საერთაშორისო სამეცნიერო კრებული „განმანათლებლობა - ჰეგელი - ფორმერცი. მოგზაურობა იდეების ისტორიაში“ გვთავაზობს შთამბეჭდავ გზას იდეების ისტორიის უმდიდრეს სამყაროში - დაწყებული XVIII საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით. ეს გამოცემა ეძღვნება ცნობილ ევროპელ ფილოსოფოსსა და იდეების ისტორიკოსს, ნორბერტ ვასცეკს და მასში თავმოყრილია დარგის ცნობილი სპეციალისტების 21 სტატია ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე. კრებულის თემატური სპექტრი უაღრესად მრავალფეროვანია და ეხება გერმანული და შოტლანდიური განმანათლებლობის წარმომადგენლებს, გ. ვ. ფ. ჰეგელისა და ჰ. ჰაინეს შემოქმედების ანალიზს, ასევ XIX-XX საუკუნეთა მნიშვნელოვანი ფილოსოფიური ტექსტების ინტერპრეტაციას. მეტად შთამბეჭდავია კრებულის ავტორთა შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ფილოსოფიისა და იდეების ისტორიის ფრანგ, გერმანელ, ბრიტანელ, ამერიკელ, კანადელ, ავსტრალიელ და ა.შ. მკვლევართა ჯგუფს. კრებულში საგანგებო სტატია ეძღვნება თავად ნორბერტ ვასცეკის, როგორც განმანათლებლობის, ჰეგელის სკოლისა და იდეების ისტორიის მკვლევრის მოღვაწეობისა და შემოქმედების ანალიზსა და შეფასებას. კრებულის დასასრულს მოცემულია ნორბერტ ვასცეკის ვრცელი ბიბლიოგრაფია, რომელიც თვალსაჩინოდ წარმოაჩენს მისი სამეცნიერო-კვლევითი ინტერესების სფეროსა და მდიდარი შემოქმედების ფართო სპექტრს.
ბიბლიოგრაფიული მონაცემები: Aufklärung – Hegel – Vormärz. Reisen in die Ideengeschichte. Eine Festschrift für Norbert Waszek. Herausgegeben von Stephanie Baumann und Marie-Ange Maillet. Baden-Baden: Verlag Karl Alber/Nomos Verlagsgesellschaft, 2024, 504 S., geb., 124,– €. ISBN 978-3-495-99384-2
ნორბერტ ვასცეკი 2003-2022 წლებში იყო სორბონის უნივერსიტეტის იდეების ისტორიის პროფესორი. ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში შეტანილი საგანგებო წვლილისთვის, 2019 წლის 17 ივლისს, პროფ. ვასცეკს ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევრის წოდება მიენიჭა. ვრცლად იხილეთ შემდეგი ვებ-გვერდები:
https://ngu.edu.ge/research/kavkasiuri-filosofiisa-da-teologiis-sametsniero-kvleviti-arkivi