ახალი ატლანტიდა - ნაწილი I

ახალი ატლანტიდა - ნაწილი I

22.02.2023

დიდმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა ფრენსის ბეკონმა (1561-1626) „ახალი ატლანტიდა“ დაწერა 1624/5 წლებში, მას შემდეგ, რაც მისი ხანგრძლივი და წინააღმდეგობებით აღსავსე პოლიტიკური მოღვაწეობა საბოლოოდ დასრულდა და იგი ინგლისის ლორდ კანცლერის თანამდებობიდან გადააყენეს. თუმცა, ეს ტექსტი მხოლოდ ბეკონის სიკვდილის შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც 1627 წელს მისმა პირადმა მდივანმა უილიამ როულიმ პირველად გამოსცა „ახალი ატლანტიდა“. ამ გამოცემის შესავალში როული წერდა, რომ ბეკონის განზრახვა იყო, ჩამოეყალიბებინა საუკეთესო  კანონთა სისტემა და სახელმწიფოს მოდელი, მაგრამ ამის განხორციელება ვერ მოასწრო.

„ახალი ატლანტიდა“ უტოპიური ჟანრის თხზულებაა, სადაც ფიქცია წარმოდგენილია როგორც სინამდვილე. ბეკონი ევროპელი მოგზაურების ამბავს ჰყვება. ისინი აღმოჩნდებიან უცნობ კუნძულ ბენსალემზე, სადაც სახლობს უძველესი, მაგრამ, ამავდროულად, განვითარებული ცივილიზაცია, რომელიც ორ მთავარ საყრდენზე – მეცნიერულ ცოდნასა და ქრისტიანულ რწმენაზე – დგას. ტექსტი  ქართულად გამოიცა 2016 წელს: ფრენსის ბეკონი, „ახალი ატლანტიდა“. ქართულად თარგმნა, გამოკვლევა და შენიშვნები დაურთო გ. ხუროშვილმა; ფილოსოფია-სოციოლოგიის კლასიკური და თანამედროვე ტექსტები, ტ. 5, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი. ამჯერად, გთავაზობთ თხზულების პირველ ნაწილს, დანარჩენი ნაწილები პერიოდულად განთავსდება ამ პორტალზე. 

ქართულად თარგმნა გიორგი ხუროშვილმა

პერუდან, სადაც მთელი ერთი წელი დავყავით, გავცურეთ სამხრეთის ზღვაში, ჩინეთისა და იაპონიის მიმართულებით, თან მიგვქონდა თორმეტი თვის სამყოფი მარაგი. ხუთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, სუსტი და რბილი აღმოსავლეთის ქარი ჰქროდა. მაგრამ მოგვიანებით ქარმა მიმართულება შეიცვალა და მრავალი დღის მანძილზე უკვე დასავლეთიდან ჰქროდა, თანაც ისე ძლიერად, რომ წინ თითქმის ვეღარ მივიწევდით და დროდადრო უკან გამობრუნებაზეც კი ვფიქრობდით. თუმცა, შემდეგ, სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ძლიერი ქარი ამოვარდა; ჩვენი ძალისხმევა ამაო გამოდგა, ქარმა ჩრდილოეთისაკენ წაგვიღო. ამ დროისათვის ჩვენი მარაგები იწურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ზომიერად ვანაწილებდით. ამრიგად, როდესაც მივხვდით, რომ მარაგების გარეშე, მსოფლიოში უდიდესი წყლის უდაბნოს შუაგულში აღმოვჩნდით, ჩვენი თავი განწირულად ჩავთვალეთ, და სიკვდილთან შესახვედრად მოვემზადეთ. თუმცა ჩვენი გული და ლოცვები ზეცაში მყოფი ღმერთისკენ იყო მიმართული, რომელიც სასწაულებს ახდენს წყალზე; შევსთხოვდით მას მოეღო მოწყალება და როგორც თავდაპირველად შეაერთა წყლები და გამოაჩინა ხმელეთი, ისე ჩვენთვისაც გამოეჩინა მიწა, რათა არ დავღუპულიყავით. 

