უნივერსიტეტს, საუნივერსიტეტო განათლებას, ყველა ქვეყნის ცხოვრებაში სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება. მეცნიერების წინსვლა, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, მკაცრად დაუკავშირდა საუნივერსიტეტო განათლებას; ცოდნამ, მჭვრეტელობითი ხასიათის გარდა, პრაქტიკული დანიშნულება შეიძინა. საკაცობრიო ცოდნის კეთილშობილი მემკვიდრეობის შენარჩუნების დიდი პასუხისმგებლობაც უნივერსიტეტებს დაეკისრათ. სწრაფვა ადამიანური აზრის უმაღლესი გამოვლინებისკენ, განსხვავებული აზრების, ჩვევებისა და გონებრივი წყობის შერიგება, აზროვნებისა და ერუდიციის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა უნივერსიტეტის უმთავრეს მოწოდებად იქცა. ამ პრინციპებით მონიშნულ სივრცეში მეცნიერების, თეოლოგების, ფილოსოფოსების თუ ხელოვნების წარმომადგენელთა ინტელექტუალური ძალისხმევა მუდამ იყო მიმართული საზოგადოებაში ცოდნის, ჭეშმარიტების, სიკეთისა და მშვენიერების, ადამიანური ყოფიერების მრავალი საჭირბოროტო პრობლემის შესახებ მაღალი დონის დისკუსიების მხარდაჭერისკენ. ამდენად, სახელმწიფოსთვის მეცნიერებისა და პროფესიონალიზმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უნივერსიტეტი, მისი აწმყო და მომავალი, უდავოდ უნდა იყოს მუდმივი ფიქრისა და ზრუნვის საგანი.
* * *
განუზომლად დიდი იყო უნივერსიტეტის როლი მრავალი ქვეყნისა და ერის წინსვლაში. უნივერსიტეტი მუდამ იყო ევროპული ისტორიის მამოძრავებელი საწყისი.
უნივერსიტეტის პროექტი კონკრეტულ იდეას ეფუძნება. მისი მისიის გამოკვეთა-განსაზღვრა უპირველესად ინსტიტუტის არსებობისთვის აუცილებელი წინაპირობების გარკვევას გულისხმობს, კერძოდ კი, იმ იდეაზე ორიენტაციას, რომელსაც უნდა მიუახლოვდეს რეალობა. კაცობრიობის ისტორია ხომ არსებითად იდეების ისტორიაა! ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს იმ ამოცანების განსაზღვრას, რაც უნივერსიტეტის სულიერი ცხოვრების რეალიზების შედეგად დღის წესრიგში დგება.
უნივერსიტეტის მიზნები, ამოცანები, ბაზისური ღირებულებები, მისი დანიშნულება/მისია ისტორიულად ხშირად იცვლებოდა. თუმცა, არსებობს უნივერსიტეტის მისიის ანუ იდეის გააზრების მყარი ტრადიცია. ამ ტრადიციის სათავედ ინგლისელი კარდინალის ჯონ ჰენრი ნიუმენის (1801-1890 წწ.) საყოველთაოდ ცნობილი ნაშრომი „უნივერსიტეტის იდეა“ (1852-1859 წწ.) მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ ეს ნაშრომი ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა უნივერსიტეტის მისიის შესახებ წამოწყებული მრავალი ახალი დისკუსიისთვის. ამ ნაშრომში ჩამოყალიბებული იდეებით, ფაქტობრივად, ჯონ ჰენრი ნიუმენი ლიბერალური უნივერსიტეტის მოდელის შემქმნელად გვევლინება.
აღსანიშნავია, რომ ნიუმენის „უნივერსიტეტის იდეის“ საფუძველმდებარე პრინციპები - „თავისუფალი ცოდნა (ლიბერალ კნოწლედგე), თავისუფალი მეცნიერება და დისციპლინები (ლიბერალ არტს ანდ სტუდიეს), თავისუფალი განათლება (ლიბერალ ედუცატიონ)“ - უცვლელად რჩება თანამედროვე ანგლო-ამერიკული საუნივერსიტეტო სივრცის მთავარ ორიენტირებად. ნიუმენის „უნივერსიტეტის იდეა“, „შესაძლოა, დღემდე საუკეთესოდ გამოხატავს ინგლისურენოვანი ავტორების წარმოდგენებს უნივერსიტეტის, როგორც ინსტიტუციის შესახებ.“
ნიუმენმა უნივერსიტეტის მისია, ვფიქრობთ, ეპოქის თავისებურებების კონტექსტში გაიაზრა. უნივერსიტეტის ევოლუციაში ინდუსტრიალიზაციის პროცესმა ცალსახად მოითხოვა ინტელექტუალიზმი, საზოგადოების სოციალური სისტემის დამანგრეველი და გარდამქმნელი ფაქტორების დაბალანსების მიზნით. ამიტომაც, ნიუმენის აზრით, უნივერსიტეტის მისია ცალკეული დისციპლინების და კერძო მეცნიერებათა მიღწევების ათვისება კი არ არის, არამედ „ინტელექტუალური კულტურის“ შესწავლა. კულტურის ზოგადი კონცეფცია გვევლინება იმ ორგანულ სინთეზად, რომელიც ცალკეულ დისციპლინებსაც მოიცავს და მათ არსებადაც გვევლინება. პრაქტიკული ცოდნისა და სარგებლობის პრინციპის საპირწონედ ნიუმენთან ლიბერალური განათლება გვევლინება. ზოგადად, ამ კონტექსტში, დასაზუსტებელია, რომ განათლება განსხვავდება პრაქტიკული ცოდნისაგან და სარგებლიანობის პრინციპისაგან. „არსებობს განათლების ორი მეთოდი: ერთის მიზანი ფილოსოფიურია, ხოლო მეორის - მექანიკური.“ თავისუფალი ანუ ფილოსოფიური განათლება არ იძლევა კერძო, უტილიტარულ ცოდნას, მაგრამ ის აღწევს ცოდნის მთლიანობის ზოგად გაგებას და განცდას. უნივერსიტეტი განათლების ადგილია და არა დასწავლისა. ცოდნა, როგორც მიზანი, „ინტელექტუალური კულტურის“ იმანენტურ პრინციპს წარმოადგენს.
გერმანელი ფილოსოფოსებისაგან განსხვავებით, ნიუმენს ჭეშმარიტება თეოლოგიურ კონტექსტში ესმის. ცოდნის ერთობლიობა თავისთავად არ არის ცოდნის სახეობა. ამიტომ, ფილოსოფიური მეცნიერების ობიექტი, კვლევითი პროექტის სახეს ვერ მიიღებს. ნიუმენის აზრით, ინგლისური და ირლანდიური უნივერსიტეტები ჯერ კიდევ უშუალო კავშირშია ეკლესიასთან. აქ ცოდნის პროდუქტიულობის ადგილს ღვთაებრივი ჭეშმარიტება იკავებს, რომელიც ცოდნის გერმანულ მოდელში მეცნიერებას (Wissenschaft) შეესაბამება. ფილოსოფია ინტელექტის სრულყოფილების უნარია და არა სასწავლო კურსი.
