მე და შენ - პირველი ფრაგმენტი

მე და შენ - პირველი ფრაგმენტი

08.05.2020

მარტინ ბუბერი (1878-1965 წწ.) მეოცე საუკუნის დიდი ებრაელი მოაზროვნეა. განსაკუთრებული პოპულარობა მას ე.წ. „დიალოგის ფილოსოფიამ“ („დიალოგური ანთროპოლოგია“, „დიალოგური ეგზისტენციალიზმი“) მოუტანა. დიალოგური ფილოსოფიის მოდელი მას ყველაზე მკაფიოდ განვითარებული აქვს მთავარ ნაშრომში „მე და შენ“ (Ich und Du, 1923 წ.; ინგლისური თარგმანი გამოიცა 1937 წელს სახელწოდებით - I and Thou). ამ თხზულებაში განვითარებულია უაღრესად საინტერესო და ორიგინალური იდეები რელიგიისა და ხელოვნების ფილოსოფიის შესახებ, ასევე, განხილულია ადამიანის მთელი რიგი ეგზისტენციალური პრობლემებისა. ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მთარგმნელობით-საგამომცემლო პროგრამის ფარგლებში უკვე მომზადდა ამ ნაშრომის სრული ქართული თარგმანი.

ქართულად თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა

ადამიანისთვის სამყარო ორმაგია მასთან ორმაგი მიმართების შესაბამისად.

ადამიანის მიმართება ორმაგია იმ ორი ძირითადი სიტყვის საფუძველზე, რომელთა წარმოთქმაც მას შეუძლია.

ძირითადი სიტყვები არა ცალკეული სიტყვები, არამედ სიტყვათა წყვილებია.

პირველი ძირითადი სიტყვაა სიტყვათშეთანხმება მე-შენ.

მეორე ძირითადი სიტყვა კი არის სიტყვათშეთანხმება მე-ის. ამასთან, ძირითადი სიტყვა არ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, ის-ში ვინმე იქნება ნაგულისხმევი თუ რაიმე.

ამგვარად, ასევე ორმაგია ადამიანის მეც.

რადგანაც მე-შენ ძირითადი სიტყვის მე მე-ის ძირითადი სიტყვის მესგან განსხვავდება.

***

ძირითადი სიტყვები არ აღნიშნავს საგნებს, თუმცა, გამოხატავს მიმართებებს.

ძირითადი სიტყვები არ გამოხატავს რაიმე ისეთს, რაც მათ მიღმა არსებობს; წარმოთქმით ისინი არსებობას გულისხმობს.

ძირითადი სიტყვები ადამიანის არსებიდან ითქმება.

თუ ვამბობთ შენ, წარმოითქმება მეც სიტყვათშეთანხმებიდან მე-შენ.

თუ ვამბობთ ის, წარმოითქმება მეც სიტყვათშეთანხმებიდან მე-ის.

ძირითადი სიტყვა მე-შენ მხოლოდ მთელი არსებით შეიძლება გამოთქვა.

ძირითადი სიტყვა მე-ის შეუძლებელია გამოთქვა მთელი არსებით.

***

მე არ არის თავისთავად, არის მხოლოდ ძირითადი სიტყვის მე-შენ-ის მე და ძირითადი სიტყვის მე-ის-ის მე.

როდესაც ადამიანი ამბობს მე, ის ერთ-ერთ მათგანს გულისხმობს. მე, რომელსაც ის გულისხმობს, წარმოდგენილია იქვე, როცა ის ამბობს მე. როდესაც ის ამბობს შენ ან ის, იქვეა წარმოდგენილი ამ ძირითადი სიტყვების მე.

ერთი და იგივეა იყო მე და წარმოთქვა მე. ერთი და იგივეა წარმოთქვა მე და წარმოთქვა ერთ-ერთი ძირითადი სიტყვა.

როდესაც ითქმება ძირითადი სიტყვა, მთქმელი შედის და დგას მასში.

***

ადამიანური არსების სიცოცხლე ცვალებად ქმედებათა სფეროთი როდი შემოიფარგლება. ის არ დაიყვანება მხოლოდ იმგვარ საქმიანობაზე, რომელსაც რაღაც აქვს თავის ობიექტად.

მე რაღაცას აღვიქვამ; რაღაცას შევიგრძნობ; რაღაცას წარმოვიდგენ; რაღაც მსურს; რაღაცას ვგრძნობ; რაღაცას ვფიქრობ; ადამიანური არსების სიცოცხლე მხოლოდ ამაში და ამის მსგავსში როდი მდგომარეობს.

