ფაქტი და ფორმა

ფაქტი და ფორმა

10.09.2020

ალფრედ ნორთ უაითჰედი (1861-1946 წწ.) ცნობილი ინგლისელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსია; მოღვაწეობდა კემბრიჯის, ლონდონის, ჰარვარდის უნივერსიტეტებში. მის ერთ-ერთ ცნობილ ნაშრომს წარმოადგენს Principia mathematica („მათემატიკის საფუძვლები“, 3 ტომად, კემბრიჯი, 1912-1913 წწ.), რომელიც თავის მოწაფესთან, ბერტრან რასელთან ერთად შეასრულა. მოცემული ნაშრომი ლოგიციზმისა და ტიპების თეორიის საფუძვლად იქცა. გარდა ამისა, აღსანიშნავია უაითჰედის პროცესის ფილოსოფიაში გამოვლენილი პლატონური მოძღვრების ინტერპრეტაცია. იგი თავის ნაშრომებში განიხილავს მეტაფიზიკის, შემეცნების თეორიისა და ფილოსოფიის სხვა მნიშვნელოვან დარგთა ისეთ აქტუალურ საკითხებს და კატეგორიებს, როგორიცაა რეალობა, აღქმა, ევოლუცია, ღირებულება და ა.შ. საგულისხმოა მისი თეოლოგიური განაზრებებიც, სადაც ღმერთი პროცესის თეოლოგიის დაკვირვების ობიექტად გვევლინება. უაითჰედის მთავარი ნაშრომებია: „შესავალი მათემატიკაში“ (კემბრიჯი, 1911 წ.), „ბუნების კონცეფცია“ (კემბრიჯი, 1920 წ.), „მეცნიერება და თანამედროვე სამყარო“ (ნიუ-იორკი, 1925 წ.), „რელიგია ქმნადობის პროცესში“ (ნიუ-იორკი, 1926 წ.), „პროცესი და რეალობა“ (ნიუ-იორკი, 1929 წ.) და სხვ.

ალფრედ ნორთ უაითჰედის აქ წარმოდგენილი ქართული თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემიდან: A. N. Whitehead, Process and Reality, An Essay in Cosmology, NY: The Free Press, 1978, გვ. 39-42.

ქართულად თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა

ყოველმა ადამიანურმა განსჯამ, თუკი ის საკუთარი დებულებების ჭეშმარიტებაზე აცხადებს პრეტენზიას, ფაქტებს უნდა მოუხმოს. ფილოსოფიას არცერთ თავის განშტოებაში არ ძალუძს ამ კანონისგან გათავისუფლება მოითხოვოს. მეტიც, ფილოსოფიის შემთხვევაში სირთულე კიდევ უფრო იზრდება, რადგანაც ფაქტების ჩაწერა ზოგ შემთხვევაში ბუნდოვნადაა მიმოფანტული ცივილიზებული ენისა და ლიტერატურის განსხვავებულ ლინგვისტურ გამოვლინებებში, ზოგ შემთხვევაში კი უფრო ზუსტად მეცნიერებასა და ფილოსოფიაში გავრცელებული აზრობრივი სქემების გავლენის ქვეშ ვლინდება.

ამ ლექციების მეორე ნაწილში აზრობრივი სქემა, რომელიც ორგანიზმის ფილოსოფიის საფუძველია, დაპირისპირებულია იმ ფაქტების მრავალგვარ ინტერპრეტაციასთან, რომელიც ევროპულ ტრადიციაში ლიტერატურული, ფილოსოფიური და მეცნიერული გზით ფართოდ არის მიღებული; ფილოსოფიასთან მიმართებით ხომ მხოლოდ აღნიშნული ჯგუფი შეიძლება იყოს ნახსენები. ეს ურთიერთგამიჯნული ფილოსოფოსების ინტერპრეტაციათა ბუნდოვან თანხმობაში მოყვანის იძულებითი მცდელობა როდია. მნიშვნელოვანია, რომ აქ მიღებული ინტერპრეტაციის სქემას მისი ყოველი ძირითადი პოზიციის გასამყარებლად შეუძლია მოიხმოს აზროვნების რომელიმე დიდოსტატის - პლატონის, არისტოტელეს, დეკარტის, ლოკის, ჰიუმის, კანტის - ავტორიტეტი. თუმცა კი, საბოლოოდ, არაფერი ჰგიებს ავტორიტეტზე. მოხმობის საბოლოო განმსჯელი შინაგანი გონივრულობაა.