* * *
უნდა აღინიშნოს, რომ განათლება არ არის ერთგვაროვანი პროცესი. ის ისტორიულად იცვლება განათლების იდეალებთან ერთად და სხვადასხვა საზოგადოებაში განსხვავებულ ფორმებს იღებს. განათლების შინაარსი შესაბამისი საზოგადოების მოთხოვნილებების საფუძველზე დგინდება: იქნება ეს თეოლოგიური, ჰუმანიტარული, ტექნიკური, ეკონომიკური, საბუნებისმეტყველო თუ სოციალური. თავად სკოლური ინსტიტუციების ისტორიულად ცვალებადი ფორმები ადასტურებს მათ ცვალებად სტრუქტურას. მაგალითად, ფილოსოფიური, პლატონურ-ნეოპლატონური თუ რაინდული აკადემიები, არისტოკრატებისა და პატრიციების კერძო სწავლება, კაროლინგურ პერიოდში კათედრალურ ტაძრებთან არსებული სკოლები საეკლესიო პირების მოსამზადებლად, მონასტრებს გარეთ გადანაცვლებული ამგვარი სკოლების ერთობლიობა, რაც მოგვიანებით უკვე ცალკე ინსტიტუციას ქმნიდა და უნივერსიტეტების ჩამოყალიბებას ხელს უწყობდა.
შუა საუკუნეებში სქოლასტიკური განათლება, ეფუძნებოდა რა ავტორიტეტულ წიგნებს და ავტორებს, ფიქსირებული საგნობრივი ცოდნის გადაცემით და კომენტატორობით შემოიფარგლებოდა. ანტიკურობაში ჩამოყალიბებული სოკრატული განათლება კი ბევრად ღრმა აზრის მატარებელი აღმოჩნდა და დღესაც მყარ მეთოდოლოგიად რჩება, რადგან ის ფიქსირებულ დოქტრინებს არ ეფუძნება და მუდამ ახალი იდეების ძიებაშია. ამგვარი განათლების იდეის ჭრილში მოსწავლე და მასწავლებელი ერთ დონეზე დგას. აქ უმთავრესი საფუძველი „თავისუფლების იდეაა“. „საუნივერსიტეტო განათლება თავისი ბუნებით სოკრატულია“ (კარლ იასპერსი). სოკრატული „მაიევტიკა“ სტუდენტის დაფარულ ცოდნას ნათელ შეგნებამდე ამაღლებს არა თავსმოხვეული იდეებით, არამედ მისი შინაგანი პოტენციალის სტიმულირებით. სოკრატული განათლება ეფუძნება პირად პასუხისმგებლობას, ის ერთგვარი ზრდასრული პასუხისმგებლობაა. ამ კონტექსტში მნიშვნელადი ხდება არა შემთხვევითი, ემპირიული ინდივიდი თავისი განსაკუთრებული ხასიათით, არამედ ის „თვითობა“, რომელიც თვითგანხორციელების უსასრულო პროცესში მიიღწევა. მეორე მხარეს კი არის სოკრატული მასწავლებელი, უდიდესი „მაცთუნებელი“, რომელსაც ჯერ გაყავს მოსწავლე/მსმენელი საკუთარი თავიდან, ხოლო შემდეგ კვლავაც აბრუნებს მას საკუთარი თავში.
ამგვარი განათლება ერთგვარი სტიქიაა, რომლის შედეგად ადამიანები ურთიერთკომუნიკაციით დაფარულ ჭეშმარიტებას აღმოაჩენენ. რადგან „არ არსებობს მყარი სწავლება, არამედ ბატონობს უსასრულო კითხვათა რიგი და არცოდნა აბსოლუტში.“
აღსანიშნავია, რომ განათლება მუდამ არის დაკავშირებული წარსულის გამოცდილებასთან, ორიენტირებულია აწმყოს მოთხოვნილებებზე და მომავლის პერსპექტივებითაა კონსტრუირებული.
ამდენად, თანამედროვე სამყაროში, ინფორმაციულ საზოგადოებაში, მით უფრო, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის პირობებში, უნივერსიტეტის, საუნივერსიტეტო განათლების როლისა და მნიშვნელობის გააზრება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სულ უფრო ცხადი ხდება ის, რომ განათლების შინაარსი, მიზნები თუ მეთოდები ძალიან სწრაფად იცვლება. პედაგოგიური ძიებების შედეგად ინტენსიურად ხდება დიდაქტიკური ხელოვნების სრულყოფა.
უნივერსიტეტის იდეა ანუ მისია XVIII საუკუნიდან მოყოლებული ფართო და ღრმა ფილოსოფიური რეფლექსიის საგნად იქცა. ამ კონტექსტში ჯერაც არ კარგავს მნიშვნელობას შემდეგი საყურადღებო ნაშრომები: იმანუელ კანტის „ფაკულტეტების დავა“ (1798 წ.), იოჰან გოტლიბ ფიხტეს „რამდენიმე ლექცია მეცნიერის დანიშნულების შესახებ“ (1784 წ.) და „მეცნიერის არსის და თავისუფლების სამყაროში მისი გამოვლენის შესახებ“ (1806 წ.), ფრიდრიხ ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის „უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულებების შინაგანი და გარეგანი მოწყობის შესახებ ბერლინში“ (1809/10 წწ.). აქვე აღსანიშნავია XX საუკუნის დიდი მოაზროვნეების, კარლ იასპერსის „უნივერსიტეტის იდეა“ (1923 წ.) და ხოსე ორტეგა ი გასეტის „უნივერსიტეტის მისია“ (1930 წ.). ეს ნაშრომები უნივერსიტეტის იდეისა და მისიის გასააზრებლად დღესაც საგულისხმო დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა.
უნივერსიტეტის მისიის გააზრების ფილოსოფიური ტრადიციის შესწავლა-ანალიზი უაღრესად საჭირო საქმეა. ზემოთ მითითებული ტექსტები კარგად გამოკვეთს და გაიაზრებს თანამედროვე უნივერსიტეტის მისიის არსს. თუმცა, ახალი იდეების განხილვა-გაანალიზების აუცილებლობა მუდმივად დგება დღის წესრიგში, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ძველი იდეებისადმი რწმენა იკარგება (კულტურა ხომ ცოცხალი იდეების ერთობლიობაა, ხოლო დროის სიმაღლეზე რომ აღმოჩნდე, დროდადრო ძველი იდეები უნდა გადაიხედოს კიდეც).
