უილიამ ჯეიმსის რელიგიის ფსიქოლოგია

უილიამ ჯეიმსის რელიგიის ფსიქოლოგია

14.02.2021

შესავალი

„პერსონაჟები, რომლებიც საკუთარი შემოქმედის ძიებაში არიან“ - ბრიტანელმა მწერალმა და ფილოსოფოსმა რალფ მაკნერნმა (1929-2001 წწ.) ამ მარტივი, თუმცა, მრავლისმთქმელი მეტაფორით დაახასიათა ადამიანი. ადამიანს, როგორც შემოქმედის მაძიებელ პერსონაჟს, დიდი ხანია აწუხებს კითხვა, რომელიც სამყაროსა და სიცოცხლის წარმომავლობას ეხება. ღმერთი აღნიშნული პრობლემისა და სამყაროს არსებობის საიდუმლოს ერთგვარი გასაღებია. უხსოვარი დროიდან მოყოლებული ღმერთის იდეა და მის საფუძველზე წარმოქმნილი რელიგიური ცნობიერება ადამიანის გამოცდილებისა და სოციალური ცხოვრების არსებით ელემენტებს წარმოადგენს. მას ვხვდებით ჩვენთვის ნაცნობ ყველა კულტურასა და ყველა ისტორიულ ეპოქაში; რელიგია ერთმანეთისაგან დაშორებულ ინდივიდებსა და საზოგადოებებს აერთიანებს, კაცობრიობა კი ის „უნივერსალური რელიგიური საზოგადოებაა“, სადაც ღმერთის რწმენა მრავალი განსხვავებული ფორმითა და შინაარსით ჰპოვებს გამოხატულებას.

ისტორიის ადრეულ ეტაპზე ღმერთის იდეის მოშველიებით ადამიანები აუხსნელ მოვლენებს ხსნიდნენ და სამყაროს უხილავ შემოქმედს ხილული ფორმების მეშვეობით განადიდებდნენ; გასაჭირის დროს დახმარებას ითხოვდნენ და სამყაროში მიმდინარე მოვლენებიდან აზრის გამოტანას ცდილობდნენ. თუმცა, თანამედროვე სამყაროში ადამიანთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამყაროს არსებობის გასაღებს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი კითხვის პასუხს, მეცნიერება გვაძლევს და რომ მეცნიერებამ და კრიტიკულმა აზროვნებამ უნდა გვიჩვენოს, თუ რას წარმოადგენს თავად რელიგია და რამდენად შეესაბამებიან მას ადამიანთა რელიგიური რწმენები და ფაქტები.

მოდერნულ ეპოქაში მრავალი საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერება განვითარდა, მათ შორის, რელიგიისმცოდნეობაც; შეიქმნა თეორიები, რომლებიც რელიგიის ბუნებასა და რაობას იკვლევდნენ. ყოველივე ამას რაციონალური სახე ჰქონდა, მოაზროვნეები ცდილობდნენ რელიგია აეხსნათ არა როგორც მორწმუნეებისა თუ რელიგიურ ცხოვრებაში მონაწილე სუბიექტების, არამედ როგორც დამკვირვებლების პოზიციიდან. საკითხი ამგვარად დაისვა: რას წარმოადგენენ რელიგიური სწავლებები, უნივერსალურ ჭეშმარიტებას თუ ადამიანის წარმოსახვის ნაყოფს? სამყაროს შემეცნებასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში რა როლს უნდა თამაშობდეს რელიგია? რელიგიის საწინააღმდეგო არგუმენტები თანდათანობით გამრავლდნენ. ამ მხრივ გამოსარჩევია სკეპტიციზმის ის პირველი მიმდინარეობები, რომლებმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს დასავლურ სამყაროში ფესვგადგმული ღირებულებები და დოგმები. კერძოდ, ბიბლიის კრიტიციზმმა განაცხადა, რომ საკრალური ლიტერატურა მხოლოდ და მხოლოდ კულტურული გარემოებებისა და ადამიანის პროდუქტია, და რომ მის მიღმა არ შეიძლება ღვთაებრივი ავტორიტეტი ამოვიკითხოთ. ადრეული მოდერნიზმის ორი თვალსაჩინო ბიბლიის კრიტიკოსი, ბარუხ სპინოზა (1632-1677 წწ.) და დავიდ ჰიუმი (1717-1776 წწ.) ამტკიცებდნენ, რომ დასავლური რელიგიის მთავარი საყრდენი, წმინდა წერილი, ადამიანთა მიერ შექმნილ ლიტერატურის ნაირსახეობას განეკუთვნებოდა და რომ მას ზუსტად ისეთივე ავტორიტეტი გააჩნდა, როგორც ხალხურ თქმულებებს.

ბიბლიის კრიტიციზმი ანტირელიგიური აზროვნების მხოლოდ და მხოლოდ საწყის ეტაპს წარმოადგენდა. XIX საუკუნიდან სულ უფრო და უფრო მომრავლდნენ თეორეტიკოსები, რომლებიც ტრადიციულ რელიგიურ ღირებულებათა გადაფასებას გვთავაზობდნენ. ამ მხივ გამორჩევის ღირსია ლუდვიგ ფოიერბახი (1804-1874 წწ.) და მისი ნაშრომი „ქრისტიანობის არსი“ (1841 წ.). ფოიერბახი აცხადებდა, რომ რელიგია კაცობრიობის ბავშვური კონდიციაა, ხოლო ათეიზმი მოდერნული პროექტი. ფოერბახის ძირითადი თეზა, რომლის თანახმადაც ღმერთია ადამიანის „ხატება და მსგავსება“, ნაყოფიერად გამოიყენა კარლ მარქსმა (1818-1883 წწ.); მან მეცნიერული ათეიზმი განავითარა. მარქსი სმტკიცებით, რელიგია არათავსებადია მეცნიერებასთან და მისი, როგორც მოჩვენებითი ბედნიერების დანგრევა აუცილებელია, რათა ადამიანმა რეალური ბედნიერება მოიპოვოს. ფოიერბახი და მარქსი მიიჩნევდნენ, რომ რაციონალიზმი ააშკარავებს რელიგიური რწმენათა სიმცდარეს და რომ რელიგიის დასრულებით საზოგადოება გაერთიანდებოდა იმ ჭეშმარიტი ღირებულების გარშემო, რასაც „ადამიანი ადამიანისათვის“ ეწოდება. ღმერთის სოციალური სტრუქტურიდან და ადამიანის გონებიდან განდევნით კი სოციალურ აქტივობათა ფოკუსი მიწიერ სამყაროზე გადაინაცვლებს. განსხვავებული, თუმცა, შინაარსობრივად მსგავსი თეორია შემოგვთავაზა ზიგმუნდ ფროიდმა (1856-1929 წწ.), ვისი აზრითაც ღმერთის იდეის უკან კაცობრიობის ძლიერი, ძირძველი და უწრფელესი სურვილია, ნება იმისა, რომ სამყაროში არსებულ საშიშროებების გადალახვისა და სურვილების აღსრულების მიზნით ვინმეს მივმართოთ.

