petriwis portali

ნეტარი ავგუსტინეს ფილოსოფიური განაზრებანი სამების მეორე პირის შესახებ

ნიკოლოზ კოპალეიშვილი

ნეტარი ავგუსტინეს ფილოსოფიური განაზრებანი სამების მეორე პირის შესახებ

19.02.2023

ნეტარი ავგუსტინეს - ქრისტიანობის დიდი მასწავლებლის - ამოცანას ქრისტიანობის საფუძველმდებარე პრინციპების განმტკიცება წარმოადგენდა იმ რთული ვითარების ფონზე, რომელსაც იმხანად რომის იმპერიაში ფილოსოფიურ და რელიგიურ მოძღვრებათა მრავალფეროვნება ქმნიდა. ავგუსტინეს თანამედროვე ქრისტიანულ სამყაროში მრავალი ერეტიკული მოძღვრება არსებობდა, რომელთა შორისაც არიანელთა და პელაგიანელთა ერესები გამოირჩეოდა. ავგუსტინეს შემოქმედებაში ჩვენ ვხვდებით პასუხებს ეკლესიის ამ გამოწვევებზე. ეს პასუხები, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, საგანგებო ნაშრომები ეძღვნებოდა, მსოფლიო ფილოსოფიური და თეოლოგიური მემკვიდრეობის იმ შეუფასებელ ძეგლთა ნუსხას მიეკუთვნება, რომლებიც ცოდნისა და რწმენის შერწყმის საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს.

ნეტარი ავგუსტინეს ქრისტიანული ფილოსოფიის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს ნეოპლატონიკოს ფილოსოფოსთა დებულებები წარმოადგენს. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ნეტარი ავგუსტინე პლატონიზმისა და ქრისტიანობის თამამ სინთეზს იძლევა. ამით მას სურს სახარებისეული პრინციპების გამყარება ავტორიტეტული ფილოსოფიური მოძღვრებით. ამ სინთეზით ის ქრისტიანულ მოძღვრებასა და პლატონურ ფილოსოფიას შორის არსებითი თავსებადობის იდეას უსვამს ხაზს.

პლატონიზმი ავგუსტინესთვის მრავალი ასპექტით აღმოჩნდა საინტერესო. პლატონური მეტაფიზიკური სისტემა და მორალის თეორია ის სივრცეებია, რომელთა ინტეგრაციასაც ქრისტიანულ მოძღვრებაში ავგუსტინე მარჯვედ ახერხებს. მის ქრისტიანულ ფილოსოფიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პლატონის სიკეთის თეორია გახლავთ. ამ თეორიამ ავგუსტინეს დიდი დახმარება გაუწია მის სარწმუნოებრივ ცხოვრებაში და საბოლოოდ ათქმევინა უარი მანიქეველთა მოძღვრებაზე, რამდენადაც მონისტური კონცეფცია, რომელიც სიკეთის იდეის მეშვეობით იძენს დამაჯერებლობას, სწორედ ის ასპექტია, რამაც ავგუსტინეს ეჭვებს მანის დუალისტური დებულებების მიმართ გასაქანი მისცა. ასევე, აღსანიშნავია ადამიანის ბედნიერების პლატონური მოძღვრების ტრანსფორმაცია ავგუსტინესთან. ბედნიერება, რომელიც შემეცნებასთან არის დაკავშირებული, სიბრძნის, ჭეშმარიტების ძიებასა და მიღწევაში მდგომარეობს. ეს სიბრძნე და ჭეშმარიტება, ავგუსტინეს მიხედვით, ქრისტეა. ავგუსტინესთვის განსაკუთრებულ ყურადღებას პლატონის ფილოსოფიაში სულის დაბრუნების მომენტიც იქცევს. ამ მომენტის მეშვეობით ადამიანის ბედნიერების წყარო ამქვეყნიურიდან იმქვეყნიურზეა გადატანილი, რის საფუძველზეც ავგუსტინე ადამიანის გადარჩენის ქრისტიანული სწავლების ფილოსოფიურ ინტერპრეტაციას ახდენს. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ავგუსტინემ პლატონურ ფილოსოფიაში ის დებულებები დაინახა, რომლებსაც ბიბლია ქადაგებდა. პლატონურ ფილოსოფიაში კი ის განსაკუთრებით ნეოპლატონიკოს პლოტინს ეყრდნობოდა.

