მოაზროვნეები, ფილოსოფოსები, მეცნიერები, კაცობრიობის მრავალათასწლოვანი ისტორიის მანძილზე ადამიანური ყოფიერების სხვადასხვა სტრუქტურული შრე და შინაარსი რომ გაუანალიზებიათ, ფრიად საგულისხმო, მტკიცებულებასა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ ცოდნას გვიზიარებენ ადამიანის, როგორც აღზრდის სუბიექტის შესახებ. აღზრდის პროცესს მრავალწახნაგოვანი მიმართება აქვს, რომელიც იმთავითვე დაკავშირებულია ხანგრძლივ, შრომატევად პროცესთან და თავის თავში მოიცავს ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიცაა: აღზრდის სუბიექტისთვის რელევანტური ინფორმაციის და ცოდნის გადაცემა, ფაქტებისა და აღქმების, სუბიექტურსა და ობიექტურს შორის არსობრივი განსხვავების დანახვა, სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზება და სწორად წარმართვა, აღმზრდელთა/პედაგოგთა მიერ შესაბამისი კულტურული და სოციალურ გარემოს გავლენის შეფასება სააღმზრდელო სამუშაოების სწორად დასაგეგმად და წარსამართად. მრავალ საყურადღებო ნიუანსთან ერთად, დღეს სააღმზრდელო პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა ეთმობოდეს, როგორც მოზარდთა ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, ასევე, მათში ეთიკურ ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებას და განმტკიცებას.
იდეები, რომელზეც დგას და იდგა თითქმის ყველა სააღმზრდელო სისტემა და დაწესებულება მსოფლიოში, განსხვავებულ მიდგომასა და სტილს, თუმცა საყოველთაო და უნივერსალურ ღირებულებებს აერთიანებს თაობათა აღზრდის ამ უაღრესად საპასუხისმგებლო მისიის შესრულებისას. ეს ის უნივერსალური იდეებია (ჰუმანიზმი, სამართლიანობა), რომლებიც დღემდე დაუწერელი კანონის სახით მოქმედებს სხვადასხვა საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ აღზრდისა და სწავლების სტილი გარკვეულწილად ერთგვაროვან ამოცანებს პასუხობს, მაგალითად, ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში ათენი ბევრად სჯობნიდა ლაკედემონს (სპარტა), რადგან ეს უკანასკნელი ყურადღებას უფრო მეტად ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაზე ამახვილებდა, ვიდრე მის ინტელექტუალურ პოტენციალზე. სახელმწიფოთათვის დამახასიათებელმა კულტურულმა თავისებურებებმა და განსხვავებამ მათი სოციალური თუ პოლიტიკური მოწყობის სისტემებს შორის წარმოქმნა ის განსხვავება, რომლის საფუძველზედაც ათენმა (მათ შორის სწავლებისა და აღზრდის რაფინირებული სისტემის არსებობის ხარჯზე) კაცობრიობას უანდერძა დემოკრატია, ფილოსოფია, ლიტერატურა, თეატრი და ხელოვნების მრავალი სხვა დარგი.
აღზრდის ფენომენს ცივილიზაციის განვითარების ადრეულ ეტაპებთან მივყავართ. ანტიკური ბერძნული ფილოსოფიის დამსახურება კი ამ საქმეშიც განუზომლად დიდია. აღზრდის მცდარი (გარმყვნელი) სტილისა და სწავლების გამო მიუსაჯა ქალაქმა ათენმა უდიდეს ბერძენ ფილოსოფოს სოკრატეს სიკვდილი. სინამდვილეში, ეს აბსურდული მიზეზით დაკისრებული სასჯელი იყო იმ კულტურულ-რელიგიური ნორმებიდან გადახვევის გამო, რომელიც მაშინდელ ათენში იყო ფესვგადგმული. სოკრატეს რეალური „ბრალეულობა“ კი იმაში მდგომარეობდა, რომ მან მის მოწაფეებს ლოგიკური აზროვნების უნარი განუვითარა.