მოდერნიზმის ანტირელიგიური ტენდენციები კარგადაა შეჯამებული ფრიდრიხ ნიცშეს (1844-1900 წწ.) ყველაზე ცნობილ და ყველაზე არამართებულად ინტერპრეტირებულ გამოთქმაში „ღმერთი მოკვდა“. ნიცშემ ადვილად გასაგები მეტაფორით აღწერა ევროპულ ინტელექტუალ და სოციალურ რეალობაში მიმდინარე ის რთული პროცესი, რომელიც რელიგიურ რწმენათა შესუსტებით დასრულდა - ევროპული კულტურა მისი ისტორიული საყრდენის, ღმერთის გარეშე დარჩა.

თუმცა, კლასიკური რელიგიის თეორეტიკოსთა შრომებს ერთი მნიშვნელოვანი ნაკლოვანება ახასიათებდათ, კერძოდ, ისინი კონცენტრირებულნი იყვნენ რელიგიის სოციალურ გამოვლინებასა და ეკლესიის მიერ ჩამოყალიბებულ დოგმატური სწავლებების კრიტიკაზე. რელიგიის, ისევ როგორც სხვა ნებისმიერი საკითხის განხილვა იმ პარადიგმაზე და პერსპექტივაზეა დამოკიდებული, საიდანაც მსჯელობის ყველაზე ზოგადი ხასიათი განისაზღვრება. ამ სტატიაში რელიგია ფსიქოლოგიის პარადიგმის ქვეშაა განხილული, უფრო კონკრეტულად კი წარმოდგენილია ამერიკელი ფილოსოფოსისა და ფსიქოლოგის, უილიამ ჯეიმსის (1842-1910 წწ.)  მიერ განვითარებული რელიგიის ფსიქოლოგია.

რელიგიის კლასიკურ თეორეტიკოსთა საპირისპიროდ, ჯეიმსი ფიქრობს, რომ ღმერთის არსებობის და რელიგიის წარმომავლობასთან დაკავშირებულ  პრობლემას იმ შემთხვევაში გადავჭრით, თუ სოციალური ინსტიტუციების, დოგმატიკური საკითხების და გარეგანი რეალობის ნაცვლად ადამიანის შინაგან სამყაროზე ვკონცენტრირდებით. მისივე მტკიცებით, არ შეიძლება რელიგიის სწავლა აბსტრაქტული თეორიის ნაწილად იქცეს, „საკითხს მხოლოდ  და მხოლოდ მაშინ შევისწავლით, როდესაც მიკროსკოპული სიზუსტით დავაკვირდებით... ეს ისევე ეხება რელიგიურ ფენომენს, როგორც ნებისმიერ სხვა ტიპის ფაქტს“ (გვ.45).

ჯეიმსი რელიგიის ფსიქოლოგიას საკუთარ ნაშრომში „რელიგიური გამოცდილების მრავალფეროვნება“ (1902 წ.) ავითარებს. აღნიშნულ ნაშრომში ის წარმოჭრის კითხვას რელიგიის წარმომავლობის შესახებ და ცდილობს, რომ  ემპირიულ მეთოდზე დაყრდნობით გადაჭრას საკითხი. მას ერთობ რთული მიზანი ამოძრავებს, ერთი მხრივ, ადამიანის ფსიქიკური სამყაროს დეტალების კვლევის საფუძველზე წარმოშობილი რელიგიური გრძნობათა ბუნება უნდა შეისწავლოს, მეორეც მხრივ კი მისი ღირებულება აჩვენოს. მეგობრისადმი მიწერილ წერილში ჯეიმსი შემდეგი სიტყვებით აღწერს საკუთარ ამოცანას: „მე რთული პრობლემის გადაწყვეტა დავისახე მიზნად: პირველ რიგში მსურს დავიცვა პოზიცია, რომლის მიხედვითაც სამყაროს რელიგიური ცხოვრების საფუძველი გამოცდილებაა... და მეორე, მკითხველი, თუ მსმენელი დავარწმუნო იმაში, რაც თავად შეუდრეკელად მწამს: მიუხედავად იმისა, რომ რელიგიის კონკრეტული გამოვლინებები  შესაძლოა აბსურდს წარმოადგენდენენ (მხედველობაში მაქვს სარწმუნეობრივი დებულებები და თეორიები), რელიგიური ცხოვრება, როგორც მთლიანობა, კაცობრიობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა“( გვ.VII).

„რელიგიური გამოცდილების მრავალფეროვნება: გამოკვლევა ადამიანის ბუნების შესახებ“, ტექსტი და კონტექსტი

„რელიგიური გამოცდილების მრავალფეროვნება: გამოკვლევა ადამიანის ბუნების შესახებ“ 1902 წელს გამოცემული ნაშრომია. აღნიშნულ კვლევას საფუძვლად უდევს 1901-1902 წლებში შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში წაკითხული ლექციათა ციკლი, სადაც ჯეიმსი მიწვეული იყო როგორც დიდი რეპუტაციის მქონე მეცნიერი. ამ დროისათვის უკვე გამოცემული იყო მისი ორი მნიშვნელოვანი ნაშრომი: „ფსიქოლოგიის პრინციპები“ (1890 წ.) და „რწმენის ნება“ (1896 წ.). 1887 წელს შოტლანდიელმა იურისტმა ადამ ჯიფორდმა (1820-1887 წწ.) „ბუნებითი თეოლოგიის“ ლექციათა ტრადიცია იმ მიზნით დაარსა, რათა ღმერთის და რელიგიის შესახებ რაციონალური დისკურსი გამდიდრებულიყო. სხვადასხვა დროს ედინბურგს, ჯიფორდის ლექციათა ფარგლებში მონაწილოების მიზნით, მრავალი გამორჩეული მეცნიერი ეწვია. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მომხსენებლის ამპლუაში მყოფი ჯეიმსი ლექციებს კითხულობს როგორც ფსიქოლოგი და არა როგორც თეოლოგი, რელიგიის ისტორიკოსი, თუ ანთროლპოლოგი; იგი ხაზს უსვამს, რომ აინტერესებს  მხოლოდ რელიგიური გამოცდილების ფსიქოლოგიური ხასიათი და მისი პრაქტიკული შედეგები. შესაბამისად, „რელიგიური გამოცდილების მრავალფეროვნების“ ფოკუსი რელიგიის წარმოშობის ფსიქოლოგიურ-ეგზისტენციალური მოტივის დადგენა და იმ  ფუნქციის ფილოსოფიური შეფასებაა, რომელსაც რელიგია ადამიანის ცხოვრებაში ასრულებს.

