წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახარება და ეპისტოლეები  (სტრუქტურა და შინაარსი)

წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახარება და ეპისტოლეები (სტრუქტურა და შინაარსი)

22.11.2020

1. სახარების შექმნის მიზანი

რაც უფრო ძველია წიგნი, ფაქტობრივად, მით მეტად რთულია მისი ისტორიულ და ლიტერატურულ კონტექსტთან დაკავშირება. ამ მხრივ, ბუნებრივია, გამონაკლისს არც ახალი აღთქმის წიგნები წარმოადგენს. მით უმეტეს, ეს შეიძლება ითქვას წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახარებაზე, რომელსაც ადრექრისტიანული აზროვნების ფორმირებაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია.

ამგვარი სირთულეების მიუხედავად, მეოთხე სახარების დაწერის მიზნის დადგენას თავად ავტორი გვიადვილებს. იოანეს სახარების დაწერის უმთავრესი და ზოგადი მიზანი აქვს ფორმულირებული: „ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით“ (იოან. 20:31). აღნიშნული პასაჟის მარტივი გააზრებაც კი გვიჩვენებს, თუ რა გახდა იოანეს სახარების დაწერის უმთავრესი მიზანი - იესოს ქრისტედ და ღვთაებრივ ძედ წარმოჩენა. აღნიშნული მიზნის განხორციელებისთვის მოციქული აღწერს იესოს მიერ აღსრულებულ სასწაულებს და ასევე, მთელ ტექსტში გვთავაზობს სხვადასხვა სახის მინიშნებებს. ისტორიული ფაქტები და გარემოებებიც იმგვარად აქვს შერჩეული ღვთისმეტყველს, რომ მკითხველის ყურადღება იესოს უმთავრეს მიზანდასახულობაზე გამახვილდეს.

იოანეს სახარების დაწერის მიზანზე, ავტორის გარდა, საუბრობენ როგორც ეკლესიის ძველი მამები, ასევე ახალი ეპოქის მკვლევრები. რასაკვირველია, ყველანი ერთხმად იზიარებენ თავად იოანეს უწყებას, თუმცაღა, თავის მხრივ, ცდილობენ, ის დამატებითი ცნობები და გარემო ფაქტორები წარმოაჩინონ, რომლებმაც ხელი შეუწყო მეოთხე სახარების დაწერას.

მურატორის კანონის მიხედვით, იოანემ სახარება დაწერა უახლოესი მოწაფეებისა და ეპისკოპოსების თხოვნით. იმავეს ამოწმებს ნეტარი იერონიმეც, რომელიც უფრო დეტალურად აღწერს აღნიშნულ გარემოებას. მისი თქმით, სახარების დაწერის მიზეზს ერესთა გამოჩენა წარმოადგენდა. იოანეს აზიაში ყოფნისას უკვე კერინთოს, ებიონის და სხვა ერეტიკოსთა სწავლება იყო გავრცელებული იმასთან დაკავშირებით, რომ ქრისტე ხორციელად არ იყო მოსული. ამის გამო იოანეს იმ დროის აზიის ყველა ეპისკოპოსმა და სხვა ეკლესიის წარმომადგენლებმა სთხოვეს მაცხოვრის ღვთაებრიობის შესახებ უფრო ამაღლებულად დაეწერა.

ეპისკოპოსი მიქაელ ლუზინი დეტალურად იკვლევს ეკლესიის ძველი მამების შეხედულებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ის, ძველ მამათა მოწმობით, ცალკეულ და მეორეხარისხოვან მიზნად ასახელებს, ერთი მხრივ, პირველი სამი სახარების სრულყოფას, ხოლო მეორე მხრივ, ერეტიკოსთა ცრუსწავლებათა წინააღმდეგობას. პირველ მიზეზზე ნათლად საუბრობენ კლიმენტი ალექსანდრიელი, ევსევი და თეოდორე მოპსუიტელი. ევსევი კესარიელი აღნიშნავს, რომ იოანემ დაამოწმა დანარჩენი სამი სახარების ჭეშმარიტება და რაც აკლდა ამ სახარებებს, ის დაამატა, თან იქვე ურთავს, რომ „ეს გადმოცემა ნამდვილად ჭეშმარიტია“. ევსევი ისევ კლიმენტი ალექსანდრიელს ეყრდნობა და აღნიშნავს: „ბოლოს კი იოანემ, როდესაც გააცნობიერა, რომ სახარებებში გადმოცემულია სხეულებრივი ამბები, მოწაფეების დარწმუნებით სულიწმინდით ღმერთშემოსილმა შექმნა სულიერი სახარება. ამას გვაუწყებს კლიმენტი“.

