აბსოლუტი, როგორც ერთი და შემოქმედი

აბსოლუტი, როგორც ერთი და შემოქმედი

08.02.2024

კლოდ ტრემონტა (1925–1997 წწ.) - სორბონაში მოღვაწე ფრანგი ფილოსოფოსი. დაინტერესებული იყო ქრისტიანული თეოლოგიით, ასევე, იკვლევდა სემიტურ ენებს და ცდილობდა ბიბლიური ტექსტების გაგებას ებრაული ენისა და აზროვნების ფონზე. მისი მთავარი ნაშრომებია: „გამოკვლევა ებრაული აზროვნების შესახებ“ (1953 წ.); „ქრისტიანული მეტაფიზიკა“ (1965 წ.); „ებრაელი ქრისტე: ენა სახარების ეპოქაში“ (1977 წ.); „ქრისტიანული მისტიკა და ადამიანის მომავალი”(1989 წ.) და სხვ.

ქვემოთ მოცემული ფრაგმენტი თარგმნილია შემდეგი გამოცემიდან: C. Tresmontant, The Origins of Christian Philosophy, translated from the French by M. Pontifex, New York: Hawthorn books Publishers, 1963, გვ. 55-58.

ქართულად თარგმნა მარიამ გურგენიძემ

ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ უკუაგდო პირველივე საუკუნეებიდან ქრისტიანულმა აზროვნებამ მატერიის უქმნელობის შესახებ სწავლება, რომელიც ანტიკური მითოლოგიიდან და აღმოსავლური რელიგიებიდან მომდინარეობდა და პლატონის ფილოსოფიაზეც ახდენდა გავლენას. ჩვენი წელთაღრიცხვის ადრეული საუკუნეების გნოსტიკოსებმა მწვავე, მართლაც ტრაგიკული ფორმა მისცეს სამყაროს ორი საწყისის შესახებ მოძღვრებას. აქ არ განვიხილავთ პირველ საუკუნეებში განვითარებულ სხვადასხვა გნოსტიკურ სისტემას; უბრალოდ, ვიტყვით, რომ, მეტაფიზიკური თვალსაზრისით, ჩვენთვის საინტერესო ორი წამყვანი მიმართულება შეიძლება გამოიყოს: 1. რადიკალურად დუალისტური - თავიდან არსებობდა ორი საწყისი, კეთილი და ბოროტი. კეთილის საწყისი არის ღმერთი, რომელიც შეუცნობელია. ბოროტი საწყისი კი მატერიალური სამყაროსა და ფიზიკური სხეულების შემოქმედია. 2. უფრო განვითარებულია გნოსტიციზმის მეორე მიმართულება - სამყარო შექმნილია ბოროტი დემიურგის მიერ, რომელიც, თავის მხრივ, გამომდინარეობს ერთგვარი აბსოლუტური საწყისისაგან თეოგონიური პროცესის მეშვეობით. მატერია და სხეული ქმნილებაა „მცირე“ ღმერთისა, რომელიც გაიგივებულია ძველი აღთქმის ღმერთთან. აქ თეოგონიურ პროცესს კოსმოგონია მოჰყვება. ორივე მიმართულებაში მატერიალური სამყარო არ არის შექმნილი ერთი, კეთილი ღმერთის - აბრაამის, ისააკის და იაკობის ღმერთის მიერ. არსებობს ორი საწყისი და ძველი აღთქმის ღმერთიც იდენტიფიცირებულია „მცირე“ ღმერთთან ან ბოროტ საწყისთან. აქ შეგვიძლია დავინახოთ, თუ როგორ გახდა ანტისემიტიზმის, ანტი-იუდაიზმის საფუძველი ეს ონტოლოგიური დუალიზმი და გნოსტიკური თეოსოფია, რომელსაც, მარკიონიდან დაწყებული, ვიდრე ფიხტემდე, ჰეგელამდე თუ სიმონ ადოლფინ ვეიმდე მრავალი გამგრძელებელი ჰყავდა. ჩვენს გარშემო არსებული ეს მატერიალური, სხეულებრივი სამყარო არ მიიჩნეოდა ერთი ღმერთის, აბრაამის და იესოს ღმერთის ქმნილებად - არამედ, უფრო „დაბალ“ ან ბოროტ საწყისს მიეწერებოდა. ამ სწავლებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ფიზიკური სამყარო ვერაფერს გვეტყვის ერთი, აბრაამის ღმერთის შესახებ, რადგანაც ის არ გახლავთ მისი შემოქმედი. ასევე, ვხედავთ, რომ ქმნილების საფუძველზე ღმერთის შესახებ რაციონალური, ბუნებითი ცოდნის უარყოფა, შესაძლოა, ნაწილობრივ გამოწვეული იყოს დუალისტური ტიპის ვარაუდებით. იმგვარი მიდგომა, როგორიც ჰქონდა კარლ ბარტს - ღმერთი, როგორც „სრულიად სხვა“ - მთლიანად წყვეტს ურთიერთობას ღმერთსა და მის ქმნილებას შორის და შეუძლებელს ხდის იმის გაგებას, თუ როგორ ავლენს ქმნილება თავის შემოქმედს და გვასწავლის მის შესახებ.