„ღმერთის სიკვდილის“ შემდგომ ეპოქაში მრავალი მეცნიერი თუ ფილოსოფოსი მიიჩნევდა, რომ ღმერთის იდეა იმ გამცდარებულ ჰიპოთეზას წარმოადგენდა, რომელსაც კაცობრიობა თანდათანობით, თუმცა, შეუქცევადად განშორებოდა, და რომ ზრდასრულობით ასაკში მყოფი კაცობრიობა, სამყაროს წარმომავლობის საიდუმლოს ასახსნელად, რელიგიის ნაცვლად მეცნიერებას მიმართავდა. თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯეიმსი უარყოფითად იყო განწყობილი იმ თეორიების მიმართ, რომლებიც რელიგიას აზროვნებასთან და თანამედროვეობასთან არათავსებად მოვლენად წარმოაჩენდნენ; მოიხსენიებენ მას როგორც „გადმონაშთსა“ და პრიმიტიულ მეცნიერებას. აღნიშნული თეორიები მიანიშნებენ, რომ რელიგია სამყაროში არსებული მოვლენების „გაპიროვნულებას“ ახდენს. მრავალი თეორეტიკოსის განცხადებით, მატერიალური რეალობის გაპიროვნულებით ადამიანები ცდილობდნენ, რომ სამყაროში არსებულ მოვლენათა შორის კანონზომიერებებისათვის მიეკვლიათ, ხოლო დღეს ამ კანონზომიერებებს მეცნიერება სწავლობს. მათ საპირისპიროდ ჯეიმსი აცხადებს, რომ რელიგია ადამიანის ცნობიერებაში დაბადებული ის გრძნობაა, რომელიც განსხვავებულ ინდივიდებს, გეოგრაფიულ არეებს, ისტორიულ ეპოქებსა და თეოლოგიურ სისტემებს აერთიანებს, მის ქვეშ „არ შეიძლება მოვიაზროთ ერთი პრინციპი ანდა არსი, ის კოლექტიური სახელი უფროა. თეორიული გონება ყოველთვის ცდილობს, რომ მისი შინაარსი ზედმეტად გაამარტივოს“ (გვ. 1). მისივე მტკიცებით, რელიგიური გრძნობა აყალიბებს ერთგვარ გამოცდილებას და ეს გამოცდილება ადამიანის არსებობის უნიკალური ნაწილია.

„რელიგიური გამოცდილების მრავალფეროვნებაში“ ემპირიულ მეთოდზე დაყრდნობით ჯეიმსი ავითარებს „რელიგიის ფსიქოლოგიას“, რომელსაც თავად „რელიგიის მეცნიერებადაც“ მოიხსენებს. ჯეიმსის ემპირიული მეთოდი დაფუძნებულია განსხვავებული ადამიანების ჩანაწერების, რელიგიური შრომების, თხზულებების თუ სხვა ტიპის დოკუმენტების კითხვასა და ანალიზზე. სწორედ მსგავს დოკუმენტებში მოიპოვება ადამიანის პიროვნებისა და რელიგიური გამოცდილების გასაღები. ნაშრომში წარმოდგენილი კვლევა რამდენიმე არსებით ელემენტს მოიცავს. პირველი, ჯეიმსი პიროვნულ გამოცდილებასა და მის საფუძველზე წარმოქმნილ რელიგიურ გრძნობას პირველად მნიშვნელობას ანიჭებს - „იმ შემთხვევაში თუ არ იარსებებდა რელიგიური გრძნობა, ვეჭვობ შექმნილიყო ფილოსოფიური თეოლოგიის რომელიმე ნაირსახეობა... გრძნობები პირადნი და ბრმები არიან, მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის განმარტება შემოგვთავაზონ“ (გვ. 23). მეორე, პიროვნული ანალიზის შემდეგ ჯეიმსი ცდილობს, რომ განსხვავებულ რელიგიურ გამოცდილებათა საერთო ნიშან-თვისებებს მოაკვლიოს, შემდგომ კი მათი ღირებულებითი შეფასება შემოგვთავაზოს. შედეგად ის, ერთის მხრივ, ფსიქოლოგიაა (როგორც კვლევა ადამიანის შინაგანი სამყაროს და მისი გამოვლინებების შესახებ) ხოლო მეორეს მხრივ ფილოსოფია (როგორც რაციონალური შეფასება იმისა, თუ რა ფუნქცია და მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს რელიგიურ გამოცდილებას). აბსტრაქტულ თეორიათა ნაცვლად „რელიგიის მეცნიერების თავდაპირველი მასალა პიროვნული გამოცდილების ფაქტებს უნდა ეფუძნებოდეს და მან სრულებით უნდა მოიცვას პიროვნული გამოცდილება, მთელ მის კრიტიკულ რეკონსტრუქციაში. ის ვერასოდეს შეძლებს კონკრეტული ცხოვრებისაგან იზოლირებას, ანდა კონცეპტუალურ ვაკუუმში მუშაობას. ყველა სხვა მეცნიერების მსგავსად მან სამუდამოდ უნდა აღიაროს, რომ ბუნების დიდებულება მის მიღმაა, და რომ მისი ფორმულირებები მხოლოდ მიახლოებითია“ (გვ. 497).

ჯეიმსის მტკიცებით, ადამიანის ცხოვრებაში რელიგიას „მარადიული ფუნქცია“ გააჩნია. ის ერთგვარი განცდაა, ხოლო თეოლოგია თუ მისი რაციონალიზაციის სხვა ნებისმიერი ფორმა სპონტანური მოვლენაა, ვინაიდან ადამიანის გრძნობები ბუნებრივად გარდაიქმნებიან „ინტელექტუალურ დებულებებად“. იგივე შეიძლება ითქვას სხვა არარელიგიურ საკითხებზეც. ჯეიმსი ფიქრობს, რომ აზროვნების უმთავრესი მიზანი გრძნობათა ცხადყოფაა და რომ ჭეშმარიტება ადამიანის ქვეცნობიერში იქმნება. აზროვნება გვეხმარება გრძნობათა არტიკულირებაში და „იმ შემთხვევაში, თუ [ფილოსოფია] მეტაფიზიკასა და დედუქციურ მეთოდს მიატოვებს, ხოლო შემდგომ თეოლოგიიდან რელიგიის მეცნიერებად გარდაისახება, ის დიდად ნაყოფიერი შეიძლება გახდეს“ (გვ. 496). ამ მოცემულობის პირობებში ფილოსოფია და ფსიქოლოგია დაგვეხმარებიან დავადგინოთ რელიგიის წარმოშობის თავდაპირველი წყაროები და მათი სასურველობის შესახებ ვიმსჯელოთ. თუმცა, აღნიშნული პროექტის განხილვამდე აუცილებელია ჯეიმსის მიერ განვითარებული ფსიქოლოგია და პრაგმატიზმი განვიხილოთ.

ჯეიმსი თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი და საკვანძო ფიგურაა. მისი განსაზღვრების თანახმად, ფსიქოლოგია „მენტალური ცხოვრების მეცნიერებაა“. ფსიქოლოგიის მეცნიერება სწავლობს ადამიანის სულიერ სამყაროს. ჯეიმსი მიიჩნევს, რომ „რეალობის საძირკველი მხოლოდ შინაგანი სამყაროს გავლით მომდინარეობს“. რეალობა არ არის მხოლოდ განზე მდგომი ობიექტური ფაქტთა ერთობა, ის ობიექტური ყოფიერებისა და სუბიექტური აღქმის, ბრმა ფაქტებისა და მათი ღირებულებითი შეფასების ერთიანობაა. მასვე ეკუთვნის ცნობილი ფრაზა „ცნობიერების ნაკადი“. ჯეიმსის ფსიქოლოგია ფოკუსირებულია „ცნობიერების მდგომაროების აღწერასა და ახსნა-განმარტებაზე“; ის იკვლევს ცნობიერებასა და ცნობიერების ობიექტებს - მოვლენებს, რომლებიც განწყობებს, გრძნობებსა და ემოციებს წარმოშობენ, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ყველა ჩვენი მორალური, პრაქტიკული თუ ემოციური, ისევე როგორც რელიგიური დამოკიდებულებები, შეესაბამებიან ჩვენივე ცნობიერების „ობიექტებს“, საგნებს, რომლებიც ჩვენი რწმენით, რეალური თუ იდეალური ფორმით არსებობენ, მათ შორის თავად ჩვენც“ (გვ. 61). გრძნობასა თუ აზრებში წარმოდგენილი ობიექტები ადამიანებში განსხვავებულ რეაქციებს იწვევენ; ამ რეაქციებს ისეთივე ძალა გააჩნიათ, რაც ფიზიკურ მგრძნობელობას. უფრო მეტიც, „ქმედებაზე შესაძლოა დაშორებულ ფაქტთა ცოდნას უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიდრე რეალურად მიმდინარე მატერიალურ მგრძნობელობას“ (გვ. 61).

