რა არის თეოლოგია?

რა არის თეოლოგია?

10.04.2023

ქრისტოს იანარასი (დაბ. 10 აპრილი, 1935 წ.) თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი მართლმადიდებელი მოაზროვნეა. მის შრომებში შერწყმულია მართლმადიდებლური თეოლოგიისა და ფილოსოფიის საკვანძო იდეები - ხშირად, წმ. მამათა გამოცდილებას იანარასი თავის შრომებში თანამედროვე ფილოსოფიური კატეგორიების ჭრილში გადმოგვცემს, რაც მის იდეებს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. მისი საკვლევი საგნებია: პიროვნების თეოლოგია/ფილოსოფია, ონტოლოგია, ეთიკა და სხვ. იანარასის კალამს ეკუთვნის არაერთი მნიშვნელოვანი თხზულება: „ჰაიდეგერი და არეოპაგელი - ღმერთის შეუმეცნებლობის და არყოფნის შესახებ“ (1967 წ.); „ჭეშმარიტება და ეკლესიის ერთობა“ (1977 წ.); „შესავალი ფილოსოფიაში“ (1980 წ.); „ეკლესიის რწმენა“ (1983 წ.); „კრიტიკული ონტოლოგიის წანამძღვრები“ (1985 წ.); „მართლმადიდებლობა და დასავლეთი ახალ საბერძნეთში“ (1992 წ.); „ვარიაციები თემაზე „ქებათა ქება““ (2005 წ.); „ესქატოლოგია: დროის დასასრული თუ დროისგან გათავისუფლება?“ (2007 წ.) და სხვ.

2022 წლის 16 სექტემბერს ქრისტოს იანარასს მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების განვითარებისა და პოპულარიზების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივისა და ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე მიენიჭა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ქრისტოს იანარასის ვიზიტის დროს ჩაიწერა წინამდებარე ტექსტიც, რომელიც შემდეგ გაშიფრა და ახალი ბერძნულიდან ქართულად თარგმნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ბექარ ტრიანტაფილლუმ.

ქართულად თარგმნა ბექარ ტრიანტაფილლუმ

თქვენ მეკითხებით - თუ რა არის თეოლოგია? ამის ნაცვლად მე ვამჯობინებ ვისაუბრო დასაწყისისა და დასასრულის შესახებ. ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ ღმერთი არის მამა, ჩვენი დამბადებელი და ჩვენზე მზრუნველი. ჩვენ ამის რწმენა მუდამ გვქონდა, მაგრამ დღეს ეს, სამწუხაროდ, ბევრს აღარ აინტერესებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ამ საკითხებს სათანადო სიღრმით აღარ განიხილავენ. თეოლოგია არ უნდა იყოს იდეოლოგია, მხოლოდ ინტელექტუალური დებატებისა და სიტყვებით სპეკულაციის ადგილი.

უწინარეს ყოვლისა, თეოლოგია არის გამოცდილება, ამავდროულად, ის არის საშუალება სიტყვის მეშვეობით დავიწყოთ ურთიერთობა ღმერთთან და ერთმანეთთან. რასაც ჩვენ თეოლოგიას ვუწოდებთ, არის საშუალება არა ღმერთის შესახებ ცოდნის გაგებისა, არამედ საკუთრივ ღმერთის გაგებისა ურთიერთობის მეშვეობით. ამ ურთიერთობის დასაწყებად საჭიროა მომზადება. მაგალითად, თუკი მინდვრის განაპირას ვნახავთ ლამაზ ყვავილს, რომლის მშვენებაც დაგვატყვევებს, შეიძლება ის ბუნების ქმნილებად მივიჩნიოთ, თუმცა, ისიც შესაძლებელია, რომ ამ ყვავილის დანახვისას გაჩნდეს კითხვა - ნეტავ ვინ და რატომ შექმნა ასეთი მშვენიერება? იმიტომ ხომ არა, რომ მე მას ვუყვარვარ? იგივეა თეოლოგიის შემთხვევაშიც! თუკი საქმე ეხება არსებობას, ჩნდება კითხვა, საიდან იწყება ის? და თუკი არსებობის საწყისი ღმერთია, როგორ შეიძლება ეს არსებობა აღვიქვათ და გავიგოთ? ამის გაგება უაღრესად რთულია, მისი შეცნობა მხოლოდ ურთიერთობის მეშვეობით შეიძლება. კვლავაც ბუნების მშვენიერი ყვავილის მაგალითი მოვიხმოთ: მისი შემხედვარე ჩვენ ან მივიღებთ მას როგორ ღვთის საჩუქარს და დავინტერესდებით მისი შემოქმედით ან არადა, ჩვენივე დაუინტერესებლობის გამო, სრულ სიცარიელეში აღმოვჩნდებით.

ეკლესიაში მთავარია საეკლესიო გამოცდილება, რომელზე დაყრდნობითაც უნდა გაეცეს პასუხი შეკითხვებს: ვინ და რატომ შექმნა სამყარო? როგორ შევიცნოთ ღმერთი? ამაზე პასუხი არ მოიპოვება არც ლოგიკით და არც მზა სქემატიზმით, რადგან ეს იგივე იქნებოდა სხვა ადამიანი ისე შეგვყვარებოდა, რომ არც კი გაგვეცნო იგი! ღმერთი უნდა გავიცნოთ მასთან ცოცხალი ურთიერთობით, ხოლო კონკრეტულად თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, ამას მე ვერ გეტყვით. თუმცა, პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ღმერთის კვალი სამყაროს მშვენიერებასა და სილამაზეში იკითხება. სწორედ პირადი გამოცდილებით შეიძლება მივიღოთ პასუხები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელ შეკითხვებზე. ამით კმაყოფილდება ჩვენი პირველადი შემეცნებითი წყურვილი! შესაბამისად, ის, რაც საყოველთაოდ თეოლოგიად და ფილოსოფიად იწოდება, ეყრდნობა პირად გამოცდილებას და არსებით კითხვებზე პასუხიც მისი მეშვეობით გაიცემა. სწორედ აქ ხვდება ერთმანეთს თეოლოგია და ფილოსოფია!