იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლის შესახებ (ფრაგმენტი იოანეს სახარების განმარტებიდან)

იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლის შესახებ (ფრაგმენტი იოანეს სახარების განმარტებიდან)

17.04.2022

ნეტარი ავგუსტინე (354-430 წწ.) ქრისტიანული აზროვნების ისტორიაში გამორჩეულ ადგილს იკავებს. ამის საფუძველი მისი შემოქმედების უზარმაზარი მასშტაბი, თემატური მრავალფეროვნება და ის ღვაწლია, რომელიც ჰიპონის ეპისკოპოსმა სხვადასხვა ერესებთან (მანიქეველობა, პელაგიანიზმი, დონატიზმი, არიანიზმი) ბრძოლაში გასწია. ამასთანავე, ნეტარი ავგუსტინე ქრისტიანული ფილოსოფიის, როგორც ფილოსოფიის ტრადიციული და მრავალსაუკუნოვანი მიმართულების ერთ-ერთი მესაძირკვლეცაა. მის თხზულებებში ვხვდებით ანტიკური ფილოსოფიის „ქრისტიანიზებას“, ასევე, ქრისტიანული დოქტრინების ფილოსოფიურ დასაბუთებას იმდროინდელი სააზროვნო გამოწვევების ფონზე. უნდა ითქვას, რომ შინაარსის სიღრმისა და დამაჯერებელი არგუმენტაციის წყალობით ნეტარი ავგუსტინეს შემოქმედება დღესაც დიდ ყურადღებას იპყრობს.

მოცემული ფრაგმენტი აღებულია ნეტარი ავგუსტინეს მიერ იოანეს სახარების განმარტებიდან. წარმოდგენილი ქართული თარგმანი კი შესრულებულია შემდეგი გამოცემიდან: Saint Augustine, Homilies on The Gospel According to St. John, and His First Epistle, translated, with notes and indices, vol. II, Oxford, London: John Henry Parker, F. and J. Rivington, გვ. 680-681.

ქართულად თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა

მას შემდეგ, რაც უფალმა მკვდრეთით აღადგინა ოთხი დღის მკვდარი, განცვიფრებულ ებრაელთაგან ზოგმა ირწმუნა, ზოგი კი შურის გამო ურწმუნო დარჩა კეთილსურნელების გამო, რომელიც ზოგისთვის სიცოცხლის, ზოგისთვის კი სიკვდილის მიზეზი გახდა. ამის შემდგომ უფალი ინახად დაჯდა სახლში ლაზარესთან ერთად, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა; შემდეგ კი მის ფეხებს ნელსაცხებელი დაასხეს და მთელი სახლი კეთილსურნელებით აივსო, ებრაელებს კი დასნეულებული, ამაო ბრაზით აღსავსე გულით ლაზარეს მოკვლაც სურდათ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, რამდენადაც ძალგვიძს, ვხედავთ, თუ რა გაგვიკეთა უფალმა. ახლა კი აღვნიშნოთ, საყვარელნო, რამდენად დიდი ნაყოფი გამოიღო მისმა ქადაგებამ და რამდენად დიდმა ფარამ დაკარგული ცხვრებისა ისრაელის სახლიდან ისმინა მწყემსის ხმა.