მეორე დღეს, საღამო ხანს, ჩრდილოეთით, სქელი ღრუბლების მსგავსი რამ შევნიშნეთ, რამაც მიწის პოვნის მცირე იმედი გაგვიჩინა, რადგან ვიცოდით, რომ სამხრეთის ზღვის ეს ნაწილი შეუსწავლელი იყო და რომ იქ, შესაძლოა, აქამდე უცნობი კუნძულები ან კონტინენტები ყოფილიყო. ამიტომაც, ჩვენი კურსი იქითკენ მივმართეთ, საიდანაც, მთელი ღამის განმავლობაში, ეს მიწის მსგავსება მოსჩანდა. მომდევნო დღეს, გამთენიისას ცხადად დავინახეთ, რომ ეს მართლაც მიწა იყო, შესახედად სწორხაზოვანი და ტყით დაბურული, რის გამოც ის კიდევ უფრო ბნელი გვეჩვენა. საათნახევრიანი ცურვის შემდეგ, კარგ ნავსადგურში შევედით, რომელიც მშვენიერი ქალაქის პორტი იყო. მართალია, ქალაქი დიდი არ იყო, მაგრამ კარგად იყო ნაგები და ზღვიდან საუცხოოდ გამოიყურებოდა. რამდენადაც ყოველი წუთი გვეძვირფასებოდა, როგორც კი ნაპირს მივუახლოვდით, გადმოსასხდომად მოვემზადეთ. ამ დროს, ჩვენს პირდაპირ, რამდენიმე კვერთხით შეიარაღებული ადამიანი დავლანდეთ, რომლებიც თითქოს გადმოსხდომას გვიკრძალავდნენ: არა ყვირილით ან მუქარით, არამედ გამაფრთხილებელი ნიშნების მეშვეობით. ამან ერთობ დაგვაღონა, ვმსჯელობდით, თუ როგორ მოვქცეულიყავით. ამასობაში ჩვენსკენ მცირე ზომის ნავი გამოემართა. მასში დაახლოებით რვა კაცი ისხდა. ერთ მათგანს ყვითელი ლერწმის ხელჯოხი ეკავა, რომელიც ბოლოებში ლურჯად იყო შეფერილი. იგი ჩვენს გემზე ისე ამოვიდა, რომ ჩვენდამი უნდობლობა არც კი გამოუმჟღავნებია. როგორც კი დაინახა, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი დანარჩენებზე წინ იდგა, ამოიღო მცირე ზომის დაგრაგნილი ეტრატი (ჩვენებურზე უფრო ყვითელი, საწერი მაგიდის საგდულებივით ბრჭყვიალა, მაგრამ რბილი და მოსახერხებელი) და დაწინაურებულ ჩვენიანს გადასცა. გრაგნილში ძველი ებრაულით, ძველი ბერძნულით, კარგი სკოლური ლათინურით და ესპანურით შემდეგი სიტყვები ეწერა: „დაე, ნურცერთი გადმოსხდებით მიწაზე და მზად იყავით, რომ არაუგვიანეს თექვსმეტი დღისა დატოვოთ ეს სანაპირო, თუკი დარჩენის ვადას არ გაგიხანგრძლივებენ; ხოლო მანამდე, თუკი სუფთა წყალი, სანოვაგე, სნეულთა მოვლა, ან გემის შეკეთება გესაჭიროებათ, ჩამოწერეთ, რაც გჭირდებათ და გიწყალობებთ ყოველივეს, რისი წყალობაც შეგვიძლია.“ გრაგნილზე ქერუბიმის ფრთებიანი ბეჭედი იყო დასმული, ფრთები მაღლა როდი იყო აპყრობილი, არამედ ძირს იყო დაშვებული, გვერდით კი ჯვარი ესვა. 

გრაგნილი რომ გადმოგვცა, მოხელე უკან გაბრუნდა და მხოლოდ მსახური დაგვიტოვა, რომლისათვისაც ჩვენი პასუხი უნდა გვემცნო. ერთმანეთში ვითათბირეთ, საკმაოდ დაბნეულები ვიყავით. გადმოსხდომის აკრძალვამ და გამგზავრების დაჩქარების შესახებ გაფრთხილებამ ძლიერ შეგვაშფოთა. მეორე მხრივ კი, იმის აღმოჩენამ, რომ აქაური ხალხი ენებს ფლობს და ესოდენ კაცთმოყვარეა, ერთობ დაგვამშვიდა. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, იმან გაგვახარა, რომ ბეჭედზე ჯვარი იყო გამოსახული, როგორც სიკეთის უტყუარი მომასწავებელი. ესპანურად დავწერეთ ჩვენი პასუხი, „რომ გემი გამართული იყო, რადგან გზა დიდწილად უქარო ან პირქარიანი იყო და ქარიშხლებს არ შევხვედრივართ; რომ სნეულები მრავლად გვყავდა, თანაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში; ამდენად, გადმოსხდომის აკრძალვა მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა.“ ცალკე აღვნიშნეთ ჩვენი სხვა საჭიროებებიც და იქვე დავძინეთ „რომ თან გვქონდა გარკვეული საქონელი, თუკი ისინი მის შესყიდვას მოისურვებდნენ. ამით ჩვენს საჭიროებებს უზრუნველვყოფდით და მათგან დავალებულნი არ ვიქნებოდით.“ მსახურს შევთავაზეთ გარკვეული ჯილდო პისტოლების სახით, ხოლო მოხელისათვის კი მეწამული ფერის ხავერდის ნაჭერს ვატანდით; თუმცა, მსახურმა საჩუქრები არ აიღო, ისე დაგვტოვა, რომ მათთვის ჯეროვნადაც კი არ შეუხედავს და მისთვის გამოგზავნილი პატარა ნავით უკან გაბრუნდა.  

