პროცესის თეოლოგია

პროცესის თეოლოგია

03.10.2020

რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთმიმართების გავლენიანი ამერიკელი მკვლევრის იან ბარბურის (1923-2013) ეს ტექსტი წარმოადგენს მისი ნაშრომის „რელიგია მეცნიერების ეპოქაში“ ერთ-ერთ თავს. თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემიდან: Ian G. Barbour, Religion in an Age of Science (Gifford Lectures 1989-1991, Vol 1) 1990.

ინგლისურიდან თარგმნა გიორგი კაპანაძემ 

ალფრედ ნორთ უაიტჰედის მეტაფიზიკის თანახმად, ყველა მოვლენის განვითარებაში ღმერთს სამი სახის როლი აქვს: პირველი მათგანი გულისხმობს, რომ ღმერთი წესრიგის უმთავრესი საფუძველია. ღმერთი პოტენციურ ურთიერთობათა ფორმებს ჰარმონიაში განჭვრეტს და არა ქაოსში, მაშინაც კი, როდესაც პოტენციალების რეალიზება ჯერ კიდევ არ მომხდარა. ღმერთის ეს ასპექტი პასუხს იძლევა კითხვაზე: რატომ აქვს სამყაროს კონკრეტული ტიპის წეს-წყობა და არა სხვანაირი? ღმერთის ეს ფუნქცია, როგორც ჩანს ავტომატური, პასიური და უცვლელია: ღმერთი მხოლოდ აბსტრაქტული მეტაფიზიკური პრინციპია; სამყაროს არაპიროვნული სტრუქტურა და „არსებათა წესრიგში მოყვანის შეუცვლელი პროცედურა კონცეპტუალურად ღმერთის ბუნებაში რეალიზდება.“ თუმცა, უაიტჰედის ღმერთი კონკრეტული არსებების „თავდაპირველი სუბიექტური მიზნებისთვისაც“ არჩევს შესაძლებლობას. მსგავსი დამოკიდებულება საკუთარ თავში მოიაზრებს ღვთაებრივ ცოდნასა და სამყაროს მიმართ არსებულ პასუხისმგებლობას.

მეორე ფუნქციის თანახმად, ღმერთი სიახლის საფუძველია. ამ შემთხვევაში ისმის კითხვა, თუ რატომ იბადებიან ახალი ტიპის არსებები (მაგალითად ევოლუციურ ისტორიაში), ნაცვლად იმისა, რომ წინარე ნიმუშების განმეორება მოხდეს? უაიტჰედის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ღმერთისაგან განცალკევებით, სამყაროში არანაირი სიახლე და წესრიგი არ იარსებებდა.“ ღმერთი ახალ შესაძლებლობებს წარმოაჩენს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მრავალი შესაძლებლობა არსებობს, ალტერნატივები ღია რჩება. ღმერთი ახალ თვით-შემოქმედებით ინდივიდებს აძლევს ფორმას, შესაბამისად კი თავისუფლების, სტრუქტურისა და მიმართულების არსებობის შესაძლებლობას ქმნის.  იმ კონკრეტულ პოტენციათა განსრულებით, რომელთაც შემდგომ ინდივიდები უპასუხებენ, ღმერთი სამყაროზე ახდენს გავლენას, თუმცა, არ განსაზღვრავს მას. ახალი შესაძლებლობები თვით უსიცოცხლო ატომებისთვისაც კი არსებობენ, ყოველივე ამას მათი სიცოცხლის ფორმებში გარდასახვა მოწმობს. ხოლო რაც შეეხება ადამიანებს, ღმერთი მათზე გავლენას იმის მეშვეობით ახდენს, რომ განსახორციელებელ იდეათა მიმზიდველობას წარმოაჩენს და სიკეთის დამაჯერებელ ხედვას გვთავაზობს. ღმერთის მიზანი ღირებულების ჰარმონიული მიღწევაა.

ღმერთის მესამე მახასიათებელი არის სამყაროში არსებული მოვლენების გავლენა ღმერთზე (უაიტჰედი ამას „ღმერთის ცვალებად ბუნებას უწოდებს.“) პროცესის ფილოსოფიის ცენტრალური კატეგორიები (დროითობა, ინტერაქცია და ორმხრივი მიმართება) ღმერთზეც ვრცელდება. ღმერთი დროითია იმ აზრით, რომ სამყაროდან მიღებული გავლენით, მისი თანაქმედების შედეგად ღმერთის გამოცდილება იცვლება. ღმერთის მიზანი და ხასიათი მარადიულია, თუმცა, სამყაროში არსებული მოვლენების ღვთაებრივი ცოდნა მოვლენათა მსვლელობასთან ერთად იცვლება. ღმერთი გავლენას ახდენს ქმნილებებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ღმერთი იმ ინფორმაციის ნაწილი ხდება, რომელსაც ეს ქმნილებები პასუხობენ. სამყაროსთან მიმართებით ღმერთი ძალიან სენსიტიურია, ხელს უწყობს მის მიღწევებს, ყოველივე ეს კი იმის მეშვეობით, რომ პოტენციურ ფორმათა უსასრულო რესურსებთან ურთიერთობაში ხედავს არსებებს, სამყაროში კი განსაკუთრებულ და სათანადო ჩარევას ახდენს. რიგ შემთხვევებში, უაიტჰედი ღმერთის ქმედების აღსაწერად პერსონალურ სურათს იყენებს და, ასევე, აბსტრაქტულ პრინციპადაც წარმოაჩენს მას:

„ფარდობითობის უნივერსალური პრინციპი ღმერთთან მიმართებაშიც უნდა იყოს გამოყენებული. თავად ბუნება დროით სამყაროში არსებულ სხვადასხვა კონკრეტულ მდგომარეობათა   თანდათანობითი გარდასახვითი ფორმირების მეშვეობით ვითარდება... სრულყოფილი ნამდვილობა დროით სამყაროს გადაეცემა და ამ სამყაროში კვალიფიცირდება როგორც დროითი ნამდვილობა, რომელიც საკუთარ თავში სათანადო გამოცდილების მყისიერ ფაქტს შეიცავს. ცათა სასუფეველი დღეს ჩვენთანაა. შემდეგი ფაზისათვის განკუთვნილი ქმედება სამყაროსადმი ღმერთის სიყვარულია. ეს კონკრეტულ გარემოებებში არსებული კონკრეტული მეუფებაა. ის, რაც ამ სამყაროში მოხდა, ზეცის რეალობაში გარდაიქმნა და ზეცის რეალობა სამყაროს დაუბრუნდა. ამ ურთიერთგაცემის პირობებში სამყაროში არსებული სიყვარული ზეცაში ადის და უკან სამყაროსვე უბრუნდება. ამ აზრით თუ ვიმსჯელებთ, ღმერთი დიდი თანმხლები პირია - ახლობელი ტანჯული, რომელსაც შეუძლია გაგვიგოს.“

უაიტჰედმა დიდი გავლენა მოახდინა ჩარლს ჰარშორნზე, თუმცა, ის უფრო ნაცნობ ტერმინოლოგიას იყენებს და ადგილ-ადგილ განსხვავებულ მინიშნებებს აკეთებს. მისი აზრით, კლასიკური ქრისტიანობა ღმერთს გაცალმხრივებულ სრულყოფილებას მიაწერდა და მასში ცვლილების უწინარეს მუდმივობას განადიდებდა, მსვლელობის ნაცვლად ყოფიერებას, დროითობის ნაცვლად მარადისობას, შემთხვევითობის ნაცვლად აუცილებლობას, მიმართების ნაცვლად კი თვითმყოფადობას. ჰარტშორნმა დიპოლარულ თეიზმს დაუჭირა მხარი, შეხედულებას, რომლის მიხედვითაც ღმერთი მარადიულიცაა და დროითიც (თუმცა, განსხვავებული გზებით და მათ შორის წინააღმდეგობა არ არსებობს). ხასიათისა და მიზნის მხრივ ღმერთი მარადიულია, თუმცა, მისი გამოცდილება და შინაარსი იცვლება. ღმერთის არსებითი ბუნება არ არის დამოკიდებული კონკრეტულ სამყაროზე, მისი ნება ყოველთვის იარსებებს და მისი სიყვარული, სიკეთე და სიბრძნე ყოველთვის სრულყოფილი იქნება. რეალობის კუთხით ღმერთი ყოვლისმცოდნეა, თუმცა, არა მომავლის ასპექტში, ვინაიდან მომავალი გადაუწყვეტელი და შინაგანად შეუცნობელია. თვით ის ღვთაებრივი ასპექტები, რომლებიც იცვლებიან, სრულყოფის გზას გადიან. ეს სამყარო უბრალოდ გავლენას არ ახდენს ღმერთზე, ღმერთი „უსასრულოდ სენსიტიური“ და „იდეალურად გულისხმიერია“. ღვთაებრივი სიყვარული სამყაროს მსვლელობის პროცესში დიდად მგრძნობიარე თანამონაწილობაა.

ტრადიციულ თეოლოგებს თუ შევადარებთ, ჰარლშორნზე ვერ ვიტყვით, რომ მისი მტკიცებით ღმერთი ბუნებაზე ბატონობს. ღმერთი სხვა არსებათა თვით-შემოქმედებაში თანამონაწილეობს, თუმცა, ამ არსებებსაც აქვთ ზეგავლენის ძალა. ღმერთი ყველა მოთხოვნას ადეკვატურად პასუხობს, მათ შორის, ქმნილებათა მოთხოვნას, გააკეთონ საკუთარი არჩევანი. ღმერთი ყველა იმ სიკეთეს აკეთებს, რისი გაკეთებაც მას შეუძლია, მაგრამ არა იმ სიკეთეებს, რომლებიც ჩვენთვის კარგი იქნება და თავისუფლებას წაგვართმევს. ღმერთს საკმარისი ძალაუფლება აქვს საიმისოდ, რომ ზეგავლენა მოახდინოს სამყაროზე, როგორც ეს ღვთაებრივ მიზანს ყველაზე უკეთ შეესაბამება. თავისუფლების აღმოფხვრით ბოროტების რისკი შემცირდება, ამავდროულად კი შემოქმედებითი ღირებულების პოზიტიური შესაძლებლობები დაიკარგება. ჰარშორნის თანახმად, სამყარო ღმერთშია (პანენთეიზმი), თუმცა, ეს შეხედულება ღმერთსა და სამყაროს არც ერთმანეთთან არ აიგივებს (პანთეიზმი) და არც ერთმანეთს არ აცილებს (თეიზმი). „ღმერთი სამყაროს შეიცავს, თუმცა, ის რაღაც უფრო მეტია, ვიდრე სამყარო.“

