ქრისტიანული ფილოსოფიის ასპექტები ბოეციუსის თხზულებაში „ფილოსოფიის ნუგეში“

ქრისტიანული ფილოსოფიის ასპექტები ბოეციუსის თხზულებაში „ფილოსოფიის ნუგეში“

09.05.2020

ანიკიუს მანლიუს ტორკვატუს სევერინუს ბოეციუსი დაიბადა რომში დაახლოებით 480 წელს. მისი მამა, მანლიო ბოეციუსი, იყო რომის კონსული, რომელიც მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ბოეციუსი ჯერ კიდევ ბავშვი იყო. მამამისის გარდაცვალების შემდეგ ბოეციუსზე მზრუნველობა იტვირთა კვინტუს აურელიოს მემიუს სიმაქოსმა,  რომელიც სენატის მეთაური, რომის პრეფექტი და იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი ადამიანი იყო. სიმაქოსის დახმარებით ბოეციუსმა შესანიშნავი განათლება მიიღო, თუმცა დაზუსტებით ცნობილი არ არის თუ რომელი საგანმანათლებლო კერები დაასრულა; გავრცელებული ვერსიით, ჯერ რომში და შემდეგ ათენში სწავლობდა, შესაძლოა ალექსანდრიაშიც. ბოეციუსმა ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა ცოლად შეირთო სიმაქოსის ასული რუსტიციანა, რომელთანაც ეყოლა ორი ვაჟი: სიმაქოსი და ბოეციუსი.

493 წელს ოსტგუთების მეფის თეოდორიხის მიერ მოხდა იტალიის დაპყრობა. ის უხეშად არ ჩაერია რომის კულტურულ და რელიგიურ ცხოვრებაში, შეეცადა ერთმანეთთან დაეახლოვებინა რომაული და ოსტგუთური მსოფლმხედველობები. ამის გამო, ყველაზე გამორჩეულ რომაელებს დიდ თანამდებობზეც ნიშნავდა.

ბოეციუსის პოლიტიკური ცხოვრების დასაწყისის შესახებ არაფერი ვიცით. ის კი ნამდვილად ცნობილია, რომ ადრეულ ასაკში გახდა სენატორი, ხოლო 510 წელს - კონსული. 510-522 წლებში მისი საქმიანობის შესახებ მხოლოდ ჰიპოთეზები შეიძლება გამოითქვას. აშკარაა, რომ ამ პერიოდში ის აქტიურად საქმიანობდა მეცნიერებასა და ფილოსოფიაში. ამ პერიოდშივე შექმნა მან ეგრეთწოდებული „თეოლოგიური ტრაქტატები“.

522 წელს თეოდორიხი ბოეციუსს ნიშნავს სამეფოს უმაღლეს ადმინისტრაციულ თანამდებობაზე „ყველა სამსახურის მაგისტრად“, რაც ფაქტიურად პირველი მინისტრის ტოლფასია. იმავე წელს მის მცირეწლოვან შვილებს კონსულებად ნიშნავენ. თუმცაღა, ბოეციუსის ბედნიერება დიდ ხანს აღარ გაგრძელებულა. მალევე, დაახლოებით 523 წელს, მას ბრალად დასდებენ შეთქმულებაში მონაწილეობას, მოახდენენ მისი ქონების კონფისკაციას და ციხეში ჩაამწყვდევენ. პატიმრობაში ყოფნისას მან დაწერა თავის საუკუთესო თხზულება „ფილოსოფიის ნუგეში“, რამაც მას სიკვდილის შემდეგ უაღრესად დიადი სახელი მოუტანა. ბოეციუსის სიკვდილით დასჯა განხორციელდა 524 ან 526 წელს.

ბოეციუსის შემოქმედება მოიცავს ოცზე მეტ ნაწარმოებებს, რომლებიც ოთხ თემატურ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ: 1) „თავისუფალ მეცნიერებში“ სასწავლო სახელმძღვანელოები; 2) ლოგიკური ხასიათის თხზულებები, თარგმანები, კომენტარები და ტრაქტატები; 3) თეოლოგიური ნაშრომები; 4) მხატვრულ-ფილოსოფიური სატურა „ფილოსოფიის ნუგეში“.

