პროფ. ჯაკომო რინალდის (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი) ახალი კვლევითი პროექტი, რომელზე მუშაობაც პროფ. ნიკოლა ლოპერფიდოს (ურბინოს უნივერსიტეტი) ინიციატივით დაიწყო
ფერთა თეორია სამეცნიერო და ფილოსოფიური სამყაროს ყურადღების ცენტრში XVIII საუკუნეში მოექცა ისააკ ნიუტონის ცნობილი წიგნის „ოპტიკის“ (1704 წ.) წყალობით, რომელიც, მისი ფიზიკა-მათემატიკური აქცენტების გამო, ფრიად დაფასებული იყო განმანათლებელ მოაზროვნეთაგან. XIX საუკუნის დასაწყისში, თუმცა კი, ის აქტიურ წინააღმდეგობას წააწყდა ეპოქის რომანტიკული სულის მხრიდან, რომელიც, მაგალითად, გამუდმებით თავს იჩენდა იოჰან ვოლფგანგ ვონ გოეთეს (1749-1832 წწ.) სამეცნიერო შრომებსა და პოეზიაში. გოეთემ მონუმენტური თხზულება „ფერთა თეორია“ (Zur Farbenlehre, 1810 წ.) და სხვა, შედარებით ნაკლებად ცნობილი საბუნებისმეტყველო ნაშრომები დაწერა ნიუტონისეული ბუნების მექანიცისტური კონცეფციის გასაქარწყლებლად. აქ მან „თაურფენომენის“ (Urphänomen) საფუძველზე ორგანიცისტულ-პანთეისტური ხედვა წარმოადგინა. გერმანული იდეალიზმის უმნიშვნელოვანესმა წარმომადგენელმა, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელმა (1770-1831 წწ.) კი შემოგვთავაზა ფერთა ორიგინალური, კომპლექსური და ყოვლისმომცველი თეორია, რომელიც მისი „ბუნების ფილოსოფიის“ („ფილოსოფიური მეცნიერებების“ მისეული სისტემის მეორე ნაწილი) მეორე სეგმენტში ჩაურთო. თუმცა, XIX საუკუნის შუა წლებიდან ვიდრე დღემდე, მისი აბსოლუტური იდეალიზმის გავლენა შემცირდა და ადგილი დაუთმო სხვა ფილოსოფიურ მიმართულებებს, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ისტორიციზმია - კონცეფცია, რომლის თანახმადაც არ არსებობს მარადიული ჭეშმარიტება, იდეალები, ღირებულებები, არამედ ყოველი მათგანი ფარდობითია იმ შემთხვევით, დროებით სოციალურ სიტუაციებთან მიმართებით, რომლებშიც მათი საზრისები და მეთოდებია გადმოცემული იმ დროის ფილოსოფოსთა და მეცნიერთა მიერ. ამ ისტორიულ-შეფარდებით კონცეფციას ჩვენს საუკუნეში მხურვალე მიმდევარი გამოუჩნდა ფრანგი სოციოლოგის, მიშელ პასტუროს (დაბ. 1947 წ.) სახით, რომელმაც ის ფერთა საკითხთან მიმართებით გამოიყენა, რასაც საგანგებო ტომეულებიც მიუძღვნა - ერთი ლურჯ ფერს ეხება, მეორე შავს (რომელსაც ის მცდარად მიიჩნევს ფერად მაშინ, როცა ეს ასე არ არის!), მესამე კი მწვანეს („მწვანე. ფერის ისტორია“, Vert. Histoire d’une couleur, Paris: Seuil, 2013). ეს პასტუროს სწორედ ის წიგნია, რომელსაც ჩემს კვლევით პროექტში განვიხილავ, კანტისა და ჰეგელის მთავარ ნაშრომთა და თანამედროვე ფილოსოფიაში ზემოხსენებულის მიმდევართა ნააზრევის გვერდით.
