სიდნი გრიფიტი: თეოდორე აბუკურა - ტრაქტატი წმინდა ხატების თაყვანისცემაზე

სიდნი გრიფიტი: თეოდორე აბუკურა - ტრაქტატი წმინდა ხატების თაყვანისცემაზე

21.08.2020

Theodore Abu Qurrah: A Treatise on the Veneration of the Holy Icons (Eastern Christian Texts in Translation), translated into English, with Introduction and Notes by Sidney H. Griffith, Leuven: Peeters Publisher, 1997, XXII, 99 pp. ISBN 90-6831-928-0.

თეოდორე აბუკურას ნააზრები წმინდა ხატების თაყვანისცემის შესახებ ქრისტიანული ღვთისმეტყველების ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია. ბერძნულენოვან ლიტერატურასთან ერთად, წმინდა ხატების თაყვანისცემის ირგვლივ გამართული დისკუსიებისა და მსჯელობების (იოანე დამასკელის, თეოდორე სტუდიელის, ნიკიფორე კონსტანტინეპოლელის) კონტექსტში, თვალსაჩინო ადგილი უჭირავს თეოდორე აბუკურას არაბულენოვან ტრაქტატს ხატთაყვანისცემის შესახებ. წინამდებარე რეცენზიაში განხილულია ზემოხსენებული ტრაქტატის ინგლისურენოვანი თარგმანი, რომელიც შესრულებულია არაბულენოვანი ქრისტიანული ლიტერატურისა და სემიტური ენების გამოჩენილი ამერიკელი მკვლევრის სიდნი გრიფიტის მიერ, რომელსაც წინ უძღვის ვრცელი გამოკვლევა თეოდორე აბუკურას პიროვნებისა და მოღვაწეობის შესახებ. ამ წიგნის ბიოგრაფიული ნაწილი, თავის მხრივ, თეოდორე აბუკურას ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ყველა იმჟამად არსებული პირდაპირი თუ ირიბი ინფორმაციის თავმოყრის მცდელობაა. წიგნის შესავალში ავტორის მიერ წყაროების დონეზე არის შესწავლილი აბუკურას ბიოგრაფიასთან დაკავშირებული ყველა ლიტერატურული მასალა და თანმიმდევრულად არის წარმოდგენილი საკითხის განვითარების ისტორია, დეტალურად არის განხილული ხატთაყვანისცემის შესახებ ტრაქტატის წარმოშობის მოტივები და მიზანდასახულობა. შესწავლილია ის სოციალურ-პოლიტიკური გარემო, რომელმაც თეოდორე აბუკურას ამ ტიპის ნაწარმოების შექმნა განაპირობა. აღსანიშნავია, რომ წინამდებარე თარგმანს წინ უსწრებდა ს. გრიფიტის ადრეული გამოკვლევები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, 1985 წელს (“Theodore Abu Qurrah’s Arabic tract on the Christian practice of venerating images“, Journal of the American Oriental Society, 105, 1985, გვ. 53-73) და 1992 წელს (“Theodore Abu Qurrah's On the Veneration of the Holy icons”, Sacred Art Journal, 13, 1992, გვ. 3-9) გამოქვეყნებული შესანიშნავი პუბლიკაციები, რომლებშიც ვრცლად არის გადმოცემული თეოდორე აბუკურას ხატთაყვანისცემის ტრაქტატთან დაკავშირებული ყველა არსებული გარემოება თუ სადავო საკითხი. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით, ხსნებული ტრაქტატის თარგმანის წინასიტყვაობაში რამდენიმე საკითხი ხელახალი გადააზრების საგანი გახდა და კიდევ უფრო დაზუსტდა ადრინდელი შეხედულებები თავად თეოდორე აბუკურასა და მის ტრაქტატზე ხატთაყვანისცემის შესახებ.

რაც შეეხება უშუალოდ ამ ტრაქტატს, მის შესახებ ინფორმაცია დაცულია ევტიქი ალექსანდრიელის ქრისტიანული ისტორიის ყოველწლიურ ქრონიკებში, რომელიც მელკიტური (არაბი მართლმადიდებელი) თემის მიერ არის შემონახული და მიუთითებს აბუკურას მონაწილეობაზე ხატების თაყვანისცემის შესახებ კამათში; ამასთან ერთად, იგი იძლევა ინფორმაციას, რომ მას დაუწერია წიგნი ხატების თაყვანისცემის შესახებ და მისთვის უწოდებია „ტრაქტატი ხატების თაყვანისცემაზე“. ს. გრიფიტის გამოკვლევების საფუძველზე ირკვევა, რომ ეს ტრაქტატი აბუკურას უნდა დაეწერა არაუადრეს 799 წლისა და არაუგვიანეს 813/814 წლებისა. შესაბამისად, ტრაქტატის დაწერის დროდ IX საუკუნის პირველი ათწლეულია მიჩნეული. რაც შეეხება ტრაქტატის დაწერის მოტივს, ის, უპირველეს ყოვლისა, განპირობებული იყო ქრისტიანების მიერ ხატების თაყვანისცემის უარყოფით, რომელიც, თავის მხრივ, ისლამური რელიგიის მოძლიერების შედეგი იყო. აბუკურას ადრესატი, ტექსტის მიხედვით, არის ვინმე აბა იანა (Abba Yannah), რომელიც, იგნასი დიკის გამოკვლევების მიხედვით, ვინმე იოანე ედესელთან არის გაიგივებული და თეოდორე აბუკურას თანამოძმე ეპისკოპოსად არის მიჩნეული. თუმცა, ს. გრიფიტის მიხედვით, ტრაქტატი უნდა მიემართებოდეს არა იოანე ედესელს, არამედ ამავე ქალაქის ქრისტეს ხატის ეკლესიის წინამძღვარს - იანას. ს. გრიფიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ აბუკურას ეს ტრაქტატი წარმოადგენს იმ სამოძღვრო პრობლემების კარგ გამოხატულებას, რაც ხატების თაყვანისცემის კუთხით მთავარი გამოწევა იყო, რომ აბუკურა აქტიურად იყო ჩართული ხატების თაყვანისცემის შესახებ კამათში. ამასთან, აბუკურას ეპისკოპოსობის მეორე ეტაპისთვის (აქ საუბარია პირველად მის განყენებაზე და შემდგომ მის ხელახალ აღდგენაზე ხარანის საეპისკოპოსო კათედრაზე), როგორც მელკიტი აპოლოგეტისთვის, ეს იყო მნიშვნელოვანი მცდელობა დაეცვა მართლმადიდებლობა. შემდეგ მკვლევარი განიხილავს თეოდორე აბუკურასა და იოანე დამასკელის ურთიერთმიმართებას ტექსტის ზოგადი სურათის შეფასებისა და ინტერპრეტაციის საფუძველზე. ს. გრიფიტის მიხედვით, დოქტრინალური თვალსაზრისით (და არა პიდაპირი გაგებით), თეოდორე აბუკურა იოანე დამასკელის მოწაფედ შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან აბუკურას მოძღვრებაში, მათ შორის ზემოხსენებულ ტრაქტატშიც, ამ ორ ავტორს შორის იდეათა რაიმე განსაკუთრებული განსხვავება არ შეინიშნება. აბუკურას ორიგინალობა კი ის არის, რომ მან არაბულ ენაზე გენიალურად გადმოსცა იოანე დამასკელის არგუმენტები და მუსლიმებთან დაპირისპირებაში მყოფ ახალი თაობის არაბულენოვანი ქრისტიანებისთვის შექმნა თავდაცვის არნახული შესაძლებლობა, რომელშიც ადრეულ მამათა გამოცდილებაც არის გათვალისწინებული. აბუკურას ტრაქტატის კიდევ ერთ სიახლედ არის მიჩნეული მუსლიმებსა და მათ იდეებზე მითითება, ასევე, შეფარული შეფასებები ყურანისა და მათი ტრადიციების შესახებ. აქვე ს. გრიფიტი მის მიერ თარგმნილი ტექსტის მოკლე რეზიუმეს გვთავაზობს, რომელსაც ამავე ტექსტის განხილვის კონტექსტში ეტაპობრივად წარმოვაჩენთ.

