ჯაკომო რინალდი - „ხელოვნების ფილოსოფია“

ჯაკომო რინალდი - „ხელოვნების ფილოსოფია“

12.01.2022

Giacomo Rinaldi, The Philosophy of Art, Vol. 1, The Pertinent Press, Oxford 2021, pp. x–551.

ხელოვნება ყოველთვის წარმოადგენდა ფილოსოფიური შემეცნების განსაკუთრებულ ობიექტს. მატერიალური სამყაროს შინაგანმა ჰარმონიულობამ და მშვენიერებამ ადამიანის გონებას ფილოსოფიური განაზრებებისკენ უბიძგა. ამავდროულად, ფილოსოფია ინტენსიურად დაინტერესდა ხელოვნების, როგორც ადამიანური შემოქმედების თეორიული გააზრების საკითხით. შედეგად, ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი მშვენიერების ურთიერთმიმართება, ისევე, როგორც თავად ხელოვნების არსი და მიზანი, მნიშვნელოვან ფილოსოფიურ ქვედისციპლინას წარმოადგენს. თავის მხრივ, სხვა ფილოსოფიური ქვედისციპლინების მსგავსად, ხელოვნების არსისა თუ მიზნის ფილოსოფიური გააზრება დამოკიდებულია ზოგადი ფილოსოფიური სისტემის სპეციფიკაზე; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელოვნების ფილოსოფია იმ უფრო ვრცელი ფილოსოფიური მსოფლმხედველობის ნაწილია, რომელიც სამყაროს მეტაფიზიკურ ბუნებას და მისი შემეცნების წესს ცხადყოფს.

ფილოსოფიის ისტორია მრავალ განსხვავებულ ფილოსოფიურ მოძღვრებასა და სააზროვნო სისტემას იცნობს, ასევე, სახეზე გვაქვს სხვადასხვა, ურთიერთდაპირისპირებული მშვენიერების კონცეპტები და ხელოვნების თეორიები. ჯაკომო რინალდის ორტომიანი ნაშრომი „ხელოვნების ფილოსოფია“ წარმოადგენს თეორიულ-სისტემურ ესთეტიკას, რომელიც იდეალისტურ წანამძღვრებზე დაყრდნობითაა განვითარებული. პირველი ტომი, რომელიც ახლახან გამოიცა და ამჟამად ჩვენი მიმოხილვის ობიექტს წარმოადგენს, მიზნად ისახავს ხელოვნების წმინდა კონცეპტის გამოკვლევას, ხოლო მეორე ტომში განზრახულია ხელოვნების კონცეპტის იმ თვით-აქტუალიზაციის ცხადყოფა, რომელიც სახეზეა ხელოვნების ისტორიაში და რომელიც გვიჩვენებს იმ სპეციალურ ფორმებსა და საშუალებებს, რომელთა საფუძველზეც ხელოვნება „ნამდვილდება“. რინალდი თანამედროვე იდეალისტური ფილოსოფიის გამორჩეული წარმომადგენელია, მისი ფილოსოფიური მოღვაწეობა მიმართულია აბსოლუტური იდეალიზმის ტრადიციის განვითარებისაკენ. აბსოლუტური იდეალიზმი, როგორც ფილოსოფიური სისტემა, განსხვავდება არა მხოლოდ ისეთი საპირისპირო მსოფლმხედველობრივი პარადიგმებისაგან, როგორიცაა ემპირიზმი, მატერიალიზმი, პოზიტივიზმი და ნატურალიზმი, არამედ ის გამიჯნულია იდეალიზმის სუბიექტური ტრანსცენდენტური და ისტორიული მიმდინარეობებისაგანაც. აბსოლუტური იდეალიზმი არის ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც აზროვნებისა და ყოფიერების იდენტობის პრინციპზეა დაფუძნებული და რომლისთვისაც რეალობა გონის თანდათანობით და დინამიკურ განსხეულებას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში გონი იმანენტურად და ქმედითადაა წარმოდგენილი მატერიალურ ბუნებასა და ადამიანთა ისტორიაში. რინალდის აქვს ნაშრომები ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ და ქართულ ენებზე, რომლებიც ეპისტემოლოგიურ, მეტაფიზიკურ, ეთიკურ და რელიგიურ საკითხებს ეხება. მან ფილოსოფიური მოღვაწეობა დაიწყო როგორც ედმუნდ ჰუსერლის ფენომენოლოგიისა და კარლ მარქსის დიალექტიკური მატერიალიზმის კრიტიკოსმა, მოგვიანებით კი მისი ფილოსოფია მიჰყვება დასავლური ფილოსოფიის იდეალისტური ტრადიციის, განსაკუთრებით კი, იდეალიზმის კულმინაციური მომენტის, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის აზროვნების კრიტიკულ რეცეფციასა და სისტემურ ინტერპრეტაციას. მსგავსი განვითარება კარგადაა წარმოდგენილი მის ადრეულ შრომაში „ჰეგელის ლოგიკის ისტორია და ინტერპრეტაცია“ (1992 წ.), რომელიც, ერთი მხრივ, ჰეგელის ფილოსოფიის მეტაფიზიკურ და სისტემურ გააზრებას გვთავაზობს, მეორე მხრივ კი მისი ალტერნატიული კითხვის წინააღმდეგ გამოდის. აზროვნების იგივე ხაზი გრძელდება მის შემდგომაც, გამორჩეულად კი შრომაში „აბსოლუტური იდეალიზმი და თანამედროვე ფილოსოფია, ჰეგელის აზროვნების საზრისი და აქტუალურობა“ (2012 წ.). ეს ნაშრომი იმის დემონსტრირებაა, რომ ჰეგელის ფილოსოფია შეესაბამება თანამედროვე აზროვნების ფორმებს; მასში ჰეგელი წარმოდგენილია არა მხოლოდ როგორც წარსულის მოაზროვნე, არამედ როგორც ყველა მომავალი ფილოსოფიის შეუცვლელი წყაროც. რინალდის სხვა მნიშვნელოვანი შრომები და მრავალი სტატია, რომლებიც სხვადასხვა ენაზეა შესრულებული, იდეალისტური შემეცნების თეორიის, მეტაფიზიკის, ეთიკისა და რელიგიის განვითარებას ეძღვნება. „ხელოვნების ფილოსოფია“ უნდა გავიგოთ როგორც რინალდის ფილოსოფიური შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს თანამედროვე ესთეტიკური თეორიის განვითარებაში.