ბოლო პერიოდში უნივერსიტეტის იდეისა და მისიის შესახებ ფუნდამენტური განაზრებები კვლავაც განიცდის ტრანსფორმაციას. საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში გამართული დისკუსია „უნივერსიტეტის სიკვდილის“ შესახებ გვიჩვენებს, რომ ტრადიციის რეკონსტრუქცია ნაყოფიერ როლს თამაშობს თანამედროვე უნივერსიტეტის აქტუალური პრობლემების გადაწყვეტაში. წარსული მუდამ არის ჩვენი მომავალი ცხოვრების პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ „არ არსებობს ტრადიცია, რომელსაც მუდმივად ჩავეჭიდებით.“ ყველაფრის დაწყება ზოგჯერ თავიდან გვიხდება. საამისოდ საჭიროა ახალი ცნებები და მიდგომები, მიზნების ახლებურად განსაზღვრა. ყოველივე ეს უნივერსიტეტის არსებით გარდაქმნას საჭიროებს, თუკი ჩვენ გვსურს, რომ მან მიიღოს ჩვენი დროის გამოწვევა.
რა არის უნივერსიტეტის მისია?
მისია (ლათ. mission) მიზანს, მოწოდებას, დანიშნულებას ნიშნავს. უნივერსიტეტი (ლათ. universitas) ნიშნავს ერთობლიობას. ის ევროპული ცივილიზაციის უდავოდ წარმატებული ნაყოფია და შუა საუკუნეებში მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობას ნიშნავდა (universitas magistrorum et scholarium). სასწავლო დაწესებულებებს უფრო გვიან ეწოდათ უნივერსიტეტები. უნივერსიტეტების გასაოცარი აღმავლობა XI საუკუნიდან იწყება და ურბანიზაციის პროცესებს უკავშირდება. პირველი უნივერსიტეტები შუა საუკუნეების ევროპაში, კერძოდ, იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისში და ესპანეთში შეიქმნა (მაგალითად, ბოლონიაში - 1088 წელს, პარიზში - 1150 წელს, ოქსფორდში - 1167 წელს, კემბრიჯში - 1209 წელს, პირველი გერმანული უნივერსიტეტი პრაღაში - 1348 წელს და სხვ.).
შუა საუკუნეებში საუნივერსიტეტო სკოლები კათედრალებთან და მონასტრებთან იყო დაკავშირებული. მხოლოდ მოგვიანებით გახდნენ უნივერსიტეტები დამოუკიდებელნი. აღსანიშნავია, რომ XVIII საუკუნემდე არც ერთ სახელმწიფო ძალას არ შეეძლო უნივერსიტეტის ავტორიტეტში ჩარევა. ცნობილია, რომ 1231 წელს რომის პაპმა გრიგოლ IX-მ გამოსცა ბულა, რომლითაც მან პარიზის უნივერსიტეტს ავტონომია მიანიჭა. უნივერსიტეტებს ჰქონდათ საკუთარი წესი, რომლის მიხედვითაც მასწავლებელი და სტუდენტი გათავისუფლებული იყო გადასახადებისაგან და ომში მონაწილეობისაგან. სწავლა თავდაპირველად სპეციალურ ადგილას კი არა, არამედ უბრალოდ ქუჩებში მიმდინარეობდა ან კიდევ კათედრალების ახლოს; უნივერსიტეტებისათვის სივრცის შეძენა მოგვიანებით დაიწყეს. შუა საუკუნეების უნივერსიტეტი, ძირითადად, ავტორიტეტზე დამყარებულ ცოდნას ეფუძნებოდა, მაგრამ თანდათან დაიწყო რაციონალური თეოლოგიისა და ფორმალური ლოგიკის, მაშასადამე, ცოდნის ახალი მოდელების ძიების პროცესი.
რეფორმაციის შემდგომ უნივერსიტეტზე ეკლესიის გავლენა შემცირდა, ხოლო სახელმწიფოს გავლენა პირიქით - გაიზარდა. ამასთან, ტექნიკური რაციონალიზაციის პროცესთან ერთად (განსაკუთრებით XVII საუკუნის შემდგომ), უნივერსიტეტის მიზნების ცვლილება ხდება - კულტურული მემკვიდრეობის გადაცემაზე უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფო კადრების მომზადება აღმოჩნდა.
უნივერსიტეტის ზოგადი კონტექსტი უნივერსუმის იდეაა - სამყაროს წესრიგის შესახებ წარმოდგენა. ყველა ეპოქაში ადამიანი ეძებს გზებს, ნათელ და მყარ იდეებს, პოზიტიურ წარმოდგენებს სამყაროს და საგნების შესახებ.
ტრადიციულად, „უნივერსიტეტი“ ჭეშმარიტების ძიებისა და დადგენის, ერთობლივი კვლევა-ძიებების ადგილია. ჭეშმარიტება კი, როგორც „ადამიანის მაკონსტრუირებელი აუცილებლობა“, ადამიანის ერთადერთი უპირობო მოთხოვნილება და ცხოვრების საზრისის განმსაზღვრელი ცნება, ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიური პრაქტიკის შემდგომ ეჭვის ქვეშ დადგა. ჭეშმარიტების ცნება უნივერსალურ ხასიათს კარგავს, რადგან ზოგადი ჭეშმარიტება არ არსებობს, რადგან „ისტორია ყოველთვის ახალ ჭეშმარიტებას წარმოშობს“. ნიცშეს ჭეშმარიტების ალტერნატივებად ინტერპრეტაცია, შეფასება და შემოქმედების საფუძველზე სამყაროსთვის საზრისის მინიჭება ესახება.
უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის თვალსაჩინო მკვლევრის, რონალდ ბარნეტის აზრით, „ჭეშმარიტებისა“ და „ცოდნის“ გაგების უკან განმანათლებლობის ეპოქის უნივერსიტეტის იდეალები დგას. „ჩვენ შემდგომში ვეღარ გამოვიყენებთ „ცოდნისა“ და „ჭეშმარიტების“ ენას, მით უფრო, განმანათლებლობის ენას თანამედროვე უნივერსიტეტის დასაფუძნებლად. თანამედროვე უნივერსიტეტს შეუძლია გვერდი აუაროს ცოდნისა და ჭეშმარიტების შესახებ პოლემიკას. „[...] ის საერთოდ არ საჭიროებს ლეგიტიმაციას და იდეოლოგიას.“ თუ მაინც გავიფიქრებთ, რა შეიძლება იყოს თანამედროვე უნივერსიტეტის იდეოლოგია, ის შეიძლება გამოიხტოს თეზისით - „საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია“.
უნივერსიტეტის მისია XVII-XIX საუკუნეებში
XVII საუკუნიდან უნივერსიტეტის ავტორიტეტის თანდათანობითი დაცემის პროცესი იწყება. უნივერსიტეტი განმანათლებლების კრიტიკის ობიექტად იქცა. ფრანგი განმანათლებელი დენი დიდრო ბრალს სდებდა უნივერსიტეტებს „ტრადიციულ უვიცობასა და უმეცრებაში“, რადგან იმდროინდელი პროგრამები აღარ შეესაბამებოდა შესაბამისი ეპოქის მეცნიერების განვითარების დონეს. სტუდენტური ცხოვრება, რომანტიკა, დუელები და ა.შ. განათლების დიად მიზნებისგან გაუცხოვდა.
