petriwis portali

გვიანანტიკური და შუა საუკუნეების მწიგნობრობის კვალი რურის მხარეში

უდო რაინჰოლდ იეკი

გვიანანტიკური და შუა საუკუნეების მწიგნობრობის კვალი რურის მხარეში

19.02.2021

შესავალი

ვისაც გვიანანტიკურობისა და შუა საუკუნეების მსოფლმხედველობათა რეკონსტრუირება სწადია განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ეპოქათა ბიბლიოთეკებს. შესაბამისი წიგნადი ფონდი წარმოდგენას გვიქმნის იმდროინდელი ცოდნისა და მისი მოწესრიგების შესახებ; ამდენად, ყოველი ბიბლიოთეკა გარკვეულწილად მიკროკოსმოსია, რადგან ის კარგად ასახავს მაკროკოსმოსის შესახებ მათივე დამფუძნებელთა ხედვებს. ყოველი ცალკეული ნაშრომი თავისებური ფორმით სამყაროს ამა თუ იმ პერსპექტივას განასახიერებს. სწორედ ამასთან გვაქვს საქმე ესენ-ვერდენის სამონასტრო ბიბლიოთეკის შემთხვევაში, რომლის შესახებაც ცნობებს გვაწვდის ვესტფალიელი ჰუმანისტ იოჰანეს კინკილიუსის (1485-1555 წწ.) წიგნების კატალოგი. ამ ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდიდან აქამდე განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ე.წ. „ვერცხლის კოდექსმა“ (Codex Argenteus), რომელიც 1573 წელს ამ მონასტრის წინამძღვარმა იმპერატორ რუდოლფ II-ეს მიჰყიდა. ეს ხელნაწერი მოიცავს ოთხ კანონიკურ სახარებას გოთურენოვანი (ულფილას) ბიბლიიდან, რომელიც ეპისკოპოს ულფილას (311-383 წწ.) მიერაა შესრულებული. „ვერცხრლის კოდექსი“ ამჟამად ინახება უფსალას უნივერსიტეტის (შვედეთი) მთავარ ბიბლიოთეკაში. აღსანიშნავია, რომ ეს ტექსტი ინდოგერმანისტიკისა და გერმანისტიკის მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგან ის შეიცავს უაღრესად ღირებულსა და ძვირფას ენობრივ მასალს. თუმცა, მსოფლმხედველობრივი კუთხით, „ვერცხლის კოდექსი“ ცოტა რამეს თუ გვეუბნება გვიანანტიკური და შუასაუკუნეობრივი სამყაროს შესახებ. ამ თვალსაზრისით ესენ-ვერდენის ბიბლიოთეკაში არსებული სხვა ნაშრომები უფრო მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის ტექსტებია, რომლებიც გვიანი ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების პროპედევტიკას, მეცნიერების თეორიასა და ენციკლოპედიებს ეხება.

გვიანანტიკურობა

ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ნაშრომები, რომლებიც ე.წ. „თავისუფალ ხელოვნებებს“ ეხება. შუა საუკუნეებში მეცნიერებათა ამ კონფიგურაციას დიდი გავლენა ჰქონდა: ე.წ. „ტრივიუმი“ მოიცავდა მართებული წერის (გრამატიკა), საუბრისა (რიტორიკა) და ერთმანეთთან საუბრის (დიალექტიკა) ხელოვნებას. ამას კი მოსდევს ე.წ. „ქვადრიუმი“, რომელიც მოიცავდა რიცხვთა თეორიას (არითმეტიკა), რიცხვთა ჰარმონიულ მიმართებებს (მუსიკა), რიცხობრივ-სივრცობრივ მიმართებებს (გეომეტრია) და მათ ასახვას კოსმოსში (ასტრონომია). ბოეციუსის (გარდ. 524/526 წ.) ნაშრომი „მუსიკის საწყისები“, რომელიც ესენ-ვერდენის ბიბლიოთეკაში არსებობდა, „თავისუფალ ხელოვნებათა“ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ფუნდამენტურ ტექსტს წარმოადგენს. გარდა ამისა, ამავე ბიბლიოთეკაში იყენებდნენ ისიდორ სევილიელის (გარდ. 636 წ.) ფართოდ გავრცელებულ ენციკლოპედიას, რომელსაც ეწოდება „ეტიმოლოგიები, ანუ 20 წიგნი საწყისების შესახებ“ (დაახ. 630 წ.). ამ ნაშრომის სახით ადრეული შუა საუკუნეების ეპოქას გვიანანტიკური ცოდნის ქრისტიანული ვერსია გადმოეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისიდორ სევილიელმა მისივე დროის ცოდნა თეოლოგიური მოთხოვნილებების მიხედვით მოაწესრიგა. თუმცკი, ამა თუ იმ ეპოქის მსოფლმხედველობა მხოლოდ ცოდნის სისტემის სტრუქტურითა და ხელთ არსებული ცოდნის სპეციფიკური მოწესრიგებით კი გამოიხატება, არამედ ადამიანის ადგილითა და მდგომარეობითა რეალურ კოსმოსსა და ისტორიაში. საკითხთა ამგვარ დასმას ეხმიანება ბენედიქტელი ბერის, ღირსი ბედას (გარდ. 735 წ.) თეორიული ნააზრევი; ესენ-ვერდენის ბიბლიოთეკაში მოიპოვებოდა მისი ენციკლოპედიური ნაშრომი „საგანთა ბუნების შესახებ“, რომელშიც ავტორი ქრისტიანული კოსმოლოგიის ჭრილში დროის სტრუქტურასა და მისი გამოთვლის მეთოდებს იკვლევდა.

შუა საუკუნეები

შუა საუკუნეების მეცნიერების თეორიის კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰუგო წმ. ვიქტორელის (1097-1141 წწ.) განთქმული ნაშრომი „წერისა და ახსნა-განმარტების შესასწავლი სახელმძღვანელო“ (Didascalicon de studio legendi). ავტორი ამ ნაშრომში „თავისუფალ ხელოვნებათა“ კიდევ უფრო მეტად დიფერენცირებას ახდენდა და ე.წ. „ტექნიკურ ხელოვნებებსა“ და ეკონომიკას მომეტებულ ყურადღებას უთმობდა, რადგან შუა საუკუნეების სამყაროში ეკონომიკის სფეროშიც გარკვეული დინამიკა შეინიშნებოდა. ადრეული შუა საუკუნეების განმავლობაში ეს საკითხი უფრო ნაკლებ ყურადღებას იპყრობდა. თუმცა, თანდათანობით, ლათინურენოვანი დასავლეთის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა და თავი დააღწია მომთაბარე ტომებისა თუ გვიანტიკურობაში არსებულ ნგრევის პროცესებს. XI საუკუნიდან იწყება სულაც ეკონომიკური აღმასვლა. ამიტომაც ჰუგოს ზემოთ დასახელებულ ნაშრომში შუა საუკუნეების სოციალური განვითარების განსაზღვრული ტენდენციები კარგად აისახა. ესენ-ვერდენის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი ამ საგანძურსაც მოიცავდა.