„ხელოვნების ფილოსოფია“, როგორც სისტემური შრომა, პირველ რიგში, მკითხველის ყურადღებას ფილოსოფიის სპეციფიკური განსაზღვრებით იპყრობს. რინალდის თანახმად, ფილოსოფია სპეკულაციური მეცნიერებაა, რომელიც, პოზიტიური მეცნიერებებისაგან განსხვავებით, უსასრულო, ნამდვილ რეალობას მიემართება და არა ადამიანური გამოცდილების სასრულ ობიექტს. ნამდვილი რეალობა პლატონის ფილოსოფიაში წარმოდგენილია როგორც იდეა, ხოლო სპინოზას მიერ განსაზღვრულია როგორც აბსოლუტი. შედეგად, იდეა „ფილოსოფიის გამორჩეულ ობიექტს წარმოადგენს, რომელიც უნდა განისაზღვროს როგორც აბსოლუტური იდეის რაციონალური (რაც ნიშნავს არაემპირიულს) მეცნიერება“ (გვ. 32). ამასთანავე, იდეა გაგებულია როგორც „თვით-ცნობიერი აზროვნების უნიკალური, მარადიული და უსასრულო ქმედება“ და როგორც „მრავალფეროვნების შინაგანი, თვით-განმასხვავებელი მთლიანობა - იქნება ეს ლოგიკურ, ბუნებით თუ ადამიანის სივრცეში - სწორედ ამაში მდგომარეობს ტოტალობის განსაზღვრება“ (გვ. 35). ფილოსოფია, როგორც მთლიანობის ანდა ტოტალობის სპეკულაციური მეცნიერება, განაპირობებს სასრული ცოდნის შესაძლებლობის პირობებს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფილოსოფია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უბრალო მეთოდოლოგიური საფუძველია. ფილოსოფია, როგორც მთლიანობის მეცნიერება ის სპეკულაციური ძალისხმევაა, რომელიც ნამდვილი რეალობის შინაგან განვითარებასა და მანიფესტაციას იკვლევს. ამავდროულად, რინალდის მიერ შემოთავაზებული აბსოლუტური იდეალიზმი განსხვავდება იდეალიზმის მრავალმხრივი ფორმებისაგან. ტრანსცენდენტური იდეალიზმი იდეალურ და ემპირიულ რეალობებს ერთმანეთს უპირისპირებს, შემდეგ კი იდეათა საუფლოსა და მგრძნობელობით სამყაროს, ანუ დროით, ქაოსურ და სასრულ რეალობას ურთიერთდაპირისპირებულ მოცემულობებად მიიჩნევს; მაშინ როდესაც, აბსოლუტური იდეალიზმის მტკიცებით, იდეა, საკუთარ თავში, მგრძნობელობითი სამყაროს ფორმით, საკუთარი თავის უარყოფის მომენტსაც შეიცავს. აზროვნებითი განსაზღვრულობები იმანენტურად არიან წარმოდგენილნი ბუნებასა და ისტორიაში, ხოლო მგრძნობელობითი რეალობა აბსოლუტის ნაწილია. კანტიანური იდეალიზმისაგან განსხვავებით, აბსოლუტური იდეალიზმი ამტკიცებს, რომ იდეა - ამ შემთხვევაში წმინდა კონცეპტი - არ წარმოადგენს მხოლოდ ეპისტემოლოგიურ პრინციპს და ადამიანის გონების სუბიექტურ ფუნქციას; ის „ერთდროულად გონების ინტელექტუალური აქტივობის ობიექტიცაა და სუბიექტიც და, როგორც ასეთი, მიემართება მგრძნობელობის შინაარსსაც და ფორმასაც“ (გვ. 8).