წინასიტყვაობის ბოლო ნაწილში მოკლედ არის წარმოდგენილი თეოდორე აბუკურას ამ ტრაქტატის ტექსტუალური ტრადიცია, რომელშიც თანმიმდევრულად არის მიმოხილული ტექსტის ხელნაწერების ისტორია, არაბული და ლათინური გამოცემის დროიდან (ი. არინდზენ - 1897 წ.) ვიდრე მის მიერ ამ ინგლისურენოვანი თარგმანის შესრულებამდე (ს. გრიფიტი - 1997 წ). აქვე არის ნახსნები 1986 წელს ი. დიკის მიერ თეოდორე აბუკურას არაბული ტექსტის კრიტიკული გამოცემა. არაბული და ლათინური გამოცემების შემდეგ, 1910 წელს, გეორგ გრაფის მიერ ჯერ გერმანული, ხოლო, მოგვიანებით, 1995 წელს, პაოლა პიზზოს მიერ იტალიური თარგმანებიც განხორციელდა. რაც შეეხება უშუალოდ ინგლისურენოვან თარგმანს, ის დაფუძნებულია ბრიტანეთის აღმოსავლური ბიბლიოთეკისა (MS 4950, ff, 198r-237v) და სინას არაბული (MS 330 (Kamil, 457), ff. 315r-356r) ხელნაწერების ერთობლივ თარგმანებზე. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ამ ორივე ხელნაწერის საფუძველზე შესრულებული ი. დიკის მიერ მომზადებული ტრაქტატის არაბული გამოცემა. ორივე ხელნაწერის სათაური ცალსახად აბუკურას ავტორობაზე მიუთითებს, თუმცა აბსოლუტური იდენტურობა სახეზე არ გვაქვს.

* * *

წარმოდგენილი ნაშრომი ოცდაოთხი თავისაგან შედგება და თითოეულს თავს, მოკლე რეზიუმე უძღვის წინ. მთარგმნელს სხვადასხვა საკითხთა შესახებ (საჭიროების მიხედვით) დართული აქვს სქოლიოები, შენიშვნები, კომენტარები და იმჟამად არსებულ გამოკვლევებზეც აქვს მითითებები.

პირველ თავში ჩანს, რომ აბუკურა პასუხობს თავის თანამოძმე ვინმე ედესელ აბბა იანას, რომელმაც წმინდა ხატების თაყვანისცემის უარყოფის შესახებ შეატყობინა მას. ამ თავში აბუკურა საუბრობს ქრისტესა და წმინდანების ხატების თაყვანისცემის აუცილებლობაზე, რომელიც თავად ქრისტეს განკაცებამ გახადა შესაძლებელი. შესაბამისად, ქრისტეს მოწინააღმდეგეთა ბრალდებები, რომლებიც კერპთაყვანისმცემლობაში ადანაშაულებენ და დასცინიან ქრისტიანებს, უკუგდებული უნდა იქნეს ამ ტრაქტატის მეშვეობით, სადაც მსჯელობა დაეფუძნება მამათა მიერ დაფუძნებულ და განმტკიცებულ მართლმადიდებლურ გზას. ეს მიმართულია იმ ადამიანებისადმი, რომლებმაც ამსოფლიური სიბრძნის სახელით უკუაგდეს ზეციური სიბრძნე და ქრისტიანთა ეჭვების მიზეზნი გახდნენ.

მეორე თავს აბუკურა იწყებს იმის განმარტებით, რომ ხატების თაყვანისცემაზე თავის შეკავება, რაც გარე ძალებისაგან (ებრაელებისა და მუსლიმებისაგან) მომდინარეობს, სხვა ქრისტიანულ საიდუმლოებათა უარყოფასაც ნიშნავს. იგი მიმართავს იმ ქრისტიანებს, რომლებმაც გარე ძალების ზეწოლის გამო უარი თქვეს ხატების თაყვანისცემაზე, რაც გამოწვეული იყო ქრისტიანული სწავლების მიუღებლობითა და ვერგაგებით. ეს ის ხალხია, ვისაც არ ესმოდა ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი საფუძვლები, იქნება ეს ერთარსება სამების, განკაცების, ევქარისტიის, ნათლობის თუ ახალი აღთქმის სხვა სწავლებათა შინაარსი. შესაბამისად, აბუკურა იშველიებს პავლე მოციქულის კონცეფციას, რომელმაც „ჯვრის სიტყვა წარწყმედილთათვის სიშლეგედ გამოაცხადა და ამქვეყნიური სიბრძნე ღმერთის ვერ შემცნობად“ (კორ. 1:18, 20-21) და მასზე დაფუძნებით აგრძელებს შემდგომ მსჯელობას.