სწორედ იმ პერიოდის განათლებული საზოგადოების დიდ ნაწილში გაჩნდა აზრი იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოს შეუძლია უნივერსიტეტის გადარჩენა, ასე ვთქვათ, მისი „გამოსწორება“. შესაბამისად, XVIII საუკუნიდან, სახელმწიფოს გავლენა უნივერსიტეტსა და ზოგადად საზოგადოებაზე არსებითად იზრდება. ამ პროცესების დასტური იყო გიოტინგენის უნივერსიტეტის რეფორმა, განათლების მაღალი ხარისხი, რაც ტრადიციულ ადმინისტრაციულ სტრუქტურაში სახელმწიფოს ჩარევის შედეგად იქნა მიღწეული. გატარებული რეფორმების შედეგად დაინერგა სწავლების თავისუფლება, გაიზარდა პროფესორების პრივილეგიები, ამაღლდა მათი სოციალური სტატუსი (ისინი ხშირად ინიშნებოდნენ სახელმწიფო პირების მრჩევლებად), სწავლების პროცესი გათავისუფლდა ცენზურისაგან, პროფესორი ინიშნებოდა სახელმწიფოს მიერ და ა.შ. უნივერსიტეტის ფინანსურ საქმიანობაზე კონტროლის ფუნქცია სახელმწიფომ გადაიბარა (ჰანოვერის სახელმწიფომ), გაიხსნა ბიბლიოთეკა, მეცნიერება და სწავლება იქცა პრიორიტეტად. დაინერგა სწავლის ახალი ფორმა - სემინარი, დაიწყო სწავლის პროცესის დემოკრატიზაცია. საუკეთესო უნივერსიტეტში განათლების მისაღებად ჩამოდიოდნენ ახალგაზრდები ევროპიდან, რუსეთიდან, ლიბანიდანაც კი.
მოდერნიზაციის სხვა გზას დაადგა ავსტრია. 1750-1780-იან წლებში მარია ტერეზას და, მოგვიანებით, მისი შვილის, იოზეფ II-ს მიერ განხორციელდა უმაღლესი განათლების რეფორმა. ავსტრიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისია სახელმწიფოსათვის კადრების მომზადებას და ელიტარული საზოგადოების სასწავლო დაწესებულებას უკავშირდება. ამასთან, ავსტრიული უნვერსიტეტი პირველ ნაციონალურ უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა. 1784 წ. გერმანული ენა აღიარეს სწავლების ენად ლათინურის ნაცვლად, დაიწყო განათლების პროცესის მკაცრი რეგლამენტირება: დეტალურად გაიწერა გამოცდები ყოველი კურსის შემდგომ, აიკრძალა სწავლისა და სწავლების თავისუფლება, გაწყდა კავშირი უნივერსიტეტსა და ეკლესიას შორის, კათოლიკური ტრადიციები აიკრძალა, მოქმედებდა ერთიანი პროგრამები და სახელმძღვანელოები. სახელმწიფოს მიერ უდიდესი ყურადღების მიუხედავად, ამ რეფორმამ არ გაამართლა. წარუმატებლობის უმთავრესი მიზეზი უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სისტემა იყო. ნებისმიერი სახის ცვლილება სახელმწიფოს მაღალი ეშელონებიდან ნებართვას საჭიროებდა, რამაც შეანელა უნივერსიტეტების განვითარების პროცესი. ავსტრიული იმპერიის რეფორმამ ცხადყო, რომ უნივერსიტეტი აკადემიური თავისუფლების გარეშე ვერ განვითარდება. ვერც ფინანსურმა მხარდაჭერამ და ვერც ლექციებზე დასწრების უმკაცრესმა კონტროლმა ვერ შექმნა სწავლისადმი ინტერესისა და მისწრაფების ის ატმოსფერო, როგორიც იყო გიოტინგენში. თუმცა, უდავოდ დიდი იყო ავსტრიული უნივერსიტეტის მიერ გადაგმული ნაბიჯები ნაციონალური უნივერსიტეტის, ნაციონალური ცნობიერების და ეროვნული ერთიანობის იდეის ჩამოყალიბებაში.
უნივერსიტეტის მისიას იმანუელ კანტი ცალკეული ტრადიციული ფაკულტეტების (საღვთისმეტყველო, ფილოსოფიის, სამედიცინო და სამართლის) მისიას უკავშირებდა. მისი აზრით, საღვთისმეტყველო, სამედიცინო და სამართლის ფაკულტეტები სახელმწიფო ინტერესებს ემსახურება (შესაბამისად, ფაკულტეტების კურსდამთავრებულთა კონტროლირება და სტანდარტების დადგენა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ ხორციელდებოდა), ფილოსოფიის ფაკულტეტი კი გონების კანონმდებლობას ექვემდებარება. ფილოსოფიის ორი განყოფილება _ ისტორიული შემეცნება და წმინდა შემეცნება მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. აღასანიშნავია, რომ ფილოსოფიის ქვეშ კანტის ეპოქა, ფილოსოფიური დისციპლინების ერთიანობასთან ერთად, ზოგადად, მეცნიერებას მოიაზრებდა. სახელმწიფო კარგად ხედავდა გონების ძალასთან თანხმობის საჭიროებას სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისას და, ამდენად, დაინტერესებული იყო ფილოსოფიის განვითარებით. ჯერ კიდევ კანტის ეპოქაში პრუსიის სამეფო კარგად აცნობიერებდა, რომ კრიტიკული აზროვნების იგნორირება სახელმწიფოსთვის საზიანო შეიძლება აღმოჩენილიყო. მიუხედავად იმისა, რომ კანტის იდეებს ბევრი სახელმწიფო მოხელე არ იზიარებდა, კანტის მრავალი იდეა განავითარა ჰუმბოლდტმა ბერლინის უნივერსიტეტის მისიის ჩამოყალიბებისას. ბერლინის და გიოტინგენის უნივერსიტეტების თავისუფალი სივრცე სანიმუშო იყო XIX საუკუნის ევროპისა და რუსეთის სხვა უნივერსიტეტებისათვის.
