ალვინ პლანტინგა: ღმერთი, თავისუფლება და ბოროტება

ალვინ პლანტინგა: ღმერთი, თავისუფლება და ბოროტება

29.08.2020

Alvin Plantinga, God, Freedom, and Evil, reprinted edition, Wm. B. Eerdmans Publishing Co., Grand Rapids, Michigan, 49503, 1977, 112 pp., ISBN-0-8028-I731-9.

თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამერიკელი მოაზროვნე, ალვინ პლანტინგა თავის წიგნში „ღმერთი, თავისუფლება და ბოროტება“ განიხილავს რელიგიის ფილოსოფიის, უფრო სწორად რომ ითქვას, რელიგიური ფილოსოფიის საკვანძო მიმართულებებს: ნატურალურ თეოლოგიასა და ნატურალურ ათეოლოგიას. პირველი, ავტორის აზრით, ღმერთის რწმენის რაციონალურობას წარმოგვიჩენს და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ღმერთი, მისი არსებობა გონებით დამტკიცებადია. მეორე კი მსგავს საკითხებში ირაციონალურობის მხარდამჭერია და ცდილობს პირველის მიერ შემოთავაზებული დებულებების კრიტიკას. შესაბამისად, ეს ორი მიმართულება აყალიბებს განსხვავებულ რელიგიურ ხედვებსა და რელიგიური ცხოვრების განსხვავებულ ფორმებს. წიგნში ავტორი სწორედ ამ ორი მიმართულების მნიშვნელოვანი მომენტების ჭეშმარიტება-მცდარობის გამოვლენას ცდილობს.

ნატურალურ ათეოლოგიაზე საუბრისას პირველი საკითხი, რომელსაც ავტორი ეხება, არის ბოროტების არსებობის საკითხი. ბოროტების არსებობა ფილოსოფოსებს ადრეულ ეპოქებშივე უბიძგებდა სხვადასხვა მოსაზრებებისკენ. ყოვლადკეთილი ღმერთის იდეა თითქოს შეუთავსებელი იყო ბოროტების არსებობასთან. მაგალითისთვის, მანიქეველთა სწავლების თანახმად, რომელიც დუალიზმს ქადაგებდა, სამყაროს გააჩნია ორი საწყისი. ამ შეხედულების საპირისპიროდ, პლატონიკოსთა გავლენით, სხვანი მონიზმის იდეას ქადაგებდნენ, რაც სამყაროს სიკეთის იდეის ირგვლივ აერთიანებდა. სიკეთე აქ უმაღლესი კატეგორიით - არსებობით განისაზღვრებოდა. შესაბამისად, ბოროტება ფორმირდებოდა როგორც მისი საპირისპირო - არარსებობა. მანიქეველური დუალიზმის პლატონიზმით გადალახვის საუკეთესო მაგალითს ნეტარი ავგუსტინეს შემოქმედება წარმოადგენს. ბოროტების არსებობა აქ ჩანაცვლებულია მისი არასუბსტანციურობით და სიკეთის კლებით. ამგვარი მიდგომა დამახასიათებელია მრავალი ქრისტიანი მოაზროვნისთვის როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთშიც. სწორედ ბოროტების არსებობა აყენებს ეჭვქვეშ ნატურალურ ათეოლოგიაში ღმერთის არსებობას ან მისი რწმენის რაციონალურობას.

პლანტინგა სამყაროში ბოროტების არსებობის მრავალ მაგალითს ასახელებს: ეს ხდება როგორც ბუნებრივი უბედურებების სახით (როგორიცაა მიწისძვრები, წყალდიდობები და ა.შ.), ასევე ადამიანის სისასტიკითა და უგუნურებით. პლანტინგა ამ საკითხების განხილვის დროს მოიხმობს სხვადასხვა მოაზროვნეებს: დევიდ ჰიუმი, თეოდორ დოსტოევსკი და სხვ. ისმის შემდეგი კითხვა: ხომ არ ეწინააღმდეგება თეიზმი საკუთარ თავს? რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას სამყაროში? ის ხომ ყოვლადკეთილია და, ამასთანავე, ყოვლისშემძლეც. პლანტინგა გვთავაზობს ლოგიკურ სიმრავლეს, რომელიც შედგება შემდეგი წევრებისაგან: (1). ღმერთი ყოვლადკეთილია; (2). ღმერთი ყოვლისშემძლეა; (3). ბოროტება არსებობს. პლანტინგას აზრით, მოცემული სიმრავლე საკუთარ თავში მხოლოდ ერთი შეხედვით შეიცავს წინააღმდეგობას. პლანტინგა თავისი ლოგიკური განაზრებების მეშვეობით წარმოაჩენს, რომ ეს სიმრავლე არ არის წინააღმდეგობრივი, რადგანაც სიმრავლის არცერთი წევრი არ შეადგენს რომელიმე სხვა წევრის საპირისპიროს. შეიძლება ითქვას, რომ წევრები ერთმანეთისგან დამოუკიდებელნი არიან და, შესაბამისად, მათ შორის არ არის არავითარი წინააღმდეგობა. იმისათვის, რათა სიმრავლეში ფორმალური წინააღმდეგობა წარმოჩნდეს, საჭიროა შემდეგი წევრების მიმატება, რომლებიც, ამასთანავე, აუცილებლობით ჭეშმარიტი იქნებიან: (4). კეთილი არსება ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ მოისპოს ბოროტება; (5). ყოვლისშემძლე არსების ქმედებებს არ აქვთ საზღვარი. მე-5-ე დებულება, პლანტინგას აზრით, თავადაა წინააღმდეგობრივი, რამდენადაც თუკი ყოვლისშემძლე არსება ქმედებებში არ შემოისაზღვრება, მაშინ ის არალოგიკურის სფეროშიც მოქმედი იქნება. ასეთ შემთხვევაში კი პირველი სამწევრიანი სიმრავლე, ცხადია, თავისთავად ეჭვშეუვალი აღმოჩნდება. ამგვარი არალოგიკური ქმედების (მაგალითად, მრგვალი კვადრატის შექმნა) შესაძლებლობას ღმერთს მარტინ ლუთერი და, რაღაც აზრით, ალბათ, დეკარტიც მიაწერდა.