მესამე თავში თეოდორე აბუკურა სიბრძნის დუალისტურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს და ჭეშმარიტი სიბრძნის მიგნების მოკლე გზას აჩვენებს. იგი ერთმანეთისაგან განასხვავებს ღვთაებრივ და ადამიანურ სიბრძნეს. მისი აზრით, ნამდვილი სიბრძნე ღვთაებრივია, ქრისტიანულია და მის მიმართ განხორციელებული შეტევა გამოწვეულია ადამიანური სიბრძნის მიერ მისი ვერ გაგებითა და მასთან დაპირისპირებით. აბუკურასთვის სწორედ ღვთაებრივ სიბრძნესთან დაპირისპირება არის უგუნურების გამოხატულება, რამდენადაც ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ღვთაებრივ სიბრძნეს, არის უგუნურება და მისი საზღვრების მიღმა რჩება. აბუკურასთვის ქრისტიანობა, რომელიც არის ჭეშმარიტი სიბრძნე, გარეშე პირების მხრიდან ჭეშმარიტი შემეცნების ნაკლებობის გამო, ამსოფლიურ სიბრძნესთან შედარებით უგუნურებად არის შერაცხული. აბუკურას მიხედვით, როგორც ამას პავლე მოციქული ამბობს, ჭეშმარიტად ღვთაებრივი სიბრძნე, საიდუმლო და დაფარული, მხოლოდ ქრისტიანობის მიერ იქადაგება, რომელიც არ არის ამქვეყნიურ მთავართა სიბრძნის მსგავსი (I კორ. 2:6-7) და იგი (ამქვეყნიური სიბრძნე) სიშლეგეა ღვთის წინაშე (I კორ. 3:19). ქრისტიანებისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ მათი სარწმუნოება ჭეშმარიტი სიბრძნეა და მისი მიღწევა მხოლოდ სულიწმინდის მეშვეობით არის შესაძლებელი, რაც მათი (გარეშე პირთა) გონებისთვის რთული მისაღწევია. აბუკურა ისევ პავლე მოციქულის სიტყვებს ციტირებს, რომ „სულიწმინდის გარეშე არავის არ შეუძლია თქვას, რომ იესო ქრისტე უფალია“ (I კორ. 12:3), ხოლო სულიწმინდა თავმდაბლობასთან ჰარმონიაში მოქმედებს, რომელიც უარყოფს გადამეტებულ სიამაყეს.

აბუკურა, იაკობ მოციქულის ეპისტოლედან მოიშველიებს ვრცელ პასაჟს, სადაც იგი ერთმანეთისაგან განასხვავებს ზეციურ და მიწიერ, იგივე მშვინვიერ და სატანურ სიბრძნეებს (იკბ. 3:13-15). შესაბამისად, მისთვის ცხადია, რომ მიწიერი სიბრძნე მშვინვიერია და მშვინვიერი ადამიანი ვერ გაიგებდა სულიერ საგნებს; აქედან გამომდინარეობს დებულება, რომლის მიხედვითაც, სულიერი სიბრძნე უგუნურებაა მათთვის. აბუკურა ამ საკითხის მიმოხილვას გვთავაზობს პავლე მოციქულის კონტექსტშიც, რომელშიც მშვინვიერი კაცის ხედვა ღვთის სულისაგან მოცემულის შესახებ უცოდინრობასა და სულიერი განსჯის არქონას ეფუძნება (I კორ. 2:12-14). მაშასადამე, აჯამებს აბუკურა, რომ ვინაიდან გარეშე ძალისთვის გაუგებარია სულიერი სიბრძნე და ის უგუნურებად წარმოჩნდება, მათმა სიტყვებმა ვერ უნდა მოახდინოს გავლენა ხატთაყვანისცემის საკითხზე.

მეოთხე თავში საუბარია გარეშე პირების უნდობლობასა და უსამართლო დამოკიდებულებაზე ახალი აღთქმის წიგნებში მოთხრობილი სარწმუნო და ადამიანის გონების მიერ მიუწვდომელი ისტორიების შესახებ; არადა, ძველი აღთქმის წიგნებში მოთხრობილი ისტორიებიც არანაკლებ სარწმუნოა და ადამიანური გონების წვდომის საზღვრების მიღმაა. მაგალითად, ასეთ საკითხებს შორისაა სამყაროს არაფრისაგან შექმნა, ევას წარმოშობა ადამის ნეკნისაგან, გველის საუბარი და სხვა მრავალი; შესაბამისად, აბუკურა შენიშნავს, რომ ამ მოტივებით ახალი აღთქმის მიუღებლობა უფრო მეტ უგუნურებად წარმოჩნდება, რადგან ისინი იმას აძაგებენ, რისი მსგავსი მოვლენებიც მათ უკვე აღიარეს. აბუკურას აზრით, წესით, მათ ან არ უნდა მიიღონ ის, რასაც აძაგებენ, ან კიდევ არ უნდა აძაგონ ის, რასაც იღებენ.

