ღმერთი სიყვარულია

ღმერთი სიყვარულია

02.05.2020

არქიმანდრიტი სოფრონი (სერგი სახაროვი) დაიბადა 1896 წლის 22 სექტემბერს მოსკოვში; საშუალო განათლება მან იქვე მიიღო. იყო პირველი მსოფლიო ომის მონაწილე; დაკავებული იყო ფერწერით; 1918 წელს ორჯერ იყო დაკავებული საბჭოთა უშიშროების მიერ. 1922 წელს იგი ემიგრაციაში წავიდა და თავდაპირველად იტალიაში, ხოლო შემდგომ კი ბერლინსა და პარიზში ცხოვრობდა. მის ცხოვრებაში მომხდარი სასწაულებრივი მოვლენის შემდეგ მან თავისი ცხოვრება ღმერთს მიუძღვნა. მალე იგი ათონის მთაზე გაემგზავრა, სადაც წმ. პანტელეიმონის მონასტერში დამკვიდრდა, ხოლო 1927 წელს კი იქვე მონაზვნად აღიკვეცა სახელით სოფრონი. მის ბიოგრაფიაში აღსანიშნავია წმ. სილუან ათონელთან ურთიერთობა, რომელიც მისი მოძღვარი იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არქიმანდრიტმა სოფრონმა ათონის მთა დატოვა და ჯერ საფრანგეთში, ხოლო შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში დაიწყო მოღვაწეობა, სადაც ესექსის საგრაფოში წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერი დააარსა (კონსტანტინოპოლის საპატრიარქო). არქიმანდრიტი სოფრონი გარდაიცვალა 1993 წელს.

არქიმანდრიტი სოფრონი არაერთი მნიშვნელოვანი წიგნის ავტორია, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: „ბერი სილუანი“ (1948 წ.), „იხილეთ ღმერთი, როგორიც იგი არის“ (1985 წ.), „ლოცვის შესახებ“ (1991 წ.) და სხვ. მისი თხზულებები მართლმადიდებლური ასკეტიკის გადმოცემას წარმოადგენს. არქიმანდრიტი სოფრონი თავის ნაშრომებში წარმოაჩენს ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობის იმ დაფარულ შრეებს, რომლებიც მართლმადიდებლური ასკეტური პრაქტიკების განხორციელების გზით მიიღწევა. ამით იგი მართლმადიდებლური ასკეტიკის თვალსაჩინო წარმომადგენლად გვევლინება.

არქიმანდრიტ სოფრონის აქ წარმოდგენილი მცირე ზომის ნაშრომი თარგმნილია შემდეგი გამოცემიდან: Архимандрит Софроний, Подвиг богопознания (Свято-Иоанно-Предтеченский монастирь, Эссекс, 2001), Свято-Троицкая Сергиева лавра, ‎Сергиев Посад, 2010, გვ. 280-281. ამ წიგნში შეკრებილია არქმინადრიტ სოფრონის წერილები, რომელთა ადრესატიც დავიდ ბალფურია, ყოფილი ანგლიკანი, რომელმაც მართლმადიდებლობა მიიღო. ამ წერილებში საუბარია ღმერთის შემეცნებისა და ასკეტიკის მართლმადიდებლურ მოტივებზე. აქ მოცემული მცირე ნაშრომი წარმოადგენს ერთ-ერთ წერილს კოლექციიდან G2.

ქართულად თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა

ღმერთი სიყვარულია

სიყვარულის ბედნიერება. მონაზვნობა - ადამიანური ყოფიერების სისავსე

Le Donjon, SteGenevieve-des- Bois, 14 აპრილი 1948 წ.

 

ძვირფასი დავიდ!

უფალმა მშვიდობა მოგცეს!

[....] დიდი ხანია დავრწმუნდი, რომ ღმერთი სიყვარულია (1 ინ. 4.8), რომ მოუკლებელი წყურვილით გვეძებს თითოეულ ჩვენგანს, რომ მას ვენატრებით, რომ ჩვენდამი სიყვარულში, რამდენიც არ უნდა ვუღალატოთ, არ იცვლება, რომ ყოველთვის ისწრაფვის აგვავსოს სიკეთეებით; ყოველივე ამაში იმდენად დავრწმუნდი, რომ კადნიერებით და იმედით შევთხოვ მას, რომ შეგამეცნებინოს, რამდენადაც შესაძლებელია სრულად, უბრალო ადამიანური ცხოვრების ის ბედნიერება, რომლისკენაც ბოლო წლებია ისწრაფოდი...

მთელი გულით ვევედრები ღმერთს, რომ მოგცეს ადამიანური სიყვარულის ბედნიერება, რათა ამგვარად კიდევ უფრო მეტად დარწმუნდე მის სიყვარულში და სიცოცხლის დასასრულს მიაღწიო ამ ბოლო, ე.ი. მარადიულ ღვთაებრივ სიყვარულს.

დიდი ხანია ვფიქრობ, რომ მონაზვნობა, ე.ი. ნამდვილი მონაზვნობა, ისევე, როგორც ქალწულების დამარხვა, იმის ძალითაც კი, რომ ის - მონაზვნობა - თავისი მიზნით ადამიანური ყოფიერების სისავსეა, საკუთარ თავში მოიცავს ადამიანის ბუნებრივი სიყვარულის გამოცდილებასაც. მართალია, ეს გამოცდილება შეიძლება მიღებულ იქნეს სულიერი ინტუიციის ჭრილში, მისი მატერიალიზაციის ან ცხოვრებაში განხორციელების გარეშე, მაგრამ ის მაინც იარსებებს. მონაზვნობის დასაბამი გულუბრყვილობა და გაუცნობიერებლობა როდია. ღვთისმშობელმაც კი, მთავარანგელოზთან საუბრისას, თავისი არაგულუბრყვილობა (ლკ. 1.34) გამოავლინა. საჭიროა გადავუფრინოთ ამ „რუბიკონს“ ან გადავცუროთ ის. ამიტომაც, შევთხოვ ღმერთს, დაგიფაროს და მოგცეს როგორც ადამიანური, ისე ღვთაებრივი ცხოვრების სისავსე.

არ გაგიკვირდეს, რომ მე, მონაზონი, არ ვღალატობ რა ჩემს შეხედულებებს, ასე გულწრფელი ვარ შენდამი ჩემს კეთილ სურვილებში მაშინ, როცა სხვა მონაზვნები სხვაგვარად მოგმართავდნენ...

მალე აღდგომაა.

ახლა გწერ და, ამასთანავე, გთხოვ, ჩემი სააღდგომო მილოცვაც მიიღო.

ქრისტე აღსდგა!

სიყვარულით ქრისტეში,

მღვდელ-მონაზონი სოფრონი