მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) - „იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია“, რედაქტორები: თ. ირემაძე, ლ. ზაქარაძე, უ. რ. იეკი, ჰ. შნაიდერი. „ფავორიტი სტილი“, თბილისი, 2017, 218 გვ.
პროფესორ მიხეილ მახარაძის ეს რეცენზია დაიბეჭდა 2019 წელს, ჟურნალ „ჭოროხის“ მე-4-ე ნომერში.
დღეს საქართველოში ფილოსოფიის დარგი ერთგვარ კრიზისშია. მოიშალა სისტემური კვლევა-ძიება, ფილოსოფიური კვლევები ერთგვარად გათითოკაცდა, არ ჩანს ერთი საერთო მიზანდასახული საქმიანობა. ამ ფონზე სასიამოვნო გამონაკლისი იყო 2012 წელს ფოთში დაარსებული, ძირითადად, ფილოსოფიური პროფილის - ახალი საქართველოს უნივერსიტეტი, რომელმაც 2015 წელს გაიარა ავტორიზაცია-აკრედიტაცია, რითაც წინსვლისა-განვითარებისთვის გზა გაეხსნა.
უნივერსიტეტი ახორციელებს ქრისტიანული ფილოსოფიის, ქრისტიანული თეოლოგიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. თუ უფრო დავაკონკრეტებთ, ამჟამად უნივერსიტეტში ხორციელდება - ბაკალავრიატის (თეოლოგია), მაგისტრატურის (ქრისტიანული ფილოსოფია) და დოქტორანტურის (ქრისტიანული ფილოსოფია) პროგრამები.
ამ ეროვნული და საშვილისშვილო საქმის მთავარი შემოქმედია ფოთის და ხობის მიტროპოლიტი, ფილოსოფიის დოქტორი - გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) რომელიც საკუთრივ არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორის, მონოგრაფიის) ავტორი. ამ ნაშრომებში კი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფილოსოფიას. ფილოსოფიაში მიტროპოლიტ გრიგოლის მოღვაწეობის გვირგვინია მონოგრაფია - „იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია“ (გამომც. „ფავორიტი სტილი“. თბილისი, 2017. 218 გვ. რედაქტორები: თ. ირემაძე, ლ. ზაქარაძე, უ. რ. იეკი, ჰ. შნაიდერი).
მონოგრაფია შედგება შესავლის, სამი თავისა და დასკვნისგან. წინ ერთვის ავტორისა და რედაქტორების წინასიტყვაობები, ხოლო სრულდება რეზიუმეთი ინგლისურ ენაზე, ბიბლიოგრაფიითა და სახელთა საძიებლით. მონოგრაფიის შესავალშივე ავტორი აღნიშნავს იმ გარემოებებსა და სიძნელეებს, რამაც შეაფერხა იონა ხელაშვილის შემოქმედების სრულყოფილი შესწავლა და ობიექტური შეფასება. ამის მთავარ მიზეზად კი, ის სრულიად მართებულად მიიჩნევს ათეული წლების განმავლობაში ქვეყანად მარქსისტულ-ლენინისტურ-ათეისტური იდეოლოგიის ზეობას.
იონა ხელაშვილის ცხოვრებისა და საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური შემოქმედების სრულყოფილი შესწავლისთვის მიტროპოლიტი გრიგოლი აუცილებლად მიიჩნევს ხუთი პირობის შესრულებას, რაც კონკრეტულად შემდეგს გულისხმობს: ხელაშვილის ბიოგრაფიული მონაცემების შესწავლა-დაზუსტება; მისი ხელნაწერების აღწერა-კლასიფიკაცია; იმ სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული გარემოს განხილვა-გაანალიზება, რომელშიც უხდებოდა მოღვაწეობა ხელაშვილს; ხელაშვილის შემოქმედების განხილვა ახალი დროის ქართულ-ევროპული მეცნიერული აზროვნების კონტექსტში; ხელაშვილის დღემდე ცნობილი თუ უცნობი ნაშრომების ანალიზის საფუძველზე მისი მეტაფიზიკური კონცეფციის მთავარი პრობლემების წარმოდგენა.
უნდა აღინიშნოს, რომ მონოგრაფია ავტორის მიერ წამოყენებული პირობების განხორციელების დემონსტრირებაა.
