ჰეგელის ჩინებული ინტერპრეტაცია ემილ ფაკენჰაიმთან

ჰეგელის ჩინებული ინტერპრეტაცია ემილ ფაკენჰაიმთან

14.05.2020

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ემილ ფაკენჰაიმი გახლავთ საეტაპო მნიშვნელობის ერთ-ერთი მოაზროვნე, რომელმაც ხელახლა გააცნო ჰეგელი ინგლისურენოვან სამყაროს.

ჰეგელის შესახებ ბოლო დროს გამოქვეყნებული ათი ინგლისურენოვანი ნაშრომის (მათ შორის, ცხადია, ფაკენჰაიმის ნაშრომის) რეცენზიათა მომცველი შესანიშნავი მიმოხილვის შესავალ ნაწილში, ენტონი ქუინტონი ხაზგასმით აღნიშნავს, თუ რამდენად რთული იყო იმჟამად ჰეგელიანელობა; მართლაც, საქმე ისაა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „ინგლისურენოვან სამყაროში ჰეგელის ავტორიტეტის შესახებ შექმნილ უაღრესად დამამდაბლებელ ზოგად შეხედულებათა ვითარებაში, 1945 წელს გამოიცა რასელის ნაშრომი „დასავლური ფილოსოფიის ისტორია“, რომელშიც ჰეგელი მოხსენიებულია ძალზე უდიერად, კარლ პოპერი კი ნაშრომის - „ღია საზოგადოება და მისი მტრები“ - ერთ-ერთ თავში მწვავედ უტევს ჰეგელს. ბრიტანეთში ჩაქრა ანალიტიკური ფილოსოფიის წინააღმდეგ განწყობილი უკანასკნელი ნაპერწკალიც კი. უკვე სამი წელია გასული კოლინგვუდის გარდაცვალებიდან, მაგრამ მისი ერთი თვალსაჩინო მოწაფეც კი არ ჩანს“.  უდავოდ, ჩინებულია ჰეგელის კვლევების ქუინტონისეული მიმოხილვა; ემპირიზმის მოძღვრებით ღრმად გამსჭვალული ქუინტონი ძირეულად იყო დაკავშირებული „ანგლო-ამერიკულ ანალიტიკურ სკოლასთან“;  აღნიშნულის მიუხედავად, იმჟამინდელი ვითარების მისეული ანალიზი (ასევე, მის გასამყარებლად გამოყენებული სხვადასხვა დამოწმება), უდავოდ, ზუსტია.

თუმცა, ფაკენჰაიმი არ ყოფილა პირველი, ვინც ინგლისურენოვან სამყაროში სცადა ჰეგელის რეაბილიტაცია. ეს პატივი ეკუთვნით სერ მალკოლმ კნოქსს (1900-1980 წწ.)  და ჯონ ნეიმეირ ფინდლისაც (1903-1987 წწ.), რომლის ნაშრომი - „ჰეგელი: ხელახალი გააზრება“ - საგანგებო აღნიშვნის ღირსია. ფაკენჰაიმის წიგნი არის არა მხოლოდ ერთ-ერთი პირველი (რომელიც გამოიცა ვ. ჰ. ვოლშის, შლომო ავინერის, რაიმონდ პლანტისა  და სხვათა ჩინებულ ნაშრომებზე ბევრად ადრე), არამედ, ინგლისურ სამყაროში ჰეგელის მოძღვრებისადმი პატივისცემის აღორძინების თვალსაზრისით ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ასევე, ზემოხსენებულ წიგნში ფაკენჰაიმი ხშირად ეხმიანება ფინდლის ნაშრომს, რითაც აღიარებს მისი [ფინდლის] კვლევის დიდ მნიშვნელობას.

ჰეგელის მოძღვრების აღორძინების თვალსაზრისით, ინგლისურენოვან კვლევებში ფაკენჰაიმის განსაკუთრებული მნიშვნელობა განპირობებულია მისი ორმაგი იდენტობით: წარმომავლობით ებრაელი და ებრაული ძირების მქონე გერმანელი (ეს კი რელიგიური განზომილების სფეროა); სწორედ ამის გამო იდევნებოდა იგი გერმანიის ნაცისტური რეჟიმის მიერ. დღესდღეობით, ფაკენჰაიმი ცნობილია, უმალ, ებრაული აზროვნების კვლევის ნაშრომებით.  მისმა ერთ-ერთმა ნაშრომმა, სახელდობრ, 614 მცნების მისეულმა ინტერეპრეტაციამ - „ნუ მიანიჭებთ ჰიტლერს გამარჯვებას სიკვდილის შემდგომ“ - გამოიწვია საზოგადოების ბევრად უფრო დიდი ინტერესი და ვნებათაღელვა, ვიდრე გერმანული ფილოსოფიის, განსაკუთრებით კი ჰეგელის, თუმცა, ასევე, კანტის, შელინგისა და სხვათა ფილოსოფიის მისეულმა ინტერპრეტაციებმა. თუმცა, სწორედ ებრაული აზროვნების რაობის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის შედეგად მიღებული საერთაშორისო აღიარებისა და ჰეგელისადმი ფაკენჰაიმის რაღაც განსაკუთრებული პატივისცემის დასტურია მისი მყარი არგუმენტები იმ ადამიანთა საპირისპიროდ, ჰეგელის სახით ფაშიზმისა და ანტი-სემიტიზმის წინამორბედს რომ ხედავდნენ (ან, დღესდღეობითაც, რომ ხედავენ).

რადგან ფაკენჰაიმი არ არის ისე საყოველთაოდ აღიარებული და ცნობილი, როგორც იგი ამას იმსახურებს, ჩემს სტატიას დავიწყებ მისი ბიოგრაფიული ცნობებისა და მომენტების, განსაკუთრებით კი, ჰეგელის მისეული კვლევის შესახებ თხრობით. წინამდებარე ნაშრომის ძირითად ნაწილში შევეცდები, ავხსნა ფაკენჰაიმის მიერ ჰეგელის ინტერპრეტაციის ძირითადი ვექტორი.

* * *

ემილ ლუდვიგ ფაკენჰაიმი დაიბადა 1916 წლის 22 ივნისს; იგი იზრდებოდა ქალაქ ჰალეში (ზაალეში), რომელიც იმჟამად პრუსიის საქსონიის, დღესდღეობით კი გერმანიის, საქსონია-ანჰალტის მხარის დაქვემდებარებაშია. თუ ვიმსჯელებთ უფრო ფართო კულტურული პერსპექტივიდან, დღესდღეობითაც, ქ. ჰალე ასოცირდება ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორ გ. ფ. ჰენდელთან (1685-1759 წწ.), რომელიც დაიბადა და გაიზარდა ამ ქალაქში, ფილოსოფიური თვალსაზრისით კი ქალაქის მნიშვნელობას მოწმობს ის, რომ ჰალე იყო, ერთი მხრივ, პიეტიზმის ადრეული ცენტრი, ხოლო, მეორე მხრივ, გერმანული-განმანათლებლობისა. 1794 წელს დაარსდა ჰალეს უნივერსიტეტი, რომელსაც თავისი მნიშვნელოვანი კვალი დაატყვეს ერთმანეთთან დაპირისპირებულმა  ახალი დროის მოაზროვნეებმა: ერთი მხრივ, განმანათლებლობის ეპოქის ისეთმა გამორჩეულმა მოღვაწეებმა, როგორებიც იყვნენ ქრისტიან ტომაზიუსი (1655-1728 წწ.) და ქრისტიან ვოლფი (1679-1754 წწ.), მეორე მხრივ კი, ისეთმა წამყვანმა პიეტისტებმა, როგორებიც იყვნენ ფილიპ იაკობ შპენერი (1635-1705 წწ.) და ავგუსტ ჰერმან ფრანკე (1663-1727 წწ.), რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტის დაფუძნებასა და მის ადრეულ განვითარებაში. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს მოხდა ფაკენჰაიმის დაბადებამდე ბევრად ადრე, მაგრამ, ჩემი აზრით, აღნიშნულმა ფაქტებმა საგრძნობი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ქალაქ ჰალეზე, არამედ თავად ფაკენჰაიმზეც.