ამ არჩევანის მიზეზი ჩემი კვლევითი პროექტის მიზანში ძევს - სახელდობრ (ფერთა თეორიის ჭრილში) ამ ურთიერთწინააღმდეგობრივი ეპისტემოლოგიური მიმართულებების, ისტორიციზმისა და იდეალიზმის შინაგანი თანმიმდევრულობის, ყოვლისმომცველობის და ჭეშმარიტების შედარებაში - პირველის (ისტორიციზმის) წარმომადგენლად პასტუროს მიჩნევითა და მეორის (იდეალიზმის) უმნიშვნელოვანეს ფილოსოფოსად ჰეგელის წარმოდგენით; ასევე, ორივე მათგანის იმანენტური კრიტიკის საფუძველზე, ამ პოზიციათა შორის მართებულობა-სიმცდარის საკითხის გადაჭრაში. პირველადი მდგომარეობით, ეს ტექსტი შეიცავს შესავალს, დასკვნას და შემდეგ ოთხ თავს: (1) მიშელ პასტუროს სოციალური ისტორიციზმი; (2) ფილოსოფიის იდეა ჰეგელთან; (3) ჰეგელის ბუნებისმეცნიერების სტრუქტურა; (4) ჰეგელის ფერთა თეორია. ეს უკანასკნელი თავი დაყოფილია შემდეგ ოთხ ქვეთავად: 1. ჰეგელის ფერთა თეორიის საბუნებისმეტყველო-ფილოსოფიური წანამძღვრები; 2. ფერის ბუნება; 3. ჰეგელის პოლემიკა ნიუტონის ოპტიკის წინააღმდეგ; 4. ფერის მატერიალიზაცია.
პასტუროს წიგნის ჩემეულ კრიტიკაში ხაზგასმულია მისი იმ ამოსავალი დებულების გადაულახავი წინააღმდეგობრიობა, რომლის თანახმადაც რეალობა, ფერების ჩათვლით, სრულებით გარდაიქმნება „სოციალურ ფაქტებად“, რომ ისინი ადამიანური ცოდნისთვის დამახასიათებელი ობიექტებია. როგორც ფაქტები, ისინი სასრული, შემთხვევითი, ხრწნადი არსებია, რომლებიც გამოსროლილია დროისა და სივრცის გარეგანობაში და, როგორც ასეთი, მათ დაკარგული აქვთ უნივერსალურობა და შინაგანი აუცილებლობა, რომლებიც ჭეშმარიტების ნიშნებია. მეორე მხრივ, „სოციალურად“ სახელდება გულისხმობს, რომ მათ მივმართავთ იმ ურიცხვ ინდივიდთა სუბიექტური მოსაზრებების (ე.წ. „საზოგადო აზრი“) იგივეობრივად, რომელთა ურთიერთთანხმობაში მყოფი სრული უმრავლესობაც შორს არის ობიექტური, აბსოლუტური ჭეშმარიტებისგან. პასტურო კი, ფაქტია, რომ უბრალოდ უარყოფს ამგვარი ჭეშმარიტების არსებობას და, ამგვარად, ებმება რელატივისტური სუბიექტივიზმის ხაფანგში. თუმცა, ფერთა მიუკერძოებელ თეორიას ადვილად შეუძლია გვაჩვენოს საპირისპიროთა არსებობა, რომლებიც არა ისტორიულად ან სუბიექტურად ცალმხრივი და შემთხვევითი, არამედ უნივერსალური და აუცილებელია, რამდენადაც „ყოველი ფერი განშლილია“. პასტუროს სოციალურ ისტორიციზმში არანაკლებ მცდარია დებულება, რომ ფერები, როგორც უბრალო სოციალური ფაქტები, არც (ბუნებრივი) არსებია, არც „სინათლის ფრაგმენტები“ და არც შეგრძნობადნი არიან; თუმცა კი, ისინი ერთდროულად ყოველი ზემოჩამოთვლილია: აქვთ რა მატერიალური სუბსტრატი, პიგმენტი, ისინი ფიზიკური ბუნების ნაწილია; როგორც სინათლისა და სიბნელის დიალექტიკური ერთობა, ისინი შინაგანად მიემართებიან აბსტრაქტულ, საწყისისეულ მზის სინათლეს; როგორც ადამიანური გამოცდილების ობიექტი, ისინი არსობრივად უკავშირდებიან ხედვის შეგრძნებას. გარდა ამისა, პასტურო დაჟინებით ამტკიცებს, რომ თეთრი და შავი ფერებია, რაც მცდარია - პირველი სხვა არაფერია, თუ არა სინათლის (რომელიც, როგორც ასეთი, უხილავია) ობიექტივაცია და, მაშასადამე, ხილვადობა, მეორე კი უბრალოდ სინათლისა და ხილვადობის ნაკლებობაა.
