ჯეიმს მედისონი (1751-1836 წწ.) იყო აშშ-ს დამფუძნებელი ეპოქის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა. მან მოამზდა ამერიკის კონსტიტუციისა და უფლებათა ბილის პროექტები, 1801-1809 წწ. იყო აშშ-ს მეხუთე სახელმწიფო მდივანი, ხოლო, 1809-1817 წწ. აშშ-ს მეოთხე პრეზიდენტი. მედისონი არის დასავლური პოლიტიკური აზროვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის „ფედრალისტური წერილების“ თანაავტორი. მედისონის ეს მცირე ესსე გამოქვეყნდა 1792 წელს National Gazette -ში, მასში, მედისონი ავითარებს ფიქციურ დილოგს რესპუბლიკელ და ანტი-რესპუბლიკელ ოპონენტებს შორის. თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემიდან: Selected Writings of James Madison, Hackett Publishing Company, Inc. 2006.
ინგლისურიდან თარგმნეს გიორგი ჭანიძემ და რუსუდან ზოიძემ
რესპუბლიკელი: თავად ხალხი. ურყევი ნდობა არსადაა ისე დაცული, როგორც იმათ ხელში, ვინც დაინტერესებულია მისი დაცვითა და შენარჩუნებით.
ანტი-რესპუბლიკელი: ხალხი სულელი, ეჭვიანი და უზნეოა. მას არ შეუძლია საკუთარი თავს სრულად დაეყრდნოს. როდესაც ხალხი ხელისუფლებას აფუძნებს, მორჩილების გარდა სხვა არაფერზე უნდა იფიქროს და თავიანთ თავისუფლებებზე მზრუნველობა გაცილებით ბრძენ მმართველებს უნდა გადააბაროს.
რესპუბლიკელი: მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი და, შესაძლოა, ყველა ერიც კი თავისუფლებისთვისაა გაჩენილი, ისიც უდავო ჭეშმარიტებაა, რომ მონობა ოდითგანვე ადამიანთა მოდგმის ხვედრია. უმეცარნი - გააცურეს; მძინარენი - გააოგნეს; დაყოფილნი - დაჩაგრეს. რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ აქედან? რომ რამდენადაც ადამიანებმა შესაძლოა უღალატონ საკუთარ თავს, ე.ი. თვალახვეულნი უნდა ნებდებოდნენ მათ, ვინც დაინტერესებულია მათი გაცურებით? უფრო მართებულია დავასკვნათ, რომ ხალხს განათლება, გა(მო)ღვიძება და გაერთიანება მართებს, რომ ხელისუფლების დაფუძნების შემდეგ, ხალხი ერთდროულად უნდა აკონტროლებდეს და ემორჩილებოდეს მას.
ანტი-რესპუბლიკელი: შენ მხოლოდ ზედაპირს უცქერ, სადაც შეცდომები ტივტივებენ, ნაცვლად იმისა, რომ წვდე სიღრმეებს, სადაც ჭეშმარიტებაა დამალული. ხელისუფლება კი არ მიატოვებს ხოლმე ხალხს, არამედ, თავად ხალხი გაურბის ხელისუფლებას. ამდენად, უმჯობესია, რომ გავანათლოთ ხელისუფლება, მოვუწოდოთ სიფხიზლისკენ, აღვჭურვოთ გავლენით, შევაიარაღოთ; ხოლო, ხალხს შთავაგონოთ მხოლოდ ორი სიტყვა - მორჩილება და ნდობა.
რესპუბლიკელი: მაშ, გამოდის, რომ ცენტრიდანული ტენდენცია ხალხშია და არა ხელისუფლებაში, ხოლო საიდუმლო ხელოვნება მდგომარეობს ამ ტენდენციის შეზღუდვაში, რაც მიიღწევა ხელისუფლების მიმზიდველობის პრინციპის გაზრდითა და გაძლიერებით. საგანთა ბუნებრივი წესრიგის რაოდენ დამახინჯებასთან გვაქვს საქმე, თუ ძალაუფლებას ვაქცევთ სოციალური სისტემის უმთავრეს და ცენტრალურ ობიექტად, თავისუფლებას კი მხოლოდ მის „თანამგზავრად“.
ანტი-რესპუბლიკელი: ვარსკვლავთმეცნიერება ვერასდროს შეძლებს გაგიძღვეს ხელისუფლების მისტერიებში. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, რაც უფრო მეტად (გა)ზრდი ძალაუფლების მიმზიდველ ძალას, მით უფრო მეტად (გა)ზრდი თავისუფლების სფეროს; რაც უფრო მეტად დამოუკიდებლი და შემტევი იქნება ხელისუფლება ხალხის მიმართ, გაცილებით უკეთ იქნება უზრუნველყოფილი ხალხის უფლებები და ინტერესები. მაშასადამე, მას შემდეგ, რაც ხალხის წილი ხელისუფლებაში მესამედამდე დავა და ის შეიზღუდება დელეგირების მეთოდითა და ვადით, ამ თეორიის სიბრძნე დააფუძნებს ორ მთავარ მემკვიდრეობით წესწყობილებას თანმხლები ვნებებით, ჩვეულებებით, ინტერესებითა და საგანგებო უფლებებით, რომლებიც მტრობენ ხალხის უფლებებსა და ინტერესებს, თუმცა, მისტერიული მოქმედების შედეგად ყოველი მათგანი ერთიანდება ხალხის უფლებებისა და ინტერესების განსამტკიცებლად.
რესპუბლიკელი: მართლაც რომ მისტერიულია! თუმცკი, მისტერიები რელიგიას განეკუთვნება და არა ხელისუფლებას; ყოვლისშემძლის საქმეებს და არა ადამიანისას. ხოლო, თავად რელიგიაში არაფერია მისტერიული მისი შემოქმედისთვის; მისტერია ადამიანური ხედვის ბუნდოვანებაშია. დაე, ნურაფერი იქნება მისტერიული ადამიანთა ინსტიტუტებში, თუ არ ჩავთვლით მიწიერი შესაქმის იმ პირველად წესრიგს, როდესაც მდაბალი არსებები ბინდით იყვნენ მოცულნი.
ანტი-რესპუბლიკელი: ვფიქრობ, შენ გაკლია კარგი მოქალაქის, ან უფრო სწორად კარგი ქვეშევრდომის ყველა თვისება. შენ არც რწმენის სინათლე და არც მორჩილების სული გაგაჩნია. ხელისუფლების წინაშე ათეიზმისა და ანარქიის მქადაგებლობაში გამხელ.
რესპუბლიკელი: და მე თავს ვიკავებ გამხილო ხალხის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ მათი უფლებების მგმობელი და ტირანიის თაყვანისმცემელი ხარ. თავისუფლება არ ცნობს დევნას.