ღმერთის მოქმედება სამყაროში

უაიტჰედის თანახმად, ღმერთსა და სამყაროს შორის არსებობს ურთიერთდამოკიდებულება და ურთიერთგაცვლა, თუმცა, ეს მიმართება არ არის სიმეტრიული. სამყარო გავლენას ახდენს ღმერთზე, თუმცა, მხოლოდ ღმერთია მრადიული და ის არ უჩინარდება. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი არ არის სრულებით თვითკმარი ანდა უგრძნობელი, ის დროით წესრიგში სრულფასოვნად არ არის წარმოდგენილი და მისი ძირითადი მიზნები უცვლელია. ასე რომ, უაიტჰედთან ღვთაებრივ იმანენტურობას უფრო ესმება ხაზი, ვიდრე მის ტრანსცენდენტალურობას, ამავდროულად კი სტატუსის პრიორიტეტებში დაცულია ღმერთის თავისუფლება და ფარდობითი დამოუკიდებლობა. ღმერთისგან განცალკევებით არაფერი წარმოიქმნება. კოსმიური საზოგადოების ყველა წევრთან ღმერთს უნიკალური და პირდაპირი ურთიერთობა აქვს. ის ყოვლისშემძლე არსია, გავლენის უნივერსალური წყარო, რომელიც ყველა რეალობას საკუთარ თავზე გამოცდის და მათ მიღწევებს მარადიულად ინახავს.

უაიტჰედი ღმერთის აქტივობას აღწერს როგორც შეგონებას და არა იძულებას. ის არ განსაზღვრავს მოვლენათა შედეგებს და საგნებში არსებულ თვითშემოქმედებაში არ ერევა. ის არასდროსაა მოვლენის ერთადერთი მიზეზი, არამედ მხოლოდ ერთ-ერთი. ღვთაებრივი საიყვარული, ისევე როგორც ადამიანებს შორის არსებული სიყვარული, დიდ გავლენას ახდენს მიზეზ-შედეგობრიობაზე და სხვა ყოფიერებათა აქტივობებში თავისუფლების მსხვერპლშეწირვის გარეშე წარმოშობს განსხვავებას. სიყვარულის ძალა შეიცავს შესაძლებლობას დაიმსახუროს სხვისი პატივისცემა და პატივი სცეს მის მთლიანობას. ღმერთისა და სამყაროს ურთიერთობის ძირითად ანალოგიას ინტერპერსონალურ ურთიერთობათა მიზეზ-შედეგობრიობა წარმოადგენს და არა მექანიკური ძალა. უაიტჰედი უარყოფს ტრადიციულ თეიზმში წარმოდგენილ იძულებით ელემენტებს, ამ უკუგდებას ნაწილობრივ მორალური საფუძვლები გააჩნია (იძულება შეგონებაზე ქვემდგომი ეთიკური განზრახვაა), ნაწილობრივ კი მეტაფიზიკური (ღვთაებრივი დეტერმინაცია და შემოქმედებითი თავისუფლება არათავსებადია).

უაიტჰედისათვის ღმერთის ქმედება პასუხის გამოწვევაა და, ვინაიდან, პასუხის გაცემის შესაძლებლობა ადამიანებში უფრო დიდია, ვიდრე სხვა არსებებში, ღმერთის გავლენა ადამიანის ცხოვრებას ყველაზე მეტად უნდა დაეტყოს. როგორც ჩანს, ქვემდგომი ფორმების შემთხვევაში ღმერთის შემოქმედებითი ცვლილების გამოწვევის ძალა შეზღუდულია. ის მრავალ ფაქტორთა შორის ერთ-ერთია. კონკრეტულად კი, ქვემდგომ საფეხურზე მყოფ იმ არსებებთან მიმართებით, რომელთაც ჩანასახოვანი გამოცდილება და მინიმალური შემოქმედებითობა აქვთ, ეს ძალა ძალზეც მცირეა. იმდენად, რამდენადაც ბუნებრივი მოქმედი პირები მიზეზ-შედეგობრივ ქმედითობას განიცდიან, ღმერთის ცვლილების გამომწვევი ძალა შეზღუდულია. თუმცა, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ღმერთი იმ მოვლენებშიცაა, რომლებიც მონოტონურად იმეორებენ საკუთარ წარსულს, რაც ღმერთის წესრიგისა და სიახლის საფუძველია. ქვემდგომ ფორმებში ღმერთის ახლებური ქმედება შეიძლება ვერ აღმოვაჩინოთ, მაგრამ გრძელ კოსმიურ ისტორიასა და ევოლუციურ განვითარებაში მისი ყოფნის ნიშნების დანახვა შესაძლებელია. უაიტჰედის ანალიზი მრავალი მოქმედი პირის ქმედების დაშვებას გულისხმობს.

ღმერთის, როგორც ტრადიციული შემოქმედის ხედვას უაიტჰედი გარკვეულ მოდიფიკაციას უკეთებს,  თუმცა, სრულად არ უკუაგდებს მას. აბსოლუტური წარმოშობის საკითხში ის არ უჭერს მხარს არარადან შექმნას, თუმცა, განგრძნობითი შესაქმის ვერსიას გვთავაზობს. ღმერთისაგან განცალკევებულად არაფერი არ წარმოიშვება და ღმერთს დამატებითი წყაროებიდან არანაირი მატერია არ ეძლევა. „ის ყველა ქმნილებასთან ერთად არის და არა მათ არსებობამდე.“ მისივე შემოთავაზებით, კოსმიურ ისტორიას შესაძლოა მრავალი ეპოქა და განსხვავებული წესრიგი ჰქონდეს. ღმერთი ყოველთვის სხვა მიზეზებთან ერთად მოქმედებს, ამავდროულად კი ყველაფრის არსებობა ღმერთზეა დამოკიდებული. ის საწყის მიზეზებს იწვევს და „ამ აზრით ღმერთი შეიძლება გამოვთქვათ როგორც ყველა დროითი ქმნილების შემოქმედი.“ ის ახალ სუბიექტებს არსებობაში მოიყვანს, მათ მიღწევებს ინახავს და, შესაბამისად, ყველა სასრული ღირებულების წყარო და მაცოცხლებელია. მაშინ, როდესაც შემოქმედებითობა ყველა არსების თვითშემოქმედებითობაში უნივერსალურადაა წარმოდგენილი, ღმერთი შემოქმედებითობის პირველადი საწყისია და ყველა მდგომარეობაში აქტიურია.