ევროპული ფილოსოფიური ტრადიციის სანდო და უმთავრესი დახასიათება ამგვარად ჟღერს: ის პლატონზე გაკეთებულ შენიშვნათა რიგისგან შედგება; აქ არ ვგულისხმობ სისტემურ აზრობრივ სქემებს, რომლებიც მეცნიერებმა დაეჭვებით ამოიღეს მისი ნაწერებიდან. მე მივუთითებ მათი მეშვეობით მიმოფანტული მთავარი იდეების საგანძურზე. პლატონის პირადმა ნიჭმა, ცივილიზაციის დიადი პერიოდის განცდის ფართო შესაძლებლობებმა, მისმა მემკვიდრეობამ ინტელექტუალურ ტრადიციაში, რომელიც არ გაქვავებულა უზომო სისტემატიზაციისას, მისი ნაშრომები შთაგონებათა უშრეტ საბადოდ აქცია. ამგვარად, რაღაც აზრით, მჯერა რა, რომ ამ ლექციებში აზრის მსვლელობა პლატონურია, ვიმედოვნებ, რომ პლატონი ჩაფესვილია ევროპულ ტრადიციაში. თუმცა კი, მეტსაც ვგულისხმობ: კერძოდ, თუკი წარმოვადგენთ პლატონის ხედვის საკვანძო წერტილებს იმ უმნიშვნელო ცვლილებებით, რომელთა აუცილებლობაც განაპირობა სოციალურ ორგანიზაციაში, ესთეტიკურ მიღწევებში, მეცნიერებასა და რელიგიაში ადამიანის გამოცდილების ორიათასწლოვანმა პერიოდმა, უნდა მოვხაზოთ ორგანიზმის ფილოსოფიის კონსტრუქცია. ამგვარ ფილოსოფიაში აქტუალობები, სამყაროს პროცესს რომ ადგენენ, აღიქმებიან იმ სხვა საგნების შემოჭრის (ან მონაწილეობის) ილუსტრირებად, რომლებიც ყოველი აქტუალური არსებობის განსაზღვრულობის შესაძლებლობებს ადგენენ. საგნები, რომლებიც დროითნი არიან, მარადიულ საგნებში მონაწილეობით იზრდებიან. ორი მიმდევრობა გაშუალებულია საგნით, რომელიც აერთებს დროითის აქტუალობას შესაძლებლის უდროობასთან. ეს საბოლოო არსი ზეციური ელემენტია სამყაროში, რომლის მეშვეობითაც აბსტრაქტული შესაძლებლობების უნაყოფო, არაქმედითი დაყოფა საწყისისეულად აღწევს იდეალური რეალიზების ქმედით შეერთებას. შესაძლებლობათა ეს იდეალური რეალიზაცია საწყისისეულ აქტუალურ არსში ადგენს მეტაფიზიკურ სტაბილურობას, რისი მეშვეობითაც აქტუალური პროცესი ილუსტრირებს მეტაფიზიკის უმთავრეს პრინციპებს და აღწევს წარმოქმნადი წესრიგის სპეციფიკური სახეებისთვის დამახასიათებელ დაბოლოებას. წმინდა შესაძლებლობების ამ საწყისისეულ შეფასებათა აქტუალობის მიზეზით ყოველი მარადიული ობიექტი ფლობს განსაზღვრად, ქმედით მნიშვნელობას ყველა თანშეზრდილი პროცესისთვის. ამ მოწესრიგების გარეშე აქ იმ მარადიული ობიექტების სრული განყოფა განხორციელდებოდა, დროით სამყაროში რომ არ არიან რეალიზებულნი. სიახლე კი იქნებოდა უშინაარსობა და აღუქმელობა. ჩვენ აქ ვაფართოვებთ და მკაცრად ვიყენებთ ჰიუმის პრინციპს, რომ ასახული იდეები აქტუალური ფაქტებიდანაა გამოყვანილი.

