ინტერვიუ პროფ. ჯაკომო რინალდისთან

ინტერვიუ პროფ. ჯაკომო რინალდისთან

17.09.2020

ინგლისური გამომცემლობა The Pertinent Press 2020 წელს გამოსცემს ცნობილი იტალიელი ჰეგელიანელი ფილოსოფოსის, ჯაკომო რინალდის მონოგრაფიას „ხელოვნების ფილოსოფია, ტ. 1“. ამავე გამომცემლობის თანამშრომელმა ლაურა სტატმა ინტერვიუ ჩაწერა პროფესორ ჯაკომო რინალდისთან, რომლის ფარგლებში ინგლისურენოვანი მკითხველის წინაშე ამ მონოგრაფიისა და მისი ავტორის წარდგენა მოხდა. ეს ინტერვიუ ქართულ ენაზე თარგმნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის თანამშრომელმა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა. ქართველ მკითხველსაც ეძლევა შესაძლებლობა, რომ გაეცნოს პროფესორ ჯაკომო რინალდის უაღრესად საყურადღებო მონოგრაფიის ძირითად იდეებს, რომლის მონახაზიც თვით ავტორის მიერ არის შესრულებული.

პროფ. რინალდის მოკლე ბიოგრაფია: ჯაკომო რინალდი დაიბადა იტალიის ქალაქ ბერგამოში, 1954 წელს; 1978 წელს მან წარჩინებით დაამთავრა მილანის უნივერსიტეტი თეორიული ფილოსოფიის განხრით; ამჟამად არის თეორიული და მორალის ფილოსოფიის პროფესორი ურბინოს უნივერსიტეტში, ასევე ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევარი. მრავალრიცხოვან წიგნებსა და ესეებში, რომლებიც შექმნილია და გამოქვეყნებულია იტალიურ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე, მან წარმოადგინა ჰეგელიანური იდეალიზმის ეპისტემოლოგიის, მეტაფიზიკის და ეთიკის სისტემური ინტერპრეტაცია და თანამედროვე ფილოსოფიის ძირითადი მიმართულებების ორიგინალური და კრიტიკული გააზრება - დაწყებული ჰუსერლის ტრანსცენდენტალური ფენომენოლოგიდან და მარქსის ისტორიული მატერიალიზმიდან ადორნოს სოციოლოგიამდე, ჯენტილეს აქტუალიზმამდე და კროჩეს და კოლინგვუდის ისტორიციზმამდე.

— რას ეხება თქვენი წიგნი უწინარეს ყოვლისა?

— ჩემი წიგნის მიზანი, რომლის გამოცემისთვისაც Pertinent Press-ის დიდად მადლობელი ვარ, მკითხველისთვის ხელოვნების არსის და ისტორიული განვითარების სრული სურათის საფუძვლიანი წარმოჩენაა; ეს საგანი არ აღიქმება მარტივად, როგორც ფსიქოლოგიური ან სოციოლოგიური ფაქტი, რომელიც წარმოქმნილია ან განცდილია ემპირიულად მოცემული ინტერსუბიექტურობის მიერ, არამედ აღიქმება როგორც ადამიანის სულის ტრანსცენდენტალური სტრუქტურა, რამდენადაც მას შეუძლია სამართლიანად იყოს გაიგივებული აქტუალური რეალობის აბსოლუტურ მეტაფიზიკურ პრინციპთან. პირველი ტომი ეხება ხელოვნების არსს, სამ განსხვავებულ, მაგრამ სისტემურად დაკავშირებულ შეხედულებად რომ ისახსრება. მე მათ მეტაფიზიკური, ფენომენოლოგიური და striqto sensu სისტემური ერთობა ვუწოდე. პირველ სექციაში ვეხები ხელოვნების მეტაფიზიკურ დაშვებებს, ხელოვნებაში ფორმისა და შინაარსის, მშვენიერებისა და მისი დიალექტიკური საპირისპიროს - სიმახინჯის - ურთიერთმიმართებას, ხელოვნების განსხვავებას და კავშირს ბუნების მშვენიერებასთან. მეორე ნაწილში შევუდექი მხატვრულ შემოქმედებაში ადამიანური სულის იმ უნარების როლის გამოკვეთას, როგორიცაა წმინდა განცდა, ინტუიცია, წარმოსახვა და ფანტაზია, ასევე, ხელოვნების ნიმუშის მატერიალურ სუბსტრატთან ამ უნართა კავშირების, გარდა ამისა, გენიალობას, გემოვნებასა და ხელოვნების კრიტიციზმს შორის მიმართების წარმოჩენას. მესამე ნაწილში მოვხაზე სულის სიცოცხლეში ხელოვნების სისტემური სივრცე, ხაზი გავუსვი მის მიმართებას სულის ისეთ საფუძველმდებარე ფორმებთან, როგორიცაა - ეთიკურობა, რელიგია და ფილოსოფია. ხელოვნების არსის ისტორიული რეალიზების პროცესთან დაკავშირებული ფართომასშტაბიანი პრობლემატიკა განხილული იქნება „ხელოვნების ფილოსოფიის“ მეორე ტომში, რომლის გამოცემაც მომავალ წლებში იგეგმება.