ჩვენი პასუხის გაგზავნიდან დაახლოებით სამ საათში, ჩვენთან მოვიდა იქაური (სავარაუდოდ) წარჩინებული პირი. მას ეცვა ერთგვარი კამლოტის ფართო სახელოებიანი მოსახამი, ლაჟვარდოვნად შეფერილი, ჩვენებურზე უფრო კაშკაშა; მისი ქვედაბოლო მწვანე ფერისა იყო, ისევე როგორც მისი ქუდი, რომელიც ფორმით ჩალმას წააგავდა. ის გემოვნებით იყო გაკეთებული, მაგრამ თურქული ჩალმასავით დიდი არ იყო; ქუდის ფარფლებიდან მისი თმები კულულებად ჩამოშლილიყო. პატივდებული კაცი უნდა ყოფილიყო. იგი მოვიდა ნავით, რომლის ცალკეული ნაწილებიც მოვარაყებული იყო, მასში კიდევ ოთხნი ისხდნენ; ამ ნავს მოჰყვებოდა მეორე ნავი, სადაც ოცამდე კაცი იჯდა. როდესაც საისრე მანძილზე მოგვიახლოვდნენ, ნიშნებით გვამცნეს, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი მასთან შესახვედრად გასულიყო. ჩვენ ეს მითითება დაუყოვნებლივ შევასრულეთ და გავაგზავნეთ ნავი, რომელშიც ჩვენი რიგით მეორე მეთაური და ოთხი ჩვენიანი ისხდა. როდესაც მათ ნავს ექვსი იარდის მანძილზე მივუახლოვდით,  გვითხრეს, რომ შევჩერებულიყავით და სვლა აღარ გაგვეგრძელებინა, ასეც მოვიქეცით.

ამ დროს, ჩემს მიერ ზემოაღწერილი კაცი წამოდგა და ხმამაღლა, ესპანურად გვკითხა: „ქრისტიანები ხართ?“ „დიახ, ვართ“ – უშიშრად ვუპასუხეთ ჩვენ, რადგან გვახსოვდა მათ ბეჭედზე გამოსახული ჯვარი. ამ პასუხის გაგონებაზე, ამ კაცმა მარჯვენა ხელი ცისკენ აღმართა, შემდეგ კი ნაზად მიიდო ტუჩებზე (ამ ჟესტს, ისინი ღმერთის სამადლობლად იყენებენ) და გვითხრა: „თუკი ყოველი თქვენგანი, ჩვენი მხსნელის საქმეებს დაიფიცებს, რომ არ ხართ მეკობრეები, რომ ორმოცი დღის მანძილზე, არც კანონიერად და არც უკანონოდ, სისხლი არ დაგიღვრიათ, მაშინ გეძლევათ უფლება მიწაზე გადმოსხდომისა.“ ჩვენ ვუპასუხეთ, „რომ ყოველი ჩვენგანი მზად იყო ამ ფიცის დასადებად.“ ამის შემდეგ, მისმა ერთ-ერთმა თანმხლებმა (სავარაუდოდ მწიგნობარმა) ფიცის ტექსტი დაწერა, წარჩინებულის მეორე თანმხლებმა კი, რომელიც ნავში მასთან ერთად იმყოფებოდა, თავის ბატონთან მცირედი საუბრის შემდეგ ხმამაღლა გვითხრა: „ჩემი ბატონი გაუწყებთ, რომ თქვენს ხომალდზე ამოუსვლელობის მიზეზი სიამაყე ან ქედმაღლობა როდია, არამედ ის, რომ თქვენს პასუხში გვამცნეთ სნეულები მრავლად გვყავსო და, ამდენად, ქალაქის ჯანდაცვის მეურვემ იგი გააფრთხილა, თქვენთან არ მოახლოებულიყო.“ ჩვენ მას თავი დავუკარით და ვუპასუხეთ, რომ „მისი ერთგული მსახურნი ვართ და ყოველივე, რაც ჩვენთვის უკვე გააკეთეს, მათ დიდ ღირსებასა და გამორჩეულ კაცთმოყვარეობაზე მეტყველებს; გამოვთქვით იმედიც, რომ ჩვენიანების დაავადება გადამდები არ იქნებოდა.“ 