ჯეიმსის მიერ პრაგმატიზმი განსაზღვრულია როგორც ფილოსოფია, რომელიც პრაქტიკულ სახელმძღვანელოდ უნდა გამოვიყენოთ. მან უნდა განსაზღვროს სამყაროს, თეორიების, იდეების, კონცეპტებისა და ადამიანთა პრაქტიკების ურთიერთმიმართებების სასურველობა. პრაგმატიზმის გადმოსახედიდან „ჭეშმარიტება ისაა, რაც კარგად მუშაობს“, ხოლო ფილოსოფია არ შეიძლება გავიგოთ ნეიტრალურ გამოკვლევად სამყაროსა და აბსტრაქტული ჭეშმარიტების შესახებ. ჯეიმსის პრაგმატიზმის თანახმად, ფილოსოფია ადამიანის, როგორც გრძნობებისა და განცდების მქონე სუბიექტის გამოცდილების ცხადყოფას ახდენს, მეორეს მხრივ კი გვეხმარება სასურველი ჩვევების გამომუშავებაში. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ,  „ჭეშმარიტების თავდაპირველ სტრუქტურას ყოველთვის ჩვენი იმპულსური რწმენები ქმნიან, ხოლო ვერბალურად გამოთქმული ფილოსოფია სხვა არაფერია, თუ არა ფორმულებად გარდასახვა... რწმენები ქმედებათა წესებს წარმოადგენენ, და აზროვნების მთელი ფუნქცია სხვა არაფერია, თუ არა აქტიურ ჩვევათა გამომუშავება“ (გვ. 85-484).

რელიგია როგორც უხილავი წეს-წყობის რწმენა

„რელიგიური გამოცდილების მრავალფეროვნება“ იწყება რელიგიის უზოგადესი დახასიათებით. ამ დახასიათების თანახმად, რელიგია არ შეიძლება გავაიგივოთ არც ეკლესიის ინსტიტუციასთან და არც თეოლოგიურ დოქტრინებთან. მისი წმინდა ფორმა წარმოიშვება ადამიანი შინაგან სამყაროსა და ცნობიერებაში. „რელიგიას მე ვუწოდებ განმარტოებით მყოფი ადამიანის გრძნობებს, ქმედებებსა და იმ გამოცდილებას, რომელსაც ინდივიდი იძენს მაშინ, როდესაც საკუთარ თავს ღვთაებრივი არსის პირისპირ წარმოიდგენს“ (გვ. 31). ადამიანი, მისი ცნობიერების ობიექტთან, ამ შემთხვევაში ღმერთთან კონკრეტული ტიპის კავშირს ამყარებს. სუბიექტურ სამყაროში წარმოქმნილი რელიგიური გრძნობა კი ის პირველადი მოცემულობაა, რომლის მეშვეობით ადამიანი სამყაროს ღვთაებრივ პროექტად აღიქვამს. ღმერთი წარმოდგენილია არა როგორც შემეცნების ობიექტი, არამედ როგორც ცნობიერების ობიექტი, რომელიც ცხოვრების გზას განსაზღვრავს და სამყაროს აღქმის ხასიათს აყალიბებს. ბუნებრივია, რომ ამ განსაზღვრების პირობებში რელიგიის რაციონალური და ინსტიტუციური ნაწილი მეორეხარისხოვან მოცემულობად იქცევა და მის შემდგომ დანამატს წარმოადგენს - თეოლოგიური აზროვნება ბუნდოვანი რელიგიური გრძნობების შინაარს ცხადყოფს, ხოლო ინსტიტუციები სოციალური სამყაროს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. რელიგია, რომლის შესახებაც ჯეიმსი საუბრობს, „პირველადი გამოცდილებაა, თეოლოგიური, ფილოსოფიური და ინსტიტუციონალური სისტემები კი მისი მეორადი შედეგი“ (გვ.31).

რელიგიის ძირითადი მახასიათებელი ეს არის რწმენა იმისა, რომ ხილული რეალობა ნაწილია იმ „სულიერი სამყაროსი, საიდანაც მისი უმთავრესი ღირებულება მომდინარეობს“. სწორედ ამ ძირითადი დაშვებითაა განსაზღვრული რელიგიის არსი: „იმ შემთხვევაში, თუ ვიკითხავთ, როგორ უნდა დავახასიათოთ რელიგია ყველაზე ვრცელ და ყველაზე ზოგად ტერმინთა მეშვეობით, შეიძლება ვთქვათ, რომ ის შედგება რწმენისაგან, რომლის თანახმადაც არსებობს უხილავი წეს-წყობა, ხოლო ადამიანის უმაღლესი სიკეთე მასთან ჰარმონიული კავშირის დამყარებაა“ (გვ. 61). ერთის მხრივ, ჯეიმსი აჩვენებს, რომ რელიგიური შემეცნების სახით იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც შემეცნების ობიექტი არ შეესაბამება მგრძნობელობით აღქმად მოცემულობას. სწორედ მსგავს არაემპირიულ  საგანს წარმოადგენს რელიგიური გააზრების ობიექტი, მეორეს მხრივ, ეს ობიექტი  ცხად გავლენას ახდენს ადამიანის გრძნობებსა და აღქმებზე. რაციონალისტურმა მიდგომა, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის რწმენები უნდა ეფუძნებოდნენ აბსტრაქტულ პრინციპებს, გრძნობით ფაქტებს, ფაქტზე დამყარებულ ჰიპოთეზებსა და ლოგიკურად გამოყვანილ მსჯელობებს. თუმცა, ჯეიმსი უარყოფს ამ განცხადებებს და მიანიშნებს, რომ ადამიანის გრძნობებისა და აზრების სათავე მისი ბუნების სიღრმეში წარმოიშვება - ინსტინქტები მიგვიძღვებიან, გონება კი მიყვება მათ. აზროვნება  აისბერგის მხოლოდ წვერია; ადამიანი სულიერი ცხოვრება რეალურად მის მიღმა მიმდინარეობს. ამასთანავე, აღნიშვნის ღირსია გრძნობებისა და აზრების ურთიერთდამოკიდებულების საკითხიც. ადამიანები უნებურად ახდენენ რელიგიური გამოცდილების ინტელექტუალიზაციას, ვინაიდან „მათ ისევე სჭირდებათ ფორმულები, როგორც თანამლოცველები“ (გვ. 499).