სახარება ამბობს, როგორც მოვისმინეთ - მეორე დღეს დღესასწაულზე მოსულმა დიდძალმა ხალხმა, რაკი გაიგო, იესო იერუსალიმს მოდისო, აიღო პალმის რტოები და შესაგებებლად გამოეფინა; ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით, მეუფე ისრაელისა! - პალმის რტოები განასახიერებენ გამარჯვებას, ნიშნად იმისა, რომ უფალი სიკვდილით სიკვდილს დაამარცხებდა და ჯვრის სასმისის შესმით სძლევდა ეშმაკს, სიკვდილის მეუფეს. ოსანა კი ვედრებაა, როცა კი ვინმე, ებრაული ენის მცოდნე, გამოხატავს გრძნობას და არა რაიმეს აღნიშნავს. როგორც ჩვენს ენაზე - რასაც შორისდებულს ვუწოდებთ - როდესაც ვინმე იტანჯება, ვამბობთ: ვაი! ან როცა კი აღფრთოვანებული ვართ, ვამბობთ: ჰოი! ანაც როცა გვიკვირს და ვამბობთ: რა დიდებულია! ეს „ჰოი“ არაფერს აღნიშნავს, გარდა გრძნობისა და აღტაცებისა. ამგვარადვეა საქმე ამ შემთხვევაშიც - როგორც, მაგალითად, ბერძნულ და ლათინურ ენებს არ ძალუძთ გამოხატონ ეს სიტყვა სხვაგვარად, როცა კი ვინმე ეტყვის თავის ძმას - რაკა! ამ შემთხვევაშიც, ასევე, შორისდებულის გამოყენებით გამოხატულია აღშფოთების გრძნობა.

მაგრამ კურთხეულია მომავალი უფლის სახელით, მეუფე ისრაელისა! აქ უფლის სახელი გაგებულ უნდა იქნას მამა ღმერთის სახელად: თუმცა, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას მისი ძის საკუთარი სახელის აღსანიშნავადაც, რადგანაც ისიც ასევე არის უფალი. როგორც, მაგალითად, დაწერილია, რომ აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან (დაბ. 19.24). თუმცა, საუკეთესო მიმთითებელი ჩვენთვის მისი საკუთარი სიტყვებია, როგორც, მაგალითად, ის ამბობს: მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ (ინ. 5.43). რადგანაც იმდენად თავმდაბალია ქრისტე, რომ თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე (ფილ. 2.8). არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ის განაგდებს თავის ღვთაებრიობას, როცა კი თავმდაბლად განგვსწავლის; ამ დროს ის მამის ერთარსია, მან შეგვქმნა ჩვენ, რათა გვქონოდა საკუთარი არსი; ახლა კი, რადგანაც ის გახდა ჩვენნაირი, მან გამოგვისყიდა, რათა არ დავიღუპოთ [*].

ამგვარად, არ დავიშუროთ მისდამი ღაღადება - ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით, მეუფე ისრაელისა! ეს იქნება ცნობიერი ჯვარცმა ებრაელი მსაჯულების შურისა, როცა კი ასე დიდებულად შეეგებებიან ქრისტეს, მათ მეუფეს! მაგრამ რა არის უფლისათვის ისრაელის მეფობა? რამდენად დიადია ყოველივეს მეუფისათვის კაცთა მეფედ ყოფნა? რადგანაც ქრისტე არ იყო ისრაელის მეფე, კერძოდ, ხარკის ამკრები ან სამხედრო მეთაური; ის ხილულად არ უმკლავდებოდა მტრებს; მაგრამ ისაა ისრაელის მეფე, რადგანაც მან წარმართა ისრაელიანთა გონება, წარუძღვა მათ მარადიულობისკენ; რადგანაც მან მიიყვანა ისინი, ვისაც სწამს, სასოებს და უყვარს, ზეციურ სამეფოში. არის რა ძე ღვთისა, სიტყვა, რომლის მიერაც შეიქმნა ყოველივე, მისი ნება ისრაელის მეფედ ყოფნისა იქნებოდა დათმობა და არა უპირატესობა; წყალობის გამოვლენა და არა ძალაუფლების გაზრდა. რადგანაც ის, ვისაც უწოდებდნენ ებრაელთა მიწიერ მეფეს, არის ანგელოზთა ზეციური მეუფე.

[*] ლათ. - per quod nobis est similis, ne periremus redemit, იხ. აკადემიური პორტალი Sant'Agostino: https://www.augustinus.it/latino/commento_vsg/index2.htm (მთარგმნელის შენიშვნა).