ნაპოლეონის საფრანგეთმა უნივერსიტეტის კიდევ ერთი მოდელი შესთავაზა ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს. უმაღლესი განათლების ფრანგული საუნივერსიტეტო სისტემა XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე ჩამოყალიბდა. 1806 წელს ნაპოლეონმა მიიღო კანონი საფრანგეთის უნივერსიტეტის შესახებ, რომელიც ასი წლის განმავლობაში ამყარებდა განათლების სიტემის ადმინისტრაციულ წყობას. უნივერსიტეტი დაიყო ვიწრო სპეციალობის პროფილურ უმაღლეს სკოლებად, რომლებსაც მხოლოდ სწავლების ფუნქცია ეკისებოდა და მეცნიერების პროგრესთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა, კვლევა კი სხვა ინსტიტუციების (მაგალითად, Collège de France და სხვ.) პრეროგატივად იქცა. დაწესდა მკაცრი ბიუროკრატიული კონტროლი, ერთიანი სასწავლო და საგამოცდო გეგმები. ამ გზით სწრაფად შეივსო სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის, არმიის კადრები, მომზადდა ტექნიკური სპეციალისტები. მიუხედავად წარმატებებისა, XIX საუკუნის ბოლოს, 1896 წელს, ეს სასწავლებლები ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მოდელზე გადავიდა. ფაქტია, რომ ჰუმბოლდტიანური უნივერსიტეტის იდეა - სწავლისა და კვლევის ინტეგრაცია, იმთავითვე ღირებული აღმოჩნდა. XIX საუკუნეში სწორედ ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი ახდენდა მეცნიერებასა და ფილოსოფიაში დიდი მიღწევების დემონსტრირებას. აკადემიური თავისუფლება და სამეცნიერო კვლევა - ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მისიის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი პრინციპია. გამოჩენილი გერმანელი ფიზიკოსი, ფიზიოლოგი და მედიკოსი, ჰერმან ლუდვიგ ფერდინანდ ფონ ჰელმჰოლცი (1821-1894 წწ.), 1877 წელს, ფრანგული საუნივერსიტეტო მოდელის ნაკლოვანებებზე საუბრისას, ხაზს უსვამდა სწორედ აკადემიური თავისუფლების ნაკლებობას; სწავლა მოვალეობაა და არა დაინტერესების შედეგი, მეცნიერება კი აკადემიის პრეროგატივად რჩება.
იმანუელ კანტისა და ჰენრიხ შტეფენსის (1773-1845 წწ.) იდეებზე ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტი ბერლინის უნივერსიტეტის მისიას აყალიბებს. ჰუმბოლდტის ძალისხმევის შედეგად, ბერლინის უნივერსიტეტმა (1810 წ.) რევოლუცია მოახდინა მეცნიერების განვითარებაში, XIX საუკუნის უნივერსიტეტის კრიზისის დაძლევა მოახერხა; უფრო მეტიც, ბერლინის უნივერსიტეტმა მალევე დაიმკვიდრა გამორჩეული ადგილი ევროპულ საუნივერსიტეტო სივრცეში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შემდგომში მსოფლიოს მრავალი ახალი უნივერსიტეტის ჩამოყალიბება და უნივერსიტეტთა მოდერნიზაცია ბერლინის უნივერსიტეტის მოდელის მიხედვით ხდებოდა.
ახალი უნივერსიტეტის ახალი მისია სწავლებისა და კვლევის ერთიანობის იდეას დაეფუძნა. უნივერსიტეტი ერთდროულად წარმოადგენდა საგანმანათლებლო დაწესებულებას და სამეცნიერო-კვლევით კორპორაციას. უნივერსიტეტის პროფესორი უნდა ყოფილიყო, უპირველეს ყოვლისა, მეცნიერი. სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა, სამეცნიერო გამოცემებში, მეცნიერული მიღწევები ჰუმბოლდტიანური უნივერსიტეტის მისიას დაესაფუძვლა და მეცნიერული ცოდნის გადაცემის წინაპირობად იქნა აღიარებული.
ჰუმბოლდტიანური უნივერსიტეტის მისიის მეორე უმნიშვნელოვანესი პრინციპი იყო „მეცნიერებით განათლება“, მუდმივი მეცნიერული კვლევა-ძიება. სწორედ მეცნიერებისადმი ამგვარმა მიდგომამ განსაზღვრა აკადემიური თავისუფლება. მეცნიერება არ ექვემდებარება სტანდარტიზაციას და ბიუროკრატიულ კონტროლს.
ბერლინის უნივერსიტეტის მისიის მესამე უმნიშვნელოვანესი პრინციპი - სწავლებისა და სწავლის თავისუფლება - ნიშნავს, რომ ლექტორი თავად ადგენს სასწავლო კურსის პროგრამას, ხოლო სტუდენტს ეძლევა სასწავლო კურსების არჩევის თავისუფლება. ამიერიდან უნივერსიტეტის მისიად მეცნიერული შემეცნების მეთოდების კვლევა-ძიება იქცა და არა ენციკლოპედიური ცოდნის გადაცემა, შუა საუკუნეებში გავრცელებული პრაქტიკის მსგავსად.
სწორედ ამ ახალი იდეებით ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა ლიდერობას. ის იყო არა მხოლოდ მეცნიერების საუკეთესო სამჭედლო, არამედ ინტელექტუალური ელიტის სამჭედლოც. უნივერსიტეტი, როგორც კვლევითი ცენტრი, ითხოვდა სტუდენტების მომზადების მაღალ დონეს, ინდუსტრიალიზაციის და ინტელექტუალიზმის სინთეზს/კავშირს, რაც სრულიად ეხმიანებოდა ეპოქის თავისებურებას.
უნივერსიტეტის მისიის გაუფერულება და უნივერსიტეტის კრიზისი
ჰუმბოლდტიანური უნივერსიტეტის მისია და იდეალები პერსპექტიული აღმოჩნდა ევროპული საუნივერსიტეტო სივრცისთვის. ეს იდეები უკრიტიკოდ იყო ათვისებული და დღემდე სიცოცხლისუნარიანია. მაგრამ, XX საუკუნის დასაწყისში, მაქს ვებერმა ყურადღება გაამახვილა ერთობ თანამედროვე პრობლემაზე, რომ „მეცნიერება ხდება პროფესია“ ან კიდევ „ინტელექტუალური პროფესია“ (ორტეგა ი გასეტი). ფრიდრიხ ნიცშე კი ცინიკურად შენიშნავდა, რომ „წარუმატებელი მეცნიერი ხდება ჟურნალისტი“. ვებერის აზრით, ჰუმბოლდტიანური უნივერსიტეტის მორალურ იდეალს აღარ შეესაბამება პედაგოგი მეცნიერის კარიერული სწრაფვა. კარიერულ მიზნებზე ორიენტირება აკადემიურ საზოგადოებას შუა საუკუნეობრივ ამქრულ გაერთიანებებთან აახლოვებს. ასე რომ, XX საუკუნიდან, გამოიკვეთა მორიგი ახალი პრობლემა: რამდენად არის განხორციელებადი ჰუმბოლდტიანური უნივერსიტეტის მისია? ამიერიდან მეცნიერული ჭეშმარიტების ძიება და „მეცნიერებით განათლება“ კრიტიკული განაზრებების არეში ექცევა.
ჰუმბოლდტიანური უნივერსიტეტის იდეის კრიზისი დღეს ახალ ჭრილში ავლენს თავს. ეს კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება ზოგადსაგანმანათლებლო სივრცის კრიზისის პირობებში, რის საფუძველზეც თვალშისაცემია აუდიტორიის დისკომფორტი, კომუნიკაციის პრობლემა, მეცნიერების სწავლების გამარტივება. ტრადიციული აკადემიური მოღვაწეობის სიმძიმე და ფორმალური მოთხოვნები, ცოდნის გამარტივებისკენ მიმართული სწავლების ახალი მეთოდების ძიება და უნიფიკაცია, პროფესორისადმი დაკისრებული მრავალი ფორმალური მოვალეობა, ხშირ შემთხვევაში, შეუთავსებელია მეცნიერებასთან.
