,,სოფისტი“, რადგან, მისი აზრით, ჭეშმარიტი ბრძენი უპირველესად „საქმისა და ჭეშმარიტების მოყვარულია“ ანუ გამოცდილების მქონეა. ამის საწინააღმდეგოდ ახალგაზრდა იუსტინემ განაცხადა, რომ „ფილოსოფიისა და ჯანსაღი გონების გარეშე ვერავინ შეძლებს სიბრძნის დაუფლებას“. ამრიგად, ერთმანეთის წინააღმდეგ წარსდგა ორი შეხედულება: ერთი - ელინისტური, რომელიც ეფუძნებოდა მხოლოდ გონებას, მტკიცებულების ძალასა და სიბრძნისმოყვარეობის გონებაჭვრეტით ხასიათს; და მეორე - ქრისტიანული, ღვთივგამოცხადებულ გამოცდილებაზე დაფუძნებული, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ღმერთი ანიჭებს ადამიანს გონიერებას და ღვთის წყალობის გარეშე ადამიანს თავისით არაფერი ძალუძს.

საბოლოოდ, საუბარმა იუსტინეზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. მოხუცმა გამოცდილ ადამიანებად წინასწარმეტყველნი მოიხსენია, როგორც „მართალნი, ღვთისთვის სათნონი, რომელნიც ღვთის სულით მეტყველებდნენ“ და ყოველგვარ მტკიცებულებაზე მაღლა იდგნენ. იუსტინეს გულში იმავ წუთს ცეცხლი აგიზგიზდა, მას წინასწარმეტყველთა და ქრისტეს მეგობართა მიმართ უდიდესი სიყვარული დაეუფლა. მაშინ იუსტინე მიხვდა, რომ ქრისტიანული „ფილოსოფია არის ერთიანი, მტკიცე და სასარგებლო“.

ამრიგად, იუსტინე მარტვილის ცხოვრებიდან იკვეთება, რომ ის უპირველესად ეძებდა ღმერთს და ჭეშმარიტ ცოდნას; შესაბამისად, მან მხოლოდ პლატონიზმში აღმოაჩინა ღვთისკენ სწრაფვის უზადო სურვილი, თუმცა, პრაქტიკულად ამის განხორციელება მისთვის ამ მოძღვრებაშიც შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ, მისი თქმით, მოხუცთან საუბრის შემდეგ ქრისტიანობის სახით ჭეშმარიტი და ერთადერთი ფილოსოფია აღმოაჩინა.

მიუხედავად ამისა, როგორც იუსტინეს ცხოვრებიდან ჩანს, მას ფილოსოფოსის მანტია არც ნათლობის შემდეგ გაუხდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ქრისტიანობის წინაშე ფილოსოფოსის სტატუსით წარსდგა. ქრისტიანულ სამყაროში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფილოსოფოსი რწმენის სადარაჯოზე დგება. აქედან გამომდინარე, უკვე არც ის არის გასაკვირი, რომ მის აპოლოგეტურ ნაშრომებში ღვთაებრივი გამოცხადება სააზროვნო სისტემაში იწყებს რეცეფციას. მართალია, იუსტინეს დროს საღვთისმეტყველო წყაროების სიმცირეა, მაგრამ ის მაინც ყველანაირ რესურსს იყენებს, რასაც თან ურთავს საუკეთესო ფილოსოფიურ შეხედულებებს, რათა ქრისტიანობა უცხო ძველაღთქმისეული ტრადიციისთვის ახსნას და, ამავე დროს, ფილოსოფოსთა და კრიტიკოსთა თავდასხმისაგან დაიცვას. იუსტინეს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ დაეცვა ქრისტიანული სარწმუნოება ბერძნულ კულტურაში, რისთვისაც მან ბერძნული ფილოსოფია და ლოგიკა გამოიყენა. იმისათვის, რომ გონისმიერად განემარტა ძველი ბერძნული კულტურისა და ფილოსოფიის წარმომადგენლებისთვის იესო ქრისტეს ბუნება, ის ლოგოსის კონცეფციას იყენებს. იუსტინე ამ სწავლებით ფილოსოფიურ კონცეფციას ქრისტიანულ მნიშვნელობას სძენს - ლოგოსს ქრისტესთან აიგივებს. ამგვარადვე იქცევა ის ებრაელ ტრიფონთან დისკუსიისას, ღმერთზე და მის ტრანსცენდენტურობაზე გააზრებისას და ფილოსოფიურ ტერმინებს მიმართავს.