ამ ზეციური ელემენტის გაცნობიერებით მყარდება არისტოტელეს მთავარი პრინციპი, რომლის თანახმადაც ყოველი აქტუალური საგნის მიღმა არაფერია - არც ფაქტში, არც ქმედითობაში. ეს არის ჭეშმარიტად მთავარი პრინციპი, რომელიც ასევე ძევს დეკარტის გამონათქვამის საფუძველშიც: „ამ მიზეზით, როდესაც რაიმე თვისებას შევიგრძნობთ, აქედან გამომდინარე ვასკვნით, რომ რაღაც არსებული საგანი ან სუბსტანცია, რომელსაც შესაძლოა ეს თვისება მიეწერება, აუცილებლობითაა წარმოდგენილი“. და კვლავ: „ყოველი წმინდა და განსხვავებული აზრი (perceptio) ყოველგვარი ეჭვის გარეშეა და, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ჰქონდეს საწყისი იმისგან, რაც არარაა“. ამ უმთავრეს პრინციპს „ონტოლოგიურ პრინციპს“ ვუწოდებთ. ამ პრინციპის თანახმად, ყველაფერი პოზიტიურად სადღაც აქტუალურია, ყველგან კი შესაძლებელია. რაღაც სახით ეს პრინციპი „კონცეპტუალიზმის“ დოქტრინაშიც იკითხება. ამგვარად, მიზეზის ძიება ყოველთვის აქტუალური ფაქტის ძიებაა, რომელიც მიზეზის მატარებელია. ზემოთ განსაზღვრული ონტოლოგიური პრინციპი სამყაროს ადგენს როგორც მრავალი აქტუალური არსის ერთობის (Solidarity) აღწერის პირველ საფეხურს. ყველა აქტუალური არსი გაგებულია როგორც მონაცემებიდან ამოზრდილი გამოცდილების აქტი. ეს არის მრავალი მონაცემის „შეგრძნობის“ პროცესი ისე, რომ ხდება მათი დანთქმა ერთი ინდივიდუალური „დაკმაყოფილების“ ერთობაში. აქ ტერმინი „შეგრძნობა“ გამოიყენება მონაცემთა ობიექტურობიდან აქტუალური არსისკენ სვლის საფუძველმდებარე ოპერაციის აღსანიშნავად. გრძნობები სხვადასხვაგვარად სპეციალიზებული ოპერაციებია, სუბიექტურობაში ეფექტურ გადასვლას რომ განაპირობებენ. ისინი ანაცვლებენ კონკრეტული ფილოსოფოსების „ნეიტრალურ მასალას“. აქტუალური არსი პროცესია და არ განისაზღვრება „მასალის“ მორფოლოგიის ტერმინებით. „შეგრძნობის“ ტერმინის ეს გამოყენება ალექსანდერის მიერ ტერმინ „ტკბობის“ გამოყენების ახლო ანალოგია; ასევე რაღაც დოზით ენათესავება ბერგსონის მიერ ტერმინ „ინტუიციის“ გამოყენებასაც. ამის მსგავსია ლოკის მიერ ტერმინ „იდეის“ გამოყენებაც, რომელიც შეიცავს „კერძო საგნების იდეებს“ (იხ. მისი Essay, III, III, 2, 6 და 7). მაგრამ სიტყვა „შეგრძნობა“, როგორც ის გამოყენებულია ამ ლექციებში, მეტადრე დეკარტს გვახსენებს. მაგალითისთვის: „ყველაფრის მიუხედავად, რაკი მეჩვენება, რომ ვხედავ, მესმის, მცხელა, როგორ შეიძლება, რომ ყოველივე ეს უტყუარი არ იყოს? ეს არის სწორედ ის, რასაც მე ჩემში ვუწოდებ გრძნობას (sentire) და ზუსტად ამ აზრით იგი სხვა არაფერია, თუ არა აზროვნება“.