ვისთვისაა თქვენი წიგნი განკუთვნილი?

— ჩემი წიგნი მიზნად ისახავს ხელოვნების ფილოსოფიური პრობლემების განხილვას იმ გზით, რომელიც აკადემიური მონოგრაფიისადმი წაყენებულ მოთხოვნებს - დამაჯერებელ არგუმენტაციას, ფილოლოგიურ სიზუსტესა და სიღრმისეულ ანალიზს - სრულად შეესაბამება. აქედან გამომდინარე, წიგნის ადრესატები არიან ფილოსოფიური ესთეტიკით სერიოზულად დაინტერესებული სტუდენტები, მკვლევარები და პროფესორები. მაგრამ, იმის მოლოდინიც გვაქვს, რომ სხვა დარგის მეცნიერებმაც გერმანიაში, ბრიტანეთსა და იტალიაში, ვისაც ჰეგელიანიზმის ისტორიაში ჩაღრმავება სურთ, შესაძლოა, ჩემს წიგნში საკუთარ კვლევათა სასარგებლო თეორიული და/ან ისტორიულ-კრიტიკული რჩევები იპოვონ, მაგალითად, ბრწყინვალე გერმანელი ჰეგელიანელი ფილოსოფოსის, ფრიდრიხ თეოდორ ფიშერის მონუმენტალური ესთეტიკის დეტალური დამუშავება. მიუხედავად ამისა, ეს ავტორი, უმეტესწილად, გერმანული აკადემიური სივრცის მხოლოდ ვიწრო წრეებში თუა ცნობილი. ჩემი წიგნით უფრო ფართო პუბლიკა იმის გამოც შეიძლება დაინტერესდეს, რომ ის ავითარებს ხელოვნების კრიტიციზმის თეორიას, რომელიც ამ საკითხის შესახებ ბენედეტო კროჩესა და ჯოვანი ჯენტილეს ფართოდ გავრცელებულ ფორმალისტურ კონცეფციებთან პოლემიკაში გვთავაზობს უფრო რაციონალურ, ზუსტ და შინაარსობრივად მოქნილ კრიტერიუმს ჭეშმარიტი ხელოვნების ყალბი ხელოვნებისგან განსასხვავებლად.

რომელი წიგნები ან ავტორები იყვნენ თქვენი ნაშრომის შთაგონების წყარო?

