პროფესორ თენგიზ ირემაძის ახალი მონოგრაფია

პროფესორ თენგიზ ირემაძის ახალი მონოგრაფია

06.02.2021

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა არქივმა გამოსცა პროფესორ თენგიზ ირემაძის ახალი მონოგრაფია: „ახალი დროის ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად“. თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020.

წიგნი ეფუძნება ახალი საქართველოს უნივერსიტეტში 2017 წლის ზაფხულის სემესტრში წაკითხული ლექციების კურსს - „ახალი დროის ქართული ფილოსოფიური ღვთისმეტყველება“.

თავდაპირველად ლექციების ეს კურსი აუდიოჩანაწერის სახით გავრცელდა, ხოლო შემდეგ გაიშიფრა, ქაღალდზე იქნა დატანილი და მისი პირველადი ვერსიაც მომზადდა. ამის შემდეგ გაშიფრული პირველადი ვერსიის საფუძვლიანი რედაქცია განხორციელდა.

ზემოთ ნახსენები ლექციების კურსში მთავარი ყურადღება დაეთმო ახალი დროის ქართული ფილოსოფიის სპეციფიკის გამოკვეთას, რის გამოც საჭირო შეიქმნა მისი კომპარატივისტული ანალიზი და ინტერპრეტაცია. წიგნი ახალი დროის ქართული ფილოსოფიის სისტემური სურათის არაერთ უცნობ დეტალს წარმოჩენს.

პროფ. თენგიზ ირემაძე: „ეს წიგნი არ არის ახალი დროის ქართული ფილოსოფიის ისტორია. ამის შესახებ უკვე არსებობს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის კვალიფიციური სამეცნიერო კრებული: „ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები“, რომელიც 2014 წელს გამოიცა. წინამდებარე წიგნი არის წინა წელს გამოცემული ჩემი მონოგრაფიის - „შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად“ (2019 წ.) - ქრონოლოგიური გაგრძელება, რადგან აქ ქართული ფილოსოფიის ახალი ეტაპისა და პერიოდის სისტემური ანალიზია მოცემული. ამდენად, წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ახალი დროის ქართული ფილოსოფიური მემკვიდრეობის ადგილის განსაზღვრის მიზნით შექმნილ სისტემურ მონახაზს. ფილოსოფიის ისტორიული მასალა კი ამ წიგნში იმდენად არის მოხმობილი, რამდენადაც ის მასში დასახული ძირითადი კვლევითი მიზნის შესასრულებლადაა საჭირო.“