petriwis portali

თავისუფლება - პოლიტიკური პასუხისმგებლობის საფუძველი

ლალი ზაქარაძე

თავისუფლება - პოლიტიკური პასუხისმგებლობის საფუძველი

14.03.2020

I

თავისუფლების სიყვარული ადამიანური ბუნების განუყოფელი ნაწილი და პიროვნების არსებობის აუცილებელი პირობაა. მის საფუძველზე ეძლევა ადამიანს შესაძლებლობა, გამოავლინოს საკუთარი თავი და შემოქმედებითი პოტენციალი, რეალიზება გაუკეთოს პირად ინიციატივებს. ადამიანის პირადი თავისუფლება მრავალ ფაქტორზეა (სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური) დამოკიდებული. მათ შორის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკურ სისტემას, მის ხასიათსა და სტრუქტურას, პოლიტიკურ რეჟიმს. ამიტომ თავისუფლების მიღწევა პოლიტიკური ისტორიის მიზანს წარმოადგენს. თავისუფლებისადმი სწრაფვა თავისუფალი ინსტიტუტების გამოყენებით პოლიტიკური ისტორიის მამოძრავებელი ძალაა.

თავისუფლება ის თავისთავად ცხადი ჭეშმარიტება და აქსიომატური დაშვებაა, რომლის საფუძველზე ადამიანთა საზოგადოებაში დგინდება კანონები, მიიღება გადაწყვეტილებები, კეთდება დასკვნები. ამიტომაც არის თავისუფლების პრობლემა პოლიტიკის სფეროში გადამწყვეტი და კარდინალური.

თავისუფლება პოლიტიკის და ადამიანური ყოფიერების ექსისტენციალური საფუძველია. სწორედ პოლიტიკაა ის სფერო, სადაც მუდამ ხდებოდა „თავისუფლების პრაქტიცირება“. თავისუფლება აქ თავს ავლენდა არა როგორც პრობლემა, არამედ როგორც ყოველდღიური ცხოვრების ფაქტი. პოლიტიკის სპეციფიკა და ის ფაქტი, რომ ადამიანი არის გადაწყვეტილებების მიმღები ქმედითი არსება, ირიბად ყოველთვის თან გასდევს თავისუფლების შესახებ დისკუსიებს; ნებისმიერი პოლიტიკური პრობლემა, პირდაპირ თუ ირიბად, თავისუფლებასთან არის დაკავშირებული. თავისუფლების გარეშე პოლიტიკური ცხოვრება, როგორც ასეთი, უსაზრისო იქნებოდა.

პოლიტიკური სისტემის მთავარი ელემენტი სახელმწიფოა, რომელიც ძალაუფლებას ახორციელებს ხელისუფლების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, a priori არსებობს ხელისუფლების ძალაუფლებად ტრანსფორმაციის დიდი საფრთხეები. შესაბამისად, თავისუფლების „შეზღუდვისა და განადგურების მასშტაბური გეგმებიც პოლიტიკის ასპარეზზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა შედეგად განხორციელდა“.

ადამიანი თავისუფალია და, ამდენად, პასუხისმგებელიც. პასუხისმგებლობა თავისუფლების სტრუქტურის შემადგენელი ნაწილია. პასუხისმგებლობა არის იქ, სადაც არის თავისუფლება. ადამიანი აგებს პასუხს საკუთარ ქმედებებზე, რადგან მას აქვს ნების თავისუფლება. შეიძლება ითქვას, რომ პასუხისმგებლობა თავისუფლების შედეგია. ადამიანის მრავალ განსაზღვრებათა გვერდით მისი განსაზღვრება homo responsibilis-ად („ადამიანი - პასუხისმგებლობის მქონე არსება“), შესაძლოა, ყველაზე მეტად განსაზღვრავდეს homo politicus-ის ონტოლოგიურ სტატუსს.

სამართლებრივი და ზნეობრივი პასუხისმგებლობის გვერდით, ხელისუფლებასა და მოქალაქეს, ერთდროულად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან თავად ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვა არის უდიდესი პასუხისმგებლობა. 

