ღმერთის არსებობის რაციონალური არგუმენტები და თეოდორე აბუკურას  „ბუნების თეოლოგია“

ღმერთის არსებობის რაციონალური არგუმენტები და თეოდორე აბუკურას „ბუნების თეოლოგია“

17.10.2020

VIII-IX საუკუნეებში, ადრე აბასიდური ეპოქის არაბულენოვან ინტელექტუალურ საზოგადოებაში, ღმერთისა და ჭეშმარიტების შემეცნების საკითხები განსაკუთრებული მსჯელობის საგანს წარმოადგენდა. იგი, ძირითადად, ქრისტიანობასა და ისლამს შორის მიმდინარეობდა, რამაც პრაქტიკულად წარმოშვა რელიგიური დოქტრინებისაგან დამოუკიდებელი სივრცე, რომელშიც უპირატესობა რაციონალური არგუმენტების სიცხადესა და მსჯელობის თანმიმდევრულობას ენიჭებოდა. ამ მხრივ აღსანიშნავია ქრისტიანი არაბი მოაზროვნის, ხარანელი ეპისკოპოსის, თეოდორე აბუკურას ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტიპის ნაშრომები, რომლებიც დოგმატურ-პოლემიკური შინაარსის მატარებელია და ქრისტიანული ღმერთის არსებობის დასაბუთებას ემსახურება. იგი ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა და, შესაბამისად, ქრისტიანობის აპოლოგიაც ახალი პრინციპების საფუძველზე უნდა განეხორციელებინა. მისი ტრაქტატები ძირითადად მიემართება მუსლიმ რელიგიურ-პოლიტიკურ საზოგადოებას, რომლისთვისაც მანამდე არსებული ქრისტიანული აზროვნების პრაქტიკები, თეოლოგიური არგუმენტები და ავტორიტეტები იმთავითვე მიუღებელი იყო.

ამ რეალობაში არაბულენოვანი ქრისტიანი აპოლოგეტებისთვის მთავარი სამიზნე თვითონ ქრისტიანული თემის წარმომადგენლები იყვნენ. მათთვის ამოსავალი წერტილი ისლამიზაციის პრევენცია და იმის ჩვენება იყო, რომ ქრისტიანებს ამ ვითარებაშიც კარგად შეეძლოთ ისლამური გამოწვევების დაძლევა. ამ მიზნის მიღწევისათვის აპოლოგეტურ ტრაქტატებს მეტი დამაჯერებლობა უნდა შეეტანათ ჭეშმარიტი ღმერთის არსებობის ქრისტიანულ სწავლებაში, რომელიც ისლამური რელიგიის მხრიდან სადავო ხდებოდა. შესაბამისად, თეოდორე აბუკურაც რაციონალური მიზანდასახულობით მოქმედებს და ღმერთის არსებობის შესაძლებლობას გონების ძალებზე დაყრდნობით განიხილავს. ასევე, აღსანიშნავია მისი შემეცნებისთეორიული სისტემა, რომელიც დიალექტიკური და დედუქციური ინსტრუმენტების გამოყენებით აზროვნების ლოგიკურ ჯაჭვს მიჰყვება და გონების ფარგლებში იაზრებს ქრისტიანული რწმენის ჭეშმარიტებას.

წინამდებარე სტატიაში ჩვენი განხილვის საგანი თეოდორე აბუკურას ის ტრაქტატებია, რომლებშიც მკაფიოდ არის წარმოდგენილი რაციონალური განსჯის ავტორიტეტი და ბუნების თეოლოგიის პრინციპები; ეს ის ძირითადი ნაშრომებია, რომლებშიც ღმერთის არსებობის რაციონალური განსჯის მცდელობებისა და დიალექტიკური ხელოვნების საფუძველზე ჩამოყალიბებულია მისი სააზროვნო სისტემა და მეთოდოლოგიური ბაზა. თავდაპირველად წარმოვადგენთ თეოდორე აბუკურას ფილოსოფიური ტიპის ტრაქტატს: „მეთოდი ღმერთის შემეცნების შესახებ“, რომელშიც ღმერთისა და ჭეშმარიტების შემეცნების სამი ძირითადი რაციონალური მეთოდია წარმოდგენილი; ასევე, განვიხილავთ „შემოქმედისა და ჭეშმარიტი რელიგიის არსებობაზე“ ტრაქტატის პირველ ნაწილს, რომლებშიც ვრცლადაა საუბარი ბუნების თეოლოგიისა და რაციონალური მსჯელობის გამოყენების შესახებ.