ამრიგად, ორი მნიშვნელოვანი გარემოება იკვეთება: პირველი - ქრისტიანობამ იუსტინე მიიღო, როგორც ფილოსოფოსი და მეორე - ქრისტიანობა გამდიდრდა მისი ფილოსოფიით. შესაბამისად, იუსტინე ფილოსოფოსის შემოქმედება ქრისტიანული ფილოსოფიის დაბადების მომასწავებელია.

მართლაც, იუსტინემ ფილოსოფიისადმი ერთგულება სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. იგი წარმართულ ფილოსოფიას საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევს. ებრაელ ტრიფონთან საუბრისას იგი აღნიშნავს: „სინამდვილეში ფილოსოფია უდიდესი და უძვირფასესი მონაპოვარია ღვთის თვალში: მხოლოდ მას მივყავართ ღმერთთან და მისთვის მისაღებს გვხდის, და ჭეშმარიტად წმიდანები არიან ისინი, ვინც თავიანთი გონება ფილოსოფიისკენ მიმართეს“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იუსტინე ფილოსოფიის ღვთაებრივ წარმომავლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

მიუხედავად იმისა, რომ იუსტინე საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევდა ბერძნულ ფილოსოფიას, მისთვის ეს უკანასკნელი უდავოდ ბევრად უფრო დაბლა იდგა, ვიდრე წმიდა წერილსა და გარდამოცემაში დაცული ღვთაებრივი გამოცხადება. მისი თქმით, მოსე ყველა ბერძენ მწერალზე უადრესია, ამიტომ, რასაც ფილოსოფოსები და პოეტები ამბობენ სულის უკვდავებაზე, სიკვდილის შემდეგ სასჯელზე, ზეციურის ჭვრეტაზე და მსგავს საკითხებზე, ეს ყველაფერი მხოლოდ წინასწარმეტყველებისგან გაიგეს და შემდეგ გადმოსცეს. შესაბამისად, იუსტინეს მიაჩნია, რომ მათ ყველას, როგორც ჩანს, ჭეშმარიტების მარცვლები აქვთ; ის აცხადებს: რაც კი ფილოსოფოსებმა, პოეტებმა და ისტორიკოსებმა კარგად თქვეს და აღმოაჩინეს, ყოველივე ეს სიტყვის ნაწილობრივი შეცნობითა და განჭვრეტით იქმნა. თუმცა, ისინი ზუსტად ვერ ჩასწვდნენ ჭეშმარიტებას, რაც იქიდან ჩანს, რომ ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან და სხვადასხვა სკოლებს ხსნიან. შესაბამისად, ბერძნულ ფილოსოფიაში და საერთოდ ბერძნულ კულტურაში, იუსტინეს მიხედვით, „სიტყვის მარცვლები“ არსებობდა, მაგრამ ეს „მარცვლები“ არ იყო თავად სრულფასოვანი ჭეშმარიტება. ის აცხადებს: „ყველა ამ მწერალს სიტყვის მიერ ჩანერგილი თესლის საშუალებით შეეძლო ჭეშმარიტების წვდომა, თუმცა, ბუნდოვნად; რადგან სხვა საქმეა, მიმღებლობის საზომისამებრ ბოძებული - თესლი ან გარკვეული მსგავსება რაიმესი: ხოლო სხვაა ის, რისი ზიარება და მსგავსება მადლით არის ბოძებული“.

იუსტინე მარტვილის მიხედვით, მადლის საშუალებით ეს მარცვალი სრულფასოვანი ნაყოფის სახით მხოლოდ წმიდა წერილში წამოიზარდა. ძველ აღთქმაში მოსე და ყველა წინასწარმეტყველი ქრისტეს შესახებ აუწყებდნენ. შესაბამისად, ძველი აღთქმა ახალ აღთქმის სიბრძნისმეტყველებასთან შედარებით მკრთალი ასლია. მით უმეტეს, ამ ჭეშმარიტების უფრო მეტად სუსტი ასახვაა ბერძნული ფილოსოფია. თუმცა, ამ მანათობელ ქრისტეს ჭეშმარიტებაზე გადასვლის პროცესში ფილოსოფიას გააჩნდა აღმზრდელობითი და განაზრებითი როლი. მისი შეხედულებით, ბერძნული ფილოსოფია ადამიანებს იმ ღვთაებრივი გამოცხადების მისაღებად ამზადებდა, რომლის სრულად წვდომა მხოლოდ ძის განკაცების შედეგად გახდა შესაძლებელი.

