100 წელი შესრულდა ცნობილი ქართველი ფილოსოფოსისა და თეოლოგის, რეპრესირებული დისიდენტი მოაზროვნის, გიორგი ცინცაძის დაბადებიდან. გიორგი (ჟორეს) ცინცაძე (1926-2005 წწ.) XX საუკუნის ქართული ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელია. იგი დაიბადა 1926 წლის 15 აგვისტოს გურიაში, სოფელ ბუკისციხეში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლისას დისიდენტური საქმიანობის - ანტისაბჭოთა მოძრაობაში მონაწილეობის და ქართული ეროვნული ინტერესების მხარდაჭერის - გამო იგი გასამართლებულ იქნა და 1948-1956 წლებში სასჯელს იხდიდა კოლიმის საკონცენტრაციო ბანაკში. 1957 წელს, რეაბილიტაციის შემდგომ, იგი აგრძელებს სწავლას და, მოგვიანებით, სამეცნიერო მუშაობას - 1965 წელს მან საკანდიდატო, 1975 წელს კი სადოქტორო დისერტაციები დაიცვა. გ. ცინცაძე 1961 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ფილოსოფიის ინსტიტუტში მუშაობდა (1968 წლიდან იყო ფილოსოფიური ანთროპოლოგიის განყოფილების თანამშრომელი).
1975 წლიდან გ. ცინცაძე თანამშრომლობდა საქართველოს საპატრიარქოსთან - მუშაობდა სხვადასხვა საღვთისმეტყველო გამოცემებზე, ასევე, ლექციებს კითხულობდა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში (აკადემიის დაარსებიდან - 1989 წლიდან 1994 წლამდე - იგი სასულიერო აკადემიის პრორექტორი იყო). 1994 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის პროფესორი და უძღვებოდა კურსებს საღვთისმეტყველო დისციპლინებში. გიორგი ცინცაძე გარდაიცვალა 2005 წლის 11 ოქტომბერს, ქ. თბილისში.
გიორგი ცინცაძის შემოქმედება განსაკუთრებით საინტერესოა იმ ჭრილში, რომ, საბჭოთა ცენზურის და წნეხის მიუხედავად, მისი ფილოსოფიური აზროვნება მიმართული იყო დასავლური ტრადიციის თანამედროვე ტენდენციების გაშუქებისა და კვლევისკენ, რელიგიური აზროვნების წინ წამოწევისა და მარქსისტული ჩარჩოს გარღვევისკენ თანამედროვე ანთროპოლოგიური მოძღვრებების წინ წამოწევის ფონზე. მის შემოქმედებაში შევხვდებით ქრისტიანულ თეოლოგიურ განაზრებებს (მაგალითად, ქრისტიანული პერსონალიზმის, ტრადიციის ბუნების შესახებ), კვლევებს ნეოპლატონური ტრადიციისა და ნეტარი ავგუსტინეს, მარტინ ჰაიდეგერის, კარლ იასპერსის, ალფრედ ნორთ უაიტჰედის, ერნსტ კასირერის, ჰანს-გეორგ გადამერის, მარტინ ბუბერის და მრავალთა სხვათა შესახებ.
გიორგი ცინცაძის რჩეული გამოქვეყნებული ნაშრომებია: „მათემატიკური ფსიქოლოგიის ფილოსოფიური საფუძვლების კრიტიკისათვის“ (1968 წ.); „გაგების მეთოდი ფილოსოფიაში და პიროვნების პრობლემა“ (1976 წ.); „პიროვნება, დრო, განწყობა“ (1981 წ.); „ადამიანი, ბუნება, ღმერთი“ (1991 წ.); „პიროვნება ბიბლიაში (ხორციელი ადამიანი)“ (1997 წ.) და სხვ.
წინამდებარე პუბლიკაცია მომზადდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით არქივში დაცული პროფესორ გიორგი ცინცაძის საარქივო მემკვიდრეობის ერთ-ერთ მასალაზე დაყრდნობით. პუბლიკაცია გამოსაცემად მოამზადა ამავე არქივის მკვლევარმა, ფილოსოფიის დოქტორმა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა. არქივის მიერ სამომავლოდაც იგეგმება გიორგი ცინცაძის სხვა გამოუქვეყნებელი ნაშრომების მომზადება დასაბეჭდად.