ჯეიმსი აკრიტიკებს თეორიებს, რომელთა მიხედვითაც მეცნიერება, როგორც კანონმორჩილი ფიზიკური რეალობის შემეცნება, ანაცვლებს სამყაროს რელიგიურ აღქმას, კერძოდ, გაპიროვნულებულ სამყაროს. მისივე მტკიცებით, რელიგია „ძალაუფლების ახალ სფეროს“ წარმოადგენს. ნაშრომში რელიგიური არსის ის უნიკალური მახასიათებლებია გამოცალკევებული, რომელთაც სხვა დისციპლინასა თუ აქტივობებში ვერ შევხვდებით -  მნიშვნელოვანია ის „ელემენტი ანდა თვისება, რომელსაც სხვაგან ვერსად ვნახავთ“ (გვ. 52). მსგავსი თვისება ამდიდრებს შინაგან სამყაროს, „სიყვარული, ისევე როგორც მრისხანება, ისევე როგორც იმედი, ამბიცია, ეჭვიანობა თუ სხვა ინსტინქტური მგძნობელობა და იმპულსი ცხოვრებას იმგვარ ამაღლებას მატებს, რომელიც რაიმე სხვა მოვლენიდან ლოგიკურად ანდა დედუქციის გზით არ გამოიყვანება... შედეგად, რელიგიური გრძნობა სუბიექტის ცხოვრების დიაპაზონის აბსოლუტური დამატებაა“ (გვ. 55).

ჯეიმსის აზრით, რელიგია ემოციური ცხოვრების ორგანულ ნაწილად უნდა წარმოვიდგინოთ და არა „პრიმიტიულ მეცნიერებად“.  ის ადამიანის შინაგან სამყაროსა და მენტალურ ცხოვრებას აფართოვებს. რელიგიის უზოგადეს მახასიათებლებს ჯეიმსი ამგვარად განსაზღვრავს:

1. ხილული სამყარო ნაწილია იმ უფრო სულიერი სამყაროსი, საიდანაც მისი მთავარი გამორჩეულობა მომდინარეობს.

2. უზენაეს სამყაროსთან გაერთიანება, ანდა ჰარმონიული ურთიერთობა მასთან ადამიანის უმაღლესი მიზანია.

3. ლოცვა ანდა შინაგანი ერთობა სულთან - იქნება ეს სული „ღმერთი“ თუ „კანონი“ - არის პროცესი, როდესაც აღნიშნული კავშირი მყარდება. ფენომენურ (მოვლენათა) სამყაროში სულიერი ენერგია წარმოიშვება და ფსიქოლოგიური თუ მატერიალური ფორმით ქმნის ეფექტს“ (გვ. 529).

უხილავი წეს-წყობის რწმენა რელიგიის უმთავრესი მახასიათებელია. ტრანსცენდენტულობის მიუხედავად მსგავსად გაგებულ ღმერთს ადამიანის ცხოვრებაში „სასიცოცხლო ფუნქცია“ გააჩნია.  „იმ შემთხვევაში, თუ რელიგიის არსის გაგება გვსურს, უნდა შევხედოთ გრძნობებსა და ქმედებებს. ეს ერთგვარი „სარწმუნეობრივი-მდგომარეობაა“, რომელსაც ფიზიკოლოგიური განზომილებაც ახასიათებს და ფსიქოლოგიურიც. ჯეიმსის მტკიცებით, რელიგიას გააჩნია შემდეგი ფსიქოლოგიური მახასიათებლები:

1. წარმოიშვება ახალი ენთუზიაზმი, რომელიც ცხოვრების საჩუქრის მსგავსად წარმოგვიდგება, საბოლოოდ კი, ან ლირიკული მომნუსხველობის, ანდა გულწრფელობისა და ჰეროიზმის მოთხოვნილებად გადაიქცევა.

2. ის დაცულობის გრძნობაში გვარწმუნებს და სიმშვიდეს გვაძლევს, ხოლო სხვა ადამიანებთან მიმართებით  უპირატესობას სიყვარულის განცდას ანიჭებს“ (გვ. 529).

რელიგია და ბედნიერება

ჯეიმსის განსაზღვრებით, ადამიანის მენტალურ ცხოვრებაში არსებობენ განსხვავებული ობიექტები; ცნობიერება ყოველთვის  რეაგირებს ობიექტებიდან მომდინარე სიგნალებზე, შემდგომ კი პასუხობს მათ - ასოციაციურ კავშირს ამყარებს მატერიალურ თუ წარმოსახვით რეალობასთან. ეს კავშირი ყოველთვის სუბიექტის გავლით ფორმირდება - „ნათელია, რომ ფაქტები შეესაბამებიან საპირისპირო ემოციურ განცდებს, ვინაიდან ერთი და იგივე ფაქტები განსხვავებულ ადამიანებში სრულებით განსხვავებულ გრძნობებს აღძრავენ; და გამომდინარე იქედან, რომ გარეგან ფაქტებსა და მათ მიერ გამოწვეულ გრძნობათა შორის არ არსებობს რაციონალურად დეუქცირებადი კავშირი“ (გვ. 168). ჯეიმსის ფსიქოლოგიაში ადამიანი წარმოდგენილია არა როგორც რაციონალური არსება, არამედ როგორც ინსტინქტების, შეგრძნებისა და განცდების მთლიანობა და ამ მთლიანობის კონკრეტული საზრუნავი და პრიორიტეტი გააჩნია.

რა არის ადამიანის უმთავრესი საზრუნავი? - კითხულობს ჯეიმსი. აქვე პასუხობს, რომ ეს საზრუნავია „მოიპოვოს, შეინარჩუნოს და განაახლოს ბედნიერება. ფაქტიურად, ეს არის ფარული მოტივი იმისა, რასაც ადამიანთა უდიდესი ნაწილი, მთელი დროის განმავლობაში აკეთებს“ (გვ. 90). ადამიანთა შორის მნიშვნელოვანი განმასხავავებელი თვისება ეს არის ემოციური აღფრთოვანების განსხვავებული გამოვლინებები, შინაგანი კონდიცია, რომელიც ადამიანთა მახასიათებლებს ერთმანეთისაგან განასხვავებს. ამასთანავე, „ყველა ინდივიდუალურ სულს, ისევე როგორც ერთეულ მექანიზმსა თუ ორგანიზმს, გააჩნია ქმედითობის საუკეთესო კონდიციები“ (გვ. 328). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოპტიმალური შედეგი გარკვეული მდგომაროების პირობებში მიიღწევა.