„ხელოვნების ფილოსოფია“ თეორიულ-სისტემურ კვლევას წარმოადგენს, რომელიც აუდიტორიას სთავაზობს ხელოვნების გაგებას აბსოლუტური იდეალიზმის გადმოსახედიდან. შრომის უმთავრესი მიზანი ხელოვნების კონცეპტის განვითარებაა. თავად შრომა სამ ნაწილადაა დაყოფილი: „ხელოვნების მეტაფიზიკა“, რომელიც მშვენიერების იდეის წმინდა კონცეპტუალურ განსაზღვრებას სწავლობს; „ხელოვნების ფენომენოლოგია“, რომელიც მისი მგრძნობელობის მანიფესტაციას განიხილავს; და, საბოლოოდ, „ხელოვნება გონის აბსოლუტურ ფორმათა სისტემაში“, ეს ნაწილი იკვლევს ხელოვნების ურთიერთმიმართებას რელიგიასთან და ფილოსოფიასთან. მთელი რიგი მოდერნული ხელოვნების თეორიებისა თუ ფილოსოფიებისაგან განსხვავებით, რომლებიც ხელოვნებას ადამიანური კულტურის იზოლირებულ და განცალკევებულ სფეროდ განიხილავენ, რინალდი ხელოვნების ფილოსოფიას განსაზღვრავს როგორც „ფილოსოფიურ მეცნიერებათა სისტემის ინტეგრირებულ დისციპლინას“ (გვ. 56); ხოლო ესთეტიკური ფორმალიზმისაგან განსხვავებით, რომლის მტკიცებითაც ხელოვნება მხოლოდ სუბიექტური განცდებისა და მდგომარეობების გამოხატულებაა, რინალდი ამტკიცებს, რომ ხელოვნება ეს არის „იდეის მანიფესტაცია მგრძნობელობითი ინტუიციის ფორმით“ (გვ. 147) და რომ მას განსაზღვრული მეტაფიზიკური შინაარსი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელოვნება გამოხატავს იდეას, ანდა ნამდვილ რეალობას, ყოველივე ეს კი მგრძნობელობითი, ერთეული ობიექტის მეშვეობით ხდება; შესაბამისად, ის განსხვავდება რელიგიისაგან, რომელშიც იდეა წარმოდგენილია წარმოსახვითი რეპრეზენტაციის ფორმით, და ფილოსოფიისაგან, რომელიც იდეას წმინდა აზროვნების ფორმით გვიჩვენებს. ამავდროულად, ხელოვნების გამორჩეული შინაარსი გაიგივებულია მშვენიერების იდეასთან, რომელიც გამოხატულებას ხელოვანის შემოქმედებით ფანტაზიაში ჰპოვებს. ხელოვნების აღნიშნული ფორმა განსხვავდება ბუნებრივი მშვენიერებისაგან, ვინაიდან მის შემთხვევაში აქტიურ სულიერ ფორმასთან გვაქვს საქმე, მაშინ როდესაც, ბუნებითი მშვენიერება გონებას პასიური გზით მიეცემა. თავად ავტორის სიტყვებით რომ განვაგრძოთ, „ხელოვნება ეს არის მანიფესტაცია, რომელიც გენიოსის შემოქმედებითი ფანტაზიის მეშვეობით მოგვეცემა და გამოხატავს აბსოლუტურ იდეას, როგორც იდეალს ანდა ფანტაზიის იდეას, ყოველივე ეს კი ხორციელდება მგრძნობელობითი სურათ-ხატის ფორმით. ის არსებითად განსხვავდება იდეის სხვა მანიფესტაციებისაგან, სახელდობრ, ბუნებითი მშვენიერებისაგან, ვინაიდან ეს უკანასკნელი არაცნობიერი ბუნების პროდუქტს წარმოადგენს, მაშინ როდესაც, ხელოვნება შემოქმედებითი აქტივობის შედეგია, მაგალითად, გენიოსის, და ეს შემოქმედება თვით-ცნობიერი მეს, ანუ გონის, გამორჩეული ფუნქციაა“ (გვ. 405).

