არქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვი) მიმოწერა დეკანოზ გიორგი ფლოროვსკისთან

არქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვი) მიმოწერა დეკანოზ გიორგი ფლოროვსკისთან

07.02.2021

XX საუკუნის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ისტორია მრავალ გამორჩეულ მოღვაწეს აერთიანებს, რომელთა გზებიც, ხშირ შემთხვევაში, იკვეთებოდა კიდეც. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ამავე პერიოდის ორი დიდი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველის, არქიმანდრიტ სოფრონისა (სახაროვი) და დეკანოზ გიორგი ფლოროვსკის ურთიერთობაც. მართლმადიდებლური სამყაროს ამ ორი გამორჩეული მოღვაწის დიალოგი, ძირითადად, მათი მიმოწერის სახითაა შემორჩენილი, რომელიც ესექსში (ინგლისი), წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის არქივშია დაცული. ეს მიმოწერა დიდი ღირებულების მატარებელია როგორც წმინდად ისტორიული, ისე მართლმადიდებლური დოგმატიკისა და სხვა საღვთისმეტყველო საკითხების კუთხით. ქვემოთ გთავაზობთ ამ დოკუმენტური მასალის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფრაგმენტს, რომლის ქართული თარგმანი შესრულებულია შემდეგი გამოცემიდან: Архимандрит Софроний (Сахаров), Переписка с Протоиереем Георгием Флоровским, Свято-Иоанно-Предтечинский Монастирь, Свято-Троицкая Сергиева Лавра, 2008.

ქართულად თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა

წერილი V

თხოვნა წიგნის „ბერი სილუანი“ ინგლისური გამოცემისთვის წინასიტყვაობის დაწერის თაობაზე. ქრისტეს უნივერსალურობა ბერ სილუანთან. მართლმადიდებლობის მსოფლიო საქმის შესახებ. გამოხმაურებები წიგნზე სერბეთიდან. წიგნის სხვადასხვაენოვანი თარგმანების შესახებ.

Ste Genevieve-des-Bois, 21 თებერვალი 1958 წ.

ძვირფასო და ღრმადპატივცემულო მამაო გიორგი!

დღეს გამოგიგზავნეთ ჩემი წერილი ავიაფოსტით (ფრანგ. par avion), რომელშიც გატყობინებთ ვლადიმირ ნიკოლოზის ძე ლოსკის აღსასრულის შესახებ. ასევე, გადმოგცემთ ჩემს მხურვალე თხოვნასაც: უარი არ თქვათ ბერი სილუანის შესახებ არსებული წიგნის ინგლისური გამოცემისთვის წინასიტყვაობის დაწერის თაობაზე. ვიცი, რომ ინგლისსა და ამერიკაში თქვენი სახელი რუსთაგან ყველაზე მეტად ცნობილია. ვიცი, რომ არავინაა უფრო მეტად გამოცდილი „ინგლისურ“ (აქ, უწინარეს ყოვლისა, იგულიხმება ამერიკასა და ინგლისში მცხოვრები ინგლისურად მოსაუბრე მრევლი) სულიერ სამყაროსთან მრავალწლიან და მჭიდრო ურთიერთობაში და, შესაბამისად, არც არავინ იცნობს უკეთ ამ სამყაროს მთელი მისი „პრობლემატიკით“; როგორც მოგეხსენებათ, ეს ის პრობლემებია, რომლებიც მათთვის ნამდვილად აქტუალურია თანამედროვეობაში. ვიცი, რომ თქვენდარი „უნივერსალური“ (და არა მხოლოდ შინაგანი მდგომარეობით, არამედ თავისი ერუდიციითაც!) ადამიანისთვის წიგნისთვის საჭირო წინასიტყვაობის დაწერა რთული როდი იქნება. სწორედ ამ წმინდა „უნივერსალურობას“ (რამეთუ არაფერია მთელ სამყაროში უფრო მეტად უნივერსალური, ვიდრე უფალი იესო ქრისტე) ატარებდა თავის თავში ბერი სილუანიც, აცოცხლებდა რა მას ქრისტეს მცნებებში მყოფობითა და მრავალწლიანი „აქტით“ სამყაროსთვის უწყვეტი ლოცვისა...

შევამოკლებ ჩემს სიტყვას, რათა უფრო მეტად არ დაგტვირთოთ.

ვიცი, რომ ძალიან დაკავებული ხართ, მაგრამ არ ვკარგავ იმედს, რომ მართლმადიდებლობისთვის ამ მსოფლიო მნიშვნელობის საქმეში უარს არ იტყვით მსხვერპლად გაიღოთ თქვენი ძვირფასი დროის რამდენიმე საათი.