ერეტიკოსთა ცრუ სწავლებათა წინააღმდეგ გალაშქრებაზე საუბრობს წმიდა ირინეოს ლიონელი. მისი თქმით, სახარების დაწერისას იოანეს მხედველობაში ჰქონდა კერინთოს მოსახლეობაში გავრცელებული ცდომილება. ირინეოსის მიხედვით, ადრე ისინი ნიკოლაიტებად იწოდებოდნენ და გნოსტიკოსების განშტოებას წარმოადგენდნენ. 

ეპისკოპოს ლუზინის თქმით, იმავეს ამბობენ შემდეგში ტერტულიანე, იერონიმე და ეპიფანე. აღნიშნული მამები ებიონიტთა, ნიკოლაიტელთა და „სხვა ერეტიკოსთა“ წინააღმდეგ იოანეს პოლემიკურ მიზანზეც საუბრობენ. უფრო გვიანდელი მოაზროვნეები, ლუზინის მიხედვით, ვარაუდობენ, რომ მეოთხე სახარება დოკეტისტთა და იოანე ნათლისმცემლის შესახებ ცრუ სწავლებათა წინააღმდეგ ილაშქრებს. ასევე, დიდი ალბათობით, იოანე სიტყვის შესახებ მოძღვრების გადმოცემისას ფილონისა და მისი მიმდევრების განმარტებათა მიმართ აპოლოგიას ახორციელებს.

იმავე მოსაზრებებს იზიარებს ცნობილი მკვლევარი ალექსანდრე ლოპუხინი, რომლის მიხედვითაც იოანეს სახარების დაწერით სურდა, ერთი მხრივ,  სამი სახარების სრულყოფა და მეორე მხრივ, მორწმუნეთა (უმეტესად ბერძენი ქრისტიანების) წარმოშობილ ერესებთან ბრძოლის იარაღით აღჭურვა.

ახალი ეპოქის მკვლევრები, კვლევის ახალი მეთოდების დანერგვისა და განვითარების ფონზე, ცდილობენ დააზუსტონ იოანეს სახარების შექმნის მეორეხარისხოვანი მიზნები. „ახალი ბიბლიური კომენტარების“ მე-3 ტომში დასახელებულია ის შესაძლო მეორეული მიზნები, რომლებიც იოანეს ჰქონდა სახარების წერისას. მაგალითად, იესოსა და იოანეს ურთიერთდამოკიდებულების წარმოჩენა ან ქრისტეს შესახებ დოკეტური სწავლებების მხილება (ე.ი. სწავლებებისა, რომლებშიც ღვთაებრივ ქრისტესა და მიწიერ იესოს შორის განსხვავება განხორციელდა).       

იოანე ნათლისმცემელსა და იესოს ურთიერთმიმართების გააზრების მნიშვნელობაზე საუბრობს რობერტ ჰანტრიც. მისი თქმით, (საქმე 19:1-7) ააშკარავებს, რომ პავლეს დროს ეფესოში იყვნენ ნათლისმცემლის მიმდევრები, ხოლო ადრეული ტრადიციის მიხედვით, იოანემ თავისი სახარება სწორედ ეფესოში დაწერა. უფრო მეტიც, ჰანტრის მიხედვით, მოციქული ყოველნაირად ცდილობს იოანე ნათლისმცემელზე იესოს აღმატებულობის წარმოჩენას (იოან. 1:15-37; 3:25-30; 4:1-2; 5:33-40).

უფრო შორს მიდის პროფესორი გერიკი და აცხადებს, რომ იოანეს სახარებას, გარდა სამი სახარების სრულყოფისა, „მართლაც დოგმატურ-პოლემიკური ხასიათი აქვს, ერთი მხრივ, ზოგადად ცრუ მიმართულებათა მიმართ, მეორე მხრივ, უშუალოდ გნოსტიკოსებთან დამოკიდებულებაში, კერძოდ კერინთენებთან, ებიონიტებთან, იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებთან, ზოგადად იუდეველებთან და სხვა ცრუ მიმართულებებთან“.