პირველ თავი - „სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა და კვლევის თეორიული კონტექსტი“ (გვ. 17-133) ყველაზე მოცულობითია და შედგება ოთხი ქვეთავისგან, სადაც მიმოხილულია ხელაშვილსა და მის შემოქმედებაზე არსებული სამეცნიერო ლიტერატურა, მოცემულია მისი ხელნაწერთა აღწერილობა, ტიპოლოგიური დახასიათება და კლასიფიკაცია, თხზულებათა და მათი შემცველი ხელნაწერთა ნუსხა.
პირველი თავიდან ნათლად ჩანს, რომ მონოგრაფიის ავტორს დიდი და მრავალმხრივი სამუშაო ჩაუტარებია, კერძოდ:
1. კრიტიკულად არის განხილული ხელაშვილის შემოქმედების შესახებ არსებული პ. კარბელაშვილის, ნ. ბარნაბიშვილის, ლ. მელიქსეთ-ბეგის, შ. ნუცუბიძის, თ. კუკავას, დ. მეგრელაძის, გ. შარაძის, ბ. გელაშვილის, ლ. ზაქარაძისა და თ. ირემაძის გამოკვლევები და შეფასებები (გვ. 48-28). შეიძლება ითქვას, რომ ავტორის მხრიდან ხელაშვილის შესახებ არსებული ლიტერატურა, კრიტიკული ანალიზი საქმის საფუძვლიანი ცოდნით არის შესრულებული. ავტორი მართალია, როცა აღნიშნავს, რომ ხელაშვილის მემკვიდრეობის ობიექტურ შეფასებას დიდად ხელს უშლიდა საკითხისადმი მარქსისტული მიდგომა, იდეოლოგიური წნეხი და კლიშეები.
2. ავტორი საუბრობს იონა ხელაშვილის შესახებ, მის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე, რომლებშიც დაზუსტებულია ხელაშვილის დაბადების წელი, საქართველოში ცხოვრების მონაკვეთში მისი სასულიერო წოდება და რომ მან სანკტ-პეტერბურგში დაამთავრა სასულიერო სემინარია და არა სასულიერო აკადემია (გვ. 28).
3. იონა ხელაშვილის პიროვნებისა და შემოქმედების ყოველმხვრივი შესწავლის საფუძველზე ავტორი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ხელაშვილი ფართოდ განსწავლულია და ახდენს კიდეც ამ განსწავლულობის დემონსტრირებას, მსჯელობს მხატვრულად და ემოციურად, ყველა საკითხს განიხილავს ქრისტიანული დოგმატების ჭრილში (ქრისტიანოცენტრიზმი); იგი კატეგორიული და შეუვალია და ამასთან, გამოირჩევა მოძღვრული გულმოდგინებით (გვ. 29).
მონოგრაფიის ავტორი საინტერესოდ აფასებს ხელაშვილის „ღმრთისმეტყველება სამნაწილედს“, რომელიც მოიცავს ბუნებით, ძველი და ახალი აღთქმის გამოცხადებულ საზნეო ღმრთისმეტყველებას. ავტორი აღნიშნული ტექსტის მისეულ შეფასებას მოკრძალებით, შთაბეჭდილებად თვლის, თუმცა მისი მოსაზრება უდავოდ სცდება შთაბეჭდილების ჩარჩოებს. აი ამის თვალსაჩინო მაგალითი: „ღმრთისმეტყველების ტექსტზე, რომელიც იონას რუსულიდან უთარგმნია, მასვე დაურთავს თავისი ორიგინალური შენიშვნები და შთაბეჭდილებები, სადაც უფრო ნათლად ჩანს მისი წვლილი ამ წიგნის შექმნაში და მასშივე უფრო ცხადად შეიძლება ამოვიკითხოთ მისი საღმრთისმეტყველო კონცეფცია, ვიდრე თვით „ღმრთთისმეტყველების“ ძირითად (ნათარგმნ, არა-იონასეულ) ტექსტში“ (გვ. 32).
ხელაშვილის საღვთისმეტყველო კონცეფციის გასაგებად - ავტორის აზრით - სწორედ ამ ტექსტზე დართული სქოლიოებით უნდა ვიმსჯელოთ.