II

ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი ხდება პოლიტიკურ მოვლენთა განსჯა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის განსაზღვრა, რომელიც, ერთი მხრივ, ხალხს, მეორე მხრივ კი, ისტორიას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკის თანდაყოლილი ცოდვა - ხელისუფლების ძალადობრივი საწყისი, მხოლოდ ლეგიტიმაციის წყალობით, ანუ ფართო საზოგადოებრივი აღიარებით შეიძლება გადაილახოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლების ძალადობრივი ბირთვი კვლავ დაუფარავად წარმოჩნდება. ეს ერთგვარი „ხელისუფლების ცინიკური ტექნოლოგია“ საჯარო, ანუ ყველას და თითოეულის საკუთრება ხდება და ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკვე მორალის წინაშე აგებს პასუხს. ხელისუფლების ლეგიტიმაცია ხალხის სუვერენიტეტის პრინციპს ეფუძნება. თანამედროვე პოლიტიკის მორალური სახის დასახასიათებლად პ. სლოტერდაიკს ცინიზმის ცნება შემოაქვს. პოლიტიკური რეალიზმისათვის დამახასიათებელი სახელმწიფოსა და ძალაუფლების ცინიზმი, ძალაუფლების განხორციელების ცინიკური პრაქტიკების, მასმედიის მიერ შექმნილი ახალი ხელოვნური კლიმატის, „ნორმალური აბსურდულობის“, ხელისუფლების საეჭვო სამართლიანობის და ა.შ. ანალიზი ხელისუფლების მორალურ-პოლიტიკური კრიტიკის აუცილებლობაზე მიუთითებს.

ლიბერალური თანასწორობის კონცეფცია (რ. დვორკინი, „მთავარი ღირებულება: თანასწორობის თეორია და პრაქტიკა“) ადამიანური სიცოცხლის ღირებულების აღიარებას ეფუძნება. ლიბერალური თანასწორობის თეორიას ეთიკური იდეალიზმის ორი მთავარი პრინციპი დაესაფუძვლა: თანასწორობის პრინციპი და პასუხისმგებლობის პრინციპი, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მიმართ ობიექტური და პირადი პასუხისმგებლობის ერთობლიობას წარმოადგენს.

ამრიგად, იმ ვითარებაში, როცა „პოლიტიკა აშკარად იქცა ძალაუფლების პოლიტიკად“ და როცა ძალაუფლებისადმი სიყვარული ადამიანური ქმედების მთავარ მიზეზად გაიგება, პოლიტიკის ძალადობრივი ბირთვის დასაძლევად ახალი მორალური სტანდარტებიც გვესაჭიროება. ადამიანი, როგორც ასეთი, მორალური ცნობიერების მქონე არსებაა: იგი ირჩევს სიკეთეს ან ბოროტებას, ზნეობრივად პასუხისმგებელია არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვის მოქმედებაზეც. ზნეობა, სამართალთან ერთად, მოწოდებულია, ებრძოლოს ბოროტებას. პოლიტიკისა და მორალის შეუთავსებლობის მტკიცება, გარკვეულწილად, ცალმხრივობაა. აქ გასათვალისწინებელია ის, რომ პოლიტიკური დემოკრატია მორალური უფლებაა; კანონები, რომელსაც ის ემყარება, ამასთანავე, ფუნდამენტური მორალური კანონებია. „დემოკრატიული ტრადიცია მჭიდრო კავშირში იყო ადამიანური ბუნების და პოლიტიკური ინსტიტუტების მორალური მიზნების რწმენასთან.“ მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკას რეგულაციის საკუთარი ფორმები აქვს, თუკი განვაზოგადებთ, პოლიტიკისა და მორალის ურთიერთმიმართებისას, ძირითადად, ორი მთავარი მიდგომა არსებობს:

  1. თვალსაზრისი, რომლის თანახმად მორალი პოლიტიკის აუცილებელ წინაპირობად არ განიხილება; აქ მთავარია პოლიტიკური ქმედების შედეგები.
  2. ნორმატიული მიდგომა, რომლის თანახმად ზნეობრივი კანონი უნივერსალურია და ყველგან ვრცელდება. პოლიტიკა ვერ იქნება ნორმატიულობისგან თავისუფალი.

პოლიტიკურ ფილოსოფიაში სხვა მიდგომებიც არსებობს, ზემოთ აღნიშნული ორივე მიდგომის ცალმხრივობის დაძლევისა და საკითხის გადაჭრის ახალი გზების ძიებისკენ მიმართული. ჰ. არენდტი მიიჩნევს, რომ საკითხის თეორიული და ლოგიკური გადაწყვეტის ალტერნატივა შეიძლება იყოს პოლიტიკის პრაქტიკის, ანუ პოლიტიკური კულტურის სფერო. ამ შემთხვევაში სხვა პოლიტიკური სიქველეები ხდება რელევანტური: დაპირება, ღირსება, პატივისცემა, პასუხისმგებლობა.

III

არსებით მნიშვნელობას იძენს კოლექტიური და ინდივიდუალური მორალის ნორმების მიმართება. ინდივიდუალური მორალი პრივატული და ჩაკეტილია, ინდივიდუალური ცნობიერების საზღვრებშია მოქცეული, კოლექტიური მორალი კი კომუნიკაციური საჯაროობის, ინტერსუბიექტურობისა და „მაგალითის“ ლოგიკას ეფუძნება. სწორედ კოლექტიური მორალია პოლიტიკაში მორალური ქცევის ადეკვატური საფუძველი. არენდტი არ გამორიცხავს, რომ ღირებულებათა კრიზისის დროს ინდივიდუალური მორალი შესაძლოა გახდეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი მორალური ქცევის საფუძველი. თუმცკი, მხოლოდ კოლექტიური მორალის შემთხვევაში იკვეთება მორალისა და პოლიტიკის ურთიერთგავლენა.

პოლიტიკოსი არ არის ჩაკეტილი არსება, ის არის მოქმედი სუბიექტი და, ზოგადად, პოლიტიკა დინამიური პროცესია. ამდენად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნიშნავს, იგრძნო, რომ პოლიტიკოსი დაკავშირებულია საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებთან და ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე; ეს კი ნიშნავს საზოგადოებისა და ხელისუფლების მორალურ ერთიანობას. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური სამართლიანობა არ სცილდება ეთიკურ თეორიებს (რ. დვორკინის, ჯ. როულსის და სხვ. თეორიები).

ადამიანის უფლებები სხვა პოლიტიკურ მიზნებზე მაღლა დგას და საერთო პოლიტიკური მიზანია. კაცობრიობამ მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად უნდა შეინარჩუნოს თავისუფლების იდენტიფიკაცია ინდივიდად ყოფნასთან, რადგან თავისუფლების ხარისხი ინდივიდუალობის რეალიზების ხარისხის საზომია. ჭეშმარიტი დემოკრატია ვერასდროს განხორციელდება პოლიტიკაში თავისუფლებისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის, თანასწორობის და სამართლიანობის, ეთიკური ინდივიდუალიზმის ინტელექტუალურ-ეთიკური პრინციპების პოლიტიკურ პრაქტიკაში დანერგვისა და ინტეგრაციის გარეშე.

ამ ტიპის თავისუფლების გარეშე საზოგადოება „პასუხისმგებლობის ტვირთს“ ვერ გაუძლებს და „დაეცემა“. ამდენად, მკაცრად უნდა გაიმიჯნოს ჩაურევლობის ეს სფერო და სახელმწიფო სფერო. ამის საფუძველზე იქმნება ერთგვარი დილემა - „თავისუფლება თუ წესრიგი?“ იქმნება თავისუფლების არჩევის თავისუფლება, ღირებულებათა სისტემა, რომელშიც ადამიანი არჩევანს აკეთებს თავისუფლებასა და სამართლიანობას, თანასწორობასა და ეფექტურობას შორის, თავისუფლებასა და რაიმესადმი მიკუთვნებულობას შორის. ამ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება ის, რომ არჩევანი თავისუფლებასა და არათავისუფლებას შორის უნდა იყოს თავისუფალი. ეს პრინციპი აკონსტრუირებს სოციალურ გარემოს, რომელიც „თავისუფალი გემოვნების და არჩევანის შესაბამისად“ უნდა შეიქმნას, მიუხედავად იმისა, რამდენად უსიამოვნო და მიუღებელიც არ უნდა იყოს ის უმრავლესობისთვის ან რომელიმე სოციალური ჯგუფისთვის.

 

ბიბლიოგრაფია:

  • თ. ირემაძე, იდეების მსხვრევა. - თავისუფლების იდეის ბედი საბჭოთა საქართველოს ფილოსოფიაში, კრებულში: რა არის თავისუფლება? დიდი მოაზროვნეები თავისუფლების არსის შესახებ (შარლ ლუი მონტესკიე, ჟან ჟაკ რუსო, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, ჰერბერტ სპენსერი, ერიხ ფრომი), რედაქტორები: თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, ლ. ზაქარაძე, თბილისი, 2010.
  • რ. დვორკინი, თავისუფლება, თანასწორობა, კომუნა, კრებულში: თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფიის ანთოლოგია, შემდგ. ი. კიში, მთარგმნელები: ს. ბარამიძე, თ. მესხი, თბილისი, 1997.
  •  ჯ. დიუი, თავისუფლება და კულტურა, ინგლისურიდან თარგმნა გ. თავაძემ, თბილისი, 2014.
  • ჰ. არენდტი, რა არის ხელისუფლება? ინგლისურიდან თარგმნა გ. ხუროშვილმა, თბილისი, 2015.
  • R. Dworkin, Sovereign Virtue: The Theory and Practice of Equality, Cambridge, Mass., 2000.
  • П. Слотердайк, Критика цинического разума. Пер. А. Перцева, Екатеринбург, 2001.