კაცობრიობის დიად მასწავლებლებსა და აღმზრდელებს, სოკრატეს მსგავსად, გააჩნდათ სიბრძნე, რომელიც მათი ცხოვრების წესით იყო დამოწმებული. ნიშანდობლივია ისიც, რომ სწავლებისა და აღზრდის საკითხში დასავლელ მოაზროვნეებზე არანაკლებ გავლენიანი იყვნენ აღმოსავლური ფილოსოფიის წარმომადგენლებიც. დიდმა ჩინელმა ფილოსოფოსებმა ფრიად მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს აღზრდის ფილოსოფიაზე, განსაკუთრებულ აქცენტს ისინი მორალურ განვითარებაზე, ოჯახურ მოვალეობებზე და განათლების მნიშვნელობაზე ამახვილებდნენ. ტრადიციული ჩინური აღზრდა უმეტესწილად კონფუციანურ იდეალებზეა დაფუძნებული, თუმცა სხვა ფილოსოფიურმა ტრადიციებმა, როგორიცაა ტაოიზმი და ბუდიზმი, ასევე ჩამოაყალიბეს აღზრდის ისეთი პრაქტიკა, რომელიც წარმატებით იქნა გავრცელებული ჩინეთში და აღმოსავლეთ აზიის სხვა ხალხებშიც.
ჟამთასვლის კვალდაკვალ სხვადასხვა ერები სახელმწიფოებრივი თანაცხოვრების გამოცდილებას აგროვებდნენ, ეს კი ყველაფერთან ერთად სააღმზრდელო სისტემების დახვეწისა და ამ სფეროში ახლებური მიდგომების დამკვიდრებასაც უწყობდა ხელს. ადრეული და შუა საუკუნეების დასავლური (ევროპული) სააღმზრდელო სისტემები თუ სქოლასტიკის გავლენას განიცდიდნენ და აღზრდის პროცესს უფრო სამონასტრო/ეკლესიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით წარმართავდნენ, გვიანი შუა საუკუნეების პერიოდიდან ამ კუთხით უკვე გარდამტეხი ცვლილებების დრო დადგა. მაგალითად, ფრანგი განმანათლებლები სახელმწიფო მოწყობის სამართლებრივი პრინციპების განსაზღვრასთან ერთად, აღზრდის ახლებურ და მეტად საინტერესო იდეებსაც ავითარებდნენ. ყველაზე მეტად ეს ითქმის ჟან-ჟაკ რუსოზე (1712-1778 წწ.), რომელსაც ეკუთვნის ფუნდამენტური პედაგოგიური ნაშრომი „ემილი ანუ აღზრდის შესახებ“. 1762 წელს გამოცემულ ამ ნაშრომში რუსომ გადმოსცა აღზრდაზე მისი ფილოსოფიური შეხედულებები, რომელიც მანამდე დამკვიდრებული სააღმზრდელო სისტემების კრიტიკას მოიცავდა და ითვალისწინებდა აღზრდის პროცესში ბუნებრივი განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობას, თავისუფლებას და გამოცდილებით სწავლის უპირატესობას უკვე არსებული მკაცრი დისციპლინის და დამახსოვრებაზე ორიენტირებული სწავლების საპირწონედ. რუსო ფიქრობდა, რომ ბავშვებს უნდა მისცემოდათ საშუალება, ზედმეტი შეზღუდვების გარეშე, ბუნებრივად გაზრდილიყვნენ და განვითარებულიყვნენ. ის ამტკიცებდა, რომ ბავშვობა ცხოვრების უკიდურესად მნიშვნელოვანი ეტაპია და არ უნდა აჩქარდეს ხელოვნური ჩარევების შედეგად. ფორმალურ დასწავლაზე ორიენტირებული მიდგომის ნაცვლად, რუსო ასევე თვლიდა, რომ აღსაზრდელებს ცოდნა გამოცდილების საფუძველზე, გარემოსთან უშუალო ურთიერთობით უნდა შეეძინათ, ხოლო აღმზრდელთა მთავარი როლი აღსაზრდელებამდე ამ გამოცდილებათა შინაარსის და საზრისის მიტანა იყო. რუსო ასევე მიიჩნევდა, რომ მშობლები ზედმეტად არ უნდა ჩარეულიყვნენ აღზრდის პროცესში. ამ აზრით, რუსო ავტორიტარული მშობლობის წინააღმდეგი იყო და თვლიდა, რომ ზედმეტი ჩარევა დააზიანებდა ბავშვის თანდაყოლილ გონებრივ და სულიერ შესაძლებლობებს. მორალური ღირებულებების შეძენა და გათავისება აღზრდის პროცესში რუსოსთვის ქმნიდა ბირთვს, რომელზეც უნდა დაშენებულიყო პიროვნების მთელი სტრუქტურული ჯაჭვი. ის ეწინააღმდეგებოდა აღსაზრდელთა მკაცრ დასჯას და სჯეროდა, რომ ადამიანებს გააჩნიათ სამართლიანობის, ღირსებისა და მოყვასის თანაგრძნობის/მხარდაჭერის თანდაყოლილი გრძნობა, რომელიც აღზრდის პროცესში ბუნებრივად უნდა განვითარებულიყო.