კარტეზიანული ენით რომ ვთქვათ, აქტუალური არსის ბუნება მდგომარეობს მხოლოდ იმ ფაქტში, რომ ის არის მოხელთებადი საგანი (ე.ი. სუბსტანცია, რომლის მთელი ბუნება ან არსი მოხელთებადია). „შეგრძნობა“ მიეკუთვნება „მოხელთების“ პოზიტიურ სახეობას. „მოხელთების“ ორი სახეობაა: პოზიტიური და ნეგატიური მოხელთება. აქტუალურ არსს სამყაროში ყოველ მომენტთან სრულებით განსაზღვრული კავშირი აქვს. ეს განსაზღვრული კავშირი ამ მომენტის მიერ მისი მოხელთებაა. ნეგატიური მოხელთება არის ამ მომენტის განსაზღვრული განცალკევება სუბიექტის საკუთარ რეალურ შინაგან მოწყობაში პოზიტიური წვლილისგან. ეს მოძღვრება მოიცავს პოზიციას, რომ ნეგატიური მოხელთება გამოხატავს კავშირს. პოზიტიური მოხელთება კი არის ამ მომენტის განსაზღვრული ჩართვა სუბიექტის საკუთარი რეალური შინაგანი მოწყობისადმი პოზიტიურ წვლილში. ამ პოზიტიურ ჩართვას მის მიერ ამ მომენტის „შეგრძნობა“ ეწოდება. სხვა არსებს მოეთხოვებათ გამოხატონ, თუ როგორაა განცდილი ესა თუ ის მომენტი. ყველა აქტუალური არსი აქტუალურ სამყაროში, იმ აქტუალურ არსთან მიმართებით, რომელიც მოცემულია როგორც სუბიექტი, აუცილებლობით განცდილია ამ სუბიექტის მიერ, თუმცა, ძირითადად ბუნდოვნად. აქტუალური არსი, როგორც განცდილი, „ობიექტივირებულია“ ამ სუბიექტისთვის. მარადიული ობიექტებიდან მხოლოდ ზოგიერთები არიან განცდილნი მოცემული სუბიექტის მიერ, და ეს მარადიული ობიექტები არიან ისინი, რომლებიც შეჭრილნი არიან ამ სუბიექტში. მაგრამ ის მარადიული ობიექტები, რომლებიც არ არიან განცდილნი, აქედან გამომდინარე, უმნიშვნელონი როდი არიან. ყოველივესთვის ნეგატიურ მოხელთებას აქვს თავისი საკუთარი სუბიექტური ფორმა, თუმცკი, ტრივიალური და სუსტი. ის ემატება ემოციურ კომპლექსს, მაგრამ არა ობიექტურ მონაცემებს. ემოციური კომპლექსი არის საბოლოო „დაკმაყოფილების“ სუბიექტური ფორმა. ნეგატიური მოხელთების მნიშვნელობა იზრდება ფაქტით, (1) რომ აქტუალური არსები აყალიბებენ სისტემას, ყოველ სხვა მოწყობაში შეღწევით, (2) რომ ონტოლოგიური პრინციპით ყოველი არსი განცდილია რაღაც აქტუალური არსით, (3) როგორც (1)-ის და (2)-ის შედეგი, თანშეზრდილი აქტუალობის აქტუალურ სამყაროში ყოველ არსი ამ თანშეზრდილობისთვის მნიშვნელობის რაღაც ელფერს ატარებს, (4), რომ (3)-ის შედეგად, არსის ნეგატიური მოხელთება პოზიტიური ფაქტია მისი ემოციური სუბიექტური ფორმით, (5) აქ არის მოხელთების სუბიექტურ ფორმათა ორმხრივი მგრძნობელობა, ისე, რომ ისინი არ არიან ინდიფერენტულნი ყველა დანარჩენთან მიმართებით, (6) თანშეზრდილობა წარმოდგება ერთ კონკრეტულ გრძნობაში, დაკმაყოფილებაში.