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ხელოვნების ფილოსოფია“ მხოლოდ თეორიულ-სისტემური ესთეტიკური იდეალიზმის განვითარებაზეა მიმართული, ვინაიდან ნაშრომი ხელოვნების ფილოსოფიის ისტორიასა და მის განსხვავებულ წარმომადგენლებსაც იკვლევს. ამ გარემოების გათვალისწინებით, მატერიალიზმის, აბსტრაქტული სუბიექტივიზმისა და მოდერნული თუ თანამედროვე ესთეტიკის ფორმალისტური ტენდენციების კრიტიკა „ხელოვნების ფილოსოფიის“ მნიშვნელოვანი ნაწილია. კონკრეტულად, რინალდი ხელოვნების ფორმალისტური გაგების წინააღმდეგ გამოდის და იმანუელ კანტის, ბენედეტო კროჩეს, ჯოვანი ჯენტილესა და რობინ ჯორჯ კოლინგვუდის თეორიებს აკრიტიკებს. ფორმალიზმის მტკიცებით, ხელოვნებას არ გააჩნია ინტელექტუალი შინაარსი და ის მგრძნობელობით წარმოსახვამდე და ბუნებრივ სიამოვნებამდე დაიყვანება. რინალდი ასევე აკრიტიკებს თეოდორ ადორნოს მატერიალიზმს, მარტინ ჰაიდეგერის ეგზისტენციალიზმსა და ნიკოლაი ჰარტმანის რეალისტურ ონტოლოგიას. ისტორიული მატერიალიზმის მტკიცებით, რეალობა მატერიალურ-სოციალური პროცესების მთლიანობაა, ხელოვნება კი მხოლოდ მისი ასახვის ხელსაწყოს წარმოადგენს. რაც შეეხება ეგზისტენციალიზმს, ის ხელოვნებას სასრულის სუბიექტის შინაგან გამოხატულებასთან აიგივებს, ხოლო რეალისტური ონტოლოგია, უარყოფს რა მეტაფიზიკურ სისტემას, რეალობას ირაციონალურ მოვლენად, ხოლო ესთეტიკურ ღირებულებას არარეალურ მოცემულობად მიიჩნევს. დასავლური ფილოსოფიის იდეალისტური მიმდინარეობის და მისი კულმინაციური მომენტის, ჰეგელის ფილოსოფიის მსგავსად, რინალდი აკრიტიკებს ზემოთ განხილულ მიდგომებს და აზროვნებისა და ყოფიერების იდენტობის პრინციპიდან ამოდის. აღნიშნული პრინციპის თანახმად, რეალობა უნდა გავაიგივოთ იდეასთან, როგორც წმინდა თვით-ცნობიერ აზროვნებასთან. ხელოვნების სფეროში „იდეა, მშვენიერების იდეის ანდა იდეალის გამორჩეული ფორმის სახითაა წარმოდგენილი და იმანენტურადაა ყველა იმ ფორმაში, რომელიც ხელოვნების ფორმას მიეკუთვნება: ზემდგომ საფეხურზე, თვით-ცნობიერების ქონის მიზეზით, იდეა წარმოდგენილია გენიოსის შემოქმედებით ფანტაზიაში, ხოლო ქვემდგომ საფეხურზე, მისი არაცნობიერი მდგომარეობიდან გამომდინარე, იდეა წარმოდგენილია იდეალურობის სახით, რომელიც თანდაყოლილადაა მგრძნობელობით მატერიაში, სადაც სახეზეა იდეალური სურათ-ხატი, რომელსაც ის საკუთარ თავში შეიცავს“ (გვ. 341).

რინალდის თეორია „ფუნდამენტურ თანხმობაშია ჰეგელის ესთეტიკასთან“ (გვ. 530), როგორც ამას თავად ავტორი აცხადებს, და მისი ესთეტიკური თეორიის შემდგომ დამუშავებასა და განვითარებას წარმოადგენს. „ხელოვნების ფილოსოფიას“, როგორც ხელოვნების იდეალისტური სისტემის დამუშავებასა და როგორც მისი მოწინააღმდეგე თეორიების თანმიმდევრულ კრიტიკას, თანამედროვე ესთეტიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი თეორიული წვლილი შეაქვს.