პლანტინგა აკრიტიკებს მე-4-ე დებულებასაც რამდენიმე საფეხურიანი სისტემით. პირველი მოთხოვნა გულისხმობს აუცილებელ ცოდნას ბოროტებისა, რომლის აღმოფხვრაც უნდა მოხდეს. მეორე პუნქტის თანახმად, ეს დებულება ვერ იქნება ჭეშმარიტი, რადგანაც შესაძლებელია ბოროტების აღმოფხვრა მოითხოვდეს მეტად აღმატებული ბოროტების ჩადენას. შესაბამისად, თუკი ბოროტება არ აღმოიფხვრება, კეთილი არსება კეთილად რჩება. საბოლოოდ, თავად ბოროტ ვითარებათა ურთიერთმიმართების წარმოჩენის წყალობით, პლანტინგა აბათილებს მე-4-ე დებულების აუცილებელ ჭეშმარიტებას.

საბოლოო ჯამში, ალვინ პლანტინგა მოცემული დებულების ფორმალური წინააღმდეგობის არქონის ჩვენებას ცდილობს, რაც, შეიძლება ითქვას, ძველი იდეების ახლებური გადამუშავების საყურადღებო მცდელობას წარმოადგენს.

თავის წიგნში პლანტინგა ასევე ეხება თეოდიცეისა და ნების თავისუფლების საკითხებს. განსაკუთრებით საინტერესოა მისი მსჯელობები საუკეთესო სამყაროში ნების თავისუფლების აუცილებლობის შესახებ. ნეტარი ავგუსტინესა და სხვა დიდი ქრისტიანი მოაზროვნეების შეხედულებათა მოხმობის შემდგომ, ავტორი ცდილობს, რომ ნების თავისუფლების არსებობა ყველა შესაძლო სამყაროებს შორის საუკეთესოს აუცილებელ პირობად წარმოაჩინოს. გარდა ამისა, პლანტინგა ეხება ღმერთის მიერ ისეთი სამყაროს შექმნის შესაძლებლობას, სადაც მორალური ბოროტება არ არსებობს. პლანტინგა განიხილავს სხვა ათეოლოგიურ არგუმენტებსაც. მაგალითად, ის საუბრობს ნების თავისუფლებისა და ღმერთის წინასწარ ყოვლისმცოდნეობის შეუსაბამობის საკითხზეც, რის აქტიურ კრიტიკასაც ახორციელებს სხვადასხვა მსჯელობების, მათ შორის, შესაძლო სამყაროების თეორიის მოხმობის მეშვეობით.

საბოლოო ჯამში, ალვინ პლანტინგა ათეოლოგიურ არგუმენტებს უარყოფითად აფასებს და მათ ჭეშმარიტებაზე პრეტენზიას სრულად ჩამოართმევს. ღმერთისა და სამყაროში ბოროტების არსებობის თავსებადობის საკითხი, როგორც აღვნიშნეთ, ადრეული ეპოქებიდანვე დიდი დისკუსიების საგანი იყო ფილოსოფოსთა შორის. სხვადასხვა დროს სხვადასხვა სააზროვნო ტრადიციების ჭრილში ეს თემატიკა სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებდა და ფილოსოფიის ისტორიას ახალ-ახალი კონცეფციებით ამდიდრებდა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ნეტარი ავგუსტინეს, დეკარტის, ლაიბნიცის და სხვათა მოძღვრებები. პლანტინგას ახლებურ გააზრებას საკითხი სრულიად სხვა განზომილებაში გადაჰყავს და ამით იგი საგანგებო ადგილს იკავებს ამ საკითხის მკვლევართა ვრცელ ჩამონათვალში.

