ჭეშმარიტი რელიგიის თავისებურებათა შესახებ

ჭეშმარიტი რელიგიის თავისებურებათა შესახებ

07.02.2022

თეოდორე აბუკურა (არაბულად - „მამა ნუგეშინისცემისა“) არაბული სამყაროს ქრისტიანი წარმომადგენელია, რომელიც VIII საუკუნის მეორე ნახევარსა და IX საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა. მკვლევართა შეფასებით, იგი არაბულენოვან მწერლობაში ერთ-ერთი პირველი ავტორია, რომელმაც ქრისტიანობის საფუძვლიანი და სისტემური აპოლოგია განახორციელა. უკვე ასწლეულებია მიმდინარეობს თეოდორე აბუკურას სახელით ცნობილი ხელნაწერების გადამუშავება და სხვადასხვა ენაზე მათი თარგმნა. დღესდღეობით, არაერთ თანამედროვე ენაზე მოიპოვება მისი ნაშრომების თარგმანები, რომლებიც თეოდორე აბუკურას შესახებ წარმოებული გამოკვლევების კუთხით ფასეულია და მკვეთრი ინდივიდუალური მიდგომებითაც გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ თეოდორე აბუკურას ბერძნულენოვანი ნაშრომების ძველქართულად თარგმნილი თხზულებები დაცულია არსენ ვაჩეს-ძის მიერ შედგენილ კრებულში „დოგმატიკონი“.

თეოდორე აბუკურას წინამდებარე ტექსტის ქართული თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემიდან: Theodore Abū Qurrah, translated by John C. Lamoreaux, Provo, UT: Brigham Young University Press, 2005 წ., გვ. 55-57. ეს ინგლისურენოვანი თარგმანი დაფუძნებულია ი. დიკის გამოცემაზე (“Deux écrits inédits de Théodore Abuqurra”, I. Dick, ed. and trans., in: Le Muséon, 72/1959), რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება XIII საუკუნის ხელნაწერს - Sinai ar. 447. ხსენებული ინგლისური თარგმანი ასევე ეყრდნობა დამასკოს ანტიოქიის მართლმადიდებლური საპატრიარქოს XVIII საუკუნით დათარიღებულ ხელნაწერს - ar. 181 (P). ტრაქტატის ბოლო ნაწილი ნაკლოვანია, რაც, სავარაუდოდ, ორივე ხელნაწერის მიხედვით ფიქსირდება (იხ. J. C. Lamoreaux, “Introduction”, in: Theodore Abū Qurrah, trans. by J. C. Lamoreaux, Provo, UT: Brigham Young University Press, 2005, გვ. XXXIV).

ქართულად თარგმნა ბესიკ მაშავამ

მეგობრებო, ყოველი რელიგია და ყოველი ადამიანი, ვისაც კი სწამს აღდგომისა, როგორც განკითხვის დღისა, გვეთანხმება შემდეგ საკითხში: არსებობს მხოლოდ ერთი რელიგია, რომელიც ღმერთისთვის სასურველია რომ ჰქონდეთ ადამიანებს და სწორედ ამ რელიგიის მიხედვით განსჯის ის მათ აღდგომის დღეს, და არავინ შევა სამოთხეში მის გარეშე. მოდით, გულწრფელად, ერთად გამოვიკვლიოთ ამ რელიგიის მახასიათებლები. ჩვენ, ქრისტიანულმა საზოგადოებამ, ვიცით, რომ ჭეშმარიტ რელიგიას, რომელიც ღმერთს სურს რომ ადამიანებს ჰქონდეთ, გააჩნია სამი მახასიათებელი.

