ევქარისტიული საზოგადოების პოლიტიკური დამოწმება და სოციალური მსახურება (ფრაგმენტი)

ევქარისტიული საზოგადოების პოლიტიკური დამოწმება და სოციალური მსახურება (ფრაგმენტი)

05.04.2021

საღმრთო ლიტურგიის აღნიშვნა ერთდროულად კონკრეტული თემის ქმედება და მთლიანი შესაქმის გამოხსნის ნიშანია. ევქარისტიული მსახურების მეშვეობით ეკლესია, რომელიც მარადიული სიცოცხლის კურთხევის გამოვლინებას მოკლებულ სამყაროში არსებობს, მისტიურად შედის ღმერთის საუფლოში. ისინი, ვინც ზიარებას იღებენ, ვალდებულნი არიან ევქარისტიულად იცხოვრონ და ცხოვრების ყველა ასპექტი აქციონ ნიშნად ქრისტეს მსხვერპლშეწირვითი სიყვარულისა, რომელიც მოყვასისთვის არის გაღებული. ქრისტეში მათი შეერთება მხოლოდ პირადი სიწმინდის გამომუშავება როდია, ადამიანმა უნდა შეცვალოს ისიც, თუ როგორ მოქმედებს საჯარო სივრცეში. დედა მარია სკობცოვას (რომელიც ასევე ცნობილია როგორც წმ. მარია პარიზელი) ნაშრომები და სოციალური მსახურება მიგვიძღვება იქითკენ, რომ ვიყოთ ზეციური მეუფების სარწმუნო მოწმობის მატარებელნი ეკლესიის ხილული საზღვრების მიღმა.

წმ. მარია თავის ესსეში „რელიგიური ცხოვრების ტიპები“ ევქარისტიას აღწერს როგორც „მსხვერპლშეწირვითი სიყვარულის საიდუმლოს“ და „ქმედებაში მოყვანილ სახარებას“, რომელიც „ამ სამყაროს აცოცხლებს... და რომელიც საიდუმლო მოვლენაა“. მისი აზრით, „მთელი ქრისტიანობა საღმრთო ლიტურგიის მარადიული მსხვერპლშეწირვაა ეკლესიის ხილულ კედლებს მიღმა“ ისე, რომ „სხვისთვის მიძღვნილი სიყვარულის მსხვერპლშეწირვა მხოლოდ კონკრეტულ ადგილზე არ აღესრულება... მთელი სამყარო ერთი ტაძრის ერთ საკურთხევლად იქცევა.“ მსგავსი „უნივერსალური ლიტურგია“ მოითხოვს საკუთარი გულების შეწირვას იმისათვის, რათა „ამ ქვეყნის საკვებად ვიქცეთ, რისი მეშვეობითაც მაცხოვარი მთელ სამყაროს ჩვენს ამაღლებულ გულებთან ერთობაში მოიყვანს“. ამ კუთხით თუ ვიმსჯელებთ, ქრისტიანული სიყვარულის მოთხოვნები უზომოა, ისე, რომ „ადამიანმა უნდა შესწიროს საკუთარი სული ქრისტეს და შესთავაზოს ის როგორც კონკრეტული ინდივიდის გამოხსნის მსხვერპლი. ეს იმას ნიშნავს, რომ „ქრისტეს მსხვერპლშეწირვაში, ქრისტეს სხეულში გაერთიანდე პიროვნებასთან.“ მისი რწმენით, მსგავსი ქმედება „ერთადერთი მითითებაა, რომელიც ქრისტეს სახარებისეული ქადაგებით მივიღეთ და რომელიც ევქარისტიის აღნიშვნით ყოველდღიურად დასტურდება“.

სკობცოვას ესსე „ადამიანური თანაზიარების მისტიციზმი“ იმას ასაბუთებს, რომ სხვა ადამიანებთან თანაზიარება „მარტივად, ღმერთთან ზიარების სხვა ფორმაა“. „შენნი შენთაგან შენდა შემწირველნი, ყოველთა და ყოვლისათვის“ რეალურად მოიცავს „ჩვენს გზაზე მყოფ ყველა შესაძლო შეხვედრას, ყველა ადამიანს, რომელიც ღმერთისგანაა გამოგზავნილი“. როგორც ის აღნიშნავს, „ეკლესიის გარეთ არსებული ლიტურგია მსოფლიო ეკლესიაში არსებული ჩვენი მსხვერპლშეწირვითი მსახურებაა, ის შემკულია ღმერთის ცოცხალი ხატებით, ჩვენი საზოგადო მსახურებით, სიყვარულის საკაცობრიო მსხვერპლშეწირვითი მსახურებით, ღმრთივშთაგონებული შეერთების დიადი აქტითა და ღმრთივძლიერი სულის ერთიანი ლოცვით აღსავსე სუნთქვით. ადამიანებთან ლიტურგიული თანაზიარების მეშვეობით ჩვენ ღმერთს ვეზიარებით და ნამდვილად ვიქცევით ერთ სამწყსოდ და ერთ მწყემსად, ერთ სხეულად, რომლის შეუცვლელი თავიც ქრისტეა“.

წმ. მარია სწორედ ამ ჭრილში წარმოაჩენს ევქარისტიულ ცხოვრებას, როგორც სხვისთვის საკუთარი თავის უარყოფას, რაც ქრისტეს სიყვარულია, რომელიც ყველასთვის (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) მსხვერპლშეწირვაში მდგომარეობს. როგორი არახელსაყრელიც არ უნდა იყოს ყოველივე ეს, სხვისთვის საკუთარი თავის მიძღვნა არ ნიშნავს სულიერი ცხოვრებისაგან ყურადღების გადატანას. ნაცვლად ამისა, „ეს ჩვენი ცოდვით აღსავსე უყურადღებობაა, რომელიც გვაბნევს, ჩვენი ცოდვით აღსავსე აურზაურია, რომელიც ჩვენს კონცენტრაციას შთანთქავს“. ჩვენ სამყაროდან და ადამიანიდან იმას ვიღებთ, რასაც მოველით. „ყველა ინტერაქცია ადამიანთან, რომლისაც გვეშინია, მხოლოდ ფიზიკურად გვცლის, შინაგანად აგვაფორიაქებს და სულიერად გვკლავს“. ის გვასწავლის, რომ „მხოლოდ ადამიანში არსებული ქრისტეს ხატების მეშვეობით შეიძლება ქრისტეს სხეულის ნაწილი გავხდეთ“.

სკობცოვას „ადამიანური თანაზიარების ეს მისტიკა“ ესმის როგორც „გარეგანი ქრისტიანული აქტივობისა და სოციალური ქრისტიანობის ერთადერთი ავთენტური საფუძველი... რადგან ქრისტიანობა სამყაროსაკენაა მიმართული“. ის ამბობს, რომ „სოციალური ურთიერთობა უნდა იყოს ეკლესიის გარეთ არსებული ლიტურგია, როგორც ქრისტეს სახელში ადამიანთან თანაზიარება“. ღმერთის გამომხსნელობითი მიზნების უნივერსალური ბუნების გამოხატვით ის აღნიშნავს, რომ „ყველაფერი, რაც ამ სამყაროში არსებობს, შეიძლება ქრისტიანული იყოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სავსე იქნება ღმერთთან ერთობის ავთენტური კრძალვით, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელია ადამიანთან ავთენტური ერთობის გზის მეშვეობითაც. ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის გარეშე ავთენტური ქრისტიანობა არ არსებობს“.

ეს მხარე ევქარისტიისა, როგორც ღმერთში ყოვლისმომცველი მსხვერპლშეწირვითი აქტისა, იწვევს იმას, რომ მან, ვინც ქრისტეს ეზიარება ეკლესიაში, ასევე უნდა გამოავლინოს თავისი სიყვარული სამყაროში ყველას მიმართ. როგორც წმ. მარია აღნიშნავს, „ადამიანური თანაზიარების მისტიციზმი“ აღიარებს, რომ ჩვენ უფალს ყველა პიროვნებაში ვხვდებით. იმისათვის, რათა ადამიანმა საკუთარი თავი სხვას შესწიროს, აუცილებელია ევქარისტიულად იცხოვროს, იმ აზრით, რომ მონაწილეობა მიიღოს ქრისტეს თვით-შეწირვაში „ყოველთა და ყოვლისათვის.“ სხვასთან მსგავსი თანაზიარება უფალთან ზიარების ნიშანია. ისინი, ვინც სიყვარულში სრულიად სწირავენ სხვას საკუთარ თავს, „პირისპირ ხვდებიან ქრისტეს იმ ადამიანში, ვისაც საკუთარ თავს სწირავენ“.

სკობცოვას მსახურება გამორჩეული „მონაზვნური დამოწმება იყო, მან საკუთარი კარები მის გარეთ არსებული სასოწარკვეთილი ადამიანებისათვის გახსნა“; ადამიანებისათვის, რომლებიც „დაცემულნი იყვნენ, სასო ჰქონდათ წარკვეთილი, ვინც დასახიჩრებულები, ალკოჰოლდამოკიდებულები, ავადმყოფები და მრავალ ტრაგედია გამოვლილები იყვნენ“. როდესაც ის დიმიტრი კლეპინინთან და სხვებთან ერთად ებრაელების დასაცავად იბრძოდა, ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა, ყოველივე ეს კი იმიტომ, რომ გაზის კამერაში სხვა პატიმრის ადგილი დაიკავა. ყველა, ვინც კამერაში იყო, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის, წმ. მარიას ერთნაირად იცნობდა. ის იმ ტიპის ადამიანი იყო, ვინც პიროვნებებს შორის განსხვავებას არ ახდენდა - როგორი მწვავედ პროგრესული პოლიტიკური ხედვაც არ უნდა ჰქონოდათ, ანდა, როგორი განსხვავებული რელიგიური რწმენისაც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი“.

ამ აზრით, წმ. მარია გამორჩეულ მაგალითს გვაძლევს იმისა, თუ როგორ ვიცხოვროთ ევქარისტიულად ყოფით ცხოვრებაში, საკუთარი თავის შეწირვით, სხვისი სიყვარულისათვის, თვით სიკვდილამდეც კი, ადამიანებისათვის, რომლებშიც ის ქრისტეს შეხვდა. ტანჯვაში მყოფ ადამიანებთან ამგვარი თანაზიარების მსახურებით ის მიეახლა უნივერსალური კურთხევის იმ ხატს, რომლის წინაშეც ეკლესია საღმრთო ლიტურგიის მეშვეობით ლოცულობს. ლიტურგიის პირველი სიტყვებიდან - „კურთხეულ არს მეუფება...“ - დაწყებული, ლიტანიით, ანაფორის და ამბიონის ლოცვებით გაგრძელებული, ეკლესიის ევქარისტიულ მსახურებას სოციალური და უნივერსალური ორიენტაცია გააჩნია, ის მიანიშნებს ესქატოლოგიურ მეუფებაში ყველა საგნის განსრულებაზე. ეკლესია არ გაურბის ომების, სენის, სიღარიბის სამყაროს და სოციალური ხრწნის სხვა ფორმებს; ლოცვები მიემართება მათ, ვინც დატყვევებულნი არიან დაყოფისა და მოკლების იმ განსხვავებული ფორმებით, რომლებიც არ შეესაბამება ღმერთის მსხვერპლშეწირვით განზრახვებს მისი ხატებისა და მსგავსების მატარებელი ადამიანებისათვის. სამოქალაქო მთავრობის, სამხედრო ნაწილებისა და მთელი სამყაროს მშვიდობიანი სოციალური წყობისთვის წარმოთქმული ლოცვები მკვეთრ წინააღმდეგობაშია ევქარისტიის რელევანტურობის შეზღუდვის ნებისმიერ მცდელობასთან - იქნება ეს სულიერების რაიმე ინდივიდუალურ ფორმასთან თუ ეკლესიის ხილულ საზღვრებთან მიმართებით.

ინგლისურიდან თარგმნა გიორგი კაპანაძემ