ჟან-ჟაკ რუსო რესპუბლიკანიზმის სათავეებთან

ჟან-ჟაკ რუსო რესპუბლიკანიზმის სათავეებთან

11.05.2020

კაცობრიობის განვითარების ისტორიაში არც თუ ისე ხშირი ყოფილა შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პიროვნების ან პიროვნებათა გარკვეული ჯგუფის მიერ სახელმწიფოებრივი ცხოვრების მოწყობის ახლებურ ხედვას პრაქტიკული მნიშვნელობა შეუძენია და მრავალი მიმართულებით ფუნდამენტური ცვლილებების საფუძველი გამხდარა. კიდევ უფრო იშვიათად მომხადარა ისე, რომ ეს ცვლილებები გასცდენია კონკრეტული ეპოქისა და ქვეყნის ფარგლებს და მოუცავს საკაცობრიო აზროვნების, კულტურის, ცივილიზაციის აწყმო და იმავდროულად განუსაზღვრავს კიდეც  მომავალი.

სწორედ ასეთი ტიპის, მასშტაბურ მოვლენებს ჩაეყარა საფუძველი XVIII საუკუნის საფრანგეთში. სახელმწიფოში, სადაც განმანათლებლობის სახელით წოდებულმა ეპოქამ, კაცობრიობას, გავლენიანი მოაზროვნეების ხელით, სხვა სიკეთეებთან ერთად, სახელმწიფოებრივი მოწყობის უფრო მკაფიო და ნათელი სურათი განუსაზღვრა. ამ გავლენიან მოაზროვნეებში, ერთ-ერთი ყველაზე უფრო თავლსაჩინო ფიგურა გახლდათ ჟან-ჟაკ რუსო (1712-1778), რომლის  შემოქმედებამაც იდეური გავლენა იქონია ფრანგული რევოლუციის მესვეურთა პოლიტიკურ პრაქტიკასა და რესპუბლიკური მმართველობის ფორმის შემდგომ განვითარებაზე. რუსოს შემოქმედებისადმი დიდ ინტერესსა და მისი მსოფლხედვის გავლენას ცხადყოფს მისი მიმდევრების შთამბეჭდავი შემადგენლობა და რაოდენობა, რაც, მოგვიანებით გამოიხატა კიდეც ცნებაში - „რუსოიზმი“.

წინამდებარე სტატია, სწორედ ამ გავლენიანი ფრანგი ფილოსოფოსის ნააზრევის იმ ასპექტების  გადმოცემის მცდელობას წარმოადგენს, სადაც იკვეთება სახელმწიფოს მოწყობის ახლებური, რესპუბლიკური ხედვა. ამ მიზნისთვის კი, ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით ავტორის ფილოსოფიურ ტრაქტატებს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია „საზოგადოებრივი ხელშეკრულება“. აღნიშნული ტრაქტატი პოლიტიკური ფილოსოფიის ბრწყინვალე ნიმუშია, ხოლო პრაქტიკული მნიშვნელობით თავის დროზე იგი ფრანგ რევოლუციონერთა (იაკობიანელთა) ერთგვარ საპროგრამო დოკუმენტს წარმოადგენდა. ამასთან ერთად, რუსოს „რესპუბლიკელობის“ დასამოწმებლად, მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის პასაჟებიც, სადაც ავტორი მმართველობის სხვადასხვა ფორმებზე მსჯელობს. აქ, უწინარესად, საგულისხმოა მონარქიისადმი მისი დამოკიდებულება, რომლის ლეგიტიმურ ალტერნატივას სწორედ რესპუბლიკური მმართველობა წარმოადგენს და, რომელიც, თავის მხრივ, პირველისაგან განსხვავებით ყველაზე უკეთ ემსახურება და წარმოაჩენს ფართო საზოგადოების ინტერესს, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს.