გიორგი ცინცაძე
ალფრედ ნორთ უაიტჰედი.
ძირითადი მონახაზი
სინამდვილის საფუძველია პროცესი. პროცესი არის ერთი ნამდვილი მოცემულობის გადასვლა მეორე მოცემულობისაკენ. ეს მოცემულობები არიან მომენტური, წამიერი ხდომილებები, რომლებიც უშუალოდ ქრებიან აღმოცენებაში. მათი აღმოცენება, მათი ამოსვლა არის მათი წასვლაც. წასვლა, გადასვლა ნიშნავს მომდევნო ხდომილებებში გადასვლას. ყოველი ამოსვლა-წასვლა არის წამიერი მოვლენა და ეს წამია დრო. ამიტომ დრო არის არა ერთიანი, უწყვეტი ნიაღვარი, არამედ დრო აღმოცენდება და არსებობს წვეთებში.
მაშასადამე, არსებობენ ცალკეული ნამდვილი ხდომილებები, იგივე ინდივიდუალობები (individuals). ეს ინდივიდუალური ხდომილებები შეიძლება გარეგანმა ჩარევამაც წარმოქმნას (მაგ., ომი, არჩევნები, ნადიმი). მაგრამ არიან ისეთი ხდომილებებიც, რომელთა ერთიანობა თვითონ მათგანვე მომდინარეობს. ესენია „აქტუალური ხდომილებები“ (actual occasions) ან „განცდათა ხდომილებები“ (occasions of experience).
აქედან, „ინდივიდი“ სინამდვილეში არის ინდივიდთა ჯამი; ადამიანის პერსონალური ეგზისტენცია არის განცდათა ხდომილებების „სოციუმი“, რომელიც „სერიებადაა მოწესრიგებული“.
ამგვარად, დრო, როგორც დროულობა, შედგება და იქმნება ხდომილებების გადასვლით ხდომილებებში. ესაა პროცესის ერთი სახე.
მაგრამ არსებობს პროცესის მეორე სახე. სახელდობრ, თითოეული ნამდვილი ცალკეული ხდომილება, რომლებიდანაც დროული პროცესი არსებობს, თვითონაც პროცესია - ამასთან, მისი საკუთარი წარმოქმნის წამის პროცესი. ესაა შერწყმა (concrescence), კონკრეტულად, გახდომა. მაშასადამე, განცდათა ცალკეული ხდომილებები წარმოადგენენ კონკრეტულად გახდომის პროცესებს. შერწყმის პროცესი არ არის გადასვლის პროცესი. იგია ნამდვილი ერთეული ხდომილების აღმოცენება ხდომილებათა შერწყმის მომენტში, წამში და, ამ აზრით, შერწყმის პროცესში დრო არ არსებობს. დრო ხომ არის ერთი ხდომილების გადასვლა მეორე, სხვა ხდომილებაში, ხოლო შერწყმა არის არა გადასვლა, არამედ იმის ამოსვლა, რაც უნდა წავიდეს. შერწყმა, ამიტომ, არის „მარადიული ახლა“, წამი, რომელიც უდროოა ამ აზრით.
ტკბობა (სიხარული). პროცესის ერთიანობები „განცდათა ერთიანობებია“ (occasions of experience). განცდათა ერთიანობების წარმოქმნა, შერწყმა ხასიათდება ტკბობით. ტკბობა (სიხარული) ყოველი პროცესული ერთიანობის თვისებაა, სულერთია, იქნება ეს ადამიანი თუ ელექტრონი. არ ტკბება მხოლოდ „არარაობრივი სინამდვილე“ (vacuous actuality, nichtige Wirklichkeit), რომელიც, ცხადია, არც არსებობს.