ეტიენ ჟილსონის მიხედვით, ბოეციუსის შემოქმედება მრავალფეროვანია და ფაქტიურად ყველა ამ სფერომ დიდი ზეგავლენა მოახდინა შუა საუკუნეებზე. მის თქმით, რომაელ ფილოსოფოსს მიაჩნდა, რომ ბერძნულ ფილოსოფიასა და ლათინურ სამყაროს შორის შუამავლის როლს ასრულებდა. მას სურდა პლატონისა და არისტოტელეს ყველა ნაშრომი ეთარგმნა და მათი კომენტირება მოეხდინა, რითაც ცდილობდა ამ ორი მოაზროვნის მოძღვრებათა ერთიანი და თანხვედრი საფუძველი ეჩვენებინა. მართალია, მან ვერ შეძლო აღნიშნული დიდი პროექტის დასრულება, თუმცა მისმა უნიკალურმა და მდიდარმა კომპლექსურმა იდეებმა ჩვენამდე მოაღწია.   

ბოეციუსის შემოქმედების უკანასკნელი და ყველაზე ღირებული თხზულება „ფილოსოფიის ნუგეში“ მრავალი თვალსაზრისით ერთგვარად შემაჯამებელი ხასიათისაა. ფილოსოფოს გ. მაიროვის აზრით, მასში მოცემულია ფილოსოფიური და ლოგიკური, სამეცნიერო და პოლიტიკური საქმიანობის, ზოგადად ცხოვრების შეჯამება. წიგნი მდიდარია სტილისტური თვალსაზრისითაც, რადგან მასში თავმოყრილია სხვადასხვა ლიტერატურული ხერხი და ჟანრი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბოეციუსმა აღნიშნული ნაშრომი უაღრესად ტრაგიკულ სიტუაციაში დაწერა, რაც ფაქტიურად მის ანდერძსაც წარმოადგენს. შესაბამისად, ის თავს ვალდებულად თვლის, რომ მასში თავისი გამოცდილება და ცოდნა სხვათა სარგებლობისთვის გადმოსცეს. ამრიგად, ყველა აღნიშნული ასპექტი „ფილოსოფიის ნუგეშს“ განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ღირებულებას სძენს.

„ფილოსოფიის ნუგეშის“ შინაარსი

„ფილოსოფიის ნუგეში“ ხუთი წიგნისგან შედგება, რომელთაგან თითოეული მათგანი რამდენიმე პროზაულ და პოეტურ თავს შეიცავს. პირველ წიგნში, პოეზიის მუზებთან გარემოცვაში მყოფი, ტუსაღი ბოეციუსი წუხილს გამოთქვამს თავის ავბედობაზე. ამ დროს, მასთან სანუგეშებლად, მშვენიერი ქალბატონის სახით, ფილოსოფია მოევლინება, რაც,  ბუნებრივია, ავტორისეული ალეგორიაა. ბოეციუსსა და ფილოსოფიას შორის იწყება დიალოგი, რომელსაც მეტწილად ავტობიოგრაფიული ხასიათი გააჩნია. ტუსაღი ფილოსოფიის წინაშე რამდენიმე მტკივნეულ საკითხს აყენებს, რომელთა არსი შეგვიძლია შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:

1. რატომ ხდება იმგვარად, რომ სახელმწიფოსა და ადამიანთა კეთილდღეობაზე მზრუნველი, სიმართლის დამცველი, გაჭირვებულთა გვერდში მდგომი, უმსგავსო ადამიანებთან მებრძოლი და კანონის დამცველი ბოეციუსი ფორტუნამ არათუ დააჯილდოვა, არამედ - დასაჯა? რითი აიხსნება ფორტუნის ამგვარი გამოვლინება?