რატომ ნეოპლატონიზმი? ეს მოძღვრება, რომლის საფუძვლებსაც ჩვენ პლატონის დიალოგში „პარმენიდე“ ვხვდებით, თავისი სტრუქტურით მისაღები გამოდგა ქრისტიანული სწავლებისთვის. პირველსაწყისის, რომელიც პირველმიზეზსა და საბოლოო მიზანს წარმოადგენს, სიკეთის, „ერთადერთი“ ჭეშმარიტების, ტრიადის შესახებ მოძღვრებებმა სწორედ ის პლატფორმა შექმნეს, რომელსაც ფილოსოფიის ისტორიის საინტერესო ფენომენი - ქრისტიანული ნეოპლატონიზმი - დაეფუძნა. გარდა იმისა, რომ პლატონური ფილოსოფიის თეორიები ჰიპონიის ეპისკოპოსის ტექსტებში შემეცნების, ყოფიერების და სხვა ფილოსოფიური ასპექტების წარმოსაჩენადაა გამოყენებული, ნეტარი ავგუსტინე მათ წმინდად თეოლოგიური საკითხების გადაწყვეტის დროსაც იყენებს. მაგალითად, ავგუსტინე თვით წმინდა სამების პირთა შესახებ მსჯელობის დროსაც ეყრდნობა ნეოპლატონიკოსებს - ზოგ ადგილზე ის სამების მეორე პირზე ნეოპლატონური კატეგორიებით საუბრობს.

საგულისხმოა ავგუსტინეს პირველი შეხვედრა პლატონიკოსთა ნააზრევთან. „აღსარებანი“-ს VII წიგნში ავგუსტინე ამ ფაქტს საღვთო განგებულებას უკავშირებს. ამ მსჯელობების საფუძველზე ნეოპლატონური ონტოლოგია განსაკუთრებულ რანგში ადის. ავგუსტინემ პლატონურ სიბრძნეში ისეთი დებულებები დაინახა, რომელთა შესახებაც წმინდა წერილი მეტყველებს: „ამ თხზულებებში მე ამოვიკითხე, მართალია არა იმავე სიტყვებით გადმოცემული, მაგრამ არსებითად იგივე აზრი, მრავალ სხვადასხვა საბუთზე დაყრდნობით რომ გვიმტკიცებს შემდეგს: ‘დასაბამიდან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან...’“. ამ სახარებისეული პასაჟების დაკავშირება ნეოპლატონურ ფილოსოფიასთან ხდება. იოანეს სახარების ხსენებული ფრაგმენტი პირველსაწყისზე მოგვითხრობს, რომელიც მიზეზი გახლავთ ყოფიერებისა. ამასთან, აქ საუბარია „სიტყვაზე“, რომელიც ღმერთთან იყო და ღმერთი იყო. პლოტინთან ჩვენ სამყაროს იერარქიულ განლაგებას ვხვდებით. აქ არის ერთი პირველმიზეზი, რომელიც სხვა ყოფიერთა არსებობას განაპირობებს. ამასთან, ყოფიერების ფორმირება მათი ინტელიგიბელობის (ცნებაში, აზროვნებაში მოქცევის) საფუძველზე ხდება. არსის ცნებითი ფორმა ღვთაებრივ სიტყვას უკავშირდება. ღვთაებრივი სიტყვა აქ ყოფიერების მიმნიჭებლად გვევლინება, რაც ქრისტიანულ მოძღვრებას სამების პირთა შესახებ, სადაც „ყოველივე“ მეორე პირის მიერ იქმნება, ავგუსტინეს შემოქმედებაში მჭიდროდ უკავშირებს ნეოპლატონურ ფილოსოფიას.

ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია სახარების ამ პასაჟის საგანგებო კომენტარი ნეტარი ავგუსტინეს მიერ, რომელიც იოანეს სახარების მისეულ კომენტარშია გადმოცემული. თავდაპირველად, ავგუსტინე სიტყვის ბუნების შესახებ საუბრობს. სიტყვა მისთვის არ არის მხოლოდ ასო-ბგერათა ერთობლიობა. ბგერები, რომლებიც წარმოითქმის, გაიჟღერებს და ასრულებს თავის მოქმედებას, უჩინარდება. მაგრამ ამის მიღმა არსებობს სიტყვის შინაარსი, რომელსაც გონება აღიქვამს. ეს შინაარსი ჟღერადობისგან განსხვავებით არსებობის სხვაგვარ ფორმას ფლობს. ის ადამიანის გონებაში რჩება მას შემდეგ, რაც სიტყვის ხმოვანი ფორმა გაიჟღერებს. ასევე, ამ კონტექსტში, საგულისხმოა, თუ რა პროცესი ხდება ადამიანის გონებაში შემოქმედებისას. სიტყვის მეშვეობით ხდება ერთგვარი ფორმირება იმისა, რაც უნდა შეიქმნას. ამგვარად, სიტყვა წინ უძღვის შემოქმედებას. ამგვარადვეა სამყაროს შემოქმედების შემთხვევაშიც. მას წინ უძღვის ღვთის სიტყვა, რომელიც არის მისი ძე. სამყაროს მაკონსტრუირებელი სიტყვა სამყაროს ბუნება, ფორმაა. ვის შეუძლია სიტყვით აღწეროს მიწიერი და ზეციური სამყარო? მიწიერი სამყარო მთელი მისი მრავალფეროვნებით ან ზეციურ არსებათა სიმრავლე? ეს მხოლოდ ღმერთისთვის არის შესაძლებელი მისი სიტყვის მეშვეობით. ხოლო ის, რომ სიტყვა უტოლდება მის წარმომთქმელს და არ არის მისი ქმნილება, ნათელია იქიდან გამომდინარე, რომ თუ სიტყვა ქმნილება იქნებოდა, მაშინ მის შესაქმნელად საჭირო იქნებოდა სხვა სიტყვა და ა.შ. ამგვარად, სიტყვა, რომელიც შემოქმედების მთავარი საფუძველი და პრინციპია, ფორმაა, არის მამის ერთარსი ძე . ამგვარად, იოანეს სახარების საწყისისეული პასაჟები ავგუსტინეს  ყოფიერების შესახებ ორი სხვადასხვა პარადიგმის - იოანე მახარებლის „პირველითგან მყოფი სიტყვისა“ და ნეოპლატონური პირველერთის - დაკავშირების საფუძველს აძლევს.

თავის ნაშრომში „ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის“ ავგუსტინე მიიჩნევს, რომ ქრისტიანულმა სარწმუნოებამ ადამიანებს თვალსაჩინოდ წარუდგინა პლატონის მეტაფიზიკური მოძღვრება. ავგუსტინეს აზრით, პლატონისთვის რომ ეკითხათ, თუ ვის შეეძლო მისი მეტაფიზიკური პრინციპების საყოველთაო პრინციპებად ქცევა, ის უპასუხებდა, რომ ეს შეუძლებელია უბრალო მოკვდავი იყოს და ეს მარტოოდენ განსაკუთრებული ღვთიური ძალისა და ნიჭის მქონე ადამიანის ხვედრია. სწორედ მას შეუძლია ადამიანები ჭეშმარიტების შემეცნებისკენ, სრულყოფილებისკენ ხსნის გზაზე გაიყვანოს. ავგუსტინე ქრისტეს მოძღვრებას პლატონის ფილოსოფიის სამი კომპონენტის (მორალური, ბუნებისმეტყველური და რაციონალური) ჭრილში წარმოაჩენს.

ქრისტეს განკაცება, ავგუსტინეს მიხედვით, ადამიანებში ღვთაებრივი გულმოწყალების გამოხატვის უმაღლესი აქტია. ის აკავშირებს ადამიანსა და ღმერთს. ქრისტე თავისი სასწაულებით, ერთი მხრივ, ღმერთისადმი რწმენას განამტკიცებს, მეორე მხრივ კი, თავისი ტანჯვით, ადამიანისადმი რწმენას. მისი ამქვეყნიური ცხოვრება ზნეობრივი მაგალითი გახლავთ ადამიანთათვის. ეს მისეული „ჭეშმარიტი ფილოსოფიის“ მორალურ სწავლებას წარმოადგენს.

მორალური სწავლების გვერდით, ავგუსტინეს ხაზგასმული აქვს სიკეთის მონიზმის იდეა. ქრისტეს აღდგომა ცხადად აჩვენებს, რომ ადამიანური ბუნების სულ მცირე ნაწილიც კი არ ისპობა, თუკი მასში ყოველივე მრთელია ღმერთის მიერ. ასევე, ქრისტეს მოძღვრება ცოდვათათვის მიგებული სასჯელისა თუ ადამიანის ცხონების მაგალითზე ნათელყოფს, რომ ყოველივე ემსახურება სიკეთეს, ღმერთს. აქ იკვეთება პრინციპი, რომლის მიხედვითაც ყოველივე კეთილადაა შექმნილი ღმერთის მიერ. ეს ბუნებისმეცნიერული ფილოსოფიის ასპექტებს მიეკუთვნება.

ავგუსტინეს აზრით, იმის გარდა, რაც თვალნათლივ ჩანს (ბუნებისმეცნიერული ფილოსოფია ქრისტიანობაში), არის იმგვარი ჭეშმარიტებები, რომლებიც გონიერი ძიების ობიექტია. ამგვარ ძიების საგნებს ჩვენ წმინდა წერილში ვხვდებით, სადაც ღვთაებრივი ჭეშმარიტებები განცხადდება. ეს გონებაჭვრეტითი ფილოსოფია გახლავთ. ამგვარად, ქრისტეს მოძღვრება ავგუსტინესთან „ჭეშმარიტი ფილოსოფიის“ სამი კომპონენტით განსაზღვრულ იმ მოდელს შეესაბამება, რომელიც მან თავის „ღვთის ქალაქში“ ჩამოაყალიბა .

ამგვარად, ზემოთქმულს რომ მივუბრუნდეთ, ის, რაც პლატონის ფილოსოფიამ ვერ შეძლო, ქრისტეს მოძღვრებაში განხორციელდა. ადამიანური გონიერების ზენიტი - პლატონური ფილოსოფია - რომელიც სხვა ფილოსოფიათა შორის აღმატებულია და ჭეშმარიტებასთან მეტადაა მიახლოებული, თავისი არსით ქრისტიანობაში რეალიზდა. ამიტომაც, ავგუსტინეს თანახმად, პლატონს მიაჩნდა, რომ ადამიანებში ეთიკური ქმედების - ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვის - სურვილის გაღვიძება მხოლოდ ღვთაებრივი სიბრძნის მატარებელ ადამიანს შეეძლო. ეს ღვთაებრივი სიბრძნის მატარებელი ადამიანი განკაცებული ღვთის სიბრძნეა. უნდა ვიფიქროთ, რომ აქ ქრისტიანული მოძღვრება, რომელიც „ჭეშმარიტ ფილოსოფიად“ უნდა გავიაზროთ, წარმოჩნდება როგორც ფილოსოფიის, კერძოდ კი, პლატონიზმის (რამდენადაც პლატონიზმი ავგუსტინესთან ყველაზე აღმატებული ფილოსოფიური სისტემაა) სრულყოფა.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მეორე, ე. წ. ბუნებისმეცნიერული კომპონენტი. აქ ცხადად ჩანს ნეოპლატონური ფილოსოფიის გავლენა. სიკეთის იდეა, რომელიც ჯერ პლატონთან, შემდგომ კი პლოტინთან და სხვა ნეოპლატონიკოსებთან ერთ-ერთ უმთავრეს კატეგორიას წარმოადგენს, ავგუსტინესთან ქრისტიანული მონისტური მოძღვრების ქვაკუთხედს ქმნის. ნეოპლატონურ ტრადიციაში სიკეთე არსებობის განმაპირობებელია. ყოველივე, რაც არსებობს, მიისწრაფვის სიკეთისკენ, არსებობის სრულყოფილი ფორმა - ერთი - სიკეთის იგივეობრივია. შესაბამისად, არსებობა სიკეთესთან თანაზიარია. ავგუსტინეს აზრით, ამგვარადაა ქრისტიანულ სარწმუნოებაშიც: ღვთაებრივი სიბრძნის მიერ შექმნილი სამყარო, რომელიც არსებობს, რამდენადაც არსებობს, სიკეთისკენაა მიდრეკილი. ის არსებობისთვის შეიქმნა, ანუ იმისთვის, რათა სიკეთეში ყოფილიყო. როგორც აღვნიშნეთ, ეს თვალნათლივ ჩანს აღდგომის აქტშიც, რაც არსებობის არარსებობასთან უპირატესობის ხაზგასმაა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღდგომა, ნეტარი ავგუსტინეს აზრით, იმგვარი მოვლენაა, რომელიც ყოფიერების მაღალი საფეხურით ანაცვლებს დაბალ საფეხურს. შესაბამისად, ყოფიერება გვევლინება სამყაროს მიზნად, რომლის გარანტორიც მისი შემოქმედი - ღმერთია. ამგვარად, პლატონური ფილოსოფიის საფუძველზე ქრისტეს ღვთაებრიობა მისი მკვდრეთით აღდგომის მაგალითზე წარმოჩნდება.

საინტერესო მსჯელობებს ვხვდებით ტრაქტატის „ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის“ 34-ე თავში. აქ ჭეშმარიტების კატეგორია შემოდის, რომელიც ღვთის სიტყვაა. ავგუსტინე არსებულთა სხვადასხვა დონეებზე მიუთითებს. სრულყოფილი არსებობა თავად პირველერთს, პირველმიზეზს აქვს. გონება მისი კატეგორიის - ჭეშმარიტების - დანახვას ცდილობს ყოველივეში, მაგრამ ყოფიერთა შორის ეს იმდენადაა შესაძლებელი, რამდენადაც ისინი უმაღლეს ჭეშმარიტებას - ერთს - ეზიარებიან. საგნებში ჭეშმარიტება მათი ყოფიერების პროპორციულია. შესაბამისად, რამდენადაც არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება, ის პირველერთის, რომელიც სრულყოფილ ყოფიერებას ფლობს, სრულად იგივეობრივი უნდა იყოს. ის უნდა გამოხატავდეს მას სრულყოფილად. ასეთი, ავგუსტინეს აზრით, არის „ჭეშმარიტებაც, სიტყვაც დასაბამად და სიტყვა - ღმერთი - ღმრთისა თანა“. სიმცდარე პირველერთისადმი მიბაძვით აღმოცენდება, რადგანაც მას არ ძალუძს სრულყოფილად გამოხატოს იგი. ამიტომ ჭეშმარიტია ის, ვინც პირველერთის იგივეობრივია, ვისაც ძალუძს მისი სრულყოფილად გამოხატვა. ჭეშმარიტება ღმერთის სრულ მსგავსებაში მდგომარეობს. მას სამართლიანად ეწოდება მისი სიტყვა და ჭეშმარიტი ნათელი: „იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა“. ამ სრულყოფილად მსგავს ერთიანთანაა დაკავშირებული ყოფიერთა არსებობაც, რამდენადაც არსებობა ერთთან ზიარებაა, რომელიც მისი მეშვეობით ხდება. ამგვარად, ნეოპლატონური კონცეფციიდან ერთის შესახებ იოანეს სახარების იმ პასაჟთა მტკიცება ხდება, რომლის თანახმადაც სამების მეორე პირი არის „სიტყვა“ და რომ „ყოველივე მის მიერ შეიქმნა“. ის არის ჭეშმარიტება და ნათელი, ის მამის ერთარსია.

ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ შემოქმედების კონ­სტრუირება სიტყვის მეშვეობით ხდება. ეს ითქმის ღმერთის მიერ სამყაროს შექმნაზეც. ღმერთის სიტყვით ფორმირდება ყოველივე. ასევეა ნეოპლატონიზმშიც: სამყარო ფორმირდება პირველერთიდან ინტელექტის მეშვეობით. არსებულებს ფორმა, რომელიც ერთებრიობაში მდგომარეობს, პირველერთიდან სწორედ მისი მეშვეობით მიეცემა. სწორედ ის გახლავთ ერთგვარი გზა სხვა არსებულების წარმოქმნისა პირველსაწყისიდან. ის სუბიექტია და, ამავდროულად, ობიექტიცაა, რის საფუძველზეც ის პლატონური ფილოსოფიის იდეათა ერთგვარი სამყოფელია. ავგუსტინე ძე ღვთისას სწორედ ინტელექტის (nous/mens) ნეოპლატონურ კატეგორიას უკავშირებს.

ხომ არ იმყოფება ინტელექტი იერარქიულ დაქვემდებარებაში? ცხადია, ნეოპლატონური ტრადიციით ეს ასეა, თუმცა, ავგუსტინე ამ შემთხვევაში ახლებურ ინტერპრეტაციას ახდენს. როგორც ვიცით, პირველერთი ყოფიერების საწყისია, ყოველი სხვა არსებული მასთან ზიარებისა და მსგავსების ხარჯზე ფუძნდება. რაც მეტად აღმატებულია არსებული, მით აღმატებულია მსგავსებაც. იქიდან გამომდინარე, რომ ნეოპლატონურ კონცეფციაში სამყაროს საწყისი აქვს, ეს მსგავსების აღმატებულობაც არ გრძელდება უსასრულოდ. იმისათვის, რათა არ მივიღოთ უსასრულობაში რეგრესი, ეს პროცესი უნდა დასრულდეს იმგვარი მსგავსებით, რომელიც სრულყოფილი იქნება (რადგანაც, თუკი არ იქნება სრულყოფილი მსგავსება, ანუ იგივეობა, მსგავსების ხარისხი უსასრულოდ შეიძლება იზრდებოდეს). ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ინტელექტის, როგორც მეორე წევრის არსი განპირობებულია არა იერარქიული დაქვემდებარებით პირველერთისადმი, არამედ მისდამი იგივეობით. სრულყოფილი მსგავსება მისი ონტოლოგიური სტატუსის საფუძველია. მისთვის მიზეზი პირველერთია, მაგრამ ის მისი იგივეობრივია.