მეხუთე თავიც ამ პათოსის გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც, ძველი და ახალი აღთქმის წიგნების ურთიერთმიმართების კონტექსტში რწმენის აუცილებლობაზეა საუბარი, რომელიც ყველაზე სწორად ქრისტიანებს ესმით. წინასწარმეტყველების რწმენა ახალი აღთქმის გარეშე, თვითონ წინასწარმეტყველთა წიგნებში თქმულის უარყოფაა. სხეულებრივი გონებისთვის რთულია იმის მიღება, რაც წმინდა წერილშია მოცემული. ასე, მაგალითად, უფლის ბაღში სიარული (დაბ. 3:8), ის, რომ იყნოსა უფალმა კეთილსურნელება (დაბ. 8:21), ადამიანის შექმნის დანანება (დაბ. 6:6) და ბევრი სხვა. შესაბამისად, აბუკურა ძველი აღთქმის პასაჟებს რწმენის ობიექტებად განიხილავს და ებრაელების მხრიდან ქრისტიანული რწმენის მიუღებლობას გონებით მიუწვდომლობის გამო უსამართლოდ მიიჩნევს. ქრისტიანობაში ძველი და ახალი აღთქმის ურთიერთმიმართება გაგებულია საერთო პერსპექტივიდან, რომლის მიხედვითაც, მათი საწყისი წერტილი და საფუძველი არის ერთი. ქრისტიანული გონების მიხედვით, ღმერთს ყველაზე წმინდა თვისებები მიწერება; ისინი აღიარებენ მის განკაცებას მის ტრანსცენდენტურ არსებობასთან ჰარმონიაში, რაც არის გამოხსნა და რისთვისაც მადლობენ მას. აბუკურასთვის ებრაელების წმინდა წიგნი ქრისტიანობის მეშვეობით შეიმეცნება და მათ გარეშე ვერ გაიგება ადეკვატურად, უფრო მეტიც, ის, ცალკე აღებული, დასაცინიც კი გახდებოდა. ამიტომ, ხარანელ ეპისკოპოსს, წმინდა ხატების მიმართ ებრაელებისა და მუსლიმების უარყოფითი დამოკიდებულება არ მიაჩნია შესაფერისად და მათ შეფასებებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

მეექვსე თავში თეოდორე აბუკურა, რწმენის გარდა, აზროვნების ძალაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც რწმენისთვის აუცილებელი განზომილებაა. ამიტომ აბუკურა საუბრობს ისეთი ტიპის მოაზროვნეებზე, იგივე ფილოსოფოსებზე, რომლებიც ცოდნის მეშვეობით ეძებდნენ ჭეშმარიტებას და, შესაბამისად, დაიმსახურეს კიდევაც ჯილდოები ღვთისაგან. ასეთებია, მაგალითად, დიონისე, კლიმენტი, იეროთეოსი და მათი მსგავსი მოაზროვნეები, რომლებიც ინტელექტუალურ საქმიანობას ეწეოდნენ. აბუკურა განმარტავს, რომ თავის სხვა ტრაქტატებში, წმინდა მამათა ტარადიციაზე დაფუძნებით კარგად აქვს ახსნილი განსხვავება სახარებასა და სხვა წმინდა წიგნებს შორის, სადაც განმარტებულია, რომ არ არსებობს არც ერთი წმინდა წიგნი, გარდა სახარებისა, რომელიც გონების ძალითაც დასტურდებოდეს. ამდენად, სახარება თვითონვე შეიცავს მტკიცებულებებს მისივე მიღებისათვის, მიუხედავად იმისა, შეძლებს თუ არა ვინმეს გონება მის შემეცნებას. ცოდნის არქონის შემთხვევაში, აბუკურასთვის, სახარების მიმართ ნდობა, მჭვრეტელობით რწმენასა და სამოციქულო ტრადიციას უნდა დაეფუძნოს, მათ შორის, წმინდა ხატების თაყვანისცემის კონტექსტშიც. მეორე მხრივ, მხოლოდ სხეულებრივ გონებაზე დაფუძნება საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოიყვანს ადამიანს.

მეშვიდე თავში აბუკურა ამტკიცებს, რომ ძველ და ახალ აღთქმაში ხატების თაყვანისცემის შესახებ კონკრეტული მითითების არარსებობის გამო მისი უარყოფა სხვა ქრისტიანულ საიდუმლოებათა უარყოფასთან მიგვიყვანს. მიუხედავად ამისა, ქრისტიანული მსახურების სხვადასხვა ელემენტები და მათ შორის ხატთაყვანისცემის გავრცელებული პრაქტიკა სამოციქულო მემკვიდრეობის ნაწილია. აქედან გამომდინარე, ერთის უარყოფა დანარჩენ მსახურებათა და სამოციქულო მემკვიდრეობის უარყოფის ტოლფასია.

მერვე თავში აბუკურა აგრძელებს ხატთაყვანისცემის შესახებ პატრისტიკული ცნობების წარმოდგენას და ამით ხაზს უსვამს თაყვანისცემის სავალდებულო ხასიათს. ასე, მაგალითად, აბუკურას წარმოდგენილი აქვს წმინდა ათანასე ალექსანდრიელის ხედვები, რომლის მიხედვითაც, ხატების თაყვანისცემა არ წარმოადგენს კერპის მიმართ თაყვანისცემას, რამდენადაც თაყვანისცემა სიყვარულისა და სიმპატიის გამომხატველია იმ პირის მიმართ, რომელიც გამოსახულია ამ ხატზე. აბუკურასთვის, ასევე, ნიშანდობლივია თავად ხატების, წმინდანთა საფლავების, მათი ნაწილების სასწაულმოქმედების ფაქტი, რომელთა არსებობა რეალისტურია და მათი უარყოფა შეუძლებელია. ხატების თაყვანისცემასთან ერთად, აბუკურა წმ. ათანასეს კვალად, აფასებს ჯვრის შინაარსობრივ მხარეს, რომლის თაყვანისცემაც უშუალოდ ჯვარცმული ქრისტეს გამომხსნელობით აქტს უკავშირდება.

აქვე აბუკურას მოჰყავს ვრცელი ციტატა ევსები კესარიელის ისტორიიდან, სადაც ერთი სახარებისეული პასაჟის კონტექსტის განხილვისას, კერძოდ, თორმეტი წლის განმავლობაში სისხლის დენით დაავადებულ ქალზე საუბრისას (მთ. 9:20), რომელიც ქალაქ პანეასიდან იყო, წარმოდგენილია პირველ საუკუნეში ხატების არსებობის ისტორიული წყაროები, რომელიც ევსები კესარიელის თქმით, დღემდე ანუ IV საუკუნემდეა შემორჩენილი. ხარანელ ეპისკოპოსს ამით სურს წარმოადგინოს ხატების თაყვანისცემის უძველესი ისტორიული საფუძვლები, რომლის შინაარსობრივი მხარე წმ. ათანესეს განმარტების შუქზეა გააზრებული. ამასთან იგი მოიშველიებს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ჰომილიას ქრისტეს შობის დღესასწაულზე, სადაც წმ. გრიგოლი ხატების თაყვანისცემის აუცილებლობაზე საუბრობს და ქრისტესთან მიმართებაში განიხილავს მათ. შესაბამისად, ხატების თაყვანისცემის ტრადიცია დაფუძნებულია, როგორც სამოციქულო, ასევე, წმ. მამათა გამოცდილებაზე და წარმოადგენს ქრისტიანობის ერთ-ერთ მათავარ კრიტერიუმს.

მეცხრე თავში აბუკურა განმარტავს ძველი აღთმის იმ პასაჟების შინაარსს, სადაც ღმერთი და წინასწარმეტყველები უკრძალავენ ადამიანებს კერპების თაყვანისცემას (გამ. 20:2-5, მეორე რჯული 6:13 და სხვა), რომლებიც მოწინააღმდეგეთა ხელში ხატთაყვანისცემის წინააღმდეგ წამოყენებული არგუმენტია. აღსანიშნავია, რომ აბუკურა - ისევ ძველ აღთქმაზე მითითებით - ნათლად წარმოაჩენს სხვა ისეთ მაგალითებს, რომლებიც  თაყვანისცემისა და კრძალვის ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებენ. აბუკურას სურს აჩვენოს, რომ მოწინააღმდეგეთა მიერ მოხმობილი ციტატები ზოგადად თაყვანისცემისა და კრძალვის აქტს კი არ უარყოფენ (თუნდაც მეფეების, მამამთავრების, წინასწარმეტყველების და სხვათა მიმართ), არამედ საკუთრივ კერპების გაღმერთებასა და შემდგომ მათ თაყვანისცემას.

მეათე თავში აბუკურა აგრძელებს მსჯელობას ხატების შემოქმედების კანონიერების თაობაზე, მაშინ როდესაც ღმერთი თვითონვე უკრძალავს ადამიანებს, რომ „არ გაიკეთონ კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ“ (გამ. 20:4). მისი აზრით, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ადამიანებმა ზოგადად არ უნდა შექმნან ცის, მიწის ან წყლის რაიმე გამოსახულება. თუკი ამას ასე გავიგებთ, ღმერთს მოვიყვანთ მის თავთან წინააღმდეგობაში, ვიანაიდან მთაზე მან უბრძანა მოსეს, რომ მისთვის „გაეკეთებინა საწმიდარი მათ შორის დასავანებლად ისე, როგორც თვითონ აჩვენებდა სავანის სახეს და მთელი მისი მოწყობილობის სახეს, რათა იმგვარადვე გაეკეთებინა ყველაფერი“ (გამ. 25:8-9). გაეკეთებინა ისე, როგორც მთაზე იხილა (გამ. 25:40), მათ შორის ორი ოქროს ქერუბიმი, რომლებსაც ექნებათ თავს ზემოთ გადმოშლილი ფრთები (გამ. 25:18-20) და ა.შ. შესაბამისად, აბუკურასთვის ზემოხსენებულ გამოსახულებათა (ცის, მიწის, წყლის) შექმნის კონკრეტული მიზნით აკრძალვა არ ნიშნავს ზოგადად გამოსახულებათა ან მსგავსებათა შექმნის აკრძალვას, რომელთა მაგალითები მრავლად არის წარმოდგენილი ძველ აღთქმაში. იგი მიემართება გამოსახულების ისეთ ფორმას, რომელიც ღვთის შემეცნებისა და მისი თაყვანისცემისგან აშორებს ადამიანს. ამასთან აბუკურა ეხმიანება და უარყოფს გამოსახულებათა ისეთ გაგებას, რომლის მიხედვითაც, აღდგომის ჟამს, მათი განსულიერების შესახებ საკითხი დადგება. საბოლოო ჯამში, ამ თავის რეზიუმე შემდეგნაირად არის წარმოდგენილი, რომ ღმერთის მოწოდებიდან - „არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები. არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო“ (გამ. 20:2-5) - ორი საკითხი გამოიკვეთა: (1) ღვთის ნება არ არის ის, რომ მორწმუნეებმა არ შექმნან რაიმეს ხატი ან მსგავსი; (2) არც ის, რომ მის გარდა არავის არ მიაგონ პატივი. შესაბამისად, ასკვნის აბუკურა, მხილებულია ის, ვინც დასცინის ქრისტიანებს თავიანთ ტაძრებში ქრისტესა და წმინდანთა ხატების დადებასა და თაყვანისცემაზე.

მეთერთმეტე თავში საუბარია პატივის მიგების აქტის ქრისტიანულ განსაზღვრებაზე, რომლის მიხედვითაც, თაყვანისცემის პროცესი (ფიზიკურად გამოხატული დაჩოქება, თავის დახრა, ამბორი) მთლიანობაში მიემართება არა საკუთრივ საგანს (რაზეც გამოსახულია ესა თუ ის სახე), არამედ მასზე დატანილ სუბიექტს (სახეს). აბუკურას მრავალი ბიბლიური არგუმენტით აქვს ეს თეორია განმტკიცებული და, საბოლოო ჯამში, ქრისტიანული ხატთაყვანისცემა გაგებულია როგორც პატივის მიგება სუბიექტებისადმი, სახეებისადმი - ეს იქნება ქრისტეს, როგორც მათი ღმერთისა თუ, ზოგადად, წმინდანების (წინასწარმეტყველების, მოციქულების, მოწამეებისა და სხვათა) მიმართ. აბუკურას მიხედვით, წინასწარმეტყველთა თვალით დანახული ღმერთი ეს არის ხატების სიმბოლო, რამდენადაც ღმერთი მათ გამოსახულებითად ეჩვენა და არ უხილავთ მისი არსება. ისინი ხილულ ღმერთს ისე სცემდნენ თაყვანს, როგორც ეს მათ მოეცემოდათ. შესაბამისად, აბუკურასთვის, ქრისტიანთა გაკიცხვა ღმერთის (ან წმინდანის) ხატის თაყვანისცემის გამო მიუღებელია, განსაკუთრებით კი, ძველი აღთმის პერსპექტივიდან.