პირველ თავში ხელაშვილის არაერთი ნაშრომია მიმოხილული, მათ შორის „ოცდათოთხმეტი შეკითხვის წიგნი“, რომელსაც მონოგრაფიის ავტორი მართებულად მიიჩნევს ფუნდამენტურ ფილოსოფიურ ნაშრომად (გვ. 39). ასევე საყურადღებოა ხელაშვილის „გოდებანისა“ და „რონინის“ (ხელაშვილის ავტობიოგრაფიული ნაწარმოები) ავტორისეული ანალიზი, რომლებიდანაც ნათლად ჩანს ხელაშვილის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება რევოლუციასა და მისი იდეოლოგებისადმი (ვოლტერი, რუსო, დალამბერი და სხვები) და ცარისტული რუსეთის მიერ 1932 წლის შეთქმულების სისხლში ჩახშობის მოწონება და შეთქმულებაში მონაწილეობის გამო დოდაშვილთან კავშირის გაწყვეტა (გვ. 80-82).
მეოთხე ქვეთავში მოცემულია ხელაშვილის თხზულებათა ხელნაწერების ნუსხა.
რეცენზიის დანიშნულების შეზღუდული ფორმატი საშუალებას არ იძლევა დაწვრილებით შევჩერდეთ ხელაშვილის კრებულზე, კათეხიზმოზე, განმარტებაზე და ყველა სხვა საკითხზე, რომელიც აღწერილი, გაანალიზებული და შეფასებულია მონოგრაფიაში.
როგორც აღვნიშნეთ, მონოგრაფიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს მარქსისტულ იდეოლოგიაზე, რომელიც ხელს უშლიდა ხელაშვილის შემოქმედების სრულყოფილ შესწავლასა და ობიექტურ შეფასებას ახლო წარსულში, რაც სიმართლეა. მაგრამ ამ კონტექსტში შალვა ნუცუბიძის შეფასების განხილვა არ მიგვაჩნია გამართლებულად და აი რატომ: ნუცუბიძის საერთო თვალსაზრისი ყოველთვის იხრება პანთეიზმისკენ, რაც არც ისე შორს არის მატერიალიზმისგან. ასეთია მისი პოზიცია ანტიკურობის ათვისების ორ გზაზე, რომლის გაგრძელებასა და ასახვად შუა საუკუნეებში ის მიიჩნევდა კრეაციონიზმსა და ნეცესარიანიზმს შორის, ხოლო ქართულ სინამდვილეში იოანე პეტრიწისა და არსენ იყალთოელის მსოფლმხედველობათა დაპირისპირებას. ამ ხედვის გამოძახილია მისი მოსაზრება იონა ხელაშვილის, უფრო ადრე კი არსენ იყალთოელის მსოფლმხედველობის რეაქციულ ხასიათზე. საერთოდ, ნუცუბიძისთვის ის, რაც უკავშირდება ეკლესიასა და რელიგიას არის რეაქციული. ეს აზრი სწორია თუ არა, სხვა საქმეა. მე პირადად ბოლომდე არ ვიზიარებ ამ შეხედულებას, მაგრამ ეს ნუცუბიძის პოზიციაა და მას არაფერი აქვს საერთო მარქსისტულ იდეოლოგიასთან.
ისიც უნდა ითქვას, რომ ნუცუბიძის აღმოსავლური (ქართული) რენესანსის თეორია არსებითად სწორედ მის ამგვარ მსოფლმხედველობას ემყარება.
ნუცუბიძის აღნიშნული პოზიციის გათვალისწინებით მისი მხრიდან გასაკვირი არ უნდა იყოს ხელაშვილის მოღვაწეობის ასეთი შეფასება. ამ შეფასებაში, რა თქმა უნდა, უმნიშვნელო არ იქნებოდა ის ფაქტი, რომ ხელაშვილი ერთობ უარყოფითად ახასიათებდა ვოლტერს, რუსოს, დალამბერს და სხვა განმანათლებლებს, რომელთა მსოფლმხედველობას დაეფუძნა ევროპის მომავალი, რისკენაც ასე მივისწრაფვით დღეს. ნუცუბიძის ამ შეფასებისას ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ხელაშვილი აქებდა მეფის ხელისუფლებას, რომელიც სასტიკად გაუსწორდა 1832 წლის შეთქმულების მონაწილეებს და შეთქმულებაში მონაწილეობის გამო სოლომონ დოდაშვილს გაემიჯნა კიდეც.
ნუცუბიძის პოზიციის შეფასებისას ისიც გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად დიდი ფიზიკური და იდეოლოგიური წნეხისა (დაპატიმრება, აკადემიიდან გარიცხვა, პროფესორის წოდების ჩამორთმევა და სხვა), ის არ შესულა კომუნისტური პარტიის რიგებში და პირდაპირ თუ ირიბად, მუდამ აქილიკებდა საბჭოთა წყობას.