ამგვარად, ისინი გაბრუნდნენ. მცირეოდენი ხნის შემდეგ კი ჩვენს ხომალდზე მწიგნობარი ამოვიდა, ხელში იქაური ხილი ეჭირა, რომელიც ფორთოხალს წააგავდა. ის ოქროსფერიდან ალისფერში გადადიოდა და საოცარ სურნელს აფრქვევდა. მოგვეჩვენა, რომ იგი მას ინფექციისაგან თავის დასაცავად იყენებდა. მან გადმოგვცა ჩვენი ფიცი, „იესოს და მისი საქმეების სახელით“, და გვაუწყა, რომ მომდევნო დღეს, დილის ექვსი საათისათვის, მოვიდოდნენ ჩვენს წასაყვანად და მიგვიყვანდნენ უცხოელთა სახლში (როგორც იგი მას უწოდებდა), სადაც ჩვენ, როგორც ჯანმრთელები ისე სნეულები, ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიქნებოდით. ამ სიტყვებით მან დაგვტოვა; ხოლო, როდესაც რამდენიმე პისტოლი შევთავაზეთ, ღიმილით გვითხრა, რომ „ერთი საქმისათვის ორგზის არ უნდა უნაზღაურებდნენ“: რაც (როგორც მე ვხვდები) იმას უნდა ნიშნავდეს, რომ იგი თავისი სამსახურისათვის სახელმწიფოსაგან საკმარის გასამრჯელოს იღებდა. რამდენადაც (როგორც შემდეგ შევიტყვე) ისინი ორგზის ანაზღაურებულს უწოდებენ იმ მოხელეს, რომელიც საჩუქრებს იღებს.  

მეორე დღეს, დილაუთენია, ის ხელჯოხიანი მოხელე მოვიდა, რომელსაც თავდაპირველად შევხვდით და გვითხრა, რომ იგი უცხოელთა სახლში ჩვენს წასაყვანად არის მოსული, ადრიანად კი იმიტომ მოსულა, რომ ჩვენი საქმეების მოსაგვარებლად მთელი დღე წინ გვქონოდა. „რადგან“, – განაგრძო მან, – „თუ ჩემს რჩევას დაუჯერებთ, აჯობებს, თუკი თავდაპირველად რამდენიმე თქვენიანი გამომყვება და მოინახულებს იმ ადგილს, რათა თქვენთვის უფრო მოსახერხებლად მოეწყოს ის, ხოლო შემდგომ ხმელეთზე გადმოიყვანთ სნეულებს და იმ დანარჩენებსაც, რომელთა გადმოყვანაც გსურთ.“ ჩვენ მადლობა გადავუხადეთ მას და ვუთხარით, „რომ მიუსაფარ უცხოელებზე ზრუნვისათვის ღმერთი დააჯილდოვებდა.“ ამგვარად, ექვსი ჩვენგანი, მასთან ერთად, ხმელეთისაკენ გავეშურეთ; როდესაც მიწაზე გადმოვსხედით, იგი წინ გაგვიძღვა, ერთ მომენტში კი მოტრიალდა და გვითხრა, რომ „მიგვეღო იგი, როგორც ჩვენი მსახური და მეგზური.“ მან სამ შესანიშნავ ქუჩაზე გაგვატარა; ჩვენი მსვლელობის განმავლობაში, ქუჩის ორივე მხარეს, გარკვეული რაოდენობის ხალხი ჩამწკრივებულიყო; ეს მწკრივი ერთობ მოწესრიგებული იყო და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს ეს ხალხი ჩვენს სამზერად კი არ შეკრებილიყო, არამედ ჩვენთან შესაგებებლად; ზოგიერთი მათგანი, ჩვენი მიახლოებისას, მცირედით წინ იშვერდა ხელებს, რაც მათში მისალმების ჟესტია.