უნივერსიტეტის მისია სინთეზური და სისტემატური პრობლემაა. თანამედროვე სამყარო უნივერსიტეტის სხვადასხვა ვერსიას გვთავაზობს: ნაციონალურ მულტიმედიალურ სასწავლო ქსელზე დაფუძნებული ინდუსტრიული უნივერსიტეტი, ტექნიკური, კონფესიური, ვირტუალური და სხვა. საუნივერსიტეტო სივრცეზე საბაზრო ეკონომიკისა და გლობალიზაციის პროცესების გავლენების პირობებში თვით უნივერსიტეტის ცნება საჭიროებს დაზუსტებას. დღეს ის რთულად ექვემდებარება მარტივ და მყარ დეფინიციებს.
თანამედროვე უნივერსიტეტის რეფორმირების და ტრანსფორმირების პროცესში ცვლილებას განიცდის უნივერსიტეტის მისიაც. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტის რეფორმა, უპირველეს ყოვლისა, უნივერსიტეტის მისიის განსაზღვრით იწყება. უმაღლესი განათლების თანამედროვე სივრცეში, როცა არ არსებობს უნივერსიტეტის შექმნის უნიფიცირებული ზუსტი რეცეპტი, ერთადერთი ფორმალური მოთხოვნა, რომლის შესრულებაც სავალდებულოა, არის ის, რომ უნივერსიტეტი ზუსტად უნდა აცნობიერებდეს საკუთარ მისიას (მაგალითად, ჟაკ დერიდას მიაჩნდა, რომ უფრო სწორი იქნებოდა უნივერსიტეტის „ვალდებულებებზე“ საუბარი).
უნივერსიტეტის მისია და სახელმწიფო
XVIII საუკუნიდან მოყოლებული, ნაციონალური უნივერსიტეტების ფორმირების შემდგომ, უნივერსიტეტი ფართო ჰორიზონტს იძენს. განიცდიდა რა საზოგადოებისა და სახელმწიფოს გავლენას, სახეზე იყო უნივერსიტეტების გარდაქმნის პროცესები. აღსანიშნავია, რომ ამ გავლენებმა ორმხრივი ხასიათი შეიძინა. ამ მრავალგვარობაში გამოიკვეთა სულიერების მარადიული იდეა, რომელიც უნივერსიტეტში უნდა განხორციელდეს. ბრძოლა მეცნიერების ფილოსოფიურ სულსა და საზოგადოების მარად ცვალებად მოთხოვნილებებს შორის, რაც უნივერსიტეტების ისტორიაში ქმნიდა კიდევაც უძრაობის ან კიდევ წინსვლისა და აყვავების ეპოქებს. ასე რომ, უნივერსიტეტი დიდ გავლენას ახდენს სახელმწიფოზე. ამ თვალსაზრისით, თვალსაჩინოა გერმანული უნივერსიტეტების როლი გერმანული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ჩამოყალიბის პროცესში.
უნივერსიტეტის მიმართება სახელმწიფოსთან საფუძვლიანად არის გაანალიზებული კარლ იასპერსის ფუნდამენტურ ნაშრომში „უნივერსიტეტის იდეა“ (იხ. IV თავი - „სახელმწიფო და საზოგადოება“). იასპერსის განაზრებები უნივერსიტეტის ავტონომიისა და პოლიტიკური დამოკიდებულების შესახებ, უნდა ითქვას, რომ დღესაც აქტუალურია. სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკა ყოველთვის ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ როგორ უნდა განვითარდეს განათლების სტრატეგიები, შესაბამისად, სახელმწიფო განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო-მოთხოვნების რეგლამენტირებას, უნივერსიტეტების რეალური ავტონომიის გაფართოებას და ა.შ.
კარლ იასპერსმა უნივერსიტეტისა და სახელმწიფოს მიმართების ფუნდამენტური საფუძვლები წარმოაჩინა. უნივერსიტეტი მჭიდრო კავშირშია სახელმწიფოსთან; მართალია, თავად უნივერსიტეტის იდეა, შეიძლება ითქვას, ზესახელმწიფოებრივი და „ზენაციონალურია“, მაგრამ უნივერსიტეტი პოლიტიკურად მაინც დამოკიდებულია. რადგან პოლიტიკური სამყაროს საფუძველმდებარე ნება განაპირობებს უნივერსიტეტის სახეს, უმაღლესი განათლების მოდელს, დამოუკიდებელ, ნამდვილ, ყოველგვარი იდეოლოგიებისაგან თავისუფალ კვლევებს. ასე რომ, სახელმწიფო უნივერსიტეტის არსებობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
უნივერსიტეტი მაშინ არის ძლიერი, „როცა ჭვრეტს საკუთარ ბედს სახელმწიფოს მთლიანობის ბედში, როცა ასხივოსნებს მას განმანათლებლური მიზანდასახულობის ძალით.“ არსებითი მათი წარმატებული თანაარსებობისათვის ის არის, რომ სახელმწიფოს ინტერესები დაემთხვეს უნივერსიტეტის იდეას.
იასპერსის აზრით, სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებლობის გარანტი უნდა იყოს, უნივერსიტეტი კი, თავის მხრივ, უნდა აფასებდეს იმას, თუ რამდენადაა სახელმწიფო თავისუფლების გარანტი. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტიც და სახელმწიფოც აღიარებენ თავიანთ საერთო სათავეს - ესაა თავისუფლების პრინციპის განხორციელებისკენ დაუოკებელი სწრაფვა. ეს კი ზრდის უნივერსიტეტის აღმზრდელობითი არსის მნიშვნელობას სახელმწიფოს შიდა პოლიტიკის ჭრილში. აქ საქმე ეხება საკუთარი ხალხის ეთიკურ მომავალს, რომელიც ჭეშმარიტების მარადიულ ძიებასთანაა დაკავშირებული. „უნივერსიტეტი - ეს ის ადგილია, სადაც საზოგადოება და სახელმწიფო ნებას რთავს ეპოქის ცნობიერებას გაიშალოს უმაღლესი ფორმით.“
თანამედროვე კორპორაციული კავშირების გარემოში აქტუალური ხდება დისკუსია იმის შესახებ, რა უფრო მნიშვნელოვანია: უნივერსიტეტის დამოკიდებულება სახელმწიფოზე თუ ბიზნესზე. ცოდნის კომერციალიზაციის და ქსელური კავშირების პერსპექტივა კიდევ უფრო მკაცრად ითხოვს მეცნიერული კვლევების გაღრმავებას. ინოვაციური მოღვაწეობა, ტექნოლოგიების სფეროთა კომერციალიზაცია, პერსპექტიული კადრების მომზადება უნივერსიტეტებს მუდმივად და უწყვეტად ახალი მოთხოვნების წინაშე მზადყოფნის რეჟიმში ამყოფებს. ფაქტია ისიც, რომ აუცილებელია იმ წინაპირობების ანალიზი,
რაც სახელმწიფოს, ბიზნესისა და მეცნიერების წარმატებული ურთიერთობების საფუძველია. ამდენად, დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების მოქნილობა, პარტნიორობა და იმ კონცეპტუალური სტრატეგიების დამუშავება, რაც ეკონომიკური მოდერნიზების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სახელმწიფოს როლი ამ კონტექსტშიც დომინანტურია, რადგან ინფრასტრუქტურის, ინოვაციური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბება, ეკონომიკური ზრდისა და წარმოების განვითარების პოლიტიკა, ინოვაციური პროგრესი, ახალ ტექნოლოგიებზე წარმატებული გადასვლა, ინსტიტუციურ სფეროთა (სახელმწიფო/ბიზნესი, სახელმწიფო/მეცნიერება, ბიზნესი/მეცნიერება) განვითარება და ურთიერთთანამშრომლობა სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე წარმოუდგენელია.
მომავლის ადამიანის ფორმირება
უნივერსიტეტი, როგორც სწავლებისა და აღზრდის ცენტრი, ორიენტირებული უნდა იყოს მომავლის ადამიანზე, რომელსაც შეეძლება საკუთარი მსოფლხედვის, სახელმწიფოსა და საკუთარი ხალხის ბედის განსაზღვრა. მომავლის ადამიანმა სწორად უნდა დაადგინოს, თუ რომელი ღირებულებებია მნიშვნელოვანი, რისთვის ღირს სიცოცხლე და თავგანწირვა!
უნივერსიტეტის ავტონომიურობა, თავისუფლება, ღიაობა, სწავლების ალტერნატიული ფორმების დანერგვა და კრიტიკული აზროვნება მეცნიერების წინსვლის აუცილებელი წინაპირობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჭეშმარიტების ძიებას ენაცვლება „ვიწრო დოგმატიკა“. ეს კი, როგორც უნივერსიტეტის, ისე, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოსთვისაც დამღუპველია. ამიტომ სახელმწიფომ, რომელიც უნივერსიტეტის თავისუფლების გარანტი უნდა იყოს, თავად უნდა უზრუნველყოს, რომ უნივერსიტეტმა არასოდეს დაივიწყოს თავისი ჭეშმარიტი სახე და დანიშნულება.
უნივერსიტეტის განვითარების სოციალურ-ისტორიული გამოცდილების ანალიზს ეძღვნება ხოსე ორტეგა ი გასეტის ზემოთ ხსენებული ნაშრომი „უნივერსიტეტის მისია“. მასში განვითარებულია პედაგოგიკის საყოველთაო არსის, სოციალური დანიშნულებისა და შესაძლებლობების იდეა. პედაგოგიური მეცნიერება არ უნდა იყოს კანონმდებელთა და ხელისუფალთა მსახური, რადგან რეალურ ცხოვრებაში ჭეშმარიტი პედაგოგიური მიზნები და ამოცანები ხშირად ეწირება ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების ანგარებას. განათლების ძირითად მიზნად, როგორც წესი, იქცევა საზოგადოების ლიდერთა ძალაუფლების განმტკიცება, ხოლო ძირითად შინაარსად კი - კონფორმიზმი და პირფერობა. ორტეგა ი გასეტი ამტკიცებდა, რომ პედაგოგიური იდეალები კი არ უნდა მოერგოს პოლიტიკას, არამედ პირიქით - პოლიტიკა უნდა მისდევდეს განათლების ჰუმანისტურ იდეალებს.
უნივერსიტეტის კულტურული მისია
XX საუკუნეში საზოგადოების ისტორიული განვითარების პროცესში უნივერსიტეტს დაეკისრა პროფესიონალი სპეციალისტების მომზადებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელების პასუხისმგებლობა; ამის გამო „საყოველთაო კულტურის“ სწავლებამ, რაც შუა საუკუნეებში თეოლოგიის, ფილოსოფიისა და ხელოვნების სწავლების გზით ხდებოდა, სრულიად დაკარგა თავდაპირველი საზრისი. ამის შედეგად „თანამედროვე საშუალო ევროპელი“ აღმოჩნდა კულტურის გარეშე. „ეს საშუალო ადამიანი არის ახალი ბარბაროსი, რომელიც ჩამორჩა თანამედროვე ცივილიზაციას. [...] ეს ახალი ბარბაროსი არის პროფესიონალი, ის მეტად განსწავლულია, ვიდრე ოდესმე, მაგრამ ამავე დროს მით უფრო უკულტურო - ინჟინერი, ექიმი, იურისტი, სწავლული.“
ორტეგა ი გასეტი კულტურას განიხილავს როგორც სამყაროსა და მასში ადამიანის დანიშნულების შესახებ ადეკვატური წარმოდგენების ჯამს. აქედან გამომდინარე, იგი ასკვნის, რომ XX საუკუნეში უნივერსიტეტის, როგორც უმაღლესი სასწავლო დაწესებულების, ძირითადი ფუნქცია უნდა იყოს „უდიდესი კულტურული დისციპლინების“ შესწავლა. ამ დისციპლინათა რიცხვს მიეკუთვნება: ფიზიკა (სამყაროს ფიზიკური სქემა), ბიოლოგია (ორგანული სამყაროს ფუნდამენტური სქემა), ისტორია (ადამიანთა მოდგმის ისტორიული პროცესი), სოციოლოგია (სოციალური ცხოვრების სტრუქტურა და ფუნქციონირება) და ფილოსოფია (სამყაროს სქემა).
ადამიანის კულტურული აღორძინებისათვის ორტეგა ი გასეტი გვთავაზობს უნივერსიტეტში კულტურის ფაკულტეტის შექმნას, რომლის მიზანია იდეათა კულტურული სინთეზი თანადროულობის კონტექსტში: ეს იქნებოდა ცოდნის ჯანსაღი სინთეზი და სისტემატიზება, მსოფლიო კაცობრიობის წინაშე მდგარი ჰუმანისტური მიზნების გააზრება და გამოხატვა.
„კულტურული განათლების“ კონცეფციიდან გამომდინარე, ორტეგა ი გასეტის აზრით, უნივერსიტეტის ძირითადი სოციალური ფუნქციებია:
ორტეგა ი გასეტის „უნივერსიტეტის მისია“ იყო ერთგვარი სოციალურ-პედაგოგიური მანიფესტი, რომელიც აღიარებდა უნივერსიტეტის ინტელექტუალურ დამოუკიდებლობას სახელმწიფო მოხელეების პირადი ინტერესებისაგან. ამ კონცეფციის მიზანი იყო კულტურული უნივერსიტეტის ხელმძღვანელ საზოგადოებრივ ძალად ქცევა. უნივერსიტეტი, როგორც კაცობრიობის კულტურული აღორძინების ცენტრი, უნდა გახდეს არა მხოლოდ უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, არამედ საზოგადოების განსაკუთრებული სულიერი ძალა. ამით უნივერსიტეტი შეიძენს იმ ფუნქციას, რაც მას თავისი გაბრწყინების ეპოქაში ჰქონდა, როცა ის დასავლური სამყაროს ისტორიაში სულიერი აღორძინების საძირკველი იყო.
