თანამედროვე უნივერსიტეტი და დემოკრატია

თანამედროვე უნივერსიტეტი და დემოკრატია

19.03.2020

თანამედროვე უნივერსიტეტი განმანათლებლობის ეპოქის შედეგია. ევროპელი განმანათლებლები აზროვნების ისტორიას კარგად იცნობდნენ. მათ ისიც იცოდნენ, რომ ანტიკურობაში ცოდნა უფრო ხელმისაწვდომი იყო, ვიდრე მოგვიანებით, როდესაც, რომის იმპერიის დაცემის შედეგად, მრავალი ანტიკური პრაქტიკის ცვლილების კვალდაკვალ, ცოდნის გავრცელების სოციალური არეალიც შეიზღუდა. შუა საუკუნეების ევროპულ მონარქიებში წერა-კითხვის ცოდნა იშვიათი მოვლენა იყო; ამიტომაც იმჟამინდელი ინტელექტუალები ერთგვარი მარგინალები იყვნენ. გაუცხოება მათსა და უბრალო ხალხს შორის დიდხანს გაგრძელდა. განმანათლებლობის ერთიანი პროექტის მიზანი, თუკი ასეთი რამ საერთოდ არსებობდა, ფილოსოფოსს ან ზოგადად ინტელექტუალსა და ჩვეულებრივ ხალხს შორის ძველთაძველი კავშირის აღდგენა უნდა ყოფილიყო. თუმცა, განათლების გავრცელების პარალელურად, განმანათლებლობამ მასშტაბური სოციალური და პოლიტიკური ძვრებიც გამოიწვია, რამაც დიდწილად განსაზღვრა მომდევნო ორი საუკუნის ისტორია და ჩვენი თანამედროვეობა.

ევროპელი განმანათლებლობი ფილოსოფიის საუკეთესო იდეებსა და მეცნიერულ ცოდნაზე დაფუძნებული პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების უზრუნველყოფას ესწრაფვოდნენ. ეს ასეც მოხდა! დღესდღეობით, იშვიათია პოლიტიკური რეჟიმი, რომელშიც განმანათლებლობის იდეები გარკვეული დოზით მაინც არ იყოს ასახული; მათში ყველაზე ეფექტური პოლიტიკური რეჟიმი - ლიბერალური დემოკრატია - შეიძლება ითქვას, რომ დიდწილად განმანათლებლობის შედეგია. იგივე ითქმის, განმანათლებლობის ეპოქაში დაწინაურებულ მეცნიერებებზეც, რომლებიც თანამედროვე ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია და ამ მხრივ მათი როლი სულ უფრო იზრდება. ყოველივე ეს კი განმანათლებლობის მიერ უზრუნველყოფილი ტრადიციული ევროპული უნივერსიტეტის რეფორმის შედეგად გახდა შესაძლებელი. ადამ სმითის ნაშრომი „ხალხთა სიმდიდრის შესახებ“, რომელიც ამ ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექსტია, ნათლად აჩვენებს, თუ როგორ განაპირობა ინგლისის უნივერსიტეტების რეფორმამ, რომლებიც მანამდე კლასიკური თეოლოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებები იყო, ფართო პროფილის მულტიდისციპლინური სამეცნიერო უნივერსიტეტების წარმოქმნა და პოლიტეკონომიის განვითარება, რაც  დემოკრატიული რეჟიმის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ამგვარად, უნივერსიტეტი დემოკრატიის მთავარი საყრდენია.

თავისუფალი უნივერსიტეტები მხოლოდ დემოკრატიის პირობებში არსებობენ და პირუკუ, დემოკრატია მხოლოდ თავისუფალი უნივერსიტეტების პირობებში არის შესაძლებელი. თავისუფალი უნივერსიტეტი სხვა არაფერია თუ არა განმანათლებლობის საფუძველმდებარე იდეებზე აგებული საგანმანათლებლო დაწესებულება. როცა გერმანიაში 1930-იან წლებში ნაციონალ-სოციალისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ ამით გერმანიაში განმანათლებლობის იდეები მოკვდა. მსგავსი რამ მოხდა ყოფილი ცარისტული რუსეთის იმპერიაში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შედეგად, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ განმანათლებლობის იდეები დიდი პოპულარობით არც ცარიზმის დროს სარგებლობდნენ.

მართალია, ლიბერალური დემოკრატია დღემდე არსებულ პოლიტიკურ რეჟიმებზე უკეთესია, მაგრამ ჩვენს დროში ამ რეჟიმის კრიზისზე სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ; და რამდენადაც უნივერსიტეტი ლიბერალური დემოკრატიის მთავარი საყრდენია, სამართლიანი იქნება, თუკი ვიკითხავთ: ხომ არ არის ამ რეჟიმის კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი უნივერსიტეტში არსებული პრობლემები? საკითხის ამგვარად დასმა, უპირველეს ყოვლისა, უნივერსიტეტის ძველი და ახალი მისიების შესწავლისა და ანალიზისაკენ გვიბიძგებს; ეს კი, გარკვეული დოზით, დასავლური სამყაროს ინტელექტუალური ისტორიის სათანადო გააზრებას მოითხოვს.

1987 წელს, აშშ-ში, გამოიცა ამერიკელი ფილოსოფოსის, ალან ბლუმის წიგნი „ამერიკული გონის აღსასრული“, რომელშიც ავტორი წერდა, რომ „უნივერსიტეტმა თანამედროვე ლიბერალურ დემოკრატიას უმტყუნა“.[3] ბლუმი კონსერვატორი მოაზროვნე და კლასიკური ტრადიციის დიდი გულშემატკივარი იყო; ამდენად, იგი მიიჩნევდა, რომ უნივერსიტეტის კრიზისი ზოგიერთი კლასიკური პარადიგმის უგულებელყოფით იყო გამოწვეული, რაც, საბოლოო ჯამში, ლიბერალურ დემოკრატიას ინტელექტუალურად აღარიბებდა. ეს შეფასება XX საუკუნის 80-იანი წლებისთვის სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო და იმჟამინდელ ვითარებას ზუსტად შეესაბამებოდა. მაგრამ, ჩვენს დროში, ლიბერალური დემოკრატია უფრო დიდი და კომპლექსური გამოწვევების წინაშე დგას, მისი მთავარი საყრდენი კი - უნივერსიტეტი - ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, როგორც ჩანს, ჯერჯერობით მზად არ არის. მოდით, ამ სტატიის მიზნებიდან გამომდინარე, თანამედროვე დემოკრატიის გამოწვევები ორ - პოლიტიკურ და ეკონომიკურ - ნაწილად დავყოთ და, ცალ-ცალკე განვიხილოთ.

პოლიტიკური თვალსაზრისით თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის მთავარი გამოწვევა ტერორიზმი, ფუნდამენტალიზმი და ექსტრემიზმია, რომელიც ამ პოლიტიკურ რეჟიმს მხოლოდ იარაღითა როდი უპირისპირდება, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იდეოლოგიურად ებრძვის. ამის თვალსაჩინო მაგალითი გავლენიანი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოა“, რომლის საქმიანობის ფორმებიც ვიწრო ექსტრემისტულ თუ ფუნდამენტალისტურ მავნებლობას, ან მიზნობრივ ტერორს, დიდი ხანია გასცდა და ლიბერალურ დემოკრატიას ნამდვილი იდეოლოგიური ბრძოლა გამოუცხადა. ამ ორგანიზაციის მიერ სირიასა და ერაყში მუზეუმების დარბევამ და მსოფლიო ისტორიის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აფეთქებამ თვალსაჩინო გახადა, რომ მათ პრინციპულად განსხვავებული ღირებულებები აქვთ, რომელიც დასავლური სამყაროსათვის დღემდე უცნობი იყო, ან კიდევ მასზე საუბარს შეგნებულად არიდებდნენ თავს. ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობაში ჩართული ადამიანების რაოდენობა სულ უფრო იზრდება, როგორც არაბულ ქვეყნებში, ასევე, ევროპაში. ამ პრობლემის თაობაზე მიმდინარე საჯარო დისკუსიებისას ხშირად გამოითქმის ხოლმე მოსაზრება, რომ ტერორისტების ფუნდამენტალისტური იდეების პოპულარობას ხალხში განათლების ნაკლებობა იწვევს. როდესაც სიტყვა განათლების ნაკლებობაზე ჩამოვარდება, საწინააღმდეგო არგუმენტის მოყვანა რთული ხდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა საღი აზრის ადამიანმა იცის - განათლება არასდროს არის საკმარისი. თუმცა, კვლევები აჩვენებს, რომ ტერორიზმისა და ფუნდამენტალიზმის მიზეზთა შორის განათლების ნაკლებობა ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. უკანასკნელ წლებში განხორციელებული სხვადასხვა კვლევების თანახმად, აშშ-სა და ევროკავშირში მოქმედი ტერორისტების სოლიდურ ნაწილს ერთი ან სულაც ორი საფეხურის უმაღლესი განათლება აშშ-სა და ევროპის უნივერსიტეტებში აქვთ მიღებული. მსოფლიო ბანკის სპეციალური კვლევის თანახმად კი, არაბეთის ქვეყნებში არსებული ტერორისტული დაჯგუფებების საშუალო და მაღალი რანგის წევრების უმრავლესობას უმაღლესი განათლება ეგვიპტის, სირიისა და საუდის არაბეთის წამყვან უნივერსიტეტებში აქვს მიღებული. ამგვარად, განათლების უკმარისობა ტერორიზმის მთავარ მიზეზად ვერ ჩაითვლება, უპირატესი მიზეზი აქ უფრო მცდარი ანდა გაუკუღმართებული ღირებულებებია. საქმე ისაა, რომ განათლება იმთავითვე არ უზრუნველყოფს ჯანსაღ ღირებულებებს. ეს ერთნაირად ეხება როგორც ტერორისტებსა და ფუნდამენტალისტებს, ისე იმ რადიკალებს, რომლებიც მართალია ღია ტერორს არ ახორციელებენ, მაგრამ სხვადასხვა მოქმედებებით დემოკრატიულ წესრიგს დიდ ზიანს აყენებენ დასავლურ ქვეყნებში და საქართველოშიც. სწორედ ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის როლი. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ დღეს უნივერსიტეტი მხოლოდ პროფესიული ეთიკის სწავლებით შემოიფარგლება, თუმცა, მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში, ზოგიერთი უნივერსიტეტი ამაზეც კი არ ზრუნავს, მაშინ როდესაც იმავე განმანთლებლობის ეპოქაში, უნივერსიტეტი ისეთ ადგილად იყო ჩაფიქრებული, სადაც ადამიანი ერთნაირად შეიძენდა, როგორც ცოდნას, ისე ღირებულებებს.

ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში განათლება აღზრდის შემადგენელი ნაწილი იყო. აღზრდა უფრო ფართო ცნებაა და მშრალი, ფაქტობრივი ცოდნის გადაცემის გარდა, ღირებულებების ჩამოყალიბებას და ადამიანების მორალურ მსჯელობებში ჩართვას გულისხმობდა, მისი საბოლოო მიზანი კი თავისუფალი ადამიანის აღზრდა იყო. თანამედროვე უნივერსიტეტში, რომელიც სტანდარტების და ურიცხვი ბიუროკრატიული პროცედურების ლაბირინთში არის გახლართული, ამ კარგად გამოცდილი კლასიკური პარადიგმის აქტუალიზების პერსპექტივა არ ჩანს. ამის შედეგად კი უნივერსიტეტი ზრდის ისეთ ადამიანებს, რომელთაც პასუხისმგებლიანი სამოქალაქო ცხოვრებისათვის მხოლოდ სანახევრო მზაობა აქვთ; ამდენად, ისინი, მიუხედავად მათი განათლებისა, ნებისმიერ დროს შეიძლება აღმოჩნდნენ ამა თუ იმ ფუნდამენტალისტური იდეოლოგიის ზეგავლენის ქვეშ.

პოლიტიკური გამოწვევების მსგავსად, თანამედროვე უნივერსიტეტი ვერც ეკონომიკურ გამოწვევებს პასუხობს. ჩვენს დროში ეკონომიკა დიდწილად განსაზღვრავს პოლიტიკური მმართველობის ქმედითობის ხარისხს. თანამედროვე ეკონომიკა ყველა ტრადიციული ეკონომიკური მოდელისგან განსხვავებულია და ეს განსხვავება სულ უფრო თვალშისაცემი ხდება. ზემოთ შემთხვევით არ მიხსენებია, რომ მეცნიერება თანამედროვე ეკონომიკის განვითარებაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს და რომ ეს როლი უფრო იზრდება. ამის საჩვენებლად იმის აღნიშვნაც იკმარებს, რომ მეცნიერების მიერ უზრუნველყოფილი „ჭკვიანი ტექნოლოგიების“, განახლებადი ენერგიის და სხვა ახალი თაობის პროდუქტების წილი განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში დიდი ტემპით იზრდება. თუმცა, ამ მზარდ მოთხოვნას შრომითი ბაზარი ვერ აკმაყოფილებს და სწორედ აქ იჩენს თავს ეკონომიკურ გამოწვევებთან მიმართებით თანამედროვე უნივერსიტეტის უძლურება. კერძოდ, აშშ-ს ეკონომიკური კვლევის ეროვნული ბიუროს 2015 წლის კვლევის თანახმად, აშშ-ში არსებული სამუშაო ადგილების 32,4 პროცენტის ელექტრონიზება და მექანიზება არის შესაძლებელი, ევროკავშირში კი ეს მაჩვენებელი 31,3 პროცენტია. მიზეზი, რის გამოც ეს რევოლუციური გზით არ ხდება, პოლიტიკური მიზანშეწონილობა და ელექტორალური განწყობებია; თუმცა, ევოლუციური გზით ეს პროცესი მაინც მიმდინარეობს და ამავე ორგანიზაციის პროგნოზის თანახმად, 2035 წლისათვის, აშშ-ს შრომითი ბაზრის დაახლოებით 40 პროცენტი მექანიზებული ან ელექტრონიზებული იქნება, ევროკავშირის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 38 პროცენტია. შესაძლოა, ასეთი მაღალი ტემპებით არა, მაგრამ მსგავსი პროცესი გარდაუვალია ყველა სხვა ეკონომიკაშიც და ეს განსაკუთრებით აისახება მომსახურებისა და წარმოების სფეროებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგი ორი ათეული წლის განმავლობაში დღეს არსებული ტრადიციული სამუშაო ადგილების ორი მეხუთედი უბრალოდ აღარ იარსებებს, ხოლო ბაზარზე მრავალპროფილური, ინტელექტუალური და შემოქმედებითი შრომის წილი საგრძნობლად გაიზრდება. მიუხედავად ამგვარი გარდაუვალი მომავლისა, თანამედროვე უნივერსიტეტი წარმოებისა და მომსახურების სფეროში ბევრად უფრო მეტ კადრს უშვებს, ვიდრე ყველა სხვა სფეროში ერთად აღებული. ამის შედეგად კი, არა თუ შორეულ პერსპექტივაში, არამედ მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაშიც კი, ამ კადრების დიდი ნაწილი ეკონომიკებისათვის ჩვეულებრივ ბალასტად იქცევა, რადგან, როგორც ზემოაღნიშნული ტენდენციები ცხადყოფს, ვიწროპროფილური ცოდნის დრო დასასრულს უახლოვდება.

მაშ, რაშია გამოსავალი? ცხადია, მზა რეცეპტები არ არსებობს, მაგრამ, გამოსავლის ძიების პროცესში ისევ კლასიკური პარადიგმები შეიძლება გამოგვადგეს. განმანათლებლობის ეპოქაში უნივერსიტეტის იდეა, პირველყოვლისა, იმას გულისხმობდა, რომ უნივერსიტეტს მოაზროვნე ადამიანი, ინტელექტუალი უნდა აღეზარდა. ინტელექტუალი მრავალმხრივ ცოდნას ფლობს, მას, კრიტიკულ აზროვნებასთან ერთად, აქვს შესაბამისი უნარ-ჩვევები, რომელთა მეშვეობითაც (დროის საჭიროებისამებრ) ახალ ცოდნას ადვილად აითვისებს. სწორედ ესაა თანამედროვე უნივერსიტეტის ნაკლი: ის ინტელექტუალების ნაცვლად სპეციალისტებს ზრდის, რომელთა სამომავლო კარიერის პერსპექტივები, რბილად რომ ვთქვათ, ბუნდოვანია. მრავალმხრივი ცოდნის მნიშვნელობა შესანიშნავად ესმოდათ ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებში, როდესაც იმჟამინდელ აკადემიებში ტრივიუმ-კვადრივიუმის ციკლის საგნებს ასწავლიდნენ, XVIII-XIX საუკუნეებში ამ კურიკულუმმა თავისუფალ ხელოვნებათა პროგრამებში პოვა გაგრძელება, ჩვენს დროში კი, ამ აკადემიური მიმართულების მემკვიდრედ თანამედროვე ინტერდისციპლინური და მულტიდისციპლინური პროგრამები გვევლინება, რომლებიც ფართო განსწავლასა და მრავალმხრივ კვალიფიკაციას იძლევა, რაც შრომითი პერსპექტივების გადანაცვლების შესაძლებლობას აჩენს. ამასთან ინტერდისციპლინური განსწავლა უფრო უკეთ ავითარებს კრიტიკული აზროვნების უნარებს და ხელს უწყობს უნივერსიტეტს შეასრულოს მისი კლასიკური მისია: აღზარდოს ინტელექტუალი. ამ მხრივ, დადებითი ტენდენციებია აშშ-ის, კანადისა და სკანდინავიის ქვეყნების მთელ რიგ უნივერსიტეტებში, სადაც ინტერდისციპლინური და მულტიდისციპლინური აკადემიური პროგრამების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, ცხადია, რომ ეს საერთო სურათს სწრაფად ვერ შეცვლის, რის გამოც, დღევანდელი მდგომარეობით, უნივერსიტეტი სათანადოდ ვერც თანამედროვე დემოკრატიის ეკონომიკურ გამოწვევებს პასუხობს.

 

ბიბლიოგრაფია: 

  • A. Smith, Wealth of the Nations, Book V, Thrifty Books, 2009.
  • A. Bloom, Closing of the American Mind, Simon & Schuster Inc. 2008.
  • G. Meotti, Islamic Terrorists not Poor and Illiterate, but Rich and Educated, GateStone Institute, International Policy Council. 2016.
  • National Bureau of Economic Research, NBER Working Papers, Job loss prognosis: A Look at the Evolving Relationship between Capital and Skill in Manufacturing. 2015.
  • World Bank Middle East and North Africa Region, MENA Economic Monitor. Economic and Social Inclusion to Prevent Violent Extremism. 2016.