ხელოვნების ფილოსოფიის პრობლემატიკა  კახაბერ კაციტაძის რაკურსით

ხელოვნების ფილოსოფიის პრობლემატიკა კახაბერ კაციტაძის რაკურსით

15.05.2021

ქართველი ფილოსოფოსი კახაბერ კაციტაძე (1959-2012 წწ.) XX საუკუნის 80-იანელთა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. გამოირჩეოდა ღრმა ფილოსოფიური განსწავლულობით, ფართო ერუდიციით და მრავალმხრივი ინტერესებით. მისი პუბლიკაციები ეხება არა მხოლოდ ფილოსოფიურ, არამედ კულტუროლოგიურ, ფილოლოგიურ, ლინგვისტურ, ისტორიულ, პოლიტოლოგიურ და სამხედრო-სამეცნიერო თემატიკას. ინტენსიური სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად მას აქტიური სამოქალაქო პოზიცია ეკავა ყველა მნიშვნელოვანი სოციალურ-პოლიტიკური მოვლენის მიმართ. ექსპერტის რანგში მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში. იყო ნაყოფიერი პუბლიცისტი. მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროცესში. პირველი სამეცნიერო შრომა გამოაქვეყნა 1984 წელს, პირველი წიგნი - თორმეტი წლის შემდეგ (1996 წ.). კ. კაციტაძის სიცოცხლეში გამოცემული ბოლო წიგნი გახლდათ „Homo Militaris. ადამიანი-მეომარი“ (ტ. I), რომელიც მის სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, 2011 წელს გამოქვეყნდა. ქართველი ფილოსოფოსის არქივში ჯერ კიდევ მოიპოვება გამოუქვეყნებელი შრომები, რომლებიც უაღრესად საგულისხმო თეორიულ და პრაქტიკულ ნააზრევს მოიცავს ინტერდისციპლინურ კვლევათა კუთხით. წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ კახაბერ კაციტაძის იმ ნაშრომებს, რომლებიც ხელოვნების ფილოსოფიის პრობლემატიკას ეხება და მისი გარდაცვალების შემდეგ გამოცემულ წიგნში „ყოფიერება და ხელება“ (2013 წ.) არის თავმოყრილი.

კ. კაციტაძე თავის კვლევებში დიდ ყურადღებას უთმობს ხელოვნების ფილოსოფიას. შესაბამისი თემატიკის შრომებში ავტორი უარს ამბობს კლასიკურ ესთეტიკასა და მის კონცეპტუალურ აპარატზე და როგორც ალტერნატივას, ექსისტენციალურ-ონტოლოგიურ ანალიზს მიმართავს.

ამ მხრივ ტიპურია ფიროსმანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი მისი სტატია „ყოფიერება და ნდობა“ (2, 132-153). მის პირველ ნაწილში, რომელსაც მეთოდოლოგიური რეფლექსიის ხასიათი აქვს, კ. კაციტაძე შეუძლებლად მიიჩნევს ფიროსმანის მხატვრობის აღსაწერად შელინგ-ჰეგელის წრეში ჩამოყალიბებულ კლასიკურ ესთეტიკურ კონცეფციასა და ენაზე დამყარებას. როგორც იგი აღნიშნავს, ხელოვნების, როგორც იდეის გრძნობადი ფორმით მოვლინების გაგება და სუბიექტ-ობიექტის ცნებებზე დამყარებული კონცეფტუალური აპარატი, რომელიც ხელოვნების აღნიშნული გაგებისათვის ორგანულად დამახასიათებელია, ფიროსმანის მხატვრობის აღსაწერად უვარგისია. ნაცვლად ამისა, ავტორი ხელოვნების ონტოლოგისტურ გაგებას ეფუძნება, რომლის ფარგლებშიც ხელოვნებაში ყოფიერების ვლენა, ჩენა ხდება.

გამოკვლევის დანარჩენი ნაწილები ფიროსმანის მხატვრული სამყაროს ანალიზს ეთმობა. კვლევის არეალში, უწინარესად, ფიროსმანის ფერწერის ის ასპექტები შემოდის, რომლებიც ნდობის მოდუსში ყოფიერებას უკავშირდება. ავტორის თანახმად, ქართველი პრიმიტივისტის ფერწერული ტილოებისათვის დამახასიათებელი სახლის, ეზო-ყურეს და „ახოს“ არსს გახსნილობა შეადგენს, რაც „სამყაროსადმი ნდობით მიდგომას“, „შიდას“ და „გარეთას“ ჩაუხერგავ ურთიერთმიმართებას ნიშნავს. არსებობის ამ ფორმაში ყველა ნაგებობა შეღწევადია, ჭიშკარი ჩამკეტ-ჩამრაგველი ინსტანცია არაა. ის გახსნისათვის არსებობს. ხოლო ფრინველები, ცხოველები და ადამიანები ურთიერთმიმართ უსასრულოდ მინდობით ურთიერთობაში არიან (2,140).

მაგრამ ყოფიერების ეს ტიპი (ყოფიერება-როგორც-ნდობა) და ნდობის გარემო ფიროსმანთან ერთადერთი არ არის. მის ტილოებზე მეტყველებს თავის თავში სანდოობის მუხტს მოკლებული ყოფიერების ტიპიც, რომლის გამოვლინებებია ნდობითი გარემოდან ამოვარდნილობის, ნდობით მიმართებაში ჩაურევლობის მომასწავებელი მარტოსულობა და ყოფნის სივრცისა და დროის გულგრილი ხასიათი. თვალსაჩინოებისათვის კ. კაციტაძე ფიროსმანის ტილოებზე ხშირად გამოსახული დუქნის თემას მიმართავს. მისი დახასიათებით, თუ ყოფიერება-როგორც ნდობა თავის თავში საკრალურ ზეიმს შეიცავს, დუქნისათვის ყველა დღე სულერთია. აქ ქეიფი ლხინის ფუნქციას კარგავს და ყოველდღიურ ღრეობად იქცევა (2, 145). თუმცა, უნდობლობის მოდუსში არსებობა დუქანში მოქეიფეებზე სრულად ყაჩაღში წარმოდგება. ყაჩაღი, როგორც ასეთი წესით მოარსე ადამიანი, მოკლებულია ყოველგვარ საშუალებას საკუთარი ყოფიერების უზრუნველყოფას ნდობიდან მიაღწიოს, რის გამოც საკუთარი თავისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას თვითნებობაზე დაყრდნობით და ძალადობის გზით ცდილობს (2, 146).

ყოფიერების-როგორც უნდობლობის ანალიზს ფიროსმანის ცხოველების განხილვა აგრძელებს. გამოკვლევის მიხედვით, ფიროსმანის ცხოველების არსის გაგების გასაღებსაც ონტოლოგისტური მიდგომა იძლევა. ისინი „თავიანთი ყოფნის გამჭოლი“ ყოფიერების ამა თუ იმ სახეს ავლენენ. სახელდობრ: კურდღელი - ყოფიერებას, რომლის საფუძველში მუდამ საფრთხე ჰგიებს, ტახი - არსებობას, რომელიც თავის საფუძვლად სიავეს შეიცავს, მელა - ყოფიერებას, რომლის ძირში ეშმაკობაა, ლომი - ყოფიერებას, რომელსაც სიდინჯესთან შერწყმული ძალმოსილება მსჭვალავს და ა.შ. მიუხედავად საფრთხესთან მიმართების თვალსაზრისით ყოფიერების ამ სახეებს შორის განსხვავებისა, კ. კაციტაძის თანახმად, ფიროსმანის ცხოველთაგან მთლიანად დაცულ არსებას არცერთი წარმოადგენს. არცერთ ცხოველს არ გააჩნია განსაკუთრებული საფარი. ყველა ისინი ბედს (და შესაბამისად, საფრთხეს) არიან გადაცემულნი. თუმცა, მათი არსებობის ეს მხარე ყველა ცხოველში თავს ერთნაირად არ ავლენს. ირმის შემთხვევაში ის გარინდებისა და ბედისადმი ჩუმად შეგუების ხასიათს იძენს, ხოლო ვეფხვის შემთხვევაში - „გააფთრებული თუმცა უძლური წინააღმდეგობის სახეს“ (2, 150).

გამოკვლევის ბოლო ნაწილში კ. კაციტაძე ფიროსმანის მხატვრულ სამყაროს დღესასწაულის ონტოლოგიური კონცეფტის შუქზე აანალიზებს, რითაც, საბოლოო ჯამში, ნდობით ყოფიერების საკითხის განხილვას აგრძელებს. მისი სიტყვებით, დღესასწაული ყოფიერების ავსებულობას, ამ სისავსის მწვერვალს გულისხმობს. გარდა ამისა, ის ადამიანური ყოფიერების დროითი სტრუქტურის არსებითი ელემენტია, რომელიც ამ სტრუქტურის ხდომისას პერიოდულად ვლინდება. ამისდამიუხედავად, ზეიმობის ხასიათი არასოდეს არ არის იდენტური (2,151). ყველა თავის ხდომაში დღესასწაული განსხვავებულად ხდება და წინა ხდომას მთლიანად არ იმეორებს. აქვე დღესასწულის კიდევ ერთი თვისება გამოიყოფა, რომელიც მის საზღვრების მომხსნელ ხასიათში მდგომარეობს.

ფიროსმანთან დღესასწაულის ნიმუშებად კ. კაციტაძე კალოობას, ტყეში გაწყობილ მარანს და რთველს ასახელებს. როგორც გამოკვლევაშია ხაზგასმული, თითოეულ მათგანში დღესასწაულის ყველა ნიშანი თავს უკლებლივ ავლენს. მაგალითად, ფიროსმანის რთველისას ერთმანეთს ერთვის სამყაროს ყველა არსი: ცა და დედამიწა, მხედარი და ქვეითი, ნაყოფის მომკრეფი და ღვინის დამწურავი, მდინარე და ხმელეთი და ა.შ. ამის გამჭოლ დგინდება ტაძრის სახით წარმოდგენილი საკრალურობა, ყოველივე ამაში კი - არსთა საწყისისეული ურთიერთმიკუთვნებულობა და ყოფნის სისავსე. ამით გამოკვლევა იმპლიციტურად იმაზე მიუთითებს, რომ „ადამიანურ სამყაროში ყოფნის“ უსაკუთრივეს მოდუსს ფიროსმანისათვის ურთიერთმინდობილობა ანუ ყოფიერება-როგორც-ნდობა წარმოადგენს.

კ. კაციტაძის „ხელთმყოფი არსებულის პრობლემა და ჰიერონიმუს ბოსხის მხატვრობა“ (2, 155-182) ონტოლოგიური წესრიგის იმ პირობებს ცხადყოფს, რომელთა გარეშე, ავტორის თქმით, ნიდერლანდელი ფერმწერის ცნობილი ტრიპტიხის მარჯვენა მხარის - „ჯოჯოხეთის“ „ამგვარობა“ არ განხორციელდება. დასახული მიზნის ხორცშესასხმელად თავდაპირველად ავტორს, ჰაიდეგერის „ყოფიერებასა და დროზე“ დაყრდნობით, კონცეპტუალური ინსტრუმენტალიების რანგში, შემდეგი ცნებები და პრინციპები შემოაქვს: ხელთმყოფი როგორც მიხვედრაში შემომხვედრი ყოფიერი ანუ ხელსაწყო, სამყარო, ხელსაწყოთმთლიანობა, წინდახედულობისათვის წინდახედულად თემატური, სამყაროს (ხელსაწყოთმთლიანობის) არათემატურობა, ხელთმყოფის ნეგაციის, იგივე თვალშისაცემლობის მნიშვნელობა სამყაროს სამყაროულობის აღმოჩენისათვის, თავდაყირა სამყარო და მასში საგანთა და მიმართებათა საზრისის მაკონსტიტუირებელი არათემატიზმები. მათ იგი ხელთმყოფობის იმ მოდუსსაც უმატებს, „არადანიშნულებისამებრ გამოყენების“ სახით, რომელიც, მისი აზრით, გამორჩა ჰაიდეგერს (2, 176), თუმცაღა, სამყაროს (ხელსაწყოთმთლიანობის) თემატიზირებისათვის თვალშისაცემობის ტოლფარდია. ეს კონცეფტუალური აპარატი კ. კაციტაძეს საშუალებას აძლევს ბოსხის „ჯოჯოხეთში“ გამოხატული გარემო თავდაყირა სამყაროდ განსაზღვროს, გამოყოს ამ თავდაყირაობის მაკონსტიტუირებელი თემატური ფაქტურა, საბოლოოდ კი დაადგინოს „ჯოჯოხეთის“ ამგვარობის განხორციელების ონტოლოგიური პირობები, როგორიცაა თავდაყირა სამყაროს პარადიგმა, ხელთმყოფის არადანიშნულებისამებრ გამოყენება და ჩვენი სამყაროს მაინსტიტუირებელი არათემატიზმები.

ექსისტენციალურ-ონტოლოგიურ მიდგომას ემყარება კ. კაციტაძის კიდევ ერთი გამოკვლევა „მასწავლის ტანჯვა“ (2, 217-238), რომელიც დავით გურამიშვილის შემოქმედების ჰერმენევტიკული ჰორიზონტის ანალიზს ეძღვნება. ის გურამიშვილის ენის არსებითი სიტყვების („სწავლა“, „მოსწავლე“ („ყრმა“), „წვრთნა“, „სახმარი“, „საქმე“) საწყისისეულ მნიშვნელობათა იმ ჰერმენევტიკული ველის გახსნას ახდენს, რომელშიც ტრიალებს დიდი ქართველი შემოქმედის პოეზია, რადგან ავტორი თვლის, რომ აქედან უკეთ წარმოჩინდება, რისი თქმა სურდა გურამიშვილს. ჰერმენევტიკული ჰორიზონტისა და წრის ექსპლიცირებისათვის კ. კაციტაძე „სწავლას“ და „წვრთნას“ - mathesis-იდან და paidea-დან, ხოლო „სახმარს“ და „საქმეს“ cheria-დან და praxis-დან იგებს. ამის საშუალებით იგი ადგენს, რომ „სწავლებით წურთნილება“ გურამიშვილთან ადამიანის მთელი არსის გარდაქმნას გულისხმობს. ის მოსწავლეს (ყრმას) მის ჭეშმარიტ ბუნებას უცხადებს და ამ ბუნების თანახმად ცხოვრებას, საკუთარ არსთან შესაბამისობაში ყოფნას აჩვევს. სხვაგვარად, „სწავლა მოსწავლეთა“ ყრმის იმგვარად გაწვრთნის პროცესზე საუბრობს, რომლის დროსაც მოსწავლე შეისწავლის, რა მოქმედებაა საჭირო, რათა იგი ადამიანი იყოს. შესაბამისად, მის მიხედვით, სწავლებაში განსწავლული კაცი ისაა, ვინც იცის, ადამიანის არსიდან გამომდინარე როგორ იმოქმედოს. კ. კაციტაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ გურამიშვილთან ადამიანად ყოფნის სწავლა ადამიანური ყოფიერების არსებული სახეების წვდომას გულისხმობს, რისი გათვალისწინებითაც „დავითიანი“ მოსწავლეს „ადამიანური ყოფიერების“ ათ სახეს სთავაზობს. ესენია: მიჯნური, მწყემსი, ხელმწიფე, მხვნელი, მოლაშქრე, ვაჭარი, ხუცესი, ოსტატი და ბრძენ-მსიტყველი (ადამიანი-მეომარი ანუ მოლაშქრე, როგორც ადამიანური გახსნილობის ფორმა, „Homo militaris“-შიც ფიგურირებს). მათი შეთავაზებით, როგორც „მასწავლის ტანჯვაში“ არის აღნიშნული, გურამიშვილი იმ ჰორიზონტს ხსნის, რომელშიც ადამიანი თავისი ყოფიერების კონკრეტული სახის შესატყვისად სუფევს და ისე იქცევა, როგორც ადამიანს შეშვენის.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ კ. კაციტაძის თეორიული შემოქმედების რეცეფციის კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის ნაშრომებს „ყოფიერება და ხელება“, „Homo Militaris“, ასევე, იმ ესთეტიკურ შრომებსაც, რომლებიც მთლიანად „ჰაიდეგერიანულია“. მათი ჰუმანისტური სულისკვეთებისა და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, უაღრესად პერსპექტიული იქნებოდა კ. კაციტაძის ინტელექტუალური მემკვიდრეობის ამ ნაწილის ფუნდამენტური ონტოლოგიისა და პოსტმოდერნის ფილოსოფიისათვის არსებითი ტენდენციების კონტექსტში შესწავლა. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული „ყოფიერება და ხელების“ და „Homo Militaris“-ის დაუსრულებული ხასიათი და კვლევის ის მთლიანი, მაგრამ განუხორციელებლად დარჩენილი პროექტები, რომლებიც ორივე შრომაში ავტორის მიერ ექსპლიციტურად გაცხადებულია.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. კაციტაძე, კ.: Homo Militaris. ადამიანი-მეომარი, ტ. I, თბილისი: „თემი და საძმო“, 2011 წ.
  2. კაციტაძე, კ.: ყოფიერება და ხელება, თბილისი: „ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“, 2013 წ.
  3. სურმავა, მ.: კაციტაძე კახაბერ. ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია; წვდომა განხორციელდა: 13.5.2021 წ.