ამრიგად, იოანეს სახარების დაწერის უმთავრესი მიზანი, მოციქულისვე უწყებით, იესო ქრისტეს ღვთაებრიობის წარმოჩენაა, ხოლო მეორეულ მიზნებში უნდა მოვიაზროთ მანამდე არსებული სამი სახარების სრულყოფა და ცრუსწავლებათა მხილება. თუმცაღა ეს მეორეხარისხოვანი მიზნები მიმართული იყო ერთი საერთო მიზნისკენ, რაც მოციქულის მიერ სახარებაშია გადმოცემული (იოან. 20:31).

2. სახარების სტრუქტურა

როგორც იოანეს სახარების დაწერის მიზნის გარკვევამ გვიჩვენა, მის ერთ-ერთ მეორეულ მიზანს სამი სახარების სრულყოფა წარმოადგენდა. შესაბამისად, მისი სტრუქტურა, ბუნებრივია, განსხვავებული უნდა იყოს სხვა სახარებებისგან. იოანე ცდილობს გადმოსცეს არა ის, რაც უკვე სამ სახარებაშია მოცემული იესო ქრისტეს შესახებ, არამედ ის, რაც ყველაზე მეტად წარმოაჩენს მის ღვთაებრიობას, რადგან იმ პერიოდში ეს სწავლება გარკვეულწილად ეჭვის ქვეშ იყო დაყენებული.        

მღვდელ პიერ დიუმულენის აზრით, იოანეს სახარება თავისი ქრონოლოგიით, გეოგრაფიული მითითებებითა და სხვა წვრილმანებით გაცილებით ზუსტია, ვიდრე სინოპტიკური სახარებები. ეგზეგეტიკოსები აღნიშნავენ, რომ მეოთხე სახარებაში გარკვეული შესწორებები და გამეორებები გვხვდება; ამასთან, ისიც ფაქტია, რომ იოანეს სახარების საბოლოო ვარიანტი ხანგრძლივი სარედაქციო შრომის შედეგია. მიუხედავად ამისა, მთლიანობაში, დიუმულენის მიხედვით, იოანეს სახარება „ჰარმონიულია და ლოგიკურ სტრუქტურას მოიცავს, სადაც საფუძველმდებარე პუნქტებად ებრაული დღესასწაულები გვევლინება და სადაც აშკარად განირჩევა ტექსტების ორი ერთობლიობა: პირველი ნაწილი (1:19-12), რომელსაც, ჩვეულებრივ, სასწაულთა წიგნს უწოდებენ, და მეორე (13-20 თავები), ჟამის წიგნად წოდებული, თავისი პროლოგით (1:1-18) და ეპილოგით (თავი 21-ე)“.         

სახარების სტრუქტურაში აშკარად იკვეთება პროლოგი და ეპილოგი, თუმცა ძირითადი ტექსტის სტრუქტურა ყველა მკვლევარს განსხვავებულ საფუძველზე აქვს მორგებული. ბუნებრივია, რადგან ერთიანი საყოველთაოდ მიღებული სტრუქტურა არ არსებობს, ამიტომ არჩევანშიც თავისუფალი ვართ. ის, რაშიც სრული თანხმობაა, პროლოგია, რომელიც I თავის პირველ 18 მუხლს მოიცავს.