ყოველივე ეს და ამის მსგავსი ის-სამეფოს შეადგენს.

შენ-სამეფო კი სხვა საფუძველზე დგას.

***

როდესაც ითქმება შენ, მთქმელისთვის არაფერი წარმოადგენს ობიექტს. რადგანაც იქ, სადაც რაიმეა, არის რაიმე სხვაც. ყოველ ის-ს ესაზღვრება სხვა ის. ის მხოლოდ სხვათა საზღვრებში არსებობს. მაგრამ, სადაც ითქმება შენ, იქ არაფერია. შენ-ს არ აქვს საზღვრები.

შენ-ის თქმისას მთქმელისთვის არაფერია ობიექტი. მას არაფერი აქვს. მაგრამ ის დგას ურთიერთობაში.

***

ამბობენ, რომ ადამიანი თავისი სამყაროს გამოცდილებას იღებს. რას ნიშნავს ეს?

ადამიანი მოგზაურობს საგანთა ზედაპირზე და განიცდის მათ. ის მათგან იღებს ცოდნას მათი საკუთრივი მდგომარეობის შესახებ - იღებს მათ გამოცდილებას. ის საგნების კუთვნილების გამოცდილებას იღებს.

მაგრამ ადამიანს სამყარო მხოლოდ გამოცდილების საფუძველზე როდი ეძლევა. გამოცდილება ხომ იძლევა მხოლოდ სამყაროს, რომელიც შედგება ის-ისგან, ის-ისგან, და კვლავ ის-ისგან.

მე რაღაცის გამოცდილებას ვიღებ.

არაფერი შეიცვლება, თუკი „გარეგან“ გამოცდილებას „შინაგანს“ მივუმატებთ. ჩვენ მარტოოდენ იმ არამარადიული გაყოფით ვხელმძღვანელობთ, რომელიც ჩაფესვილია ადამიანთა მოდგმის წყურვილში - შეამსუბუქოს სიკვდილის საიდუმლო. შინაგანი, ისევე როგორც გარეგანი საგნები, საგნებია საგანთა შორის!

მე რაღაცის გამოცდილებას ვიღებ.

არაფერი შეიცვლება, თუკი „ცხად“ გამოცდილებას „საიდუმლო“ გამოცდილებას მივუმატებთ. რაოდენ თვითდაჯერებულია სიბრძნე, რომელიც აღიქვამს საგნებში რჩეულთათვის საწვდომ საიდუმლოებებს და ოსტატურად მოქმედებს ამით. ჰოი, საიდუმლოება საიდუმლოს გარეშე, ჰოი, მონაცემთა დაგროვება! ის, მუდამ ის!

***

გამოცდილების მიმღები არ არის სამყაროს თანაზიარი. გამოცდილება ხომ „მასშია“ და არა მასსა და სამყაროს შორის.

სამყარო არ არის გამოცდილების თანაზიარი. ის მისი გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ეს ამას არ ეხება, რადგან სამყარო გამოცდილებაზე არ მოქმედებს და გამოცდილებაც არ მოქმედებს სამყაროზე.

***

სამყარო, როგორც გამოცდილება, ეკუთვნის ძირითად სიტყვას მე-ის.

ძირითადი სიტყვა მე-შენ ადგენს ურთიერთობის სამყაროს.

***

არის სამი სფერო, რომელშიც ურთიერთობის სამყარო იგება.

პირველი: ბუნებასთან ცხოვრება. აქ ურთიერთობა ვერ აღწევს საუბრის დონეს და წყვდიადში ფერხდება. ქმნილებები ცხოვრობენ და მოძრაობენ ჩვენ წინ, მაგრამ არ შეუძლიათ ჩვენთან მოსვლა და როდესაც მათ მივმართავთ შენ, ჩვენი სიტყვები საუბრის ზღურბლზე ქვავდება.

მეორე: ხალხთან ცხოვრება. აქ ურთიერთობა ღიაა; მას საუბრის ფორმა აქვს. ჩვენ შეგვიძლია გავცეთ და მივიღოთ შენ.

მესამე: სულიერ არსებებთან ცხოვრება. აქ ურთიერთობა ბურუსითაა მოცული, მაგრამ ის აცხადებს თავის თავს. ის არ შეიცავს, თუმცა კი, ბადებს საუბარს. ჩვენ არ გვესმის შენ, მაგრამ, ვგრძნობთ, რომ მოგვმართეს, და ვპასუხობთ შექმნით, ფიქრით, ქმედებით. ჩვენ მთელი არსებით ვამბობთ ძირითად სიტყვას, თუმცა კი, არ შეგვიძლია ბაგეებით წარმოვთქვათ შენ.