კვლევის მეორე თავი ჰეგელის ფილოსოფიის პრინციპთა შეჯამებას ეძღვნება, რაც მისი ფერთა თეორიის გასაგებად აუცილებელია. ჰეგელის თანახმად, არის მხოლოდ ერთი რეალობა - აბსოლუტური იდეა - რომელიც აბსოლუტურ თვითცნობიერებამდე მიდის როგორც აბსოლუტური სული: „რაც კი რჩება, შეცდომა, ბუნდოვანება, მოსაზრება, სწრაფვა, თვითნებობა და არამდგრადობაა; მარტოოდენ აბსოლუტური იდეაა არსი, უხრწნელი სიცოცხლე, თვით-შემმეცნებელი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტების მთლიანობა“; „აბსოლუტი სულია; ეს აბსოლუტის უმაღლესი განსაზღვრებაა. ამ განსაზღვრების აღმოჩენა და მისი საზრისის გაგება, შეიძლება ითქვას, ყოველი კულტურისა და ფილოსოფიის საყოველთაო ტენდენცია იყო. აქეთ ისწრაფოდა ყველა რელიგია და მეცნიერება. მხოლოდ ამ მუხტის ჭრილში შეიძლება გავიგოთ მსოფლიოს ისტორია“. „მარადიული იდეა, როგორც თავის თავში და თავისთვის მყოფი, მარადიულად განაახლებს, წარმოქმნის, ტკბება საკუთარი თავით როგორც აბსოლუტური სული“.
აბსოლუტურ იდეას ოთხი ძირითადი მახასიათებელი აქვს: უნივერსალურობა, აუცილებლობა, პროცესი და სისტემური (ან არსობრივი) მთლიანობა. ჰეგელი იდეის უნივერსალურობას მკვეთრად უპირისპირებს მის ფორმალურ ლოგიკას: თუ უკანასკნელი კონცეპტის აბსტრაქტული თვით-იდენტობაა, რომელიც მოკლებულია რაიმე შინაგან მიმართებას მისდამი შესაძლო დაქვემდებარებულ ნაწილებთან, პირველი კონკრეტული იდენტობაა, რომელიც შინაგან მიმართებაში დგას მის შემადგენელ ნაწილებთან, რომელთა გარეგანობასაც უარყოფს და, მათი იდეალიზებით, აერთიანებს საკუთარ თავში როგორც მისი იმანენტური თვით-განვითარების აუცილებელ საფეხურებს. მსგავსადვეა ვითარება აბსოლუტური იდეის აუცილებლობის შემთხვევაშიც. ის შინაგანი აუცილებლობაა, რომელიც რადიკალურად უპირისპირდება მექანიციზმის გარეგან აუცილებლობას - რაც წარმოდგენილია კანტის გამოცდილების (როგორც დროის მდინარებისას გრძნობადი ფაქტების ურთიერთმიმართების) მეორე ანალოგიაში - ისე, რომ მიზეზი და შედეგი მასში არსობრივად სხვაობენ. ისევე, როგორც ეს სპინოზას causa sui-ის შემთხვევაში იყო, აბსოლუტური იდეის შინაგანი აუცილებლობა, საპირისპიროდ, მიზეზობრიობის შემკვრელი რგოლია, რომელშიც მიზეზი მისი შედეგის იდენტურია, ის სხვა არაფერია, თუ არა მისი საწყისისეული აბსტრაქტული (სუბიექტური) თვით-იდენტობის სრული აქტუალიზება. რადგანაც აუცილებლობა ცხადად შინაგანად ტელეოლოგიური პროცესია, ჩვენ თავისთავად გადავდივართ აბსოლუტური იდეის მესამე მახასიათებელზე, მის დინამიკურ ხასიათზე. თუკი ძველი მეტაფიზიკა აბსოლუტს ან ღვთაებრივს განიხილავდა აბსტრაქტულად თვით-იდენტურ, სტატიკურ, უძრავ ერთეულად (res) და ამტკიცებდა, რომ გახდომა, პროცესი, თვითგანვითარება ყოველივეს შემთხვევითი და ხრწნადი საგნების ამქვეყნიურ სფეროში აქვეითებს, ჰეგელი, საპირისპიროდ, ამტკიცებს, რომ აბსოლუტური იდეის შინაგანად ტელეოლოგიური თვით-განვითარება, მეტადრე, პროცესია, რომელიც მის საწყისისეულ თვით-იდენტობას ანაწევრებს, ასხვავებს საფეხურთა თანმიმდევრობად (Stufenfolge), ე.ი. იერარქიულ წყობად სულ უფრო მეტად სრულყოფილი თვით-განსაზღვრებებისა, რომლებიც თავის მწვერვალს აღწევენ აბსოლუტურ შედეგში; ეს შედეგი კი ყოველ მათგანს მოიცავს თავის არსობრივ, სისტემურ მთლიანობაში როგორც თვით-განსაზღვრებებს, რომლებშიც ის საკუთარ თავზე მიუთითებს: totus in toto et in qualibet parte („მთელი მთლიანობასა და ყოველ ნაწილში“).
აქედან გამომდინარე, რეალობა არის აბსოლუტური იდეა, რომელიც სისტემური მთელია; ის ცხადად აჩვენებს, რომ ფილოსოფია, მისი ობიექტის ადეკვატური გაგების კვალდაკვალ, უნდა იყოს სისტემური მეცნიერება, რომელიც მოძრაობს სამეცნიერო დისციპლინათა სიმრავლეში, სამ ძირითად მიმართულებად რომ შეგვიძლია გავაერთიანოთ: სპეკულატური ლოგიკა, ბუნების ფილოსოფია და სულის ფილოსოფია. მათგან მეორე და მესამე თავის ობიექტურ ვალიდურობას (მათ მიერ მოხსნილი ემპირიული მატერიის გამოკლებით) იღებს პირველისგან, რომელიც, ამგვარად, ჰეგელის მთელი ფილოსოფიის და მისი ჭეშმარიტების გასაგებად თეორიული გასაღებია. აქედანვე, როგორც მოსალოდნელია, იღებს სათავეს მისი ფერთა თეორიაც, რომელიც წარმოდგენილია ბუნების ფილოსოფიაში, რისი ძირითადი საზრისის წარმოჩენასაც მესამე თავი მივუძღვენით.
ჰეგელი ბუნების არსის განსაზღვრებას შემდეგნაირად იწყებს - „იდეა სხვად-ყოფნის ფორმაში“ - რაც ფრიად გამომწვევად ჩანს ბუნების ფილოსოფიის შესაძლებლობის საწყისშივე; რადგანაც, ერთი მხრივ, სული, როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, მთლიანი რეალობაა. მეორე მხრივ, რაღაცის „სხვა“ არის ამ რაღაცის უარყოფა, მისი არსების, რეალობის ჩახშობა. როგორც თავად ჰეგელი ამბობს, ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსები, რომლებმაც მატერია, ბუნების საფუძველმდებარე კატეგორია განსაზღვრეს როგორც non-ens (არარსი), სრულებით მართლები იყვნენ: ეს ნიშნავს, რომ ბუნება მის მთლიანობაში უფრო წარმოსახვას, ილუზიას უიგივდება, ვიდრე აქტუალობას, გამოვლენას, რეალობას. ფაქტია, თავად ჰეგელმა