ბზობა

ბზობა

09.04.2023

მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი, ერისკაცობაში ანდრია ბორისის ძე ბლუმი (1914-2003 წწ.) რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავარი, სუროჟის მიტროპოლიტი გახლდათ; 1965-1974 წლებში იგი იყო პატრიარქის ეგზარქოსი დასავლეთ ევროპაში. მიტროპოლიტი ანტონი ავტორია მრავალრიცხოვანი წიგნებისა, მემუარებისა და სტატიებისა მართლმადიდებლური სულიერი ცხოვრების შესახებ. იგი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მქადაგებელი იყო მართლმადიდებლურ სამყაროში. ამასთანავე, მისი შრომებით დაინტერესებული იყვნენ არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენლებიც. მისი თხზულებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. მიტროპოლიტი ანტონი იყო სხვადასხვა ეკლესიების მიერ მინიჭებული ჯილდოების მფლობელი, ასევე, მოსკოვისა და კიევის სასულიერო აკადემიებისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. მისი მთავარი ნაშრომებია: „ცოცხალი ლოცვა“ (1966 წ.), „ლოცვის სკოლა“ (1970 წ.), „ღმერთი და ადამიანი“ (1971 წ.), „ლოცვის კადნიერება“ (1973 წ.), „შეხვედრა“ (2005 წ.), „ქრისტეს ცოცხალი სხეული“ (2007 წ.) და სხვ.

მოცემული ფრაგმენტი ქართულად თარგმნილია შემდეგი გამოცემიდან: Антоний, Митрополит Сурожский, Труды, книга первая, Москва: «Практика», 2012, გვ. 975-976.

ქართულად თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა

(30 მარტი, 1980 წ., ინ. 12:1-18)

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.

დღეიდან ქრისტეს არა მხოლოდ ვნებები, არამედ საშინელი მარტოობაც ელოდება, რომელიც ვნების შვიდეულის ყოველ დღეს თან სდევს მას. ის იწყება ერთგვარი გაურკვევლობით - ხალხი ელის, რომ უფლის შესვლა იერუსალიმში იქნება საზეიმო მსვლელობა პოლიტიკური, სახალხო წინამძღოლისა, რომელიც იხსნის თავის ხალხს უღლისგან, მონობისგან, იმისგან, რაც მათ უღმრთოებად მიაჩნდათ, რამეთუ ყოველგვარი წარმართობა, კერპთაყვანისმცემლობა ცოცხალი ღმერთის უარყოფაა. ეს მარტოობა თანდათან გაძლიერდება და იქცევა საშინელ უგულისხმოებად თვით მოციქულთა მხრიდანაც. საიდუმლო სერობაზე, როცა მაცხოვარი მათ უკანასკნელად ესაუბრება, ისინი ვერ გულისხმაყოფენ მისი სიტყვების საზრისს. შემდგომშიც, როცა ის გეთსიმანიის ბაღში შევა, რათა წარდგეს მოსალოდნელი საშინელი სიკვდილის წინაშე, მისი უახლოესი მოწაფეები - პეტრე, იოანე და იაკობი - დაიძინებენ მცონარების, დაღლილობისა და სასოწარკვეთის გამო.

და, ბოლოს, ამ მარტოობის უკანასკნელი გამოვლინება იქნება მისი შეძახილი ჯვრიდან: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე? (მკ. 15:34). ადამიანთაგან მიტოვებული, ისრაელის ხალხის მიერ უარყოფილი, ის უკიდურეს მარტოობაში შეაბიჯებს და კვდება თითქოს ღმერთის, ადამიანების გარეშე, მარტო, მხოლოდ ღვთისა და ადამიანებისადმი თავის სიყვარულთან ერთად, კვდება ადამიანთა გამო, მათ განსადიდებლად.