ტრაქტატში „მეთოდი ღმერთის შემეცნების შესახებ“ თეოდორე აბუკურას წარმოდგენილი აქვს მსჯელობა ღმერთის შემეცნების მეთოდოლოგიურ პრინციპებზე, რომელშიც იგი ღმერთის შემეცნების გონივრული შესაძლებლობის პერსპექტივებზე საუბრობს და სხვადასხვა მიდგომათა (დაკვირვების, შედეგის, მსგავსებისა და დაპირისპირების) ფორმებს განიხილავს. აბუკურას მიხედვით, ღმერთის რაციონალური შემეცნება, სამი ძირითადი ფორმის - შედეგის, მსგავსებისა და დაპირისპირების მეშვეობით არის შესაძლებელი. ეს იმიტომ, რომ არამეტერიალურის შემთხვევაში (რამდენადაც ის უხილავია და ძირითადად ამით განსხვავდება მატერიალური ობიექტებისაგან) გამოირიცხება დაკვირვების პრინციპის ფორმა, რომელიც ხილული სამყაროს წვდომისა და აღქმის პირველადი საშუალებაა, ხოლო დანარჩენი სამი კი - ამის შესაძლებლობას გვიტოვებს.

პირველი მეთოდოლოგიური პრინციპის მიხედვით, ღმერთის შემეცნება დაფუძნებულია შედეგის პრინციპის ორგვარ განმარტებაზე. პირველის თანახმად, ხილული სამყაროს სტაბილურობის გარანტი, რომელიც მისი თვისებებიდან გამომდინარე, ჩაძირვადი და ვარდნადია, შეუძლებელია იყოს მატერია (მაგ., სხეული, რომელზეც შეიძლება ის იდგეს), ვინაიდან იგი დასაზღვრულია და სასრული. შესაბამისად, ხილული სამყარო, რომელიც გაგებულია როგორც გარკვეული ძალის მოქმედების შედეგი, შეუძლებელს ხდის მის დაკავშირებას უსასრულო რეგრესთან და თავისთავად მიუთითებს პირველ საწყისზე, ისეთ არამატერიალურ ძალაზე, რომელიც უზრუნველყოფს მის სტაბილურობასა და მდგრადობას. მეორე მხრივ კი, შედეგის მეთოდოლოგიური პრინციპის გამყარება სხვა არგუმენტითაც შეიძლება. მაგალითად, ადამიანების რეპროდუქციული ჯაჭვი აუცილებლად უნდა უკვაშირდებოდეს ისეთ საწყისს, რომელიც არ იქნება ადამიანად მოვლინების ამ ტიპის (რეპროდუქციული) პროცესში ჩართული. შესაბამისად, ადამიანთა (ასევე სხვა არსებათა) შორის პირველი, ვინმე უსაწყისოს მეშვეობით უნდა შექმნილიყო. ამ შემთხვევაშიც, ეს არამატერიალური ძალა აბუკურასთვის ღმერთია, რომელმაც განაპირობა მათი არსებობა, წესრიგი და სტაბილურობა.

მეორე მეთოდოლოგიური პრინციპი უკავშირდება მსგავსებას და მისი მეშვეობით აღმატებული ობიექტის დადგენას, რომლის მიხედვითაც, ქმნილებაზე, როგორც შემოქმედის ხატსა და მის თვისებებზე დაკვირვება, გვიწინამძღვრებს ღმერთის არსებობისა და მისი თვისებების აბსოლუტური ფორმების შემეცნებისკენ. აბუკურა პავლე მოციქულის მოხმობით, რომელსაც სულიერი ფილოსოფიის მწვერვალს უწოდებს, მოიშველიებს სარკის ალეგორიას (კორ. 1, 13:12), რომლის მეშვეობითაც შემოქმედისა და ქმნილების ურთიერთმიმართებას განმარტავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქმნილი არსებები ასახავენ თავის თავში ღმერთს, როგორც, მაგალითად, ადამიანი გამოისახება სარკეში, თუმცა გამოსახულება არასდროს არ არის ადამიანი. გონებას სწორედ ასეთი, ღმერთსა და ადამიანს შორის მსგავსების გზით, შეუძლია შეიმეცნოს ტრანსცენდენტური ღმერთის ცნებისა და მისი აბსოლუტური არსებობის შესახებ, თუმცა, მისი თავისაგან განსხვავებული არსით, რამდენადაც იგი ვერ იქნება ღმერთი.