მეთორმეტე თავში აბუკურას უწევს იმის მტკიცება, რომ ხატებზე პატივის მიგების აქტი პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, ვისი სახეც არის დატანილი მასზე. ამის თვალსაჩინო მაგალითია მოსეს მიერ აარონის შესამოსელზე დასატანი ისრაელიანთა სახელები, რომლებიც თეოდორე აბუკურასთვის კონცეპტუალური შინაარსისაა და ისრაელიანთა თორმეტი შტოს მნიშვნელობის აღმნიშვნელია. აქედან გამომდინარე, ქრისტიანთა მიერ ქრისტესა და წმინდანების გამოსახულებათა შექმნა მომდინარეობს, ერთი მხრივ, ქრისტეს გამომხსნელობითი აქტის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვით, ხოლო, მეორე მხრივ, წმინდანთა საქმეებისა და ქრისტეს მიმართ გამოხატული სიყვარულის ხსომებით. ამ კონტექსტში აღსანიშნავია გამოსახულებათა და სახელთა იდეების ურთიერთმიმართება, რომლის მიხედვითაც, სახელის ფორმალური ხმოვანება იდეის გამომსახველობაა, რაც, თავის მხრივ, საგნებში ავლენს თავს, როგორს ეს, - აბუკურას მიხედვით, - ფილოსოფოსმა თქვა. აბუკურა განმარტავს, რომ ხატი თავისი შინაარსით ასევე წაკითხვადია, თუმცა მას დაწერილზე უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, ვინაიდან კითხულობს ყველა, მიუხედავად იმისა, იცის თუ არა კითხვა. ამასთან, აბუკურა ეპასუხება მათ, ვინც ქრისტიანებს წმინდანებთან რეალური კავშირის არქონის გამო საყვედურობს და ამ გზით აკრიტიკებენ ხატების მიმართ თაყვანისცემას, მაშინ, როცა თვითონაც იმავეს სჩადიან. აბუკურა ანალოგიას ხედავს ღმერთის მიმდევართა (აბრაამის, წინასწარმეტყველების, ისააკის, იაკობის, მოსეს ან დავითის) დაწერილი სახელის მიმართ შეურაცხყოფასა და ხატების შეურაცხყოფას შორის, ვინაიდან დაწერილი სახელის მიღმა პიროვნება მოიაზრება და შეურაცხყოფის აქტიც მასვე მიემართება. ამიტომ, წინააღდეგობრივია ის, რომ მათი აზრით სახელს არანაირი რეალური კავშირი არა აქვს წინასწარმეტყველთან, თუმცა ამ დაწერილი სახელის მიმართ (ებრაელები) პატივისცემას მაინც მოითხოვენ. ქრისტიანობის შემთხვევაშიც ხატის მიმართ თაყვანისცემა გამოსახული წმინდანის პიროვნებისადმი პატივის მიგების ტოლფასია, რაც არ ნიშნავს კერპის თაყვანისცემას ან მის გაღმერთებას. ეს კი აბუკურასთვის საკმარისია იმისთვის, რომ წმინდანების ხატებისადმი პატივის მიგების ქრისტიანული პრაქტიკა გაამართლოს.

ამ აზრის კიდევ უფრო ნათელყოფისთვის, მეცამეტე თავში აბუკურა საუბრობს ხატებისა და ნაწერების თანაბარღირებულებაზე, რომლის მიხედვითაც, ხატებიც და სახელებიც დაკავშირებულნი არიან მასთან, ვისაც ის მიეკუთვნება. გარკვეულ მაგალითებზე დაყრდნობით (მაგალითად, ისაია 49:14-17) აბუკურასთვის არავითარი განსხვავება არ არსებობს წინასწარმეტყველის დაწერილ სახელსა და ქრისტიანული ხატების მიმართ გამოხატულ (შეურაცხყოფასა თუ პატივის მიგების) აქტს შორის, ვინაიდან ორივე მათგანის მიმართ განხორციელებული აქტი (შეურაცხყოფაც და პატივის მიგებაც) კონკრეტულ პიროვნებას (წინასწარმეტყველს ან წმინდანს) უკავშირდება.

მეთოთხმეტე თავში ვრცლად არის მიმოხილული წმინდანის ფუნქციონალური როლი და მნიშვნელობა ქრისტიანობაში. აბუკურას შეფასებით, წმინდანის მიმართ თაყვანისცემის პროცესი არის მლოცველის მხრიდან ამავე წმინდანის აღძვრა ღვთის წინაშე მასზე ლოცვისთვის. ასეთ შემთხვევაში ის (ღვთის წინაშე მისი დამსახურების მიხედვით) გამაშუალებელია, რომელიც ღვთის წინაშე წარმოადგენს ადამიანის სახელით მთხოვნელს მის მიმართ ადამიანის თხოვნის შესაბამისად. წმინდანები თვითონ ღმერთმა განაწესა საკუთარ თავსა და მის მიმართ მავედრებელთა შორის შუამდგომლებად, რამდენადაც ამის მაგალითები თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი წმინდა წერილში. ასე, მაგალითად, მთიდან ჩამოსულ მოსეს მოუწევს შუამდგომლობა გასწიოს ღმერთსა და ადამიანებს შორის, რომლებმაც ღვთის მიერ დადგენილ გზას მალევე გადაუხვიეს და, შესაბამისად, ღვთის რისხვაც გამოიწვიეს. თუმცა, მოსეს შუამდგომლობისა და თხოვნის შემდგომ, იგი აღარ განახორციელებს მას (გამ. 32:11-14). ასევე, აღსანიშნავია აბრაამის მაგალითი, როდესაც ღმერთი სოდომის საქმეების შესახებ აბრაამთან გამართავს დიალოგს. გამორჩეულობის კარგი მაგალითია ელია წინასწარმეტყველი, რომელსაც განსაკუთრებული მადლი და ძალა მიანიჭა უფალმა. მაშასადამე, ღმერთმა თვითონვე აკურთხა და დაადგინა ისინი. აბუკურა ხაზს უსვამს მათ შემწეობას ხალხის მიმართ სიცოცხლის შემდეგაც. წმინდა წერილში ხშირად შევხვდებით ისეთ მომენტებს, როდესაც მათი (აბრაამის, ისააკის, იაკობის, ან დავითის) პიროვნებები მხედველობაში მიიღო უფალმა შემდგომ თაობებთან ურთიერთობის დროს. ამდენად, ხატებთან ცოცხალი ურთიერთობა თაყვანისცემის შინაარსის განმსაზღვრელია და ქრისტიანობის მთავარი კომპონენტია.

მეთხუთმეტე თავში აბუკურა განიხილავს საღვთო კიდობანში დადებულ ძველი აღთმის კანონთა დაფას (ათ მცნებას), რომელიც უფლის მიერ დაიწერა და მიემართებოდა ისრაელიანებს. მისი განმარტებით, ეს იყო ღვთის განკაცებული სიტყვის ხატი, რომელიც სულიწმინდისა და ქალწული მარიამისაგან განკაცდა. აბუკურა მოკლედ განიხილავს რიცხვი ათის მნიშვნელობას და შენიშნავს, რომ, ღვთის სიტყვის მსგავსად, მასაც გარკვეული უნიკალურობა აქვს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ერთიდან ათამდე მიღწეული აღრიცხვა ისევ ერთს უბრუნდება და ასე ტრიალებს მარადიულად. იგი, ასევე, აღნიშნავს სულიწმინდის სახისა და მასთან ახალაღთქმისეული პარალელების შესახებ. აღსანიშნავია ებრაელთა საპასუხოდ წარმოდგენილი მსჯელობა ძველი აღთქმის იკონოგრაფიულობასთან დაკავშირებით, როცა აბუკურა ღმერთისა და მოსეს დიალოგზე მიუთითებს, სადაც უფალი მოუწოდებს მოსეს, რომ ყველაფერი იმ სახის მიხედვით გაეკეთებინა, როგორც ეს მთაზე იხილა (გამ. 25:40). ძველი აღთქმის თაყვანისცემის სხვადასხვა მომენტებზე მითითებით იგი ებრაელებს შეახსენებს ხატებისადმი პატივის მიგების ძველაღთქმისეულ საფუძვლებზე.

მეთექვსმეტე თავში საუბარია ხატების სასწაულებრივ ძალაზე, რომელიც სხვადასხვა დროსა და ვითარებაში საჭიროების მიხედვით ავლენდა თავს. აბუკურა საუბრობს სასწაულების მიზანსა და დანიშნულებაზე, რომლის მიხედვითაც მისი აღსრულება ძირითადად მომაქცეველი ხასიათის იყო და მიემართებოდა გარეშე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები ამის საჭიროებას არ განიცდიან, ღმერთი (ხატების, წმინდა ნაწილებისა და სხვათა სასწაულმოქმედების კონტექსტში) მაინც გამოავლენს ქრისტიანული მისტერიის მადლს, რომელიც გულწრფელი მიდგომის შედეგად გონებისთვის უეჭველი ფაქტი ხდება. ამ საკითხთან მიმართებით, აბუკურას მიერ მოყვანილი სხვადასხვა (ძველი და ახალი აღთმის) მაგალითების განხილვის შემდეგ, მისთვის ქრისტესა და წმინდანების ხატები რეალისტური პერსპექტივიდან დაინახება და ისინი ცოცხალ მიმართებაში არიან, როგორც ხატზე წარმოდგენილ სუბიექტებთან, ასევე ერთმანეთთანაც. ამდენად, ძველი და ახალი აღთქმის საფუძველზე ნათლად დაინახება წინდანთა ხატების მიმართ პატივის მიგების აუცილებლობა და საკმაო საფუძველი არსებობს მათ მიმართ თაყვანისცემის კანონიერებისა.

მეჩვიდმეტე თავში აბუკურა აკრიტიკებს ებრაელებს იმისთვის, რომ მათ სწორად ვერ გაიგებს ღმერთის სიტყვები, არ ეცათ თაყვანი ღმერთის გარდა არავისთვის. მათი წარმოდგენები თაყვანისცემის შესახებ მცდარად არის გაგებული და იგი ეფუძნება ბიბლიური ნარატივის არასწორ აღქმას.

მეთვრამეტე და მეცხრამეტე თავებში აბუკურა კიდევ უფრო დეტალურად (იგავური ენითა და ძველი აღთქმის ამა თუ იმ პასაჟზე დაყრდნობით) განიხილავს უფლის მიერ თაყვანისცემის აკრძალვის ისრაელიანი ხალხისთვის. მისი აზრით, ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად პატივი მიეგოთ ხატების რაიმე გამოხატულებისთვის და შესაძლებლობის შემთხვევაში ღმერთის სახელით კერპთაყვანისცემას მიეცემოდნენ. ამ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი აკრძალვა, რომელიც უფლის მიერ იყო დადგენილი, პროპორციულია იმ გარემოებისა, რომელშიც ძველი აღთქმის ხალხი იმყოფებოდა. შესაბამისად, აბუკურა (პავლე მოციქულზე დაყრდნობით) განმარტავს, რომ ახალი აღთქმის პერპექტივიდან ისრაელიანები ჩვილებად განიხილებოდნენ, რომლებსაც უხეში საკვების მიღება მათი მოუწიფებლობიდან გამომდინარე არ შეეძლოთ (ებრ. 5:11-14), რაც ხატების თაყვანისცემის ნაწილშიც, სულიერ მოწიფულობასა და კეთილისა და ბოროტის განმრჩეველობის უნარის ქონის ტოლფასი იყო. ახალ აღთქმაში კი, რომელიც მოწიფულობის უფრო მაღალ ეტაპს განასახიერებს, უფალი დაუბრკოლებლად უცხადებს ადამიანებს ხატების თაყვანისცემის შესახებ. ეს კი აბუკურასთვის საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ხატთაყვანისცემის ქრისტიანული პრაქტიკა ძველი და ახალი აღთქმის პერსპექტივიდან იყოს გამართლებული.

მეოცე თავში აბუკურა საუბრობს თაყვანისცემის კიდევ უფრო ღრმა შინაარსის შესახებ და შენიშნავს, რომ საღვთო მოწოდება კერპისა და მისი მსგავსის შემოქმედების აკრძალვის შესახებ მხოლოდ განგებულებითია და მიემართება კონკრეტულ მიზანს. ძველ აღთქმაში აღწერილი თაყვანისცემის ფაქტები ამის თვალსაჩინო მაგალითია და კარგად გამოხატავს აკრძალვის მოტივებს. მიუხედავად აკრძალვისა, ძველი აღთქმის მართალი მამებისთვის, თაყვანისცემის აქტი თავისუფლების ნაწილი იყო და მიზნის მიღწევის საშუალებად იყო წარმოდგენილი.

ოცდამეერთე თავში განხილულია სიწმინდის ისეთი სახე და ფორმა (აბუკურა აქაც იგავური ფორმებით საუბრობს), რომელიც განაპირობებს პიროვნებისადმი პატივის მიგების აქტს და განასხვავებს მას ყველასგან. თეოდორე აბუკურასთვის ამ შემთხვევაში ამოსავალი წერტილია ადამიანის თვითგანწმენდის ხარისხი, რომელსაც იგი გარკვეული მოღვაწეობის შედეგად აღწევს და ემსგავსება უფალს. შესაბამისად, წმინდანებისადმი, ან მათი ხატებისადმი პატივის მიგება გამოწვეულია მათივე მოღვაწეობისა და სიწმინდის მაღალი ხარისხის მოპოვებით, რომელიც პავლე მოციქულის მიხედვით, „განიძარცვავს ძველ კაცს მისი ყოველი საქმითურთ და შეიმოსება ახალი კაცით, მისი შემოქმედის ხატად შემეცნებით განახლებული“ (კოლ. 3:9-10). მათ მიმართ თაყვანისცემა სწორედ იმიტომ ხდება, რომ ისინი სულიწმინდის სავანეები ხდებიან, როგორც თავიანთ სიცოცხლეში, ისე სიკვდილის შემდგომაც. აბუკურასთვის ამის თვალსაჩინო ნიმუშია ელისე წინასწარმეტყველი, რომლის ძვლებთან შეხებამ მკვდარი აღადგინა მკვდრეთით (4 მეფ. 13:21); აბუკურა ამასთან ერთად იძლევა ცნობებს მისი სხვა სასწაულებისა და იმჟამად მისი წმინდა ნაწილების ადგილმდებარეობის შესახებ. აბუკურა შენიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს სასწაულები აღესრულება წმინდანთა მიერ, იგი სულიწმინდის მეშვეობით აღესრულება, რაც გონიერი კაცისთვის გასაგებია.

ოცდამეორე თავში აბუკურა განმარტავს ნაწერის ან ხატის სახით წარმოდგენილი მატერიის მნიშვნელობას. მისი აზრით, მაგალითად, პერგამენტის ფურცლის (ან დაფის) ღირებულება მასზე დატანილი ტექსტის (ან გამოსახულების) მიხედვით განისაზღვრება. თავად პერგამენტის ფურცლების მნიშვნელობა, რომელზეც თორასა და სახარების ტექსტებია დატანილი, ღვთის სიტყვის ძალით ფასდება და, ამდენად, წარმოადგენს სიწმინდეს, ხოლო მორწმუნეების მხრიდან სწორედ აქედან მომდინარეობს მათ მიმართ განხორციელებული ნებისმიერი დაუდევარი აქტის აღქმა ნეგატიური პერსპექტივიდან.

ოცდამესამე თავში აბუკურა განიხილავს სხვადასხვა იგავურ სიტუაციას, სადაც აჩვენებს ხატის შეურაცხყოფისა და მისი პატივის შელახვის ტოლმნიშვნელობას მისივე პირველსახესთან. ამ შემთხვევაში იგი მსჯელობას წარმართავს თავის მშობლიურ ქალაქ ედესაში არსებული ქრისტეს ხატის მიმართ თაყვანისცემისა თუ შეურაცხყოფის განმარტების კონტექსტში. მისი აზრით, თუკი უბრალო ადამიანის მშობლის (მამის ან დედის) გამოსახულებას, რომელსაც შეურაცხოფენ, გამოექომაგება შვილი და დაიცავს მისი სახელის ღირსებას, ქრისტეს ხატისა და, ზოგადად, ხატების თაყვანისცემის შემთხვევაში ეს კიდევ უფრო აღმატებულია და აუცილებელი.

ოცდამეოთხე თავში აბუკურა განიხილავს ხატების ტაძარში დაბრძანებისა და ამ ფორმით მათ მიმართ პატივის მიგების წესს. ტაძრებში მისი და წმინდანთა ხატების განთავსება პირდაპირპროპორციულია მათ გარემოცვაში ყოფნისა. მის მიერ განხილული იგავების შეფასების შედეგად, ცხადია, რომ მიუხედავად ქრისტეს დამდაბლებულობისა, შეურაცხოფისა და ჯვარცმისა (როგორც ის გამოისახება ხატებზე) იგი მაინც ღმერთად რჩება და მის მიმდევრებს (ისევე, როგორც მვედრებლებსა და მორწმუნეებს) შესაფერის საზღაურს მიაგებს.

საბოლოო ჯამში, ქრისტესა და წმინდანთა ხატების თაყვანისცემა, ზემოგანხილულიდან გამომდინარე, ნებადართულია და მათი საქმეების აღიარებაა; ეს არის ლოცვითი კავშირისა და მიმბაძველობის აქტის განხორციელების საშუალება.

ბოლოს, აბუკურა მიმართავს აბა იანას, როგორც მის ძმას, და მოუწოდებს თანალოცვებისკენ, ამასთან თხოვს სულიწმინდას ერთობლივად შთააგონოს მისი (ქრისტეს) ღვთაებრივ და ადამიანურ ბუნებათა, მისი ჰიპოსტასის ერთიანობის, მისი განკაცებული ხატისა და წმინდანთა თაყვანისცემის აღიარების შესახებ. მისი სურვილია ადამიანის განწმენდა იმდენად, რამდენად იგი შეძლებს აირეკლოს ქრისტეს აჩრდილი და, აქედან გამომდინარე, გახდეს წმინდანებთან თანაცხოვრების ღირსი.