რინალდის ნაშრომის საფუძვლების განხილვის შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ „ხელოვნების ფილოსოფიის“ შინაარსობრივ მიმოხილვაზეც. ნაშრომის პირველი ნაწილი ეძღვნება ხელოვნების მეტაფიზიკის განვითარებას. რინალდის თანახმად, მეტაფიზიკა არის მეცნიერება, რომელიც არსს, ანდა აბსოლუტის აპრიორული განსაზღვრულობის არსებით თვით-განვითარებას სწავლობს; ის აანალიზებს მთლიანობის თავდაპირველ შინაარსსა და სტრუქტურას. აბსოლუტური იდეალიზმის გადმოსახედიდან, მეტაფიზიკა სპეკულაციურ ლოგიკას ეთანადება, რომელიც ცხადყოფს ფორმალური ზოგადი პრინციპის, წმინდა კონცეპტის, აზროვნების წმინდა აქტივობის ყოველმხრივ განამდვილებას. ამავდროულად, წმინდა კონცეპტი მისსავე თვით-იდენტობას მრავალფეროვან განსაზღვრულობებში გარდასახავს, შემდეგ კი აუქმებს მათ მყისიერ განსხვავებებს და ინახავს მთლიანობაში, როგორც არა-დამოუკიდებელ ელემენტებს, ანდა როგორც „მომენტებს“ მისი ორგანული თვით-წარმოქმნისა. აღნიშნული პროცესის შედეგად, წმინდა კონცეპტის თვით-მსვლელობა სამ ლოგიკურ საფეხურზე გამოიხატება: პირველ საფეხურზე ის უნივერსალურობის ფორმითაა წარმოდგენილი, რომელიც შემდგომ კონკრეტულობაში გარდაისახება, საბოლოოდ კი ინდივიდუალურობად მოგვევლინება. რინალდის მტკიცებით, ხელოვნების მეტაფიზიკა „მშვენიერების რაციონალური მეცნიერებაა“ და ეს მეცნიერება „ესთეტიკური ფენომენის მთლიანი სფეროს ახსნა-განმარტებით პრინციპს წარმოადგენს“ (გვ. 218); უფრო კონკრეტულად კი ის წმინდა ესთეტიკურ იდეაში წარმოდგენილ წმინდა კონცეპტუალურ განსაზღვრულობას სწავლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნების მატერიალური მანიფესტაციის განსხვავებული ფორმები იდეის თვით-გაუცხოების შედეგს წარმოადგენს, ვინაიდან ის ვერ გახდება წმინდა აზროვნების სახით თვით-ცნობიერი იქამდე, სანამ საკუთარ თავს მგრძნობელობით ინტუიციაში, სასრულ ობიექტში არ განათავსებს. ამავდროულად, სახელოვნებო შემოქმედებითი კონკრეტულობა არ გულისხმობს, რომ ის მატერიალური პრინციპის მეშვეობით ავხსნათ ანდა იდეისაგან განცალკევებით გავიგოთ, ვინაიდან იდეა ყველა მათგანში იმანენტურადაა წარმოდგენილი, რომელიც, თავის მხრივ, საბოლოო შემოქმედებითი პრინციპის სახით, „მგრძნობელობითი სურათ-ხატების ურთიერთდაპირისპირებულ სამყაროში გამოიხატება“ (გვ. 7).