— დაახლოებით ათი წლის წინ, ჰეგელის ესთეტიკის შესახებ ლექციების სამტომეულის სიღმისეული შესწავლა დავიწყე, როგორც ეს ჩვეულებრივ ჰეგელიანურ ლიტერატურაშია მიღებული - ამ ნაშრომზე კომენტარის დაწერისა და გამოქვეყნების მიზნით. თუმცა, როცა ამ საქმის თანმიმდევრობით განხორციელება დავიწყე, აღმოჩნდა, რომ საკვლევი საგანი - მისი აღმატებული თეორიული და ესთეტიკური მნიშნელობიდან გამომდინარე - უფრო მეტს საჭიროებდა, ვიდრე უბრალოდ კომენტარია. ამგვარად, ჩემი საწყისისეული მეცნიერული განზრახვა გარდაიქმნა ახალი სისტემური ესთეტიკის ბევრად უფრო ამბიციურ ნაშრომად, რომელიც (ჰეგელის მიერ მის შრომაში მიღწეული თეორიული და ისტორიული შედეგების საფუძველზე) დასავლურ ფილოსოფიაში გავრცელებულ ესთეტიკური გამოცდილებისა და ხელოვნების ყველა ძირითად თეორიულ პრობლემასა და დოქტრინას გაუმკლავდებოდა. აი, ეს არის სწორედ ის, რისი გაკეთებაც ვცადე ჩემს წიგნში, რომლის შთაგონების უპირველესი და გადამწყვეტი წყაროც, კანტისა და შელინგის ესთეტიკების გვერდით, უწინარეს ყოვლისა, ჰეგელის მშვენიერების იდეის, ბუნებრივი მშვენიერების და ხელოვნების ფორმებისა და სახეობების იდეალისტურ-დიალექტიკური კონცეფციაა.

რითი განსხვავდება თქვენი წიგნი ამავე საკითხზე დაწერილი სხვა წიგნებისგან?

— განსხვავება ჩემს წიგნში განვითარებულ ხელოვნების კონცეფციასა და თანამედროვე - ანგლო-საქსურ და კონტინენტურ - მეინსტრიმულ ფილოსოფიაში (ისევე, როგორც ადამიანის შესახებ სხვა მეცნიერებებში) წარმოდგენილ კონცეფციებს შორის, ეჭვგარეშეა, არის ცხადი და უკომპრომისო. უპირველეს ყოვლისა, დღევანდელ ესთეტიკურ თეორიებში გავრცელებული ტენდენციებისგან განსხვავებით, რომლებიც ესთეტიკურ პრობლემებს მხოლოდ იმ ემპირიული მეცნიერებების ჭრილში უმკლავდებიან, როგორიცაა ფსიქოლოგია, ფსიქოანალიზი, კიბერნეტიკა ან სოციოლოგია, ჩემს წიგნში წინასწარ დასახული, მეტადრე კი განვითარებული თეორიული ხედვა თავისი ბუნებით ღიად მეტაფიზიკურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ შემოფარგლავს თავის მიზანს ბუნებრივი ან ისტორიული ფენომენის განსაზღვრით და, აქედან გამომდინარე, მათი განმარტება არ ხდება გარეგანი მიზეზობრიობის საშუალებებით, არამედ, ამის ნაცვლად, ის მიზნად ისახავს გაიგოს ისინი იმ პირველი პრინციპების აუცილებელ გამოვლინებებად, რომლებიც ბუნებით ფუნდამენტურად რაციონალური და ტელეოლოგიურია. გარდა ამისა, ჩემს წიგნში განვითარებული ესთეტიკისადმი ფილოსოფიური მიდგომა განსხვავდება ტრადიციული მეტაფიზიკის და თეოლოგიის დუალისტური, სტატიკური და ტრანსცენდენტური ხედვისგან, რადგანაც ის ხაზს უსვამს მშვენიერების იდეის და ხელოვნების ფორმებსა და სახეობებში მისი (მშვენიერების იდეის) რეალიზების თანმიმდევრულ ჰოლისტურ და პროცესუალურ კონცეფციას. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი წიგნი ემიჯნება XX საუკუნეში შექმნილ ხელოვნების მეტაფიზიკის ყველაზე გონივრულ მონახაზს - სახელდობრ, ნიკოლაი ჰარტმანის მცდელობას - რადგანაც, მიუხედავად მისი იმ იდეის გაზიარებისა, რომ ფილოსოფია ადეკვატურად შეიძლება განვითარდეს მხოლოდ როგორც სისტემური მეცნიერება, ის უკუაგდებს მისი ონტოლოგიისა და ესთეტიკის რადიკალურად რეალისტურ, პლურალისტურ და ირაციონალისტურ ორიენტაციას და უპირისპირებს მათ ხელოვნებისა და მშვენიერების გრძნობის იმანენტურ-იდეალისტურ კონცეფციას, რომელიც თავდაპირველად კანტის „მსჯელობის უნარის კრიტიკაში“ დაისახა და რომელმაც თავის მწვერვალს ჰეგელის ესთეტიკის შესახებ ლექციებში მიაღწია.