ფაკენჰაიმის აღზრდა-განათლება, ერთდროულად, ებრაული და გერმანული მსოფლხედვით მიმდინარეობდა; მისი ოჯახი სრულად იყო ინტეგრირებული გერმანულ კულტურასა და ცივილიზაციაში. პირველ მსოფლიო ომში მამამისი, პროფესიით იურისტი, იბრძოდა გერმანელების მხარეს. ჯერ კიდევ ჰალეს გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, ფაკენჰაიმისთვის, ალბათ, დიდი შოკი იქნებოდა ჰიტლერის აღზევება. 1935 წელს, ჰალეს უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, იგი შეისწავლიდა ფილოსოფიას და ეუფლებოდა აღმოსავლურ ენებს; მაგრამ, რადგან ებრაელი სტუდენტები მალევე გარიცხეს გერმანული უნივერსიტეტებიდან, ფაკენჰაიმმა სწავლა განაგრძო ბერლინის იუდაურ სემინარიაში (საყოველთაოდ ცნობილ „იუდაურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში“ / Hochschule für die Wissenschaft des Judentums),  სადაც მისი მოძღვარ-პედაგოგები ისეთი თვალსაჩინო ინტელექტუალები იყვნენ,  როგორებიცაა: ლეო ბეკი, იზმარ ელბოგენი და მაქს ვინერი. ნაცისტურ გერმანიაში ებრაელთა წინააღმდეგ განხორციელებული „პროგრომებისას“, 1938 წლის 9-10 ნოემბერს, დააპატიმრეს ფაკენჰაიმი, რომელიც 1939 წლის თებერვლამდე ტყვეობაში იმყოფებოდა ზაკსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში, საიდანაც გათავისუფლებულმა დაასრულა რაბინული განსწავლა, 1939 წელს კი მიეცა ხელდასხმა (semikhah). ამრიგად, ფაკენჰაიმი იყო ერთ-ერთი ბოლო რაბინი, რომელსაც ნაცისტურ გერმანიაში მიეცა კურთხევა საეკლესიო თანამდებობაზე. ნაცისტური რეჟიმისგან თავის დაღწევის მიზნით, ფაკენჰაიმმა თავი შეაფარა შოტლანდიის ქალაქ აბერდინს და განაგრძო ფილოსოფიის შესწავლა ქ. აბერდინის უნივერსიტეტში. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო ლტოლვილი ებრაელი, ჰქონდა გერმანული პასპორტი, ფაკენჰაიმი მალევე შერაცხეს „მტრის მოკავშირედ“. ასე შეიქნა იგი გარემოებების მსხვერპლი: მცირე ხნით მოათავსეს საინტერნაციო ბანაკში მენის კუნძულზე, შემდეგ კი გაგზავნეს კანადაში, შერბრუკის მახლობლად მდებარე ბანაკში. კანადაში ჩასულმა ფაკენჰაიმმა თავი ისე იგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. ამ ქვეყანაში მას მალევე მიეცა ახალი რეალური შესაძლებლობები: ნება დართეს განეხორციელებინა რაბინის საქმიანობა ჰამილტონსა და ონტარიოში; თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შემდეგი: იმჟამად ტორონტოს უნივერსიტეტში არსებულ დიდ და ჩინებულ ფილოსოფიის დეპარტამენტში ფაკენჰაიმი მუშაობდა თვალსაჩინო, ბრწყინვალე მოაზროვნესთან - ფულტონ ჰენრი ანდერსონთან (1895-1968 წწ.). 1945 წელს ფაკენჰაიმმა წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია შუა საუკუნეების არაბული ფილოსოფიის შესახებ და, ბოლოს და ბოლოს, მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. სადოქტორო ნაშრომის თემა მან შეარჩია ლეო შტრაუსის, მისი შთაგონების წყაროს რჩევით, რის შესახებაც იგი წერს კიდეც თავის ავტობიოგრაფიაში: „შტრაუსის გავლენით მე დავინტერესდი შუა საუკუნეების არა ებრაული, არამედ, ისლამური ფილოსოფიით; მაინტერესებდა შემდეგი საკითხი: რა ბედი ეწია არისტოტელეს, მუსლიმ ფილოსოფოსთა შორის მისი ყველაზე ორთოდოქსი მიმდევრის, ავეროესის მოძღვრებაში? [...].“

ზემოთ აღნიშნული ნაშრომითა და კანადელ ფილოსოფოსთა წრეში ფაკენჰაიმის მზარდი ავტორიტეტისა და თავად მის მიმართ დიდი ინტერესით იყო განპირობებული ის, რომ 1948 წელს ფაკენჰაიმს თანამშრომლობა შესთავაზა ტორონტოს უნივერსიტეტმა, სადაც მან თანმიმდევრულად გაიარა გზა ლექტორობიდან პროფესორობამდე, სადაც დარჩა კიდეც პენსიაში გასვლამდე და 1981 წლამდე ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ თუ სამეცნიერო მოღვაწეობას (თუმცა, საქმიანობის გაგრძელების შესახებ, 1960-იან წლებში მან შეთავაზება მიიღო იმჟამად ნიუ იორკის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სიდნი ჰუკისგან, ხოლო 1962 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტისგან). ცხოვრების პირველ სამ ათწლეულთან შედარებით, ტორონტოში გატარებული წლები ფაკენჰაიმისთვის იყო ნაკლებად დრამატული, რამაც მას მისცა მდიდარი ფილოსოფიური შემოქმედების განვითარების ძალზე დიდი საშუალება. პენსიაში გასვლისა და ტორონტოს უნივერსიტეტის დატოვების შემდეგ, ფაკენჰაიმი დათანხმდა მიწვეული პროფესორის სტატუსს იერუსალიმში, იქ დამკვიდრდდა და ცხოვრების დარჩენილი წლები გაატარა ისრაელში, სადაც გარდაიცვალა 2003 წელს.

ფაკენჰაიმის ბიოგრაფიულ ცნობებს უნდა დავუმატოთ ერთი რამ: კერძოდ, როდის და როგორ დაინტერესდა იგი ჰეგელის მოძღვრებით, და რამ განაპირობა ფაკენჰაიმის მზარდი ინტერესი მის მიმართ. თავის ავტობიოგრაფიაში იგი რამდენჯერმე ახსენებს ისეთ მნიშვნელოვან პიროვნებას, როგორიც იყო არნოლდ მეცგერი (1892-1974 წწ.).  ზემოხსენებული წიგნის იმ ნაწილის ბოლო მონაკვეთში, სადაც იგი წერს ტორონტოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტში მისი მოღვაწეობის პირველი ნაბიჯების შესახებ, ფაკენჰაიმი აჯამებს თავის წარსულ საქმიანობას და საგანგებოდ გამოკვეთს სამ მოაზროვნეს, რომლებმაც მასზე მოახდინეს დიდი ზეგავლენა: „ფილოსოფიაში მე მყავდა სამი დიდი მოძღვარი: არნოლდ მეცგერი, ლეო შტრაუსი და ფულტონ ჰენრი ანდერსონი. მეცგერმა შთამაგონა იმით, რომ წარმომიჩინა ფილოსოფიის საბედისწერო ხასიათი: ნაცისტურ ბერლინში არაფერი იყო „აბსოლუტის“ ყოფნასა თუ არყოფნაზე უფრო საეჭვო. შტრაუსს არასოდეს უსწავლებია ჩემთვის, მაგრამ, როგორც მენტორმა, მაიძულა ტექსტებს მოვკიდებოდი სერიოზულად. ანდერსონი ფილოსოფიური პრობლემებით მოსვენებას არ აძლევდა ჩემს გონებას და ასე მასწავლა ისიც, თუ როგორ არ მიმეცა მოსვენება გონებისთვის“.

მართალია, აქ ჰეგელი არ არის უშუალოდ ნახსენები, მაგრამ, „აბსოლუტი“, ცალსახად, უნდა მიემართებოდეს მას. ერთი შეხედვით, შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს ის, რომ ფაკენჰაიმი ჰეგელით დააინტერესა მეცგერმა, რადგან მეცგერი ნამდვილად არ გახლავთ ცნობილი როგორც ჰეგელის მკვლევარი. ახალგაზრდობაში, ჩანს, იგი იყო, ერთგვარად, მემარცხენე პოლიტიკური აქტივისტი, რის შესახებაც ცოტა რამ იყო ცნობილი 1930-იან წლებში, როდესაც ფაკენჰაიმმა გაიცნო მეცგერი;  1920-1924 წლებში, სულაც, ჰუსერლის თანაშემწე მეცგერი ფართოდ იყო ცნობილი როგორც ფენომენოლოგი. ჰუსერლის თანაშემწეობის წყალობით, ფენომენოლოგიაში მეცგერის დიდი წარმატების მიუხედავად, ეჭვგარეშეა, სწორედ მან დააკავშირა ფაკენჰაიმი ჰეგელთან; ამ ფაქტს ნათლად ადასტურებს თავად ფაკენჰაიმი (ციტატა მოხმობილია ქვემოთ). ფაკენჰაიმი მეცგერს შეხვდა ბერლინის ცნობილ იუდაურ სემინარია- Hochschule-ში, სადაც მეცგერს, 1935 წლიდან 1937 წლამდე, - ნაცისტური გერმანიიდან, პარიზისა და ინგლისის გავლით, შეერთებულ შტატებში გაქცევამდე, - ჯერ კიდევ ჰქონდა სწავლების საშუალება. აი, რას წერს ფაკენჰაიმი მეცგერთან ჰეგელის ფილოსოფიის შესწავლის შესახებ:  

Hochschule ცდილობდა, ნაცისტური რეჟიმის მიერ დევნილ ებრაელ პროფესორთაგან საუკეთესოების თავისთან მიღებას. [...] Hochschule-ში გადმოყვანილ პროფესორთა შორის ჩემთვის ყველაზე ღირებულნი იყვნენ ორნი: იუჯინ ტაუბლერი [(1879-1953 წწ.), რომელიც 1933 წლამდე (ვიდრე ნაცისტები დაიწყებდნენ მის დევნას) იყო ანტიკური ისტორიის პროფესორი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში და კიდევ უფრო მეტად ღირებული - არნოლდ მეცგერი. ვფიქრობ, სჯობს მოგითხროთ მასთან გატარებული ერთი ღირსსახსოვარი საღამოს შესახებ. მეცგერი იყო ჰუსერლის თანაშემწე, Hochschule-ში მას დიდხანს არ უსწავლებია; იგი მწყრალად იყო განწყობილი ყოველივე არაფილოსოფიურის მიმართ, არც იმათ მიმართ იჩენდა დიდ მოთმინებას, ვისაც არ აღელვებდა ფილოსოფია; სამაგიეროდ, ფილოსოფიით დაინტერესებულთ ხშირად ეპატიჟებოდა ხოლმე სახლში.

ერთ შაბათ საღამოს, მეცგერმა განაცხადა მთელი სერიოზულობით: ასე იქნება ეს, თუ ისე, გათენებამდე (ამ დროს მას ხელში ეჭირა ლიქიორით სავსე ბოთლი) ეს ლიქიორი უნდა დაიცალოს! ამ ნათქვამს მოყვა ჰეგელის ტექსტის - „გონის ფენომენოლოგია“ - შესავალი ნაწილი. იქნებოდა დილის ოთხი საათი... ლიქიორით სავსე ბოთლი დაცლილიყო და ჩვენც დავიშალეთ. მეცგერისგან წამოსულს არ მასვენებდა ფიქრი: თუკი მსურდა ფილოსოფიის გაგება, ჰეგელის ხსენებული ნაშრომი უნდა გამეგო.

მეცგერმა უაღრესად ემოციური ზეგავლენა მო­ახდინა ჩემზე; არასოდეს მყოლია ისეთი მოძღვარი, ასეთი აღმაფრენით რომ ასწავლიდა ფილოსოფიას და თავადაც „ფილოსოფიითა და თანამედროვე ეპოქით“ აღფრთოვანებული რომ გახლდათ. ჩანს, იმ ღამეს ყველაფერი იყო დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იყო, ან არ იყო წარმოდგენილი „აბსოლუტი“ ნაცისტურ ბერლინში.“ 

მოყოლებული 1937 წლის იმ ღამიდან, ფაკენჰაიმი (იმჟამად იგი იყო 21 წლის) მთელი ცხოვრება ჰეგელს სწავლობდა! თავისივე ავტობიოგრაფიის თანახმად, ჰეგელის ფილოსოფიის შესწავლის დასაწყისს იგი უკავშირებს (1939-1940 წწ.) შოტლანდიაში ყოფნის პერიოდს; ამ დროიდან მოყოლებული, იგი ყოველ დღე აიძულებდა თავს „ერთი საათი დაეთმო ჰეგელისათვის“. მის პატივსაცემად გამოცემულ და მოგონებების აღმძვრელი სათაურით სახელდებულ კრებულში (Festschrift) - „გერმანული ფილოსოფია და ებრაული აზროვნება“ - შეტანილი იმ მრავალი წერილის პასუხად, თავის ადრეულ წლებზე რეფლექსიისას, ფაკენჰაიმი წერდა, რომ იგი აღიქვამდა ჰეგელის კვლევას „წინააღმდეგობის აქტად“ ჰიტლერისა და მისი რეჟიმისადმი.

ტორონტოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტში ფაკენჰაიმის მოღვაწეობის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, სწორედ ჰეგელის ფილოსოფიის ფაკენჰაიმისეული კვლევები შეიქნა წინაპირობა ჰეგელის ფილოსოფიის სწავლებისა: „1948 წელს დავიწყე პედაგოგიური მოღვაწეობა ტორონტოში. რამდენიმე წლის განმავლობაში ველოდი ჩემს დროს. რადგან ჰეგელის ფილოსოფიის შესახებ არ იკითხებოდა საუნივერსიტეტო კურსი, მოვიკრიბე გამბედაობა და იმჟამად უკვე დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მრისხანე ფ. ჰ. ანდერსონს მივმართე საკმაოდ სახიფათო თხოვნით: ნება მოეცა, რომ სხვა გერმანელ იდეალისტებთან ერთად მესწავლებინა ჰეგელის ფილოსოფიაც. „გესმით თქვენ ჰეგელი?“ - ფულტონ ჰენრის შეკითხვა იყო შეტევის ტოლფარდი. „დიახ“ - ვიცრუე მე… ასე დავიწყე ჰეგელის ფენომენოლოგიის სწავლება, რომელსაც ვაგრძელებდი 1981 წლამდე, პენსიაში გასვლამდე.“

მაშასადამე, ფაკენჰაიმი 1950-იანი წლების შუა პერიოდიდან შეუდგა ჰეგელის ფილოსოფიის სწავლებას; 1967 წელს ჰეგელის შესახებ გამოცემული წიგნის დაწერაზე ფიქრი, სავარაუდოდ, მან დაიწყო მოგვიანებით. ფაკენჰაიმის თანახმად, წიგნზე მუშაობას მან მოანდომა ათი წელი: „მოულოდნელად, თუმცა, გარდაუვალად, ძლიერი აღმაფრენით [!] ათი წლის განმავლობაში დავრჩი ჰეგელთან“.

ცხოვრებისა და მოღვაწეობის ბოლო წლებში ფაკენჰაიმის ყურადღება, ძირითადად, მიმართული იყო ებრაული აზროვნებისკენ. აღნიშნულის მიუხედავად, ჰეგელის ფილოსოფიისადმი მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაინც არ მინავლებულა. ასე მაგალითად, 1973 წელს გამოცემულ გამოკვლევაში, სათაურით „იუდაიზმისა და თანამედროვე ფილოსოფიის შეხვედრები“, ჰეგელი მოაზრებულია მოსეს, კანტი კი აბრაამის გვერდით.  ღრმად განსწავლული რაბინის ასეთი დამოკიდებულება უნდა გავიგოთ სახოტბო ინტერპრეტაციად და ქათინაურად. თუმცა, ფაკენჰაიმის გვიანდელ ტექსტებში, ჰეგელის ფილოსოფიის მოძიების ნაცვლად, სჯობს, აღნიშნულის შესახებ მოვიხმოთ თავად მისივე სიტყვები. ფაკენჰაიმის ნაშრომი Festschrift-ში მთავრდება საპასუხო წერილით, რომელშიც იგი საუბრობს კოლეგების, ყოფილი სტუდენტებისა და მეგობრების მიერ მისადმი მიძღვნილ წერილებზე. ეს წერილი, რომელიც მან დაწერა 76 წლის ასაკში, დაასათაურა ასე - „აზრის დამოწმება“.  აღნიშნული ფაქტები ნათლად მიუთითებენ იმას, რომ ქვემოთ მოხმობილი სიტყვები გააზრებულია დიდი სიფრთხილით. ფილოსოფიური შემოქმედების მდიდარი რეტროსპექტივის კონტექსტში, ჰეგელის ფილოსოფიისადმი დაუოკებელ უწყვეტ ლტოლვას ფაკენჰაიმი ასე ხსნის:

1967 წელს გამოვეცი „რელიგიური განზომილება ჰეგელის აზროვნებაში“. იმავდროულად, ვამუშავებდი ჰეგელის ფილოსოფიას მომდევნო ნაშრომისთვის - „იუდაიზმისა და თანამედროვე ფილოსოფიის შეხვედრები“; პირველი ნაშრომი აღარ გადამიკითხავს, შევეცადე იგი გამეაზრებინა ახალი პერსპექტივიდან. პერსპექტივა კვლავ განახლდა 1982 წელს გამოცემულ ნაშრომში „გამოვასწოროთ სამყარო“, რომელშიც კვლავაც უნდა წარმოჩენილიყო ჰეგელი, რომლის ფილოსოფიაც, მეორე და მესამე ნაშრომებს შორის სისტემური კავშირის მიუხედავად, დავინახე და გავიაზრე ისე ახლებურად, რომ თვით ჩემთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა ის, თუ როგორ ხელახლა წარმოჩნდა ჰეგელი 1991 წელს გამოქვეყნებული ნაშრომის - „იუდაური ბიბლია ჰოლოკოსტის შემდგომ: ხელახალი წაკითხვა“ - დასასრულ ნაწილში.

ამავე ტექსტში, მისი ყოფილი სტუდენტი, ასევე, ტორონტოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი გრეიემ ნიკოლსონი (დაბად. 1936 წ.) წერდა: „ფაკენჰაიმი უნდა წოდებულიყო ჰეგელიანელად“, რაზეც მან ასე უპასუხა: „ეს არის იმდენად სიღრმისეული განაზრება, რომ, შესაძლოა, ჩემი აზროვნების ისეთ გადამწყვეტ ეტაპსაც კი მივუსადაგოთ, რომელსაც ცხადყოფს ნაშრომი „გამოვასწოროთ სამყარო““. ამ დასკვნას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს შემდეგი ფაქტი: ნაშრომს - „გამოვასწოროთ სამყარო“ ფაკენჰაიმი მიიჩნევდა თავისი „აზროვნების მწვერვალად“.  1989 წელს გამოცემული ამავე წიგნის შესავალი ნაწილის ბოლოს, (რომელშიც წარმოდგენილია მისი ცხოვრებისა და მიღწევების მნიშვნელოვანი რეტროსპექტივა), იგი წერდა: „ჰეგელი კიდევ უფრო მეტად მაღლდება ჩემთვის“. 

ჩემი სტატიის ამ ნაწილის შესაჯამებლად, მინდა შეგახსენოთ 1997 წელს ფაკენჰაიმის მიერ წაკითხული საინაუგურაციო ლექცია კასელის უნივერსიტეტში, სადაც იგი, როგორც როზენცვაიგის სახელობის მიწვეული პროფესორი, მიიწვია ჩემმა მეგობარმა ვოლფდიტრიხ შმიდ-კოვარციკმა. გერმანულ ენაზე გამოქვეყნებულ ამ ლექციის ტექსტში (ფაკენჰაიმი თავის ნაშრომებს თითქმის ყოველთვის აქვეყნებდა მხოლოდ ინგლისურ ენაზე) იგი დაბეჯითებით მიუთითებს გერმანული ფილოსოფიის „დიად ეპოქაზე“, კანტიდან მოყოლებული ჰეგელამდე, და ხაზგასმით აღნიშნავს: შემთხვევითი არ იყო ის, რომ უახლესი ებრაული ფილოსოფიის ყველაზე დიდი წარმომადგენლები ჰერმან კოჰენი (1842-1918 წწ.), მარტინ ბუბერი (1878-1965 წწ.) და ფრანც როზენცვაიგი (1886-1929 წწ.) აღიზარდნენ გერმანული ფილოსოფიის ტრადიციაზე.

* * *

მას შემდეგ, რაც წარმოვაჩინე, თუ როგორ დაუკავშირდა ფაკენჰაიმი ჰეგელს, თუ როგორ აქცია მან ამ ფილოსოფოსის შემოქმედების კვლევა თავის მთავარ საქმედ, შევეცდები გადმოვცე ჰეგელის ფილოსოფიის მისეული ინტერპრეტაციის დედაარსი. ამ ინტერპრეტაციის  ცენტრალური ასპექტი არის ის, თუ როგორ „განივრცობა“ „სული“ მსოფლიოზე. ჰეგელის გერმანულით რომ ვთქვათ (თუმცკი, ეს არ გახლავთ სიტყვასიტყვით ციტირება): wie der Geist auf die Welt übergreift“. ის, რასაც ინგლისურ ენაზე უწოდებს ფაკენჰაიმი „overreaching“, ჰეგელთან ეს არის „Das Übergreifen“. ფაკენჰაიმი ტერმინ „overreaching“-ს ხშირად იყენებს თავის ნაშრომში;  იგი, ასევე, მოიხმობს ჰეგელის ტექსტების იმ პასაჟებს, რომელშიც გამოყენებულია ხსენებული საკვანძო ტერმინი,  რომელსაც, ფაკენჰაიმის აზრით, ხშირად უგულებელყოფენ კომენტატორები,  რასაც ნათლად მოწმობს შემდეგი ფაქტიც: ის შეტანილიც კი არ არის ჰეგელის მრავალ ინდექსში.  ყველაზე უფრო ხშირად ციტირებული პასაჟი, რომელშიც ჰეგელი იყენებს ზმნა „Übergreifen“-ს, უდავოდ, არის პასაჟი ნაპოლეონის შესახებ ფრიდრიხ იმანუელ ნითჰამერისადმი (1806 წლის 13 ოქტომბრით დათარიღებული) მისი წერილიდან:

„მე დავინახე ეს მსოფლიო სული: ქალაქიდან დასაზვერად გამავალი იმპერატორი; მართლაც, საოცარი შეგრძნებაა, აქ და ამ მომენტში მყოფი ცხენზე ამხედრებული ასეთი ინდივიდის ნახვა, რომელიც სწვდება და განაგებს მთელ მსოფლიოს.“

ზემოხსენებულ წერილს ხშირად მოიხმობენ ხოლმე ციტატის სახით (ზოგჯერ, არასწორადაც, როდესაც იმპერატორ ნაპოლეონს მიიჩნევენ „მსოფლიო სულად“). ფაკენჰაიმი, ცხადია, უფრო მეტად არის დაინტერესებული იმით, თუ როგორ იყენებს ჰეგელი ტერმინ „Übergreifen/overreaching“-ს თავის სისტემურ-ფილოსოფიურ ტექსტებში. მარტივად რომ ვთქვათ, ტერმინ „overreaching“-ისა თუ „Übergreifen“-ის განმარტებით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გამოცდილებისა და სპეკულაციის მიმართების, ანდა, სხვაგვარად რომ ვთქვათ (ყველა მოულოდნელობის, წინააღმდეგობისა და სასრულობის გათვალისწინებით), აბსოლუტური სულისა და ობიექტური რეალობის მიმართების შესახებ საკითხის გაგებაში.

აღნიშნული საკითხი არის მისი წიგნის არსებითი თეზისი, რასაც ფაკენჰაიმი ცხადყოფს დასაწყისიდანვე, კერძოდ, შესავალ ნაწილსა და მომდევნო თავში, რომელიც მრავლისმთქმელი სათაურის მქონეა: „ადამიანის გამოცდილება და აბსოლუტური აზრი: ჰეგელის ფილოსოფიის ცენტრალური პრობლემა“. ფაკენჰაიმი თავის ნაშრომს იწყებს უკუგდებით ჰეგელის საყოველთაოდ გავრცელებული მსოფლხატის ანდა ლეგენდისა, რომლის თანახმად, ჰეგელის ფილოსოფია გვევლინება „დოგმატურ რაციონალიზმად, რომელიც ახდენს ემპირიული ფაქტების აპრიორულ დედუქციას რაღაც უცნაური თეზისი-ანტითეზისი-სინთეზის მეთოდით, ან, სულაც, პანლოგიზმით, რომელიც სრულად უარყოფს ემპირიულ ფაქტს.“ ხსენებულ ლეგენდას ფაკენჰაიმი უპირისპირდება მთელი რიგი მნიშვნელოვანი დაკვირვებების მეშვეობით ჰეგელის ფილოსოფიაზე; მაგალითად, „ბუნების ფილოსოფია“ კი არ ანაცვლებს ემპირიულ მეცნიერებას, არამედ, პირიქით, მოიცავს მას; „ისტორიის ფილოსოფია“ იმიტომ კი არ სრულდება აწმყოთი, რომ ამით ასრულებს ყოველგვარ ისტორიას, არამედ, იმიტომ, რომ ფილოსოფიას არ ძალუძს გა[და]უსწროს აწმყოს ისტორიას; და რომ ჰეგელის მთელი ფილოსოფია შორსაა შემთხვევითობის უარყოფისგან, პირიქით, იგი ესწრაფვის ამის გარდუვალობის წარმოჩენას.

ფაკენჰაიმის აღნიშნული მოსაზრება ეთანხმება ჰეგელისას და შესაძლოა განვიხილოთ როგორც ერთგვარი კომენტარი მისი „ენციკლოპედიის“ 50-ე პარაგრაფისა, რომელშიც აღწერა გერმანელმა ფილოსოფოსმა სამყარო როგორც:

„უსასრულო მრავალფეროვნება მთელი თავისი სისავსით. ეს სამყარო შეიძლება იყოს განხილული ორგვარად: როგორც ურიცხვ ურთიერთდაუკავშირებელ ფაქტთა ნაკრები, და როგორც ურიცხვ ურთიერთმიმართებაში მყოფ ფაქტთა ნაკრები, რითაც დასტურდება: სამყარო არის შექმნილი. პირველი ასპექტი კოსმოლოგიური მტკიცებულებით არის განმტკიცებული, მეორე - ფიზიკურ-თეოლოგიურით. ახლა, წარმოვიდგინოთ, რომ არსების ეს სისავსე ექცევა აზროვნების პრიზმაში. ასეთ შემთხვევაში ის აღარ იქნება იზოლირებული და დაუკავშირებელი, და იქნება განხილული როგორც უნივერსალური და აბსოლუტურად აუცილებელი არსება, რომელიც განსაზღვრავს თავის თავს და მოქმედებს საერთო მიზნებისა და კანონების მიხედვით. ეს აუცილებელი და თვით-მსაზღვრელი არსება, რომელიც განსხვავებულია საწყისისეული არსებისგან, არის ღმერთი.“

მიუხედავად იმ მრავალი პასაჟისა, რომელშიც ჰეგელი პირდაპირ აღნიშნავს მთელი მისი მოულოდნელობებით ემპირიული სამყაროს მნიშვნელობას თავისი ფილოსოფიისათვის, ფაკენჰაიმი, ჰეგელის რეცეფციის ისტორიისა და, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მრავალ ადამიანს ჯერ კიდევ სჯერა სამყაროს შესახებ გავრცელებული ძველი ლეგენდებისა, ასკვნის: ჰეგელის შესწავლასა და კვლევებს ჯერაც არ გადაუწყვეტია დამაკმაყოფილებლად საკითხი ემპირიზმის სტატუსის შესახებ მის ფილოსოფიაში. ამრიგად, ამ ფუნდამენტურ საკითხს იგი აყალიბებს შემდეგი შეკითხვის სახით: „რამდენად ძალუძს მას [ჰეგელის ფილოსოფიას - ნ. ვ.] იყოს ყოვლისმომცველი სააზროვნო სისტემა და, ამავდროულად, აღიარებდეს შემთხვევითის, ფრაგმენტულისა და სასრულის მუდმივ რეალურობას?“ 

ნაშრომის შესავალ ნაწილსა და მომდევნო თავში, რომელიც ეხება ადამიანის გამოცდილებასა და აბსოლუტურ აზრს, ფაკენჰაიმი გვთავაზობს პროგრამულ პასუხს აღნიშნულ შეკითხვაზე მანამდე, ვიდრე გაგვცემდეს ბევრად უფრო ფუნდამენტურ პასუხს ამავე წიგნის მეოთხე, ცენტრალურ თავში. ნაშრომის პროგრამულ და პროპედევტიკულ ნაწილში ფაკენჰაიმი ცდილობს აღმოფხვრას გაუგებრობის ერთ-ერთი პირველი მიზეზი, რომელიც ეხება ჰეგელის აზროვნების კონცეპტუალურობას. ხშირ შემთხვევაში, ტერმინები „იდეა“, „სული“, „გონება“ გაგებულია როგორც გამყარება იმ ინტერპრეტაციისა, რომლის თანახმადაც ჰეგელის ფილოსოფია ემპირიულ სამყაროს უპირისპირდებოდა მზა, აპრიორული ცნებებით. ამ გაუგებრობას ფაკენჰაიმი პასუხობს იმით, რომ ჰეგელის ცნებები წაკითხული უნდა იყოს „კონტექსტუალურად“, რამეთუ „ჰეგელის ფილოსოფია საფუძვლიანად კონტექსტუალურია. ისეთი ცნებები, როგორიცაა იდეა, სული, თავისუფლება, ღმერთი, სამყარო და, უპირველეს ყოვლისა, ალბათ, გონება, გარედან კი არ გვეძლევიან გამოცდილებაში, არამედ, მომდინარეობენ გამოცდილებიდან და, თავიანთი საბოლოო მნიშვნელობით, ამ ყველაფრიდან. ამდენად, მათი სრულად გაგება და შეფასება შესაძლებელია არა დასაწყისში, არამედ, ბოლოს.“

ჯერ კიდევ ნაშრომის შესავალ ნაწილში, რომელიც უკვე ეხება რელიგიის ფილოსოფიისადმი მის დამოკიდებულებასაც, ფაკენჰაიმი იძლევა პირველ მინიშნებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავიაზროთ შემთხვევითი ფაქტების სამყაროდან აბსოლუტური ცოდნის საუფლოში გადასვლა. ასეთი გადასვლა უნდა მოხდეს არა ობიექტური სამყაროსა და მისი ყველა გაუთვალისწინებელი გარემოების უბრალო გამოტოვებით ან უგულებელყოფით, არა გეზის აღებით უფრო „მაღალი“, პირველისაგან განცალკევებული და აუცილებლობით წარმოქმნილი სამყაროსკენ, არამედ, ხსენებული გადასვლა უნდა გავიგოთ როგორც ინტენსიური შრომა (თვალი უნდა გავუსწოროთ მატერიალურის სიუხვეს) ორივე სამყაროს - როგორც სულიერი, ისე მატერიალური სამყაროს - ინტენსიური წვდომისთვის.

„ბერძნული ფილოსოფიის მსგავსად, ჰეგელის ფილოსოფიაც მაღლდება ღვთაებრიობამდე, თუმცა, ბერძნულისაგან განსხვავებით, მას ძალუძს „ღმერთის შესახებ ცოდნის“ გაერთიანება „ამა სოფლის სიბრძნესა“ და თავად ამ სამყაროსთანაც. თანამედროვე სამყაროს იგი კი არ გაურბის, არამედ, რჩება მასთან. ამით აღქმადი სამყარო არათუ ნადგურდება, არამედ, ნარჩუნდება და ახლდება. თანამედროვე სამყაროში გონიერება არის იმ მოულოდნელობათა შუაგულში, რომლის გარეშეც არ არსებობს სამყარო; ჰეგელის აზროვნების სახით წარმოდგენილი ფილოსოფიური გონება კი თანამედროვე სამყაროში აღიარებს როგორც გონიერების არსებობას, ასევე, თავად თანამედროვე სამყაროსაც, და, თუკი უნდა არსებობდეს ამგვარი აღიარება, მაშინ, კიდეც უნდა ამაღლდეს ყოველგვარ მოულოდნელობაზე“. 

მართალია, ეს ლაკონური ციტატა, ფაკენჰაიმის თქმით, „უხეშად არაადეკვატური“, მხოლოდ წინასწარი და არასაკმარისია, მაგრამ, ამის მიუხედავად, მნიშვნელოვან ცოდნას გვაწვდის ჰეგელის ფილოსოფიის შესახებ. მაგალითად, აღნიშნული ციტატის თანახმად, წინარე კანტიანური მეტაფიზიკის საპირისპიროდ, ჰეგელი არ „ცდილობს გაიგოს უზენაესი სინამდვილე, ანდა მთელი სინამდვილის უნივერსალური სტრუქტურა, რითაც, შესაბამისად, ტოვებს უფრო ქვემდგომ სინამდვილეებსა და შემთხვევით წვრილმანებს ცოდნის დაბალი ფორმებისთვის; [...] ჰეგელის ფილოსოფია კი პირიქით, წვრილმანებში ლამობს არსებული სინამდვილის გაგებას იმ აზროვნების მეშვეობით, რომელიც მათში გაივლის და მოიცავს მათ.  აქედან, შეგვიძლია, გამოვიტანოთ შემდეგი აზრი: ჰეგელისთვის ცოდნის მოპოვება არ არის იმგვარი ჭვრეტა, რომელიც გაუცხოებულია სამყაროსაგან. აქ არ არის სპილოს ძვლის კოშკის სპეკულაცია (ამ შემთხვევაში „სპეკულაცია“ გამოიყენება არა ამ სიტყვის ტექნიკური, ჰეგელიანური გაგებით, არამედ, უბრალო, დაქვეითებული გაგებით: მხოლოდ ინტელექტუალური მოქმედება, რომელიც ეფუძნება და მთელი სისრულით, სიღრმისეულად იკვლევს ადამიანის ცხოვრებასა და მის გამოცდილებებს). ამრიგად, ფაკენჰაიმისათვის ჰეგელის სიდიადეს მოწმობს ის, რომ მას ძალუძს თავის რადიკალურად გამოვლენა სასრულ, პირობით და, ხშირად, წინააღმდეგობრივ სინამდვილეში. ჰეგელის „სისტემა შეიძლება იყოს მთელი სამყაროს მომცველი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის სრულად გამოავლენს თავს მასთან მიმართებით.“

პროგრამულ განმარტებათაგან საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ფაკენჰაიმის ბოლო თვალსაზრისი, რომელშიც იგი წარმოაჩენს ჰეგელის მიერ „სულის“ ცნების მისეულ გაგებას. აქ ფაკენჰაიმი საწყის პუნქტად იყენებს 1818 წლის 22 ოქტომბერს ბერლინში წაკითხული ჰეგელის საინაუგურაციო ლექციის შემდეგ პასაჟს:

„ფილოსოფოსობა განეკუთვნება აზროვნების სფეროს [...] ასეთი გადაწყვეტილება უნაპირო ოკეანეში შესვლის ტოლფარდია: ყველა ნათელი ფერი და საყრდენი გაუჩინარებულია, ყველა მანათობელი და სხვა შემთხვევაში კაშკაშა სინათლე გამქრალია... ანათებს მხოლოდ ერთი, სულის შინაგანი ვარსკვლავი [...] და, ბუნებრივია, ზარალდება მხოლოდ შიშით მოცული სული [...], რადგან ჯერ კიდევ არ იკვეთება, თუ საით მიემართება და რით დამთავრდება ეს ყველაფერი. ასეთ გამქრალ საგანთა შორის ბევრი ისეთიცაა, არაფრის ფასად რომ არ გეთმობა; არადა, ასეთ მარტოობაში გაურკვეველია და ჯერ კიდევ არ ჩანს - მოხერხდება თუ არა მათი პოვნა და უკან დაბრუნება.“

ჰეგელის ამ შთამბეჭდავი და ერთობ ამაღელვებელი ციტატით, ფაკენჰაიმი ნათლად ხვდება: ადვილია ჰეგელის გაგება, იგი შეიძლება მივიჩნიოთ არქ-რაციონალისტად, რომლისთვისაც არსებითი და ანგარიშგასაწევია მხოლოდ „სული“, უგულებელყოფს „მატერიას“ და მათ იაზრებს როგორც მყოფთ ურთიერთწინააღმდეგობაში. ამ გაუგებრობის ასარიდებლად, ფაკენჰაიმი დაბეჯითებით აცხადებს: ამგვარი გაუცხოებული „სპირიტუალიზმი“ ისეთივე ცალმხრივი და მიუღებელი იყო ჰეგელისათვის, როგორც მისი საპირისპირო მატერია ან, სულაც, „მატერიალიზმი“. „თუნდაც მატერიასთან დაპირისპირების მიუხედავად, ჰეგელისეული სული, უბრალოდ, ვერ უკუაგდებს მას; ჰეგელის შეხედულების თანახმად, მატერიის უარმყოფელი სპირიტუალიზმი იქნებოდა ისეთივე მცდარი და ცალმხრივი, როგორც თვით მატერიალიზმი, იმავეს რომ ამტკიცებს. ჰეგელისეული სული ანუ თავისუფალი შინაგანი თვითგანვითარება, მოიცავს მატერიას, რომელიც არის არათავისუფალი გარე ფაქტორი, უხეში მოცემულობა და შემთხვევითობა.“

ჰეგელისეული „სული“, „მატერიისა“ და ყველა მისი თანმხლები მოულოდნელობის გარეშე, იქნებოდა „ცარიელი“. ჰეგელის ფილოსოფია საჭიროებს „მატერიას“, რათა დაუპირისპირდეს მის [მატერიის] ფაქტებს. „ჰეგელის მიერ წარმოდგენილი გაგება ეწინააღმდეგება, აანალიზებს და ფაქტებს იაზრებს განცალკევებით, არა მხოლოდ გონების გვერდით, გონითი ჭვრეტით რომ აერთიანებს მათ, არამედ, ბევრად უფრო დიდი შედეგის მიღწევის მიზნით გონების წიაღშივე, რომელიც მის გარეშე ცარიელია. [...] ჰეგელი არა მხოლოდ აღიარებს შემთხვევითობას, მისგან გათავისუფლების აუცილებლობასთან ერთად, არამედ, კვლავაც შეუდარებლად უფრო დიდი შედეგის მისაღებად - ამტკიცებს: შემთხვევითობა გადადის აუცილებლობაში, რომელიც, თავის მხრივ, სხვა არა არის რა, თუ არა მისი მოთოკვა. ჰეგელისათვის იმდენად უცხოა შემთხვევითობის რეალურობის უარყოფა, რომ ფილოსოფიის ისტორიაში, მართლაც, იგი იყო ერთადერთი გონებაჭვრეტითი ფილოსოფოსი, რომელიც შეეცადა აღნიშნულის გარდაუვალობის ჩვენებას.“

ახლა განვიხილავ ფაკენჰაიმის ნაშრომის არსებით და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე თავს, რომელშიც წარმოდგენილია ინტერპრეტაცია აბსოლუტურ სულსა და ობიექტურ სამყაროს შორის ურთიერთმიმართების შესახებ (მთელი მისი შემთხვევითობებითა და წინააღმდეგობებით) ჰეგელის ფილოსოფიაში. ასევე, ფაკენჰაიმი განიხილავს ჰეგელის იმ სხვა ინტერპრეტაციებსაც, მისი ინტერპრეტაციის საპირისპირო რომ არიან და მეტოქეობენ კიდეც მას. ეს ხშირად ხდება ხოლმე, როცა საქმე ეხება ჰეგელის ფილოსოფიას. აქაც, ფაკენჰაიმისათვის ჭეშმარიტება თავს იჩენს ორ რადიკალურ გაგებას შორის არსებულ შუალედურ პოზიციაში. თავისი ნაშრომის არსებით, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე თავს ფაკენჰაიმმა უწოდა „ჰეგელიანური შუალედი“. ჰეგელის „შუალედისაგან“ განსხვავებულ და საპირისპირო ორ სხვა გავრცელებულ ინტერპრეტაციას ფაკენჰაიმი უწოდებს მემარჯვენე და მემარცხენე გაუგებრობებს ჰეგელის შესახებ.  გარკვეული თვალსაზრისით, ეს კლასიფიკაცია არის შეხსენება იმ ისტორიული პროცესისა, რომელიც განიხილება ჰეგელის სკოლის „გახლეჩად“ თუ „დაცემად“ - იგულისხმება ორი (მემარჯვენე/ძველი და მემარცხენე/ახალი) ან, სულაც, სამი (კრიტიკული მემარცხენეობა; შემნარჩუნებელი და თავდაცვითი ცენტრიზმი; შემგუებლური და კონსერვატორული მემარჯვენეობა)  განშტოების წარმოქმნა. 1989 წლიდან საფრანგეთის ასამბლეაში ადგილების განაწილების პრინციპიდან მომდინარე ტერმინები - მემარცხენე, ცენტრისტი და მემარჯვენე - ზოგიერთი მკითხველისთვის შეუმჩნეველი მსუბუქი ირონიით, პირველად დავიდ ფრიდრიხ შტრაუსმა გამოიყენა ჰეგელის სკოლასთან მიმართებით.  მართალი რომ ითქვას, რეალურად, ფაკენჰაიმის მიზანი არ გახლავთ დაწეროს ჰეგელის სკოლის ისტორია მისი თანმდევი განხეთქილებებითა და დაპირისპირებებით. იგი მემარჯვენე და მემარცხენე ტერმინოლოგიას იყენებს ტიპოლოგიური კუთხით, რათა მისი მეშვეობით აღწეროს სხვადასხვა ტიპის ინტერპრეტაცია. სინამდვილეში, იგი სხვა ინდივიდუალურ ინტერპრეტატორებს კი არ უტევს პიროვნულად, არამედ, მემარჯვენე და მემარცხენე ტერმინოლოგიას იყენებს როგორც ერთგვარ ჰერმენევტიკულ ინსტრუმენტს. ამის მაგალითებს ფაკენჰაიმი გვთავაზობს მხოლოდ სქოლიოში.  მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ფოთში გამართულ ჩვენს კონფერენციაზე ჩემმა კოლეგამ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ქ-მა ლალი ზაქარაძემ, წაიკითხა საინტერესო მოხსენება იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ჰეგელის ათვისება თანამედროვე რუსეთში, მე უნდა დავასახელო ორი პირი: ივან ილინი (1883-1954 წწ.), როგორც მემარჯვენე ინტერპრეტატორი და ალექსანდრე კოჟევი (1902-1968 წწ.), როგორც მემარცხენე ინტერპრეტატორი. 

რას იაზრებს ფაკენჰაიმი ჰეგელის „მემარცხენე“ ინტერპრეტაციით და სად ცდება ამგვარი ინტერპრეტაცია? მემარცხენეობით ფაკენჰაიმი გულისხმობს „იმანენტურ“ ინტერპრეტაციას, რომელშიც „ადამიანური გამოცდილების სამყარო ამოწურავს სინამდვილეს“. მაგრამ, სასრული ადამიანური გამოცდილებით ფილოსოფიის შეზღუდვისას, ყურადღების მიღმა რჩება ბევრად ღირებული საკითხი [ამოცანა], ფაკენჰაიმი საუბრობს ჰეგელის ფილოსოფიის „ზემაღალ მიზნებზე“, სახელდობრ, ადამიანური გამოცდილების აბსოლუტური სულის ბევრად უფრო მაღალ ჭეშმარიტებამდე აყვანის შესახებ. მემარცხენე ფრთის ინტერპრეტაციის სასარგებლოდ, ცხადია, უნდა ითქვას ის, რომ იგი სერიოზულად არის დაინტერესებული (ფაკენჰაიმი ამგვარ ლეგიტიმურ მიზნებს არ უარყოფს) ადამიანების ცხოვრებისეული მდგომარეობისა და პირობების გაუმჯობესებით, მაგრამ, „ობიექტური სულის“ საუფლოში გამოკეტილს, არ ძალუძს ამაღლება „აბსოლუტურის“ საუფლომდე.

მეორე მხრივ, ბევრად უფრო სახიფათო ხედვაა ჰეგელის ფილოსოფიის მემარჯვენე ინტერპრეტაცია, რადგან ანგრევს სასრულ სინამდვილეს და ამ ფილოსოფოსს აქცევს „ტრანსცენდენტურ მეტაფიზიკოსად“,  რომელიც გვთავაზობს დახურულ სისტემას, რომელშიც სამყარო დედუცირდება აპრიორულად ვალიდური პრინციპებიდან, ჰეგელი კი იჩენს სრულ ღიაობას სამყაროს მიმართ, მთელი მისი კონფლიქტებით და მას ხდის თავისი აზროვნების საწყისად. ფაკენჰაიმისთვის ჰეგელის ფილოსოფია არ ეწევა არც რეალური სამყაროს, არც ისტორიკოსის იდეების, არც მეცნიერის შედეგების თუ ყოველდღიური ცხოვრების გამოცდილებების დევალვაციას. ჰეგელი არ ლამობს გაქცევას სამყაროდან, პირიქით, იგი ცდილობს აშენებას მის საფუძველზე; რეალური სამყაროს ფაქტებისა და შემთხვევითობების უარყოფისგან შორს მყოფი ჰეგელი წარმოაჩენს მათ აუცილებლობას, ასევე, იმასაც, რომ ისინი განეკუთვნებიან აზროვნების სფეროს.

„თუკი აბსოლუტი საერთოდ წვდომადია გონებისთვის, ეს ითქმის მხოლოდ იმ სახის აზროვნებაზე, რომელიც რჩება აზრების სამყაროში, და არა იმ სახის აზროვნებაზე, რომელიც მას „მონაზვნის“ მსგავსად არიდებს თავს [...] ემპირიულ მეცნიერებასა და ისტორიას, ისევე, როგორც მგრძნობელობითი ცხოვრების მთელ რეალობას, ჰეგელის ბუნების ფილოსოფია და ისტორიის ფილოსოფია არათუ ანაცვლებენ, არამედ, პირიქით, მათ იაზრებენ თავიანთ უცილობელ საფუძვლად. თუმცა, მისტერია, რომელიც აქცევს მათ ფილოსოფიებად, ცხადია, გახლავთ ამაღლების უნარი ხსენებულ საფუძველზე.“ 

ფაკენჰაიმი თავისი ნაშრომის - „გამოვასწოროთ სამყარო“ - მეორე გამოცემის წინასიტყვის ერთ-ერთ პასაჟში უბრუნდება ჰეგელის ფილოსოფიის აღნიშნულ ფუნდამენტურ ღირსებას და ისტორიულ ჭრილში გაიაზრებს მას, როდესაც ამ ჭრილში ერთმანეთს ადარებს ჰეგელსა და ჰაიდეგერს: „მყოფობის ისტორიულობის მტკიცების მიუხედავად, ჰაიდეგერი უგულებელყოფდა ხორცისა და სისხლის ისტორიას, თვით გესტაპოს საწამებელი საკნების არსებობასაც, რომ აღარაფერი ვთქვათ ჰოლოკოსტზე. [...] ამის საპირისპიროდ, თავის ეპოქაში, ჰეგელმა ჯერ ხორცისა და სისხლის ისტორია გაითავისა მანამდე, ვიდრე, მოგვიანებით, გადალახავდა მას; დღესდღეობითაც, იგი იმავეს შეეცდებოდა.“

1967 წელს გამოცემულ წიგნში, ფაკენჰაიმმა ახსნა კიდეც, რომ ჰეგელის უნარს - გაიაზროს „ის, რაც არის“ და გაუმკლავდეს ისტორიას - განიხილავს არა მისი ფილოსოფიის შემთხვევით ღირსებად, არამედ აუცილებლობად; მისივე თქმით: „ჰეგელი იძულებულია დაუპირისპირდეს ისტორიას“, და იქვე დასძენს: „ერთი სპეციფიკური ისტორიული სამყაროს ფაქტობრივი არსებობა არის ის კარდინალური წინაპირობა, რომლის გარეშეც (თავად ჰეგელის აღიარებისა და დაბეჯითებითი მოთხოვნის თანახმად), მისი ფილოსოფია ვერ მიაღწევდა საბოლოო მიზანს.“ ნება მიბოძეთ, წინამდებარე სტატია დავასრულო ფაკენჰაიმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პასაჟით: „ჰეგელის მთელი ცხოვრებისეული მისწრაფება იყო ეპოვნა აბსოლუტი არა სამყაროს მიღმა, არამედ სამყაროში, იქ, სადაც ადამიანები იტანჯებიან და შრომობენ, არიან სასოწარკვეთილნი და აქვთ იმედი, ანადგურებენ და ქმნიან, კვდებიან და სწამთ.“

ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ხუროშვილმა 

 

ბიბლიოგრაფია:

  • Anthony Quinton, “Spreading Hegel’s Wings”, in: The New York Review of Books, May 29, 1975.
  • An Epitaph for German Judaism. From Halle to Jerusalem, Foreword by Michael Morgan, Madison/Wis.: University of Wisconsin Press, 2007.
  • E. L. Fackenheim, The Religious Dimension in Hegel’s Thought, First edition, Bloomington: Indiana University Press, 1967.
  • E. L. Fackenheim, Encounters between Judaism and Modern Philosophy [1973]. London und Northvale N. J. 1994.
  • E. L. Fackenheim, To Mend the World. Foundations of Post-Holocaust Jewish Thought [1982]. 3rd edition: Bloomington & Indianapolis: Indiana University Press, 1994.
  • Emil Fackenheim, “Antrittsvorlesung vom 24. April 1997” [inaugural lecture as the Rosenzweig visiting professor at the University of Kassel], published in the volume: Vergegenwärtigungen des zerstörten jüdischen Erbes, Franz-Rosenzweig-Gastvorlesungen Kassel 1987-1998, ed. by W. Schmied-Kowarzik, Kassel: Kassel University Press, 1997.
  • Edward Ullendorff & Michael John Petry, "Knox, Sir (Thomas) Malcolm (1900-1980)", in: Oxford Dictionary of National Biography, Oxford University Press, 2004 [online: http://www.oxforddnb.com/view/article/40503 - accessed 5 Nov 2017].
  • Ernst Bloch & Arnold Metzger, “Wir arbeiten im gleichen Bergwerk”, in: Briefwechsel 1942-1972, ed. by Karola Bloch, Ilse Metzger and Eberhard Braun, Frankfurt/Main: Suhrkamp, 1987.
  • Hegel: The Letters, translated and edited by Clark Butler and Christine Seiler, Bloomington: Indiana University Press, 1984.
  • Hegel’s Philosophy of Right. Translated with notes by T. M. Knox. Oxford: Clarendon Press, 1942.
  • John N. Findlay, Hegel: A re-examination, First edition, London: Allen & Unwin, New York, Macmillan Co., 1958.
  • Norbert Waszek, “Die Wissenschaft des Judentums”, in: Handbuch Jüdische Studien, ed. by Christina von Braun and Micha Brumlik. Köln, Kohlhammer-UTB, 2018.
  • Raymond Plant, Hegel, London: Allen & Unwin, 1973.
  • Shlomo Avineri, Hegel’s Theory of the modern state, Cambridge: Cambridge University Press, 1972.
  • W. H. Walsh, Hegelian Ethics, London: Macmillan 1969.