ფრანგი ფილოსოფოსის ანდრე გლუკსმანის (1937-2015) ეს წერილი გამოქვეყნდა 2005 წლის 11 მარტს „Frankfurter Allgemeine Zeitung“-ში (# 59, გვ. 41) სათაურით: „Tschetscheniens De Gaulle“. ქართული თარგმანი ამ გამოცემიდან არის შესრულებული.
გერმანულიდან თარგმნა თენგიზ ირემაძემ
მე ასლან მასხადოვს ვუყვარდი. ჩეჩნეთში ჩემი მოგზაურობისას, 2000 წლის ივნისში, ერთმანეთს ვერ ვესაუბრეთ, რადგან ჩვენი შეხვედრები სამჯერ ბომბების ცვენამ შეწყვიტა. შემდეგ მე მას კითხვები გადავეცი. მან კასეტაზე ჩაწერილი ვრცელი პასუხი მომაწოდა, რომლითაც იგი ისლამიზმს გმობდა. პასუხის ბოლოს იგი განმარტავდა: „თავისუფალ ჩეჩნეთში არასოდეს აიძულებენ ჩეჩენ ქალს, რომ პირბადე ატაროს“.
იქნება კი ჩეჩნეთი ოდესმე თავისუფალი? მასხადოვი, რომელიც ინტერნაციონალური კონტროლის ქვეშ აირჩიეს პრეზიდენტად, მკვდარია. ის მოკლეს. რუსეთის მმართველთა გეგმა შესრულდა. ახლა მათ მხოლოდ შამილ ბასაევთან აქვთ საქმე, მათ მიერვე შექმნილ ექსტრემისტთა ლიდერთან, რომელსაც ისინი ყოველთვის ინდობდნენ, ბუდიონოვსკიდან დაღესტანამდე. ვლადიმერ პუტინი, საბჭოთა საიდუმლო სამსახურების სპეცმუშაკი, რომელიც თავის არდადეგებს შრიოდერთან და ბერლუსკონისთან ერთად ატარებს, ახლა მისი მსგავსის, ტერორისტის, პირისპირ დგას, რომელიც, მართალია, მის სიმკაცრეს ჯერ კიდევ ვერა, მაგრამ მის სისასტიკეს დიახაც რომ ფლობს. სისხლის ღვრა შეიძლება კიდევ გაგრძელდეს და მკვლელობები კვლავაც განახლდეს.
მასხადოვმა ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა და განმარტა, რომ ის დასავლური ღირებულებების მხარეზე დგას და არა რადიკალური ისლამიზმისა. ცეცხლის შეწყვეტა ყველა ბოევიკმა აღიარა. მასხადოვმა თავისი ძალაუფლება დაამტკიცა. ეს მისი მკვლელობის მომენტი იყო, დასახული იმ მიზნით, რომ „პერმანენტული რევოლუციების“ სულისკვეთება მთელ ჩრდილო კავკასიაში არ გავრცელებულიყო, რისიც ჩვენს მტერს, რუსეთის მეფეს, ასე ძალიან ეშინია.
დასავლეთის ვერც ერთი ქვეყნის ხელმძღვანელმა ვერ გაბედა, კრემლისთვის მოეთხოვა, ტყავგამძვრალი და ჰეროიკული ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ ხელმძღვანელთან მოლაპარაკება დაეწყო. აქ შეიძლება გავიხსენოთ კომანდატი მასუდი. ის რუსებისა და ისლამისტების წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ დასავლური დემოკრატიის მიერ ბედის ანაბარა მიტოვებული, ბოლოს მოკლეს, ბინ ლადენის სასარგებლოდ. და არცერთი ჩვენი წარმომადგენელი არ შეეწინააღმდეგა ვლადიმერ პუტინს, როცა მან შეიარაღებული წინააღმდეგობა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მოძრაობისა ინტერნაციონალურ ტერორიზმს გაუტოლა. უფრო მეტიც: შირაკი და შრიოდერი კრემლის „შეფს“ - სადამ ჰუსეინისადმი მისი სიმპათიის გამო - პირველი რიგის მშვიდობის ანგელოზად რაცხდნენ.
მორალის დეფიციტთან ერთად, ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელები პოლიტიკური სიბრიყვის შესამჩნევ ნიშნებსაც ავლენენ. ვინ უნდა დაამშვიდოს ათასობით ტანჯულ-წამებული, რომლებიც ახლა მხოლოდ შურისძიებაზე ოცნებობენ? ვინ შეძლებს რუსებთან მოლაპარაკება აწარმოოს, მაშინ, როცა მათ მკვლელობის ის აღტკინება შეიცნეს, რომელსაც ისინი დაუტყვევებია? როგორ შეიძლება ამ ახალ თაობაში, მხოლოდ ომსა და ჩაგვრას რომ იცნობს, მოიძებნოს ადამიანი, რომელიც მასხადოვისა და მისი ზომიერი ქცევის დარი იქნება? ჩეჩნეთი კიდევ უფრო ღრმად ჩაიძირება ამ საშინელებაში და არა მხოლოდ ჩეჩნეთი.
აწ უკვე გარდაცვლილმა იასირ არაფატმა საფრანგეთისა და ევროპის პატივისცემა დაიმსახურა. ჩეჩნეთის პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისკენ არასოდეს მოუწოდებდა, მოკვდა ეული, ისე, როგორც იბრძოდა კიდეც. სამყაროს მიერ ბედის ანაბარა მიტოვებული მასხადოვი, იზოლირებული თავის ბუნაგში, სადღაც მთებში, თავისი ხალხის ბედი რომ ედგა თვალწინ, ინტერნაციონალური გულგრილობის წყალობით ასე რომ იტანჯებოდა, უპირობოდ გმობდა ტყვეთა აყვანას მოსკოვის თეატრში და ბესლანის საზარელ მოვლენებს. მეტიც, ის თანახმა იყო, რომ ბესლანში წასულიყო და უდანაშაულო ადამიანთა მკვლელობას შეწინააღმდეგებოდა. ასევე ცალსახად დაგმო მან 2001 წლის 11 სექტემბრის აფეთქებები.
დამოუკიდებლობისათვის მებრძოლმა გმირმა ტერორიზმის საწინააღმდეგო მშვიდობის გეგმა წარმოადგინა, რომელშიც დამოუკიდებლობის საკითხი მომავლისთვის იყო გადადებული. შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციამ, ნატომ და სხვა „აპარატებმა“, რომლებიც, თითქოსდა, მშვიდობასა და ხალხთა თვითგამორკვევას უნდა უზრუნველყოფდნენ, ერთხელაც კი ვერ გაბედეს, რომ სამი წლის წინათ შემოთავაზებულ, ხოლო შემდეგ კი მრავალგზის კვლავაც წარდგენილ გეგმაზე ემსჯელათ.
ინტერნირების ბანაკთა, წმენდის აქციათა, გაუპატიურებისა და ძარცვის მიუხედავად, მოსახლეობის ერთი მეოთხედის დახოცვის მიუხედავად (წარმოიდგინეთ, იტალიაში ან საფრანგეთში ათიდან თხუთმეტ მილიონამდე ადამიანი რომ დაეხოცათ), შეშინებული მშვიდობიანი მოსახლეობის გაქცევის მიუხედავად, ჩეჩნეთი კვლავაც წინააღმდეგობას უწევს რუსების ბარბაროსობას, ისევე, როგორც რელიგიური ფანატიზმის სირენებს.
რატომ გვხვდება ასეთი გაავებული სისასტიკე იმ ხალხის წინააღმდეგ, ოდესღაც ერთი მილიონი რომ იყო? და რატომ ასეთი მცირედი თანაგრძნობა? მოსკოვის სიჯიუტე ვერც სტრატეგიული მოტივებით აიხსნება და ვერც მხოლოდ ენერგიის წყაროთა ინტერესებით. მთავარი მიზეზი სამსაუკუნოვანი კოლონიალური ჩაგვრისა და რუსული სისასტიკისა კავკასიაში პედაგოგიური ბუნებისაა, როგორც ამას კარგა ხნის წინათ დიდი რუსი პოეტები მიხვდნენ. საქმე ისაა, რომ ნიმუში უნდა გამოიკვეთოს, რათა თვითონ რუსებს უნდა დაანახონ ცხადად, თუ რა ფასი ჯდება, მოსკოვის „უკაზები“ რომ არ სრულდება. გენერალი ერმოლოვი, რუსეთის მეფე ნიკოლოზ I წინაშე, 1818 წელს, განმარტავდა, თუ რა იყო უმნიშვნელოვანესი ამ ბრძოლაში: „ჩეჩენი ხალხი თავისი მაგალითით ამბოხების სულსა და თავისუფლების სიყვარულს აღვიძებს, რომელიც თქვენი დიდებულების უმდაბლეს ქვეშევრდომთაც კი ემუქრება“. პუტინმა ცარისტული იმპერიალიზმის ლექციები საბჭოთა ოფიცრების შესატყვის ენაზე თარგმნა, რომლის თანახმადაც, ამ მარადი მეამბოხეებისაგან „ნეხვი უნდა დარჩეს“.
მართალია, რომ ასლან მასხადოვსაც სისხლიანი ხელები ჰქონდა, ისევე, როგორც ყველა მეამბოხეს საფრანგეთში, თუ სადმე სხვაგან. მაგრამ ის იმგვარი შეიარაღებული მტრის წინააღმდეგ იბრძოდა, რომელიც ხალხის ამოჟლეტასაც კი არ უფრთხოდა. დღეს ნამდვილ მეამბოხეებს რატომღაც ათვალწუნებით უყურებენ.
მასხადოვის სიკვდილს ჩვენს ენობრივ უუნარობასთანაც აქვს საქმე. სალაფისტებსა და სადამისტებს, რომლებიც ერაყში უბრალო ამომრჩევლებს კლავენ, ჩვენ „მეამბოხეებს“ ვუწოდებთ. მაგრამ ჩვენ უარს ვამბობს, ასე მოვნათლოთ თავისუფლებისთვის მებრძოლნი, რომელნიც არ ურიგდებიან იმას, რომ მათი ხალხი აღიგავოს პირისაგან მიწისა. დასავლეთის მმართველნი უარყოფდნენ, რომ მასხადოვისთვის ის ეწოდებინათ, რაც ის სინამდვილეში იყო კიდეც, სახელდობრ, პრეზიდენტი და პატრიოტი; და ამით ისინი მისი მკვლელობის ნებართვასაც იძლეოდნენ.
ტოლსტოი - თავისი უკანასკნელი რომანის - „ჰაჯი მურატის“ ბოლოს ხატავს ჰალუცინაციურ სცენას, რაც მის ლიტერატურულ და პოლიტიკურ ანდერძად შეიძლება მივიჩნიოთ: განაზებულ რუსეთის მეფეს ლანგრით ჩეჩნეთის კეთილშობილი მეთაურის თავს მიართმევენ. ასლან მასხადოვი სოფელ ტოლსტოი-იურტში გარდაიცვალა.
ჩეჩნეთმა თავისი დე გოლი დაკარგა. და ჩვენ კიდევ ერთხელ - საკუთარი ღირსება.