ქრისტიანული აზროვნება თავიდანვე მტკიცედ დაუპირისპირდა დუალიზმს, მუდმივ თავსატკივარს რომ ქმნიდა; განხილვის საგანს წარმოადგენდა შემოქმედი ღმერთის მხოლოობა, ქმნილების სრულყოფილება, ქრისტიანული თეოლოგიის და მეტაფიზიკის არსი.

ირინეოსი იუსტინეს ნათქვამს ადასტურებს: „თავად უფლისაც არ უნდა დავიჯერო, თუკი მეტყვის, რომ ღმერთი არ არის შემოქმედი“ (Adversus haereses, 4,6,2); „ეკლესია, რომელიც მთელ დასახლებულ სამყაროშია გავრცელებული, ვიდრე უშორეს კიდემდე, ერთხმად ინარჩუნებს რწმენას, მიღებულს მოციქულთა და მათი მოწაფეებისგან, ერთი ღმერთის, ყოვლისშემძლე მამისა, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, წყალი და ყველაფერი, რაც მასშია“ (იქვე, 1,10,1); „უკიდურესი ბოროტებაა იმის თქმა, რომ ცისა და მიწის შემოქმედი, ერთადერთი, ყოვლისშემძლე ღმერთი, რომლის ზემოთაც სხვა ღმერთი არ არის, წარმოიშვა მარცხის, დაცემის შედეგად, ეს მარცხი კი, თავის მხრივ, წარმოიშვა სხვა მარცხისაგან. როგორც ეს ერეტიკოსები ფიქრობენ, შემოქმედი მესამე მარცხის შედეგი უნდა ყოფილიყო“ (იქვე, 1,16,3). მკრეხელური უგუნურებით ისინი მას „დაცემის ნაყოფს“ (იქვე, 1,19,1) უწოდებენ; „ჩვენ მტკიცედ ვემხრობით ჭეშმარიტების კანონს“, - წერს ირინეოსი, - „არის მხოლოდ ერთი ღმერთი, რომელმაც თავისი ლოგოსით შექმნა ყოველივე და შეამტკიცა; ეს ყველაფერი კი არარასგან... ეს არის ის, ვინც შექმნა სამყარო, ადამიანი, ესაა აბრაამის, ისააკის და იაკობის ღმერთი, რომლის მაღლაც არ არის სხვა ღმერთი, არც პრინციპი, არც ძალა, არც სისავსე, ეს არის ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა“ (იქვე, 1,22,1).

ირინეოსმა თავისი კრიტიკული ანალიზით ვალენტინიანური გნოსტიციზმის წინააღმდეგ გაილაშქრა. ტერტულიანემ კი მთელი წიგნი უძღვნა მარკიონის შეხედულებების უარყოფას, რომელიც, როგორც ვიცით, ასწავლიდა ორ შეუქმნელ და მარადიულ საწყისს, კეთილსა და ბოროტს. სამყარო ბოროტი საწყისისაგან უნდა შექმნილიყო. ეს თეორია მიზნად ისახავდა ბოროტების არსებობის ახსნას. ტერტულიანე აანალიზებს მარკიონის სწავლებას და, ისევე, როგორც ერმოგენის შემთხვევაში, ძლიერ, მახვილგონივრულ საპირისპირო არგუმენტებს გვთავაზობს. მარკიონის სწავლებას ტერტულიანე, ირინეოსის მსგავსად, „რწმენის კანონით“ უპირისპირდება: „კანონი რწმენისა, რომელიც განუყოფელია, შეუცვლელი და შესწორებას არ ექვემდებარება, გულისხმობს რწმენას ერთი, ყოვლისშემძლე და სამყაროს შემოქმედი ღმერთისა, მისი ძის იესო ქრისტესი და ა.შ.“ (De virg. vel., 1).

ორიგენე თავის საწყისთა შესახებ წიგნში ადგენს ქრისტიანული სარწმუნოების ამოსავალ დებულებას: „ერთი ღმერთი, რომელმაც შექმნა და მოაწესრიგა ყოველივე...; ღმერთი აბრაამის და თორმეტი პატრიარქის, მოსეს და წინასწარმეტყველთა. ღმერთი იესო ქრისტესი, ერთდროულად სამართლიანი და მოწყალე, ძველი და ახალი აღთქმის ღმერთი“ (De principiis, 1, შესავალი, 4). პავლე მოციქულის ტიტეს მიმართ ეპისტოლის კომენტარში ორიგენე ერესების შესახებ ამბობს: „ჩვენ ვუწოდებთ ყველას ერეტიკოსებს - როგორ განსხვავებულადაც არ უნდა შეფუთონ მათ თავიანთი ზღაპრები - მათ, ვინც ამტკიცებენ, რომ სწამთ ქრისტე, და თან მიაჩნიათ, რომ რჯულისა და წინასწარმეტყველთა ღმერთი სხვაა და სახარების ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი სხვა; ესენი არიან მარკიონის, ვალენტინის, ბასილიდესის მიმდევრები და ისინი, ვინც სეთის შთამომავლებად იწოდებიან...“

ნიკეის კრების მიერ დადგენილი პირველი მუხლი მიმართულია არა უშუალოდ პოლითეიზმის, არამედ დუალისტური პრინციპის წინააღმდეგ, რომელიც პოლითეიზმის სახეცვლილებაა. ნიკეის კრება, იქამდე არსებულ მთელ ქრისტიანულ ტრადიციასთან ერთად, ამტკიცებს ერთი ღმერთის პრინციპს, როგორც ყოველივეს შემოქმედსა და მამას: „მწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა...“

ამიერიდან ეს მიღებული დოქტრინაა, რომელიც მკაფიოდ განისაზღვრა ეკლესიის მიერ. მოგვიანებით, მანიქეველებთან დაპირისპირებისას, ორთოდოქსულ ქრისტიანულ აზროვნებას მოუწია რწმენის ამ უეჭველ საკითხთან მიბრუნება, მისი დაცვა მანიქეველი ერეტიკოსებისგან, რომლებმაც ის კიდევ ერთხელ დააყენეს ეჭვქვეშ. IV საუკუნეში წმიდა ეფრემმა დაწერა არაერთი ქადაგება მარკიონისა და მანის წინააღმდეგ, ასევე, ჰიმნი, რომლითაც უარყო მათი თეორიები. კირილე იერუსალიმელიც თავის კატეხეტიკურ ტრაქტატში იმავე საფუძველმდებარე შეხედულებებს აყალიბებს:

„უპირველესად, იმისათვის, რათა ღმერთის შესახებ სწავლებას მტკიცე საფუძველი ჰქონდეს თქვენს გონებაში, უწყოდეთ: ღმერთი არის ერთი, უშობელი, უმიზეზო ან უსაწყისო, უცვალებელი და უცვლელი... თუ გაიგებთ, რომ ერეტიკოსი ამბობს, რომ სამართლიანი ღმერთი სხვაა, კეთილი ღმერთი კი სხვა, მაშინვე გაიხსენეთ, რომ ეს ერესის მომწამვლელი ისარია. რამეთუ ზოგი მზაკვრულად გაკადნიერდა და ერთი ღმერთი თავისი სიტყვებით გაყო, ზოგმა კი თქვა, რომ სულის შემოქმედი სხვაა, სხეულისა კი სხვა, და შემოგვთავაზა სწავლება, რომელიც, ერთდროულად, უგუნურებაცაა და მკრეხელობაც. სულებისა და სხეულების შემოქმედი ღმერთი ერთია; ერთია ცისა და მიწის დამამტკიცებელი, ანგელოზთა და მთავარანგელოზთა შემოქმედი“.

ავგუსტინეც, რომელიც ცხრა წელი მანიქეველი იყო, შემდგომში მანის ერესის წინააღმდეგ ხანგრძლივ ბრძოლაში ჩაება. ამ საკითხს ანთროპოლოგიის პრობლემებზე საუბრისას მივუბრუნდებით.