როგორ გავბედეთ ძირითად სიტყვაში სამყაროსთან ურთიერთობისას ჩაგვერთო ის, რაც საუბრის მიღმა ძევს?

ყოველ სფეროში, ყველა წარმომდგარ ხდომილებაში ჩვენი მზერა იჭერს მარადიული შენის მოხაზულობას, ყველაფერში მისი შრიალი გვესმის, ყველა შენ-ში მარადიულ შენ-ს მივმართავთ.

***

მე ხეს შევყურებ. შემიძლია ის აღვიქვა როგორც სურათი: უდრეკი სვეტი, შუქს რომ ირეკლავს, ან სიმწვანის შხეფები მკრთალ ვერცხლისფერ-ცისფერ ფონზე.

შემიძლია ის აღვიქვა როგორც მოძრაობა: წვენების დინება ძარღვებში, რომლებიც გარს ერტყმის მაგარ, სიცოცხლით აღსავსე მერქანს, ფესვები, რომლებიც სინესტეს იწოვენ, ფოთლების სუნთქვა, უსასრულო ურთიერთქმედება მიწასა და ჰაერთან და მისი დაფარული ზრდა.

შემიძლია ის გარკვეულ სახეობას მივაკუთვნო და აგებულებისა და ცხოვრების ნირის შესაბამისად განვიხილო როგორც ინდივიდი.

იმდენად შემიძლია გავყვე აზრების დინებას მისი განუმეორებლობისა და ფორმის უნაკლობის შესახებ, რომ დავინახო მასში მხოლოდ კანონთა გამოსახვა - კანონთა, რომელთა ძალითაც მუდმივი ძალთა წინააღმდეგობა წონასწორობას დროში ინარჩუნებს, ან იმ კანონების, რომელთა ძალითაც ელემენტები ირევა და განცალკევდება.

შემიძლია ის რიცხვში, რიცხვთა წმინდა მიმართებაში გავთქვიფო და მარადიული გავხადო.

ამასთანავე, ხე რჩება ჩემს ობიექტად, მას აქვს ადგილი სივრცეში და სიცოცხლის ხანი, გვარი და მდგომარეობა.

თუმცა კი, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ხის ცქერისას მასთან ურთიერთობამ შემიპყროს. მას შემდეგ ეს ხე უკვე აღარ არის ის. განკერძოებულობის ძალა მე სრულად დამეუფლა.

ეს არ მოითხოვს ჩემგან ჭვრეტის რომელიმე სახის უკუგდებას. არაფერია, რასაც უნდა მოვარიდო მზერა და არ არსებობს ცოდნა, რომელიც უნდა დავივიწყო. მეტადრე, ყოველივე: ხილული სახე და მოძრაობა, გვარი და ინდივიდი, რიცხვი და კანონი აქ განუყოფელ ერთიანობაშია ჩართული.

ერთობა იმისა, რაც ეკუთვნის ხეს, შეიცავს მის ფორმას და მუშაობას, შეფერილობასა და ქიმიურ შემადგენლობას, მის კავშირს ელემენტებთან და კავშირს ვარსკვლავებთან - ყველაფერი ამ მთლიანობაშია.

ხე არ არის შთაბეჭდილება, ჩემი წარმოსახვების თამაში, ნაწილი ჩემი განწყობისა, მაგრამ ის სხეულებრივად დგას ჩემ წინაშე და მეხება ისევე, როგორც მე ვეხები - ოღონდ განსხვავებულად.

ნუ ეცდები დააკნინო, სიცოცხლე წაართვა ურთიერთობის შინაარსს: ურთიერთობა ორმხრივია.

აქვს ხეს ჩვენი მსგავსი ცნობიერება? არ მაქვს ამის გამოცდილება. მაგრამ ხომ არ განიზრახეთ წარმატების იმედით ისევ განაცალკევოთ განუცალკევებელი? მე არ მხვდება არც ხის სული და არც დრიადა, არამედ თავად ხე.

***

თუკი ადამიანის არსებას ვუდგები როგორც ჩემს შენ-ს და ვეუბნები ძირითად სიტყვას მე-შენ, ის არ არის საგანი საგანთა შორის და არც საგნებისგან შედგება.

ეს ადამიანი მეტად არ არის ის, არც შემოსაზღვრულია სხვა ის-ების მეშვეობით: ის არ არის რაღაც წერტილი სამყაროს დროულ, სივრცით ქსელში; არც ვითარება, რომელიც შეიძლება გამოვცადოთ და განვსაზღვროთ, არც სუსტად შეკრული კონკრეტული თვისებების კონა. მაგრამ ის არის შენ, რომელსაც არ გააჩნია შემაკავშირებელი რგოლები და არ ესაზღვრება რაიმეს, ის ავსებს მთელ ცისქვეშეთს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის გარდა არაფერი არსებობს, უბრალოდ, ყოველივე დანარჩენი მისი ნათელში ცხოვრობს.

მელოდია არ შედგება ხმებისგან, ლექსი სიტყვებისგან და ქანდაკება ფორმებისა და ხაზებისგან - ერთობიდან სიმრავლის მისაღებად უნდა დავარღვიოთ, დავფლითოთ ის - ასევეა იმ ადამიანური არსებების შემთხვევაშიც, რომელთაც ვეუბნები შენ. მე შემიძლია გამოვყო მისგან თმის ფერი, ხმის ტემბრი ან მისი კეთილშობილება და ეს კვლავ და კვლავ ვაკეთო. მაგრამ ის უკვე მეტად არ არის შენ.

როგორც ლოცვა არაა დროში, არამედ დროა ლოცვაში, ისე მსხვერპლი არაა სივრცეში, არამედ სივრცე მსხვერპლში - ხოლო ვინც ამახინჯებს ურთიერთობას, აუქმებს ამ სინამდვილეს - მე ვერ ვპოულობ ადამიანურ არსებას, რომელსაც ვეუბნები შენ სადმე ან რაიმე დროს. მე შემიძლია მოვათავსო ის იქ და კვლავ და კვლავ ასე მოვიქცე, მაგრამ ის გახდება ის და მეტად აღარ იქნება ჩემი შენ.

ვიდრე ჩემს ზევით გადაჭიმულია შენ ცის თაღი, მიზეზობრიობის ქარები ჩემს ფეხქვეშ განირთხმებიან და ბედისწერის ქარიშხალიც ცხრება.

იმ ადამიანურ არსებაზე, ვისაც ვეუბნები შენ, გამოცდილებას არ ვიღებ. მაგრამ წმინდა საფუძველმდებარე სიტყვაში მე მასთან ურთიერთობაში ვიმყოფები. ხოლო როცა განზე გავდგები, კვლავ მის გამოცდილებას შევიძენ. გამოცდილება შენ-ისგან განშორებაა.

ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს მაშინაც კი, როცა ადამიანს, რომელსაც ვეუბნები შენ, თავის გამოცდილებაში ჩართულს არ ესმის ჩემი; რადგანაც შენ მეტია, ვიდრე ის-ცოდნა. შენ მეტს აკეთებს, მასთან მეტი რამ ხდება, ვიდრე იცის ის-მა. ნაყალბევი აქ ვერაფერი შემოაღწევს: აქ ნამდვილი სიცოცხლის აკვანი ირწევა.

***

აი, ხელოვნების მარადიული წყარო: ხატებას, რომელიც წარმოუდგა ადამიანს, სურს მისი მეშვეობით ნაწარმოებად იქცეს. ხატება არ არის მისი სულის ნაშიერი, არამედ ის, რაც გამოეცხადა, წარუდგა მას და მის შემოქმედებით ძალას მოითხოვს. აქ ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის არსობრივ ქმედებებზე, რომელთაც ის მთელი არსებით აკეთებს: თუკი ის განახორციელებს მას და თავისი არსებით გამოცხადებულ ხატებას შენ-ით მიმართავს, მაშინ ამოჩქეფს შემოქმედებითი ძალა და წარმოიქმნება ნაწარმოები.

ეს ქმედება მსხვერპლსა და რისკს შეიცავს. მსხვერპლი უსაზღვრო შესაძლებლობაა, რომელიც შეიწირება ხატების საკურთხეველზე. აუცილებელია ამოიძირკვოს ყოველივე, რაც წამის წინ თამაშ-თამაშით კვეთდა თვალთახედვის არეს. აქედან არაფერს ძალუძს ნაწარმოებში შეღწევა. ამას მოითხოვს ამგვარი წარმომდგარის განკერძოებულობა. რისკი კი იმაშია, რომ ძირითადი სიტყვა შეიძლება წარმოთქმულ იქნეს მხოლოდ მთელი არსებით. ის, ვინც აღასრულებს ამას, არ ძალუძს უკან მოხედვა: ნაწარმოები, ხისგან და ადამიანისგან განსხვავებით, არ დაუშვებს შვების ძიებას ის-სამყაროში. ნაწარმოები ბატონობს: თუკი ჯეროვნად არ მოვემსახურები, ის განადგურდება ან გამანადგურებს.

მე არ ძალმიძს ჩემ წინ წარმომდგარი ხატების არც გამოცდილების მიღება, არც აღწერა. შემიძლია მხოლოდ ის სინამდვილეში შემოვიყვანო. და მაინც, წარმომდგარის სხივთა ციალში ის გამოცდილებით მიღებული სამყაროს თვალსაჩინოებაზე უფრო ცხადად მესახება. არა როგორც საგანი „შინაგან“ საგანთა შორის, არა როგორც ჩემ მიერ შექმნილი წარმოსახვის ანარეკლი, არამედ როგორც აწმყო. ხატება „აქ“ საერთოდაც არ არის, როცა ის განცდილია ობიექტის სახით. მაგრამ რა შეედრება მის აწმყოში ყოფნას? ეს ნამდვილი ურთიერთობაა: ის მოქმედებს ჩემზე, ისევე, როგორც მე მასზე.

ამგვარად, ნამუშევარი ქმნილებაა, გამოგონება კი ძიება. ფორმის შექმნა მისი აღმოჩენაა. ამგვარად მე ვახორციელებ, ვხსნი. მე ხატება გადამყავს სამყაროში ის. შექმნილი ნამუშევარი საგანია საგანთა შორის, ის ობიექტური გამოცდილებისთვის წვდომადია და აღიწერება როგორც თვისებათა ნაკრები. მაგრამ აღქმით მჭვრეტელს კვლავ და კვლავ შეუძლია სხეულებრივად წარმოუდგეს მას.

***

- რა გამოცდილება მიიღება შენ-ისგან?

- არავითარი, რადგან არავინ განიცდის მას.

- რას ვიცით მაშინ შენ-ის შესახებ?

- მარტოოდენ ყველაფერი; რადგან ცალკეულად უკვე არაფერია ცნობილი.

***

შენ წყალობის საფუძველზე მხვდება, მას ძიებით ვერ იპოვი. მაგრამ ის, რომ მე მას ძირითად სიტყვას ვეუბნები, მთელი ჩემი არსების ქმედებაა, ჩემი არსობრივი ქმედება.

შენ მხვდება მე. მაგრამ მასთან უშუალო ურთიერთობაში მე შევდივარ. ამგვარად, ურთიერთობა ესაა აირჩიო და იყო არჩეული, ის ერთდროულად უმოქმედობა და ქმედებაა. მთელი არსებით ქმედება უმოქმედო უნდა გახდეს, რათა განეშოროს ყველა ცალკეულ ქმედებასა და, ამგვარად, მუდამ შეზღუდულ ძალისხმევებზე დამოკიდებული ქმედების რაღაც გრძნობას.

ძირითადი სიტყვა მე-შენ შეიძლება წარმოითქვას მხოლოდ მთელი არსებით. მოკრება, აღრევა ერთ არსებაში შეუძლებელია განხორციელდეს ჩემით და ჩემს გარეშეც. გახდომისთვის მე შენ-ს მოვითხოვ. ვხდები რა მე, მე ვამბობ შენ.

ყოველი ნამდვილი სიცოცხლე შეხვედრაა.

***

შენ-თან ურთიერთობა უშუალოა. მე და შენ-ს შორის არაფერია აზრებში მოქცეული, არ არის არავითარი წინმსწრები ცოდნა და ფანტაზია. თვით მეხსიერება იცვლება განკერძოებიდან ერთიანობისკენ სწრაფვაში. მე და შენ-ს შორის არ არის არავითარი მიზანი, არავითარი ჟინი, არავითარი ანტიციპაცია. თავად ლტოლვა იცვლება ოცნებიდან სიცხადისკენ სწრაფვაში. ყოველი გაშუალება წინაღობაა. მხოლოდ იქ, სადაც ყველა გაშუალება გაუქმებულია, ხდება შეხვედრა.

ურთიერთობის უშუალობის წინაშე ყველა გამაშუალებელი უმნიშვნელო ხდება. შესაძლოა, ჩემი შენ უკვე გახდა ის სხვა მე-ებისთვის („საყოველთაო გამოცდილების ობიექტი“), ან კიდევ შეუძლია ამად იქცეს როგორც ჩემი არსობრივი ქმედების შედეგი. რადგანაც ნამდვილი საზღვარი, მკრთალი და გაურკვეველი, გამოცდილებასა და მის არქონას შორის როდი გადის, არც მოცემულსა და არამოცემულს შორის, არც არსებულისა და ღირებულებების სამყაროებს შორის, არამედ ის კვეთს ყველა სფეროს შენ-ს და ის-ს შორის - აწმყოსა და ობიექტის წარსულს შორის.