უაიტჰედის მტკიცებით, ღმერთს სხვა საგნებთან მიმართებით პირველადი სტატუსი აქვს და არა აბსოლუტური დროითი პირველადობა. ის არასდროსაა სამყაროს გარეშე და სამყაროს არსებობის ყველა მომენტში არის ღმერთისგან განცალკევებული მოცემულობა, რომელიც გარკვეულ დონეზე საკუთარ თავს განსაზღვრავს. მაგრამ, ყოველივე ეს საბოლოო დუალიზმს არ გულისხმობს; ეს არ არის პლატონის ღმერთი, რომელიც მოუწესრიგებელი მატერიისათვის ფორმების შექმნას ცდილობს. თითოეული ახალი შესაქმის შემთხვევაში უაიტჰედი ღმერთს გადამწყვეტ როლს ანიჭებს, კერძოდ ის წინასწარ ჭვრეტს საწყისს მიზანს. ყველა გარემოება ღმერთზეა დამოკიდებული, ვინაიდან ღმერთი მათი არსებობისა და წესრიგის პოტენციას რეალობად აქცევს.

წინააღმდეგობრივია თუ არა პროცესის აზროვნებაში წარმოდგენილი ღმერთის როლი და მეცნიერება? წარსულში ღმერთს იშველიებდნენ იმისათვის, რათა მოვლენათა ის მრავალფეროვნება ახსნილიყო, რომლის შესახებაც მეცნიერული ახსნა-განმარტება არ არსებობდა. „ნაპრალთა ღმერთი“, რა თქმა უნდა, არამართებული დებულებაა, რადგან მეცნიერების განვითარებით ნაპრალები მუდმივად ივსებიან. საპირისპიროდ ამისა, უაიტჰედის აზრით, ღმერთი არ ერევა წყვეტილ მომენტებში, ის ყველა მოვლენაშია წარმოდგენილი და მას ბუნებრივი მიზეზ-შედეგობრიობისაგან განსხვავებული როლი გააჩნია. ღმერთი წესრიგისა და სიახლის წყაროა და მეცნიერებისაგან განსხვავებულ კითხვებზე იძლევა პასუხს. ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ მოქმედ ღმერთზე, თუმცა, ის ყოველთვის მოქმედებს სხვა არსებებთან ერთად და მათი მეშვეობით, და არა როგორც ერთეული მოქმედი პირი, რომელიც სხვის ნაცვლად მოქმედებს. 

თეოლოგთა ნაწილი ღმერთის როლს წესრიგთან აიგივებს, ხოლო სხვა ნაწილი კი წესრიგის ხელყოფასთან. საპირისპიროდ ამისა,  უაიტჰედის ღმერთი წესრიგსაც უკავშირდება და სიახლესაც. წესრიგი ღმერთის მიერ შესაძლებლობების გადაცემისა და საგნების საკუთარ წარსულთან თანხვედრის შედეგია. ხოლოდ რაც შეეხლება სიახლეს, ის ღმერთის ალტერნატიული შესაძლებლობის შემოთავაზება და საგანთა თვით-შემოქმედებითობაა. ეს ნიშნავს იმას, რომ არც ერთი მოვლენა არ უნდა მივაკუთვნოთ მხოლოდ ღმერთს და რომ სამყაროში მისი როლი არ არის ადვილად აღმოსაჩენი. პროცესის თეოლოგი დანიელ უილიამსი წერს:

„ღმერთის მიზეზობრიობა არსებობს სხვა ყველა მოქმედ მიზეზობრიობაში და მის გავლით. არ არსებობს მოთხოვნილება იმისა, რომ განცალკევებით გამოვყოთ ის ფაქტორი, რასაც ღმერთი ამ მოვლენების მიღმა იწვევს. თუმცა, მიზეზ-შედეგობრიობის ჯაჭვში ღმერთის გამორჩეული ფუნქცია წარმოდგენილია... „ღმერთის ყველა ქმედება“ ჩვენშია წარმოდგენილი, აზროვნებაში, ადამიანის ბუნების კომპლექსურობაში და ჩვენს სიცოცხლეში. როდესაც ვამბობთ, რომ ღმერთმა ისრაელი აირჩია, ანდა, როდესაც წვიმა სამართლიანსა და უსამართლოს აწვიმა, არ უნდა უარვყოთ ურთიერთდაკავშირებული მიზეზების კომპლექსური ანალიზი, ისევე როგორც ისრაელის ისტორია და წვიმის კოსმიური ჩანაწერები. ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ ღმერთის ქმედებას, სამყაროსეულ ქმედებებში არსებული მისეული ჩართულობისაგან. კონკრეტული ისტორიული მოვლენისათვის ღმერთის გამორჩეული ქმედების მიწერა ჩვენი მსჯელობის საბოლოო განსჯის გარისკვას გულისხმობს და რწმენაც მსგავსი რისკის დაშვებაა.“

