გერმანულიდან თარგმნა თენგიზ ირემაძემ
პირველად თვითონ მესია სრულყოფს ყოველგვარ ისტორიულ ხდომილებას, სახელდობრ, იმ აზრით, რომ თავად ის გადაარჩენს, დაასრულებს, ქმნის მის მიმართებას მესიანურთან. ამიტომ ვერავითარ ისტორიულს, საკუთარი თავიდან გამომდინარე, ვერ ექნება მესიანურთან მიმართება. სწორედ ამიტომ ღვთის საუფლო არ არის ისტორიული დინამიკის ტელოსი; ის მიზნად ვერ იქნება დასახული. ისტორიულად დანახული, ის მიზანი კი არ არის, არამედ დასასრულია. ამიტომაც პროფანის წესრიგი ღვთის საუფლოს იდეაზე ვერ იქნება აგებული, ხოლო თეოკრატიას კი არავითარი პოლიტიკური, არამედ მხოლოდ რელიგიური საზრისი აქვს. (თეოკრატიის პოლიტიკური მნიშვნელობა - ყოველგვარი ინტენსიობით უარყოფილი - [ერნსტ] ბლოხის „უტოპიის სულის“ უდიდესი დამსახურებაა.)
პროფანის წესრიგი ბედნიერების იდეაზე შეიძლება იყოს აგებული. ამ წესრიგის მესიანურთან მიმართება ისტორიის ფილოსოფიის ერთ-ერთი არსებითი ნაწილია, სახელდობრ, მისგანაა განპირობებული ისტორიის მისტიკური გაგება, რომლის პრობლემაც შემდეგ სურათში შეიძლება იქნეს ასახული: თუ ერთი ისრის მიმართულება იმ მიზანს აღნიშნავს, რომელშიც პროფანის დინამიკა მოქმედებს, ხოლო მეორე ისარი – მესიანური ინტენსიობის მიმართულებას, მაშინ თავისუფალი კაცობრიობის მიერ ბედნიერების ძიება, რასაკვირველია, ამ მესიანური მიმართულებიდან წინ ისწრაფვის, მაგრამ ისე, რომ, როგორც ერთ ძალას, თავისი გზის მეშვეობით, შეუძლია ხელი შეუწყოს სხვა, საპირისპირო გზის მქონე ძალას, ასევე უწყობს ხელს პროფანის პროფანული წესრიგი მესიანური საუფლოს მოსვლას. მაშასადამე, პროფანული თუმცკი არ არის საუფლოს კატეგორია, მაგრამ იგი ამ საუფლოს ჩუმი და სწორედაც უნამდვილესი მოახლოების კატეგორიათაგანია. ვინაიდან ბედნიერებაში ყოველივე მიწიერი თავის დაღმასვლას ესწრაფვის, მხოლოდ ბედნიერებაში ძალუძს მას დაღმასვლის პოვნაც. გულის, ცალკეული შინაგანი ადამიანის უშუალო მესიანური ინტენსიობა, რა თქმა უნდა, უბედურების (ტანჯვის გაგებით) გზით მიედინება. სულისმიერ restitutio in integrum-ს, უკვდავებისკენ რომ მივყავართ, შეესაბამება ამქვეყნიური restitutio in integrum, რომელიც დაღმასვლის მარადიულობაში მიედინება, და რიტმი ამ მარადიულად წარმავალი, ამ თავის ტოტალობაში წარმავალი, ამ თავის სივრცულ, მაგრამ, აგრეთვე, დროითს ტოტალობაში წარმავალი ამქვეყნიურისა, რიტმი მესიანური ბუნებისა გახლავთ ბედნიერება. ბუნება ხომ მესიანურია მისი მარადიული და ტოტალური წარმავლობისა გამო. აი, ამისკენ სწრაფვა, ადამიანის იმ საფეხურთათვისაც, ბუნებას რომ წარმოადგენს – მსოფლიო პოლიტიკის ამოცანაა, რომლის მეთოდსაც ნიჰილიზმი უნდა ეწოდოს.