2. „თუ ღმერთი არსებობს, საიდანღაა ბოროტება? ან სიკეთე საიდანაა, თუ იგი არ არსებობს“? რატომ ხდება, რომ „დამნაშავეები თავგასულები დაუსჯელობის გამო ნადავლის ხელში ჩასაგდებად ყოველგვარ სიავეს უშიშრად ჩადიან, ხოლო უდუნაშაულონი არა თუ უსაფრთხოდ, არამედ სრულიად დაუცველნი არიან“? 

3. თუკი ღმერთი, რომელიც მოწესრიგებულ და მკაცრად ორგანიზებულ სამყაროს ქმნის, მუდმივად განაგებს და ზრუნავს თავის ქმნილებაზე, მაშინ რატომ ხდება, რომ ადამიანი ემორჩილება „არასასურველ ცვლილებასა და წარმომავლობას“?

„ფილოსოფიის ნუგეშის“ შემდეგ წიგნებში სწორედ დასმულ პრობლემათა და საკითხთა შესახებ ფილოსოფიური განაზრებებია მოცემული. ამასთან, პასუხების ძიების პროცესში თანდათანობით კიდევ ახალი საკითხებია წამოჭრილი, თუმცაღა ყველაფერი მაინც ერთ ძირითად საკითხზე დაიყვანება: არსებობს თუ არა ადამიანური ბედნიერების საკმარისი ონტოლოგიური გარანტია.

მეორე წიგნში ფორტუნის ბუნება განიხილება. ფორტუნის როლი ბოეციუსისთვის მთავარი საკითხია. ის ცხოვრებამ თავდაპირველად ძალიან დააჯილდოვა: ბუნებამ თავისი სიუხვით შეამკო, სიმდიდრე და პატივი უბოძა, აღმაფრენა განიცადა, რასაც ბოლოს დაცემა მოჰყვა. ამგვარია ფორტუნის ბუნება მუდამ ცვალებადი; „უმდაბლესი უმაღლესს ცვლის, ხოლო უმაღლესი - უმდაბლესს“. ის არ არის დამოკიდებული ადამიანზე, ამიტომ ბოლომდე ვერავინ იქნება მისით კმაყოფილი. ადამიანი კი მიდრეკილია უმაღლესი სიკეთისკენ - ნეტარებისკენ, რომელიც „თავადაა თვითკმარი“. ეს უმაღლესი სიკეთე (ნეტარება) და ფორტუნა სრულიად სხვადასხვა რამ არის.

მესამე წიგნში ბოეციუსი „ნეტარების“ განსაზღვრებას იძლევა. მისი თქმით, არსებობს შეცდომითი და ჭეშმარიტი ნეტარება. ამ უკანასკნელზე საუბარი ადამიანს აუცილებლად უზენაესი სიკეთის - ღმერთის შესახებ სწავლებამდე მიიყვანს. „ყველა, ვინც ნეტარია ღმერთია, მაგრამ ღმერთი ბუნებით ერთია“. ბოეციუსის მიხედვით, ბოროტებას არსი არ აქვს, ამიტომ ის ვერაფერს გააწყობს სიკეთის წინააღმდეგ.

მეოთხე წიგნში თეოდიციის საკითხია განხილული. მასში დაწვრილებით არის განხილული შეხედულება, რომლის მიხედვითაც ბოროტება ამ ქვეყანაზე სიკეთეზე ზეიმობს, ხოლო ბოროტი და ვნებიანი ადამიანები ბედნიერები არიან. ამის პასუხად აღნიშნულია, რომ ღმერთი ყოველივეს განაგებს, მის განგებულებაში კი არ არსებობს უსამართლობა. ღვთის განგებულებასა და ბედისწერას შორის არსებობს გარკვეული განსხვავება. ღმერთი ბოროტებას თავის სამეფოდან გარდაულახავი ჯაჭვით აძევებს. შესაბამისად, ყოველივე ადამიანზეა დამოკიდებული. ამასთან, ყოველგვარი ფორტუნა კეთილი ადამიანებისთვის ან სამართლიანია ან სასარგებლო, ხოლო ბოროტთათვის - ავი.