ქვემდგომ საფეხურებზე, განსაკუთრებით კი არაცოცხალ სამყაროში, ღმერთის ქმედება თითქმის სრულიად შემოიფარგლება წესრიგის რეგულაციის შენარჩუნებით და სწორედ ამ წესრიგს სწავლობს მეცნიერება. ქვემდგომ საფეხურებში ღმერთის მიზანია არსებების წესრიგში მოყვანა, მისი საჩუქარი კი მათ მიერ წარმოდგენილ შესაძლებლობებათა სტრუქტურის შექმნაა. ქვემდგომ საფეხურებში კანონი შემოქმედებითობაზე მაღლა დგას და ეფექტური მიზეზები უფრო მნიშვნელოვანნი არიან, ვიდრე ფინალურნი, მათ შემთხვევაში ღმერთის ახალი ქმედება არ განიჭვრიტება. ამასთანავე, მაშინ, როდესაც ზემდგომ ფორმებში სიახლე არსებობს, ღმერთი ყოველთვის სხვა მიზეზებთან ერთად მოქმედებს და შეზღუდვის ნაცვლად ამ მოქმედებას ახარისხებს. ყოვლისშემძლეობის ტრადიციულ კონცეპტს თუ შევადარებთ, ყოველივე ეს ღმერთის ძალას რამდენიმე მიმართულებით ზღუდავს. თუმცა, ის შეესაბამება ევოლუციის ჩვენეულ გაგებას, როგორც ხანგრძლივ, თანდათანობით პროცესს, რომელიც მილიარდობით წლებია მიმდინარეობს. თითოეული ეტაპი წინარე ეტაპზეა დაფუძნებული და მომდევნო ეტაპს განსაზღვრავს, ხოლო კომპლექსური ფორმები საკუთარ თავში მარტივ ფორმებს მოიაზრებს. კოსმიური ისტორია ცდითა და შეცდომით წარმოებულ ექსპერიმენტს უფრო გვაგონებს, ვიდრე გეგმას, რომელიც დეტალურადაა წინასწარ გაწერილი. პროცესის აზროვნება მიიჩნევს, რომ ღმერთი მოთმინებით, მოკრძალებითა და შეუმჩნევლად მოქმედებს.

იმ შემთხვევაში, თუ ღმერთი მხოლოდ სხვა არსებებთან პასუხის პირობებში მოქმედებს და არა გაცალმხრივებულად, უნდა მოველოდეთ, რომ ღვთაებრივი ზეგავლენა უფრო ძლიერი იქნება ზემდგომ საფეხურებზე, იქ, სადაც შემოქმედებითობა და მიზანმიმართული განზრახვები არსებობს. გასაკვირი არ არის, რომ ადრეულ ადამიანურ და კულტურულ ისტორიასთან ერთად ევოლუციური პროცესი დაჩქარდა. ადამიანის ცხოვრებაში, რელიგიურ გამოცდილებაში და მთავარი რელიგიური ტრადიციების ისტორიაში, გამორჩეულად კი დიდი ბიბლიური ტრადიციისა და ქრისტეს პიროვნების შემდეგ, ღმერთის გავლენა და ადამიანის პასუხი უპრეცენდენტო გზით უნდა წარმოებდეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ღმერთის უაიტჰედისეული გაგება შეესაბამება იმას, რაც ბიოლოგიისა და ადამიანის ისტორიიდან ვიცით. თუმცა, შეესაბამება თუ არა ის ბიბლიურ ტრადიციას?

 ქრისტიანული პროცესის ფილოსოფია

უაიტჰედი და ჰარშორნი, უპირველეს ყოვლისა, ფილოსოფოსები იყვნენ, თუმცა, მათ აზროვნებაზე გავლენა მოახდინა რამდენიმე ქრისტიანულმა იდეამ. თანამედროვე სამყაროში თეოლოგთა ნაწილმა გამოიყენა პროცესის კატეგორიები, ყოველივე ეს კი იმისათვის, რათა კონკრეტული ქრისტიანული რწმენების ხელახალი ფორმულირება მოეხდინათ. ჯონ კობმა და დავიდ გრიფინმა პროცესის თეიზმის ბიპოლარული ხასიათი გამოხატეს და ღმერთი გაიგეს როგორც შემოქმედი და გულისხმიერი სიყვარული. ღმერთი, როგორც შემოქმედი, წესრიგისა და სიახლის მთავარი საფუძველია, ის შეიძლება გავაიგივოთ ლოგოსის რაციონალურ პრინციპთან და ღვთაებრივი სამყაროს ბიბლიურ კონცეპტთან. ღმერთი, როგორც გულისხმიერი მოვლენა, დროითია და  მასზე ზევავლენას ახდენს სამყარო. ეს თვისებები განსაკუთრებულად გამოხატულია ქრისტეს ცხოვრებისეულ გზავნილში და იდეაში, რომლის მიხედვითაც სული წმინდა არსებობს ბუნებასა და საზოგადოებაში.