კაცობრიობის მოაზროვნე ნაწილის მიერ სხვადასხვა დროსა და ეპოქაში დაგროვილი გამოცდილება და ამ თვალსაზრისით შემუშავებული აღზრდის საუკეთესო პრაქტიკები გაზიარებულია ჩვენს დროშიც. ფსიქოლოგიამ, მეცნიერების ახალმა დარგმა, რომელიც XIX საუკუნეში გამოეყო ფილოსოფიას, აღზრდის პროცესის კანონზომიერებების შესწავლაში მართლაც ფასდაუდებელი სამსახური გასწია. მაგალითად, XX საუკუნის 60-იან წლებში აღზრდის ტიპთა 3 დონიანი კლასიფიკაცია დაამკვიდრა ამერიკელმა განვითარების ფსიქოლოგმა დიანა ბაუმრინდმა. ამ ტიპოლოგიას შემდგომ სხვა ფსიქოლოგების, კერძოდ, ელეონორ მაკკობისა და ჯონ მარტინის მიერ დაემატა მეოთხე ტიპიც; ეს საკვანძო ტიპები ახლა ასეა წარმოდგენილი: ავტორიტარული, ავტორიტეტული, ინდიფერენტული და ლიბერალური. თითოეულ ამ ტიპს მისთვის დამახასიათებელი დამოკიდებულება და ქცევა ახასიათებს მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობაში, რამეთუ სააღმზრდელო პროცესში, უპირველესი ვალდებულება და პასუხისმგებლობა სწორედ რომ მშობლებს აკისრიათ. ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად, აღზრდის ავტორიტეტული სტილია მხარდაჭერილი, სასურველი და გავრცელებული აღსაზრდელებთან კომუნიკაციის პროცესში, რადგან ეს სტილი უპირატესობას ანიჭებს ერთგვარი ბალანსის დაცვას სიმკაცრესა და ლმობიერებას შორის. აღზრდის ეს სტილი, მოზარდს უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას, ემპათიას, შრომისმოყვარეობას, ეთიკური ქცევის სურვილსა და თვითრწმენას.
საერთო ჯამში, აღზრდის შესახებ გამოთქმულ მრავალ აზრს, სისტემას, მოსაზრებასა და პრაქტიკას თუ შევაჯერებთ მისი როლის და რაობის გასაგებად, ერთ მარტივ პასუხამდე მივალთ, რომ აღზრდა სხვა არაფერია თუ არა მაგალითი და სიყვარული. და მართლაც, ამ ორი კომპონენტის გარეშე, რომელიც აღმზრდელს უნდა გააჩნდეს (არ აქვს მნიშვნელობა მშობელი იქნება ის თუ პედაგოგი) აღზრდის ნებისმიერი სისტემა უშედეგო და დესტრუქციული იქნება.
გამოყენებული ლიტერატურა