უცხოელთა სახლი კარგად გამართული და ფართო შენობაა, აგურით ნაგები. ჩვენებური აგურისაგან განსხვავებით, მას უფრო მოლურჯო ფერი დაჰკრავდა; სახლს კოხტა ფანჯრები ამშვენებდა, რომელთაგანაც ზოგი შემინული იყო, ზოგი კი ერთგვარი შეზეთილი ბატისტით იყო დაფარული. თავდაპირველად მან კიბის თავში მდებარე მშვენიერ მისაღებში შეგვიყვანა და გვკითხა თუ „რამდენი ვიყავით? და რამდენი იყო ჩვენს შორის სნეული?“ ჩვენ მივუგეთ, რომ „სულ (სნეულიც და ჯანმრთელიც) ორმოცდათერთმეტ კაცს ვითვლიდით,  რომელთაგანაც ჩვიდმეტი სნეული იყო.“ მან გვთხოვა, მცირე ხანს მოგვეცადა და მის დაბრუნებას დავლოდებოდით. დაახლოებით ერთი საათი ვიცადეთ; რის შემდეგაც მან ჩვენთვის განკუთვნილი ოთახებისაკენ წაგვიყვანა, რომელთა რაოდენობა ცხრამეტს შეადგენდა. მათ წინასწარ გაეთვალათ, რომ იმ ოთხ ოთახში, რომელიც დანარჩენებზე უკეთესი იყო, ცალ-ცალკე მოეთავსებინათ ჩვენი ჯგუფის ოთხი მეთაური; ხოლო დანარჩენ თხუთმეტში კი, წყვილ-წყვილად ჩვენ დავებინავებინეთ. ოთახები იყო კარგი, ნათელი და ნატიფად გაწყობილი. შემდეგ იგი გრძელი დარბაზისაკენ გაგვიძღვა, რომელიც საერთო საძინებელს ჰგავდა, აქ, მწკრივში, ერთ მხარეს (რამდენადაც, მეორე მხარეს მხოლოდ კედელი და ფანჯარა იყო) ჩვიდმეტი საძინებელი იყო განთავსებული. თითოეული მათგანი საკამოდ სუფთად გამოიყურებოდა და კედრის ხის ტიხრებით იყო გამოყოფილი. ამ დარბაზში სულ ორმოცამდე მსგავსი საძინებელი იყო (ე. ი. უფრო მეტი, ვიდრე გვჭირდებოდა) და აქ ლაზარეთი ჰქონდათ მოწყობილი. მან იქვე გვითხრა, რომ როდესაც სნეულები გამოჯანმრთელდებოდნენ, მათ ამ საძინებლებიდან ოთახებში გადაიყვანდნენ. ამისათვის (ზემოაღნიშნული რაოდენობის გარდა) დამატებით ათი ოთახი ჰქონდათ მომზადებული.

ამ საუბრის შემდეგ, ისევ სასტუმრო ოთახში დავბრუნდით. ჩვენმა მეგზურმა ოდნავ აღმართა თავისი ხელჯოხი (ისინი ასე იქცევიან, როდესაც რაიმე განკარგულებას ან ბრძანებას გასცემენ) და გვითხრა: „უნდა იცოდეთ, რომ ჩვენი მიწის ჩვეულების თანახმად, დღევანდელი და ხვალინდელი დღის გარდა (რომელიც თქვენიანების გემიდან გადმოყვანისათვის გეძლევათ), გეკრძალებათ სახლის დატოვება სამი დღის მანძილზე. მაგრამ, ეს ნუ შეგაშფოთებთ და ნურც შეზღუდულად იგრძნობთ თავს, ვინაიდან ეს დღეები თქვენი მოსვენებისა და დამშვიდებისთვისაა განკუთვნილი. ამ დროის მანძილზე არაფერი მოგაკლდებათ; მოგამაგრებთ ექვს ჩვენიანს, რომლებიც დაგეხმარებიან, თუკი გარეთ რაიმე საქმე გექნებათ.“ ჩვენ მთელი გულით და მოწიწებით მას მადლობა გადავუხადეთ და ვუთხარით, რომ „ამ მიწაზე ჭეშმარიტად სუფევს ღმერთი;“ ასევე, ოციოდე პისტოლიც შევთავაზეთ; თუმცა, მან ღიმილით თქვა: „როგორ? ორგზის საზღაური!“ და დაგვტოვა. მისი წასვლიდან მალევე სადილიც გაგვიწყეს; მშვენიერი სანოვაგე იყო, კარგი პურით და ხორცით: უკეთესი, ვიდრე, ნებისმიერი სუფრის საკვები, რომელიც კი ევროპაში მინახავს. მოგვიტანეს სამი სახეობის სასმელიც: ყურძნის ღვინო, ხორბლის სასმელი, რომელიც ჩვენებურ ლუდს ჰგავდა, მაგრამ, უფრო დაწმენდილი იყო და ერთგვარი სიდრი, რომელსაც იქაური ხილისაგან ამზადებდნენ, დასალევად კი ერთობ სასიამოვნო და გამაგრილებელი იყო. გარდა ამისა, ჩვენი სნეულებისთვის ბლომად მოიტანეს ზემოაღწერილი ალისფერი ფორთოხალი; რომელიც (მათი თქმით) ზღვის დაავადებათა წინააღმდეგ უებარი საშუალება იყო. მათ, ასევე, ყუთით მოგვცეს მომცრო, ნაცრისფერი თუ მოთეთრო აბები, რომლებიც ჩვენს სნეულებს ყოველ ღამე, ძილის წინ უნდა მიეღოთ, რაც (მათი თქმით) სნეულთა გამოჯანმრთელებას დააჩქარებდა. 

მომდევნო დღეს, როდესაც გემიდან ჩვენი ჯგუფის წევრების გადმოსხდომის და საქონლის ჩამოტვირთვის საკითხები ასე თუ ისე მოგვარდა, ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, რომ ჩვენი ჯგუფის წევრები შეგვეკრიბა. როდესაც შეგროვდნენ, მე მათ სიტყვით მივმართე: „მეგობრებო, მოდით, თავი მოვუყაროთ ჩვენს აზრებს და დავფიქრდეთ ჩვენს ყოფაზე. ჩვენ მიწაზე მოვხვდით, იონას მსგავსად, რომელიც ვეშაპმა მუცლიდან მიწაზე გადმოანთხია, მაშინ როდესაც მიგვაჩნდა რომ ოკეანემ გვშთანთქა; თუმცა, ახლაც, როდესაც უკვე მიწაზე ვიმყოფებით, მაინც სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ვართ, რადგან როგორც ძველი, ისე ახალი სამყაროს მიღმა აღმოვჩნდით და მხოლოდ ღმერთმა უწყის, ოდესმე ვნახავთ თუ არა ევროპას. აქ სასწაულებრივად მოვხვდით და ამდენად, არანაკლები სასწაული უნდა მოხდეს, რომ აქედან გავაღწიოთ. ამიტომაც, მოდით, წარსულში ჩვენი ხსნის და ამჟამინდელი თუ მომავალი საფრთხეების გათვალისწინებით, ჩვენი მზერა ღმერთს მივაპყროთ და ყოველმა ჩვენგანმა საკუთარი თავი განვიწმინდოთ. თანაც, გვახსოვდეს, რომ ჩვენ ქრისტიან ხალხს შორის ვიმყოფებით, რომელიც ღვთისმოსავი და კაცთმოყვარეა. ამიტომაც, მოდით, ნუ შევირცხვენთ თავს მათ წინაშე ჩვენი მანკიერებებითა და უღირსობებით. მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის, მათ თავისი განკარგულებით (თუმცკი, თავაზიანი ფორმით) სამი დღით ამ კედლებში გამოგვკეტეს. ვინ იცის, იქნებ ასე იმიტომაც მოიქცნენ, რომ ჩვენი ყოფა-ქცევა და მდგომარეობა მოსინჯონ? თუკი, ცუდად მოვიქცევით, აქედან დაუყოვნებლივ გაგვაძევონ; ხოლო კარგი მოქცევის შემთხვევაში კი დარჩენის ვადა გაგვიხანგრძლივონ. თანაც ის ხალხი, რომლებიც შემწეებად მოგვიჩინეს, შესაძლოა, იმავდროულად, თვალყურსაც გვადევნებდეს. ამრიგად, ღვთის გულისათვის, ჩვენი სულისა და სხეულის სიმშვიდისათვის, ისე მოვიქცეთ, რომ მშვიდობაში ვიყოთ ღმერთთან და აქაური ხალხის გულიც მოვიგოთ.“ 

ჩვენი ჯგუფის წევრებმა ერთხმად გადამიხადეს მადლობა სასარგებლო შეგონებებისათვის და აღმითქვეს, რომ მშვიდად და თავაზიანად მოიქცეოდნენ და წყენისათვის მცირედ საბაბსაც არ მისცემდნენ მათ. ამგვარად, ეს სამი დღე მხიარულად და უზრუნველად გავატარეთ იმის მოლოდინში, თუ რა მოხდებოდა მათი გასვლის შემდეგ. ამ დროის განმავლობაში ისიც გვახარებდა, რომ ყოველ მომდევნო საათში, უფრო და უფრო უმჯობესდებოდა ჩვენი სნეულების მდგომარეობა; ისინი ისე იოლად და სწრაფად იკურნებოდნენ, რომ თავიანთი თავი განკურნების ღვთაებრივ ავზში ეგონათ. 