ჭეშმარიტი რელიგიის მახასიათებლები

პირველი მახასიათებელი არის ის, რომ ღმერთი თავის მაცნეს მსოფლიოს ყველა ერს უგზავნის. ეს ვიცით მარტივი მიზეზით - უეჭველია, ღმერთი სამართლიანია და ამ სამართლიანობას არ შეეფერებოდა, თუ ის განკითხვის დღეს მსოფლიო ერებს თავისი მაცნეების გამოგზავნის გარეშე განსჯიდა. რა თქმა უნდა, თუ ღმერთი ასე მოიქცეოდა, ის აღარ იქნებოდა სამართლიანი. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ღმერთი განსჯის ადამიანებს ისეთი რელიგიით, რომელიც თავისი მაცნეების მეშვეობით მხოლოდ ზოგიერთებს უბოძა, მაშინ ადამიანი უსამართლობას მიაწერს ღმერთს. თუკი ღმერთი მაცნეებს მხოლოდ ზოგიერთი ერებისთვის აგზავნის და უარყოფს სხვას, ხოლო, შემდეგ, აღდგომის დღეს, იმავე საზომით განსჯის ყოველ მათგანს, მისი შედარება ერთ მაგალითთან შეიძლება - დაე, იყოს იგი კურთხეული და ამაღლებული! - წარმოიდგინეთ კაცი, რომელსაც ჰყავს ორმოცდაათი მონა ორმოცდაათ სოფელში. როდესაც თესვის დრო მოაწევს, ის გაგზავნის ზოგიერთ მათგანს და უბრძანებს დათესვას, დანარჩენებს კი არ გაგზავნის. მოსავლის აღების დროს კი ყველა თავის მონას შესაგროვებლად გაუშვებს, რის შემდეგაც ყველას მარცვლის რაოდენობის შესაბამისად ერთნაირად განსჯის და დასჯის მათაც, ვისაც არ დაუთესავს - სასჯელით, რომელიც არის სასტიკი, განგრძობადი, დაუსრულებელი - და ბრძანებს, რომ ეს სასჯელი არ მოეხსნათ მათ, ვიდრე ისინი ცოცხალნი არიან. ვინ არ აღიარებს ამის ჩამდენის უსამართლობას? განა ღმერთი მას არ აღემატება და განა მან არ იცის, რომ ჩვენ არ ვართ მათ შორის, ვინც მასზე ასეთ რამეს ამბობს?!

მეორე მახასიათებელი არის ის, რომ ღვთის მიერ გამოგზავნილ მაცნეს უნდა შეეძლოს სასწაულებისა და ნიშნების მოხდენა. ეს ადასტურებს, რომ ის, ვინც ამას აკეთებს, ღვთის მაცნეა. ამის კარგი მაგალითია სასწაულები, რომლებიც მოსემ აღასრულა ფარაონის წინაშე. სწორედ ეს ამტკიცებდა, რომ იგი იყო ღვთის წინასწარმეტყველი. სწორედ ამის გამო აღდგომის დღეს ფარაონის ხალხი არ იქნება შეწყნარებული ღვთის წინაშე, რადგან მათ არ მოისურვეს გაჰყოლოდნენ მოსეს და ესმინათ მისი სიტყვები, რომლებიც მას ღვთისგან ებოძა. რა თქმა უნდა, თუკი ღმერთი არ მისცემდა ადამიანებთან გამოგზავნილ მაცნეს სასწაულების მოხდენის ძალას, აღდგომის დღეს მას არ ექნებოდა მიზეზი ბრალი დაედო მათთვის, რომ მისი მაცნე ცრუდ შერაცხეს, არ მიიღეს, არ მიენდნენ, და რომ უარყვეს მათთვის ბოძებული. მოკლედ, თუ ღმერთი სასწაულების გარეშე დასჯიდა ერებს იმის გამო, რომ მათ არ მიიღეს მაცნე, ეს არ იქნებოდა სამართლიანი. ეს შეიძლება შევადაროთ ერთ რამეს: წარმოიდგინეთ კაცი, რომელსაც ჰყავს ორმოცდაათი მონა ორმოცდაათ სოფელში. იგი თავის მონებს მაცნეს ხელით უგზავნის წერილს, რომელზეც არ არის ბეჭედი. მონები უარს ამბობენ მაცნესთან ურთიერთობაზე, არ იღებენ მის წერილს და თან აცხადებენ: „არ მივიღებთ შენს წერილს. თუკი ის ნამდვილია, მაშინ ჩვენი ბატონი მას ბეჭედს დაასვამდა“. როდესაც ბატონმა გაიგო, რომ მისმა მონებმა გამოგზავნილი მაცნე უგულებელყვეს და წერილი სიყალბედ გამოაცხადეს, ის განრისხდა და მკაცრად დასაჯა ისინი, ბრძანა რა, რომ სასჯელი არ მოეხსნათ, ვიდრე ისინი ცოცხალნი არიან. ესეც ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და უსამართლო რამაა, რაც კი შეიძლება გააკეთო. დაე, იყოს იგი კურთხეული და ამაღლებული!

მესამე მახასიათებელი კი ისაა, რომ ღვთის მაცნემ ერები უნდა განსწავლოს მათ მშობლიურ ენაზე, იმისათვის, რათა ამ ერებმა შეძლონ გაგება და მიღება იმისა, რაც ებოძათ. რატომ? თუკი ღმერთი ადამიანებთან გამოგზავნილ მაცნეებს არ მისცემდა იმის ძალას, რომ გასაგებად მიემართათ მათთვის, აღდგომის დღეს მას არ ექნებოდა სამართლიანი უფლება ამ ადამიანების წინააღმდეგ იმის გამო, რომ ისინი უწოდებდნენ მის მაცნეებს ცრუებს და არ სწამდათ, არ იღებდნენ მათ უწყებას. მოკლედ, თუკი ღმერთი დასჯის ერებს იმის გამო, რომ არ მიიღეს მისი მაცნეები მათი გაუგებარი მიმართვის მიზეზით, ის არ იქნებოდა სამართლიანი. ეს შეიძლება შევადაროთ ერთ რამეს: წარმოიდგინეთ კაცი, რომელმაც გააგზავნა უცხო მაცნე თავის მონებთან სოფლებში და მათ მოსვლა უბრძანა. მაცნეც წავიდა და მონებს ბატონის უწყება მიუტანა. იმის გამო, რომ მონებს არ ესმოდათ მისი და ვერც გზავნილი გაიგეს, საბოლოოდ, ისინი დარჩნენ იქ, სადაც იყვნენ. როდესაც ეს ბატონმა გაიგო, ის განრისხდა და მკაცრად დასაჯა მონები, ბრძანა რა, რომ სასჯელი არ მოეხსნათ, ვიდრე ისინი ცოცხალნი არიან. ესეც იმ საშინელებებს შორისაა, რისი ჩადენაც შესაძლებელია. ესაა ერთ-ერთი ყველაზე საძაგელი რამ, რაც შეიძლება ეთქვა ღმერთს. დაე იყოს იგი ამაღლებული!

დასკვნა

ღვთის ჭეშმარიტი რელიგია, რომელსაც იგი აღდგომის დღეს შეიწყნარებს, თავის თავში უნდა აერთიანებდეს ჩვენ მიერ ხსენებულ ამ სამ მახასიათებელს: მის მაცნეებს უნდა მოევლოთ მსოფლიოს ყველა ხალხები; უნდა მოეხდინათ სასწაულები და ნიშნები; თითოეული ერისთვის უნდა ექადაგათ მშობლიურ ენაზე. ხოლო, ამ სამი მახასიათებლის არსებობის შემთხვევაში, მათ, ვინც არ მიიღეს ღვთის მაცნე, არ ექნებათ შენდობა და მფარველობა აღდგომის დღეს. ნათელია, რომ მსოფლიოს არცერთ ხალხს არ შეუძლია თქვას რომელიმე რელიგიაზე, რომ მისმა მაცნეებმა მოიარეს მთელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნები, მოახდინეს სასწაულები და ნიშნები და მშობლიურ ენაზე იქადაგეს თითოეული ერისთვის - გარდა ერთისა, ყველაზე ცნობილისა რელიგიათა შორის, სახელდობრ - ქრისტიანული რელიგიისა, რომლის შესახებაც მსოფლიოს ყველა ერმა იცის; მის შესახებ ქვეყნიერების დასასრულშიც კი იციან და სმენიათ. მისმა მაცნეებმა, ქრისტეს მოციქულებმა იქადაგეს ქვეყნიერების კიდეებამდე, აღმოსავლეთიდან ვიდრე დასავლეთამდე.