უნივერსიტეტის გაფართოება
ჯერ კიდევ ფრ. ნიცშემ ნაშრომში „განაზრებანი ჩვენი საგანმანათლებლო დაწესებულებების მომავლის შესახებ“ (1872 წ.) ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განათლების გაფართოება და გავრცელება შეასუსტებს საგანმანათლებლო ინსტიტუციებს, კერძოდ კი, უნივერსიტეტს. მოგვიანებით, კარლ იასპერსი წუხდა იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტი მასობრივ მოვლენად იქცა. ეს ხედვები მოსალოდნელ რისკებზე იყო ორიენტირებული და ეს რისკი, შესაძლოა, განათლების მარგინალიზაცია აღმოჩნდეს!
XXI საუკუნის დასაწყისში უნივერსიტეტის მისია რადიკალურად შეიცვალა. ეს ცვლილებები ეხება უნივერსიტეტისა და საზოგადოების ურთიერთობის მიზნებსა და მოდელებს. უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ პედაგოგიური არენა, არც მხოლოდ მეცნიერების გადარჩენის ინსტრუმენტი. კვლავინდებურად მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის სოციალური ფუნქცია: საზოგადოებას მუდმივად სჭირდება მიმართულება, ხოლო საზოგადოებრივი აზრი კი წარმართავს სახელმწიფოს. ამდენად, საზოგადოებრივი ცხოვრება საჭიროებს უნივერსიტეტის გადაუდებელ ჩართულობას. უნივერსიტეტის სოციალური მისია საგანმანათლებლო საქმიანობით და მასთან დაკავშირებული წარმატებული სამეცნიერო-კვლევითი ინტერესებით განისაზღვრება.
XXI საუკუნის უნივერსიტეტის სოციალურმა მისიამ (მას უნივერსიტეტის მესამე მისიას - third stream ან third mission უწოდებენ), ახალი განზომილება შეიძინა. საზოგადოების მოთხოვნები უნივერსიტეტის მიმართ იმდენად გაიზარდა, რომ „ტრადიციული მიდგომები უადგილოც კი ჩანს.“ უნივერსიტეტი ადეკვატურად უნდა პასუხობდეს სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს, იქნება ეს ხელისუფლების, ბიზნესისა თუ საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროს ახალი რეალობები, ზოგჯერ ის ამას საკუთარი ინსტიტუციური თავისებურებების გვერდზე გადადების ხარჯზეც უნდა აკეთებდეს. ამ პროცესში უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება „მოქნილობას“ და სისტემატიზაციას თავად საუნივერსიტეტო ცოდნის შინაარსის ცვალებადობასთან მიმართებით. ამდენად, უნივერსიტეტის მისიის გამოკვეთა ბევრად სერიოზული ფიქრისა და განსჯის საგანი ხდება. ამ კონტექსტში უნივერსიტეტის წინაშე მდგარი ფუნდამენტური პრობლემები წარმოჩნდება: (1). უნივერსიტეტი უნდა გაუმკვლავდეს საბაზრო ეკონომიკის სულ უფრო მზარდ პოლიტიკურ წონას და მის გავლენებს უნივერსიტეტზე (ჟ. დერიდა, დ. ბოკი ). (2). რთული ხდება სპეციალობების ბალანსირება. (3). უნივერსიტეტმა უნდა მოახერხოს ადაპტაცია სამყაროს და საზოგადოების სიღრმისეულ (სწრაფ) ცვლილებებზე - კომპიუტერული სამყარო, ინფორმაციული რევოლუცია და დააზუსტოს ცოდნის შინაარსი, რომელიც მოცემულობათა სულ უფრო მზარდ რაოდენობასთან და ფორმებთან მიმართების უნარს უიგივდება. (4). „შექმნილი რისკების სამყაროში“ (ე. გიდენსი), დეტრადიციონალიზაციის, ტერორიზმის, ლამის ოცდაოთხსაათიანი სამუშაო დღის, შესაბამისად, არასტაბილურობის, გაურკვევლობის ვითარებაში `სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, უკვე დიდი ხანია აღარ არის რთული, ის ზერთულია“ (რ. ბარნეტი). უნივერსიტეტის მისიაა, დაეხმაროს ახალგაზრდას ამ ურთულესი სამყაროს გაგებაში, გამოიმუშაოს ახალი მეთოდები გადარჩენისა და წინსვლისთვის. (5). ამ კონტექსტში, ცალკეული უნარების სწავლებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ხდება შემეცნების, ყოფიერების და მოქმედების მრავალრიცხოვან ფორმებთან მიმართების უნარ-ჩვევათა სწავლება. მოქნილობა, ადაპტაცია, პერსპექტივების ცვლა, საკუთარი თავის რწმენა, კომუნიკაბელურობა, კონკურენტუნარიანობა - ეს ის უნარებია, რაც დღეს, პირველ რიგში, აინტერესებთ დამსაქმებლებს. ეს ადამიანური უნარ-ჩვევები კი უმაღლესი განათლებით მიიღწევა. სწორედ ამ კონცეფციის თემატიზება, კონკრეტული გზებისა და მეთოდების ძიება უნივერსიტეტის მისიისა და ამოცანების შესახებ უახლესი კვლევების უმთავრეს შინაარსს განსაზღვრავს. კრიტიკული ინტერდისციპლინარიზმი, კორპორატიული პასუხისმგებლობა და კოლექტიური თვითანალიზი, კორპორატიული იდენტობის (პასუხის გაცემა კითხვაზე - კოლექტიური „მე“ თუ ინდივიდუალური ავტონომია?), ინდივიდუალური „მეს“ ორგანიზაციასთან შესაბამისობის ხარისხის დადგენა, ღიაობა, მუდმივი დიალოგი, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, შეხედულებათა დივერსიფიკაცია და სხვ. ამ პრობლემების შესახებ მძაფრი დისკუსიები ცხადყოფს, რომ უნივერსიტეტის იდეაც მუდმივ გადააზრებასა და რეინტერპრეტაციას საჭიროებს.
* * *
მაშასადამე, უნივერსიტეტის იდეა/მისია გულისხმობს, ნათლად გაარკვიოს უნივერსიტეტის დანიშნულება ჩვენს სამყაროში. მართალია, თავისუფლებისაკენ სვლა, მისი რეალიზება თანამდევი წინააღმდეგობებითაა დაღდასმული, მაგრამ უნივერსიტეტი მათ გადალახვას შეძლებს, თუკი ის ჭეშმარიტებისა და თავისუფლების იდეალების ერთგული დარჩება. სხვაგვარად მეცნიერების, ჭეშმარიტებისა და თავისუფლების ნამდვილი სულისკვეთება დაიკარგება. მუხლჩაუხრელი, დისციპლინირებული შრომა, მტკიცე გადაწყვეტილება და განათლების მომავლის რწმენა უმაღლესი განათლების განუყოფელი ნაწილია. უნივერსიტეტი ყოველთვის ამ იდეალების სადარაჯოზე უნდა იდგეს და განათლების დიადი მიზნების განხორციელებას უნდა შეუწყოს ხელი.
ბიბლიოგრაფია: