სიტყვა აღდგომის დღესასწაულზე

სიტყვა აღდგომის დღესასწაულზე

04.05.2024

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი (დაახ. 329-390 წწ.) მართლმადიდებელი ეკლესიის მამა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საეკლესიო მწერალია. მის მრავალრიცხოვან ნაშრომებს განეკუთვნება დოგმატური ტრაქტატები, ქადაგებები, სიტყვები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქრისტიანული ღვთისმეტყველების განვითარებისა და ერესებთან ბრძოლის საქმეში. წმ. გრიგოლმა თავისი შემოქმედებით განსაკუთრებული როლი შეასრულა ტრინიტარული ღვთისმეტყველების ჩამოყალიბების კუთხით. თავისი დიდი ღვაწლის გამო მან დაიმსახურა განსაკუთრებული ზედწოდება „ღვთისმეტყველი“.

მოცემული ტექსტი წარმოადგენს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვის ფრაგმენტს და თარგმნილია შემდეგი გამოცემიდან: Слово на Святую Пасху, Святаго Григорія Богослова, Архиепіскопа Константинепольскаго, იხ.: Церковная проповѣдь на Двунадесятые Праздники, слова, бесѣды и поученія Святыхъ Отцевъ и учителей церкви, часть первая, Киевъ, 1904, გვ. 8-9. ქართული თარგმანი შედარებულია ტექსტის ბერძნულ, პირველად ვერსიასთან: Άγιος Γρηγόριος ο Θεολόγος: Λόγος Α΄ - Εις το Άγιον Πάσχα και εις την βραδύτητα, იხ.: https://www.sostis.gr/blog/item/362-logos-sto-agio-pasxa-gth, ამ გამოცემის საფუძველზე მოხდა ქართული თარგმანის სრულყოფა. შესაბამისად, ზოგიერთი სიტყვის დაზუსტებისა და პირველწყაროსთან შედარებისთვის ტექსტს დაერთო შენიშვნები შესაბამისი ბერძნულენოვანი შესატყვისების სახით.

ქართულად თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა

აღდგომისა, ნამდვილი საწყისისა [1] დღე არს! განვბრწყინდებოდეთ [2] და მოვეხვიოთ ერთურთს, ვრქუათ, ძმანო, არა მხოლოდ მათ, ვინც ჩვენდამი სიყვარულის გამო გააკეთა ან დაითმინა რაიმე, არამედ მოძულეთაც (შდრ. ეს. 66.5). შევუნდოთ ერთმანეთს აღდგომის მიზეზით [3].

გუშინ კრავი დაიკლა, კარებს სისხლი ეცხო, ეგვიპტე გლოვობდა პირმშოებს, მომსვრელმა კი, ნიშნით [4] შეძრწუნებულმა, გვერდი აგვიარა მათ, ვინც მართალი სისხლით [5] ვართ სყიდულნი. აწ სრულებით განვეშორეთ ეგვიპტეს, სასტიკი ფარაონის ბატონობასა და უმოწყალო მბრძანებლებს [6], გავთავისუფლდით ტალახისა და ალიზის მზადებისგან [7] (შდრ. გამ. 5.8) და არავინ შეგვიშლის ხელს ვიზეიმოთ უფალი ღმრთისადმი ჩვენი გამოსვლის დღესასწაული, და ვიდღესასწაულოთ „არა ცომითა მით ძუელითა, არცა ცომითა მით სიბოროტისა და უკეთურებისაჲთა, არამედ უცომოებითა მით სიმართლისა და ჭეშმარიტებისაჲთა“ (1 კორ. 5.8), სრულებით ეგვიპტის უღვთო საფუარის [8] გარეშე.

გუშინ ჯვარს-ვეცმოდი ქრისტეს თანა, დღეს მის თანა განვდიდნები. გუშინ მის თანა მოვკვდებოდი, დღეს მის თანა ცოცხალ ვარ. გუშინ მის თანა დავეფლოდი, დღეს მის თანა აღვსდგები.

ნაყოფი [9] მივუძღუანოთ ჩვენთვის ვნებულსა და აღმდგარს. შესაძლოა, ფიქრობთ, რომ ვსაუბრობ ოქროზე, ან ვერცხლზე, ან ქსოვილზე, ან გამჭვირვალე, ძვირფას ქვებზე; ეს მიწიერი ნივთებია, წარმავალი, მიწაზევე რომ რჩებიან და რომლებსაც, მეტადრე, მზაკვარის, ამა სოფლის მეუფის ბოროტი მონები ფლობენ. არა, მივუძღუანოთ ჩვენივე თავი - როგორც ყველაზე ძვირფასი და მისაღები საბოძვარი ღვთისადმი [10]. მივართვათ ხატს ხატად ქმნილი [11]: შევიცნოთ ჩვენი ღირსება [12], თაყვანისვცეთ ჩვენს პირველხატს [13], გავაცნობიეროთ საიდუმლოს ძალმოსილება და გავიგებთ, თუ ვისთვის მოკვდა ქრისტე. მივემსგავსოთ ქრისტეს, რამდენადაც ქრისტეც მოგვემსგავსა ჩვენ [14]. გავხდეთ მის გამო ღმერთები [15], რამეთუ ის ჩვენ გამო ადამიანი გახდა. მან მიიღო უარესი, რათა ჩვენთვის უკეთესი მოეცა - დაგლახაკნა, რათა ჩვენ განვმდიდრდეთ მისი სიგლახაკით, განიცადა, რათა ჩვენ გაგვემარჯვა, დაითმინა ყვედრება, რათა ჩვენ განვედიდებინეთ, მოკვდა, რათა ჩვენ გამოვეხსნეთ, ამაღლდა, რათა მიგვიზიდოს ცოდვით მომკუდარნი [16].

დაე, ყველამ ყველაფერი გაიღოს, შესწიროს ყოველივე [17] მას, ვინც ჩვენი გამოხსნისთვის მისცა საკუთარი თავი. ვერავინ შესწირავს რაიმეს უკეთესს, ვიდრე საკუთარ თავს, და საიდუმლოს წვდომისას [18] გაიღებს მისთვის ყოველივეს, როგორც მან გაიღო ჩვენთვის ყოველივე. ამინ.

შენიშვნები:

[1] αρχή δεξιά

[2] Ας λάμψουμε

[3] ας συγχωρήσουμε τα πάντα με την ευκαιρία με της αναστάσεως

[4] σφραγίδα

[5] τίμιο αίμα

[6] σκληρούς επιστάτες

[7] και από τον πηλό και την κατασκευή πλίνθων

[8] άθεο αιγυπτιακό προζύμι

[9] καρπούς

[10] το πολυτιμότατο και το αγαπητότατο κτήμα του Θεού

[11] Ας αποδώσουμε στην εικόνα το κατ’ εικόνα

[12] ας κατανοήσουμε την αξία μας

[13] τιμήσουμε το πρωτότυπο

[14] Ας γίνουμε όπως είναι ο Χριστός, επειδή και ο Χριστός έγινε όμοιος με εμάς

[15] Ας γίνουμε Θεοί γι’ αυτόν

[16] απονεκρωμένοι από την αμαρτία

[17] προσφέρει τα πάντα

[18] εννοήσει το μυστήριο