მშვენიერების იდეა ბუნებაშიცაა წარმოდგენილი და ხელოვანის შემოქმედებაშიც, სადაც ის ქმნილების სუბსტანციურ შინაარსს აყალიბებს. ფორმალიზმისა და მატერიალიზმისაგან განსხვავებით, რინალდი ამტკიცებს, რომ ხელოვნების ფორმა და შინაარსი ერთი სინამდვილის ორ განსხვავებულ ასპექტებს წარმოადგენენ და არა მხოლოდ ჰეტეროგენულ ელემენტებს. პირველი მათგანი ხელოვნების არსს განსაზღვრავს, ხოლო მეორე მის გარეგან მანიფესტაციას. როგორც დაპირისპირებულ ელემენტთა დიალექტიკური მთლიანობა, შეუძლებელია ხელოვნება მისი ფორმისა და შინაარსის გათვალისწინების გარეშე გავიაზროთ. ფორმა „განათავსებს მის შინაარსს მხოლოდ იმიტომ, რომ მის მყისიერ თვით-იდენტობას ეწინააღმდეგება, აუქმებს საკუთარ თავს, შემდეგ კი იქცევა საპირისპიროდ, ანუ შინაარსად; ამის საპირისპიროდ, შინაარსი თვით-იდენტურია იმდენად, რამდენადაც აუქმებს საკუთარ თავს და მის საპირისპირო ელემენტად, ანუ ფორმად გვევლინება“ (გვ. 58). ხელოვნების შინაარსი „აზროვნების მოძრაობაა“, რომელიც საკუთარ თავს კონკრეტულში გაობიექტურების მეშვეობით ანამდვილებს, ამავდროულად კი საკუთარ თავს წარმოაჩენს როგორც ორგანიზებულ მთლიანობას. ფორმისა და შინაარსის ურთიერთმიმართება დიალექტიკურია და არა გარეგნული. ამ დიალექტიკურ პროცესში ხელოვნების შინაარსი მყისიერად წარმოაჩენს საკუთარ თავს მატერიალურში, თავად მატერიალურობა კი არის სუბლიმირებული ფორმა წარმოდგენილ მატერიაში; შედეგად, ის სასრულობისა და მთლიანობის ელემენტებს გვიჩვენებს. მეორე მხრივ, იდეა არ არის ფიქსირებული ტრანსცენდენტალური რეალობა, ის მარადიული მსვლელობა და თვით-აქტუალიზაცია, წამყვანი პრინციპია, რომელიც გარდაქმნის მთლიან პროცესს განსაზღვრავს. შედეგად, მშვენიერების იდეა არის იდეის თვით-მანიფესტაცია მგრძნობელობითი დასწრებულობის გარეგნულ ფორმაში, ხელოვნების ნიმუში კი „მხოლოდ მაშინაა სრულად შესაფერისი იდეისა, როდესაც მისი ფორმა წარმოაჩენს ორგანულ მთლიანობას, შინაგან აუცილებლობასა და ობიექტ-სუბიექტის დინამიკურ მთლიანობას“ (გვ. 112). მშვენიერებისა და სიმახინჯის ურთიერთმიმართების საკითხი ხელოვნების მეტაფიზიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. მისი შინაგანი აუცილებლობა და ესთეტიკური აქტუალურობა დაპირისპირებულ ელემენტთა დიალექტიკური მთლიანობის პრინციპიდან მომდინარეობს. აღნიშნული პრინციპის თანახმად, შეუძლებელია ჩავწვდეთ კონცეპტის თვით-იდენტობას მისი საპირისპირო ელემენტის მხედველობაში ქონის გარეშე. შედეგად, რინალდი აცხადებს, რომ „სრულად განვითარებული ესთეტიკური თეორია, პირველ რიგში, მოითხოვს იდეალის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, ხელოვნების ნიმუშის აბსოლუტურ ფორმას აყალიბებს, ხოლო შემდგომ ცდილობს მისი შინაგანი ურთიერთობის გარკვევას მისივე სპეციფიკურ ფორმასთან, იმანენტურ საპირისპიროსთან, სიმახინჯესთან“ (გვ. 400). ესთეტიკური შემოქმედების პროცესში სიმახინჯეს, როგორც სასრული ინდივიდუალიზმის გამორჩეულ ფორმას, არსებითი როლი აკისრია, განსაკუთრებით, კომიქსის (comic) შემთხვევაში. არადიალექტიკური აზრით, სიმახინჯე გაგებულ უნდა იქნეს როგორც „ხელოვანის ტექნიკური უძლურების შემთხვევითი შედეგი, შემოქმედებითი ფანტაზიის სისუსტე, ანდა არასრულყოფილი ესთეტიკური განათლების შედეგი“ (გვ. 149). შედეგად, მსგავსი ხელოვნების ნიმუში გამოცარიელებულია ესთეტიკური საზრისისა და ღირებულებისაგან.

შრომის შემდგომი ნაწილი - „ხელოვნების ფენომენოლოგია“ - მიემართება იმ „მგრძნობელობითი ფორმის ცხადყოფას, რომელშიც ხელოვნების იდეალური შინაარსია გამოხატული“ (გვ. 223); ეს ფორმა შედგება ინტუიციის, წარმოსახვისა და გრძნობისაგან. ავტორის არჩევანი იმითაა განპირობებული, რომ, ტრადიციული ფილოსოფიური ტერმინოლოგიის თანახმად, ფენომენოლოგია ცნობიერების გამოცდილების, ანდა აღქმითი შემეცნების იმ მეცნიერებას წარმოადგენს, რომელიც მყისიერ და მგრძნობელობით ინტუიციაზეა დაფუძნებული. ხელოვნების ფორმალისტური კონცეპტისაგან განსხვავებით, რინალდი ამტკიცებს, რომ ხელოვნების არსსა და ღირებულებას მხოლოდ გრძნობითი გამოხატულება ანდა მშვენიერების სენტიმენტი არ განსაზღვრავს. ჰეგელის კვალდაკვალ, ის სისტემური ესთეტიკის შინაარსის იდეას ემხრობა. მშვენიერების სენტიმენტს არ ექნება ესთეტიკური ნამდვილობა იმ შემთხვევაში, თუ მას აბსოლუტის იდეალურ შინაარსს წავართმევთ. კონკრეტული, გონებით-საწვდომი ობიექტი „წმინდა აზროვნების თვით-განსაზღვრულობაა და, შესაბამისად, ის შინაგან სრულყოფას, რეალობასა და ჭეშმარიტებას ეზიარება. შინაარსი საკუთარ თავს ფორმის მგრძნობელობითი ინტუიციის მეშვეობის გამოხატავს, რაც გარდაუვალად ბუნდოვანი და დამაბნეველია. იგივე ითქმის მშვენიერების სენტიმენტზეც; მიუხედავად იმისა, რომ რეალობის ცოდნის განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს, ის არასრულყოფილად გამოხატავს მას“ (გვ. 308). ხელოვნების ნიმუშში გამოხატული იდეალი აპრიორი სინთეზს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ლოგიკურ-მეტაფიზიკური განსაზღვრულობისა და მგრძნობელობითი ელემენტის აუცილებელია კავშირია. შესაბამისად, ხელოვნების ფენომენოლოგია საკუთარ თავში ხელოვნების მეტაფიზიკას მოიაზრებს, ხოლო რეალობა და გარეგნული აღქმა მის არსებით და შინაგან მომენტებს წარმოადგენენ. ნაშრომის ამ ნაწილში ხელოვნება განსაზღვრულია როგორც „აბსოლუტის იდეის მანიფესტაცია მგრძნობელობითი წარმოდგენისა ანდა გარეგანი აღქმის სახით“ (გვ. 340). ინტელექტუალური შინაარსის გარეშე ხელოვნება მხოლოდ მგრძნობელობითი ინტუიცია, განცდა, ანდა ტექნიკური სამუშაო იქნებოდა, და მასში არ იქნებოდა წარმოდგენილი გონისმიერი ნამდვილობა ანდა თეორიული თუ ეთიკური ინტერესები. შესაბამისად, ხელოვნების არსი საკუთარ თავს აფუძნებს როგორც იდეალური ობიექტურობისა და ფენომენოლოგიური თვით-ცნობიერი სუბიექტურობის მეტაფიზიკური იდენტობის მომენტს.

