ქრისტეს აღდგომის შესახებ

ქრისტეს აღდგომის შესახებ

03.05.2021

(საუბარი ლონდონის მრევლთან, 19 აპრილი, 1990 წ.)

მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი, ერისკაცობაში ანდრია ბორისის ძე ბლუმი (1914-2003 წწ.) რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავარი, სუროჟის მიტროპოლიტი გახლდათ; 1965-1974 წლებში იგი იყო პატრიარქის ეგზარქოსი დასავლეთ ევროპაში. მიტროპოლიტი ანტონი ავტორია მრავალრიცხოვანი წიგნებისა, მემუარებისა და სტატიებისა მართლმადიდებლური სულიერი ცხოვრების შესახებ. იგი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მქადაგებელი იყო მართლმადიდებლურ სამყაროში. ამასთანავე, მისი შრომებით დაინტერესებული იყვნენ არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენლებიც. მისი თხზულებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. მიტროპოლიტი ანტონი იყო სხვადასხვა ეკლესიების მიერ მინიჭებული ჯილდოების მფლობელი, ასევე, მოსკოვისა და კიევის სასულიერო აკადემიებისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. მისი მთავარი ნაშრომებია: „ცოცხალი ლოცვა“ (1966 წ.), „ლოცვის სკოლა“ (1970 წ.), „ღმერთი და ადამიანი“ (1971 წ.), „ლოცვის გაბედულება“ (1973 წ.), „შეხვედრა“ (2005 წ.), „ქრისტეს ცოცხალი სხეული“ (2007 წ.) და სხვ.

ქართულად თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა

დღეს მსურს მოკლედ ვისაუბრო ქრისტეს აღდგომის შესახებ!

აღდგომაზე საუბარი ყოველთვის ძალზედ მიძნელდება. აი, ქრისტეს ვნებებზე, ცხოვრების ტრაგედიაზე, მის სწავლებაზე ადვილია საუბარი იმიტომ, რომ შეგვიძლია ზოგადადამიანურ გამოცდილებაზე მივუთითოთ: ყველამ ვიცით, თუ რა არის სიკვდილი, სნეულება, ტკივილი, შიში, სისასტიკე, მსხვერპლი, სიყვარული, სიძულვილი, ღალატი, ლაჩრობა! ეს ყოველივე ვიცით! ამიტომაც, როდესაც ვსაუბრობთ ქრისტეს ცხოვრებიდან აღებულ ამა თუ იმ მოვლენაზე, რაღაც მომენტებამდე მივდივართ და როდესაც სახეზეა რომელიმე ამ თვისებებიდან, ჩვენთვის ადვილია ამის გაგება! ჩვენ განვსჯით იუდას, მაგრამ, ამასთანავე, თუკი ჩავფიქრდებით, შეგვიძლია გავიგოთ, რომ ჩვენშიცაა გამყიდველობის წილი. ჩვენ არ გავცემთ ქრისტეს, რადგანაც არ ვდგავართ საშიშროების წინაშე, არ გავცემთ ქრისტეს სიტყვებით, მაგრამ გავცემთ მას იმით, რომ ვუწოდებთ რა უფალსა და ღმერთს, არ ვუფრთხილდებით მის სწავლებას, არ მივსდევთ მის მაგალითს და ა.შ.

მაგრამ აღდგომის შესახებ საუბარი უფრო რთულია, რადგანაც ეს მოვლენა ფიზიკურად წვდომადი ხალხის მხოლოდ მცირე ნაწილისთვის იყო იმ დღეებში, რომელთა განმავლობაშიც აღმდგარი ქრისტე ეცხადებოდა ხალხს. შემდგომში ეს უკვე გამოცდილებაა, რომლის მიღებასაც აგრძელებდა ზოგიერთი - აღმდგარი ქრისტეს გამოცდილება! მაგრამ ხალხის უმეტესობამ ქრისტეს აღდგომის შესახებ იცის მხოლოდ ირიბად; და მე მსურს ვისაუბრო ქრისტეს აღდგომის შემეცნების ზოგიერთ მომენტზე და იმაზე, თუ რას ნიშნავს იგი ჩვენთვის.

[...] მოციქულებმა ირწმუნეს, პირველ რიგში, რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღსდგა, მეორედ, რომ იგი არ არის სული, არამედ რომ იგი აღსდგა თავისი ადამიანური სულითაც და ადამიანური სხეულითაც [...]. შემდგომ, სხვა მოწაფემ, ან, მოწაფემ კი არა, მდევნელმა შეიცნო ქრისტეს აღდგომა; ეს პავლეა [...]. პავლეს შემდგომ, ეკლესიის ისტორიის განმავლობაში ათასობით ადამიანი ხვდებოდა აღმდგარ ქრისტეს. თავიდანვე, მრავალი წმინდანის ცხოვრებაში ვხვდებით თხრობას იმის შესახებ, რომ ქრისტე მათ ეცხადებოდა, განსწავლიდა, იხსნიდა, წინამძღვრობდა. ამიტომაც, მთელი ისტორიის მანძილზე საუკუნეთა განმავლობაში იყვნენ ცოცხალი მოწმეები, რომლებმაც იცოდნენ გამოცდილებით, პირადად, რომ ქრისტე აღსდგა; ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თქვან: მას პირისპირ შევხვდი, დანამდვილებით ვიცი, რომ იესო ნაზარეველი, რომელიც გოლგოთაზე ჯვარს აცვეს, რომელიც მოკვდა, დაიმარხა, სინამდვილეში, როგორც სახარება გვეუბნება, როგორც მისი ადრეული მოწმეები ღაღადებენ - აღდგა და ცოცხალია!