უფლის ვნებათა დასაწყისი მისი დღევანდელი საზეიმო მსვლელობაა. ხალხი ელოდა მეფეს, ბელადს, თუმცა კი, ჰპოვეს მაცხოვარი მათი სულებისა. ისე არაფერი ასასტიკებს ადამიანს, როგორც იმედგაცრუება, მოლოდინის განქარვება. ამით იხსნება, რომ ადამიანები, ასე რომ შეხვდნენ მას, ვინც ლაზარეს აღდგინების, მისი სასწაულების მოწმეები იყვნენ, ესმოდათ და აღტაცებულნი იყვნენ მისი სწავლებებით, მზად იყვნენ მისი მოწაფეები გამხდარიყვნენ, ოღონდ კი ამას გამარჯვება მოეტანა - გაემიჯნენ, უარყვეს ის და რამდენიმე დღის შემდგომ გაიძახოდნენ: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი! (ლკ. 23:21). ქრისტემ მთელი ეს დღეები მარტოობაში გაატარა; მან იცოდა, თუ სად მიდიოდა - მიტოვებულმა ყველასგან, ღვთისმშობლის გარდა. ის კი მდუმარედ, როგორც მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე, მოშორებით იდგა და თანამონაწილეობდა ჯვარზე მის ტრაგიკულ აღმასვლაში - დედა ღვთისა, ვისაც ეხარა და ვინც, ასევე, მდუმარედ მიიღო სვიმეონის წინასწარმეტყველური სიტყვა მასზედ, რომ მის გულში მახვილი გაივლიდა (შდრ.: ლკ. 2:35).

ამ დღეების მანძილზე ჩვენ დავესწრებით - არა მხოლოდ გავიხსენებთ, არამედ დავესწრებით! - უფლის ვნებებს. ჩვენ ვიქნებით იმ ბრბოს ნაწილი, რომელიც გარს ერტყა მას, მოციქულებსა და ღვთისმშობელს. როცა კი მოვისმენთ სახარებისეულ საკითხავებს, საეკლესიო საგალობლებს, როცა თვალწინ დაგვიდგება ამ მძიმე დღეების სურათები, ყოველდღიურად დავუსვამთ ჩვენს თავს შეკითხვას: სად ვარ, ვინ ვარ ამ ბრბოში: ფარისეველი? მწიგნობარი? გამყიდველი? ლაჩარი? თუ მოციქულებს შორის ვდგავარ, თუმცა კი, შიშმა ისინიც მოიცვა! პეტრემ სამგზის უარყო, იუდამ გასცა, იოანემ, იაკობმა და პეტრემ დაიძინეს, როცა ქრისტეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა ადამიანური სიყვარული, სხვა მოციქულები გაიქცნენ. ჯვართან არავინ დარჩა, გარდა ღვთისმშობლისა და იოანესი - მათ ქრისტესთან ისეთი სიყვარული აკავშირებდათ, რომელსაც არ ეშინია და მზადაა ყოველივეს გაზიარებისთვის.

და, კვლავაც, ვკითხოთ საკუთარ თავს: ვინ ვართ, სად ვართ? სად ვდგავართ ამ ბრბოში? იმედით აღსავსენი ვართ თუ სასოწარკვეთით მოცულნი? ხოლო თუკი უგრძნობელად ვდგავართ, მაშინ ჩვენც იმ საშინელი ბრბოს ნაწილი ვართ, რომელიც გარს ერტყა ქრისტეს, თან დაყვებოდა, უსმენდა - და მიდიოდა, როგორც ეკლესიიდან წავალთ ჩვენ. ხუთშაბათს აქ ჯვარი აღიმართება, წავიკითხავთ სახარებას ჯვრის შესახებ, ჯვარცმის, სიკვდილის შესახებ - და შემდგომ რა იქნება? ჯვარი აღმართული დარჩება, ჩვენ კი სახლში, მოსასვენებლად წავალთ, სავახშმოდ, დასაძინებლად, მომდევნო დამღლელი დღისთვის მოსამზადებლად გავეშურებით. ქრისტე კი ამ დროს ჯვარზეა, სამარეშია. რა საშინელებაა, რომ არ ძალგვიძს, როგორც მოციქულებსაც თავის დროს, სულ ერთი საათი ან ერთი ღამე გავატაროთ მასთან. დავფიქრდეთ ამაზე, და თუკი არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, ის მაინც გავიგოთ, თუ ვინ ვართ, სად ვართ და მივმართოთ ქრისტეს უკანასკნელ ჟამს ავაზაკის ღაღადებით, ლოცვით: მომიხსენე უფალო, შენს სასუფეველში! ამინ.