საზოგადოებრივი ხელშეკრულების პირველ წიგნში (ტრაქტატი თავებადაა დაყოფილი და ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პირველქმნილი საზოგადოება, ძლიერის უფლება და ა.შ., თუმცა ჩვენს ძირითად ინტერესს VI თავი წარმოადგენს, სადაც უშუალოდ საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებაა მსჯელობა) ავტორი თავს სუვერენული ხალხის წარმომადგენლად წარმოგვიჩენს, რაც იმანენტურად უკვე გულისხმობს მმართველობასა და ზოგადად პოლიტიკაზე მისი შეხედულებების გადმოცემის ლეგიტიმურ უფლებას, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს იგივეა, რასაც დღეს სიტყვის თავისუფლებას ვუწოდებთ. მონარქიული რეჟიმის პირობებში ამ საკითხებზე რუსოს მიერ საჯაროდ გამოთქმული თამამი შეხედულებები რევოლუციური ქმედების ტოლფასი იყო. რისთვისაც ავტორს მოუწია კიდეც საფრანგეთიდან გაქცევა და შვეიცარიაში გახიზვნა.  

მმართველობის წესისა და სოციალური მოწყობის ამოსავალი წერტილი, რუსოსათვის, თავისუფლად დაბადებული ადამიანია. ხოლო, საზოგადოებრივი ხელშეკრულება სხვა არაფერია, თუ არა სწორედ ამ თავისუფლად შობილი ადამიანის ნება და შეთანხმება სხვებთან, საკუთარი თავისუფლების  გარკვეული ნაწილის დათმობით, შექმნას სუვერენული უფლება საზოგადოებრივი სიკეთეების უზრუნველსაყოფად. ამგვარი მოთხოვნილება, რუსოსთვის, პირველ რიგში, ადამიანის მიერ საკუთარი არსებობის შენარჩუნებაზე ზრუნვიდან გამომდინარეობს. ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ რუსო წარმოგვიდგენს ოჯახის სურათს, როგორც პოლიტიკური საზოგადოების პირველად ნიმუშს. მამას, როგორც ბელადს, შვილები საკუთარ თავისუფლებას მათივე სარგებლისა და კეთილდღეობისათვის აბარებენ. ეს ურთიერთდამოკიდებულება ბუნებრივი და ნებაყოფლობითია, რადგან ოჯახის უფროსი იღწვის შვილების მომავლის უზრუნველსაყოფად მანამ სანამ ისინი დამოუკიდებელი ცხოვრების გზას შეუდგებიან. აღნიშნული ანალოგია, რუსოს  მსჯელობის იმ ნაწილის ილუსტრირებაა, სადაც სუვერენი თავის ქვეშევრდომებთან ურთიერთობას განსაზღვრვას. თუმცა, ოჯახისაგან განსხვავებით, დასძენს რუსო, რასაც მშობელი თავისი სისხლისა და ხორცის მიმართ იჩენს, იგივეს განმგებელნი არ განიცდიან თავიანთი ქვეშევრდომების მიმართ. ბუნებრივი სიყვარულის სუროგატი აქ, მისი აზრით, განმგებლობისგან მიღებული სიამოვნება და პრესტიჟია.  

საზოგადოებრივი ხელშეკრულების, როგორც რთული სოციალური ფენომენის ასახსნელად, რომლითაც იგი შემდგომში რესპუბლიკური მმართველობის მიზანშეწონილობას ამყარებს, რუსო საუბრობს ამ პრობლემისადმი იმგავრი მიდგომის აუცილებლობაზე, სადაც, ერთი მხრივ, არ შეილახება პიროვნების ინდივიდუალური უფლებები (მათ შორის საკუთრების უფლება), მეორე მხრივ კი, თითოეულ პიროვნებას  დარჩება თავისუფლების ის სივრცე, რომლის ფარგლებშიც  თავადვე იქნება საკუთარი თავისა და მომავლის განმკარგველი. ამ მსჯელობის კვალდაკვალ, რუსო ახალი კონცეფციის შექმნის საჭიროებას ხედავს. რაც ზემოთ უკვე ვახსენეთ კიდეც. ეს კონცეფცია გულისხმობს „სახალხო სუვერენიტეტს“, რომელიც მონარქის ვერტიკალურ სუვერენულობას, მის აბსოლუტურ უფლებასა და ქვეშევრდომის ინსტიტუტს უსამართლო მოცემულობად მიიჩნევს. ერთპიროვნული მმართველობის ნაკლზე საუბრისას, რუსო მის მკვეთრ შემზღუდველ ბუნებაზე მიუთითებს, რომელიც მკვეთრადვე აუარესებს ინდივიდუალური თავისუფლების ხარისხს. იმ  თავისუფლებისა, რომელზე უარის თქმაც, რუსოსთვის საკუთარი ადამიანური ღირსების, მოვალეობისა და ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმის ტოლფასია.   

