ჰეგელის თვითცნობიერების მეტაფიზიკური წანამძღვრები

ჰეგელის თვითცნობიერების მეტაფიზიკური წანამძღვრები

02.02.2022

2017 წლის 26 სექტემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით გაიმართა პროფესორ ჯაკომო რინალდის (ურბინოს უნივერსიტეტი, იტალია) საჯარო ლექცია თემაზე „ჰეგელის თვითცნობიერების ფილოსოფიის მეტაფიზიკური წანამძღვრები“. ქვემოთ გთავაზობთ ამ ლექციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამონარიდს, რომელიც გამოსაქვეყნებლად მომზადდა „პეტრიწის პორტალის“ სარედაქციო ჯგუფის მიერ.

თანამედროვე ეპოქაში ჰეგელის ფილოსოფიის სწორი ინტერპრეტაცია, მისი კრიტიკული ათვისება და შემდგომი განვითარება საგრძნობლად იქნა შეფერხებული აშკარად ანტიმეტაფიზიკური ფილოსოფიური მიმართულებებით, რომელთა რიცხვსაც ისტორიული მატერიალიზმი, ლოგიკური ემპირიზმი, ნეოკანტიანიზმი, ისტორიციზმი და პრაგმატიზმი მიეკუთვნებიან. მათ შეაფერხეს ჰეგელის ფილოსოფიის ადეკვატური ათვისება. ის ისტორიული პერსპექტივები, რომლებზეც ამ სკოლებმა მოახდინეს გავლენა, ძირითადად მერყეობენ, ერთი მხრივ, ჰეგელის ნააზრევის სწრაფ უარყოფას (ანუ ისინი ჰეგელის ნააზრევს დასავლური მეტაფიზიკის ბოლო საფეხურად მიიჩნევენ - ეს არის ერთი უკიდურესობა, რომელსაც მიმართავენ მარტინ ჰაიდეგერი და კარლ პოპერი) და, მეორე მხრივ, იმ შედარებით შემრიგებლურ პოზიციებს შორის, რომლებიც ჰეგელის აზროვნებაში განასხვავებს თითქოს ძველ მეტაფიზიკურ, რაღაც „მისტიკურ ნაჭუჭს“, რაციონალური მარცვლისაგან რომ სხვაობს - თუმცა, ამავდროულად, ეს რაციონალური მარცვალი ჰეგელის ფილოსოფიაში მეტადაა თანამედროვე და ჭეშმარიტი. მეორე მიმართულების წარმომადგენლები, მაგალითად, მარქსი და ენგელსი, ჰეგელის დიალექტიკის მეცნიერულ „ღირებულებაზე“ საუბრობდნენ; ისინი ჰეგელის დიალექტიკის მეცნიერულ ღირებულებას უპირისპირებდნენ ჰეგელისავე სისტემის „რეაქციულ ტენდენციას“. ენგელსი ამბობდა, რომ ჰეგელის სისტემა, გარკვეულწილად, რეაქციულია, თუმცა, ამავე დროს, შეიძლება იყოს მეცნიერულიც. ასევე, ბენედეტო კროჩეც ხოტბას ასხამს ჰეგელის ისტორიულ გრძნობას და დიალექტიკურ აზროვნებას, მაგრამ უარყოფს მის მეტაფიზიკურ და „თეოლოგიურ“ ასპექტებს.

ჰეგელის სულის ფილოსოფიის ზედაპირული და მიკერძოებული წაკითხვის შედეგი იყო ის, რომ მოხდა ჰეგელის მეტაფიზიკის სერიოზული ვერგაგება, რაც თანამედროვე ანტიმეტაფიზიკური მიდგომის შემადგენელ ნაწილადაც კი ჩამოყალიბდა. ჰეგელის მეტაფიზიკის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ტრანსფორმირდა საერთოდ მეტაფიზიკის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებად. ამგვარად, ჰეგელის ფილოსოფიას მიეწერება ისეთი მიზანი, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება ჰეგელის სულისკვეთებას. ერთი მხრივ, გამოდის, რომ ჰეგელის ფილოსოფია პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მეტაფიზიკის დასასრულთან, რასაც აცხადებს თანამედროვე ანტიმეტაფიზიკური აზროვნება, ხოლო, მეორე მხრივ, მას აიგივებენ თავად ფილოსოფიის სიკვდილთანაც. ეს ანტიმეტაფიზიკური მიმართულება ამბობს, რომ თუ ჰეგელის მეტაფიზიკა დასრულებულია, მაშინ დასრულებულია ფილოსოფიაც. ვფიქრობ, რომ ანტიმეტაფიზიკურმა სკოლამ ჰეგელის აზროვნების ეფექტური დისკრედიტაცია მოახდინა - განსაკუთრებით კი მათ წინაშე, ვისაც ამ ტიპის მეტაფიზიკის დაცვა სურს.

ფილოსოფიის ამ თვითგამანადგურებელი მიმართულებისგან განსხვავებით, თანამედროვე ანგლოსაქსურ სამყაროში, სადაც ლოგიკური ემპირიზმისა და ლოგიკური მეტაემპირიზმის ანტიმეტაფიზიკური დამოკიდებულება ყველაზე მეტადაა გავრცელებული, ჰეგელის აზროვნების მეტაფიზიკური ინტერპრეტაციების აღმავლობას ვხედავთ; შეიქმნა ე.წ. „ჰოლისტური მეტაფიზიკის“ ორიგინალური ვერსიები, რომლებსაც აშკარად ეტყობა ჰეგელის ობიექტური იდეალიზმის გავლენა. უფრო გვიანდელ პერიოდში გაჩნდა ჰეგელის ლოგიკის და რელიგიის ფილოსოფიის ბრწყინვალე კომენტარები (რობერტ უილიამსი და სხვ.). მათ სათანადოდ წარმოაჩინეს ჰეგელის აზროვნებისთვის დამახასიათებელი სპეკულატური ბირთვი, რომელიც ეფუძნება ჰეგელის სულის ფილოსოფიას; მის ფარგლებში თვითცნობიერების განვითარება აღიქმება როგორც ცნებობრივი განვითარება. ჰეგელის თვითცნობიერების ფილოსოფიის განვითარება და შინაგანი სტრუქტურაც თავიდან ბოლომდე განმსჭვალულია მეტაფიზიკური წანამძღვრებით, რაც ჰეგელს შთამბეჭდავად აქვს გამოხატული მისსავე ნაშრომში „ლოგიკის მეცნიერება“.

ამ საკითხისადმი ფილოსოფიური ინტერესი თავისთავად ცხადია, რადგან ჰეგელის თვითცნობიერების ფილოსოფია იმ ერთ-ერთ ძირითად ელემენტს წარმოადგენს, რომელსაც ჰეგელიანიზმის ანტიმეტაფიზიკური ინტერპრეტაცია ეხება; ასევე, მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოებაც: ისინი, ვინც ანტიმეტაფიზიკურად არიან განწყობილნი, სწორედ ჰეგელის თვითცნობიერების ფილოსოფიაში ცდილობენ იპოვონ მათი არგუმენტაციის ძირითადი საყრდენი.

რას წარმოადგენს ჰეგელის თვითცნობიერების ფილოსოფია? მისი ძირითადი დებულება ასეთი სახისაა: თვითობა ანუ „მე“-ს ცნობიერება არის ისეთი რამ, რაც ნებისმიერი ინდივიდის საკუთრებაა იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორ მიმართებაშია ის უსასრულობასთან, აბსოლუტთან. თვითცნობიერება არის ის, რაც ნებისმიერ ადამიანს ახასიათებს იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა მიმართებაშია იგი სხვასთან. როგორც ფრანგი ფილოსოფოსი ჟან იპოლიტი შენიშნავდა, ჰეგელის თვითცნობიერების ფილოსოფიის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ჰეგელის თვითცნობიერების თეორია ადამიანურ სუბიექტს ანუ ადამიანს არ განიხილავს როგორც წმინდად მატერიალურს. ის, ასევე, მას არ განიხილავს როგორც უკვე „მზა“ ობიექტის პასიურ ცნობიერებას; ჰეგელის თვითცნობიერების ფილოსოფია ადამიანს განიხილავს როგორც აქტიურ ენერგიას, შრომას და სოციალურ პრაქტიკას, რომელიც გარდაქმნის ბუნებას - ისევე, როგორც, მოგვიანებით, მარქსის ანთროპოლოგიაში ადამიანის ზოგადი არსება უიგივდება მოთხოვნილებას და შრომის მეშვეობით ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას; მსგავსადვეა პრაგმატიზმშიც, როცა ადამიანი, მოაზროვნე არსება აცნობიერებს ობიექტურ რეალობას იმდენად, რამდენადაც მას აქვს სუბიექტური მოთხოვნილებები. ეს არის მისი ერთ-ერთი ამოსავალი, ძირითადი დებულება.

ძალიან მნიშვნელოვანია ჰეგელის ფილოსოფიაში მოცემული თვითცნობიერების ანალიზი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი აღიარებაა. ეს საშუალებას გვაძლევს, რომ სოციალური ურთიერთობების წარმოშობის საფუძველს ჩავწვდეთ: სოციალური ურთიერთობები ჩნდება იქ, სადაც იწყება აღიარება! ამდენად, ერთეული (სინგულარული) და იზოლირებული ადამიანის წარმოდგენა არის წინააღმდეგობრივი ცნება, რადგან ადამიანი იმთავითვე ჩაფესვილია სოციალურ ურთიერთობებში.