ინფორმაციული საზოგადოების არსი და მისი ძირითადი თავისებურებები

ინფორმაციული საზოგადოების არსი და მისი ძირითადი თავისებურებები

20.03.2020

XX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული ინფორმაციული ტექნოლოგიების და მეცნიერების განვითარებამ უდიდესი გავლენა მოახდინა ადამიანური საქმიანობის ყველა ასპექტზე. მნიშვნელოვნად გაიზარდა ინდივიდის ცოდნის და იდეების რეალიზაციის შესაძლებლობები, უზრუნველყო ეკონომიკის არნახული ზრდა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ამაღლება. 

საკუთრივ ინფორმაციული საზოგადოების ცნების სოციოლოგიური თუ ფილოსოფიური ინტერპრეტაციები მრავალგვარია. დასავლეთის სოციალურ ფილოსოფიაში არსებობს მრავალი თეორია ინფორმაციის ფენომენზე, მიმდინარეობს დისკუსიები „ინფორმაციისა“ და „ცოდნის“ კატეგორიებზე. მიუხედავად მეცნიერთა კვლევის მეტ-ნაკლებად განსხვავებული ფოკუსისა, ყველა გამოყოფს ცოდნის და ინფორმაციის განსაკუთრებულ როლს თანამედროვე საზოგადოების ფორმირებაში. 

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული საზოგადოების ცნება მკაფიოდ დამკვიდრდა, როგორც სოციალურ, ისე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ჯერ კიდევ არსებობს საკითხთა სპექტრი, რომელიც დამატებით შესწავლას საჭიროებს. ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ ცნობილი მკვლევარი ფრენკ ვებსტერი თავის ცნობილ ნაშრომს „ინფორმაციული საზოგადოების თეორია“ ამთავრებს შემდეგი კითხვით –  „არსებობს კი ინფორმაციული საზოგადოება?“. ასეთი სახის მეცნიერული ნაშრომის ბოლოს მსგავსი შეკითხვა, გარკვეულწილად, პარადოქსულად ჩანს, მაგრამ, ამავე დროს, მიგვანიშნებს საკითხის მრავალმხრივობასა და სირთულეზე. 

თავად ტერმინი „ინფორმაციული საზოგადოება“ პირველად იაპონურ სოციალურ მეცნიერებებში გამოჩნდა XX საუკუნის 60-იან წლებში და მის ავტორებად კ. კუროკავა და ტ. უმესაო ითვლებიან. პრაქტიკულად, იმავდროულად, გაჩნდა მისი სინონიმი „პროგრამირებული საზოგადოება“, რომელიც ეკუთვნის ფრანგ სოციოლოგს ა. ტურენს. ინფორმაციული საზოგადოების სხვა ცნობილი თეორეტიკოსთაგან აღსანიშნავია დ. ბელი, ი. ტოფლერი, მ. კასტელსი, ი. ჰაბერმასი, ე. გიდენსი, ფ. ვებსტერი, ი. მასუდა, მ. პორატი და სხვა. 

თანამედროვე მკვლევარებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ კაცობრიობის ისტორიაში ინფორმაციული საზოგადოების ადგილის შესახებ. ზოგიერთი მათგანი ინფორმაციულ საზოგადოებას და პოსტინდუსტრიულ საზოგადოებას, როგორც სინონიმებს ისე იყენებს, ან მასში ხედავს პოსტინდუსტრიული საზოგადოების განვითარების ერთ-ერთ საფეხურს. მკვლევარების ნაწილს კი ინფორმაციული საზოგადოება საერთოდ გაჰყავთ პოსტინდუსტრიული საზოგადოების განვითარების ჩარჩოებიდან და მას საზოგადოებრივი პროგრესის თვისებრივად ახალ საფეხურად განიხილავს. 

მეცნიერები თანამედროვე საზოგადოების მდგომარეობის დასახასიათებლად, ინფორმაციულის გარდა, ასევე ხშირად სარგებლობენ ცნებებით: „პოსტინდუსტრიული საზოგადოება“, „ცოდნის საზოგადოება“, „პოსტბურჟუაზიული საზოგადოება“, „ტექნოლოგიური საზოგადოება“, „პოსტსაბაზრო საზოგადოება“, „ციფრული საზოგადოება“, „ქსელური საზოგადოება“ და ა.შ. 

მიუხედავად განსხვავებული სახელწოდებებისა თუ ინტერპრეტაციებისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფორმაციული ეპოქა ხასიათდება რამდენიმე ძირითადი თავისებურებით, რომელიც კარგად გამოხატავს ამ ეპოქისათვის დამახასიათებელ სულისკვეთებას. პირველი თავისებურება, რომელსაც ყველა მკვლევარი ცალსახად აღნიშნავს, არის ინფორმაციის და თეორიული ცოდნის როლის არნახული ზრდა საზოგადოების ცხოვრებაში. ამ მიმართულებით მეცნიერები ძირითადად ორ ნაწილად არიან დაყოფილი. ერთნი თვლიან, რომ ჩვენს გარშემო დიდი მოცულობის და მრავალფეროვანი ინფორმაცია იწარმოება, სადაც ინდივიდს ოპერირება უწევს უზარმაზარ ინფორმაციულ ნაკადებში; ამიტომ ეს მიუთითებს ადამიანის ცხოვრებაში ინფორმაციის პრიორიტეტულობაზე. შესაბამისად, კაცობრიობის განვითარების მოცემულ ეტაპს შეგვიძლია ვუწოდოთ ინფორმაციული. 

მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ახალი ეპოქის მომასწავებელია არა ის, თუ რა რაოდენობის ინფორმაცია იწარმოება, არამედ ის ფაქტი, რომ ინფორმაციის თვისებრივმა ცვლილებამ შეცვალა ჩვენი ცხოვრების სტილი და საფუძველი დაუდო ახალი საზოგადოების იდეას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს თეორიული ცოდნის როლის ზრდა, რომელშიც იგულისხმება აბსტრაქტული, განზოგადებული და კოდირებული ცოდნა. შესაბამისად, აღნიშნულ განსხვავებაში ყურადღება არის გამახვილებული არა ინფორმაციის რაოდენობრივ თავისებურებებზე, არამედ ინფორმაციის ხარისხზე. მკვლევართა ძირითადი ნაწილის აზრით, სწორედ იგი წარმოადგენს ინფორმაციული საზოგადოების უმთავრეს თავისებურებას. 

მეცნიერული ცოდნის და მისგან გამომდინარე ინოვაციების მნიშვნელობაზე განათლების და ეკონომიკის სფეროში, პირველად დ. ბელმა გაამახვილა ყურადღება. მისი აზრით, „პროცესების ორგანიზებისთვის, გადაწყვეტილების მისაღებად და მიმართულების ცვლილებებისათვის საგანგებო მნიშვნელობას იძენს თეორიული ცოდნა, რომელიც გვთავაზობს თეორიების უპირატესობას ემპირიზმზე და ინფორმაციების კოდიფიცირებას აბსტრაქტული სიმბოლოების სისტემაში“ (8, გვ. 26). 

როგორც დ. ბელი, ისე ცნობილი ფუტუროლოგი ე. ტოფლერიც ფიქრობდა, რომ „მესამე ტალღის“ ცივილიზაციის მთავარი ნედლეული გახდა ინფორმაცია. ინფორმაცია, როგორც ახალი ეპოქის ძირითადი რესურსი, მიგვიყვანს დიდ ცვლილებებთან განათლების სფეროსა და მეცნიერულ კვლევებში. „მესამე ტალღის“ საზოგადოება გამოიმუშავებს ახალ შეხედულებებს ბუნებაზე, პროგრესზე, ევოლუციაზე, დროსა და სივრცეზე. (7)

ეკონომიკა  და დასაქმება ინფორმაციულ საზოგადოებაში

ინფორმაციულ ერაში თვისებრივი ცვლილებები განიცადა ეკონომიკამაც, მოხდა ეკონომიკის ელექტრონიზაცია, გლობალური ეკონომიკა მთლიანად დამოკიდებული გახდა ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე, შეიძინა სერვისული ხასიათი, მისი წამყვანი დარგი კი გახდა მომსახურების სფერო, ხოლო მომსახურების სფეროში ჭარბობს ინფორმაციის დამუშავება. მოცემულ საზოგადოებაში განსაკუთრებით დიდია ინფორმაციული სექტორის როლი (მენეჯერების, ორგანიზების საკითხთა სპეციალისტების და ა.შ.). ისინი თანამედროვე საზოგადოების ყველაზე მაღალშემოსავლიან პირთა რიცხვში შედიან და სიმდიდრეს არსებულ ორგანიზაციულ თუ საწარმოო სისტემებზე ინფორმაციის გამოყენებით ქმნიან. „ახალი საზოგადოება“ ვითარდება ინფორმაციის წარმოების, დამუშავებისა და შენახვის ეტაპების გავლით. აღნიშნულმა პროცესმა შეიძინა კიდევ უფრო საყოველთაო და ყოველმხრივი ხასიათი მას შემდეგ, რაც გამოგონილი და მასიურ წარმოებაში გაშვებული იქნა პერსონალური კომპიუტერი და გაჩნდა გლობალური ქსელი, რომელმაც, თავის მხრივ, წარმოშვა ახალი საქმიანობის ფორმები, მუშაობა სახლიდან გაუსვლელად, დასვენება და გართობა ინტერნეტში, შემოქმედება და თვითპრეზენტაცია ქსელებში და ა.შ.

ინფორმაციული საზოგადოების წინა ეპოქაში საზოგადოების ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ადამიანების ფიზიკური ძალისხმევის შემსუბუქებაზე ცხოველების შრომის თუ სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით. ინფორმაციული საზოგადოება კი ძირითადად მიმართულია ადამიანების ინტელექტუალური საქმიანობის შემსუბუქებაზე ინფორმაციული ტექნიკის და ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენების გზით.

ინფორმაციული საზოგადოების თეორიის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა, მ. კასტელსმა, შემოგვთავაზა საზოგადოების ორ ნაწილად დაყოფის სქემა, რომელშიც პირველს წარმოადგენენ „ექსპერტ-მუშაკები“, რომლებიც თავიანთი კვალიფიკაციით ცენტრალურ როლს ასრულებენ ორგანიზაციაში, და მუშაკები, რომელთათვის დამახასიათებელია ფიზიკური შრომა. პირველი ტიპის მუშაკები ასრულებენ ცენტრალურ როლს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელთა განმასხვავებელი უნარია მოქნილობა –  უნარი ადვილად შეეწყონ მუდმივად ცვალებად თანამედროვე სამყაროს. სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, თანამედროვე ეპოქას „მერიტოკრატიის“ ცნებითაც აღნიშნავენ, რომელიც წარმოადგენს ისეთ მმართველობით ფორმას, რომლის დროსაც თანამდებობები გადაეცემა ინდივიდებს მათ შესაძლებლობებზე დაყრდნობით. ასეთი მმართველობის დროს საზოგადოება აჯილდოვებს (სიმდიდრით თუ სოციალური სტატუსით) მათ, ვინც საუკეთესოდ წარმოაჩენს საკუთარ უნარსა და კომპენტენციას. 

დემოკრატია ინფორმაციულ საზოგადოებაში

სოციალურ-პოლიტიკური თვალსაზრისით, ინფორმაციული საზოგადოება წარმოადგენს დემოკრატიულ საზოგადოებას. აქ დაცულია მოსახლეობის ძირითადი უფლებები და თავისუფლება, გარანტირებულია ინფორმაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობა. ამან მნიშვნელოვნად შეცვალა თანამედროვე პოლიტიკური პროცესების დინამიკა და იგი უფრო გამჭვირვალე გახდა. რაც მთავარია, მოქალაქის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო გაიზარდა. დღეს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების პრაქტიკაში უკვე რეალიზებულია ელექტრონული დემოკრატიის იდეა, რომელიც წარმოადგენს ისეთ სისტემას, სადაც ინტერნეტი, თანამედროვე ტექნოლოგიები და კომპიუტერული ქსელები დემოკრატიული პროცესების მნიშვნელოვანი ფუნქციის შესასრულებლად გამოიყენება. საკუთრივ ინტერნეტი კი წარმოადგენს ელ-დემოკრატიის ძირითად ინსტრუმენტს მთავრობასა და მოქალაქეებს შორის წარმატებულ ინტერაქციაში.

ინფორმაციული საზოგადოების კრიტიკა

მიუხედავად ინფორმაციული საზოგადოების მკვლევარებში გავრცელებული წამყვანი პოზიციისა ინფორმაციული საზოგადოების უპირატესობების შესახებ, მეცნიერებში მაინც არსებობს სკეპტიკური მოსაზრება აღნიშნული საზოგადოების მანკიერი თავისებურებების შესახებ, რაც, მათი აზრით, უარყოფითად აისახა ან აისახება ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. 

მეცნიერთა დასკვნით, ინტერნეტი და შესაბამისი ინფორმაცია მომხმარებელთა უფრო მცირე ჯგუფებისთვისაა ხელმისაწვდომი, რაც, ერთი მხრივ, ინტერნეტში ჩართულობის ნაკლები მაჩვენებლით, მეორე მხრივ კი, ინტერნეტის გამოყენებისთვის აუცილებელი უნარების არქონით გამოიხატება. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტმა მთელი მსოფლიო მოიცვა, მას არ მიუღწევია ყველა მოქალაქემდე. სწორედ ამ მიზეზით, მკვლევართა აზრით, საქმე გვაქვს ახალ სტრატიფიკაციასთან. ამიტომ ზოგიერთი მკვლევარი საუბრობს „ციფრული უთანასწორობის“ და „ციფრული განხეთქილების“ შესახებ. 

მ. ფუკო ჯერ კიდევ სოციალური ქსელების განვითარებამდე აღნიშნავდა, რომ მსოფლიო კომუნიკაციური ქსელი ქმნის ერთგვარ შენიღბულ „პანოპტიკონს“, რადგან მსოფლიო მოქალაქეებმა სახლებში შეიტანეს სახელმწიფოს ჯაშუშური ყურები; ამიტომაც შესაძლებელია, რომ სადენებმა, რომელთაც ჩვენს სახლებში ინფორმაცია შემოაქვთ, ასეთივე წარმატებით გაიტანონ იგი ჩვენი სახლებიდან და დაინტერესებულ სხვებამდე მიიტანონ. (5) ეს საფრთხე ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების პირობებში კიდევ უფრო გამძაფრდა და უკვე არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მისი მეშვეობით მოქალაქეებზე თვალთვალი თუ შანტაჟი ხორციელდება. აღნიშნული მოვლენა ზოგჯერ იმდენად მძაფრი ფორმით ვლინდება, რომ ძირეულ სოციალურ-პოლიტიკურ ცვლილებებსაც კი იწვევს საზოგადოებაში. 

ამავე კონტექსტში შეიძლება იქნეს განხილული ინდივიდის პრივატულობის პრობლემა, რომელსაც მკვლევარები სოციალური ქსელების და, ზოგადად, ინტერნეტის უმნიშვნელოვანეს პრობლემად მიიჩნევენ. კერძოდ, ინფორმაციული საზოგადოების განვითარებასთან ერთად, ინტერნეტის მომხმარებლების პირადი ცხოვრება უფრო ნაკლებად დაცული გახდა. აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ხშირად ინდივიდები საკუთარი ხელით ახდენენ იმ ინფორმაციის აფიშირებას, რომელიც შემდეგ საზიანო აღმოჩნდება მათთვის. ამ ფენომენის აღსაწერად სუზან ბარნსმა შემოიტანა ტერმინი „პრივატულობის პარადოქსი“. ამით ხაზგასმულია ის გარემოება, რომ ადამიანები ერთდროულად ზრუნავენ პრივატულობის დაცვაზე, მაგრამ სოციალურ ქსელში თავად ასაჯაროებენ ბევრ პირადულ ინფორმაციას. მომხმარებლებს უწევთ ბალანსის დაცვა პრივატულობის მოთხოვნასა და შთაბეჭდილების მოხდენის სურვილს შორის. (6)

ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მკვლევარები საზოგადოების ფრანგმენტაციას მიიჩნევენ, რაც იმაში გამოიხატება, რომ დღეს არსებული საკაბელო სატელევიზიო ან ინტერნეტ საიტები მიზნობრივ აუდიტორიაზეა მორგებული და წინასწარ შერჩეული ინფორმაციით აცალკევებენ მაყურებლებს. ამას ემატება „ცხოვრების საშინაო წესის“ დანერგვა, რომელიც დასვენებასა და გართობაზეა ორიენტირებული. მცირდება ინდივიდების პირისპირ კომუნიკაცია, ისინი იმყოფებიან ქსელურ ურთიერთობებში სხვა ინდივიდებთან და იყენებენ ერთადერთ რეალობას – „ვირტუალურ რეალობას“. მთელი ეს სისტემა, მ. კასტელსის აზრით, „ჩაფლულია ვირტუალურ სამყაროში, რომელშიც გარეგანი ანარეკლები არა მხოლოდ გვამცნობენ რომელიღაც გამოცდილების შესახებ, არამედ თვითონ იქცევიან გამოცდილებებად“ (10, გვ. 345). შესაბამისად, რთულია გაიგო, თუ სად გადის რეალობასა და ვირტუალობას შორის საზღვარი.

დასკვნა

თუკი მოკლედ შევაჯამებთ ინფორმაციული საზოგადოების არსის შესახებ ზემოთ განხილულ მოსაზრებებს, შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც კარგად ასახავს აღნიშნული საზოგადოების სპეციფიკას:

  • განხორციელდა ინფორმაციის, როგორც კულტურული ღირებულების აღიარება. ვირტუალურ სივრცეში შეიქმნა კულტურათშორისი დიალოგის მყარი წინაპირობები, ამაღლდა განათლების ხარისხი და ეფექტურობა.
  • საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტის „ინფორმატიზაციის“ შედეგად, ძირეულად ტრანსფორმირდნენ საზოგადოების ძირითადი სოციალური ინსტიტუტები – ძალაუფლების, განათლების, საკუთრების, ჯანმრთელობის დაცვის, ოჯახისა და ქორწილების ინსტიტუტები.
  • ინფორმაცია და მეცნიერული ცოდნა გახდა გარდამქმნელი ძალა ეკონომიკაში, რაც არსებითად ამაღლებს კონკურენტუნარიანობასა და ეკონომიკურ ეფექტურობას.
  • ინფორმაციულ-ტექნოლოგიურმა რევოლუციამ შეცვალა სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთობა. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში კიდევ უფრო გაიზარდა. ამან, თავის მხრივ, გაზარდა სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლება, გამჭვირვალეობა გადაწყვეტილების მიღებისა და მართვის ყველა დონეზე.

 

ბიბლიოგრაფია:

  • Bell, D.: The Coming of Post-Industrial Society. A Venture in Social Forcasting / D. Bell. - N.Y.: Basic Books, Inc., 1973.
  • Bell,: The Social Framework of the Information Society. The Computer Age: A Twenty Year Wiew / D. Bell. - London, 1981.
  • Castells, M.: The Internet Galaxy, Reflections on the Internet, Business and Society. Oxford, Oxford University Press (2001).
  • Castells, M.: The Network Society: From Knowledge to Policy.Washington, DC, Center for Transatlantic Relations (2006).
  • Foucault, M.: „Panopticism“ Discipline and Punishemnt, London: Tavistok 1977.
  • Utz, S., & Kramer, N.: The privacy paradox on social network sites revisited: the role of individual characteristics and group norms, Cyberpsychology: Journal of Psychosocial Research on Cyberspace, 2009.
  • Toffler, A.: Powershift: Knowledge, Wealth and Violence at the Edge of the 21st century / A. Toffler. - N.Y.: Bantam Books, 1984.
  • Белл, Д.: Грядущее постиндустриальное общество: Опыт социального прогнозирования / Д. Белл; под ред. В. Л. Иноземцева. – М.: Academia, 1999.
  • Уэбстер, Ф.: Теории информационного общества / Ф. Уэбстер пер. А. Акимова. – М., 2004.
  • Кастельс, М.: Информационная эпоха: экономика, общество и культура / М. Кастельс; пер. с англ. под науч. ред. О. И. Шкаратана. - М.: ГУ-ВШЭ, 2000.