რაც შეეხება ნატურალური თეოლოგიის საკითხებს, ალვინ პლანტინგა განიხილავს ღმერთის არსებობის სამი სახის არგუმენტს: კოსმოლოგიურს, ტელეოლოგიურსა და ონტოლოგიურს. აზროვნების ისტორიაში, მეტადრე, შუა საუკუნეებში, ღმერთის არსებობის რაციონალური მტკიცებები ძალზე პოპულარული იყო. უმეტეს შემთხვევაში, ისინი სათავეს იღებდნენ პლატონის, არისტოტელესა და მათი მემკვიდრეების, ნეოპლატონიკოსების ნაშრომებიდან. ამის მაგალითია თუნდაც არისტოტელეს „მეტაფიზიკა“ და მისი პირველმამოძრავებლის კონცეფცია, რომელმაც განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა რიგ ქრისტიან მოაზროვნეებზე (მაგალითად, იოანე დამასკელზე და თომა აქვინელზე). კოსმოლოგიური არგუმენტიც, რომელსაც საგანგებოდ განიხილავს პლანტინგა, სწორედ არისტოტელეს ფილოსოფიიდან საზრდოობს. ამ არგუმენტის ერთ-ერთი დახვეწილი სახე ქრისტიანულ ფილოსოფიაში თომა აქვინელს ეკუთვნის, რომელსაც მიმოიხილავს კიდეც პლანტინგა. ის ამ არგუმენტის დიფერენცირებას ახდენს. არგუმენტი საგნების შემთხვევითობა-აუცილებლობის კატეგორიიდან ამოდის: ამქვეყნიური საგნები შემთხვევითნი არიან თავიანთ არსებობაში; შესაბამისად, რაღაც დროს ისინი არ არსებობდნენ, რამდენადაც რასაც შეუძლია არ არსებობდეს, რაღაც დროს აუცილებლად არ არსებობდა. შესაბამისად, რაღაც დროს არაფერი არსებობდა. იქიდან გამომდინარე კი, რომ თუ რაღაც დროს არაფერი არსებობდა, არაფერი იარსებებდა ახლაც, რადგანაც რაიმეს თავისი არსებობა სხვა უკვე არსებულისგან უნდა მიეღო. შესაბამისად, სამყაროში ყველაფერი როდია შემთხვევითი. უნდა არსებობდეს, სულ მცირე, ერთი აუცილებლობით არსებული. ეს აუცილებლობა კი მას ან სხვისი მეშვეობით, ან საკუთარი თავიდან აქვს. რადგანაც შეუძლებელია არსებობდეს ერთმანეთის განმაპირობებელი აუცილებლობით არსებულების უსასრულო რიგი, არსებობს ერთი აუცილებლობით არსებული, რომელსაც არსებობა აქვს საკუთარი თავიდან. ამის მეშვეობით კი ამ არგუმენტის ავტორი ღმერთზე მიუთითებს.

ალვინ პლანტინგა ამ არგუმენტს შემდეგი სახით აკრიტიკებს: გვაქვს დებულება, რომლის თანახმადაც, თუკი არსებული შემთხვევითია, მაშინ მისთვის არსებობს რაღაც დრო, როდესაც ის არ არსებობდა. თომასეული გაგრძელება ამ მსჯელობისა გვეუბნება, რომ, აქედან გამომდინარე, უნდა არსებობდეს დრო, როდესაც არაფერი არ არსებობდა, რაც, პლანტინგას აზრით, ლოგიკურად გაუმართავია. ეს ჰგავს დებულებას, რომ: 1. ყველა A-სთვის არის რაღაც B, რომელსაც გააჩნია C მიმართება A-სთან; 2. B არის ისე, რომ მას გააჩნია ყველა A-სთან C მიმართება. მოცემულ დებულებებს შორის მეორე არ გამომდინარეობს პირველიდან. პლანტინგა ამგვარ დასკვნას აღმაშფოთებლადაც კი მიიჩნევს! ის მიუთითებს კიდეც, რომ, მოგვიანებით, თომას კომენტატორები ცდილობდნენ სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციებით ამ უხერხული შეცდომის გამართლებას, თუმცა, ყველა მცდელობამ ამაოდ ჩაიარა.

ალვინ პლანტინგა ტელეოლოგიურ არგუმენტსაც განიხილავს, რომელიც სამყაროში მიზნობრიობის განჭვრეტით მიუთითებს რაღაც გონზე, რომელმაც მოახდინა ყოველივეს მოწესრიგება სამყაროში. ქრისტიანული ფილოსოფიისთვის გამოსადეგ მსგავს მსჯელობებს ჩვენ ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ვხვდებით, სადაც სამყაროს კანონზომიერებით ხდება ღმერთის სიბრძნესა და ყოვლისშემძლეობაზე მითითება (მაგალითად, ფსალმუნი 103). ამ არგუმენტის კლასიკურ ვარიანტს გვთავაზობს უილიამ პელი. მისი აზრით, ქუჩაში ნაპოვნი ჯიბის საათი გვაფიქრებინებს, რომ შეუძლებელია ეს ნივთი შემთხვევითობის წყალობით აღმოჩენილიყო აქ და ამგვარი ფორმით (რაც შეიძლება ვთქვათ მიწაზე დაგდებულ ქვაზე). სამყაროც ამის ანალოგიას წარმოადგენს - ის მიუთითებს ერთგვარ ჩანაფიქრზე, რომელიც სამყაროს გონიერ შემოქმედს ეკუთვნის. აქვეა მოყვანილი დევიდ ჰიუმის მიერ ამ არგუმენტის კრიტიკაც, რომელიც, საბოლოო ჯამში, სხვადასხვა ვითარებების განხილვით აჩვენებს, რომ ეს არ არის ერთადერთი დასკვნა ამ მსჯელობისა, რომ სამყაროს ეს მოწესრიგებული ფორმა შესაძლოა კიდევ სხვადასხვა მიზეზებით წარმოქმნილიყო (სამყაროს ეს სიდიადე შეიძლება სულაც არ მიუთითებდეს დიად შემოქმედზე, არამედ, თუნდაც, შემოქმედთა ჯგუფზე, ან კიდევ სხვა სამყაროების განადგურების ხარჯზე წარმოქმნილ სამყაროზე, ერთგვარ სამყაროთა ევოლუციაზე).

პლანტინგა ტელეოლოგიურ არგუმენტზე საუბრისას აყენებს რამდენიმე დებულებას, რომელსაც თეისტი აუცილებლად უნდა გულისხმობდეს, თუკი სათავისოდ იყენებს ტელეოლოგიურ არგუმენტს: 1. სამყარო საგანგებოდაა მოწყობილი; 2. ის მოაწყო ერთმა არსებამ; 3. სამყარო არარასგანაა შექმნილი; 4. სამყარო მოწყობილია არსების მიერ, რომელმაც საგანგებოდ მოაწყო ის; 5. სამყაროს შემოქმედი ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე და ყოვლადკეთილია; 6. სამყაროს შემოქმედი უსხეულო და მარადიული სულია, რომელიც არ არის დამოკიდებული მატერიალურ საგნებზე. პლანტინგას აზრით, ტელეოლოგიური არგუმენტი მხოლოდ პირველ დებულებას ამართლებს. სხვა დებულებები კი სრულიად დაუსაბუთებელი რჩება. მაგალითად, ჩვენ ვერ მივიღებთ ცხად მოცემულობად მე-2-ე დებულებას, რადგანაც რაიმე სრულყოფილი საგნის შექმნა შეუძლია როგორც ერთ შემოქმედს, ისე ერთგვარ შემოქმედებით კოლექტივსაც. ამ და სხვა ვითარებების გაანალიზების საშუალებით პლანტინგა ტელეოლოგიური არგუმენტის არამართებულობას აჩვენებს. ისიც, მისი აზრით, სრულებით გამოუსადეგარია!

წიგნის შემდეგი ნაწილი ონტოლოგიურ არგუმენტს ეხება. ამ არგუმენტის ავტორი შუა საუკუნეების დიდი მოაზროვნე ანსელმ კენტერბერიელია. ხსენებული არგუმენტის მსგავს განაზრებებს მოგვიანებით ვხვდებით დეკარტთან, გიოდელთან; ამასთანავე, ვფიქრობთ, რომ არგუმენტის გარკვეულ წინასახეებს ვხვდებით ნეტარ ავგუსტინესთან, რომლის გავლენაც ანსელმზე დიდია (საგულისხმოა მისი მონოლოგები და, ასევე, ცალკეული ფორმულირებები ღმერთის შესახებ მის ნაშრომებში „ღვთის ქალაქი“ და „სამების შესახებ“). არგუმენტი არაერთი მნიშვნელოვანი რეცეფციის წყარო ყოფილა ისეთ დიდ მოაზროვნეებთან, როგორებიც არიან, მაგალითად, კანტი და ჰეგელი. პლანტინგას კონცეფციაც ამ საკითხთან დაკავშირებით აზროვნების ისტორიის ამ დიდ კონტექსტში უნდა გავიაზროთ.

პლანტინგას აზრით, შუა საუკუნეების ფილოსოფიის ეს თვალსაჩინო ნიმუში (ანსელმ კენტერბერიელის ღმერთის არსებობის ონტოლოგიური არგუმენტი) რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას პასუხობს: არის თუ არა არსებობა თვისება? აუცილებლობით ჭეშმარიტია გამოთქმა „რაღაც არსებობს“? არსებობაზე საუბარი ნამდვილად იმას გულისხმობს, რასაც ვფიქრობთ?

ანსელმის „პროსლოგიონში“ წარმოდგენილი ამ ცნობილი არგუმენტის განხილვისას, პირველ რიგში, ის შეგვიძლია წარმოვადგინოთ როგორც reductio ad absurdum: აბსურდია ღმერთზე თქვა, რომ ის არ არსებობს, რამდენადაც ის, „რაზე მეტის წარმოდგენაც შეუძლებელია“, შეუძლებელია არ არსებობდეს. ამ მსჯელობას პლანტინგა 6 დებულების სახით გადმოგვცემს: 1. ღმერთი არსებობს გონებაში, მაგრამ არა სინამდვილეში (დაშვება); 2. სინამდვილეში არსებობა აღემატება გონებაში არსებობას (დაშვება); 3. ღმერთის სინამდვილეში არსებობა შესაძლებელია (დაშვება); 4. თუკი, ღმერთი იარსებებდა სინამდვილეში, ის იმას აღემატებოდა, რაც ის გონებაშია; 5. შესაძლებელია, რომ არსებობს რაღაც, რაც ღმერთს აღემატება (3 და 4 დებულებებიდან); 6. შესაძლებელია, რაღაც აღემატებოდეს იმას, რაზე აღმატებაც შეუძლებელია (მე-5 დებულებიდან).

რადგანაც მე-6 დებულება პრობლემურია, შესაბამისად, პირველი დებულება მცდარია, რომ ღმერთი არსებობს გონებაში და არ არსებობს სინამდვილეში.

აქედან ცხადია, რომ, თუ ღმერთი არსებობს გონებაში, ის არსებობს სინამდვილეშიც. გონებაში კი ის, ფსალმუნის სიტყვისამებრ, უგუნურთაც ჰყავთ. მე-2-ე და მე-3-ე დებულებები ჭეშმარიტნი არიან. პირველი დაშვება მცდარია, რამდენადაც მისგან იღებს საფუძველს მე-6-ე მცდარი დებულება.

პლანტინგა ასევე განიხილავს ანსელმთან დაპირისპირებული ბერი გაუნილოს მოსაზრებასაც, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: დავუშვათ, რომ არსებობს რაღაც კუნძული, რომელიც აღემატება ყველა სხვა კუნძულს თავისი სიმდიდრით, პირობებითა და ა.შ. მოკლედ, ის ყოველმხრივ აღმატებული კუნძულია. რატომ უნდა ვირწმუნო მე, რომ ის არსებობს? მსგავსი მსჯელობა შეიძლება ნებისმიერ არსს მიეყენოს.

გაუნილოსადმი ანსელმის პასუხში აღნიშნულია შემდეგი ვითარება: ის საუბრობს არა სხვა არსზე აღმატების შესახებ, არამედ ისეთი არსის შესახებ, რომელზე მეტის მოაზრებაც შეუძლებელია. ამგვარი კუნძული შეუძლებელია იყოს, მას ვერ მიესადაგება მე-3-ე დებულება, რამდენადაც მისი სინამდვილეში არსებობა შეუძლებელია. რამდენადაც არ არსებობს ყველაზე დიდი რიცხვი, იმდენადვე არ არსებობს ყველაზე სრულყოფილი კუნძულიც.

პლანტინგა ეხება ანსელმის არგუმენტის მეორე მძაფრ კრიტიკასაც, რომელსაც ჩვენ იმანუელ კანტის ფილოსოფიაში ვხვდებით. კანტი, საუბრობს რა სუბიექტ-პრედიკატის წყვილზე, აღნიშნავს, რომ შეუძლებელია სუბიექტს პრედიკატი ჩამოცილდეს, მაგრამ თუკი ჩვენ გავაუქმებთ თავად სუბიექტს, მაშინ გაქრება მისი პრედიკატიც. თუკი ვიტყვით, რომ X არ არსებობს, მაშინ არ იარსებებს მისი პრედიკატებიც.

კანტის აზრით, არ არსებობს არავითარი „კონტრექსისტენციალური“ გამონათქვამი, რომლის შეუძლებლობის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მისი (კანტის) პოზიციის უარყოფა. თუკი ვიტყვით, რომ X არ არსებობს, მაშინ არც არაფერი იქნება, რასაც ჩვენ ამ ნათქვამით შევეწინააღმდეგებით. დებულება - „ღმერთი არ არსებობს“ - კანტთან საწინააღმდეგოა დებულებისა „ღმერთი არსებობს“. მაგრამ თუ ჩვენ გამოვთქვამთ პირველ დებულებას, მაშინ არც არაფერი იქნება, რაც შეეწინააღმდეგება მას. პირველი დებულების საფუძველზე მეორე დებულება საერთოდ უქმდება, შესაბამისად, ის ვერ იქნება მისი კონტრდებულება.

კანტის შეხედულება სხვაგვარად ასე ფორმირდება: მისი აზრით, არსებობა არ არის პრედიკატი. არსებობა მხოლოდ შეიძლება „დაემატოს“ არსს, არსებული და შესაძლებელი, საგანი და არარსებული არსი ერთი და იგივეა. ასი ტალერი იგივეა, რაც შესაძლებელი ასი ტალერი. სხვაგვარად რომ იყოს, გვექნებოდა იმაზე მეტი, ვიდრე მოვიაზრებდით გონებაში. ამგვარი მსჯელობის საფუძველზე ვერაფრის მოაზრებას ვერ შევძლებდით, ჩვენი აზრი ყოველთვის ნაკლები იქნებოდა, ვიდრე რეალობაში არსებული საგანი.

ამგვარად, პლანტინგას მიერ განხორციელებულ კანტის შეხედულებათა კრიტიკაში ჩანს, რომ კანტისთვის ანსელმის ონტოლოგიური არგუმენტის საფუძველს წარმოადგენს დებულება, რომლის თანახმადაც არსებობა პრედიკატია; ღმერთის არსებობა მის პრედიკატს, თვისებას წარმოადგენს.

რეალურად, არ არსებობს განსხვავება A1-სა და A2-ს შორის, თუკი მათგან პირველს გააჩნია „X“ თვისებები, მეორეს კი „X+არსებობა“ თვისებები: A1=A2. რეალურად, თუკი საგანს ერთი პრედიკატი ემატება, მაშინ ის უკვე არ არის იგივე: A1≠A2. შესაბამისად, რამდენადაც, შესაძლებელი და არსებული არსები ერთი და იგივე მნიშვნელობის არიან (A1=A2), არსებობა არ არის პრედიკატი. თუკი ანსელმ კენტერბერიელი თავისი არგუმენტის ჩამოყალიბებისას ღმერთის ცნებაში არსებობის გულისხმობას დაეყრდნო, მაშინ კანტის კრიტიკა სამართლიანი ყოფილა; პლანტინგა კი სვამს კითხვას: იყო კი ეს რეალურად ასე?!

ზემოთ განხილული დებულებების საფუძველზე მნიშვნელოვანია მე-2 დებულება, რომლის თანახმადაც სინამდვილეში არსებობა აღემატება აზროვნებაში არსებობას. აქ საუბარია ისეთ თვისებაზე - არსებობაზე სხვა სამყაროში - რომელიც აღმატებას უდევს საფუძვლად. აქაც პლანტინგას შესაძლო სამყაროების იდეა შემოაქვს. შესაძლო სამყარო შესაძლებელია იყოს რაიმე არსისთვის, სადაც მას შესაძლოა განსხვავებული თვისებები ჰქონდეს. თუკი დავუშვებთ რაღაც არსისთვის რაღაც სამყაროს შესაძლებლობას, მაშინ მასში დაიშვება ამ არსის არსებობაც. შესაბამისად, თუკი B არსებობს სამყაროში W და არ არსებობს სამყაროში W1, მაშინ: BW>BW1. რადგანაც დავუშვით, რომ B-სთვის არსებობს სამყარო, რომელშიც ის არსებობს, აქედან შემდეგი დებულება გამომდინარეობს: თუკი B არ არსებობს რაღაც W სამყაროში, უნდა არსებობდეს ერთი W1 სამყარო მაინც, სადაც BW1>BW.

ღმერთი, ანსელმის თანახმად, არის არსი, რომელზე მეტიც შეუძლებელია რაიმე იყოს. შესაბამისად, კეთდება ახალი დაშვება: 8. ღმერთი ნამდვილ სამყაროში არ არსებობს. ამასთან მე-2 დებულება, რომლის თანახმადაც სინამდვილეში არსებობა აღემატება გონებაში არსებობას, შემდეგი სახით ფორმულირდება: 9. თუ B არ არსებობს რაღაც W სამყაროში, მაშინ შესაძლებელია W1 სამყარო, სადაც BW1>BW. შესაბამისად, მე-3 დებულება, რომლის თანახმადაც ღმერთის სინამდვილეში არსებობა შესაძლებელია, გადაკეთებულია ახალ დებულებად: 10. არის შესაძლებელი სამყარო, სადაც ღმერთი არსებობს. აქედან: 11. თუკი ღმერთი არ არსებობს ნამდვილ სამყაროში, არსებობს ერთი W1 სამყარო მაინც, რომელში არსებული ღმერთიც აღემატება ღმერთს ნამდვილ სამყაროში. 12. ასე რომ, გვაქვს W1 სამყარო, სადაც არსებული ღმერთი აღემატება ღმერთს ნამდვილ სამყაროში. აქედან: 13. შესაძლებელია, რომ არსებობდეს X არსი W1 სამყაროში, რომელიც აღემატებოდა ღმერთს ნამდვილ სამყაროში. 14. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ არსებობდეს ღმერთზე აღმატებული არსი. აქედან: 15. შესაძლებელია არსებობდეს არსი, რომელიც აღემატება მას, რაზე მეტიც შეუძლებელია რაიმე იყოს. მაგრამ: 16. შეუძლებელია რაიმე იყოს, რაც აღემატება მას, რაზე მეტიც შეუძლებელია რაიმე იყოს. შესაბამისად, პლანტინგა აბათილებს მე-8 დებულებას, რომლის თანახმადაც ღმერთი სინამდვილეში არ არსებობს.

აქ გასათვალისწინებელია, რომ ეს მსჯელობები ეფუძნება აზრს, რომლის თანახმადაც ღმერთი არსია (რამდენადაც წიგნის ამ მონაკვეთში არსის და მისი სამყაროს წყვილზეა საუბარი). აქვე, ამასთანავე, მსჯელობაა შესაძლებელი არსის ცნებაზე. ღმერთიც შესაძლებელი არსია. შესაძლებელი არსი, პლანტინგას მიხედვით, რთული კატეგორიაა. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხოლოდ მის თვისებებსა და სამყაროებზე, რომლებშიც ეს არსი ან ხორციელდება ან არა.

ღმერთი არის არსი, რაზე აღმატებულიც შეუძლებელია რაიმე იყოს. რჩება მხოლოდ საკითხი, თუ რომელ სამყაროშია ის. შესაბამისად, ჩნდება კითხვა - სად არის შეუძლებელი არსზე, რომელსაც შეუძლებელია რაიმე აღემატებოდეს, აღმატება? აქედან გამომდინარე, პლანტინგას მიერ შემოთავაზებული მე-16-ე დებულება ორაზროვანია: ა) შეუძლებელია იყოს არსი, რომელიც ფლობს მეტ აღმატებულებას, ვიდრე ის არსი, რომელზე აღმატებაც შეუძლებელია, ფლობს იმ სამყაროში, სადაც ის მაქსიმალურია. ბ) შეუძლებელია იყოს არსი, რომელიც ფლობს მეტ აღმატებულებას, ვიდრე ნამდვილ სამყაროში არსი, რომელზე მეტიც შეუძლებელია რაიმე იყოს.

პირველ შემთხვევაში ადრე გამცდარებული მე-16-ე დებულება აზრს კარგავს, რამდენადაც აქ ღმერთი შესაძლებელ არსად რჩება და ეს მის სინამდვილეში არსებობაზე ვერაფერს გვეუბნება.

მეორე შემთხვევა კი შეგვიძლია გავაბათილოთ შესაძლებელი არსების შესახებ მოძღვრებით. თუკი, მივიჩნევთ, რომ შესაძლებელია იმგვარი არსი, რომელიც რაღაც სამყაროში მაქსიმალურია, ჩვენ არ გვაქვს არავითარი საფუძველი, რომ მის სამყაროდ ნამდვილი სამყარო მივიჩნიოთ. შესაბამისად, ისიც ბათილდება.

აღმატებულობაზე საუბრისას აღმატების ნიშნად პლანტინგა ახალ კატეგორიას, აუცილებლობით არსებობას (ყველა შესაძლო სამყაროში) ასახელებს. მაგალითად: არის ნამდვილ სამყაროში არსებული X და Y არსები. X, რომელიც არსებობს ყველა შესაძლო სამყაროში, აღემატება Y-ს, რომელიც არსებობს ზოგ შესაძლო სამყაროში. აქედან გამომდინარე: 17. შესაძლებელია არსებობდეს ყველაზე აღმატებული არსი. 18. აქედან გამომდინარე, არის ისეთი არსი, რომელიც რომელიღაც W სამყაროში ფლობს იმგვარ აღმატებულებას, რომელიც არცერთ სამყაროში არ არის გადალახული. 19. არსი B ფლობს აღმატებულების მაქსიმალურ ხარისხს მოცემულ შესაძლო სამყაროში, თუკი B არსებობს ყოველ შესაძლო სამყაროში.

აქედან გამომდინარეობს, რომ, თუკი W სამყარო იქნებოდა ნამდვილი, მასში შესაძლებელი B არსი იარსებებდა აუცილებლობით. ეს იმას ნიშნავს, რომ იარსებებდა ყველა შესაძლო სამყაროში არსებული არსი, ე.ი. ის იარსებებდა ნამდვილ სამყაროშიც. აქედან გამომდინარეობს, რომ, თუკი (მე-17-ე დებულებიდან) შესაძლებელია არსებობდეს ყველაზე აღმატებული არსი, ის აუცილებლობით არსებობს ნამდვილ სამყაროში.

ანსელმისეული არგუმენტის ზემოთ განხილული ვერსია მეტად საინტერესო გახლავთ, მაგრამ ის მხოლოდ იმგვარი ყველაზე აღმატებული არსის შესახებ საუბრობს, რომელიც ყველა შესაძლო სამყაროში აუცილებლობით არსებობს. თუმცა კი, მისი მაქსიმალური აღმატებულება მას აუცილებლობით არ აქვს ნამდვილ სამყაროში არსებობისას. შესაბამისად, პლანტინგას აზრით, ეს ამცრობს არგუმენტის ძალმოსილებას.

პლანტინგა ახალ, ძალზედ საინტერესო მსჯელობა გვთავაზობს, როდესაც ღმერთს განიხილავს როგორც რელიგიური თაყვანისცემის ობიექტს. ცხადია, რომ აქ წარმოდგენილი დებულებები ვერ მიეყენება იმ ადამიანის პოზიციებს, რომელსაც არ სწამს ღმერთის არსებობისა. „რელიგიურ“ პოზიციაში შეიძლება გამოიყოს ერთი ასპექტი: აქ ცალსახად იგულისხმება ის, რომ სრულყოფილი თვისებები რაიმე არსს შეუძლებელია გააჩნდეს შემთხვევით.

აღმატებულობის კატეგორიაზე მსჯელობისას პლანტინგა აღნიშნავს, რომ, თუკი B არსი W სამყაროში აღმატებულობას ფლობს, ის ნაკლები უნდა იყოს სხვა სამყაროებში. ეს დებულება ვერ მიეყენება ღმერთს, რამდენადაც ჩვენ არ წარმოვიდგენთ ღმერთს იმგვარად, რომ ის ნაკლები იყოს სხვა რომელიმე სამყაროში.

აქ საჭიროა აღმატებულობასა და სრულყოფილებას შორის განსხვავების გაკეთება. სრულყოფილება განისაზღვრება არსის თვისებებით მოცემულ სამყაროში, აღმატებულობა კი ამ არსის თვისებებს სხვა სამყაროში არსებული იგივე არსის თვისებებს ადარებს. მაგალითად, მოცემულ სამყაროში მოცემული არსის სრულყოფილების დასათვლელად ერთგვარი ფუნქცია შეგვიძლია შევიმუშავოთ, აღმატებულობის ხარისხის დასათვლელად კი საჭიროა არსის სრულყოფილების ხარისხის ინტეგრირება ყველა შესაძლო სამყაროში. პლანტინგას აზრით, აქედან გამომდინარეობს, რომ მაქსიმალური აღმატებულება უნდა განისაზღვროს როგორც მაქსიმალური სრულყოფილება ყველა სამყაროში.

სრულყოფილება ყოვლისმცოდნეობას, სრულ ძალმოსილებასა და სრულ მორალურობას მოიცავს. აქედან: თუკი B არსი W სამყაროში აღმატებულობის მაქსიმალურ ხარისხს ფლობს, მაშინ ის სრულყოფილი, შესაბამისად, ყოვლისმცოდნე, სრულყოფილი ძალმოსილებისა და მორალურობის მქონეა ყოველ შესაძლო სამყაროში. ცხადია, ის ამ თვისებათა მატარებელი ნამდვილ სამყაროშიც იქნება.

ასე რომ, ავტორი ამ მსჯელობებს შემდეგი სახით აყალიბებს: 20. შესაძლოა, არსებობდეს მაქსიმალურად აღმატებული არსი. 21. ასე რომ, არსებობს შესაძლებელი B არსი, რომელიც მაქსიმალურ აღმატებულებას ფლობს W სამყაროში. 22. მოცემულ სამყაროში არსი მაქსიმალურ აღმატებულებას ფლობს, თუკი ის მაქსიმალურ სრულყოფილებას ფლობს ყოველ შესაძლო სამყაროში. 23. არსი ფლობს მაქსიმალურ სრულყოფილებას მოცემულ სამყაროში, თუკი ის ყოვლისმცოდნე, სრული ძალმოსილებისა და მორალურობის მქონეა.

აქ არ არის საჭირო დაშვება, რომ სრულყოფილება აუცილებელ არსებობაში მდგომარეობს, რადგანაც ცხადია, რომ არსი ვერ იქნება ყოვლისშემძლე, თუკი ის არ იარსებებს ამ სამყაროში. მე-20-ე, 22-ე და 23-ე დებულებებიდან გამომდინარეობს, რომ სინამდვილეში არსებობს ძალმოსილებითა და მორალურობით სრულყოფილი, ყოვლისმცოდნე არსება. შესაბამისად, თუკი რაღაც სამყარო ნამდვილია, მასში უნდა არსებობდეს ყოვლადძლიერი, მორალურად და ძალმოსილებით სრულყოფილი არსება. რადგანაც არსებობს ნამდვილი სამყარო, მასში უნდა არსებობდეს ამგვარი არსი. შესაბამისად, ღმერთი არსებობს.

თუმცა, პლანტინგა ამ მსჯელობის სრულყოფასაც ახდენს. ზემოთ მოყვანილ მსჯელობებს მაშინ ექნება საფუძველი, თუკი შესაძლო არსების (რომლებიც არ არსებობს ნამდვილ სამყაროში) შესახებ საუბარს შევძლებთ, რამდენადაც „არარსებული არსებულების“ შესახებ საუბარი გარკვეულწილად პრობლემურია. ახალი მსჯელობის ჩამოყალიბებას კი მაშინ შევძლებთ, თუკი შესაძლო არსების ნაცვლად შესაძლო თვისებებზე ვისაუბრებთ, რომლებიც რომელიღაც სამყაროში ხორციელდებიან. ამის მაგალითად მაქსიმალური აღმატებულებაა განხილული. შესაბამისად, 24. შესაძლებელია არსებობდეს W სამყარო, სადაც განხორციელებულია მაქსიმალური აღმატებულება. 25. აუცილებელია, რომ, თუკი არსი მაქსიმალურად აღმატებულია, ის სრულყოფილი უნდა იყოს ყოველ სამყაროში. 26. აუცილებელია, რომ არსი, რომელიც სრულყოფილია ყოველ შესაძლო სამყაროში, ყოველ სამყაროში იყოს ყოვლისმცოდნე, სრულყოფილი ძალმოსილებითა და მორალურობით.

25-ე და 26-ე მუხლებში საუბარი არ არის შესაძლებელ არსებზე, რომლებიც არ არსებობენ და ამავდროულად არსებობენ კიდეც. მოცემულ მსჯელობებში არსი მხოლოდ ნამდვილ სამყაროში განიხილება.

თუკი, 24-ე დებულება ჭეშმარიტია, მაშინ შესაძლებელია არსებობდეს W სამყარო, რომელიც ნამდვილი რომ ყოფილიყო, ზემოთ ხსენებული მაქსიმალური სრულყოფილი არსი თავისი სამივე კომპონენტით იარსებებდა ყოველ სამყაროში, მათ შორის, ნამდვილშიც. თუკი W ნამდვილი სამყარო გახლავთ, მაშინ მცდარი და შეუძლებელი იქნებოდა დებულება: 27. შეუძლებელია იყოს ყოვლისმცოდნე, ძალმოსილებითა და მორალურობით სრულყოფილი არსი. მაგრამ, თუკი, დებულება შეუძლებელია ერთი შესაძლო სამყაროს შემთხვევაში მაინც, რამდენადაც შეუძლებლობა შესაძლებელ სამყაროებს შორის არ იცვლება, ის შეუძლებელი იქნება ყველა შესაძლო სამყაროში. ამგვარად, ასეთი არსება არსებობს ყველა სამყაროში.

ამას პლანტინგა დასაბუთების საუკეთესო მოდელად მიიჩნევს. თუმცა კი, აღსანიშნავია, რომ ის ეფუძნება წინასწარ დაშვებულ რწმენას ღმერთის არსებობისადმი. პლანტინგას აზრით, ის ჰგავს შემდეგ მსჯელობას: ღმერთი არსებობს ან 7+5=15; თუმცა, 7+5≠15. შესაბამისად, ღმერთი არსებობს.

არგუმენტის უკანასკნელ ფორმულირებას პლანტინგა „მოზეიმე არგუმენტს“ უწოდებს. პლანტინგას აზრით, საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ მოცემული მსჯელობა თეოლოგიურ არგუმენტს თუ არა, სულ ცოტა ღმერთის არსებობის რაციონალური საფუძვლიანობის ბაზისს მაინც წარმოადგენს.

ღმერთის არსებობის დამადასტურებელი არგუმენტები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინტენსიური რეცეფციის საგანი იყო სხვადასხვა ეპოქების ფილოსოფიებში. ალვინ პლანტინგაც, მოცემული წიგნის მეშვეობით ისეთი დიდი მოაზროვნეების გვერდით დგება, როგორებიცაა დევიდ ჰიუმი, იმანუელ კანტი, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი და სხვ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი „დაპირისპირება“ იმანუელ კანტთან. კანტიც თავის „წმიდა გონების კრიტიკაში“ ახდენს სამივე ზემოჩამოთვლილი ტიპის არგუმენტის (კოსმოლოგიური, ტელეოლოგიური, ონტოლოგიური) კრიტიკას. კანტისგან განსხვავებით, პლანტინგა ონტოლოგიური არგუმენტის სასარგებლოდ ავითარებს თავის მსჯელობებს. ამასთანავე, ის პირდაპირ აკრიტიკებს კანტის შეხედულებებს ამ საკითხთან მიმართებით. ვფიქრობთ, რომ ეს კრიტიკა განსაკუთრებული ყურადღების ღირსია, რადგან ახალ ჭრილში, ლოგიკის სიბრტყეზე განიხილავს (და თან დამაჯერებელი კრიტიკის თანხლებით) იდეებს, რომლებიც ფილოსოფიის ისტორიის საგანძურს განეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ ალვინ პლანტინგას კრიტიკა ეფუძნება ხსენებული საკითხების ახლებურ ხედვას.

დაბოლოს, ვფიქრობთ, რომ ალვინ პლანტინგას ხსენებული წიგნი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა პოტენციალი აქვს რელიგიურ აზროვნებას. ალვინ პლანტინგა თავისი ლოგიკური მიდგომებით ახალ სიცოცხლეს აძლევს რელიგიური (მეტადრე, ქრისტიანული) ფილოსოფიის დიად იდეებს. ვფიქრობთ, რომ მოცემულ წიგნში განხორციელებული სრულიად ინოვაციური მიდგომები, ნატურალური თეოლოგიისა და ათეოლოგიის ლოგიკის ჭრილში განხილვა (ამის მეშვეობით, ათეოლოგიის კრიტიკა და რიგი თეოლოგიური საკითხების მხარდაჭერა) ნათელყოფს, რომ რელიგიურ საკითხებს კვლავაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფილოსოფიის სფეროში.