პროცესუალური ხედვა კონკრეტული ღვთაებრივი წამოწყების დაშვებას შესაძლებლობად მიიჩნევს. იმ შემთხვევაში, თუ ღმერთი ყველა არსებაში გამორჩეულ თავდაპირველ მიზნებს განსაზღვრავს, გამოდის, რომ არცერთი ქმედება არ არის მთლიანობაში ღმერთის ქმედება, მაგრამ ყველა ქმედებაში ღმერთი გარკვეული დოზით არის წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში სახეზეა სტრუქტურული მსგავსება, რომელიც არაცოცხალ სამყაროში წარმოდგენილ ღმერთის ქმედებასა და ადამიანის ქმედების პარალელზე მიანიშნებს, თუმცა, მნიშვნელოვანი განსხვავებებიც არსებობს. ღმერთის ძირითადი ქმედების ფორმა მსვლელობის ყველა მონაკვეთზე ერთნაირია, ხოლო მისი შედეგები ყოფიერების განსხვავებულ საფეხურებზე მნიშვნელოვნად განსხვავდებიან.

ადამიანურ სფეროში ღმერთი წარსულ, მათ შორის, ეგზისტენციალურ კულტურულ ტრადიციებს აფუძნებს და დამოკიდებულია ინდივიდებისა და საზოგადოებების ნებაყოფლობით პასუხზე. ღმერთს ყველა თანაბრად უყვარს, თუმცა, სიყვარული ერთ კონკრეტულ ტრადიციაში ან ერთი კონკრეტული პიროვნების მიმართ შეიძლება უფრო თვალნათლივ იყოს გამოხატული. ის ყველას მოუწოდებს, თუმცა, ადამიანები განსხვავებულად პასუხობენ. ღმერთის წყალობის გამოცდის შედეგად ადამიანებმა შესაძლოა გამორჩეული ძალა იგრძნონ, ანდა ინდივიდმა შეიძლება ღმერთის ნების მორჩილებისადმი უჩვეულო ლტოლვა აჩვენოს. პროცესის თეოლოგიაში შეიძლება ვიმსჯელოთ ღმერთის ბუნებაში ქმედებაზე, რელიგიურ გამოცდილებასა და ქრისტეზე. ყველაფერი ეს კი საზიარო კონცეპტთა მწკრივის გამოყენებისას თითოეული მათგანის გამორჩეული ხასიათის გათვალისწინების ფონზე ხდება. განგრძნობითი შესაქმე და გამოხსნა ერთი ჩარჩოს შიგნითაა მოთავსებული.

გამომდინარე აქედან, თეოლოგები კაბი და გიფინი საუბრობენ ქრისტეზე, როგორც ღმერთის უმთავრეს ქმედებაზე. ისტორიაში უკვე არსებობდა ღვთაებრივი წარმოწყებისა და ადამიანური პასუხის ტრადიცია, და სწორედ ეს ტრადიცია შეიძლება განივრცოს. ქრისტეს გზავნილი და სწავლება ამ წარსულს და ღმერთის ახალ მიზნებს ეფუძნება ქრისტესთან მიმართებით, და ყოველივე ამან მკვეთრად გამოთქვა ღმერთის მიზანი და სიყვარული. ქრისტე შეიძლება მივიღოთ როგორც ლოგოსის ინკარნაცია, წესრიგის, სიახლისა და შემოქმედებითი ტრანსფორმაციის უნივერსალური წყარო, რომელიც ყველაზე ვრცელდება. მასში ვხედავთ ზოგადი ღვათებრივი ქმედების სპეციფიკურ და მნიშვნელოვან მაგალითს. მაგრამ ქრისტეს თავისუფალი გადაწყეტილება და რწმენისმიერი პასუხი საჭირო იყო იმისათვის, რათა მასში ღმერთის განზრახვა განხორციელებულიყო, ასე რომ, ქრისტეს სრულყოფილი ადამიანური ბუნება ხელუხლებელია. ამ შემთხვევაში ცხადია ღმერთის, როგორც შემაგონებელი და დაუცველი სიყვარულის ხასიათი. ქრისტე იგივე კონდიციებს მორჩილებდა და ისევე შეზღუდული იყო, როგორც სხვა პიროვნებები, თუმცა, მასში არსებული ღმერთის მიზნის მატარელებელი შინაარსით და ამ მიზანთა მისეული განხორციელების მხრივ ის უნიკალური იყო. აქ გარეგანი წყვეტა და ძალისმიერი ჩარევა არ ყოფილა, მაგრამ  იყო შემოქმედებითი არსებობის გადაწყვეტილი ხასიათი, რომელიც სამყაროშია; შესაბამისად, ქრისტე ღმერთის ზოგადი არსებობის გასაღებია. იმ შემთხვევაში, თუ ქრისტეს ცხოვრებასა და ღმერთის მისეულ ხედვას როგორც ბუნების გამჟღავნების შესაძლებლობას შევხედავთ,  შესაძლებელი გახდება ჩვენი ცხოვრება გავუხსნათ შემოქმედებითი ტრანსფორმაციის ძალას.

ამ შემთხვევაში ისტორიაში არსებული გამოცხადება სახეზეა. ლევის ფორდი მიანიშნებს, რომ სამყაროში განხორციელებული ღვთაებრივი ქმედების პროცესუალური გაგება შემთხვევითია იმასთან მიმართებით, თუ რა ხდება მასში ზოგადად. იმ შემთხვევაში, თუ ღმერთი ისტორიულად უკავშირდება სამყაროს, ჩვენ მხოლოდ კონკრეტული ისტორიებიდან შეიძლება ვისწავლოთ და არა მეტაფიზიკის კვლევის საგნიდან და რეალობის ზოგადი სტრუქტურიდან. ვინაიდან ისტორიული მოვლენები უნიკალურნი და განუსაზღვრელნი არიან, ისინი არ გამოიყვანებიან უნივერსალური პრინციპებიდან. მაგრამ ღმერთის, როგორც გამომხსნელის კონკრეტული ქმედება უნდა შეესაბამებოდეს ღმერთის, როგორც შემოქმედის ზოგად სურათს. როგორც პაულ სპონჰეიმი მიანიშნებს, ჩვენმა მეტაფიზიკამ „უნდა მოგვცეს სტრუქტურული შესაძლებლობა იმისათვის, რათა ღმერთის კონკრეტული აქტივობა ნათელვყოთ.“

მიმაჩნია, რომ სულის ბიბლიური იდეა ყველაზე ახლოს დგას სამყაროსა და ქრისტეში ღმერთის მყოფობის პროცესუალურ გააზრებასთან. როგორც ვნახეთ, ბიბლიაში სული ასოცირებულია საწყის შესაქმესთან და ქმნილებათა განგრძნობით შექმნის პროცესთან,: „გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას“ (ფსალ. 103:30). სული წინასწარმეტყველთა შთაგონების წყაროა (მაგალითად, ესაია, 42:1); სული წარმოდგენილია დიდებასა და ლოცვაში „წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში“ (ფსალ. 50:11). ნათლობის დროს ქრიტეზე სული [წმინდა] გადმოდის (მარკოზი, 1:10) და ადრეული ქრისტიანული ეკლესია სულის [წმინდის] მოფენას გამოცდის (საქმეები 2). წინა თავებში კურტ ლამპის არგუმენტი იმისათვის მოვიყვანე, რათა გაგვეგო ქრისტე, როგორც სულის მიერ შთაგონებული. ყოველივე ეს იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ქრისტეში ღმერთის კონკრეტული აქტივობა ღმერთის ბუნებაში მოქმედების, რელიგიური გამოცდილებისა და სხვა რელიგიური ტრადიციების კონტექსტში გავიგოთ. თითოეულ შემთხვევაში წყალობა  მოქმედებს ბუნებრივ სტრუქტურებში და არა მისი ჩანცვლების, თუ შეყოვნების გზით.

ახლა კი რელიგიური ცხოვრებისათვის პროცესის თეოლოგიის შინაარსს შევხედოთ. მარჯორ სოსჩოკი პროცესის კატეგორიებს იმისათვის იყენებს, რათა ცოდვისა და გამოხსნის ქრისტიანული გამოცდილება გაიაზროს და გამოხატოს. მას შემდეგ, რაც რეალობას სოციალურ და რაციონალურ ხედვად განიხილავს, ის ცოდვას განსაზღვრავს როგორც  ურთიერთობების ხელყოფას. ამ განსაზღვრების თანახმად, ცოდვა პიროვნების აბსოლუტიზაცია და ურთიერთდამოკიდებულების უგულვებელყოფაა. მას გამოვცდით არა მხოლოდ ღმერთისაგან ინდივიდუალური გაუცხოების შედეგად, არამედ უსამართლობისა და ექსპლუატაციის სოციალურ სტრუქტურებშიც. მისი აზრით, გამოხსნა გვათავისუფლებს პირად სამყაროზე მიჯაჭვულობის ტყვეობისაგან. ღმერთი სიყვარულია,  და, ამავდროულად, იმ სტრუქტურათა განსჯაცაა, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთისაგან განაცალკევებს. ქრისტეს ცხოვრებაში განსახიერებულია და წარმოჩენილია ღმერთის სიყვარული. მასში ჩვენ ვხედავთ სიკვდილზე ძლიერ ტრანსფორმაციულ ძალას, ძალას რომელმაც ჩვენს ცხოვრებაში ჰარმონია შეიძლება მოიტანოს.

პროცესის კონცეპტუალურ ჩარჩოში ლოცვის მიზანი ღვთაებრივი მოწოდების მიმართ ღიაობა და პასუხია. ლოცვის პროცესი უკავშირდება ღმერთის მიერ შემოთავაზებულ შესაძლებელს შორის პირადი არჩევანის განცხადებას, ანდა, ტრადიციული ტერმინებით რომ ვთქვათ, „ღმერთის ნების შესრულებას“. ამ შემთხვევაში ღმერთის ნება ყოფიერებათა შორის ჰარმონიისა და ღირებულების მიღწევა და რეალური სიყვარულის რეალიზაციაა. მსგავსი სიყვარული რიგ შემთხვევაში ტრადიციულ სწავლებებთან და ეკლესიის ავტორიტეტებთან შეიძლება გავაიგივოთ, ზოგჯერ კი მსგავსი სწავლებებისა და ავტორიტეტების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაა საჭირო. ჩვენი, როგორც ნაწილებად ქცეული ინდივიდებისა და საზოგადოებების გამრთელების გზაზე სული მოულოდნელი გზებით მოქმედებს. ამასთანავე, ლოცვა შეიძლება იქცეს გაოცების, გამოხატვისა და მადლობის შეწირვის საშუალებად, ისევე, როგორც საკუთარი თავის გამოკვლევის, შეცდომების აღიარებისა და სიყვარულის ინკლუზიურ მოწოდებაზე პასუხის გზად.