„სცნათ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამ განგათავისუფლნეს თქვენ“ - იოანეს სახარების ეს მონაკვეთი ცხადად ასახავს ავგუსტინეს იმ სულისკვეთებას, რომელიც მისი შემეცნების თეორიის საფუძველი გახლავთ. ადამიანთა მიზანი იმ წმინდა ერთის შემეცნება უნდა იყოს, რომელიც თავისუფალია ყველა განსაზღვრებისგან. აქაც წინა პლანზეა წამოწეული აპოფატიკური მეთოდით განსაზღვრული ერთის შესახებ ნეოპლატონური მოძღვრება. განსაზღვრებანი, რომლებიც ჩვენი ამქვეყნიურს მიჯაჭვული გონების კატეგორიებია, ამქვეყნიურ საზრუნავებს უიგივდება - მსჯელობა ეთიკურ ჭრილში გადადის. ადამიანში ამქვეყნიურისკენ მისწრაფება წარმოჩნდება, რაც ერთგვარ მძიმე ტვირთს წარმოადგენს ადამიანისთვის. ჭეშმარიტების შემეცნება კი სწორედ ამისგან გათავისუფლებაა. ღმერთი - გამათავისუფლებელი ჭეშმარიტება - აქ ადამიანის შემეცნების უმაღლეს მიზანს წარმოადგენს. ის, რომ აქ საუბარი ქრისტეზეა, ნათლად ჩანს ავგუსტინეს მიერ ქრისტეს სიტყვების დამოწმებაში: „უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს.“ ადამიანური ტვირთის შემსუბუქება ამქვეყნიურიდან გათავისუფლებაში, პირველერთისაკენ - ღმერთისკენ - სვლაშია, პირველერთის სიმარტივის წვდომა კი ადამიანის „გულის სიწრფოებაში“ მდგომარეობს.

ამგვარად, ავგუსტინე პლატონური ფილოსოფიის გამოყენებით სამების მეორე ჰიპოსტასის - ძე ღვთისას - შესახებ დებულებებს ასაბუთებს. პლატონის ფილოსოფიის მაგალითზე, რომელიც მისთვის საუკეთესოა ფილოსოფიათა შორის, იგი სრულყოფილი ფილოსოფიის მოდელს გვისახავს, რომელიც ქრისტიანობაში ხორციელდება. ამასთან, ნეოპლატონიკოსთა ფილოსოფიის გამოყენებით ხდება ძის მამასთან ერთარსობის შესახებ მოძღვრების (გან)მტკიცება. ანტიკური ფილოსოფიისა და ქრისტიანობის ამ სინთეზში თვალნათლივ წარმოჩნდება ღმერთის - ქრისტეს - მიერ სამყაროს შექმნის, ქრისტეს, როგორც უმაღლესი ჭეშმარიტების, ასევე მორალური მოძღვრებისა და სხვათა შესახებ ქრისტიანულ სწავლებათა ჭეშმარიტება.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • გრონდენი, ჟ.: რელიგიის ფილოსოფია, თარგმნა დ. ლაბუჩიძე-ხოფერიამ, თბილისი: „ნეკერი“, 2018.
  • ირემაძე, თ.: ნეტარი ავგუსტინე და ქართული აზროვნება, ჟურნალში: „უფლის ციხე“. საქართველოს საპატრიარქო, # 3 (თბილისი, 2017), გვ. 36-47.
  • ნეტარი ავგუსტინე: ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის, თარგმნა ვ. ბურკაძემ, კრებულში: „სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა“, ტ. 3, თბილისი: „ხელოვნება“, 1991.
  • ნეტარი ავგუსტინე: ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის, თარგმნა ვ. ბურკაძემ, კრებულში: „სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა“, ტ. 4, თბილისი: „ხელოვნება“, 1992.
  • ნეტარი ავგუსტინე: აღსარებანი, თარგმნა ბ. ბრეგ­ვაძემ, თბილისი: „ნეკერი“, 1995.
  • ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი, კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2017.
  • St. Augustine, Homilies on the Gospel according to St. John, and his first Epistle,  translated by members of the English Church, in two volumes, vol. 1, Oxford: J. H. Parker, 1848.
  • St. Augustine, City of God, in two volumes, translated and edited by M. Dods, vol. 1, New York: Hafner Publishing Company, 1948.
  • Gillson, E.: God and Philosophy, London: Oxford University Press, 1941.