იდეალურ ვარიანტში რელიგია უნდა დაგვეხმაროს ვიპოვოთ „ქმედების საუკეთესო კონდიციები“ და თავად ბედნიერება. ბედნიერი ცხოვრება რელიგიურობის ერთ-ერთი მახასიათებელია და ის სამყაროს აღიქვამს როგორც სიკეთეს - ოპტიმისტური რეაქცია აქვს სამყაროს, როგორც მთლიანობის მიმართ. „რელიგიური გამოცდილების მრავალფეროვნებაში“ განხილულია რელიგიურობის ორ ფსიქოტიპი: „ჯანსაღი-ცნობიერება“ და „სნეული-სული.“ ორივე ფსიქოტიპს კონკრეტული კავშირი აქვს ბედნიერებასა და რელიგიასთან. როგორც უკვე აღვნიშნე, მარტივი ფსიქოლოგიური კანონია, რომ ერთი და იგივე ფაქტები განსხვავებულ ადამიანებში განსხვავებულ რეაქციებს წარმოშობენ და რომ არ არსებობს ფაქტებისა და ემოციების რაციონალურად გამოთვლადი კავშირი. გონება და სამყარო, ინდივიდუალური არსებობა და ობიექტური რეალობა, ერთმანეთს განსაზღვრავენ და ურთიერთგავლენის შედეგად ყალიბდებიან. არსებობენ ფაქტები, თუმცა, მათ ღირებულებას ყოველთვის ინდივიდუალური სუბიექტები გამოცდიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, ადამიანები სამყაროს განსხვავებული „პერსპექტივით“ უყურებენ. „სნეული-სულისაგან“ განსხვავებით, რომელიც ბოროტების გამოცდილებას სამყაროს არსებით ნაწილად მოიაზრებს და მისდამი ნეგატიურადაა განწყობილი „ჯანსაღი-ცნობიერება“ ესაა „სრული დამოკიდებულება სამყაროს მიმართ“, რომელიც სულიერი ოპტიმიზმით, სიმშვიდითა და შინაგანი ჰარმონიულობით ხასიათდება. „ჯანსაღი-ცნობიერება“ მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ „საგანთა მთლიანი სტრუქტურა აბსოლუტურად სიკეთეა“  (გვ. 103).

„ჯანსაღი-ცნობიერება“ სამყაროს საჩუქრად აღიქვამს, აფასებს ამ საჩუქარს და ბედნიერების გრძნობას განიცდის. ამ მოცემულობის პირობებში სამყაროში არსებული ბოროტება უკანა პლანზე გადადის. ეს არის რეაქცია სამყაროს, როგორც მთლიანობის მიმართ; უზოგადესი დამოკიდებულება, რომელიც ადამიანის ემოციურ მდგომარეობასა და პიროვნულ დამოკიდებულებას განსაზღვრავს: „ჯანსაღი-ცნობიერება საგნების მიმართ პირდაპირ ბედნიერადაა განწყობილი, ის სამყაროს აღიქვამს როგორც სიკეთეს“ (გვ. 103). ჯეიმსი მიანიშნებს, რომ „ჯანსაღ-ცნობიერებას“ თანამედროვე მეცნიერება თუ განსხვავებული ფილოსოფიური ტრადიციებიც გვთავაზობენ, გამომდინარე აქედან, სამყაროს პოზიტიური აღქმისა და მასში ჰარმონიული მყოფობისათვის რელიგია აუცილებელი არაა. რელიგიურობის მეორე ფსიქოტიპი „ჯანსაღი-ცნობიერების“ პირდაპირი ანტითეზაა. „სნეული-სულის“ განსხვავებული რეაქცია აქვს სამყაროს მიმართ და რადიკალურად განსხვავებულად აღიქვამს რეალობას. ის მუდმივ შინაგან კონფლიქტს განიცდის, ტრანსფორმაციის სურვილითა და ვნებებისაგან გათავისუფლების წადილით იტანჯება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წინასწარ ჭვრეტს საბოლოო ნეგაციას, სიკვდილს, რომელიც სიკეთის იდეაზე ჩაბღაუჭებასა და სამყაროს პოზიტიურ ხედვას ასე ართულებს. აქ რელიგიის მეორე განზომილება შემოდის და მეცნიერული მსოფლმხედველობის სიმწირე წინა პლანზეა წამოწეული, ვინაიდან „ცხოვრების წმინდა ნატურალისტური ხედვა, როგორი ენთუზისტურიც არ უნდა იყოს ის, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ რომ მწუხარებით დასრულდება. ეს მწუხარება ყველა უბრალო პოზიტივისტური, აგნოსტიკური თუ ნატურალისტური ფილოსოფიის სისტემის არსში ძევს“ (გვ. 158).

გარდაქმნა და სიწმინდე

სნეული სულისათვის ბოროტება სამყაროს არსებითი ელემენტია, შედეგად, ის აუცილებლად საჭიროებს თვით-განკურნებას. „ჯანსაღ-ცნობიერებას“ ბედნიერებისათვის მხოლოდ ერთხელ დაბადება სჭირდება, ხოლო „სნეული-სული“ აუცილებელია ხელმეორედ იშვას, იმისათვის, რომ ბედნიერებას მიაღწიოს. ყოველივე ამის საწინდარი ჩვენს მიერ გამოცდილი სამყაროს ორი განსხვავებული ასპექტია - ბოროტება და სიკეთე, მშვენიერება და სისასტიკე, სწორედ ამ დუალიზმს მივყავართ დაყოფილ შინაგან სამყარომდე და ხელმეორედ შობის აუცილებლობამდე. წიგნის შემდგომ ნაწილში ჯეიმსი გვაჩვენებს, თუ როგორ იცვლება ადამიანის ემოციური-მენტალური ცხოვრება; როგორ ხდება დაყოფილი  შინაგანი სამყაროს გამრთელება და რელიგიური „მოქცევა“. ამ საკითხებთან დაკავშირებული მონაკვეთი კითხულობს, თუ როგორ ხდება „სნეული-სულის“ გამრთელება, შემდგომში კი ცნობიერებისა ჰარმონიული და ბედნიერი მდგომარეობის მიღწევა. სწორედ ამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს რელიგია, მაშინ როდესაც ეხმარება ადამიანს საკუთარი დამოკიდებულებისგან, მელანქოლიისა და ცოდვის გრძნობისაგან გათავისუფლდეს და საკუთარი თავის განაახლოს; „ბედნიერება - რელიგია იმ გზათაგან ერთ-ერთია, რომელიც საშუალებითაც ადამიანი აღნიშნულ საჩუქარს მოიპოვებს. მარტივად, მარადიულად და წარმატებულად, ხშირ შემთხვევაში რელიგია ყველაზე გაუსაძლის მწუხარებას უდიდეს და სტაბილურ ბედნიერებად აქცევს“ (გვ. 195).

