IOTA-ს საერთაშორისო კონფერენცია ვოლოსში

IOTA-ს საერთაშორისო კონფერენცია ვოლოსში

26.01.2023

2023 წლის 11-15 იანვარს, საბერძნეთის ქალაქ ვოლოსში გაიმართა საერთაშორისო მართლმადიდებლური თეოლოგიური ასოციაციის (IOTA) მეგა კონფერენცია - „მისია და მართლმადიდებელი ეკლესია“. პირველი ასეთი დიდი კონფერენცია გაიმართა 2018 წელს იასიში (რუმინეთი). ვოლოსის კონფერენცია კიდევ უფრო მასშტაბური გამოდგა, მასში მონაწილეობდა 400-ზე მეტი მკვლევარი და სწავლული მსოფლიოს 45 ქვეყნიდან. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა 90-ზე მეტი სესია. სესიები ეძღვნებოდა ქრისტიანული კვლევების ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა: მისიოლოგია, ლიტურგიკა, პატრისტიკა, ანთროპოლოგია, რელიგიის ფილოსოფია, ეკლესიის ისტორია, კანონიკური სამართალი, ფილოსოფიური თეოლოგია, პოლიტიკური თეოლოგია და სხვა. კონფერენციას მასპინძლობდა ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემია და დიმიტრიადისა და ალმირუს მიტროპოლიტი იგნატიოსი. 4 დღიანი კონფერენცია 11 იანვარს გაიხსნა. ცერემონიაზე საზეიმო მოხსენება წაიკითხა მსოფლიო საპატრიარქოს კორეის მიტროპოლიტმა და იაპონიის ეგზარქმა ამბროსიმ (ცოგრაფოსი). მონაწილეებს სიტყვით მიმართეს დიმიტრიადის მიტროპოლიტმა იგნატიუსმა, საერთაშორისო მართლმადიდებლური თეოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტმა პროფ. პოლ გავრილიუკმა,  ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემიის დირექტორმა დოქტორმა პანთელის კალაიძიდისმა და საბერძნეთის განათლებისა და რელიგიის საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ასოციაციის პრეზიდენტმა პროფ. პოლ გავრილიუკმა კონფერენციის გახსნაზე აღნიშნა:

„კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ცოდნის გაცვლას მართლმადიდებლური ტრადიციის ფარგლებში, ჩვენ ვცდილობთ გავხსნათ აკადემიური სივრცე, რათა პასუხი გავცეთ თანამედროვეობის ყველაზე უფრო რთულ და აქტუალურ შეკითხვებს“.

კონფერენციაში აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მღვდელთმთავრები მსოფლიო საპატრიარქოდან, ალექსანდრიის, საქართველოსა და სერბეთის საპატრიარქოებიდან, ასევე საბერძნეთისა და ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიებიდან.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა ქართული დელეგაცია ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის ხელმძღვანელობით. კონფერენციის ფარგლებში პირველად გაიმართა სპეციალური სესია - „მართლმადიდებლობა საქართველოში". სესია სრულად დაეთმო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორთა მოხსენებებს. ცალკე შედგა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა უნივერსიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა 2015 წლიდან დღემდე. პრეზენტაცია მოიცავდა უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო, კვლევითი და საზოგადოებრივი პროექტების მიმოხილვას. პრეზენტაციას ესწრებოდა სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუციების ფართო წარმომადგენლობა.

ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის დელეგაციამ გამართა ორმხრივი შეხვედრები ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სახელობის სემინარიის, კემბრიჯის მართლმადიდებლური კვლევების ინსტიტუტის და საერთაშორისო მართლმადიდებლური თეოლოგიური ასოციაციის (IOTA) წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, უნივერსიტეტის პროფესორებმა ინდივიდუალური კონსულტაციები გამართეს გერმანელ, ბერძენ, ამერიკელ და ბრიტანელ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.