სამი დღის გასვლის შემდეგ, დილით, მოვიდა სხვა კაცი, რომელიც აქამდე არ გვენახა. იგი, მისი წინამორბედის მსგავსად, ლურჯებში იყო გამოწყობილი, იმ განსხვავებით, რომ მისი ჩალმა თეთრი იყო და ზედ პატარა წითელი ჯვარი ესვა, მხრებზე კი თხელი ტილოს პელერინი ჰქონდა მოსხმული. შემოსვლისას მცირედით დაიხარა და ხელები აღმართა. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ერთობ მდაბლად და მორჩილად მივესალმეთ; თითქოს მისგან ან სასიკვდილო განაჩენს ან სიცოცხლის შენარჩუნებას ველოდით. მან ისურვა, რომ ესაუბრა რამდენიმე ჩვენთაგანთან. ამიტომაც ოთახში ექვსნი დავრჩით, დანარჩენებმა კი დაგვტოვეს. მან გვითხრა: „მე თანამდებობით უცხოელთა სახლის მმართველი ვარ, მოწოდებით კი ქრისტიანი მღვდელი, ამდენად, მოვედი რათა როგორც უცხოელებს, ხოლო, უპირველეს ყოვლისა კი, როგორც ქრისტიანებს, ჩემი სამსახური შემოგთავაზოთ. გარდა ამისა, ზოგიერთ ისეთ რამესაც გეტყვით, რომ, ვფიქრობ გაგახარებთ. სახელმწიფომ ექვსი კვირით დარჩენის ნება დაგრთოთ; თუკი თქვენი საქმეებისათვის მეტი დრო გჭირდებათ, ნუ დაღონდებით, რადგან ამ მხრივ კანონი მკაცრი არ არის და ეჭვი არ მეპარება, რომ თავადვე შევძლებ, გამოვითხოვო თქვენთვის ხელსაყრელი დროით დარჩენის ნებართვა. ისიც უნდა იცოდეთ, რომ ამ დროისათვის უცხოელთა სახლი მდიდარი და კარგად უზრუნველყოფილია. მისი შემოსავლები ბოლო ოცდაჩვიდმეტი წლის მანძილზე გროვდებოდა, რადგან ამ ხნის მანძილზე ამ მხარეში უცხოელი არ მოსულა. ამდენად, ნურაფერზე იფიქრებთ; თქვენი აქ ყოფნის განმავლობაში სახელმწიფო შეგინახავთ. მზრუნველობა ერთი დღეც არ მოგაკლდებათ. რაც შეეხება თქვენს საქონელს, თქვენ შეგეძლებათ მისი გაყიდვა, სხვა საქონელზე ან ოქროსა და ვერცხლზე, ვინაიდან, ჩვენთვის მათ ერთი ფასი აქვთ. ხოლო, თუკი რაიმე სათხოვარი გაქვთ, ნუ დამალავთ; რადგან თავადვე ნახავთ, რომ ჩვენი პასუხი ხასიათს არ წაგიხდენთ. მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით, სპეციალური ნებართვის გარეშე, არც ერთი თქვენგანი ქალაქის კედლებს ერთი კარანის (რაც იქაური მილნახევრის ტოლფასია) მანძილზე შორს არ უნდა გასცდეს.“

ესოდენ გულმოწყალე და მამაშვილური მოპყრობით აღფრთოვანებულები ერთმანეთს შევაცქერდით და ვუთხარით მას, რომ არც კი ვიცოდით, თუ რა გვეთქვა; რომ მადლიერების გამოსათქმელად სიტყვებს ვეძებდით; რომ ასეთი დიდსულოვანი შემოთავაზებების ფონზე სათხოვარი აღარაფერი გვქონდა; რომ თითქოს ჩვენს წინ ჩვენი ზეციური ხსნის სურათი გადაშლილიყო; რადგან ცოტაოდენი ხნის წინ სიკვდილის კლანჭებში ვიყავით, ხოლო ახლა კი იმგვარ ადგილზე აღმოვჩნდით, სადაც ნუგეში ვპოვეთ. რაც შეეხება ჩვენზე დაკისრებულ აკრძალვას, შევპირდით, რომ ჩვენ მას არ დავარღვევდით და რომ, მართალია, ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ გულითადი სურვილი გვქონდა ამ ბედნიერი და წმინდა მიწის სრულად მონახულებისა. აქვე დავამატეთ, რომ უმალ ენა სასაზე მიგვახმებოდა, თუკი, ოდესმე, ამ პატივცემულ კაცს და მის მთელ ერს, ლოცვებში არ მოვიხსენებდით. ჩვენ მას მორჩილებით ვთხოვეთ, რომ მის ერთგულ მსახურებად ჩავეთვალეთ იმავე სამართლიანი წესით, რომელიც ოდითგანვე აკავშირებდა ადამიანებს დედამიწაზე; და რომ მის ფერხთით ვდებდით ჩვენს თავს და ყოველივეს რაც გვებადა. მან გვითხრა, რომ იგი მღვდელი იყო და ჩვენგან ძმური სიყვარულის, სულიერი და ფიზიკური სიმრთელის სახით მხოლოდ სულიერ ჯილდოს ელოდა. ამის თქმა იყო და იგი ცრემლმორეული წავიდა, ჩვენ კი ამ სიხარულითა და სიკეთით დაბნეულები დაგვტოვა. ერთმანეთში ვამბობდით, რომ ანგელოზების მიწაზე მოვხვდით, რომლებიც ყოველდღიურად გვეცხადებიან და ჩვენს სიმშვიდეს იცავენ, რასაც აქ ყველაზე ნაკლებად ველოდით. 

მომდევნო დღეს, დაახლოებით ათი საათისათვის, მმართველი კვლავ მოვიდა და მისალმების შემდეგ შინაურულად გვითხრა, რომ ჩვენს მოსანახულებლად მოსულიყო. მან სკამი მოითხოვა და დაჯდა; ჩვენც, დაახლოებით ათიოდე კაცი (დანარჩენები დაბალი რანგისა იყვნენ, ხოლო ზოგიერთი ქალაქში იყო გასული) მასთან ჩამოვჯექით; როდესაც სკამებზე მოვთავსდით, მან გვითხრა შემდეგი: „ჩვენ, კუნძულ ბენსალემის მცხოვრებნი (მათ ენაზე ის ასე იწოდება), განცალკევებულად ვცხოვრობთ. ჩვენს მოგზაურებს წესად აქვთ ჩვენი საიდუმლოს შენახვა, უცხოელებს კი იშვიათად ვღებულობთ; ყოველივე ამის მეშვეობით, დასახლებული სამყაროს დიდ ნაწილს კარგად ვიცნობთ, თავად კი უჩინარი ვრჩებით. და რადგან შეკითხვების დასმა იმას მართებს, ვინც ნაკლებ ცოდნას ფლობს, თანაც დროც რომ ხეირიანად გამოვიყენოთ, აჯობებს, თუკი შეკითხვებს თქვენ დასვამთ და არა მე.“ ჩვენ ვუპასუხეთ, რომ მორჩილად ვმადლობდით მას ამ შესაძლებლობისათვის და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვფიქრობდით, რომ დედამიწაზე არაფერია გასაცნობად უფრო ღირებული, ვიდრე ამ ბედნიერი მიწის ყოფა. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, რადგან ჩვენ სამყაროს სხვადასხვა კიდეებიდან მოვდიოდით და ვიმედოვნებდით, რომ ერთ დღესაც, ცათა სასუფეველში უთუოდ შევხვდებოდით (ორივე მხარე ხომ ქრისტიანები ვიყავით), გვსურდა, გვცოდნოდა (იქედან გამომდინარე, რომ მათი მიწა ესოდენ შორეული იყო, რომელსაც ფართო და უცნობი ზღვები გამოჰყოფდა იმ მიწისაგან, სადაც ჩვენი მხსნელი განკაცდა), თუ ვინ იყო მოციქული ამ მიწისა და როგორ მოხდა მისი რწმენაში მოქცევა? ამ კითხვამ მას სახეზე კმაყოფილება მოჰგვარა და გვითხრა: „თქვენ ჩემი გული მოიგეთ, ვინაიდან პირველად, სწორედ ეს კითხვა დამისვით. ეს აჩვენებს, რომ უწინარეს ყოვლისა, თქვენ ცათა სასუფეველს ეძიებთ; სიამოვნებით და მოკლედ გაგცემთ პასუხს.“

გაგრძელება იქნება