„ჯანსაღი-ცნობიერების“ მაგალითებად მოხმობილია მრავალი განსხვავებული მოაზროვნის შრომა, ამათგან შეიძლება გამოვარჩიოთ ინგლისელი მორალის ფილოსოფოსი და მკვლევარი ფრანცისკ ნიუმანი (1805-1897წწ.), ხოლო „სნეული-სულის“ მაგალითები უფრო მრავალრიცხოვანია, მათ შორის უნდა მოვიაზროთ ცნობილი მწერალი ლევ ტოლსტოი(1928-1910 წწ.) და ფილოსოფოსი ნეტარი აგვუსტინე (354-430 წწ.). „სნეულ-სულს“ ერთი მნიშვნელოვანი და არსებითი ამოცანა აქვს შესასრულებელი, კერძოდ, მან შინაგან ჰარმონიასა და სიმშვიდეს უნდა მიაკვლიოს, საკუთარი მზერის ფოკუსი ბოროტებიდან სიკეთეზე უნდა გადაიტანოს, და შინაგან მთლიანობას უნდა მიაღწიოს. სწორედ მსგავსი თვითგანკურნების ფორმას წარმოადგენს რელიგიური ბრუნი, ტრანსფორმაცია, თუ მეტამორფოზა, პროცესი, როდესაც ადამიანის შინაგანი ცხოვრებისა და ენერგიების ნაკადი ერთი, მიმართულებით ღვთაებრიობისაკენ მიემართება, და სული „შინაგან მთლიანობასა და სიმშვიდეს“ მოიპოვებს. „მეცნიერება გვაძლევს ტელეგრაფიას, ელექტრონულ სინათლეს, დიაგნოზებს, ის გვეხმარება თავი დავიზღვიოთ და განვიკურნოთ კონკრეტული სახის დაავადებებისაგან. გონების-განწმენდის ფორმით არსებული რელიგია კი უშფოთველობას, მორალურ სტაბილურობასა და ბედნიერებას გვანიჭებს; ისევე გვიცავს კონკრეტული ფორმის დაავადებებისაგან როგორც მეცნიერება, კონკრეტული ტიპის პიროვნებების შემთხვევაში უკეთაც კი“ (გვ. 138).

ამასთანავე, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ რელიგიური გარდაქმნა არ წარმოადგენს გარდაქმნის ერთადერთ სახეს, ადამიანის მენტალურ ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით შინაგანი ფოკუსის ცვლილებას; „არსებობენ მკვდარი გრძნობები, მკვდარი იდეები, გაყინული რწმენები და მათი ცხელი დ ცოცხალი ვარიანტები... როდესაც ცხოვრება მიმდინარეობს, ადამიანის ინტერესები მუდმივად იცვლებიან, შესაბამისად, იცვლებიან იდეათა სისტემის ნაწილები, უფრო ცენტრალურიდან უფრო პერიფერიულისაკენ და უფრო პერიფერიული ცნობიერების ნაწილიდან უფრო ცენტრალურ ნაწილამდე“ (გვ. 216-218). ცნობიერების ნაკადში იცვლება ის, თუ როგორ აღვიქვამთ სამყაროს და რა ემოციურ პასუხს გავცემთ „ადამიანში მოქცეული ის რელიგიური იდეები, რომლებიც მის ცნობიერებაში უწინ პერიფერიულ ადგილს იკავებდნენ, ახლა უკვე ცენტრალურ ადგილზე გვევლინებიან, ხოლო რელიგიური მიზნები, მისი ენერგიის ცენტრი ხდება“ (გვ. 218). ჯეიმსისათვის ამ ცვლილებას მნიშვნელოვანი შედეგები ახლავს თან. როდესაც ადამიანის მენტალური ცხოვრებისა და ცნობიერების ნაკადის ცენტრი რელიგია ხდება, ის ცხოვრება ახალი ელემენტებით მდიდრდება, იძენს რა გულისა და გონების ახალ უნარებს. მსგავსი გარდაქმნის საშუალებით კი შინაგან მთლიანობასა და სიმშვიდეს იბრუნებს; „გარდაიქმნე, განახლდე, მადლი მიიღო, გქონდეს რელიგიური გამოცდილება, არსებობს კიდე სხვა მრავალი ფრაზა, რომელიც აღწერს იმ თანდათანობით თუ მყისიერ პროცესს, რომლის მეშვეობითაც უწინ დაყოფილი  ცნობიერება, ქვემდგომი და სევდიანი შინაგანი სამყარო მთლიანდება, ცნობიერად აღმატებული და ბედნიერი ხდება, ამის შედეგი ისაა, რომ უფრო მყარად ეყრდნობა რელიგიურ რეალობებს“ (გვ. 210).

რელიგიის მარადიული ფუნქცია

რელიგიური გარდაქმნისა თუ მეტამორფოზის შედეგად რელიგია ადამიანის მენტალური ცხოვრების ცენტრალურ ასპექტად იქცევა, ადამიანის პიროვნული ენერგიის ცენტრი ხდება და ემოციათა წყაროდ გვევლინება. ამ პროცესს ნაწილობრივ ნებელობითი და რაციონალური მოტივები შეიძლება განაპირობებდეს, თუმცა, მისი უფრო დიდი და ღრმა მოტივი ადამიანის ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად წარმოქმნილი მოტივებია. ყოველივე ეს ქვეცნობიერების დონეზე მიმდინარეობს. რელიგიურად გარდასახულ ადამიანს ახალი მიზნები და მოტივები ამოძრავებს. ახალი ადამიანის იდეალს ჯეიმსი „სიწმინდედ“ მოიხსენიებს, სიწმინდე ეს არის მდგომაროება, რომელსაც რელიგიურობისათვის დამახასიათებელი ნიშნები ახლავს თან. ეს არის ცნობიერების „შინაგანი მდგომარეობა, რომელიც ადამიანის ხასიათს მის წინარე ფორმებისაგან განასხვავებს... ადამიანი, რომლის პიროვნული ენერგიების ცენტრში რელიგიაა და რომელიც სულიერი ენთუზიაზმით მოქმედებს, მნიშვნელოვნად განსხვავდება უწინ არსებული მესგან“ (გვ. 287).

ჯეიმსის რელიგიის ფსიქოლოგიის თანახმად, სიწმინდე შინაგანი მდგომარეობაა და რელიგიური ცხოვრების ერთგვარი ნაყოფია. სწორედ ამ ნაყოფის კრიტერიუმით უნდა მოვახდინოთ რელიგიის ჭეშმარიტების დადგენა. „რელიგიის მწიფე ნაყოფთა კოლექტიური სახელი წმინდანობაა. წმინდანის ხასიათი ეს არის თვისება, რომელისთვისაც სულიერი ემოციები პიროვნული ენერგიის ჩვეული ცენტრია. დანამდვილებით შეიძლება ვთქვათ, რომ ყველა რელიგიაში არსებობს უნივერსალური სიწმინდის კონკრეტული კომპოზიტური სურათი და ამ სურათის თვისებები მარტივად შეიძლება გამოვკვეთოთ.

„1. განცდა ყოფიერებისა, რომელიც უფრო ფართოა, ვიდრე პირადი ინტერესებით შემოსაზღვრული არე; ინტელექტუალური და გრძნობითი დაშვება, რომ არსებობს იდეალური ძალაუფლება... იმ გზით, როგორც ეს აღწერილია უხილავის რეალობის შესახებ წაკითხულ ლექციაში.

2. განცდა იმისა, რომ იდეალური ძალაუფლება კეთილგანწყობილად და განგრძნობითად არსებობს ჩვენს ცხოვრებაში, და ნება იმისა, რომ ვემორჩილოთ მის კონტროლს.

3. დიადი ამაღლების გრძნობა და თავისუფლების განცდა, როგორც შედეგი შეზღუდული მეს გალღობისა.

4. ემოციური ცენტრის სიყვარულსა და ჰარმონიული განცდებისაკენ გადანაცვლება.“ (გვ. 300).

 რელიგიური მდგომარეობის მახასიათებლების შემოთავაზების შემდეგ ჯეიმსი გამოარჩევს რელიგიის „დამახასიათებელ პრაქტიკულ შედეგებს“ ესენია: ასკეტიზმი, სულის სიძლიერე, სისპეტაკე და მოწყალება. ასკეტიზმი ეს არის პოზიტიური სიამოვნების მიღება თვით-მიძღვნითი ცხოვრებისა და თვით-შეზღუდვისაგან. სულის სიძლიერით ინდივიდმა შესაძლოა შიშები და შფოთვები გადალახოს, შემდეგ კი სიმშვიდე, გამბედაობა და მხნეობა მიიღოს. რელიგიის შემდგომი პრაქტიკული შედეგი სისპეტაკე, სულიერი  მგრძნობელობის განვითარებასა და ვნებითი ელემენტებისაგან განწმენდას გულისხმობს. ხოლო მოწყალება ემოციური ცენტრის ცვლილების ბუნებრივი შედეგია, მისი საშუალებით იზრდება  კეთილგანწყობა სხვათა მიმართ „წმინდანს უყვარს მისი მტრები, შეუხედავ გლახაკებს ისე ეპყრობა, როგორ საკუთარ ძმებს“ (გვ. 301).

რელიგია მისი ნაყოფის სიწმინდის მახასიათებლებისა და მისი პრაქტიკული შედეგების შეფასებით განისჯება, რაც იგივეა ვთქვათ, რომ რელიგია ჭეშმარიტების პრაგმატული კრიტერიუმით ფასდება. თუმცა, აქვე წამოჭრილია შეკითხვა მისი შინაარსის შესახებ. ამ შემთხვევაში ჯეიმსის საუბარი რელიგიის მისტიურ განზომილებაზე გადააქვს, მისტიურობა აღიარებს და ხაზს უსვამს რელიგიური შემეცნების უცნობ მხარეს. მისტიური გამოცდილების მახასიათებლები შემდგომია 1. მიუწვდომელობა. მისტიური ცნობიერება მიიჩნევს, რომ „მისი შემეცნების შინაარსი არ შეიძლება ადეკვატურად იყოს გამოხატული სიტყვებით... მისტიური მდგომაროება გრძნობით მდგომარეობებს უფრო გავს, ვიდრე აზროვნებითს“ (გვ. 414). 2. მენტალური თვისება:  გრძნობითი ხასიათის მიუხედავად, მისტიური მდგომაროებაც მიელტვის ცოდნის შეძენას, მან უნდა გვითხრას ჭეშმარიტება, რომელიც გონების მიერ პირდაპირ არ გაიაზრება. 3. გარდამავლობა. მისტიური მდგომაროების წარმავალი ხასიათი - ის არ შეიძლება დიდი ხნით გაგრძელდეს. და ბოლო 4. პასიურობა. განცდა იმისა, რომ ადამიანის ცხოვრება და ადამიანი ნება დაქვემდებარებულია და მორჩილებს აღმატებულ ძალას. ჯეიმსი განიხილავს რელიგიის სხვა გამოვლინებებსაც: ესთეტიკას, რელიგიურ არქიტექტურას, მსხვერპლშეწირვას და აღსარებას. „რელიგიური გამოცდილების მრავალფეროვნების“ ბოლოს კი კიდევ ორ მახასიათებელია გამოკვეთილი. პირველი, განცდა იმისა, რომ ჩვენს ამჟამინდელ ყოფაში რაღაც ისე ვერაა, როგორც უნდა იყოს და მეორე გრძნობა იმისა, რომ ამ მდგომაროებიდან აღმატებულ ძალასთან კავშირი დაგვიხსნის.

დასკვნა

უილიამ ჯეიმსის რელიგიის ფსიქოლოგიის და მისი ნაშრომის „რელიგიური გამოცდილების მრავალფეროვნების“ მთავარი მამოძრავებელი შეკითხვა ის არის, თუ როგორ წარმოიშვება რელიგია და რა სარგებელი აქვს მას. ჯეიმსის პასუხის ცალსახაა: რელიგია ინდივიდის შინაგან სამყაროში წარმოშობილი განცდაა, ხოლო სოციალური ინსტიტუციები, ფილოსოფიური სისტემები თუ თეოლოგიური დებულებები მისი შემდგომი დანამატი. რელიგიურობა ადამიანის განსაკუთრებულ მახასიათებლებს მატებს და მას მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგები აქვს. რელიგიის ღირებულებით შეფასების კრიტერიუმიც სწორედ რომ  ადამიანთა პრაქტიკულ აქტივობებში და ჩვევებში უნდა ვეძებოთ და არა სადმე სხვაგან. პრაგმატული პერსპექტივით, ამაში მდგომარეობს ნებისმიერი რწმენის „გამოყენებითი-ღირებულება“. ჯეიმსი ასკვნის, რომ რელიგია „არ შეიძლება ანაქრონიზმი და გადმონაშთი იყოს, მას უნდა გააჩნდეს მუდმივი ფუნქცია, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა ამ ფუნქციას რაციონალური შინაარსი, ანდა იქნება თუ არა მსგავსი [რაციონალური] შინაარსი ჭეშმარიტი“ (გვ. 551).

თავად ჯეიმსის რელიგიის ფსიქოლოგიის „გამოყენებითი-ღირებულება“ იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნული თეორია, რელიგიის წარმომავლობის ფსიქიკურ და ინდივიდუალურ ასპექტებზეა ორიენტირებული - ის ცდილობს რელიგიის პირველადი წარმომავლობა და მარადიული ფუნქცია გავიაზროთ. ყოველივე ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან რელიგია ადამიანთა იმ აქტივობათა რიგს მიეკუთვნება, რომლის რაციონალური გააზრება არაერთაზროვნების პრობლემასა და ამბივალენტობის განცდას ბადებს. ისტორიული ფაქტია, რომ მას ხშირად გამოიყენებდნენ თვითგანდიდებისა და სხვათა ჩაგვრის მიზნით. ხოლო თანამედროვეობაში რელიგიურ რწმენათა ნაწილს ხშირ შემთხვევაში მართებულად აკრიტიკებენ, ვინაიდან ისინი ცხად და დემონსტრირებად ცოდნას ეწინააღმდეგებიან.

თუმცა, თანაბრად ჭეშმარიტია ფაქტი, რომ ზოგადი მახასიათებლების მიუხედავად რელიგიის ზუსტი განსაზღვრება „თითქმის“ შეუძლებელია და რომ ადამიანებს მრავალი განსხვავებული მიზეზით და მრავალი განსხვავებული ფორმით სწამთ. რელიგიის მოდერნულ თეორიებში ხშირად არასამართლიანადაა გამოკვეთილი რელიგიის ერთი კონკრეტული „მანკიერი“ გამოვლინება, რაც ნაჩქარევი დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა. ჯეიმსის მიერ გამოკვლეული რელიგიის ფსიქოლოგია საკითხს უფრო სამართლიანად განიხილავს. ავტორის მიერ წარმოდგენილ საკითხთა ხასიათი კი რელიგიის კონკრეტულ კონცეფციას გვაძლევს და მის ღირებულებით შეფასებას გვთავაზობს. ყოველივე ამის გათვალისწინებით უნდა ითქვას, რომ ჯეიმსის რელიგიის ფსიქოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანი მენტალური ცხოვრების შესასწავლად ზოგადად და რელიგიური ცნობიერების ანალიზისათვის კონკრეტულად.