მიმართებითობა. ნამდვილი მოცემულობები (განცდილი ხდომილებები) წარმოადგენენ ერთეულ ხდომილებებს; ზუსტი აზრით, მათ არა აქვთ დროითი ხანიერობა; ისინი არსებობენ აღმოცენებასა და ქმნადობაში. ქმნადობის დამთავრებასთან ერთად ისინი წარსულის კუთვნილებად იქცევიან. მათი აღმოცენება-მომწიფება-გარდასვლა არის წამი, განცდა, რომელსაც ხანიერობა არა აქვს (განცდის „დრო“ არის წამი). დროული ხანიერობის მქონე საგნები (ელექტრონი, უჯრედი, მოლეკულა, ადამიანის სული და ა.შ.) ასეთი ერთეული განცდითი ხდომილებების თანმიმდევრობისგან შედგებიან.
მაგრამ განცდათა ერთეულობა და განსხვავებულობა არ ნიშნავს მათ დამოუკიდებლობასა და ერთმანეთისგან განცალკევებულობას. მომენტური განცდა „თავის არსში“ მიმართებაშია წინამავალ განცდასთან. იგი იწყება როგორც მიმართებათა მრავალფეროვნება და თავის ინდივიდუალობას აღწევს ამ მიმართებებზე თავისი რეაქციისა და მათი ერთიანობად შეკავშირების მეშვეობით. მიმართება პირველადია. სახეზე მყოფი განცდა აღიქვამს და გრძნობს წინამავალს და ამაშია მისი არსებობა. თითოეული განცდითი ხდომილება იწყება როგორც წარსულზე მიმართული ღია ფანჯარა, რომლითაც იგი აღიქვამს წინამავალ განცდებს. როცა განცდათა ნიაღვარი ფანჯარაში შემოიჭრება, ფანჯარა იხურება და იწყება მათი გადამუშავება. ამ პროცესის დამთავრებისთანავე ფანჯარა იხსნება ისევ და საწყისს იღებს ახალი განცდითი ხდომილება.
ინკარნაცია. აზრი, რომ ნამდვილი სამყაროს შემადგენელი ტკბობის პროცესები არსობრივად არიან ერთმანეთთან მიმართებაში (ურთიერთობაში), დაკავშირებულია იმ აზრთან, რომ ისინი იმყოფებიან ურთიერთმიმართებაში ინკარნაციის წესით. წარსული განცდები აწმყო განცდებში იძენენ სახეებს („გეშტალტებს“). წარსული განცდის აღქმა არის მისი თანაჩართვა, მისი შეტანა დღევანდელ განცდაში. ორ რამეს უნდა გაესვას ხაზი: 1. წარსული განცდა არ შედის მთლიანად აწმყო განცდაში; აღქმა შერჩევითია (selektiv); 2. წარსული განცდა აღიქმება არა როგორც განმცდელი; წარსული აწმყოშია როგორც განცდა, რომელიც იყო, განცდა, რომელიც იყო ტკბობა.
ეს ნიშნავს: წარსული განცდა აწმყოში არსებობს ობიექტურად. უაიტჰედი ამას უწოდებს წარსულის „ობიექტურ უკვდავებას“ (objective immortality). თითოეული განცდა არის მთელი წარსული უნივერსუმის შერჩევითი ინკარნაცია. წარსული არის იმის მთლიანობა, რაც ზეგავლენას ახდენს აწმყოზე, ხოლო მომავალი არის იმის მთლიანობა, რაც აწმყოს გავლენის ქვეშ იქმნება და იქნება. ამიტომ ჩვენს მოქმედებას რაღაც მოქმედება ექნება მომავლის მთლიანობაში; მომავლის ხდომილებები აუცილებლობით ჩაგვრთავენ ჩვენ თავიანთ თავში და მოქმედი მიზეზი, ე.ი. ერთი აქტუალობიდან მეორეზე მოქმედი მიზეზობრიობა ახალ აქტუალობაში შედის ინკარნაციის მეშვეობით. ამით მოციქული პავლეს დებულება „ჩვენ ერთი სხეულის ნაწილები (Glieder) ვართ“, მსოფლიო ჭეშმარიტებას იძენს.
ეს აზრი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი სამყაროში და რა მიმართებაა ღმერთსა და იესოს შორის.
შემოქმედებითი თვითგანსაზღვრა. ერთეულ ხდომილებას შემოსაზღვრავს მის შესაძლებლობებში წარსული. მაგრამ თუ როგორ მიემართება დღევანდელი სუბიექტი თავის წარსულს, როგორ სახეს მიიღებს მასში წარსულის განცდა და როგორ შეირწყმება მასში ახალ განცდად წარსულის განცდები, ეს განისაზღვრება არა წარსულით, არამედ აწმყო აქტუალობით: თითოეული აქტუალობა ნაწილობრივ არის თვითშექმნა; იმის შემდეგ, რაც გარემოს გავლენა ერთეულ განცდას დაბადებს, იგი თავის ეგზისტენციას, საკუთარ ყოფნას თვითონვე აკონტროლებს და გაასრულებს იმას, რაც სხვებმა დაიწყეს. ამით, ის, რაც დაიწყო მოქმედი მიზეზის პრინციპით, დასრულდება მიზან-მიზეზის პრინციპით. თითოეული განცდითი ხდომილების მიზანი კი არის ტკბობა, სიხარულის განცდა. ესაა თავისუფლების ნამდვილობა. თავისუფლება ესწრაფვის საკუთარი სიხარულის შექმნას და საკუთარი ყოფნით ტკბობა, სიხარული ჩადებულია სამყაროს საფუძველში. ეს საფუძველია ღმერთი.
ღმერთი, მაშასადამე, არის შემოქმედი, მაგრამ ისეთი შემოქმედი, რომელიც მოუწოდებს ყველა არსებულს საკუთარი ყოფნის შექმნისაკენ, თვითშექმნისაკენ: ყველაფერი თავისი ყოფნით უნდა ხარობდეს. ესაა ღმერთის მიზანი, რომელიც ცალკეულ არსებულთა მიზეზ-მიზანია (ცხადია, ესაა არისტოტელეს „ენტელექია“). ტკბობა არის ის ელემენტი, რომელშიაც მოცემულობა (განცდა) თავის ერთიანობას აღწევს. ეს მიზანმიმართული სწრაფვა ვერ გამოიყვანება წარსული სამყაროდან, რადგან იგია ერთადერთი ახალ ხდომილებაში; მას აქვს თავისი განუმეორებელი სახე. ხდომილება ირჩევს თავის „სუბიექტურ მიზანს“. თვითგანსაზღვრისაკენ კი მას უბიძგებს ღმერთი. ესაა „ბიძგის მიმცემი მიზანი“. ღმერთი არის ზეციური ეროსი, რომელსაც სამყარო მიჰყავს ტკბობის, სიხარულის ახალ-ახალი მწვერალებისაკენ.
ის ფაქტი, რომ ჩვენი ტკბობის ქვალიტეტი ნაწილობრივ ჩვენი მთელი გარემოსაგანაა დამოკიდებული, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ სხვათა გარემოს ქვალიტეტი. ესაა ე.წ. ეკოლოგიის პრობლემა: ჩვენ უნდა ვიზრუნოთ კარგ გარემოზე, რითაც იზრდება ტკბობის გაზრდის ალბათობაც. ამისაკენ გვიბიძგებს ჩვენ ღმერთი. მაგრამ ღმერთი არ გვაძალებს ჩვენ ვტკბებოდეთ. „საბოლოოდ, თვითონ ცალკეული განცდა განსაზღვრავს, ღმერთისა და სამყაროსგან წინასწარ მოცემულ შესაძლებელ საზღვრებში, თუ რა ტკბობა იქნება განხორციელებული“; ღმერთი მხოლოდ იძლევა „ბიძგის მიმცემ მიზანს“ (initial aim).
შემოქმედებითი თვითშექმნა (Selbstgestaltung). „თვითშექმნის, საკუთარი სახის („გეშტალტის“) შექმნის მიზანი უნივერსალურია“: ყველაფერი ესწრაფვის იყოს მომავალში, შემოქმედებითი წილი ჰქონდეს მომავალში.