საყურადღებოა ისიც, რომ გასული საუკუნის 30-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირში ათეისტური პროპაგანდა იყო გაჩაღებული, შ. ნუცუბიძე 1931 წელს ბერლინში გამოცემულ ნაშრომში – „ფილოსოფია და სიბრძნე“, წერდა, რომ სპინოზას რაციონალისტურმა აზრმა არა ანტირელიგიური, არამედ უფრო „ანტიდოგმატურ-რელიგიური მიმართულება“ მიიღო (შ. ნუცუბიძე. შრომები. თბილისი, 1979, ტ.II, გვ. 336).
მონოგრაფიის მეორე თავია – „იონა ხელაშვილის ცხოვრების გზა – ახალი ფაქტები და მათი ანალიზი“ (გვ. 136-161). მცირე მოცულობის მიუხედავად, იგი არაერთ საყურადღებო სიახლეს შეიცავს და წინ გადადგმული ნაბიჯია ხელაშვილის ბიოგრაფიის დაზუსტების თვალსაზრისით.
მეორე თავში ზედმიწევნითი სიზუსტით არის გადმოცემული იონა ხელაშვილის განვლილი გზა დაბადებიდან სიკვდილამდე, მისი ცხოვრების მონაკვეთები საქართველოსა და რუსეთში. აღნიშნულია თუ როგორ ზრუნავდნენ მასზე ერეკლე მეორე და საერთოდ სამეფო ოჯახი, როგორ გაყვა ის ბატონიშვილებს რუსეთში 1805 წელს.
მონოგრაფიის მეორე თავი გამორჩეულია იმითაც, რომ შეიცავს სამ სიახლეს, რაც გაკვრით აღვნიშნეთ რეცენზიის შესავალში. ავტორმა სანკტ-პეტერბურგის ცენტრალურ სახელმწიფო ისტორიულ არქივში მოიძია და შეისწავლა ხელაშვილზე არსებული მასალები და ამის საფუძველზე დააზუსტა:
1) იონა ხელაშვილი დაბადებულია 1778 წელს;
2) ხელაშვილმა დაამთავრა არა სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემია, როგორც აქამდე იყო ცნობილი, არამედ სასულიერო სემინარია;
3) ხელაშვილი ბერად აღიკვეცა არა საქართველოში, ქვათახევის მონასტერში, როგორც ამას ფიქრობდა ზოგიერთი ქართველი მეცნიერი, არამედ სანკტ-პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის ლავრაში 1812 წლის 5 ოქტომბერს და მას სახელად ეწოდა იონა (გვ. 155).
მეორე თავში საყურადღებოა ავტორის ერთი შენიშვნა, რომელიც რუსეთთან მიმართებაში ხელაშვილის პოზიციის ცვლას ეხება: „აქ ყურადღება მისაქცევია ერთი, მეტად საინტერესო გარემოებაც, თუ როგორ მიდის ადამიანი, რომელსაც თავისუფლება წაართვეს, ბატონის აღიარებამდე?!" (გვ. 159).
მესამე თავი იონა ხელაშვილის მეტაფიზიკურ კონცეფციას ეხება (გვ. 164-195) და შეიძლება ითქვას, რომ ფილოსოფიის თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანია. ხელაშვილის მეტაფიზიკური (ფილოსოფიური) კონცეფცია აქ წარმოგენილია მისი „ოცდათოთხმეტი შეკითხვის წიგნის“ მიხედვით.
მონოგრაფიის ამ თავში განხილული და გაანალიზებულია ლაიბნიც-კლარკის მიმოწერის ხელაშვილისეული შეფასება, ხელაშვილის მეტაფიზიკის წყაროები, ქრისტიანული მეტაფიზიკა, მთავარი მეტაფიზიკური კატეგორიები, ქრისტიანული ანთროპოლოგია, ჭეშმარიტების, შემეცნების, კაუზალობის, თავისუფლების, სიკეთისა და ბოროტების პრობლემები.
მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ლაიბნიცკლარკის მიმოწერას, აღნიშნულია, რომ კლარკი ფაქტობრივად გამოხატავდა ნიუტონის პოზიციას (გვ. 170). ამ საკითხზე ავტორის საბოლოო დასკვნა კი ასეთია: „მაშასადამე, იონა ხელაშვილი ლაიბნიცისა და კლარკის დავა-კამათში ცალსახად არც ერთი მოაზროვნის პოზიციას არ იკავებს. უფრო მეტიც, იგი არც ერთი მოაზროვნის მიმართ არ იშურებს კრიტიკას. მისი კომენტარებიდან, თითქოსდა, უფრო მეტი სიმპათია მაინც კლარკის პოზიციის მიმართ შეინიშნება, მაგრამ იგი ცალსახად არც კლარკის მეცნიერული მეთოდოლოგიის მომხრეა“ (გვ. 171).
მანამდე კი აღნიშნულია ის ძირითადი საკითხი, რომლის ირგვლივაც მიმდნარეობს ლაიბნიცსა და კლარკს შორის კამათი, ეს არის ბუნებრივი რელიგია, რომელსაც მაშინ, როგორც წესი, უკავშირებდნენ თეოლოგიას, მეტაფიზიკას და ფიზიკას. მონოგრაფიის ავტორის საყურადღებო შენიშვნით, როგორც ლაიბნიცის, ისე კლარკის ამოცანაა ნატურალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ბუნებრივი რელიგიის განმტკიცება (გვ. 166).
ქვეთავში - „ქრისტიანული მეტაფიზიკა“ ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ აქ საქმე გვაქვს „დიალოგური მეტაფიზიკის“ გარკვეულ სახეობასთან, რაც ავტორის საყურადღებო შენიშვნით, არის „ანტიკური ხანის დიალოგური ფილოსოფიის“ ერთგვარი ტრანსფორმაცია – „ქრისტიანულ მეტაფიზიკად გარდაქმნა“ (გვ. 174).
ასევე, საყურაადღებო და საინტერესოა ავტორის მოსაზრებები ხელაშვილის შეხედულებებში ქრისტიანული ანთროპოლოგიის, როგორც მეტაფიზიკის დარგისა და მისი კატეგორიების შესახებ და, აგრეთვე, ატომისტური მეტაფიზიკის ქრისტიანულ ტრანსფორმაციაზე (გვ. 178-181).
რაც შეეხება ფილოსოფიის ისეთ მნიშვნელოვან - ჭეშმარიტების პრობლემას, ხელაშვილთან სამი სახისაა - ლოგიკური, მეტაფიზიკური და ეთიკური. მონოგრაფიის ავტორი განიხილავს ჭეშმარიტების თითოეული სახის მნიშვნელობას (გვ. 185). აქ გაურკვეველია თუ რატომ არ შედის ჭეშმარიტების მეოთხე სახე - „ღვთისმეტყველური ჭეშმარიტება“, ჭეშმარიტების სახეთა ჩამონათვალში.
ნაშრომში სულ ერთი გვერდი ეთმობა სიკეთისა და ბოროტების მიმართებას. თუმცა, ავტორი ნათლად წარმოაჩენს ხელაშვილის პოზიციას ამ საკითხზე, კერძოდ: „სამყაროში არ არსებობს ფიზიკური ბოროტება, რომელიც სიკეთით არ შეიცვლება" და იქვე ხელაშვილის თვალსაზრისის ასეთ ინტერპრეტაციას გვთავაზობს: „ადამიანის წინაშე დგას ამა სოფლის საცდურები და მხოლოდ მის ნებაზეა დამოკიდებული, ცდუნდება იგი თუ უფლის გზას გაჰყვება“ (გვ. 187). ასე რომ, ხელაშვილთან სიკეთის ქმედების საკითხი ნების თავისუფლებაზე გადის.
ამ თავში საინტერესოდ არის განხილული თავისუფლების საკითხი ხელაშვილის შეხედულებებში. ხელაშვილთან თავისუფლება უშუალოდ უკავშირდება ნებას, რომელიც მხოლოდ სურვილი კი არ არის, არამედ მონდომებაცაა. „თავისუფლება არ არის იქ, სადაც არ არის ნება თავისუფლებისა, თვითფლობისა, ქმედებისა“ (გვ. 191). ნება, თვითფლობა - ფლობა, სურვილი და მონდომება თავისუფლების განხორციელებისთვის აუცილებელი კომპონენტებია. საამისოდ მოტანილია წინასწარმეტყველთა, მოციქულთა და მოწამეთა მაგალითები, რომლებიც მოწამეობრივად აღესრულენ, მაგრამ თავისუფლება არ დაუკარგავთ, „რადგან მათ ფლობას და ნებას სწორედ რომ აძლიერებდა და მყარ საფუძველს უქმნიდა მწყურვალე სურვილი, ანუ იგივე ძლიერი ნება“ (გვ. 192).
მონოგრაფიაში გაზიარებული აზრი, რის თანახმადაც, ხელაშვილთან მოცემულია ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების ისეთი სინთეზი, რის საფუძველზეც ყალიბდება ფილოსოფიური ღვთისმეტყველების ის ფორმა, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია (გვ. 172). ყველაფერი ამის საფუძველი კი იყო ხელაშვილის დიდი განსწავლულობა ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებაში (გვ. 164).
ვფიქრობ, ეს საკითხი შემდგომ კვლევას მოითხოვს, რადგანაც გასარკვევია რამდენად თავსებადია ერთმანეთთან ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, თვით ცნებების დონეზეც კი.
მონოგრაფიის დასკვნაში შვიდ პუნქტად არის შეჯამებული გაწეული კვლევის შედეგები. მე-3 პუნქტში ამომწურავად არის გადმოცემული კვლევა-ძიების არსი: „წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია ქრისტიანული ფილოსოფიის ჭრილში. გამოვლენილია ამ მოძღვრების მთავარი ფილოსოფიური და თეოლოგიური წყაროები. ჩატარებული კვლევა-ძიება ემყარება ფილოსოფიური მეთოდოლოგიის მდიდარ არსენალს, რომელიც ახალი კვლევების ჭრილშია განხილული და დასახულ კვლევის მიზნებსა და ამოცანებს ადეკვატურად შეეთანადება“ (გვ. 193).
ამ ამონარიდის შემდეგ ცხადი ხდება: ავტორი ისე ამომწურავად გადმოსცემს ჩატარებული კვლევა-ძიების არსს, რომ მონოგრაფიის საერთო შეფასებაც სახეზე გვაქვს.
დასკვნის მე-6 პუნქტში ერთ სიბრტყეშია წარმოდგენილი - ანტონ პირველი, იონა ხელაშვილი, სოლომონ დოდაშვილი და ეპისკოპოსი გაბრიელი (გერასიმე ქიქოძე) (გვ. 194). ამ აზრს ვერ გავიზიარებთ, რადგანაც სოლომონ დოდაშვილი წმინდა წყლის ფილოსოფოსია თავისი საკვლევი თემატიკით, გემოვნებით, ფილოსოფიური პრობლემებითა და გადაწყვეტით. რაც შეეხება ანტონ პირველს, იონა ხელაშვილსა და ეპისკოპოს გაბრიელს, ისინი მართლაც ერთიან ხაზს წარმოადგენენ და მათ შორის ხელაშვილი თავისუფლად შეიძლება წარმოვიდგინოთ „გამაშუალებელ მოაზროვნედ“. საკითხის სპეციფიკურად ასე წარმოდგენა კი სიახლეა ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში და ეს უდავოდ არის მონოგრაფიის ავტორის დამსახურება.
სამწუხაროდ, კვლევაში განხილული არ არის და არც ბიბლიოგრაფიაშია დასახელებული ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიის მე-3 ტომი, სადაც ორი სტატიაა იონა ხელაშვილზე. აღნიშნულ სტატიებში ყოველგვარი იდეოლოგიური კლიშეების გარეშე განხილულია იონა ხელაშვილის ფილოსოფიური, სოციალური და რელიგიური (სერგი ავალიანი (1928-2013)) და ეთიკური (გერონტი შუშანაშვილი (1939-2012) შეხედულებები. ამასთან, აღიარებული ეთიკოსის - გ. შუშანაშვილის აზრით, „[...] იონა ხელაშვილის ეთიკური მსოფლმხედველობა მისი არგუმენტაციის თვალსაზრისით პრიმიტიულ შთაბეჭდილებას ტოვებს“ (ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია, მე-2 გამოცემა. თბილისი, 2013, III ტომი, გვ. 288. ხაზგასმა ჩემია - მ.მ.) და ხელაშვილზე ასეთ სოლიდურ გამოკვლევაში ამ თვალსაზრისის გათვალისწინება თუ არა, შეფასება აუცილებელი იყო.
რეცენზიაში გამოთქმული შენიშვნები, უფრო ამა თუ იმ საკითხზე, ჩემი განსხვავებული პოზიციის გამოხატულებაა და არამც და არამც არ ამცირებს მიტროპოლიტ გრიგოლის მონოგრაფიის - „იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია“ მნიშვნელობას და მეცნიერულ ღირებულებას.