I. პროლოგი: ღვთაებრივი ძის პირველად მოვლინება (1:1-18)

II. ღვთაებრივი ძის მსახურების პირველი წელი (1:19-4:51)        

III. ღვთაებრივი ძის მსახურების მეორე წელი (მე-5 თავი)

IV. ღვთაებრივი ძის მსახურების მესამე წელი: გალილეა (მე-6 თავი)

V. ღვთაებრივი ძის მსახურების მესამე წელი: იერუსალიმი (7:1–10:39)           

VI. ღვთაებრივი ძის მსახურების მესამე წელი: პერეია (10:40–11:57)

VII. თავისი რჩეულების მიმართ ღვთაებრივი ძის მსახურება (მე-12–17 თავები)

VIII. ღვთაებრივი ძის ვნება და სიკვდილი (მე-18–19 თავები)

IX. ღვთაებრივი ძის დიდება (მე-20 თავი)

X. ეპილოგი: აღმდგარი ღვთაებრივი ძე თავის რჩეულებთან ერთად (21-ე თავი).

3. სახარების თემატური შინაარსი

სახარების პროლოგში (იოან. 1:1-18) იოანე უპირველესად ქრისტეს ღვთაებრივ ღირსებასა და მასთან ადამიანთა დამოკიდებულებაზე საუბრობს, რომელთაგანაც ზოგმა არ ირწმუნა იგი, ხოლო ზოგმა მიიღო. თავად ქრისტეს საქმიანობის შესახებ მოწმობა ღმერთმა იოანე ნათლისმცემელს დააკისრა, რათა ყველას ერწმუნა მაცხოვრის. მან ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ სამგზის დაამოწმა (1:19-36). ამის შემდეგ ქრისტე თავის პირველ მოწაფეებს: ანდრეას და იოანეს (1:37-40), პეტრეს (1:41-42), ფილიპეს (1:43-44) და ნათანაელს (1:45-51) გამოარჩევს, ამავე დროს, მათ წინაშე თავის ყოვლისმხედველობის უნარს გამოავლენს (იოან. 1:19–51). ამას მოჰყვება ქრისტეს მხრიდან ყოვლისშემძლეობის გამოვლენა ქორწილში, გალილეის კანაში (2:1-11), საიდანაც კაპერნაუმში გაემგზავრება (2:12). გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრისტე იერუსალიმში გაემგზავრება პასექის დღესასწაულზე, სადაც ტაძრიდან მოვაჭრეებსა და მეკერმეებს გამოაძევებს (2:13-22). აქვე ის მრავალ სასწაულს აღასრულებს, რის გამოც ბევრი ირწმუნებს მას (2:23-25). ამგვარი რწმენის მაგალითს ავლენს ფარისეველი ნიკოდიმოსი, რომელსაც ქრისტე თავის მისიას უცხადებს (3:1-21). ამის შემდეგ იოანე ნათლისმცემელი კიდევ ერთხელ და უკანასკნელად ამოწმებს იესოს ღირსებას თავისი მოწაფეების წინაშე (3:22-36).

გარკვეული პერიოდის შემდეგ იესო გალილეისკენ მიემართება, გზაზე სამარიაში შეჩერდება, სადაც დედაკაცს გაესაუბრება და მრავალ სამარიელს გაუჩნდება მისი რწმენა (4:1-42). ორი დღის შემდეგ ქრისტე სამარიიდან გალილეაში გაემგზავრება (4:43-45), სადაც მეფისკაცის ვაჟს განკურნავს (4:46-54).

იოანე თხრობას იუდეველთა დღესასწაულზე იესოს იერუსალიმში ასვლით განაგრძობს, სადაც მან ბითეზდას საბანელში 38 წლის სნეული განკურნა (5:1-9). განკურნება იესომ შაბათ დღეს აღასრულა, რის გამოც იუდეველებმა დევნა დაუწყეს. მან კი საპასუხოდ ამხილა ისინი და თავისი მესიანისტური ღირსების შესახებ ისაუბრა (5:10-47).

ამის შემდეგ იესო ისევ გალილეაში გავიდა, სადაც სასწაულებრივად დააპურა ხუთი ათასამდე ადამიანი უდაბნოში (6:1-15). საღამო ხანს კი მოწაფეების თვალწინ ზღვაზე გაიარა (6:16-21). მეორე დღეს იესო კაპერნაუმში მივიდა (6:22-24), სადაც უამრავი ხალხის წინაშე იქადაგა და თავის თავს „პური სიცოცხლისა“ უწოდა (6:25-71).

კარვობის დღესასწაულზე მაცხოვარი უკვე მესამედ ავიდა იერუსალიმში (7:1-10), სადაც ის კიდევ ერთხელ წარდგა სიტყვით იუდეველთა წინაშე, რათა თავისი ღვთაებრივი წარმოგზავნილობა და წარმომავლობა დაემოწმებინა. იუდეველები კვლავ აღდგნენ მის წინააღმდეგ, თუმცა ხელი ვერავინ დაადო, რადგან ჯერ არ იყო მისი ჟამი მოსული (7:11-53).

მეორე დილით იესო ტაძარში შენდობას აძლევს მრუშობაში მხილებულ ქალს (8:1-11). ის ამხელს მისადმი იუდეველთა ურწმუნოებას და თავის თავს „სოფლის ნათელს“ უწოდებს, მათ კი - ეშმაკის შვილებს. საუბრის ბოლოს მაცხოვარი აღნიშნავს, რომ აბრაამამდე ის იყო, რის გამოც იუდეველებმა მისი ქვებით ჩაქოლვა მოისურვეს, მაგრამ იესომ ტაძარი დატოვა და თვალს მიეფარა (8:12-59). 

გარეთ გასულმა იესომ ბრმადშობილი განკურნა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა იუდეველთა სიძულვილი მის მიმართ (9:1-38). ამის გამო ქრისტე ფარისეველთა სიბრმავეს ამხელს (9:39-41).

ამასობაში იესო საკუთარ თავს „ცხვართა კარს“ და „კეთილ მწყემსს“ უწოდებს, რომელიც თავის სულს გაწირავს ცხვართათვის (10:1-18). ამ სიტყვების გამო იუდეველთა შორის განხეთქილება ჩამოვარდება (10:19-21). შემდეგ იესო ქრისტე სატფურების დღესასწაულზე სოლომონის სტოაში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება იუდეველებს, როდესაც თავს მამასთან ერთობაში წარმოაჩენს (10:22-39), რის გამოც ბევრი ერწმუნება მას. ის კი შემდეგ იორდანის გაღმა წავა (10:40-42).

იესოს მისი მეგობრის - ლაზარეს ავად გახდომას და შემდეგ სიკვდილს შეატყობინებენ (11:1-16), ის კი ბეთანიაში ჩავა, ჯერ დაიტირებს მას და შემდეგ სასწაულებრივად მკვდრეთით აღადგენს ოთხი დღის მკვდარს (11:17-45). ამის ფონზე, შეიკრიბება სინედრიონი და იესოს მოკვდინების გადაწყვეტილებას მიიღებს (11:46-53), რის გამოც ის გაცხადებულად აღარ დადის იუდეველთა შორის. ეფრემში გაემგზავრება, მღვდელმთავრები და ფარისევლები კი მის ძებნას შეუდგებიან (11:54-57).

პასექამდე ექვსი დღით ადრე იესო ბეთანიაში მივა ლაზარესთან (12:1-11), ხოლო მეორე დღეს დიდებით შევა იერუსალიმში (12:12-19), სადაც ბერძნები გამოთქვამენ მასთან შეხვედრის სურვილს (12:20-26). შემდეგ იესო მამა ღმერთს მიმართავს სიტყვით, რაზეც ზეციდან მამის საპასუხო ხმა გაისმება (12:27-36). მიუხედავად ამ ყველაფრისა, იუდეველებმა მაინც არ ირწმუნეს ქრისტესი (12:37-43), მან კი სიტყვა წარმოთქვა თავისი გამომხსნელობითი მისიის შესახებ (12:44-50).        

პასექის დღესასწაულის წინ იესო ფეხებს ბანს თავის მოწაფეებს (13:1-11), შემდეგ ურთიერთმსახურებისკენ მოუწოდებს მათ (13:12-20), რასაც თავისი გამცემის შესახებ უწყებას მოაყოლებს (13:21-30). სერობაზე ქრისტე ახალ მცნებას დაუდგენს მოწაფეებს, ხოლო პეტრეს წინასწარ აუწყებს იმის შესახებ, რომ სამჯერ უარყოფს (13:31-38). ამის შემდეგ იესო ვრცელი სიტყვით მიმართავს თავის მოწაფეებს, გაამხნევებს მათ, შემწეობას დაჰპირდება (14:1-13) და სულიწმიდის მოვლინებას აღუთქვამს (14:14-31). ასევე, მისი მცნებების დაცვისა და ურთიერთსიყვარულისკენ მოუწოდებს (15:1-17), თუმცა იმასაც ეტყვის, რომ მისი მსახურების გამო სოფლისანი მოიძულებენ და დევნას დაუწყებენ (15:18-16:4). შემდეგ იესო თავისი წასვლის შესახებ გამოუცხადებს მათ, თუმცა იქვე აუხსნის, რომ ასე უმჯობესი იქნება მათთვის, რადგან სულიწმიდა მოევლინებათ ამის შემდეგ (16:5-15). საბოლოოდ, მისი თქმით, მწუხარება სიხარულად გარდაექცევათ, რადგან სოფელი ძლეულია მის მიერ (16:16-33).