მესამე მეთოდოლოგიური პრინციპი, რომელიც წინააღმდეგობის მეშვეობით შეიმეცნებს ღმერთს, გარკვეულწილად, დაკავშირებულია მსგავსების პრინციპთან, თუმცა იმით განსხვავდება, რომ ამავდროულად ადამიანური და საღვთო თვისებათა პრინციპულ სხვაობაზე მიუთითებს. მაგალითად, სიცოცხლის საღვთო და ადამიანურ ფორმებს შორის განსხვავებაზე საუბრისას, აბუკურა განმარტავს, რომ საღვთო სიცოცხლის (ისევე, როგორც ყველა სხვა თვისება: სმენა, ხედვა, სიბრძნე და სხვა) უსაწყისო და უსასრულო ფორმა პრინციპულად წინააღმდეგობრივია ადამიანის დასაბამიერი და სასრული ცხოვრების ფორმისა. შესაბამისად, წინააღმდეგობის მეთოდოლოგიური პრინციპის მიხედვითაც, გონებისთვის შესაძლებელი ხდება დაადგინოს დასაბამიერი და სასრული ქმნილების პირველწყარო, როგორც სრულყოფილისა და აბსოლუტურის შესახებ დებულება.

აქვე, მამისა და ძის ურთიერთმიმართების, კერძოდ, მამის მიერ მისი თანაარსი, თანასწორი და თანამსგავსი ძის ყოლის (როგორც ამას სახარება, კანონი და წიანსწარმეტყველები ამოწმებენ) გონისმიერი საფუძვლებისა და შემეცნების შესაძლებლობებზეა საუბარი. აბუკურა ამ შემთხვევაში იმ შესაძლებლობაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, ადამიანების მსგავსად, ღმერთსაც უნდა შეეძლოს მისი მსგავსი ძის ყოლა, ოღონდ ეს მომენტი აბსოლუტურად საპატიო და სრულყოფილია და არ უშვებს ამ შესაძლებლობის ყოფითი ვარიაციების (გარკვეული სისუსტეების: სიზარმაცის, შურისა და უმეცრების) გზით შეზღუდვას. შესაბამისად, ამ კურთხეული და აღმატებული თანასწორი ძის შობის უარყოფა შეუძლებელია, ვინაიდან იგი მიგვიყვანს ღმერთის ყოვლად დასაბამიერობის არასრულყოფილ და ნაკლულოვან აღქმამდე. ასევე, აბუკურა აღნიშნავს მამისაგან ძის შობისა და ადამიანურ მშობლობას შორის ფუნდამენტურ განსხვავებაზე, რომლის მიხედვითაც, პირველი უდროო, უნაკლო და აღმატებულია ყოველგვარ საჭიროებებზე, ხოლო მეორე კი ყოფითი პარამეტრებით იზომება. ამასთან ერთად, ნიშანდობლივია, ძის მხოლოობისა (ერთ ძეობის) და თანასწორობის პრინციპის აუცილებლობის აღიარება, რომლის გარეშეც თვითონ მამის, იგივე ღმერთის, ცნების არასრულყოფილ გაგებამდე მივალთ.

შესაბამისად, აბუკურა ასკვნის, რომ რაციონალური და კანონიერი მეთოდები ეხმიანება და ამტკიცებს მრწამსის სიტყვებს: „მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა; და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა“.