ერთხედ ღიად განაცხადა, რომ ბუნება „გადაუჭრელ წინაარმდეგობათა ერთიანობაა“, რომელიც გადაწყდება მხოლოდ სულის უმაღლეს სფეროში. ბუნების, ორგანული სიცოცხლის უმაღლეს კატეგორიასაც კი არ შეუძლია გადაჭრას ბუნების თვით-დაპირისპირებულობა, რადგანაც, თუკი მართებულია, რომ ცოცხალი ინდივიდი შინაგანად ტელეოლოგიური, ნამდვილად არსებული რეალობაა, ისიც სწორია, რომ მის დაბადებაში შეუქცევადად ძევს მისი სიკვდილის მომენტიც. ამ ჭრილში ჩვენ მართებულად გავიკვირვებთ: თუკი ფილოსოფია აბსოლუტური რეალობის, აბსოლუტური იდეის შესახებ მეცნიერებაა, და თუკი ბუნება უბრალოდ ილუზორული არარსია, რამდენად შეგვიძლია თანმიმდევრულად განვიხილოთ ბუნების ფილოსოფია? არის რეალობა და ბუნება წინააღმდეგობრივი ცნებები, რომლებიც ერთმანეთს გამორიცხავენ? როგორ და რატომ უნდა გაერთიანდნენ ისინი ერთ ფილოსოფიურ დისციპლინაში? ამ რთულ კითხვებზე ჰეგელის პასუხი მდგომარეობს იდეის პროცესის, ან თვითგანვითარების ზემოხსენებულ კონცეპტში. პროცესი გახდომაა, გახდომა კი არსის არარსში, და, პირიქით, არარსის არსში გადასვლაა; ამგვარად ორი ურთიერთსაწინააღმდეგო კონცეპტი ერთიანდება. ამ ერთობიდან კი გამოდის აბსოლუტური იდეის თვითგანვითარების მთელი სისტემა. ჰეგელი, აქედან გამომდინარე, ფორმალური ლოგიკის ტრადიციულ კანონს, საწინააღმდეგოთა პრინციპს დაპირისპირებულთა დიალექტიკური ერთობის (coincidentia oppositorum) პრინციპით ანაცვლებს. ამის საფუძველზე არ ძალგვიძს ვიაზროვნოთ არსის შესახებ, ამავდროულად, არარსის აღქმის გარეშე. არ შეგვიძლია ვიცოდეთ ჭეშმარიტება და სიკეთე, ამავდროულად, ცდომილებისა და ბოროტების გამოცდილების გარეშე. ანალოგიურად, შეუძლებელია განვავითაროთ რეალობის, როგორც აბსოლუტური იდეისა და სულის სისტემური კონცეფცია ბუნების არსში ღრმად შესვლის გარეშე - ბუნების, რომელიც არ არის აბსოლუტური რეალობა, მაგრამ არც აბსოლუტური არარაა, არამედ მეტადრე, ის აბსოლუტური იდეის ერთგვარი „რეფლექსიაა“, არა რაღაც საწყისისეული, არამედ - როგორც ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსები ამბობდნენ - უბრალოდ მისი „ხატება“.
ბუნების არარეალურ სფეროში აბსოლუტური იდეის პროცესი ახალ მიმართულებას იძენს სამ თანმიმდევრულ, იერარქიულ საფეხურში: მექანიკაში, ფიზიკასა და ორგანულ ფიზიკაში. პირველი ბუნების რაოდენობრივ განსაზღვრებას ეხება, მეორე იმ მახასიათებლებს, რომელთაც ჩვენს კვლევასთან დაკავშირებული ფენომენებიც (სინათლე და ფერები) განეკუთვნება, მესამე კი სიცოცხლის განსხვავებულ ფორმებს ეხება.