ჩვენ გვწამს ქრისტეს აღდგომის. ზოგიერთმა ჩვენგანმა იცის კიდეც აღმდგარი ქრისტეს შესახებ. მაგრამ შეუძლია კი ხალხს, ჩვენი შემხედვარე, თქვას: ეს ის ადამიანებია, რომლებიც ცხოვრების რაღაც მომენტში აღმოჩნდნენ პირისპირ ცოცხალ, აღმდგარ ქრისტესთან, რომლებიც ისე შეიცვალნენ ამ შეხვედრის წყალობით, რომ ვხედავთ, რომ ისინი სხვა ყაიდის ადამიანებია და არ არიან ისეთნი, როგორც ყველა დანარჩენი?! და რომ ინგლისელი მწერლის, ლუისის სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი შეგვიძლია ყველა ადამიანი განვიხილოთ როგორც ქანდაკება, ეს ხალხი გაცოცხლებული ქანდაკებებია?! განსხვავება მორწმუნესა და ურწმუნოს შორის, ამბობდა ლუისი, სწორედ ასეთია: ურწმუნო ადამიანი ჰგავს ქანდაკებას, მორწმუნე კი ქანდაკებაა, რომელიც გაცოცხლდა.

და, აი, ჩვენს წინაშე დგას საკითხი: როგორი ვართ? ქრისტეს აღდგომის შესახებ მხოლოდ სხვისი სიტყვებით ვსაუბრობთ? ნამდვილად ვხარობთ კია მთელი გულით, რომ ამაში დარწმუნებულნი ვართ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ადამიანებმა ეს იციან, და რომ ჩვენ შეგვიძლია მათ ვერწმუნოთ? თუ ჩვენში ამ ამბავმა რაღაც მოიმოქმედა და ვიცით რა გამოცდილებით, რომ ქრისტე აღსდგა, უკვე არ ძალგვიძს ვიყოთ ისინი, ვინც აქამდე ვიყავით?!

ჩვენ შეგვიძლია ეს ვიცოდეთ გამოცდილებით, თანაც, სხვადასხვა სახით!

ეს შეგვიძლია ვიცოდეთ ლოცვისას, ქრისტეს მოსასხამის კიდეზე შეხებით. შეგვიძლია იგი შევიმეცნოთ რაღაც მომენტებში, როცა უცებ ვგრძნობთ, რომ უხილავად, მაგრამ რეალურად იგი ჩვენ წინაშე ცოცხლად დგას. თუმცა კი, მას ვერ ვხედავ, არ მესმის, მაგრამ აღვიქვამ მას ჩემი გრძნობებით - რომ იგი აქ არის. ჩვენ შეგვიძლია ეს აღვიქვათ, ასევე, რაღაც მიუწვდომელი სახით, წმინდა საიდუმლოებებთან ზიარებით. შეგვიძლია სხვებში დავინახოთ ან თავად განვიცადოთ, რომ წმინდა საიდუმლოებებთან ზიარებას, აღსარებას, მირონცხებას, ზეთისცხებას, სხვადასხვა საეკლესიო ქმედებებს შეუძლიათ შეცვალონ ადამიანი შინაგანად. და თუკი ადამიანი ჩაუფიქრდება თავის თავს, მას არ შეუძლია არ დაიჯეროს, რომ ეს ღვთაებრივი ძალით ხდება, რომელიც ჯვარცმული და აღმდგარი ქრისტეს მეშვეობით გვეძლევა.

ახლა სხვა საკითხზე მინდა გადავიდე. რას გვეუბნება ქრისტეს აღდგომა ამის გარდა? ის ღმერთზე გვესაუბრება! ქრისტეს აღდგომა ვნების შვიდეულთან ერთად მიგვითითებს იმის შესახებ, თუ როგორ ვუყვარვართ ღმერთს. თქვენ, ალბათ, გახსოვთ ადგილი სახარებიდან, სადაც ნათქვამია, რომ არავის აქვს იმაზე მეტი სიყვარული, ვიდრე მას, ვინც მზადაა თავისი სიცოცხლე დასდოს თავისი მეგობრებისთვის (ინ. 15.13). მოციქული პავლეც ამბობს: მოყვასისთვის ძნელად თუ დასდებს ვინმე სიცოცხლეს, ქრისტე კი მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ მისი მტრები, მოწინააღმდეგეები, უცხონი ვიყავით მისთვის (რომ. 5.6-8). ქრისტეს აღდგომა, ეს სიყვარულის გამარჯვებაა! ის მიგვითითებს იმის შესახებ, რომ სიყვარული, რომელიც იღებს სიკვდილს, ამითვე უკვდავი ხდება, სიკვდილზე ძლიერი ხდება. ძველი აღთქმა გვეუბნება: ძლიერია სიკვდილივით სიყვარული (ქებ. 8.6). სიყვარული ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია შეერკინოს სიკვდილს და არ დარჩეს დამარცხებული.