უკანასკნელ, მეხუთე, თავში განხილულია ღმერთის წინასწარ განზრახვასა და ადამიანის თავისუფალ ნებას შორის კავშირის დადგენის საკითხი. ღმერთი, როგორც მარადიული, ყველაფერს აწმყოში ხედავს, ამიტომ მისეული წინასწარხედვა არ განაპირობებს ადამიანთა მიერ თავისუფალი ნების შებოჭვას.

ბოეციუსის „ფილოსოფიის ნუგეში“ და წმიდა წერილი

მკვლევართა შორის ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ბოეციუსის „ფილოსოფიის ნუგეში“ ძირითადად ანტიკური ფილოსოფოსებს: პლატონს, არისტოტელეს, სტოელებს, ნეოპლატონიკოსებს და სხვებს ეფუძნება. ასევე, ისიც ფაქტია, რომ ეს თხზულება არ წარმოადგენს კომპილაციას. არსებობს ვერსია, რომ ბოეციუსთან ნეტარი ავგუსტინეს შეხედულებებიც არის ასახული. თუმცაღა, ერთი საკითხი, რაც აღნიშნულ თხზულებასთან მიმართებით გაურკვეველი და უცნაურია ის არის, რომ ბოეციუსი, რომელსაც საღვთისმეტყველო ტრაქტატები აქვს დაწერილი, არსად ახსენებს წმიდა წერილს და პირდაპირ არც მის ციტირებას ახდენს. უფრო მეტიც, ის არსად საუბრობს თავის რწმენაზე, ქრისტეზე, სამებაზე და ასე შემდეგ.

ამ უცნაური მოვლენის ახსნა მკვლევართა მხრიდან სხვადასხვა მიმართულებას იძენს. ერთი შეხედულების მიხედვით, ბოეციუსის რელიგიური რწმენა არ იყო საკმარისად ღრმა, ამიტომ მისი ცხოვრების რთულ პერიოდში უფრო მეტი ნდობა გამოუცხადა ფილოსოფიას, რომლის მიმართაც მთელი ცხოვრება ერთგულად მსახურობდა. მეორე შეხედულება იმას ამტკიცებს, რომ რომაელი ფილოსოფოსი სიკვდილის წინ ქრისტიანობას განუდგა. სხვა მოსაზრების მიხედვით, აღნიშნული წიგნი უფრო ვრცელი - თეოლოგიური ნაშრომის პირველ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ავტორის სიკვდილის გამო დაუმთავრებელი დარჩა. ასევე, კიდევ ერთი შეხედულების მიხედვით, ბოეციუსის მიზანს თავისუფალი ფილოსოფიის ლეგალიზაცია წარმოადგენდა შუა საუკუნეების თეოცენტრულ კულტურაში. არსებობს კიდევ ერთი საინტერესო მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ბოეციუსი მორწმუნე ქრისტიანი იყო, თუმცა ის თავისი წიგნის ადრესატებად მიიჩნევს არა მარტო მორწმუნეებს, არამედ ზოგადად ყველა გაჭირვებულ და ტანჯულ ადამიანებს, რომელნიც საღად აზროვნებას არიან მიჩვეულნი. შესაბამისად, „ფილოსოფიის ნუგეშში“ ამიტომაც არ არის გამოყენებული ქრისტიანული აღმსარებლობისთვის დამახასიათებელი რაიმე პირდაპირი მითითებები. 

მაიოროვი მიიჩნევს, რომ ბოეციუსი ჯერ კიდევ არ კარგავდა ფორტუნის იმედს. ამასთან გუთებსა და რომაელებს შორის ახალი დაპირისპირება სწორედ საღვთისმეტყველო საკითხებმა განაპირობა. შესაბამისად, მისი აზრით, შესაძლოა სწორედ რომაელი ფილოსოფოსის თეოლოგიური ტრაქტატები გახდა მისი დაპატიმრების ერთ-ერთი მიზეზი და ამის გამო შეიკავა თავი თხზულების ავტორმა თეოლოგიური თეზისების გაჟღერებისგან. მიუხედავად ამ მრავალი ჰიპოთეზისა „ფაქტად რჩება ის, რომ „ფილოსოფიის ნუგეში“ არ არის საღვთისმეტყველო ნაწარმოები, არამედ - წმიდად ფილოსოფიური, თუმცა მასში გადმოცემული ფილოსოფია - თეოცენტრულია.