„სახალხო სუვერენიტეტის“ ცნება, რუსოს ესმის ადამიანთა საზოგადოების საუკეთესო ინეტრესების მისაღწევ საშუალებად, რომელიც უპირისპირდება ერთი პირის ხელში კონცენტრირებულ  ძალაუფლებას. ეს ერთპიროვნული ძალაუფლება, ხშირ შემთხვევაში, ის ვნებაა, რომელიც უზენაეს მმართველს, ძლაუფლების შენარჩუნების მიზნით, აიძულებს ხალხის მორჩილებას - მათი დასუსტებისა და გაღარიბების ხარჯზე. ასეთი რამ კი რუსოსთვის, რომელიც ადამიანის  თავისუფლებისა და ბედნიერების მეხოტბეა, უკიდურესად მიუღებელი რამ გახლავთ. სწორედ ამიტომ, რუსო აყალიბებს რა „სახალხო სუვერენიტეტის“ იდეას, იგი მის ხორცშესხმას, სწორედ რესპუბლიკური მმართველობის პირობებში ხედავს.

მმართველობის რესპუბლიკური წესი, რთულ სოციალურ კონსტრუქტებს ქმნის. მმართველობა უკიდურესად რთული და შრომატევადი პროცესია, რომელსაც სიმყარის და ეფექტიანობის  შესანარჩუნებლად შესაბამისი პოლიტიკური კორპუსის არსებობა სჭირდება. პოლიტიკურ კორპუსს კი, თავის მხრივ, სახელმძღვანელო პრინციპები და მოქმედების ლეგიტიმაციის კანონისმიერი  საშუალებები ესაჭიროება. ნებისმიერი პოლიტიკური კორპუსი, მიუხედავად მისი კანონიერებისა  და ეფექტურობისა, რუსოსთვის აპრიორი არის ხრწნისა და კვდომის ერთგვარი წრებრუნვა. ერთადერთი რამ, რაც ამ ჩიხურ ვითარებას აუმჯობესებს მმართველთა ხელახალი არჩევის პრინციპია.  ხელისუფლის არჩევა (მემკვიდრეობით მიღებული, მონარქიული მმართველობის უფლებისგან  განსხვავებით) საერთო სახალხო ჩართულობით უნდა განხორციელდეს. თუმცა, რესპუბლიკური მმართველობა საჭიროებს ხელისუფლების დანაწილებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების  ეფექტიან აღსრულებას. ამ ორი სტანდარტის დაცვა, რუსოს, ინსტიტუციონალური  მმართველობის  გარეშე წარმოუდგენლად  მიაჩნია.  „ხელისუფლების  სამივე  შტო - აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლებები ურთიერთბალანსის, ურთიერთკონტროლისა და თანაბარი ანგარიშვალდებულების წესით უნდა მოქმედებდეს“ - მიიჩნევს რუსო, და ამით, თავის თანამედროვეებს, სთავაზობს კიდეც  რესპუბლიკური მმართველობისთვის საჭირო ინსტრუმენტების  ერთიანობას.  

მიუხედავად იმისა, რომ რუსომ და სხვა ფრანგმა განმანათლებლებმა რესპუბლიკური მმართველობის უპირატესობის დასამტკიცებლად ფასდაუდებელი შრომა გასწიეს, XX საუკუნის მეორე ნახევრამდე, რესპუბლიკური მმართველობის წესი, მსოფლიოს პოლიტიკურ სხეულში, ფართოდ არ დამკვიდრებულა. ცხადია, რომ რესპუბლიკანიზმი არ გამორიცხავს ხელისუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას. ამის დასტურად ჰიტლერის გერმანიაც იკმარებს. თუმცა, მმართველობის ყველა სხვა ფორმასთან შედარებით, რესპუბლიკანიზმი ყველაზე უკეთ პასუხობს სახალხო ინტერესს და დემოკრატიული განვითარების უფრო ნაყოფიერ წინაპირობებს ქმნის, რადგანაც, ის, სწორედ ინსტიტუციონალურად დაბალანსებული მმართველობის ფუნდამენტურ პრინციპს იცავს და ამით ათვინიერებს კონკრეტული მმართველი ჯგუფის კერძო ინტერესსა და პირად ამოცანებს.