ებრაელი ეგზისტენციალისტი მარტინ ბუბერი მოგვიწოდებს სიცოცხლეს შევხედოთ როგორც ღმერთთან დიალოგს, სადაც ჩვენ ქმედებებზე ვართ პასუხისმგებელი. ყოველ მოვლენაში ჩვენ ღმერთს მივემართებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი, რაც ხდება, ღმერთის ნება ანდა მხოლოდ მისი ნების შედეგია.  ჩვენ შეგიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს, თუ რას გვეტყოდა ღმერთი თითოეული მოვლენის შემთხვევაში. ჩვენი პასუხი „ცხოვრებისეულ მეტყველებაში“ გამოისახება და არა მხოლოდ ზეპირ სიტყვებში. ბუბერი ყოველდღიური ცხოვრების წმინდა ქცევად გარდაქმნისაკენ მიგვიწოდებს, რომელშიც ჩვენ მარადიულ „შენთან“ მუდმივ დიალოგში ვიქნებით. ჩემი აზრით, ბუბერის შრომის ეს ასპექტი თავსებადია ღმერთის წინაშე არსებობის პროცესუალურ გააზრებასთან.

პროცესის აზროვნებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს პასუხისმგებლობის მქონე პიროვნების კონცეპტის განვითარებაში და ეს კონცეპტი თავიდან იცილებს სული-სხეულის დუალიზმს. წინა თავებში განვიხილეთ შუა საუკუნეების ქრისტიანობის სული/მატერიის და სული/სხეულის დუალიზმი. როგორც ჩანს, ეს დუალიზმის ბერძნული ტრადიციიდან უფრო მოდის, ვიდრე ბიბლიური წყაროებიდან. ქრისტიანული თეოლოგია ხშირ შემთხვევაში ნეგატიურ ასკეტიზმს, სხეულისაგან გაუცხოების ტენდენციას ახალისებს და მხოლოდ სულის გამოხსნაზე ზრუნავს. უფრო ახლახან დასავლურ კულტურაში მრავალი მოაზროვნე სხეულის რეპრესიის წინააღმდეგ გამოვიდა და უკონტროლო მგრძნობელობის შესახებ დაიწყო ფიქრი. პროცესის ფილოსოფია ამ ექსტრემალურ მიმართულებებს თავიდან იცილებს. ის აღიარებს ჩვენ განსხეულებას და ამტკიცებს, რომ სხეულებრივი მოვლენები გამოცდილების ყველა მომენტის თანმდევი მოვლენაა. პროცესის აზროვნება სხეულის პატიცისცემისაკენ მიგვიწოდებს, ამავდროულად კი ამტკიცებს, რომ თავისუფლება და თვითგანსაზღვრება, ისევე როგორც პირადი და სოციალური მიზნების დასახვა, სხეულებრივი სიამოვნების მიღმაა. პასუხისმგებელი ინდივიდი ჰოლისტური კონცეპტია, რომელიც შეიცავს და, ამავდროულად, ტრანსცენდენტირებს სხეულს.

პროცესის აზროვნება ფემინიზმის მსგავსად უარყოფს იმ დუალიზმს, რომელმაც იერარქიული დომინაცია გამოიწვია. ფემინისტებმა დუალიზმის სამ ფორმაზე გააკეთეს ყურადღება: კაცი-ქალი, გონება-სხეული და ადამიანი-ბუნება. წარსულში დაშვებული იყო, რომ დუალიზმის პირველი წევრი მეორეზე აღმატებულია. დუალიზმის თითოეული  ფორმა ამყარებს დუალიზმის ყველა სხვა ფორმას, ვინაიდან პირველი წევრები (კაცი, გონება, ადამიანი) ერთმანეთთან ასოცირდება, ხოლო მეორე წევრები (ქალი, სხეული, ბუნება) ერთ კონტექსტში განიხილება. როგორც წესი, ფემინისტები პროცესის მოაზროვნეებს ეთანხმებიან, და არა მხოლოდ ამ დუალიზმებს უარყოფენ, არამედ მათ ჰოლისტური ურთიერთმიმართებითა და ინკლუზიური მხარდაჭერით ანაცვლებენ. ისინი ადამიანის თვით-განსაზღვრების ღიაობასა და შემოქმედებით ხასიათს ეთანხმებიან და წარსულის იერარქიული როლებისაგან გათავისუფლებას ლამობენ. ფემინიზმი აქტიურად უჭერს მხარს სოციალურ ცვლილებასა და ადამიანის გამოხსნას და ის შესაძლოა უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე პროცესის თეოლოგიის აბსტრაქტული შრომები.

ფემინისტები და პროცესის მოაზროვნეები ასევე თანხმდებიან ყოვლისშემძლე ღმერთის ტრადიციული იდეის პატრიარქული და მონარქიული ხედვის კრიტიკის საკითხზეც. ფემინისტები აფასებენ ადამიანის ბუნებასა და ღმერთში არსებულ მზრუნველობით და აღმზრდელ ასპექტებს. უაიტჰედი გამორჩეულად უარყოფს ღმერთის, როგორც იმპერიული მმართველის იდეას და საუბრობს ღმერთზე, რომელიც „ზრუნავს, რათა არაფერი დაიკარგოს“ და ღმერთზე, რომელსაც  „თავმდაბლური ხედვა აქვს.“ ღმერთის განგრძნობითი ბუნება აღმქმელი, ემპათეტიკური და მოქმედია. სული წმინდის თეოლოგიის განვითარების ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ სულს ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილი დაუკავშირებს მასკულინურ ბუნებას. ასე რომ, პროცესის ფილოსოფიას, თეოლოგიის ფორმულირებისა და რელიგიური ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი შინაარსი გააჩნია.