ახალ ეპოქაში, თანამედროვე მკვლევრები „ფილოსოფიის ნუგეშში“ ერთგვარ ქრისტიანულ (ავგუსტინისეულ) სულს და ბიბლიის ბუნდოვან ციტატებს ხედავენ. მაგალითად, ეტიენ ჟილსონი მხოლოდ ერთადერთ შემთხვევას აღნიშნავს, სადაც, მისი აზრით, ბოეციუსი წმიდა წერილის ციტატას ეფუძნება. (3,12 -ში გვ. 131-133) ის საუბრობს იმის შესახებ, რომ ღმერთი ყოველივეს სიკეთით განაგებს და რომ ღმერთთან ყოფნა ნეტარებაა. აღნიშნულ პასაჟებში ჟილსონი პარალელებს ხედავს სიბრძნე სოლომონის წიგნთან: „ძლიერად განიფინება იგი კიდით კიდემდე და ყოველივეს სიკეთით განაგებს“ (სიბრ. სოლ. 8:1); ასევე, „მასთან მოყვრობა - ნეტარება და მის ხელთა ნაშრომი - მოუკლებელი სიმდიდრე“ (სიბრ. სოლ. 8:18), რომელსაც მრავალგზის ეყრდნობა ნეტარი ავგუსტინეც. ჟილსონის მიხედვით, თუკი გავითვალისწინებთ, რომ თავისი ტრაქტატის „სამების შესახებ“ წინათქმაში ბოეციუსი პირდაპირ ნეტარ ავგუსტინეს ციტირებს, მაშინ მისი ავგუსტინესთან თანხვედრა შემთხვევითი არ უნდა იყოს. „მაშინაც კი როდესაც ბოეციუსი განსჯის როგორც ფილოსოფოსი, ის ქრისტიანივით აზროვნებს“.

უნდა აღინიშნოს, რომ ტექსტში იკვეთება რამდენიმე პასაჟი, რომელიც, ჩვენი აზრით, აშკარად ახალი აღთქმისეულ განაზრებებს მოიცავს.  

ქალი - ფილოსოფიის გარეგნობის აღწერისას ავტორი აღნიშნავს, რომ მისი სამოსი „დაურღვევლად ქსოვილად ქცეული,... თვითონვე დაუქსელავს“. ასევე, ფილოსოფია, ამბობს: „სამოსი, რომელიც საკუთარი ხელით მოვიქსოვე, დახიეს, ნაკუწ-ნაკუწად დაიტაცეს და წავიდნენ იმ რწმენით, რომ სრულიად დამისაკუთრეს“. აღნიშნული პასაჟი გვაგონებს დავით მეფსალმუნის მიერ იესოს ჯვარცმის შესახებ წინასწარმეტყველებას: „განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი“ (ფს. 21:19), რაც აღსრულდა კიდეც ახალ აღთქმაში: „და როცა ჯვარს აცვეს, წილი ყარეს და გაიყვეს მისი სამოსი, რათა აღსრულდეს თქმული წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: ერთმანეთში გაიყვეს ჩემი სამოსი და ჩემს კვართზე იყარეს წილი“ (მათ. 27:35).

„საცხოვრებელი რომ მომცრო კლდეზე უნდა ააგო - დაიმახსოვრე. თუნდ დაუბეროს მაშინ გრიგალმა და ააღელვოს ზღვის ზედაპირი, როცა უსაფრთხო ადგილზე სახლობ, გიცავს ბედნიერს შენი სიმაგრე.“

„ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც კლდეზე დააშენა თავისი სახლი. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს, მაგრამ ვერ დასცეს, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული“. (მათ. 7:24-25); (ლუკ. 6:48).

