ჯაკომო რინალდი - „შემეცნების ზოგადი თეორია“ (Giacomo Rinaldi, Teoria generale della conoscenza) Schriftenreihe “Filosofia”, Bd. 3, IPS Edizioni, Mazara del Vallo (TP). ISBN 978-1-326-83886-7
ამ წიგნში ჯაკომო რინალდი მიზნად ისახავს ცოდნის იმგვარი სისტემური თეორიის წარმოდგენას, რომელიც თავად ამ თეორიის ძირითადი პრინციპის განხილვიდან გამომდინარეობს. ეს პრინციპი აზროვნების აქტის აბსოლუტურ რეფლექსიასთან ანუ სულის უსასრულო თვითცნობიერებასთან იდენტიფიცირებაში მდგომარეობს. ავტორი სულის იმანენტურ განვითარებასა და ფენომენოლოგიურ რეალიზებას სამ ბაზისურ საფეხურად ყოფს, რაც, თავის მხრივ, ამ წიგნის სამი ძირითადი ნაწილის საკვლევ საგანს წარმოადგენს. ესენია: გრძნობადი აღქმის ფენომენოლოგია, ენის ფილოსოფია და ტრანსცენდენტალური ანუ სპეკულატური ლოგიკა. მხოლოდ ამ უკანასკნელში (და არა შემეცნების წინა ორ ფორმაში!) აღწევს აზროვნების აქტი რეალობის ბუნების ადეკვატურ გაგებას, რაც თავად თვითცნობიერი აზრის უსასრულო აქტუალობას ემთხვევა, რომლის აბსოლუტურ ჭეშმარიტებასაც ავტორი დიალექტიკურად ამტკიცებს - დაპირისპირებული თეორიული პერსპექტივების (თანამედროვე ფილოსოფიასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში რომ გაბატონებულა!) სიღრმისეული განხილვისა და უარყოფის გზით.
წიგნის ავტორი თავის მსჯელობას წარმართავს ედმუნდ ჰუსერლის „ტრანსცენდენტალური ფენომენოლოგიის“ წინააღმდეგ, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ დაწვრილებით განმარტავს და აღწერს „საღი აზრის“ ეპისტემოლოგიურ საზრისს, მაინც იხლართება გადაულახავ წინააღმდეგობებში, რამდენადაც მოითხოვს ადამიანური ცნობიერების ბუნებისადმი ტრანსცენდენტალურ-იდეალისტური მიდგომის დაფუძნებას გრძნობადი აღქმის საწყისისეული „სიცხადის“ სრულიად მცდარ პრინციპზე. ფერდინანდ დე სოსიურის ლინგვისტური სტრუქტურალიზმის მიდგომებისა და ჟაკ დერიდას დეკონსტრუქციონიზმის კრიტიკული და, საბოლოო ჯამში, საკუთარი თავის გამანადგურებელი და თვითწინააღმდეგობრივი მცდელობების (საზრისის იდეალური მნიშვნელობის ნიშნების გრძნობად, დროით და შემთხვევითი სიმრავლით ჩანაცვლება რომ სწადია!) საპირისპიროდ - ავტორი ხაზგასმით ამბობს, რომ ენის ბუნების ამგვარ ხედვას გარდაუვალად მივყავართ ყოველი სახის ჭეშმარიტების მეცნიერული ან ფილოსოფიური შემეცნების შესაძლებლობის დესტრუქციამდე. ამის საპირისპიროდ, ჯ. რინალდი საგანგებოდ აღნიშნავს ენის ფილოსოფიის გერმანელი წარმომადგენლის, ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის დამსახურებას, რამდენადაც მას ჰქონდა მართებული მიდგომა ენის ბუნებისადმი. იგი უპირატესობას ანიჭებდა მნიშვნელობის იდეალურ ერთიანობას გრძნობადი გამოხატვის წინაშე და სიღრმისეულად ესმოდა ის, ვითარცა „სულის“ არსებითი ფორმა და ქმნილება. რაც შეეხება ლოგიკის იდეასა და მის ისტორიულ რეალიზებას, ამასთან დაკავშირებით წიგნის ავტორი დეტალურად განიხილავს არისტოტელეს მოძღვრებას, რომელიც, ამ საკითხისადმი დახვეწილი მიდგომების მიუხედავად, წინააღმდეგობასაც შეიცავს, კერძოდ, ის აბსტრაჰირდება ყოველგვარი ონტოლოგიური წანამძღვრებისგან, ხოლო თავის სიღრმისეულ ეპისტემოლოგიურ წიაღსვლებში (მაგალითად, „აპოდიქტურ სილოგიზმისა“ და „ოქროს შუალედის“ შესახებ მოძღვრებებში) კი კვლავაც იყენებს და ავითარებს მათ.
აქედან გამომდინარე, წიგნის ავტორი სრულად იზიარებს ჰეგელის ხედვას, რომ ფორმალურ ლოგიკას არისტოტელეს შემდგომ (ვიდრე კანტამდე!) არ განუცდია მნიშვნელოვანი პროგრესი და ეს ასეა თანამედროვეობაშიც - სიმბოლური და მათემატიკური ლოგიკის შემთხვევაშიც (გოტლობ ფრეგედან ბერტრან რასელამდე). ამის შედეგად, ჯ. რინალდი მიუთითებს, რომ ლოგიკური აზროვნების ამ აბსტრაქტული, ფორმალური თეორიების სირთულეთა დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტა დღესაც კი მხოლოდ ჰეგელის სპეკულატურ ლოგიკაშია შესაძლებელი. ის აუცილებლობით ემთხვევა შემეცნების ნებისმიერი შესაძლო თეორიის ადეკვატურ დაფუძნებას, რამდენადაც ადამიანური შემეცნების მიერ საბოლოო ჭეშმარიტების დადგენა მხოლოდ ლოგიკური აზროვნების მიერ ხდება. თუმცა, ამავე ჭრილში, წიგნის ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ იოჰან გოტლიბ ფიხტემ თავის ლექციებში „ლოგიკის ფილოსოფიასთან ან ტრანსცენდენტალურ ლოგიკასთან მიმართების შესახებ“ (მან ეს ლექციები 1812 წელს წაიკითხა ბერლინის უნივერსიტეტში, თუმცა კი, ისინი მის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა!), ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ლოგიკური აზროვნების განვითარებაში, რომელიც ჰეგელისეულ განაზრებებს ამ კუთხით არ ჩამოუვარდება.