მეოთხე თავში ჰეგელის ფერთა თეორიაზეა საუბარი. ფერები სინათლის აბსტრაქტული, არამატერიალური თვით-იდენტობის და მისი საპირისპიროს, სიბნელის ერთობაა. ის თანამოქმედებს ქსოვილის შრეში, რომელში სინათლის გავლისას ბნელ უკანა მხარეს ხვდება და განასხვავებს თავის აბსტრაქტულ თვით-იდენტობას ოთხ ძირითად ფერში - ყვითელში, ლურჯში, წითელსა და მწვანეში - რომელთაც განაცალკევებს მეორადი ან ნაწარმოები ფერებისგან (როგორებიცაა, მაგალითად, იისფერი და ნარინჯისფერი). მათი აუცილებლობის დამტკიცებას ის, ამ პერიფერიულ კონტექსტშიც კი, დიალექტიკური მეთოდის მიყენებით ცდილობს: ყვითელი ფერის არსის უშუალო თვით-დამდგენელია, ლურჯი მისი არანაკლებ უშუალო თვით-უარყოფაა, წითელი ყვითელისა და ლურჯის აქტიური შუამავალია, მწვანე კი მათი ნეიტრალიზაციაა. ცხად მოცემულობას, რომ დიალექტიკური პროცესი აუცილებლობით სამ საფეხურს მოიცავს (აქ კი საფუძველმდებარე ფერების ოთხეულს ვხვდებით), ჰეგელი იდეის შინაგანობასა და ბუნების გარეგანობას შორის სხვაობით პასუხობს. თუკი პირველ შემთხვევაში დიალექტიკური მეთოდის მეორე, უარყოფით-რაციონალური მომენტი თავის საპირისპიროებს მარტივი ერთობის მეშვეობით უკავშირდება და შედეგიც სრულყოფილი ტრიადაა, მეორეში ეს განსაზღვრებები განცალკევებულნი არიან ერთმანეთისგან, ისინი გარეგანი არსებულებია - წითელი, როგორც საპირისპიროთა აქტიური მოსაშუალე, „სამეფო ფერი“, და მწვანე, მათი ნეიტრალიზაცია, უმწიფარ მცენარეთა ფერი. ეს ფერები ობიექტური, მატერიალური ერთეულების თვისებებია, თუმცა, ამავდროულად, ისინი შეგრძნებადია, სუბიექტური გონების მდგომარეობებია და, ამგვარად, მათ აქვთ გარკვეული სიმბოლური მნიშვნელობა.
ამ ჰეგელიანური თეორიის თანახმად, მაშასადამე, ა) სინათლე არამატერიალურია, არსის აბსტრაქტული იდენტობის რეფლექსიაა ბუნებაში და, ამგვარად, საწყისისეულად, მატერიალურ ნაწილებსა თუ ტალღებში დაუნაწევრებელია; ბ) ფერები ვერ იქნებიან შუა და უკანა მხარეს მყოფი სიბნელის გარეშე; გ) საფუძველმდებარე ფერები ისინია, რომლებიც „ფერთა ოთხეულში“ შედიან. იმთავითვე ცხადია, რომ ზემოთქმული ეწინააღმდეგება ნიუტონის ცნობილ და გავლენიან მოსაზრებას, რომლის თანახმადაც: 1. სინათლე ფერების მატარებელი ნაწილების მამოძრავებელია; 2. ფერები საწყისისეული რეალობებია, სადაც სინათლე არ არის; 3. სიბნელე არავითარ როლს არ ასრულებს ფერთა წარმოქმნაში; 4. საფუძველმდებარე ფერები შვიდია: იისფერი, ცისფერი, ლურჯი, წითელი, მწვანე, ნარინჯისფერი და ყვითელი; 5. ფერები შესაძლებელია მათემატიკური განხილვის საგანი გახდეს. მაშასადამე, ჰეგელი ნიუტონის თეორიის მძაფრ კრიტიკას ახორციელებს, სადაც მის ყველა ასპექტს არა მხოლოდ დიალექტიკური აზროვნებით, არამედ იმ ექსპერიმენტული სიცხადითაც აქარწყლებს, რომელთაც ის გოეთეს Farbenlehre-ს, მის სხვა საბუნებისმეტყველო ნაშრომებს და თავის პირად გამოცდილებას დაესესხა.
ჰეგელის ამ თეორიის საზრისი და ღირსება ჩემთვის იმის მაჩვენებელია, რომ სპეკულატური ფილოსოფიის ყოვლისმომცველ იდეალიზმს შეუძლია გაუმკლავდეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მრავალმხრივ, თეორიულ პრობლემებსაც.
ქართულად თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა