თეიმურაზ ბაგრატიონი და იონა ხელაშვილი

თეიმურაზ ბაგრატიონი და იონა ხელაშვილი

04.06.2020

XIX საუკუნე საქართველოს ისტორიაში მძიმე მოვლენით დაიწყო. როგორც ცნობილია, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, პირველ ათეულ წლებში ქართული სამეფო ოჯახის წევრებს მოუწიათ საკუთარ ქვეყანასთან გამომშვიდობება და სამუდამო სამყოფელი (და საუკუნო განსასვენებელიც კი) მოსკოვსა და პეტერბურგში პოვეს. მოგვიანებით, მათ მსოფლმხედველობაზე დიდი ზეგავლენა იქონია როგორც სამშობლოს შემდგომმა ბედმა (რასაც ისინი ფხიზლად ადევნებდნენ თვალს), ისე რუსეთისა და ევროპის იდეურ-პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ცხოვრებამ.

ამ პერიოდის პეტერბურგის საზოგადოებას გაცხოველებული ლიტერატურული ინტერესები ჰქონდა, რაც განაპირობებდა კიდეც ლიტერატურული წრეებისა და სალონების სიმრავლეს. „პეტერბურგში ჩასულმა ბატონიშვილებმა ლიტერატურულ საქმიანობას მალე მოჰკიდეს ხელი. მიუხედავად მთელი რიგი გარემოებებისა, რომელთა შეჩვევაც უხდებოდათ რუსეთში ახლადჩამოსულ სამეფო ოჯახის წევრებს, მათში მალე ჩამოყალიბდა სულიერ მოთხოვნილებათა მთელი სამყარო, რამაც გაუადვილა ემიგრანტებს სამშობლოდან სიშორე და უცხო ქვეყანასთან დაახლოება. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ ჯგუფის სახით პეტერბურგში ჩავიდა სალიტერატურო ტრადიციებზე აღზრდილი და განათლებული მოწინავე ნაწილი ქართული საზოგადოებისა, რომლებიც, როგორც მწერლები და მეცნიერები, ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოყალიბდნენ.“

პეტერბურგში იძულებით ემიგრირებულმა ქართველებმაც დააარსეს ამგვარი ლიტერატურული სალონი. ამ წრის წარმომადგენლები, ძირითადად, ბატონიშვილები იყვნენ: დავითი და იოანე, გრიგოლი, მირიანი, ფარნაოზი, ილია, ოქროპირი და თეიმურაზი. მოგვიანებით მათ შეუერთდა სოლომონ დოდაშვილი. პეტერბურგის სალიტერატურო სკოლის წევრი იყო იონა ხელაშვილიც. როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, მას დიდ პატივს სცემდნენ განათლების, პატიოსნებისა და გამოცდილების გამო. თუ რა პატივით ეპყრობოდნენ მას, ეს კარგად ჩანს სახოტბო იამბიკოებიდან, რომლითაც იონას თეიმურაზ და მირიან ბატონიშვილები ამკობდნენ.

ამ წრეში შეიქმნა დავით და ბაგრატ ბატონიშვილების ისტორიული ხასიათის შრომები, იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“, არაერთი ლექსიკონი და თარგმანი, შრომები ფილოსოფიასა და ესთეტიკის საკითხებზე.

ერთი სიტყვით, პეტერბურგის ლიტერატურულ წრეებსა და სალონებში ფართო საგანმანათლებლო და კულტურული საქმიანობა მიმდინარეობდა. იონა ხელაშვილი კი არა მარტო მოძღვარი იყო ბატონიშვილების, დედოფლებისა და სხვა წარჩინებულთა, არამედ დიდი მეცნიერი და განმანათლებელი.

მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს იონა ხელაშვილისა (1778-1837 წწ.) და თეიმურაზ ბაგრატიონის (1782-1846 წწ.) ურთიერთობა, რამდენადაც ამ ორ დიდ ქართველ მოღვაწეს, გარდა სულიერი საკითხებისა, საერთო მეცნიერული ინტერესებიც ამოძრავებდა. ამ საკითხის შესწავლისთვის, აუცილებელია, თავდაპირველად ორიოდე სიტყვით თეიმურაზ ბაგრატიონის ცხოვრებასაც შევეხოთ. მწერალი, პოეტი და დრამატურგი თეიმურაზ ბაგრატიონი XIX საუკუნის I ნახევრის საქართველოს გამორჩეული საზოგადო მოღვაწეა, პირველი აკადემიკოსი და ქართველოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელია.

თეიმურაზ ბაგრატიონი ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრის, გიორგი ბატონიშვილის ოჯახში დაიბადა. მისი განათლებისა და აღზრდის საქმეს ხელმძღვანელობდა თელავის სემინარიის რექტორი, ცნობილი მწერალი და კალიგრაფი დავით ალექსი-მესხიშვილი (ეს ის დავით რექტორია, რომელმაც იონა ხელაშვილის განათლებაზეც იზრუნა თელავის სემინარიაში).

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებით აღშფოთებული 21 წლის ახალგაზრდა თეიმურაზი ბიძასთან - ალექსანდრე ბატონიშვილთან გაიქცა და ლეკებთან ერთად იბრძოდა რუსების წინააღმდეგ. ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, სპარსეთში გაიქცა (ბიძასთან ერთად), რამეთუ სპარსეთის დახმარებით იმედოვნებდა საქართველოდან რუსების გაძევებას. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე და თეიმურაზ ბატონიშვილებს მოგვიანებით იმერეთის მეფე სოლომონ II შეუერთდა, მათ მაინც ვერ შეძლეს თავიანთი მიზნის მიღწევა. ამის შემდეგ თეიმურაზ ბაგრატიონი სპარსეთში რჩება და მხოლოდ 1810 წელს ბრუნდება სამშობლოში.

იმპერატორის ხელისუფლებამ თეიმურაზ ბაგრატიონის საქართველოში ყოფნა სახიფათოდ ჩათვალა გასაგები მიზეზების გამო და მალე იგი პეტერბურგს გაგზავნეს; როგორც ბატონიშვილს, დაუნიშნეს წლიური ჯამაგირი და პენსია; პეტერბურგშივე შეიძინა მან სახლი, რომელშიც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. ამავე ქალაქში გაიშალა მისი სამწერლო და სამეცნიერო მოღვაწეობა. თეიმურაზ ბაგრატიონის ირგვლივ შემოიკრიბნენ პეტერბურგში მოღვაწე ქართველი მწიგნობრები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბატონიშვილების ოჯახს და განსაკუთრებით თეიმურაზ ბაგრატიონს მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა პეტერბურგისა და მოსკოვის ქართული კოლონიის წევრებთან (ს. დოდაშვილი, პ. იოსელიანი, იონა ხელაშვილი და სხვები).

თეიმურაზ ბაგრატიონის ხშირი სტუმარი იყო და მჭიდროდ ურთიერთობდა მასთან პეტერბურგში მცხოვრები „რიტორი და ღვთისმეტყველების ჭური, ძველ მამათა შესადარი“ იონა ხელაშვილი. ის მისი პირადი მოძღვარი იყო. მართალია, ჩვენთვის უცნობია ამ ორი დიდი მოღვაწის ურთიერთობის ზუსტი დეტალები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მათ მრავალმხრივ პროდუქტიულ მოღვაწეობას, მაშინ ნათელი ხდება სულიერთან ერთად ის ინტელექტუალური სიახლოვეც, რაც ამ ორ მოაზროვნეს ერთმანეთთან აკავშირებდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 1830 წლიდან თეიმურაზ ბაგრატიონი დაუკავშირდა აკადემიკოს მარი ბროსეს და მასთან ერთად შექმნა პეტერბურგის ქართველოლოგიური სკოლა.

მრავალმხრივ განსწავლული თეიმურაზ ბაგრატიონი (მან იცოდა სპარსული, თურქული, ფრანგული, რუსული და იტალიური ენები) ოცნებობდა საქართველოში გაეხსნათ სასწავლებლები უცხო ენის შესასწავლად. მის კალამს ეკუთვნის არაერთი ჟანრის ნაწარმოები. თეიმურაზ ბაგრატიონის ისტორიული შრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფია „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულად საქართველოისა“. ნაშრომი მოიცავს პერიოდს ადამიანის გაჩენიდან საქართველოში ქრისტიანული რელიგიის დამკვიდრებამდე და ფრიად საყურადღებო ცნობებს შეიცავს ჩვენი ერის ისტორიული წარსულის შესახებ.

განსაკუთრებულია მისი წვლილი „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლის, ტექსტის დადგენისა და პოემის გამოცემის საქმეში. ასევე, მას შეუსწავლია ქართული ლექსთწყობის საკითხები („გვარნი ანუ საზომნი ქართულისა ენის სტიხთა“). მასვე ეკუთვნის ლექსთა კრებული „სამოცეული“, რამდენიმე პოემა, პიესები, მემუარული ჟანრის ნაწარმოებები; ნაშრომები ფოლკლორისტიკაში, პოეტიკასა და ლექსიკოგრაფიაში. მან ბევრი რამ გააკეთა როგორც ძველი სასულიერო, ასევე საერო მწერლობის საკვანძო საკითხების გადასაწყვეტად. ამის გარდა, თეიმურაზ ბაგრატიონმა „მშობლიური ლიტერატურის საუნჯე გაამდიდრა ევროპული და აღმოსავლური მწერლობის პირველხარისხოვანი ძეგლების ქართულ ენაზე გადმოღებით: სხვადასხვა დროს მას უთარგმნია არისტოტელე და ტაციტუსი, ციცერონი, ვოლტერი, ჯეიმს მორერი.“

თეიმურაზ ბაგრატიონის მდიდარი და მრავალფეროვანი სამეცნიერო მოღვაწეობა თვალსაჩინო დასტურია მისი ღვაწლისა მშობლიური მეცნიერებისა და კულტურის წინაშე: „სახელოვან მეცნიერს დიდი ჯაფა გაუწევია ქართული ლექსიკონის შედგენაზეც, რომელიც ენციკლოპედიური ხასიათისაა. თავის ლექსიკონში თეიმურაზ ბაგრატიონი ეყრდნობა სულხან-საბა ორბელიანსა და ვახტანგ VI-ს ნაშრომებს. თავის მხრივ, მისი ლექსიკონიც შემდგომში არაერთი ლექსიკოგრაფის ნაშრომის საფუძველი აღმოჩნდა (მაგ., დ. ჩუბინაშვილი და სხვა).“

თეიმურაზ ბაგრატიონის ინიციატივით და მარი ბროსეს თანამშრომლობით, XIX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის სტამბაში ჩამოისხა ქართული შრიფტის ახალი სახეობა. მისი სამეცნიერო საქმიანობა დღესაც ფასდაუდებელი მნიშვნელობის მოვლენად ითვლება ქართული კულტურის ისტორიაში.

თეიმურაზ ბაგრატიონის სამეცნიერო მოღვაწეობის წლებს უკავშირდება მისი მოძღვრის, იონა ხელაშვილის სახელიც. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცოდნითა და პატიოსნებით ცნობილი ქართველი ბერი ქართული კოლონიის - ბატონიშვილების, დედოფლებისა და სხვა წარჩინებულთა მოძღვარი იყო. თავის დროზე ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა დავით ბატონიშვილს, რომ იონა მისი კარის ეკლესიის მოძღვარი ყოფილიყო, მაგრამ - კარის ეკლესიის უქონლობის გამო - იონა გადავიდა იმერეთის დედოფალ ანასთან. აქ იგი სამ წელიწადს დარჩა და როგორც პირადი მოძღვარი, ემსახურებოდა დედოფალს. ამის შემდგომ იონა ხელაშვილი გადადის თეიმურაზ ბაგრატიონთან, კარის ეკლესიაში, სადაც 1824 წლამდე მოღვაწეობდა.

იონა ხელაშვილის ეპისტოლარულ მემკვიდრეობაში შემორჩენილია თეიმურაზ ბაგრატიონის მიერ მოძღვრისადმი მიწერილი რამდენიმე წერილი, რომლებიც 1816-1831 წლებით თარიღდება. მიწერ-მოწერას აქვს როგორც კერძო-ყოფითი, ასევე რელიგიურ-შემეცნებითი შინაარსი და გვაწვდის არცთუ უხვ, მაგრამ საინტერესო მასალას სამეფო ოჯახის წევრებისა და იონა ხელაშვილის ურთიერთობის შესახებ.

თეიმურაზ ბაგრატიონის პირველი წერილი იონასადმი 1816 წლის 8 თებერვლით თარიღდება. ამ წერილის შინაარსიდან ირკვევა, მღვდელ-მონაზონი იონა „დაწესებულა სახლსა შინა თეიმურაზისასა“ (ე.ი. გამხდარა მისი კარის მოძღვარი). თეიმურაზი მას უწესებს ჯამაგირს 25 რუბლს, უზრუნველყოფს საცხოვრებელი კელიით, საკვებით, ექიმის მომსახურებით; ბატონიშვილი ამ წერილში თითქოს უბოდიშებს იონას უსარჩოობის გამო და შესაძლებლობის გაჩენისთანავე ჰპირდება ბინით უზრუნველყოფას.

როგორც აქედან ჩანს, იონა ხელაშვილი თეიმურაზ ბაგრატიონის კარის ეკლესიის მოძღვარი გამხდარა 1816 წელს. მოძღვრისადმი პატივისცემა, მზრუნველობა და სიყვარული, რომელიც ამ წერილში გამოსჭვივის, სხვა წერილებშიც მრავალგზის მეორდება.

ამავე კრებულში მოიპოვება მსგავსი შინაარსის კიდევ რამდენიმე წერილი, სადაც თეიმურაზ ბაგრატიონი მოძღვარს წირვის დაყენებისა და სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვა საკითხებით მიმართავს. (1823 წ.; 1827 წ. 19 თებერვალი და ა.შ.).

როგორც ბარათებიდან ირკვევა, პატივისცემასა და მოკრძალებასთან ერთად, თეიმურაზ ბაგრატიონს უდიდესი მადლიერება ჰქონდა კარის მოძღვრისადმი. ფრიად საინტერესოა და საგანგებო განხილვის ღირსია 1823 წლის 19 ივლისით დათარიღებული წერილი მეფის ძე თეიმურაზისა იონა ხელაშვილისადმი, რომელშიც ბატონიშვილი თავს იონას უმდაბლეს და უსაკუთრეს მოწაფეს უწოდებს. წერილი რელიგიურ-ფილოსოფიური შინაარსისაა და მასში ბატონიშვილი მსჯელობს ხორცისა და სულის საზრდოზე, ღვთაებრივ სიბრძნის ძიებასა და „წარუპარავ საუნჯეზე“.

როგორც ჩანს, მოძღვრის ბარათის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბატონიშვილი ღვთაებრივი სიბრძნის ჭვრეტას მისცემია. ის წერს: „საზრდელნი ხორცთა არიან ნივთნი ზრქელნი და მიწიერნი. ხოლო საზრდელი სულისა სიტყუანი კეთილნი და თაფლ ზავებულნი, რომელნიცა აღაორძინებენ და ზრდიან სულსა, მსგავსადმე ქარტაი წერილისა შენისა გრძნობამან სულისა ჩემისამან მიიღო. თუმცაღა კეთილნი და თაფლ ზავებულნი მატნ სხუათ შუენიერ მოუბნარობითა ოდესაცა შეუდგებოდეს მას კანონი სიმართლისა, გარნა საღმრთოი ნეტარნი სიტყუათანი მატნ ყოვლითავე, და ესე უკეთილეს არს და უგოლიერეს ყოვლისა სიტკბოებისა მტრფობი გონება ზესთა მის უმიზეოისა და ყოვლად სარკეზე, გონებისა ახედვებს შორის თვისსა წრფელსა სიფართესა საქმეთასა და დაუშრომლობასა სივრცესა ზედა გონიერებისასა დანერგვითა სათნოებათათა ე.ი. მარადის კეთილისა მესურნეობასა, ღეწასა, განღვიძებასა და მეძიებლობასა სიბრძნისასა, რომელიცა სოფლისა ამის სიბრძნესა სიცოფედ გამომაჩინებელ არს...“

წერილის ავტორი უმდაბლესად გამოხატავს მადლიერებას მხცოვანი მოძღვრისადმი, მისი შრომისა და უფლის მსახურების ხარისხისადმი: „შრომითა ღამე და დღე არა დასცხრები სათნოდ ღვთისა და ღუაწლნი შენნი ფრიად საიმედო არიან სარგებლობისა მიცემად ძეთა მამულისა ჩვენისათა.“

აქ წერილის ავტორზე საუბრისას შეუძლებელია, რომ არ გაგვახსენდეს მარი ბროსეს მიერ იშვიათი სიზუსტითა და გულწრფელობით დახატული თეიმურაზ ბაგრატიონის პორტრეტი: „მე არ შემიძლია განუცვიფრებლად წარმოვთქვა თეიმურაზ ბატონიშვილის სახელი, რომელშიც მაღალი ზნეობა შეერთებულია გონებასა და ვრცელ მეცნიერებასთან... რომლის მიზანი არის თავისი შრომით უკვდავყოს ხსენება თავისი ერისა.“

როგორ ჰგავს ერთმანეთს - „უკვდავჰყოს ხსენება თავისი ერისა“ და „სარგებლობისა მიცემად ძეთა მამულისა ჩვენისათა“. როგორც ჩანს, ამ ორი პიროვნების - თეიმურაზ ბაგრატიონისა და იონა ხელაშვილის (ისევე, როგორც არაერთი სხვა ქართველი მოღვაწის) - მიზანი თავიანთი პატივაყრილი მამულის სარგებლობა იყო იმ ფორმითა და საშუალებებით, რომელიც მათ ხელეწიფებოდათ.

ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი სოლომონ დოდაშვილის სახელმძღვანელოცაა. როგორც ცნობილია, დოდაშვილმა „ლოგიკა“ 1827 წელს დაბეჭდა ცნობილი რუსი გამომცემლისა და წიგნის მაღაზიის მეპატრონის, ალექსანდრე სმერედინის უშუალო დახმარებით. ალექსანდრე სმერედინი საკმაოდ ავტორიტეტული გამომცემელი იყო რუსეთის იმპერიაში. უდავოა, ქართველი ბატონიშვილები და მათთან ერთად ანა დედოფალიც უნდა ჩარეულიყო ლოგიკის კურსის გამოცემაში, რასაც ადასტურებს სოლომონ დოდაშვილის წერილები იონა ხელაშვილისადმი. ამ წერილებში ფილოსოფოსი დიდ მადლიერებას გამოხატავდა ქართველი მოღვაწეებისადმი.

თეიმურაზ ბაგრატიონის „კეთილ საქმეებსა და ღრმადმორწმუნეობაზე“ გვაძლევს ცნობებს ამჯერად უკვე იონა ხელაშვილის ერთ-ერთი წერილი, რომელიც 1828 წლის 30 აგვისტოთი თარიღდება. ამ წერილში მოძღვარი დიდ პატივისცემას გამოხატავს ბატონიშვილისადმი, „რომელსა მრავალნი შემატებანი გიხილვებიათ ჩემგან ერთბამად დაუვიწყებელ არიან. ვითარცა წიგნის დაბეჭდითაცა სახელი ჩემი ლოცვითა მოსახსენებელნი წარგზავნეთ უუსაყვარლლესა მამულსა თქუენსა წინაპართა ცხებულთა თქუენთასა, რომელსა ქებასა მწერს დოდაევი შკოლებისა მოსწავლეთა ანტაკად აქუსთ საკითხავად სრულ ასაკოვანთა.“

როგორც ჩანს, ამ წერილში გულისხმიერი მოძღვარი მადლიერებასთან ერთად სათხოვარსაც უძღვნის თეიმურაზს. ის შუამდგომლობს ბატონიშვილის წინაშე ერთ-ერთ თანამექვეყნეს (თანამემამულეს) და მის შეწყალებასა და მფარველობას, შუამდგომლობას ევედრება დიდი მთავრის წინაშე.

„აჰა, სამნი მექუეყნენი ჩემნი მოვიდნენ სახლსა შინა თქუენსა, რომელთაგანნი ორნი გაბედნიერდენ დოდაევ და ერინოვი და მიიქცნენ საგნებ შესრულებულნი მამულად, რომელთა პური სულიერნი და ხორციელნიმცა გარდაემატების... გარნა ადამ დაშთა ზემო ხსენებულთა შორის მწარ მსხებდავრდომილ და დაწუნებულ... ესერა ექვსი წელია... სასწავლებელისა განირიცხა და არს უქმობასა შინა... ამად ვსასოებ პურითა თქუენითა გამოზრ[დ]ილსაცა ადამისა შეწყალებასა, გარნა მღუდელობა ჩემი წინაშე ღვთისა მუხლთ დადგმით შეგთხოვს, რათა წარუგზავნოთ დიდს თავადს საქმენი ადამისა და არცა გარდაიდვას სხვათა დღეთათვის... და ვუწყი ნამდვილ სულისა თქუენისა კეთილ თვისებისაგან შეწყნარებითა მოხსენებისა ამის ვედრისათა შეიწყალებთ ადამს.“

იონა ხელაშვილის ეპისტოლარულ მემკვიდრეობაში კიდევ არის ორი, თითქმის ერთი და იმავე ყოფითი შინაარსის წერილი, რომელიც ეკუთვნის თეიმურაზ და მიხეილ ბატონიშვილებს. ისინი იონა ხელაშვილს მამაშვილურად სთხოვენ უზრუნველყოს ლომბარდში ბილეთების დროული გამოცვლა და ამით დაიცვას მათი ნივთები გაყიდვისაგან (1831 წ.). ამ წერილებს დიდი ლიტერატურული ღირებულება არ გააჩნია, მაგრამ კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ როგორი მამაშვილური, თბილი და ნდობით აღსავსე დამოკიდებულება სუფევდა მოძღვარსა და მეფის ძეებს შორის.

იონა ხელაშვილის წერილებში არაერთი საკითხია განხილული; მათში ასევე ჩანს პეტერბურგის ქართული დასახლების სულიერი ცხოვრების სურათი. მიწერ-მოწერაში მოიპოვება მდიდარი მასალა იმ პერიოდში მოღვაწე არაერთი ცნობილი ქართველი პიროვნების შესახებ და მეტიც, ამ მემკვიდრეობის გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია XIX საუკუნის I ნახევრის საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების გამოკვლევა.

როგორც ჩანს, იონა ხელაშვილი და თეიმურაზ ბაგრატიონი დაკავშირებულები იყვნენ პეტერბურგის ქართველთა იმ წრესთან, რომელსაც თავისი ლიტერატურული და განმანათლებლური ინტერესები ჰქონდა და იღვწოდა ქართული მწერლობისა და ეროვნული სულისკვეთების გამდიდრებისათვის.

 

ბიბლიოგრაფია:

  • დოდაშვილი, რ. მარი ბროსე: ქართული მწერლობის მკვლევარი, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1962.
  • დონდუა, ვ. პეტერბურგის ქართული კოლონიის საისტორიო-სამწიგნობრო მემკვიდრეობა. იონა ხელაშვილის მოსახსენებელი წიგნი,  „ქართული წყაროთმცოდნეობა“, ტ. I, თბილისი, 1965.
  • ზაქარაძე, ლ. იონა ხელაშვილი – დიდი ქართველი ღვთისმეტყველი ეპოქათა გზაგასაყარზე, ჟურნალში: „უფლის ციხე“. საქართველოს საპატრიარქო, # 2, 2012.
  • თეიმურაზ ბაგრატიონი, წიგნნი ლექსიკონნი, მასალები შეკრიბა, ანბანზე გააწყო, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო გ. შარაძემ, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1979.
  • იონა ხელაშვილის ეპისტოლური არქივი (1809-1835 წ.წ.), შეადგინა, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და შენიშვნები დაურთო გ. დედაბრიშვილმა (ქართული ეპისტოლური წყაროების კორპუსი VI-VII), თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2000.
  • ირემაძე, თ. ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი თავისებურებანი, კრებულში: ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები (XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე), თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2014.
  • ირემაძე, თ. იონა ხელაშვილის ფილოსოფიური ღვთისმეტყველება, ჟურნალში: „უფლის ციხე“. საქართველოს საპატრიარქო, # 3 (2014.).
  • მახათაძე, ნ. სოლომონ დოდაშვილის ურთიერთობა პეტერბურგში მცხოვრებ ქართველებთან (დაბადებიდან 200 წლისთავის გამო), კრებულში: „ლიტერატურული ძიებანი“, 26, 2005.
  • შარაძე, გ. თეიმურაზ ბაგრატიონი: ცხოვრება, „მეცნიერება“: თბილისი, 1972.
  • შარაძე, გ. თეიმურაზ ბაგრატიონი - ბიბლიოგრაფი და კოლექციონერი: გამოკვლევა და ტექსტები, თბილისი: „მეცნიერება“, 1974.