თეოდორე აბუკურა თავის კიდევ ერთ ტრაქტატში: „ღმერთისა და ჭეშმარიტი რელიგიის არსებობაზე“ ვრცლად განიხილავს აპოლოგეტური საქმიანობის პრინციპებსა და სტრატეგიებს, რომლებიც ღმერთისა და ჭეშმარიტი რელიგიის რაციონალურ დასაბუთებას ეძღვნება. ამ ტრაქტატში მისი მთავარი ამოცანაა ისეთი მეთოდოლოგიური პრინციპების დადგენა და აღმოჩენა, რომელიც შესაძლებელს გახდის ისეთი ერთი რელიგიის იდენტიფიცირებას, რომლის საფუძველზეც უნდა განხორცილედეს ჭეშმარტი ღმერთის თაყვანისცემა. კერძოდ, აბუკურა ცდილობს გააანალიზოს ღმერთის შესახებ იმჟამად არსებული სხვადასხვა კონფესიების რელიგიური შეხედულებები, წარმოადგინოს მათი საღვთისმსახურო აქტების ანალიზი და ადამიანის გონივრული მოლოდინების ფარგლებში შეაფასოს ამა თუ იმ რელიგიური ჯგუფის კანონიერება.

პირველ ნაწილში, გონების მიერ ღმერთის შემეცნების საილუსტრაციოდ, აბუკურა, ბუნების თეოლოგიის კონტექსტში, განიხილავს ზოგად შემეცნებისთეორიულ ასპექტებს და გონების ფუნქციონალურ უნარებს, რომლის მიხედვითაც, ადამიანის გონებას შეგრძნებების, გამოცდილების, შემოქმედებითი შედეგისა და ქმედების საფუძველზე ძალუძს შეიმეცნოს ოთხელემენტოვანი (მიწა, ჰაერი ცეცხლი, წყალი) მატერიალური სამყარო და მისი შემოქმედი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აქ საუბარია ღმერთის არსებობის რაციონალურად დასაბუთების შესაძლებლობასა და მისი შემეცნების კავშირზე სამყაროს ფენომენოლოგიურ აღქმასთან. კერძოდ, აბუკურას აღწერილი აქვს სამყაროში შემავალი ბუნებრივი პროცესები, რომლებიც შეგრძნების ხუთი ორგანოს (ხედვა, სმენა, ყნოსვა, გემო, შეხება) და გამოცდილების მეშვეობით შეიმეცნება და გონებაში კონცენტრირდება. ამასთან ერთად, იგი მიუთითებს გონების ისეთ უნარზე, რომლის მიხედვითაც, მას შეუძლია სხვადასხვა მოვლენათა ავტორის (შემოქმედის, მიზეზის) შესახებ (რომელიც ამ შეგრძნებების ობიექტი არ ყოფილა) შედეგებისა და მათი ქმედების თვისებებიდან გამომდინარე დასკვნის გამოტანა. ამასთან, აბუკურა განმარტავს, რომ ადამიანის გონებას (დაკვირვებად ფენომენებში გამოცდილების მეშვეობითა და მათი შედეგების საფუძველზე) შეუძლია, შეიცნოს ზეგრძნობადი რეალობები; აგრეთვე კონკრეტული საგნების ქმედებათა დაკვირვების საფუძველზე შესაძლებელი ხდება მათი ბუნებასთან დაკავშირებულ გარკვეულ მონაცემთა (თვისებათა) შესახებ დასკვნებისა და აღწერილობების შექმნა.