ამავე დროს, იუსტინესთვის სახელი „ფილოსოფოსი“ განსაკუთრებული ზნეობრივი მნიშვნელობის მატარებელია, რაც ჯერ კიდევ ყმაწვილკაცობაში გამოხატა, როდესაც პერიპატეტიკოსმა მას თანხა მოსთხოვა - ამ საქციელის გამო მან ისინი „ფილოსოფოსად“ წოდების ღირსად აღარ მიიჩნია. მისი ამგვარი შეხედულება არც შემდეგში შეცვლილა; ნათლობის შემდეგ მან მთელი ცხოვრება მისიონერულ საქმიანობას მიუძღვნა. მან რომში ერთ-ერთი პირველი ფილოსოფიური ყაიდის ქრისტიანული სკოლა გახსნა. საბოლოოდ, მისი დიდი ავტორიტეტის გამო, მას წარმართები დაუპირისპირდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა ცინიკური/კინიკური სკოლის წარმომადგენელი კრესცენტი. იუსტინე თვლიდა, რომ იგი არ იყო ღირსი ეტარებინა სახელი „ფილოსოფოსი“ და მას „ხმაურის მოყვარულს“ უწოდებდა, რადგან ქრისტიანებზე გალაშქრების მიუხედავად, ქრისტიანობის შესახებ ზედაპირული წარმოდგენაც არ გააჩნდა. ამავე დროს, იუსტინეს მიაჩნდა, რომ კრესცენტი პატივმოყვარეა, რადგან იგი არ იცავდა სოკრატისეულ პრინციპს: „არავინ უნდა დააყენო ჭეშმარიტებაზე მაღლა“.

ამრიგად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანულ ფილოსოფიას ერთ-ერთი უპირველესი საფუძველი იუსტინე მარტვილმა ჩაუყარა; სწორედ ამიტომ იწოდება კიდეც იგი ფილოსოფოსად. მის სახელს უკავშირდება კლასიკური ფილოსოფიური იდეისა და ქრისტიანული სწავლების ურთიერთმიმართების პირველი ნაყოფიერი მცდელობები. მან პირველმა გამოიყენა წარმართული ფილოსოფიის საუნჯე ქრისტიანული დოგმატების განსამტკიცებლად. შესაბამისად, იუსტინე ფილოსოფოსის ნაშრომებმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ეკლესიაზე და დიდი ხნით განსაზღვრა ქრისტიანული აზროვნების განვითარების მიმართულება. მისი გავლენა ამ მიმართებით იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ შემდგომი პერიოდის მამები და აპოლოგეტები წარმართებთან ურთიერთობისას მისი მაგალითით ხელმძღვანელობდნენ. ამგვარად, იუსტინე მარტვილმა აჩვენა, რომ თეოლოგია და ფილოსოფია სრულიადაც არ არიან უცხონი ერთმანეთისთვის, არამედ მათ ურთიერთთანამშრომლობის მრავალგვარი დონე და ფორმა აქვთ. შესაბამისად, იუსტინე მარტვილი ქრისტიანული ფილოსოფიის დამფუძნებელი და ინტერდისციპლინური ხასიათის მოაზროვნეა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • А. И. Сидоров, Святоотечекое Наследие и Церковные Древности, т. 2, Москва: „Сибирская Благозвонница“, 2011.
  • М. М. Тареев, Вероучение св. Иустина мученика в его отношении к языческой философии, „Вера и разум“. Богословско-философская Харьковская духовная семинария (т. II- ч. II), 1893.
  • Сочинения Святого Иустина Философа и Мученика, Изданы в Русском переводе, со свидениями и примечаниями к ним, Прот. П. Преображенским, Москва: „Университетская типограф., Страстной булварь“, 1892.