ამის შემდეგ იესო მოწაფეების თანდასწრებით თავისი მამის წინაშე ილოცებს თავისი თავისთვის (17:1-5), თავისი მოწაფეებისა (17:6-19) და ყოველი მომავალი მორწმუნისთვის (17:20-26).

სიტყვის დასრულების შემდეგ იესო გეთსიმანიის ბაღში გავიდა, სადაც შეიპყრეს (18:1-12) და მღვდელმთავართან წაიყვანეს. მისი დაკითხვის პერიოდში პეტრემ სამგზის უარყო იესო (18:13-27). მღვდელმთავრისგან განაჩენის გამოსატანად ქრისტე პილატესთან წაიყვანეს, რომელმაც იგი ჯვარცმისთვის გადასცა  მღვდელმთავრებს (18:28-19:16). მათ იესო ჯვარს აცვეს, მის სამოსელსა და კვართზე წილი ყარეს (19:17-29). სულის განტევების შემდეგ შუბით ფერდი გაუგმირეს იესოს (19:30-37). მისი გვამი კი იოსებ არიმათიელმა და ნიკოდიმოსმა სამარხში დაასვენეს (19:38-42).

შაბათს განთიადზე მარიამ მაგდალინელი და ორი მოწაფე იესოს სამარხთან მივიდნენ, სადაც მისი გვამი არ დახვდათ (20:1-10). მომტირალ მარიამს ჯერ ორი ანგელოზი გამოეცხადება და შემდეგ - თავად მკვდრეთით აღმდგარი იესო (20:11-18). იმავე დღეს, საღამოს, იესო უკვე მოციქულებს გამოეცხადება (20:19-23), ხოლო რვა დღის შემდეგ, მეორედ გამოცხადებისას, თომას გაესაუბრება (20:24-29). იოანე ამ პასაჟის შემდეგ წიგნის დაწერის მიზანს განმარტავს (20:30-31).   

იესო კვლავ გამოეცხადება მოწაფეებს ტიბერიის ზღვაზე (21:1-14). ამ გამოცხადებისას საუბარი შედგება იესოსა და პეტრე შორის (21:15-23), რასაც მოჰყვება სახარების ეპილოგი (21:24-25).

ბიბლიოგრაფია:

  • ევსევი კესარიელი, საეკლესიო ისტორია, თბილისი: „ახალი ივირონი“, 2007.
  • Блаженный Иероним (Стридонский): Толкование на Евангелие от Матфея, https://www.nashavera.com/media/books/Ieronim_Stridonskij-tolkovanie-na-evangelie-po-matfeju.pdf (წვდომა განხორციელდა: 07.05.2018).
  • Гантри, Р., Обзор Нового Завета, Санкт-Петербург: “Библия для всех”, 2001.
  • Герике Х. Е.: Введение в новозаветние Книги Священнаго Писания, перевод с немецкого под редакцие Архимандрита Михаила, т. 1, Москва, 1869.
  • Епископ Михаил (Лузин): Толковый Апостол, Москва: Свято-Троицкая Сергиева Лавра, “правило веры”, 2009.
  • Карсон А. (ред.): Новый Библейский комментарий, т. 3, Санкт-петербург: “Мирт”, 2001.
  • Лопухин А. П.: Толковая Библия, т. 10, Петербург, 1912.
  • Макдональд, У., Библейские Комментарий для Христиан. Новый Завет, 2000.
  • Святой Ириней (Лионский), Против Ересей, Перевод прот. Преображенского, Санкт-Петербург: “Издательство Олега Абышко”, 2008.
  • Священник Пьер (Дюмулен), Евангелие от Иоанна Комментарий, Перевод с французского Ю. Куркиной, Санкт-Петербург: “Издателство святого Петра”, 2003.