ამრიგად, აღნიშნულის საფუძველზე, აქვე განხილულია ბუნებითი თეოლოგიის მიმართება ღმერთის შემეცნებასთან. შემეცნების თეორიის წარმოდგენილი მეთოდოლოგიური სტრუქტურა, რომელიც მსჯელობისა და დაკვირვების საფუძველზე საგნების წარმომავლობაზე მიუთითებს, მის მიერ გაგებულია, როგორც შემოქმედი ღმერთის შემეცნების მეთოდოლოგიური პრინციპი და პერსპექტივა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აბუკურას აზრით, ადამიანის გონებას ძალუძს შეიმეცნოს მეტაფიზიკური სინამდვილე გარკვეული პირობების საფუძველზე, რომელიც გამოხატულია ხილული სამყაროს პირველსაფუძვლებისა და მისი არსებობის სტატუსის ძიებით. ამის თვალსაჩინო მაგალითია დედამიწის პირველმიზეზის ძიების დიალექტიკური ინტერპრეტაცია, რომლის მიხედვითაც მისი სტაბილური მყოფობა შემოქმედი ძალის მეშვეობით ყოფიერების სტანდარტულ (ვარდნისა და მოძრაობის) წესებს არღვევს და მატერიალური სამყაროს კანონზომიერების საზღვრებს სცდება. მაგალითად, წარმოდგენილია დედამიწისა და მასში არსებული ობიექტების (ზღვების, მთებისა და სხვათა) წონასწორობის პრინციპის ძიების ერთგვარი ლოგიკა, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია მატერიას (მისი სასრულობიდან გამომდინარე) უსასრულოდ მატერიალური საფუძველი ჰქონდეს და, შესაბამისად, იგი (ანუ მატერია), მისი საპირისპირო ბუნების, განსაკუთრებული ძალის მიერ უნდა იყოს გაწონასწორებული. გონებისთვის ეს არის საფუძველი შეიმეცნოს შემოქმედის ძალმოსილება, რომელიც ყველა ქმნილებაზე აღმატებულია და მოიცავს თითოეულ მათგანს. არგუმენტაციის ამ გადმოსახედიდან აბუკურას ჩამოთვლილი აქვს სხვა თვისებებიც (ბრძენი, კეთილი, მოწყალე, ლმობიერი, შემწყნარებელი და სხვა), რომელიც, ასევე, უნდა ახასიათებდეს სამყაროს შემოქმედსა და ყოვლისშემძლე ძალას მოცემულ მოვლენათა შედეგების გათვალისწინებითა და დაკვირვების საფუძველზე. ხოლო, ამ თვისებების შემოქმედზე მიკუთვნების საფუძველს უნდა წარმოადგენდეს სამყაროში არსებული თანმიმდევრული სიმეტრიულობა და მისი ტოლერანტული დამოკიდებულება გზასაცდენილი ადამიანებისადმი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, აბუკურას მიხედვით, ადამიანის გონებას - შემოქმედებითი შედეგისა და ქმედების საფუძველზეც - ძალუძს შეიმეცნოს ღმერთის არსებობა, როგორც შემოქმედისა და პირველმიზეზის. ამ ნაწილის ბოლოს, თეოდორე აბუკურა აღნიშნავს ბუნებითი თეოლოგიისა და მისი მეთოდოლოგიური პრინციპების (შედეგისა და ქმედების) დასაზღვრულ შესაძლებლობებზე, რომლის მიხედვითაც ბუნების თეოლოგიაზე დაფუძნებული ცოდნით უფრო მეტად ვერ შეიმეცნება ღმერთი. მიუხედავად იმისა, რომ მასზე დაკვირვებისა და მსჯელობის შედეგად, შესაძლებელი ხდება შემოქმედისა და მისი თვისებების შესახებ საუბარი, იგი არ იძლევა საშუალებას გაირკვეს შემოქმედის ანდა შემოქმედთა პერსონალური რაოდენობა. თუმცა ამის გონივრული შესაძლებლობა მაინც არსებობს და იგი ადამიანის ბუნების მორალურ საფუძვლებში უნდა ვეძიოთ.

ბიბლიოგრაფია:

  • Bacha, C.: “Mayāmir Thāwudūrus Abī Qurra usquf Harrān”, Beirut, 1904.
  • Dick, I.: “Théodore Abuqurra, Traité de l’existence du Créateur et de la vraie religion”, Patrimoine Arab Chrétien, 3, Jounieh: Librairie Saint-Paul and Rome: Pontificio Istituto Orientale, 1982, გვ. 173-270;
  • Griffith, S. H.:“The Church in the Shadow of the Mosque: Christians and Muslims in the World of Islam”, Princeton, New Jersey: Princeton University Press, 2008.
  • Griffith, S. H.:“Faith and Reason in Christian Kalām: Theodore Abū Qurrah on Discerning the True Religion,” in S. Khalil Samir and J. S. Nielsen (eds.), Christian Arabic Apologetics during the Abbasid Period (750–1258), Leiden: Brill, 1994, გვ. (1-43);
  • “Theodore Abū Qurrah”, translated by John C. Lamoreaux, Provo, UT: Brigham Young University Press, 2005.