სიახლე. შემოქმედებითი თვითგანსაზღვრა და თვითშექმნა, როგორც ვნახეთ, არ არის წარსულში უკვე განხორციელებული ელემენტთა ახლებური „გადაწყობა“ (umarrangieren); თვითშექმნაში ჩაერთვის, ასევე, ახალი, აქამდე ჯერ კიდევ არააქტუალიზირებული ელემენტები.
შესაძლებლობები, რომლებიც ადრე არ ყოფილან აქტუალიზირებულნი, მომდინარეობენ ღვთაებრივი განგებიდან: ღმერთის ერთ-ერთი ასპექტია წმინდა შესაძლებლობების „დასაბამითი ჭვრეტა“ (primordial envisagement). ამ ხედვის თავისებურებაა შესაძლებლობათა განხორციელებისაკენ სწრაფვა. ახალ შესაძლებლობათა განხორციელება ამრავლებს სამყაროში სიხარულს (ტკბობას) და სიახლის ელემენტი ზრდის დგომის ინტენსიობას.
მაშასადამე, ღვთაებრივი რეალობა არის სიახლის პირველსაფუძველი. ღმერთი არის, ცხადია, სამყაროს წესრიგის საფუძველი, მაგრამ ისეთი წესრიგისა, რომელშიაც ახალ-ახალი სიახლეები გასახოვნდებიან.
ღმერთთან მიმართება (Gottbezogenheit). ღმერთთან მიმართება უაიტჰედთან გააზრებულია როგორც უნივერსალური ფაქტი: სამყარო შედგება ცოცხალი, განცდითი ხდომილებებიდან და ღმერთი ყოველ რეალურ ხდომილებას უბიძგებს სიხარულისაკენ, თვითშექმნისა და თვითყოფნით ტკბობისაკენ; ყველაფერი გადადის ყველაფერში და ამ გადასვლის მიზეზია ღმერთი, რომელიც, ამიტომ, არის ყველაფერთან ერთად და ყველაფერში; იგი განხორციელებულია ყველაფერში. უაიტჰედს ამ დებულებიდან გამოყავს მიზეზისა და შედეგის ურთიერთმიმართების ის გაგება, რომლის მიხედვითაც მიზეზი მოცემულია, განხორციელებულია და სახეზეა შედეგში. ამით დაფუძნებულია ეკოლოგიური პრინციპი, საგანთა უნივერსალური ურთიერთდაკავშირებულობის პრინციპი და, ასევე, მიღწეულია იმის გააზრებაც, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი სამყაროში და, განსაკუთრებით, ღმერთის მიმართება იესოსთან. „ღმერთთან მიმართებაში ყოფნა კონსტიტუტიურია თითოეული განცდითი ხდომილებისათვის“.
ეს უაიტჰედთან არ გამორიცხავს თავისუფლებას. პირიქით, ღმერთის გარეშე საერთოდ ვერ იქნებოდა თავისუფლება; ღმერთისაგან დამოუკიდებელი სამყარო იქნებოდა განმეორებათა სამყარო, რომელიც ენტროპიის პრინციპის შესაბამისად წესრიგის სულ უფრო და უფრო მცირე ფორმებად დაიშლებოდა. ღმერთია ის, ვინც სამყაროში, შემოაქვს რა მასში ახალ-ახალი, ჯერ კიდევ განუხორციელებელი შესაძლებლობები, ქმნის თავისუფლებისა და თვითშექმნის შესაძლებლობას.
ღმერთთან მიმართებაში ყოფნის გაცნობიერება კი მოითხოვს განუწყვეტელ ტრანსფორმაციას წარსულიდან მიღებული შესაძლებლობებისა ახალ შესაძლებლობებში. ამას გვეუბნება და ამისაკენ მოგვიწოდებს ღმერთი, რეალობაში ყველაზე მოქმედი ძალა. ამიტომ „ნამდვილი კონსერვატული მიმართულია თვითონ უნივერსუმის ბუნების წინააღმდეგ“.