„განა შენ იკაზმები გაზაფხულის ყვავილებით? ... იქნებ კვლავ ფიქრობ, რომ კარგია, როცა მრავალფეროვანი სამოსით გამოირჩევი?“

„ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სიცოცხლისათვის, რა ვჭამოთ ანდა რა ვსვათო; ნურც თქვენი სხეულისათვის, რით შევიმოსოთო. განა სიცოცხლე უფრო მეტი არ არის, ვიდრე საზრდელი და სხეული - უფრო მეტი, ვიდრე სამოსელი?“ (მათ. 6:25); „ან სამოსლისთვის რაღადა ზრუნავთ? შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ“ (მათ. 6:28); „ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო“ (მათ. 6: 30).

„ნათლად გამოჩნდა, რომ იმათგან, რასაც შენს სიქველედ მიიჩნევდი არაფერი არ გეკუთვნის“

„რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი, თითქოს არ მიგეღოს“ (1 კორ. 4:7)?

„ერთ წამს ათი ათას წელთან შედარებით, თუმცა მცირე, მაგრამ თავისი წილი მაინც აქვს, ვინაიდან ორივე განსაზღვრული დროის მონაკვეთია. მაგრამ თუნდაც ათი ათასი წელი, ან რამდენიც არ უნდა იყოს იგი, უსასრულო მარადისობას ვერ შეედრება“.

„რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე. რომელ წარჴდა და, ვითარცა საჴუმილავი ერთი, ღამესა შინა“ (ფს. 89:4). რადგან ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე, რომ გადაიარა, და მესამედი ღამისა.

„შენში არის ყოვლის დასაწყისიც და დასასრულიც“

„მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული, ამბობს უფალი, რომელიც არის, იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი“ (გამოცხ. 1:8).

„სული გაწვართოს: გარეთ ნუკი ესწრაფვის რამეს, ის საგანძური, რომელსაც ფლობს, შიგნით, სულშია“

„ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია“ (ლუკ. 17:21).

„ვინც ამქვეყნიურ ბინძურ ვნებებშია ჩაძირული - ბინძურ ღორს ემსგავსება. ასეა, როდესაც ვინმე სიკეთეს დათმობს, პირუტყვად იქცევა, არ ძალუძს ღვთაებრივ მდგომარეობას მიეახლოს“, „კერესის ძღვენი გაცვალეს ღორების საკვებ რკოზე“

იუდეველთათვის ღორი ბინძური ცხოველია. „კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ“ (ფს. 48:13). უძღები შვილი „ნატრობდა, ნეტავი ღორების საჭმელი რქით ამომავსებინა მუცელიო, მაგრამ ვინ აღირსებდა“ (ლუკ.15:16).

ამრიგად, ბოეციუსის „ფილოსოფიის ნუგეში“ ფილოსოფიურ-თეოცენტრული ხასიათის თხზულებაა. მასში ქრისტიანული ფილოსოფიის სხვადასხვა ასპექტები და პრობლემები ქრისტიანული მოძღვრების ჭრილშია განხილული. ამასთან თავად ქრისტიანული მოძღვრება ფასადის მიღმაა ჩამალული, თითქოს რაღაცას უფრთხის და უცნაურად იცავს პრინციპს: „მიზანი ამართლებს საშუალებას“. 

 

ბიბლიოგრაფია:

  • ბიბლია,  თბილისი: „საქართველოს საპატრიარქო“, 1989.
  • ბოეციუსი,: ფილოსოფიის ნუგეში, ლათინური ენიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო გ. ფოფხაძემ, რედაქტორი: ნ. ტონია, თბილისი: „ლოგოსი“, 2015.
  • Боэций.: Утешение философией и другие трактаты, Ответственый редактор, составитель и автор статьи доктор философских наук Г. Майоров, Москва: “Наука”, 1990.
  • Жильсон, Э.: Философия в средние века, Перевод с французского А. Д. Бакулова, Москва: “Культурная революция”, “Республика”, 2010.
  • Майоров, Г. Г.: Философия как искание Абсолюта, Москва: „Либроком“, 2012.
  • Тоноян, Л. Г.: Логика и теология Боэция, Санкт-Петербург: Издательство Русской христианской гуманитарной академии, 2013, გვ. 250.