„ხელოვნების ფენომენოლოგიის“ შემდეგი თეორიული მიზანი იმ საკითხის გაგებაა, თუ რატომ იყოფა ხელოვნება, როგორც გონის აქტივობა, ისეთ განსხვავებულ ფორმებად, როგორებიცაა არქიტექტურა, სკულპტურა, ფერწერა, მუსიკა და პოეზია. ნაშრომის ამ ნაწილში ბუნებრივი მშვენიერებისა და გონის შემოქმედებითობის ურთიერთმიმართებას დიდი ყურადღება ექცევა, ვინაიდან ხელოვნების მგრძნობელობითი ფორმა დაკავშირებულია არა მხოლოდ აღმქმელ სუბიექტთან, არამედ აღქმის ობიექტთანაც (გარდა პოეზიისა, რომელიც ხელოვანის წარმოსახვის შედეგია), რომელიც, ამავდროულად, ქვის, ხის, ტილოს ანდა ბგერის ბუნებრივ საგანს წარმოადგენს. მიუხედავად მათი გარეგნული მატერიალურობისა, ისინი შესაძლოა ხელოვნების ნიმუშის შინაგან ფორმად იქცნენ, ვინაიდან მშვენიერების იდეა ბუნებაშიცაა წარმოდგენილი. შედეგად, რინალდი განასხვავებს ბუნებრივ მშვენიერებასა და ხელოვნებას, ვინაიდან ბუნების სფეროში მეტაფიზიკური იდეა მხოლოდ აბსტრაქტულადაა წარმოდგენილი და გამოცარიელებულია ნამდვილი აქტუალურობისაგან; შემდგომ კი ავტორი ასკვნის, რომ ხელოვნება, როგორც გონის თავისუფალი, თვით-ცნობიერი აქტივობა, ესთეტიკის მთელ სფეროს მოიცავს, ხოლო ბუნებრივი მშვენიერება მისი ნაწილობრივი და დაქვემდებარებული ელემენტია. მშვენიერების კონცეპტი და ხელოვნება პირდაპირ თანხვედრაში არ არიან, ვინაიდან ხელოვნება არ წარმოადგენს აბსტრაქტულ რაციონალურ პრინციპს, ის გონის თვით-ცნობიერი აქტივობის სრული თვით-აქტუალიზაციაა, ხელოვნება არ არის მხოლოდ „იდეის მანიფესტაცია მგრძნობელობითი აღქმის სახით, ის მასში გონის შემოქმედებით აქტივობას წარმოაჩენს“ (გვ. 185). რინალდის ხელოვნების ფილოსოფია მიჰყვება იმ გონისმიერ პროცესს, რომელიც იწყება „ბუნებითი მშვენიერების მყისიერი გამოცდილებიდან, თანდათანობით კი საკუთარ თავს ხელოვნების უნივერსალურ ისტორიაში წარმოდგენილი გონის ხელოვნების მეშვეობით შექმნილ უთვალავ შრომათა მეშვეობით ანამდვილებს“ (გვ. 400). ამ შემთხვევაში ხელოვნება წარმოჩენილია როგორც გენიოსის შინაგანი ძალისხმევის შედეგი, ფორმისა და შინაარსის, ინტუიციისა და გააზრების იმანენტური ერთიანობა.

ნაშრომის ბოლო ნაწილში დასმულია საკითხი, თუ რა ადგილი უჭირავს ხელოვნებას გონის აბსოლუტურ ფორმათა სისტემაში; აქ შემოთავაზებულია ესთეტიკური თეორიის განვითარების ისტორია. რინალდის მტკიცებით, ხელოვნება, როგორც გონის აქტივობა, რეალობას კონკრეტული დოზითა და ფორმით წარმოგვიჩენს. რელიგიისა და ფილოსოფიის კვალდაკვალ, ის იმ თეორიულ აქტივობადაც შეიძლება მივიჩნიოთ, რომელსაც ეპისტემოლოგიური ღირებულება გააჩნია. ჰეგელის კვალდაკვალ, რინალდი აცხადებს, რომ ხელოვნების ეპისტემოლოგიური ღირებულება ისაა, რომ ხელოვნება აბსოლუტურ იდეას მგრძნობელობის მეშვეობით გამოხატავს; ის წინ უსწრებს რელიგიას, სადაც იდეა თაყვანისცემის ობიექტადაა წარმოდგენილი, და ფილოსოფიას, რომელიც იდეას წმინდა აზროვნების სფეროდ მოიაზრებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტორი ასკვნის, რომ „ხელოვნება, როგორც გენიოსის გონისმიერი აქტივობა, რეალობის პროცესის აუცილებელი ფორმაა; იმდენად, რამდენადაც იდეას მგრძნობელობითი ინტუიციის მეშვეობით გამოხატავს, ის აბსოლუტური გონის თეორიულ სფეროს მიეკუთვნება, და არა ობიექტური გონის პრაქტიკულ სფეროს“ (გვ. 442). გამოდის, რომ ხელოვნებას ადამიანის გონის აქტივობათა შორის კონკრეტული სფერო აქვს, სადაც მას გააჩნია ავტონომიური, თვით-მყოფადი, თეორიული სივრცე.

ხელოვნების სივრცის გამოცალკევების შემდეგ ავტორი განიხილავს ხელოვნების ფილოსოფიის განვითარების სხვადასხვა ეტაპებს და იმ განსხვავებულ მოაზროვნეებს, რომლებმაც მის ჩამოყალიბებაში საგანგებო წვლილი შეიტანეს. ანტიკურობაში პლატონისა და არისტოტელეს შრომებით ესთეტიკური თეორიის ის მეტაფიზიკური განვითარება იწყება, რომელიც ფსევდო-ლონგინეს ტრაქტატში „მშვენიერებისათვის“ დაგვირგვინდა. თუმცა, ანტიკური გონების შემთხვევაში არ გადალახულა სუბიექტისა და ობიექტის, სასრულისა და უსასრულოს დიქოტომიები. ხელოვნების ფილოსოფიის ისტორიის განვითარების მნიშვნელოვან საფეხურს წარმოადგენს გერმანული იდეალიზმი, რომელიც კანტის ფილოსოფიით დაიწყო და რომელმაც საკუთარ კულმინაციას ჰეგელის ნაშრომებში მიაღწია. ჰეგელმა ანტიკური სამყაროს დუალიზმიც გადალახა და მოდერნულ ეპოქაში გაბატონებული ფორმალიზმიც. მანვე იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ „ხელოვნების წარმომავლობას უნდა დავუკავშიროთ არა ადამიანის გონების აბსტრაქტული და განცალკევებული თვისება, არამედ ორგანული განვითარების პროცესი, რომლის მეშვეობითაც აბსოლუტური გონი თვით-ცნობიერებას ადამიანის სასრულ გონში ჰპოვებს“ (გვ. 530). ჰეგელის კვალდაკვალ, რინალდი ხელოვნების იმ იდეალისტური თეორიის შემდგომ დამუშავებას ახდენს, რომელიც XIX-XX საუკუნეების აზროვნებაშიც გაგრძელდა; აქვე, იგი თანამედროვე ფილოსოფიის იმ მიმართულებებს ეწინააღმდეგება, რომლებიც ესთეტიკის თეორიის განვითარებაში მეტაფიზიკის მნიშვნელობას უარყოფენ. ხელოვნების თანამედროვე კონცეფციებისაგან განსხვავებით, რინალდის მიერ შემოთავაზებული თეორია უდავოდ მეტაფიზიკური ხასიათისაა, აღნიშნულიდან გამომდინარე, „ხელოვნების ფილოსოფია“ შეუცვლელ წყაროს წარმოადგენს საიმისოდ, რომ, ერთი მხრივ, ხელოვნების ბუნება აბსოლუტური იდეალიზმის გადმოსახედიდან გავიაზროთ, ხოლო, მეორე მხრივ კი, იდეალისტური ესთეტიკის ისტორიულ განვითარებას გავეცნოთ.