წიგნი ბერი სილუანის შესახებ, ყველა შემთხვევაში, ამერიკაში გამოიცემა. ამას გამომცემლობა Faith Press ცდილობს. ეს გამომცემლობა ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ წიგნის გამოცემა დაემთხვეს ბერის გარდაცვალების ოც წლისთავს, ე.ი. სექტემბერს.

თუკი მოისურვებთ ჩემგან დამატებითი ცნობების მიღებას, მაშინვე მოგაწვდით დიდი სიხარულით.

მაქვს მრავალი გამოხმაურება (სერიოზულ) ღვთისმეტყველთა, იერარქთა, მონაზონთა, განსხვავებული ყაიდის ერისკაცთა და სხვათა მხრიდან. ზოგიერთ მათგანში, როგორც ეს, მაგალითად, სერბული ეკლესიის გამოხმაურებაშია, ერთობ დიდი მოკრძალება და ღვთისმოშიშობა იგრძნობა. ერთ-ერთი მათგანი დაბეჭდილია სერბული საპატრიარქოს „უწყებაში“, სადაც გამოთქმულია იმედი, რომ როცა კი გამოჩნდება შესაძლებლობა იუგოსლავიაში სასულიერო წიგნების სერბულ ენაზე გამოცემისა, პირველ რიგში, აუცილებელია ამ წიგნის სერბული თარგმანის გამოცემა. ეს წიგნი იქ უკვე დიდწილად თარგმნილია. ის ითარგმნება გერმანულადაც და ფრანგულადაც. მაგრამ ჩვენს დროში მე ყველაზე მეტად ინგლისურ გამოცემას ვაფასებ მრავალი მიზეზის გამო.

დავურთავ, ამასთანავე, მიტროპოლიტ ნიკოლოზის წერილის ასლსაც - პასუხს ერთი აქაური მღვდლისადმი.

არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)

საპასუხო წერილი

ვ. ნ. ლოსკის გარდაცვალება მძიმე დანაკლისია. თანხმობა წინასიტყვაობის დაწერის თაობაზე. მამა გიორგი და ბერი სილუანი.

Cambridge (Massachusetts, USA), 24 თებერვალი 1957 წ.

ძვირფასო მამაო სოფრონ!

ახლახანს მივიღე თქვენი წერილი. ვლადიმირ ნიკოლოზის ძის სიკვდილის შესახებ შემთხვევით გავიგე პარასკევს საღამოს: გაზეთებს სულ არ ვკითხულობთ და რუსულ წრეებთანაც საერთოდ არ გვაქვს კონტაქტი. იმდენად განვიცადე, რომ დავეჭვდი კიდეც, ხომ არ აერიათ ვლადიმირ ნიკოლოზის ძე ნიკოლოზ ვლადიმირის ძეში, მაგრამ არა, ეს ასე არ აღმოჩნდა! ვლადიმირ ნიკოლოზის ძის შესახებ ამას წინათ ვფიქრობდი და ჩემთან სემინარიაშიც ვსაუბრობდი მისი წიგნის ინგლისურენოვანი თარგმანის გამოცემის თაობაზე, იმ წიგნისა, ჩემს ყველა მსმენელს რომ ვურჩევ წასაკითხად. დიახ, ვლადიმირ ნიკოლოზის ძის გარდაცვალება მძიმე დანაკლისია. საუკუნოდ იყოს მისი ხსენება. უარს ნუ მეტყვით, რომ თანდართული ბარათი მის ოჯახს გადასცეთ. უფრო დაწვრილებით მომწერეთ, თუ როგორ მოხდა ეს.

ბერი სილუანის წიგნისთვის წინასიტყვაობას სიამოვნებით დავწერ. მას ხშირად მოვიგონებ, თუმცა კი, სულ ორჯერ ვისაუბრეთ საქმიანად. შემონახული მაქვს მისი წერილი (უფრო ბარათი), რომელიც ერთხელ მონასტერში მიბოძა. დაველოდები წერილს გამომცემლობიდან. საჭირო იქნება ინგლისური ტექსტის ნახვაც, რათა არ დავეყრდნოთ იმას, რაც მასში რუსულ გამოცემასთან შედარებით ნაკლოვანია.

გწერთ დიდმარხვის პირველი შვიდეულის ორშაბათს. ქედს ვიხრი და გამოვითხოვ შენდობასა და ლოცვას.

ძმური ამბორით, წრფელი სიყვარულით,

დეკ. გიორგი ფლოროვსკი